დავაჭყიტეთ თვალები, მაგრამ . . .

სულ ახლახანს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ბელგიაში მცხოვრებ ომარ ხახაშვილთან, რედაქტორის მოადგილე გურამ გოგიაშვილის  საუბარი. ბატონი ომარი იმ იშვიათ ქართველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სამშობლოდან შორს, კალმით ხელში, იბრძვის საქართველოს კეთილდღეობისთვის. მისი სტატიები, გამოქვეყნებული ამავე გაზეთში, მუდამ იწვევდა და იწვევს უდიდეს ყურადღებას არა მარტო რიგით მკითხველში – სამშობლოს ბედით დაინტერესებულში, არამედ პოლიტოლოგებში, მათ შორის ჩემშიც.

ბატონი ომარის სიტყვა, ხშირად მკაცრი, მაგრამ ობიექტური, ქვეყნის სიყვარულით გაჯერებული, იმ გულშემატკივრის ნათქვამია, რომელსაც ყურის დაგდება, დაფიქრება ეგების. და რაოდენ სავალალოა, როდესაც ხელისუფლებაში დეფიციტია სხვისი ნათქვამის მოსმენის მხრივ.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ხელისუფლებამ გულდამშვიდებით მიიღოს ბატონი ომარის შემდეგი სიტყვები: „წინა ჩამოსვლიდან ორი წელიწდი გავიდა. ძველი ცოცხი შეცვლილა და ახალი ცოცხი კარგად გვის, მაგრამ დიდი ცვლილებები არც ქალაქს ეტყობა, არც ადამიანებს. ან როგორ შეეტყობა, როცა ჯერჯერობით, რატომღაც ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და ხალხისთვის ვერაფერს იმეტებენ.!“

ხელისუფლება, რომ მართლაც ხელისუფლება იყოს – ამ სიტყვების მთქმელ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველს, უდავოდ მიიწვევდა სასაუბროდ და ჰკითხავდა, რით არის გამოწვეული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ასეთი განწყობა.

თუ ვიღაცა გადამთიელის მოსაზრება გაინტერესებს და მის მიერ პრესაში გამოთქმულს საჯარო განხილვის თემად აქცევ, შენივე თანამემამულის აზრს რატომ ტოვებ რეაგირების გარეშე?

იქნებ „შინაური ცოცხის“ (შინაურ ცოცხს შენდობა არ აქვსო) ცნობილი ამბავია შუაში, ანუ შენიანმა რაც არ უნდა თქვას, ყურადღება არ უნდა მიაქციო. თუ გარეულს უსმენ, თან გულის ხეთქვით – ეს რა თქვაო, ნახევარი ყურით მაინც მოუსმინე შენიანს!

ცხადია, ბატონი ომარის ნათქვამის მოსმენა არ ესიამოვნება ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლება რომ ხელისუფლება იყოს, სწორედ მას უნდა მოუსმინოს, ღრმა ანალიზი გააკეთოს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას უმძიმესი ვითარების გამოსასწორებლად. მაგრამ არა!

არა და რატომ?

მოგახსენაბთ. ხელისუფლებას ჰგონია,  რომ მისი ორწლიანი მმართველობა უაღრესად წარმატებულია, წინასაარჩევნო დანაპირების უდიდესი ნაწილი შესრულებულია, დანარჩენიც მალე შესრულდება. ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და ასეთ ვითარებაში – რა ხახაშვილი, რის ხახაშვილი, მთავარია მოსახლეობის მიერ თვალის ფართოდ გახელვა და გაკეთებულის დანახვა. ვინც წარმატებებს ვერ ხედავს – ის ბრმაა, უკვე რამდენჯერ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გულშიჩამძრომი სიტყვები და არა მარტო მისი, მისი წინამორბედის. ისიც მოგვიწოდებს თვალის ფართო გაღებას.

გავაღეთ ბატონებო, არათუ გავაღეთ, ისე დავაჭყიტეთ, ლამის გუგებიდან გადმოგვცვივდეს, მაგრამ თქვენს მიერ გაკეთებულს ვერსად დავლანდეთ. აი, რაც დავინახეთ, მთავრობის მიერ საკუთარი თავის უზომო პატივისცემაა – ხელფასების მატების, ხელფასებზე უზომო დანამატებისა და პრემიების გამოწერის სახით.

სწორედ ამას შეგახსენებთ ბატონი ომარი, თქვენ კი ნაცვლად შესაბამისი რეაქციისა, დაბეჯითებით აგრძელებთ ავისმომტანი პრაქტიკის ფართოდ დანერგვის კამპანიას – თბილის-ქუთაის-ბათუმის, სხვათა მაგალითები ნათელი დასტურია ამიას.

დიახ, გავახილეთ თვალები და დავინახეთ გადათხრილი ქუჩები (გოგებაშვილის, ყიფიანის, სხვა ქუჩები), ამტვერებულ-ატალახებული. ოთხი თვეა დაახრჩვეს ხალხი მტვერსა და ტალახში, მანქანის პატრონები უგზობაში.

ფართოდ გავახილეთ თვალი, თუმცა ფართოდ  გახელა რად უნდა, ისედაც ვხედავთ შუქის, წყლის, გაზის სისტემატურ გამორთვას, შუქნიშნების გარეშე დარჩენილი ქუჩების ავტომანქანურ ზედახორას, მძღოლების ერთმანეთთან „სიგნალურ“ დედის გინებას, საპატრულო პოლიციის უნიათო მუშაობას და ა.შ.

გავახილეთ თვალი და დავინახეთ ერთი კილოგრამი სუფრის ყურძნის ასტრონომიული ფასი – 3-3,5 ლარი, წაბლის – 4-5 ლარი, სუპერმარკეტ „გუდვილში“ – 15 ლარი (თუმცა უკვე დაიწია 6 ლარამდე), სამი ღერი ოხრახუშისა და ქინძის ფასი – 20-25 თეთრი, რეჰანის – 50 თეთრი, ვაშლის – არაუმცირეს 3-4 ლარი (ქართულის, უცხოურის – 6-7 ლარი).

ყურძნის, ხილისა და ბოსტნეულის სამშობლოში ასეთი ფასები არ უნდა იყოს. არ იკითხავთ, რა ღირს ღვინო, ღვინის სამშობლოში – 15-20 ლარიდან დაწყებული, 50-60, 100-180 ლარი, ცხადია არა ყუთი, არამედ 1 ბოთლი.

გავახილეთ თვალი და დავინახეთ თბილისის ქუჩებს მოდებული უამრავი მათხოვარი, სანაგვე ყუთებში საჭმელ-სანოვაგის მაძებარი ხალხი; ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული რეცეპტომანია, ხელოვნურად გაჩენილი რიგები და ექიმთა მიერ რეცეპტის (რეცეპტების) გამოწერის დროში გაწელილი პროცედურა.

რეცეპტომანია თავისთავად ბადებს კითხვას – რამდენი იხარჯება რეცეპტის ბეჭვდის საქმისთვის (ქაღალდი, საღებავი და ა.შ.), ვინ და რამდენი კაცი იქნება საჭირო ქვეყნის მასშტაბით აფთიაქების შესამოწმებლად გამოყოფილი? წყალში გადაყრილი ფულის, დაგლეჯილი ნერვების, უდიდესი დისკომფორტის მეტი, ვერაფერი დავინახეთ ხელისუფლების მიერ მოგონილ ამ „ნოვაციაში“.

გავახილეთ თვალი და დავინახეთ გავერანებული საქალაქო ტრანსპორტი, „მარშრუტკების“ უწესო მუშაობა; უწესრიგო, უსახური მშენებლობა-„დეველოპმენტად“ წოდებული; ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულება; სავსე ქუჩა, დაძაბული, აგრესიული სახის გამომეტყველებიანი ხალხით.

არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ არსად მინახავს ქუჩაში მძვინვარე აგრესია, ისეთი, როგორიც აქაა. მოსიარულეთა შორის საუბარი გინებით იწყება და თავდება. მიდიხარ ქუჩაში და სასიამოვნო მუსიკის ჰანგებივით ჩაგესმის „ყ..ე, შე კარგ მო…ულო, შეგ..ცი“ და ა.შ.

ნეტავ, რამ გააბოროტა ეს ხალხი? იმან ხომ არა, რაც ზევით ჩამოვთვალე (რამდენია ჩამოსათვლელი?). ქვეცნობიერად ყველაფერი ეს მოქმედებს ადამიანზე და ისიც ზიზღსა და სიბრაზეს ვეღარ იკავებს – სხვაზე გადმონთხევას ცდილობს.

ბევრი შემედავება – ხალხი რომ ქუჩაში აგრესიულია, ხელისუფლება რა შუაშიაო. შუაში კი არა, ბატონებო, თავშია. ზემოთჩამოთვლილი უმარტივესი საკითხები ხელისუფლების მოსაგვარებელია, ისე, როგორც ნებისმიერი წვრილმან-მსხვილმანი საკითხი. ხელისუფლება კი გვაბოლებს – ყველაფერს ვაკეთებო, ამბობს. ხელისუფლების ამგვარმა დამოკიდებულებამ ხომ არ გამოიწვია ფართო საზოგადოების ნიჰილიზმი?

საზოგადოებას რომ ხელი აქვს ჩაქნეული და წამიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ფაქტია. მას არავინ არაფერს ეკითხება, არავინ არაფრად აგდებს. მას არჩევნების დროს იხსენებენ და ისიც, დამჯერი ქათამივით, ემორჩილება ხელისუფალთა მოწოდებას. ხშირად ფულსაც იღებს ამ საქმეში ან საკვებ პროდუქტებს.

გარდა საარჩევნო დღისა, ხელისუფლება თავისთვის ცხოვრობს, ხალხი – თავისთვის. პირველს ფეხებზე ჰკიდია მეორე, მეორესაც – პირველი, მაგრამ შიგადაშიგ გულის მოსაფხანად, ისეთ გინებას უგზავნის, ავ ყურსაც რომ არ მოესმინება.

დაოსებულ, ლუკმა-პურისთვის მორბენალ ხალხს სულაც არ აწუხებს ევროკავშირში იქნება თუ ევრაზიულ კავშირში; აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი საქართველოში იქნება თუ არა; აჭარა ფაქტობრივად თურქეთისა იქნება თუ არა და ა.შ.

აღნიშნულ თემებზე არასამთავრობოთა ჟივჟივი, ჟურნალისტების წიკვინი და პოლიტიკოსთა უსაგნო განცხადებები მხოლოდ საკუთარი არსებობის და არა ქვეყნის გადარჩენის საწინდარია. ხალხი ისეა გამოლენჩებული ქართული ტელე-ჟურნალისტიკით, ქუთაისი რომ თურქეთმა წაიღოს, ხმასაც არ ამოიღებს.

ბატონ გურამ გოგიაშვილის შეკითხვაზე – რას გადმონერგავდა ბატონი ომარ ხახაშვილი ბელგიიდან საქართველოში, რესპონდენტი ასე პასუხობს: „გადმოვნერგავდი ადამიანის პატივისცემას ზოგადის, საზოგადოების მიმართ, რაც ყველაზე უფრო აკლიათ ქართველებს. ავიღოთ უბრალო მაგალითი: სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორია და საერთო კიბეები ნაგავში იხრჩობა. ბელგიაში სისუფთავე სადარბაზოდან, ქუჩიდან, სახელმწიფოდან იწყება. ზოგადის პატივისცემას ემყარება მოქალაქეობრივი შეგნება, ეროვნული ერთიანობის გრძნობა, სახელმწიფოს მოთხოვნილება. ვისაც ზოგადის გაგება არ აქვს, ის სახელმწიფოს ვერ ააგებს“.

სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ვინ უნდა უზრუნველყოს ყოველივე ზემოთთქმულის განივთება? უპირველესად ხელისუფლებამ. ის უნდა იყოს წინამძღოლიც, ახალი იდეების გენერატორიც და რაც მთავარია საქვეყნო და არა სათავისო საქმის მკეთებელიც. როდესაც ხალხი დაინახავს, რომ ხელისუფლება მართლაც მოწოდებულია საქმის საკეთებლად, ოდნავ გაკეთებულს, ბუმბერაზად ჩათვლის და ისეთ საპასუხო რეაქციას გამოავლენს, მტერს რომ შეშურდება.

დღეს კი ხალხს არ აქვს ამის მუხტი. ის, ვერ ხედავს ხელისუფლებიდან წამოსულ პატიოსნების, პატრიოტიზმის ნაპერწკალს. უბრალო, სალოზუნგო ლაქლაქს ხალხი არ უერთდება. ის არ აჰყვება ხელისუფლებას, თუნდაც ისეთ საკითხში, როგორიცაა წასული ავტონომიების უკან შემობრუნება.

ისე, კაცმა რომ თქვას, რაში ჭირდება ასეთ საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი? რაც არის დარჩენილი, იმისთვისაც ვერ მოგვივლია და ახლა ყოფილი ავტონომიები. როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მცირემიწიანი აჭარის ტერიტორიის ნაწილს ერთ ლარად თურქს უსახსოვრებს, აფხაზეთი რომ ჰქონოდა, ვერ აჩუქებდა?!

აჩუქებდა და მერე როგორ. როდესაც საქართველოს მიწების საუკეთესო ნაწილი უცხოელთა ხელშია, ცუდის მეტი არაფერი ითქმის ხელისუფლებაზე – წინაზეც და ახლანდელზეც. საზოგადოება კი დუმს. რომ იყვიროს, რა გამოვა? ის ძალით შეაგუეს ვითარებას. საზოგადოებაც შეეგუა და ისე უყურებს სამშობლოს, როგორც სხვისას. „ერთი ამის დედაც, სანამ ვიქნები, ვიქნები, ჩემს შემდეგ, რაც იქნება, არ მადარდებსო“.

დღევანდელი ხელისუფლება, მასზე მიტმასნილი  საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესი და ა.შ. სამშობლოში სტუმრები არიან – სამშობლოს მოსაწველად, საკუთარი ჯიბის გასასქელებლად მოსული. მათი სამშობლო კუჭიდან იწყება და კუჭით თავდება. და რახან ასეა, პატრიოტიზმს, საზოგადო საქმის კეთებას არასდროს ექნება ადგილი. რასაც ექნება, მომხვეჭელობაა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ბევრმა „ჭეშმარიტმა“ ქართველმა რახანია თავი სხვა სამშობლოს შეაფარა – სააკაშვილი, ახალაია, ადეიშვილი, სხვები. ნამდვილ სამშობლოში ყოფნის დროსაც ისინი „მეორე სამშობლოში“ ცხოვრობდნენ. ასე, რომ სამშობლოს ცნება ამ კატეგორიაში სულაც არ არის ისეთი, როგორც წინათ წარმოგვედგინა.

დიახ, ჩვენ სტუმრები ვართ საკუთარ სამშობლოში, თანაც შარიანი, ურჩი, უწესო სტუმრები და რაც მთავარია გამანადგურებლები – ისეთნი, გასული საუკუნის სამოციან წლებში, ბორჯომის ტყეპარკს რომ შეესია კანადური ხოჭოს სახით.

ვღრნით, ვხრავთ და ვანადგურებთ ქვეყანას, რომელსაც ყასიდად სამშობლოდ მოვიხსენიებთ. ვქმნით საკუთარი ჯიბის დოვლათს, მეორე სამშობლოში უდარდელი ცხოვრებისთვის.

მკითხველს ემახსოვრება საბჭოთა პერიოდში სატელეფონო ჯიხურებში დამსხვრეული ტელეფონ-ავტომატები, კინოთეატრებსა და საქალაქო ტრანსპორტში დანით დაჭრილი ტყავის სავარძლები, სხვა ვანდალიზმი. მაშინდელი „ბრძენი“ მავანი ამ მავნე გამოვლინებას საბჭოეთისადმი სიძულვილის გამოხატულებად აღიქვამდა.

რახანია დაიშალა საბჭოთა კავშირი, დამოუკიდებლებიც გავხდით და დღეს რა ღმერთი გვიწყრება, რატომ ვანადგურებთ ქვეყანას – სახელად რომ სამშობლო ჰქვია?!

აი, აქ კი შემრისხავს ხელისუფლება – რას ჰქვია ვანადგურებთ, პირიქით ვაშენებთო, იტყვის. მაგ სიმართლით რომ დავდივართ, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.