ორწლიანი მუშაობის შედეგი

„ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელიწადი აღნიშნა. იყო შეფასებები, ცხადია დადებითი, მათი და მათი მომხრეების მხრიდან. იყო „ბრძნულ“, „ღრმა“ ანალიზზე დაფუძნებული მოსაზრებების წაღმა-უკუღმა ტრიალი, რომელთა დასასრული ჰოლივუდური „ჰეპი ენდის“ მსგავსია – ანუ ორწლიანი „ოცნებური“ მუშაობა მეტად ნაყოფიერია და თუ ასე გაგრძელდა, საქართველო უდავოდ იხილავს შუქს გვირაბის ბოლოს. როდის, არავის დაუკონკრეტებია.

„იქნებაო, დაგვპირდნენ“. დადებით შეფასებებთან ერთად იყო უარყოფითიც,  მეტადრე ნაციონალთა მხრიდან. დღეს, ის ოპოზიციაა და რახან ამ ამპლუაშია, უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება.

სხვათა შორის, ბევრი რამ ამ კრიტიკაში სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ, როდესაც ამ სინამდვილეს გადაგვარებული ნაცები ამბობენ, საზოგადოებისთვის მიუღებელია. როგორც ნაცი, ისე მისი ნათქვამი გამაღიზიანებლად მოქმედებს ხალხზე, ვინაიდან სწორედ მან იგემა ნაცური მმართველობის თითქმის ათწლიანი განუკითხაობა.

სხვანაირი აღქმაა საზოგადოების უდიდეს ნაწილში – არა „ნაცურში“ და არა „ოცნებურში“ – ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებში, რომელთაც ხან ერთი და ხან მეორე ფრთა, არჩევნების პერიოდში „ჭკვიან“ ხალხად მოიხსენიებს და რომლისთვისაც სიტყვიდან და არა საქმიდან გამომდინარე, მზადაა 24 საათი იმუშაოს.

მაინც რას ნიშნავს ხელისუფალთა მიერ ნათქვამი – „ვიმუშაოთ 24 საათი“, იმას ხომ არა, ხალხმა რომ იმუშაოს, ხოლო მან (ხელისუფლებამ) დროის დიდი მონაკვეთი საკუთარი, ტკბილი ცხოვრების მოწყობას დაუთმოს? არავინ კითხულობს, სად  უნდა იმუშაოს ხალხმა. როდესაც არც ქარხნები, არც ფაბრიკები და არც სხვადასხვა სახის საწარმოებია, დევიზი – „ვიმუშაოთ 24 საათი“, ვირტუალური მოწოდებაა.

„ოცნების“ მომხრეებს – ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს გული წყდებათ – მთავრობა რაღაცას აკეთებს, მაგრამ რომ აკეთებს, ხალხს ვერ აგებინებსო. მეტი PR-ია საჭიროო. მათ ახსენდებათ სააკაშვილის პერიოდი, როდესაც პრეზიდენტი ერთიდაიგივე საწარმოს გახსნას რამდენჯერმე რომ გვაჩვენებდა. მერე რა? წავიდა სააკაშვილი და ხელში შეგვრჩა ფიქტიური საწარმოები.

პასუხად, ხელისუფლება ჯიქურად აცხადებს – რაც  დაგპირდით, ასი პროცენტით შეგისრულეთო – ეჭვი რომ არ შეგვეპაროს, იმასაც ამატებს – თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ასეა, ესო.

ამ განცხადებით, ხელისუფლება რომ ტყუილს ამბობს, არაფერი, მაგრამ შეურაცხყოფას რომ გვაყენებს – დაუნახავები ან დაუნები ხართო, სხვაა.

მართლაც დაუნები და დაუნახავები ვართ თუ ობიექტურები, ორწლიანი მუშაობის შეფასებაში? ერთის შეხედვით, რაღაც გაკეთდა და რაც მთავარია, გადაილახა ავადმყოფური შიში – ნაცური მმართველობით გამოწვეული.

დიდი საქმე გაკეთდა, მაგრამ გაკეთებული ისტორიას ჩაბარდა და რახან წარსული ისტორიით ვერც თავს და ვერც ოჯახს გამოკვებავ, ხალხი ითხოვს „ოცნებელთა“ დანაპირების შესრულებას, რაზეც „ოცნება“ უტუხად პასუხობს – დაპირებები 4 წელიწადზე იყო გათვლილი და პირველი 2 წლის – ფრიადზე შევასრულეთო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.

არ გჯერა და კარგად იყავი. ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. რამდენიც გინდა აკრიტიკე, ლანძღე, გულთან არ მიიკარებს. აფსუს, საბჭოთა კავშირი. საკმარისი იყო გაზეთში კრიტიკული მასალის დაბეჭდვა, დამნაშავეს უმალ სჯიდნენ. დღეს, „დემოკრატიაა“, ამდენად კრიტიკული სტატიებიც იბეჭდება, ტელეეკრანებიდანაც ითქმება, მაგრამ დამნაშავე არ ისჯება. ხელისუფლება რეაგირების გარეშე განაგრძობს არსებობას.

განვლილი ორი წლის შემფასებელმა პოლიტოლოგიამ ბრძანა – დიდი წარმატებებია მოპოვებული საგარეო პოლიტიკაში და ჩამოთვალა – ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ნატოსთან დაახლოება, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება, რუსეთის ლანძღვისგან თავის შეკავება და ა.შ.

ბევრი სხვაც იყო ნათქვამი, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა და არა იმიტომ, რომ PR-ს „საგმირო საქმეები“ ხალხამდე არ დააქვს, არამედ ის, რასაც ხელისუფლება „საგმირო საქმედ“ მიიჩნევს, ხალხს „საგმიროდ“ არ მიაჩნია. და მართალიც არის.

რა მოაქვს ხალხისთვის ევროსაბჭოს დოკუმენტს, რომელმაც ესოდენი გნიასი ააგორა? არც არაფერი. ვერც ხელისუფლება მიხვდა, რომ ევროსაბჭოს დოკუმენტი, სადაც „შეშფოთება“ მეტია, ვიდრე „კმაყოფილება“, ხალხს ვერ დააინტერესებს.

ხელისუფლება ვერც იმას მიხვდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ხალხისთვის არაფერია – არც იჭმევა და არც ისმევა და რა იქნება, ცხადია კარგი გაგებით ძალიან შორეულ მომავალში, ნაკლებად მომხიბლველია, ვინაიდან იმ „შორეულამდე“ თავის მიტანაა საჭირო, ანუ ლუკმა-პურისთვის  ბრძოლა.

ხალხმა რომ იცოდეს, რა ბედი ეწია 10 წლის წინათ ევროკავშირში შესულ ბულგარეთს, ხელკეტებით მიადგებოდა სახელმწიფო კანცელარიას. ინფორმაციის არ არსებობას უნდა უმადლოდეს „ოცნების“ ხელისუფლება, მასობრივი, სახალხო ბუნტისგან თავის გადარჩენას. ბულგარელთა დღევანდელი ევროპული ხვედრი ასეთია. მინიმალური ხელფასი 340 ლევი ანუ 174 ევრო თვეში. მოსახლეობის ნაწილი, არჩევნების დროს, ყიდის თავის ხმას 50 ლევად, ზოგი მზადაა 20 ლევადაც გაყიდოს. დღის განმავლობაში საქველმოქმედო სასადილოებში თითო კაცზე 2 კატლეტსა და 2 ნაჭერ პურს გასცემენ.  

არც ნატო აინტერესებს ხალხს და არც აშშ-ნ სტრატეგიული პარტნიორობა, ვინაიდან ამ პროექტების რეალიზება შორსაა იმ მარტივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისგან, რაც ესოდენ იოლია, მაგრამ ესოდენ ძნელი.

ხალხს 20 წელიწადზე მეტია ესმის „ისტორიული“ წარმატებების შესახებ, მაგრამ ვერ გრძნობს ამ წარმატებებს და არა იმიტომ, რომ რეგვენია, არამედ „წარმატებებია“ ვირტუალური, ყოველდღიურობიდან დაშორებული, აუსრულებელი.

ხელისუფლება თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხალხი – თავისი. მათ შორის ფართო ხრამია, რომლის ამოვსებას სიტყვით ყველა ხელისუფლება ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. რაც მათ მოახერხეს – საკუთარი თავის პატივისცემა იყო. დიახ! საკუთარისთვის ბევრი იღვაწეს, სიტყვით – ხალხისთვის. ჯამში, ხალხს ცარიელი სიტყვა შერჩა ხელში, მათ,  „ხალხისთვის თავდადებული შრომიდან“ გამომდინარე, მილიონები.

ყველა ხელისუფლებამ „კეთილსინდისიერად“ მისდია ქართულ ანდაზას – „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო“. ესოდენ „შესანიშნავი“ წარსულის მაყურებელ ხალხს, არ შეიძლება ჰქონდეს ოპტიმისტური დამოკიდებულება „ოცნების“ მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მიმართ, მითუმეტეს, თუ ამ „მუშაობის“ პოზიტიური კოეფიციენტი გამადიდებელი შუშითაც არ შეინიშნება.

და მაინც რა აწუხებს ხალხს?

ცხადია, უფულობა, მაგრამ ამ საკითხისადმი მას შედარებით თავშეკავებული დამოკიდებულება აქვს. ის გაგებით ეკიდება ხელისუფლების „აბსტრაქტულ“ განმარტებას პენსიის მომატებასთან დაკავშირებით. ან იმ ხელფასთან დაკავშირებით, რომელსაც კერძო თუ საჯარო სამსახურში იძლევიან.

 ხალხს ვერაფრით გაუგია, რატომ უნდა ჰქონდეთ პარლამენტარებს, მინისტრებს, მარეგულირებელ კომისიებს და ა.შ. ათასობით ლარი, ხოლო მას ათობით (არცკი); რატომ უნდა ხარჯავდეს პრემიერ-მინისტრი ათეულ-ათასობით დოლარს თავისი და თავისი ამალის ნიუ-იორკში ან სხვა ქალაქში ვიზიტის დროს.

პრესაში გავრცელებული ცნობით, პრემიერმა ღარიბაშვილმა 42-კაციანი დელეგაცია წაასხა ნიუ-იორკს, თანაც რამდენიმე დღით, თანაც იმ სასტუმროში ცხოვრებით, სადაც ერთი ღამის გათევა მინიმუმ 1000 დოლარია.

ხალხი ვერაფრით დაიჯერებს, რომ ესოდენ წარმომადგენლობითი დელეგაციის მიერ იქ გაწეული მუშაობა რამეში წაადგა ან წაადგება საქართველოს, ხალხს. ხალხი ვერც იმას დაიჯერებს, რომ პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი მოადგილეების ან აპარატის მუშაკების დაოთხილი ხეტიალი უცხოეთში სიკეთის მომტანია.

ხალხს მიაჩნია, რომ ამ უსაგნო მოგზაურობაში დახარჯული ფულის გადანაწილება სხვა დანიშნულებით, თუნდაც პენსიების გასაზრდელად, დიდი შვების მომტანი იქნება. ხალხს ისიც აღელვებს, რომ სახელმწიფო ორგანოების მუშაკები, ხელმძღვანელიდან დაწყებული, განუზომელი პრივილეგიებით სარგებლობს – ძვირადღირებული, მძღოლიანი ავტომობილებით, სასათბურე პირობებით და ა.შ.

იმ გადაწყვეტილებათა შორის, რომლებიც „ოცნებელთა“ მიერ იყო მიღებული ხელფასებზე დანამატებისა და პრემიების გაცემა გამოირჩევა, შემდეგი განმარტებით – კვალიფიცირებული მუშაობისთვის არის საჭიროო.

შედეგი ამ შრომისა რომ არ ჩანს? ხალხი ვერაფერს ატყობს, მაღალანაზღაურებადი მოხელეების მუშაობას. არ ჩანს მათი შრომის „ნაყოფი“. გამოჩნდებაო, ამბობს ქალაქის მერი ნარმანია და უხვად გასცემს ხელფასზე დანამატებს მერიის თანამშრომლებზე.

ხალხზე მძიმედ მოქმედებს წყლის და შუქის სისტემატური გამორთვა, საქალაქო ტრანსპორტის, მათ შორის „მარშრუტკების“ გაუმართავი მუშაობა, ტრანსპორტის გაუმართაობა – ელოდები, და არ ჩანს. ხშირად „მარშრუტკების“ დაგვიანება – 30-40 წუთია, საღამოს საათებში – ერთ საათზე მეტი.

რა ხასიათზე უნდა იყოს ადამიანი, როდესაც დილით არც წყალია და არც შუქი.  ტრანსპორტი დაგვიანებით მოდის, თანაც გადავსებული. ქუჩა, დარიან ამინდში – მტვრიანი და დანგრეული, უამინდობაში – ტალახიანი. ტრანსპორტში ნაბრძოლი, დაღლილი და დასვრილი, რის ვაივაგლახით მიდის სამსახურში. ვინმემ იფიქრა, როგორი იქნება ასეთი მუშაკის შრომის ნაყოფიერება? არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია ამაზე.

ხელისუფლება დიდ „მატერიებზე“ ფიქრობს, უფრო სწორად ხალხს ატყუებს, რომ ფიქრობს, სინამდვილეში საკუთარ თავზე ფიქრობს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ხალხი ვერაფერს გაიგებს, თუ გაიგებს, ვერაფერს გახდება.

ფაქტიც სახეზეა – წინა „ნაცური“ ხელისუფლების სახით. ათწლიანი „ბაირამობა“ და რაც მთავარია ხალხის ღლეტვა, სახელმწიფოს ბიუჯეტის თქვლეფა, ხომ ხახვივით შერჩათ.

ხალხი თხოვს „ოცნების“ ხელისუფლებას, სამართლიანობის სწრაფად აღდგენას, ის კი კუს ნაბიჯებით მიღოღავს.

ორი წელიწადი საკმაო დროა თვალშისაცემი სიმახინჯეების გამოსწორებისთვის, მაგრამ როდესაც არც გამოცდილება, არც პროფესიონალიზმი და არც სინდისი გაქვს – ვერც წყლის პრობლემას მოაგვარებ, ვერც შუქის; ვერც შენს მიერ გადათხრილ ქუჩას მოაასფალტებ; ვერც ტრანსპორტის მუშაობას გააუმჯობესებ; ვერც ნაგვის დროულ გატანას შეძლებ; ვერც სადარბაზოს მოაწესრიგებ; ვერც წინა ხელისუფლების მიერ ტროტუარებზე აშენებულ მაღაზიებს და კაფეებს დაანგრევ; ვერც უკანონო მშენებლობებს აღკვეთ და ა.შ.

ვარაზის ხევში, აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან, ფერდობი გადაღობეს და ხეებში რაღაც ნაგებობა ჩადგეს, ისე, როგორც თავის დროზე „ვისკის სახლი“ დელისზე, ტროტუარზე ორსართულიანი აფთიაქი წამოჭიმეს, ხოლო „დეზერტირის“ ბაზართან, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ავტოსადგომის და ტროტუარის ნაცვლად, ერთსართულიანი მაღაზიების რიგი ჩაამწკვრივეს – ისედაც მაღაზიებით და ბაზრობებით გადატვირთულ უბანში. „სპორტის სასახლის“ წინ ისეთი ნაგებობები დადგეს, სასახლე რომ აღარ ჩანს. რომელი ერთი ჩამოვთვალო…

არც ხელისუფლებას და არც თბილისის მერიას ეს წვრილმანები არ აწუხებთ. ისინი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მსჯელობენ. ვაი, ჩვენს თავს!

„ოცნებამ“ სხვა „შედევრალური“ გადაწყვეტილებებიც მიიღო – მათ შორის აღსანიშნავია წამლების რეცეპტებით გაცემა. ერთი თვეა მოქმედებს ეს უნიათო, ანტისახალხო წესი, რომელმაც, ნაცვლად ხალხზე ზრუნვისა (როგორც „ოცნებლები“ ამბობენ), სერიოზული უკუქმედება გამოიწვია.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ ექიმთან მისვლას, გრძელ რიგში დგომას, მინიმუმ 4 საათი ეწირება. გარდა ამისა ფული, ვინაიდან ექიმი პაციენტის შემოწმების შემდეგ გასცემს რეცეპტს. თუ პაციენტს ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა და აქედან გამომდინარე მედიკამენტები, მან ერთწლიანი რეცეპტი უნდა მიიღოს, ანუ რეცეპტი მინიმუმ 120 ეკზემპლიარად.

არის გამოსავალიც – პაციენტმა ერთდროულად ათეულობით კოლოფი წამალი შეიძინოს და სახლში დაასაწყობოს. მაგრამ წამლის ღირებულება, თუნდაც ერთი ფირფიტის, რომ 30-40 ლარს აღემატება? ეს ფირფიტა ხომ, დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში, მხოლოდ 10 დღის  სამყოფია?

გონდაცლილმა სამინისტრომ არა მარტო მოსახლეობას გაუჩინა თავსატკივარი, ნევროზი, წამლის (მრავლობით რიცხვში) შეძენისთვის საჭირო ფულის შოვნის პრობლემა, არამედ საკუთარ თავსაც. ვინ შეამოწმებს აფთიაქებში რეცეპტიდან მოჭრილი ფურცლების წესისამებრ გაცემის სისწორეს ან აფთიაქებს ჰყავთ თუ არა მუშაკები, რომლებიც გულისყურით შეინახავენ რეცეპტიდან მოჭრილ ქაღალდებს? ჰყავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მუშაკები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, თუნდაც წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ აფთიაქებს?

„უჭკუო თავის პატრონს, ფეხებს დიდი ძალა ადგებაო“, ისეა ჯანდაცვის სამინისტროს საქმე.

არანაკლები „შედევრალური“ იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ სავიზო სისტემის შემოღება. ახლა სხედან და ასწორებენ არასერიოზულ დოკუმენტს.

ზემოთმოყვანილი მაგალითები მხოლოდ მინიმალური ნაწილია იმისა, რაც „ოცნებამ“ მოახერხა ორი წლის „მუშაობის“  შედეგად. შედეგი კი ისეთია, ხალხში სისტემატურად რომ აჩნს კითხვას – „გვეშველება რამე“?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.