22.12.2024

პოლონეთის უშედეგო სამიტი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

შუა თებერვალს ორი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა პოლონეთსა და გერმანიაში. ორივე ერთობ წარმომადგენლობითი იყო, რაც არ არის გასაკვირი. პირველი – მიეძღვნა თემას: „მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთს“, მეორე – ტრადიციული ყოველწლიური მიუნჰენის სამიტი იყო. ისიც დაახლოებით იგივე საკითხს იხილავდა, როგორც პირველი. ორივე სამიტმა დიდი ყურადღება მიიქცია პოლიტიკური მსოფლიოსა და მედიის მხრიდან. ეს იყო და ეს.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სამიტებმა ვერადავერ მიაღწიეს კონსენსუსს განხილულ საკითხებში, პირიქით – გამოავლინეს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები მსოფლიოს და რეგიონის (ახლო აღმოსავლეთი) მშვიდობასთან დაკავშირებით. დასავლელ ექსპერტთა აზრით, განხეთქილების სათავე, რომელიც რუსეთშია, არ იძლევა მყარი მშვიდობის საფუძველს და ახალი კონფრონტაციის წარმოშობის საბაბი ხდება.

აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება რუსეთი და არა მარტო ის. მას სხვა ახსნა აქვს – ერთობ მნიშვნელოვანი და საყურადღებო, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს ამერიკა-ევროპის ყურადღების მიპყრობას მშვიდობასთან დაკავშირებულ რუსულ ხედვაზე.

დრო კი მიდის, თანაც შეიარაღების სწრაფი მარშით – ძველი ხელშეკრულებების დაწუნებით, ახალი იარაღით მშვიდობის „შენარჩუნების“ დევიზით. რუსეთი ცდილობს დღემდე არსებული სამხედრო პარიტეტის შენარჩუნებას, რაც მსოფლიო მშვიდობის ერთადერთი საშუალებაა.

რაც შეეხება დასავლეთს – ძალას არ იშურებს წინ გასაჭრელად, მოწინააღმდეგეზე სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. მისი განმარტებით ამას აკეთებს იმისთვის, რომ აღუდგეს რუსულ აგრესიას ანუ როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო ამბობს (პოლონეთი): „რუსეთს ევროპაზე დომინირების და მსოფლიო არენაზე გავლენის განმტკიცების დიდი გეგმები აქვს. ვლადიმერ პუტინის მიზიანია – ნატოს ალიანსის გახლეჩა, შეერთებული შტატების დასუსტება და დასავლური დემოკრატიების განადგურება. რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მისი თავდასხმა უკრაინულ გემებზე, წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრებისთვის“.

პომპეოს სიტყვები არახალია. მანამდე სხვა პომპეოები ანუ სხვა სახელმწიფო მდივნები აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს, პარალელურად აქტიურად მოქმედებდნენ ანტირუსული ქმედების გაძლიერება-გაფართოებისთვის.

პომპეოს სიტყვებიდან ჩვენთვის მთავარი „საქართველოში შემოჭრაა“, აგრესია, რამაც დაგვაკარგვინა ტერიტორიების 20%, ეკონომიკურად, სოციალურად, მორალურად წელში გაგვტეხა ისე, დღემდე რომ ვერ გამოვსულვართ ომის წყვდიადიდან. მსოფლიო იჯერებს პომპეოს ნათქვამს, რომელსაც შესაბამის ელფერს – ცხადია დამაჯერებელს, აძლევს დასავლური მედია.

არადა, პომპეოს ნათქვამში რომ „შემოჭრის“ საბაბი იყოს ნახსენები, სულ სხვა დამოკიდებულება იქნებოდა მისი და მისი ქვეყნის მიმართ – დამოკიდებულება ნეგატიური. რომ არა პომპეოს წინაპრების მიერ წაქეზებული სააკაშვილი – ცხინვალის ომს ადგილი არ ექნებოდა, ცხადია არც „შემოჭრას“, არც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება „იღვაწებდა“ „პატრიოტულად“ დაკარგულის დაბრუნებისთვის ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ზალკალიანის პომპეოსთან ხანმოკლე საუბრის დროს – ვარშავის სამიტის ფარგლებში.

გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ ამ შეხვედრის ინფორმაცია გამოაქვეყნა: “აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს“.

ცხინვალის ომის დამთავრებიდან დღემდე გვესმის აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციების დამამშვიდებელი სიტყვები. საქმეები კი არ ჩანს ან როგორ გამოჩნდება, აშშ-ი ომს ხომ არ დაუწყებს რუსეთს საქართველოსთვის?

არათუ საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც არ დაიწყებს ომს. უფრო მეტიც – არც ნატოს წევრი რომელიმე სახელმწიფოსთვის (გავიხსენოთ თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება და ბრიუსელისთვის თურქეთის მიმართვა დასახმარებლად). ბირთვული სახელმწიფოების ომი ნიშნავს მსოფლიო კატასტროფას და როდესაც სასწორზე ესოდენ სახიფათო რამაა, თავს არვინ გაწირავს.

ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია ინფორმაცია საქართველოში ტურისტების შემოსვლის და მათ მიერ დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. გასულ წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა 1,204,3 ათასი რუსეთიდან იყო, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.9% შეადგენს და წარმოადგენს 25.9%-იან ზრდას 2017 წელთან შედარებით. დავუმატოთ ამას რუსეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების მიერ გადმოგზავნილი ფული, რომელიც რამდენჯერმე აღემატება სხვა ქვეყნებიდან გადმოგზავნილს და მივიღებთ შედეგს – ერთობ დასაფიქრებელს იმათთვის, ვინც გამუდმებით ლანძღავს რუსეთს. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს საქართველოს ხელისუფალთა ვერბალური აგრესია და ცალმხრივი დაპირისპირება რუსეთთან? რუსეთმა რახანია გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკების გამართვისთვის – ჩვენ თავს ვიკავებთ.

ვარშავის სამიტის მთავარი საკითხი ანტიირანული კოალიციის შექმნა უნდა ყოფილიყო. ასეთი სურვილი ჰქონდა აშშ-ს, თუმცა ვერ განახორციელა – შეკრებილთა განსხვავებული აზრის გამო.

პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რახანია ანტიირანულად მოქმედებს, რაც არაერთხელ გამოვლინდა ორწლიანი მმართველობის დროს. მიზეზი მრავალია და მათ შორის ოჯახურიც. პრზიდენტის სიძე კუშნერი ორთოდოქსი იუდეველია, ქალიშვილმა ივანკამ შეიცვალა რელიგია. ორივენი ანტიირანულად აზროვნებენ. თვით ამერიკელები ამბობენ, რომ აშშ-ს არასდროს ჰყოლია ისეთი პროისრაელური ადმინისტრაცია, როგორც დღეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც რევოლუციის მე-40 წლისთავს ზეიმობს, კარდინალურად განსხვავდება ირანის შაჰის პოლიტიკისგან. 1979 წლამდე შაჰის ირანი აშშ-ის მოკავშირე და მარჯვენა ხელი იყო რეგიონში. დღეს, ირანი აშშ-ის ნომერ პირველი მტერია – ასე თვლის ოფიციალური ვაშინგტონი.

ეს მტრობა 1979 წლის თებერვლიდან იწყება და დღესაც გრძელდება. ირან-აშშ-ს შორის 40 წელია გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები. დაპირისპირება ცუდი კარდიოგრამის მსგავსად ხან მაღლა იწევს, ხან ეცემა. დაპირისპირების შემცირება აღინიშნა აშშ-ის წინა პრეზიდენტის ობამას დროს. სწორედ მაშინ მოხდა შეთანხმება აშშ-ს, გაეროს 5 მუდმივი წევრის და გერმანიის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომლის მიხედვით ირანმა ითავა ურანის გამდიდრების 7%-მდე შემცირება, ხოლო დასავლეთმა – ირანის მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება.

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ი გავიდა ხელშეკრულებიდან და აღადგინა ეკონომიკური სანქციები. აშშ-ი თვლის, რომ ირანი სერიოზული კონკურენტია ახლო აღმოსავლეთში და აიძულებს მას შეზღუდოს თავისი გავლენა იქ.

აშშ-ა, რომელმაც ბოლო წლებში 7 ტრილიონი დოლარი დაახარჯა ახლო აღმოსავლეთს, ნაცვლად პოზიციების გამაგრებისა, საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. ერაყი, სირია, სხვა ქვეყნები ირანის მნიშვნელოვანი გავლენის არეალშია, რაც თავისთავდ აიძულებს აშშ-ს მიიღოს ანტიირანული გადაწყვეტილება.

სწორედ ამის მაგალითი იყო ვარშავაში 13-14 თებერვალს ჩატარებული შეკრება, რომელიც ერთ თვეში მოამზადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. აშშ-ის სცენარით სპეცკონფერენციის მონაწილეებს უნდა მოესმინათ პომპეოსა და სხვა მაღალი რანგის ამერი­კელთა ანტიირანული გამოსვლები და უყოყმანოდ დაეჭირათ მხარი მამა-მარჩე­ნალის­თვის.

ვაშინგტონის სურვილი არ განხორციელდა. პირიქით, გამოვლინდა წინააღმდეგობა, რასაც ადგილი აქვს რეგიონის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის. ჯერ ერთი რუსეთმა, ლიბანმა, პალესტინამ უარი თქვეს კონფერენციაში მონაწილეობაზე. მთავარი „დამნაშავე“ ირანი, არ იყო ვარშავაში. საფრანგეთმა და გერმანიამ, რომლებიც წინააღმდეგნი არიან 2015 წელს ირანთან დადებული ხელშეკრულების რევიზიის, ვარშავაში დაბალი რანგის დიპლომატები გააგზავნეს. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი თავიდანვე ნეგატიურად შეხვდა პომპეოს ინიციატივას და ყრილობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ვარშავის შეხვედრის მთავარი მიზანი – ირანის წინააღმდეგ ფართო ფრონტის შექმნა არ განხორციელდა. ვერც პომპეოს მოწოდებამ – დამსწრე ქვეყნებს შემოეღოთ ანტიირანული სანქციები, ფართო გასაქანი ვერ ჰპოვა, ვინაიდან რუსეთის, ჩინეთის და ევროკავშირის თანხმობის გარეშე აღნიშნულის გაკეთება შეუძლებელია. ვერც სამხედრო პრესმა მიიღო დიდი მხარდაჭერა, ვინაიდან მხოლოდ ისრაელისა და საუდის არაბეთის მხარდაჭერა საკმარისი არ არის.

ტრამპის ჩანაფიქრით, ანტიირანულ არაბულ ალიანსში უნდა შევიდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იორდანია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, ომანი, გაერთიანებული არაბული საამიროები. საეჭვოა, რომ მომავალი ალიანსის წევრები ერთსულოვანნი იყვნენ ირანთან ბრძოლაში, ვინაიდან მათ ერთმანეთთან აქვთ საკამათო საკითხები გადასაჭრელი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პენსის და სახელმწიფო მდივნის პომპეოს ძალისხმევა ირანის წინააღმდეგ ფართო ფრონტის გაშლისთვის „მკვდრადშობილი“ გამოდგა. ასე ახსნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯავად ზარიფმა ვარშავის შეკრების ჩაშლის მიზეზი.

აშშ-ის მუდამ მზაკვრული პოლიტიკის თაობაზე არაერთხელ გვსმენია, მაგრამ ის, რასაც დღეს ვაშინგტონი სჩადის, აშკარა ჩარევაა სხვათა საშინაო საქმეებში. ორი მაგალითის მოყვანაც საკმარისია აღნიშნულის დასადასტურებლად – ვენესუელის და ირანის.

როდესაც „დემოკრატიის“ აკვანი ქვეყანა –  აშშ-ი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს შეკავშირდნენ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაში, რათა დამშეულმა ირანელებმა დაამხონ საკუთარი ხელისუფლება – აგრესიული ქმედებაა და მეტი არაფერი.

სადამდე?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი