საუდის არაბეთი – პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში

სულ ახლახანს, საუდის არაბეთის სამეფოში მუშაობას შეუდგა საქართველოს საელჩო, რომელსაც ხელმძღვანელობს გამოცდილი დიპლომატი, რომ იტყვიან კარიერის, გიორგი ჯანჯღავა. მისი გამოცდილება შერწყმულია თეორიულ ცოდნასთან. რაც შეეხება გამოცდილებას – გენერალური კონსული თურქეთის ქ.ტრაპიზონში; ელჩი – ეგვიპტესა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

მუდამ ვერცხლისწყალივით მოძრავმა ჯანჯღავამ ააღორძინა პირველი ელჩის, პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის მიერ მრავალი წლის განმავლობაში სასიკეთოდ ჩამოყალიბებული ორი ქვეყნის თანამშრომლობა. მარტო ირანული ტურიზმის მოზღვავება რად ღირს. ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეწყობით, საელჩომ ათეულ-ათასობით დოლარი და ევრო შესძინა ქვეყანას.

სამწუხაროდ, საქართველოში ტრადიციადაა ქცეული წინამორბედის მიერ გაწეული საქმიანობის ზერელე შეფასება და სრულიად საწინააღმდეგო კურსის აღება. ასე მოხდა ირანის შემთხვევაში. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 180  გრადუსით შეაბრუნა საქართველო-ირანის ურთიერთობა; შემოიღო ამ ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში შემოსასვლელი ვიზები, რომლის მიღება ლამის სამოთხის გასაღებად აქცია; გააუქმა ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს ბანკებით სარგებლობის შესაძლებლობა; გააუქმა თბილის-თეირანს შორის რეგულარული საჰაერო ფრენები; ფაქტიურად ქართული ბაზრიდან განდევნა ირანული ბიზნესი და ა.შ.

ანტისახელმწიფოებრივი ქმედებიდან გამომდინარე საქართველომ დიდძალი ფული დაკარგა. საქმის უცოდინრობამ, არაპროფესიონალიზმმა და რაც მთავარია მხოლოდ აშშ-ზე ჩამოკიდებამ, ევროატლანტიკურმა კურსმა იცის ყოველივე აღნიშნული. არადა ჩვენ იმ რეგიონში ვცხოვრობთ, დასავლური ცხოვრების, პოლიტიკის და მენტალიტეტის დანერგვა, სერიოზულ წინააღმდეგობებს რომ აწყდება.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – პატარა, ეკონომიკურად სუსტმა და პოლიტიკურად არამდგრადმა საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, მეზობლების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და მხოლოდ ამის შემდეგ, შორიდან მოსული სტუმრის, მიუხედავად იმისა, ეს სტუმარი ძლიერია თუ არა. ბალანსირებული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო და არა ტროლეიბუსივით ერთი მიმართულებით სვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ევროატლანტიკური კურსით საქართველო მკვეთრად გამოირჩევა მეზობელი ქვეყნებისგან, რაც არა მარტო სამეზობლოშია თვალშისაცემი. ძნელია წინასწარმეტყველება იმისა, რამდენად გაუჭირდება დასავლური გზით მოსიარულე საქართველოს თავის მეზობლებთან პრაგმატული, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. რომ უჭირს, ნათელია. მეზობლების ინტერესების უგულებელყოფამ, რომ ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა, ფაქტია. არც ისაა გამორიცხული, რომ გაუთვლელმა ნაბიჯებმა, მეზობელთა ინტერესების ალმაცრად ყურებამ, არათუ ტერიტორიები, თავიც დაგვაკარგვინოს.

„ხომ დავკარგეთ, მეტი რაღა უნდა დავკარგოთო“, – შემედავებიან. დავკარგეთ, მაგრამ დასაკარგიც ბევრია. ასე, რომ ჭკუის მოხმობაა საჭირო, გონივრული ნაბიჯის გადადგმა და არა ზღვისპირას ჯდომა, კარგი ამინდის მოლოდინში.

თუ ზედაპირულად მაინც თვალს გადავავლებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, უმალ შევამჩნევთ, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემები ზომაზე მეტადაა გააქტიურებული და თანაც ისეთ დონეზე, მასშტაბური ომის წარმოშობის თემაც უცხო რომ არ არის.

სირიისა და ერაყის მძიმე მდგომარეობამ, ამ ქვეყნების ტერიტორიებზე „ისლამური სახალიფოს“ შექმნამ, მისმა აგრესიულმა, ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ მეზობელი ქვეყნების მიმართ, ტერორიზმისა და ექსტრემისტული ისლამის კიდევ უფრო გააქტიურებამ, „ისლამური სახალიფოს“ სახელით ევროპისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ტერორისტული აქტების განხორციელებამ, სერიოზული საფრთხე შეუქმნა მსოფლიოში არსებულ ისედაც სუსტ მშვიდობას.

ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური დუღილით, დაპირისპირებით აღსავსე ცხოვრება, კავკასიის მეზობლად მიმდინარეობს და სულაც არ გამიკვირდება, რომ მან თავისი ხელი ჩვენს ქვეყანასაც დაატყოს – საქართველო არც გამონაკლისია და არც „წითელი კოჭი“, რომ საფრთხე აიშოროს.

ახლო აღმოსავლეთის მთავარი მოქმედი ქვეყნები – ირანი, სირია, ერაყი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი, თურქეთი და ა.შ., დიდი სახელმწიფოები – აშშ-ი და რუსეთი, ურთულესი გეოპოლიტიკური თამაშით გართული, მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, ფარულად, შენიღბულად თუ პირდაპირ, დაუფარავად, ერთმანეთისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას. ეკონომიკური, ენერგეტიკული, საომარი, ტერორისტული – რა ხერხი არ არის გამოყენებული ამ გაშმაგებულ ბრძოლაში.

აშშ-ი, ათასობით კილომეტრით დაშორებული, „საბრძოლო მოქმედების თეატრიდან“ (სწორედაც რომ ასეა საქმე) რეგიონის გამოყენებით, ცდილობს მსოფლიო ჰეგემონის პოზიციის შენარჩუნებას. ამ პროგრამაში ახლო აღმოსავლეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის არა მარტო ტერორიზმის, ერთმანეთთან სისხლიანი დაპირისპირების ბუდეა, არამედ „შავ ოქროდ“ მონათლული ნავთობის საბადოებისაც. ენერგომატარებლებით მდიდარი ახლო აღმოსავლეთი, საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. სწორედ ნავთობის არსებობა აძლევს ახლო აღმოსავლეთს ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებზე განსაკუთრებული გავლენის მოპოვებას.

ნავთობსაბადოებზე წამოსკუპებული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მონარქები, პრეზიდენტები, ავტორიტარული, დიქტატურაში გადასული მმართველები, ნავთობით ვაჭრობით გამდიდრებულები, სერიოზულ გავლენას ახდენენ არა მარტო ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პოლიტიკაზე, არამედ საარჩევნო სისტემაზე, არჩევნებზე.

მარტო სარკოზის – საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მხილება რად ღირს. გახსოვთ ალბათ, სიკვდილამდე, ლიბიის მეთაურის მოამარ კადაფის განცხადება – სარკოზის საარჩევნო კამპანიისთვის რამდენიმე მილიონი დოლარის გაღების შესახებ. რეგიონის ქვეყნების ინვესტიციები საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, სხვაგან მნიშვნელოვანია და რახან ასეა, ამ ქვეყნების დამოკიდებულებაც მათდამი, მოკრძალებული.

ნავთობით მდიდარ ქვეყნებს თავისებური თანამშრომლობა აქვთ ჩამოყალიბებული დიდ ქვეყნებთან, განსაკუთრებით აშშ-ნ. ამ ურთიერთდამოკიდებულების ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს შევეხებით დღეს – ვაშინგტონ-ერ რიადის ურთიერთობას.

წინამდებარე თემა შემთხვევით არ არის შერჩეული. ერ რიადი, ნავთობით მდიდარი სამეფო, რახანია თავის ომახიან სიტყვას ამბობს ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. ამ სიტყვაში მზაკვრობა და იატაკქვეშა თამაში რომ შეინიშნება, გასაკვირი არ არის. მზაკვრობის მომენტები სამეფოს ჩამოყალიბებისთანავე იყო ჩადებული მონარქიის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დღიდან ჩამოყალიბებისა, საუდის არაბეთის მონარქია აშშ-ს ყოველდღიური ყურადღების საგანი გახდა. და არა მარტო ყურადღების. ვაშინგტონი, როგორც თავის მარჯვენა ხელს, ისე განიხილავდა და განიხილავს საუდის არაბეთს. მოკავშირე, სტრატეგიული პარტნიორი, რეგიონში ამერიკელთა უმთავრესი საყრდენი, მუდამ ამერიკული პოლიტიკის გამტარებელი საუდის არაბეთი დიდი გარდაქმნების წინაშე დგას. მეფე აბდალა იბნ აბდელ-აზიზი 31 დეკემბერს უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და როგორც პრესა იუწყება 23 იანვარს გარდაიცვალა.

მეფე 90 წლისა იყო. მას გადაიტანილი ჰქონდა წელის რამდენიმე  ოპერაცია. საავადმყოფოში მეფეს ფილტვების ანთება დაუდგინეს და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

მეფე თავდავიწყებული მწეველი იყო და როგორც ექიმები ამბობდნენ,  ფილტვების კიბოც ჰქონდა. აღნიშნულის გასაბათილებლად სამეფო კარი აცხადებდა, რომ მეფის მდგომარეობა უმჯობესდებოდა, თუმცა …

ვითარების კრიტიკულობაზე ისიც მიანიშნებდა, რომ გახშირებული იყო ამერიკელი პოლიტიკოსების, სხვადასხვა სამსახურების სპეციალისტების ვიზიტები. ვაშინგტონი ემზადებოდა მეფის გარდაცვალებისა და მისი მემკვიდრის ტახტზე ასვლისთვის. მას არ სურდა მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტისთვის ბრძოლის უკიდურეს ფაზაში გადასვლა. როგორც ამბობდნენ, ამის რეალური საფრთხე არსებობდა.

საუდის არაბეთი, რომელიც ამერიკელთა წყალობით, რეგიონული და გლობალური მოთამაშეა – ენერგეტიკულ და მსოფლიოს სტაბილურობის საკითხებში, ვაშინგტონთან ერთად, ნავთობზე ფასების დაწევის ინიციატორია, რითაც დიდ პრობლემებს უქმნის რუსეთსა და ირანს.

საუდის არაბეთი, ვაშინგტონთან ერთად იბრძვის სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. ერაყში მიმდინარე პროცესები მეტწილად განპირობებულია საუდის არაბეთის პოზიციით, რომელიც ნეგატიურადაა განწყობილი ამ ქვეყნის შიიტური ხელისუფლების მიმართ.

საუდის არაბეთი „ისლამური სახალიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების კოალიციაში შემავალი ქვეყანაა. ამ კოალიციას აშშ-ი ხელმძღვანელობს. თუმცა ადრე მას მილიონობით დოლარი აქვს ჩაყრილი ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ექსტრემისტული ისლამური ჯგუფების დაფინანსებაში. ეს ჯგუფები დღეს „ისლამური სახალიფოს“ შემადგენელი ნაწილებია.

სპარსეთის ყურის სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორი ერ რიადზე გადის. საუდის არაბეთი ის ქვეყანაა, რომელიც რახანია მტრულადაა განწყობილი ირანის მიმართ. ერ რიადი თეირანს მეტოქედ და რეგიონის მთავარ დაპირისპირებულ ძალად აღიქვამს. საუდის არაბეთი ის ქვეყანაა, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს ეგვიპტის ახალ სამხედრო ხელისუფლებას.

ვაშინგტონისთვის, საუდის არაბეთი გაცილებით მეტია, ვიდრე მოკავშირე. ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონს სხვა მოკავშირეც ჰყავს – ისრაელის სახით, მაგრამ ისრაელს არაბულ სამყაროში ცუდი თვალით უყურებენ.

ირანი ამერიკელთა საყრდენი ვერ იქნება ორი მიზეზის გამო. პირველი, ირანი არაბული ქვეყანა არ არის და მას ისე, როგორც ისრაელს, ალმაცრად უყურებენ არაბული ქვეყნები. მეორე – ირანი 30 წელიწადზე მეტია ანტიამერიკული  პოლიტიკის მატარებელია.

რაც შეეხება ეგვიპტეს, არაბული ქვეყნების ლიდერ სახელმწიფოს, „არაბული რევოლუციით“ დასუსტებულია. მძიმე დღეში არიან ერაყი და სირია. ასე, რომ ვაშინგტონისთვის მთავარი საყრდენი მაინც საუდის არაბეთია.

ექსპერტთა აზრით, მეფის გარდაცვალებას უდავოდ მოჰყვება სამეფო დინასტიაში დაპირისპირება – ახალგაზრდებსა და ასაკოვან დიდებულებს შორის. ახალგაზრდათა  მიხედვით, პოლიტიკური სისტემა, რომელიც არსებობს საუდის არაბეთში, დრომოჭმულია და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს 85 წლის წინათ, ინგლისელთა მიერ ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად გაჩენილი პატარ-პატარა ფრაგმენტებისგან შექმნილი საუდის არაბეთის დაშლას.

დღევანდელ საუდის არაბეთში სუნიტებთან ერთად ცხოვრობენ შიიტები, ისმაილიტები, იემენური ტომები, ვაჰაბიტები, სალაფიტები. ირანს გავლენა აქვს საუდის არაბეთის შიიტებზე. სამეფოს არამდგრადობა უდავოდ გააჩენს შიდა დაპირისპირებას.

რაც შეეხება ვითარებას საუდის არაბეთის საზღვრების სიახლოვეს – ერთობ დაძაბულია. ომი სირიაში, „ისლამური სახალიფოს“ მიერ წამოწყებული ომი მეზობელი სირია-ერაყის წინააღმდეგ, მრავალწლიანი დაპირისპირება ირანთან, რომელიც რეგიონში პირველობაზე პრეტენზიიდან მოდის. თანაც ირანი სტრატეგიული პარტნიორია სირიის, რომლის პრეზიდენტის დამხობის უპირველესი მსურველი საუდის არაბეთია.

მეზობლობაში შექმნილი უმძიმესი ვითარება, სწორედაც საუდის არაბეთის პოლიტიკითაა გამოწვეული, მისი წაქეზებით და ფინანსური ინექციებით. ბოლო დროს საუდის არაბეთის მეფის პრესტიჟი, როგორც ისლამისტთა წმინდა სალოცავების მექას და მედინას მფარველისა, სერიოზულად შეირყა. ხშირად გაისმის ულემთა მოწოდება ხაჯისა და მექა-მედინის მართვის საქმის მსოფლიო მუფტიატის საბჭოსთვის გადაცემის შესახებ.

საუდის არაბეთს ახალი მეფე ჰყავს – გარცდაცვლილი მეფის ძმა – სალმანი –  1935 წელს დაბადებული და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. მას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. გამოცდილი პოლიტიკოსია, თუმცა ავადმყოფი. საცაა ის 80 წლის გახდება. 80-იან წლებში ის აგროვებდა ფულს ავღანეთის მოჯახიდებისთვის, რომლებიც საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

სალმანის გარდაცვალების შემთვევაში ტახტზე ავა ტახტის მემკვიდრე უფლისწული მუგრინი, რომელიც 70 წლისაა. მას განათლება ინგლისის სამეფო საავიაციო კოლეჯში აქვს მიღებული.

სამივე – აბდალა, სალმანი და მუგრინი საუდიტების დინასტიის დამაარსებლის მეფე აბდელ-აზიზის შვილებია, რომელსაც კიდევ 45 ვაჟიშვილი ჰყავდა.  დღეს, ისინი შედიან „ოჯახის უმაღლეს საბჭოს“ შემადგენლობაში, რომელიც 2007 წელს შექმნა მეფე აბდალამ. საერთო ჯამში არსებული 1500 უფლისწულიდან, მხოლოდ ერთეულებს შესწევთ ძალა უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლის, თუმცა უფლისწულ ბანდარ ბინ სულთანის ჩამოწერა ნაადრევი იქნება.

ეს პიროვნება რეიგანიდან დაწყებული, უმცროსი ბუშის პრეზიდენტობით დამთავრებული, საუდის არაბეთის ელჩი იყო აშშ-ში. მას, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, შეეძლო „თეთრ სახლში“ მისვლა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მეფემ საგარეო დაზვერვის შეფად დანიშნა. 2014 წლის ზაფხულში ის გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.

ეს, ის პიროვნებაა, ვინც 2013 წელს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და 4 საათის განმავლობაში ელაპარაკა. შეხვედრის ინიციატორი მეფე აბდალა იყო, მან დაურეკა პუტინს. მაინც რაზე იყო საუბარი?

უმთავრესად იმაზე, რომ პუტინს თვალი დაეხუჭა სირიაში ინტერვენციაზე, სანაცვლოდ საუდის არაბეთი სთავაზობდა ნავთობზე ფასების ერთობლივ კონტროლს; ნავთობის მოპოვების შემცირებას რუსეთისთვის კომფორტულ დონემდე; ყატარზე ზეგავლენას, გაზით ვაჭრობის დარგში; სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარებაში ხელშეწყობას; „ჩეჩნეთის დაჯგუფებები, რომლებიც ჩვენს მიერ კონტროლდებიან, არ განახორციელებენ არავითარ ტერაქტს“, – განაცხადა  სტუმარმა პუტინთან შეხვედრისას.

სირიის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში უფლისწული გარანტიას იძლეოდა სირიაში რუსული გავლენის შენარჩუნებისა და სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსის  რუსეთისთვის დატოვების საქმეში. გარდა ამისა, საუდის არაბეთი მზად იყო შეეძინა რუსული იარაღი და ამაში 15 მილიარდი დოლარი გადაეხადა. ეს ქვეყანა მზად იყო განეხორცილებინა ინვესტიციები რუსეთში.

 სირიასთან ერთად, რუსეთს უნდა შეეკავებინა ახლო აღმოსავლეთში ირანის მზარდი ამბიციები. უფლისწულმა საუბრის დროს არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს წინადადებები მოდის არა მარტო საუდის არაბეთის მეფიდან, არამედ აშშ-ს ადმინისტრაციიდანაც.

პუტინმა წინადადებებზე უარი თქვა.

ის, რაც დღეს ნავთობის ფასების კლებასთან დაკავშირებით ხდება, ოფიციალური ერ რიადის განცხადებით, სულაც არ არის გამოწვეული საუდის არაბეთისა და აშშ-ს ერთობლივი ძალისხმევიდან. ეს, ბუნებრივი პროცესია და არა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული მზაკვრული გეგმა.

მაგრამ, რომ იტყვიან, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ – ისეა საქმე. „ოპეკის“ შეხვედრის დროს, სწორედ საუდის არაბეთი წავიდა ნავთობის მოპოვების ტემპის შეჩერების წინააღმდეგ. არადა „ოპეკის“ წევრი ნავთობმოპოვებელი ქვეყნები ვენესუელა და ირანი (რუსეთი არ არის „ოპეკის“ წევრი) დაბეჯითებით მოითხოვდნენ ტემპის შენელებას, თუმცა ამაოდ.

მდიდარ და პოლიტიკურ ინტრიგებში გახვეულ საუდის არაბეთს შიდა ქარტეხილები ელოდება. მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებისა, რომ საუდის არაბეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უცვლელი დარება, ნაკლებად დასაჯერებელია. ახალი მეფის გამოჩენასთან ერთად, უდავოდ შეიცვლება დღემდე არსებული პოლიტიკა – თუ რამდენად სიღრმისეულად, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.