პატარა ქვეყნის დიდი ჭკუა
საქართველოს მოსახლეობის ყურადღება ქალაქ-სახელმწიფოს მიმართ მას შემდეგ გაათკეცდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოჭარბებულად დაიწყო ამ ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გატარებულ რეფორმებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე ლაპარაკი. სააკაშვილის სურვილის მიხედვით, საქართველოს, სინგაპურის მაგალითი უნდა გადაეღო და უმოკლეს დროში ისეთივე გიგანტური ნახტომი გაეკეთებინა, როგორც მან.
სინგაპური, სწორედ ის იშვიათი ქალაქი-სახელმწიფოა, ვინც საზრიანი ხელმძღვანელობის წყალობით, ერთი თაობის განმავლობაში ჩამორჩენილი, ტალახიანი, სიდუხჭირითა და ქოხმახებით „სახელგანთქმული“ ტერიტორია, მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩააყენა.
კუნძულ სინგაპურზე არსებული სახელმწიფოს ტერიტორია – 581.5 კვ. კილომეტრი – წიაღისეულ სიმდიდრეებს მოკლებული, უდავოდ არ მიიჩნეოდა ისეთად, ვინმეს, ქვეყნების სათვალავში რომ შეეყვანა. და ასეც იყო დაარსებიდან – მე-7-ე საუკუნიდან მოყოლებული – ჯერ ინდონეზიის სულთანების ვასალური ტერიტორია, შემდეგ ჰოლანდიელების, პორტუგალიელების, იაპონელების, ინგლისელების გავლენის ქვეშ მყოფი. 1963-65 წლებში სინგაპური მეზობელი მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1965 წლიდან – დამოუკიდებელი.
„მე, ოთხი სახელმწიფო ჰიმნის სიმღერა მომიხდა: დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, მალაიზიის და ბოლოს სინგაპურის. უცხო ქვეყნის ჯარები მოდიოდნენ და მიდიოდნენ: ინგლისელები, ავსტრალიელები, ინდოელები, იაპონელები, ისევ ინგლისელები“, – იხსენებს ლი კუან იუ.
ამ პატარა ტერიტორიზე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ – მათი უმეტესობა – 70%-ი ჩინელია, დანარჩენები – მალაელები, ინდოელები. ქვეყანაში განვითარებულია გადამამუშავებელი მრეწველობა, ელექტრონიკა, კაუჩუკის წარმოება, საბანკო სისტემა.
სინგაპურის საზღვაო პორტი, თავისი ტვირთბრუნვით, მოწინავეა მსოფლიოში. სინგაპურის პორტი ცნობილია როგორც გემთსარემონტო ცენტრი. ქალაქი-სახელმწიფო, საზღვაო გზაჯვარედინზე მდებარე, უაღრესად რაციონალურად იყენებდა და იყენებს საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას.
სინგაპური ისაა, ვინც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ზღვისთვის ტერიტორიების „წართმევა“ ანუ სანაპირო ზოლში მიწის ჩაყრით, ხმელეთის შექმნა, სადაც საცხოვრებელი კვარტალები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით არის გაშენებული. ზღვისთვის ტერიტორიების გამოგლეჯა დღეს უცხო არ არის. მას სისტემატურად მიმართავენ არაბულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, მაგრამ მაშინ, სამოციან-სამოცდაათინი წლების სინგაპურში, ერთობ ნოვატორული ნაბიჯი იყო. სინგაპური არა მარტო ამ დარგში გახდა ნოვატორი. არამედ ელექტრონიკაში, კომპიუტერულ სისტემებში, საბანკო საქმეში.
თავიდათავი სინგაპურის წინსვლისა იყო ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა, დღეს უკვე ლეგენდარული პიროვნება, პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ. 31 წლის განმავლობაში მართავდა ეს პიროვნება სინგაპურს – უწყვეტად, პრაგმატულად, მკაცრი, მე ვიტყოდი, რკინის ხელით. ლი კუან იუს მართვის მეთოდი ძალიან შორს იყო ლიბერალიზმისა და დემოკრატიისგან, ამიტომაც კრიტიკოსთა რიცხვი მას არასდროს მოკლებია, მაგრამ პრემიერმა იცოდა ერთი – მას ახალი, წელგამართული ქვეყანა უნდა შეექმნა, კორუფციის გარეშე – წესრიგის დამცველი სახელმწიფო.
„მე ვეძებდი ნიჭიერ ადამიანებს, ვნიშნავდი მათ მინისტრებისა და უმაღლესი სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობებზე, რომ მათ პატიოსნად, ეფექტიანად ემართათ და გულისხმიერად მოჰკიდებოდნენ ადამიანთა მოთხოვნებს. ჩვენ ვსწავლობდით მუშაობის პროცესში და ვსწავლობდით სწრაფად. მე თითქმის არ დამიშვია ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ და ვცდილობდი მესწავლა სხვის შეცდომებზე“, – წერს ლი კუან იუ თავის წიგნში.
პრემიერ-მინისტრ ლი კუან იუს მთავარი მოთხოვნა იყო პატიოსნება, ხალხის პრობლემების გულთან მიტანა და გადაწყვეტა, სინგაპურელთა გონებაში წესრიგის ჩანერგვა, შრომა საკუთარი ოჯახისა და ხალხისთვის და რაც მთავარია, პატრიოტიზმი.
საგარეო პოლიტიკაში სინგაპურმა მიუმხრობლობის პოლიტიკას მიმართა, რამაც გაამართლა.
მიუმხრობლობის მოძრაობას მაშინ უამრავი მიმდევარი ჰყავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანიაში. ყველასთან ნორმალური ურთიერთობა და არა ვინმეზე მიტმასნვა ან სამხედრო ბლოკებში გაერთიანება – იყო ის პოლიტიკური ვექტორი, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ქალაქ-სახელმწიფოს.
გეოგრაფიული თვალსაზრისით, მეტად ხელსაყრელ გზაჯვარედინზე ყოფნა, აშშ-ს, იაპონიის, სამხრეთ-კორეის, სხვა მეზობელი დიდი სახელმწიფოების ერთმანეთისადმი არცთუ მეგობრული დამოკიდებულება, სხვაგვარი დიპლომატიური თამაშის წარმოებას მოითხოვდა, რაც საზრიანად განახორციელა პრემიერ-მინისტრმა და მისმა მთავრობამ.
პატარა შეცდომაც კი სახელმწიფო მოხელეებს, სხვადასხვა დარგის მუშაკებს, მკაცრი კანონების ობიექტად გადაქცევას უქადდა. და ეს, არ იყო მარტო სამსახურისადმი გულგრილი, ზედაპირული დამოკიდებულება. ეს, იყო ელემენტარული ქცევის წესების დაცვაც. დამრღვევი წესისა, მაგალითად, ქუჩაში სიგარეტის ან საღეჭი რეზინის გადაგდებისთვის 500 სინგაპურული დოლარით ჯარიმდებოდა. კანონი დღესაც ძალაშია.
შედეგი – გაწკრიალებული ქუჩები, წესრიგზე ორიენტირებული სინგაპურელები. პატიოსანი მოხელე, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირი, თავისი ცხოვრების წესით იყო და არის სამაგალითო რიგითი სინგაპურელისთვის. ხალხმა დაინახა ხელისუფალთა პატიოსნება, საქმისადმი თავდადება, პროფესიონალიზმი, რამაც სტიმული მისცა მას თავდადებული შრომისათვის. სახელმწიფო მოხელეებში კორუფციის თავიდან აშორების მიზნით მათ ხელფასები გაეზარდათ, ამასთანავე შესრულებული საქმის კონტროლიც. ქვეყნის აღმშენებლობაში იყო და არის ჩართული ყველა – დამლაგებელი თუ მინისტრი, ბიზნესმენი თუ ნებისმიერი დარგის მუშაკი.
„სინგაპური იმიტომ განვითარდა, რომ ის დანარჩენ მსოფლიოს სჭირდებოდა. ის ქალაქების გლობალური ქსელის ნაწილი იყო, სადაც განვითარებული ქვეყნების წარმატებულმა კომპანიებმა თავიანთი ბიზნესი დააფუძნეს“, – წერს ლი კუან იუ.
ქვეყნის ავტორიტარული მართვის მეთოდი იყო ის მთავარი მამოძრავებელი, რამაც ერთი თაობის სიცოცხლეში მოახერხა, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოების სარეკორდო მაჩვენებლებზე გასვლა, ხოლო ცხოვრების დონის – მესამე ადგილზე მსოფლიოში,
ოთხჯერ მომიწია ამ ქალაქ-სახელმწიფოში ყოფნა, თანაც საკმაო ინტერვალებით, რამაც საშუალება მომცა ერთმანეთს შემედარებინა ძველი და ახალი სინგაპური. განსხვავება საგრძნობი, თვალშისაცემი იყო. ერთის მხრივ, თავბრუდამხვევი ცხოვრებისეული ტემპი და სიმშვიდე, არა უაზრო ფუსფუსი, არამედ გაზომილი მოქმედება, თითქოს ნელი, მაგრამ არცთუ, თანაც ასპროცენტიანი. სიზუსტე, წესრიგი ყველაფერში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, 21-ე საუკუნის მაჯისცემას იქ იგრძნობს კაცი და არა სხვაგან, თუნდაც ნიუ-იორკში.
სინგაპურიდან ფრანკფურტში ჩასულს, ეს ქალაქი პროვინციად მომეჩვენა, ხოლო სინგაპურის წესრიგთან შედარებით, უწესრიგო, დაუხვეტავ ქალაქად. არადა, გერმანია განთქმულია თავისი პედანტური დამოკიდებულებით წესრიგისა და სისუფთავისადმი.
პოლიტიკოსები დიდი ბავშვებივით არიან, მათაც ისეთი სათამაშოები უნდათ, როგორც სხვა ბავშვებს. მათ არ აინტერესებთ, აქვთ თუ არა მშობლებს შესაძლებლობა – შეუძინონ ისეთი. „დიდ ბავშვებს“ სინგაპურობა მოუნდათ. განსაკუთრებული პოპულარობა სინგაპურმა და მისმა ლიდერმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკურ წრეებში პოვა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ყველა მათგანს სურდა თავის სიცოცხლეში მიეღწია საკუთარი ქვეყნის ისეთი წარმატებისთვის, როგორსაც სინგაპურმა მიაღწია.
სინგაპურის ფასადი უდავოდ მომხიბლავია და ნებისმიერ მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ინტერიერი, გზა, რომელმაც ამ ქალაქ-სახელმწიფოს ესოდენ ლამაზი ექსტერიერი შეუქმნა.
სააკაშვილსა და მის მსგავს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ლიდერს ზედაპირულად, ნაკლები ტვინის ჭყლეტვით, შრომით და პატიოსნობით სურდათ სინგაპურის შინ ხილვა. ერთი წუთითაც არ უფიქრიათ მათ, რომ სინგაპური შრომასა და პატიოსნობაზე იყო და არის დაფუძნებული; რომ სინგაპურის პირველი პირიდან დაწყებული, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე შრომით, საქმისადმი ნოვატორული მიდგომით და არა პიარითა და სახელმწიფო კორუფციით იყო (არის) დაკავებული;
რომ სინგაპურელი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი არასდროს იკადრებდა გაუკეთებელი საქმის, გაკეთებულად წარმოჩინებას, რაც უხვად ახასიათებდა სააკაშვილს და ახასიათებს დღევანდელებს; რომ სინგაპურის ნებისმიერი მოხელის შრომა სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით იყო განპირობებული და არა ფსევდოპატრიოტიზმით, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი საქართველოში.
სააკაშვილის მმართველობის პირველი დღიდანვე, სიტყვა „პატრიოტიზმი“ საქილიკო თემად იქცა მედიისა და ვაი პოლიტიკოსების წყალობით. როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდებს ქვეყნის პრეზიდენტი ბუჩქებისკენ მიანიშნებს – ქვეყანასაც ისეთს მიიღებს, როგორიც გვაქვს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრი თუ რამისკენ მიანიშნებდა სინგაპურელებს – თავდადებული შრომა და პატიოსნება, ოჯახისა და ქვეყნის კეთილდღეობის სამსახური იყო.
სააკაშვილის მმართველობის 9 წელიწადი სახელმწიფო ტყუილების წლები იყო. იგივე იყო მანამდე და იგივეა დღეს. ტყუილებით კი ქვეყანა არ იმართება. ხალხი ტყუვდება მხოლოდ დროებით და არა ხანგრძლივი პერიოდით. სამწუხაროდ, ეს არც სააკაშვილმა იცოდა და არც ივანიშვილმა იცის. ერთი რამ, რაც სააკაშვილმა ზედმიწევნით კარგად გადმოიღო სინგაპურიდან, იყო სახელმწიფო მოხელეებისთვის ასჯერ მეტი ხელფასების დანიშვნა, ვიდრე ნებისმიერი სხვა დონის მუშაკისთვის.
სააკაშვილის საკადრო პოლიტიკა – მაამებლობაზე და არა პროფესიონალიზმზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე იყო დაყრდნობილი. სინგაპურის შემთხვევაში – მხოლოდ პროფესიონალიზმზე, სამშობლოს სიყვარულზე.
„ლი კუან იუ არ იყო უბრალოდ ადამიანი, არამედ მითი, იდეის ირგვლივ გაერთიანებული, ინტელექტუალური ცენტრის კულტი. ყველა ავტოკრატი არ არის ცუდი. ისინი შეიძლება იყვნენ განმანათლებელი ფილოსოფოსები, მეფეები. მათ შეუძლიათ წაიყვანონ ქვეყანა გაფურჩქვნისა და სიძლიერისკენ“, – წერს საიტზე “Politico” ექსპერტი ბენ ჯუდა და იქვე აღნიშნავს, რომ: – „ამ საუკუნის დასაწყისიდან ლი კუან იუს კულტი ნამდვილ კატასტროფად ექცათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც სინგაპურის ავტოკრატულმა მაგალითმა ბიძგი მისცა ავტორიტარიზმს“.
„ძალიან სავალალო გამოდგა სინგაპურის მითი საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის, რომლებმაც ლი კუან იუს წესრიგის მოშველიებით, მილიტარისტულად გადააქციეს ქვეყანა, დაუქვემდებარეს რა ის პოლიციის პარპაშს და ერთმმართველობას. 2003 წლის ქართულმა „რევოლუციამ“ განსაკუთრებულად ძლიერად იმოქმედა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, გამოიწვია რა „ფერადი რევოლუციები“. რევოლუციური მოაზროვნენი ერთხმად მიუთითებდნენ ლი კუან იუსკენ“.
„ჩვენ თავისუფლები ვართ იდეოლოგიისგან. მოგვწონს ეს იდეა? – თუ მოგვწონს, გამოვცადოთ. თუ შედეგი კარგი იქნება, გავაგრძელოთ, თუ არადა, უარი ვთქვათ მასზე. სხვა მოვიგონოთ?“, – ამბობდა ლი კუან იუ. და მან ნოლიდან შექმნა ქვეყანა, რომელიც პატივისცემას იმსახურებს მთელს მსოფლიოში – მიღწევებით ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში. ზოგ შემთხვევაში პოლიტიკაშიც, ვინაიდან არცთუ ცოტას მოსწონს პოლიტიკური მოდელი, სადაც ნაკლები ოპოზიციაა.
მეცნიერთა აზრით, ლი კუან იუს მიერ არჩეული მეთოდი კონფუციანიზმზე არის დაფუძნებული, მაგრამ კონფუცი 2500 წლის წინათ ცხოვრობდა და მარტო ამ მოძღვრების რეანიმაციად განვიხილოთ სინგაპური, არეგების. ფუნდამენტური მიმართულებების მიხედვით, თანამედროვე სინგაპური კონფუცის მოძღვრების ასლია. ესენია: ოჯახის სიმტკიცე, წინაპართა პატივისცემა, ეროვნული კულტურის პატივისცემა და სხვა, მაგრამ ამასთანავე ყოველივე სიახლისადმი ჭარბი ყურადღების დათმობის – დამახასიათებელი ლი კუან იუსთვის.
დასავლეთში სინგაპურის მოდელს ხშირად რბილ ავტორიტარიზმად ნათლავენ. ის ითვალისწინებს ვერტიკალური მმართველობის სისტემას, წმინდა მთავრობას და ეკონომიკის ლიბერალობას. ამასთანავე სიმკაცრეს ოპოზიციის, სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლების მიმართ.
ექსპერტთა მიხედვით, ლი კუან იუში უნიკალურად იყო შერწყმული ქარიზმა და შიში. ლი აზიური ფასეულობების მიმდევარი იყო, სადაც საზოგადოების ღირსებას პრიორიტეტულობა აქვს მოპოვებული ინდივიდის უფლებებზე. სინგაპურელები, რომლებიც პოლიტიკის სფეროში პასიურობას ავლენდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ მატერიალური კეთილდღეობის შექმნაზე, თუმცა ბოლო წლებში აქაც მოხდა მნიშვნელოვანი ძვრები. 2011 წლის არჩევნებში ოპოზიციამ დაიკავა ადგილები საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულმასშტაბიან პლურალიზმს.
ლი კუან იუ 1959 წლიდან 1990 წლამდე მართავდა ქვეყანას. გადადგომის შემდეგ, ის მაინც რჩებოდა როგორც მთავარი ფიგურა პოლიტიკური ცის კაბადონზე. სულ ახლახანს კი ლი ამ ქვეყნიდანაც წავიდა – 91 წლის ასაკში, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე პირნათელი. მადლიერმა სინგაპურმა ერთკვირიანი გლოვით პატივი მიაგო უდიდეს პიროვნებას, რომელმაც პატარა სინგაპურის მიღწევებით დაანახა მსოფლიოს, რომ დიდი და პატარა ქვეყნები არსებობენ, მაგრამ არსებობს დიდი და პატარა ჭკუა და რომ პატარა ქვეყნის დიდი ჭკუა, დიდი ქვეყნის პატარა ჭკუას პარიტეტულ საფუძველზე ეპაექრება.
ლი კუან იუ პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი, საკუთარი ქვეყნის მართლაცდა საყვარელი ადამიანი, რომ აღფრთოვანებას იწვევდა სხვაში, გასაკვირი არაა. არც ის არის გასაკვირი, რომ ბევრ ქვეყანას სურს სინგაპურის მაგალითი გაიზიაროს, მაგრამ გასაკვირია, როდესაც ზოგიერთი ქვეყნის კორუმპირებული, მსუბუქაზრიანი, მტარვალი მმართველი, სააკაშვილის მსგავსი, ლი კუან იუს იდეებს იშველიებს – ზედაპირულად, მახინჯურად და არ ითვალისწინებს იმ უმთავრესს, რასაც საჯარო მოხელის პატიოსნება, საქმის ცოდნა და სამშობლოს სიყვარული ჰქვია.
„მომავალი იმდენადვეა იმედისმომტანი, რამდენადაც გაურკვეველია. ინდუსტრიული სამყარო ადგილს უთმობს ცოდნაზე დამყარებულ სამყაროს. ის, რომ სამი ათწლეულის მანძილზე წარმატებას მივაღწიეთ, არ იძლევა გარანტიას, რომ შემდგომშიც ასე გაგრძელდება. და თუ ჩვენ დავიცავთ იმ მთავარ პრინციპებს, რომელთა საშუალებითაც წარმატებას მივაღწიეთ, წინსვლის შანსები ალბათ არ შემცირდება.
თანაბარი შესაძლებლობა ყველასთვის, წინსვლა დამსახურების მიხედვით, როდესაც საუკეთესო ადგილს ყველაზე ღირსეული იკავებს. ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე იმ ხალხს ეხება, ვინც ხელისუფლების სათავეშია“, – ლი კუან იუ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.