დადგა დრო გამოფხიზლებისა?

მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე განვითარებული მოვლენები აშკარა მანიშნებელია მოსალოდნელი სერიოზული ძვრებისა, რაც უდავოდ გამოიწვევს გარდაქმნებს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში. 21-ე საუკუნე ტერორიზმის ახალი აღმავლობით დაიწყო. დღე ისე არ ჩაივლის, ცხელ-ცხელმა ტერორისტულმა აქტებმა არ მიიპყროს მსოფლიოს ყურადება. ამ აქტებმა შესაბამისი ადგილი დაიკავეს მსოფლიოს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არის შეწუხებული მსოფლიოს ვიშ-ვიში, ერთმანეთის მისამძიმრება, არის ცრემლების ღვრა, მაგრამ არ არის ერთიანი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. კვლავ ძალაშია ტერორისტების დაყოფა ძალიან რეაქციულებად, სისხლის მსმელებად და ნაკლებად, „ჩვენებად“ და „არაჩვენებად“. კვლავ ძალაშია „ჩვენი“ ტერორისტების იარაღით, ტყვია-წამლით, ფულით, ომისთვის საჭირო ატრიბუტიკით მომარაგება, რაც თვალნათლად ჩანს სირია-ერაყის ტერიტორიებზე მიმდინარე ომებში.

არაერთხელ ითქვა და გავიმეორებ – რომ არა ორგანიზებული დახმარება დასავლეთიდან და მდიდარი არაბული ქვეყნებიდან, ტერორიზმის ჭაჭანება არ იქნებოდა და თუ მაინცდამაინც – მას ესოდენ ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტების ჩატარების თავი არ ექნებოდა.

თანამედროვე ტერორიზმის გამომწვევი მრავალი მოტივი არსებობს, მათ შორის ხაზგასასმელია თვით დასავლეთის დამოკიდებულება ამ საქმისადმი – მისი, თავის სასარგებლოდ გამოყენების თვალსაზრისით. უკვე აღარავითარ საიდუმლოებას არ წარმოადგენს თანამედროვე ტერორიზმის მამად აშშ-ს სპეცსამსახურების მოხსენიება. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში წინამორბედ ობამას ადანაშაულებს, ძალაუნებურად რომც არ გვჯეროდეს, უნდა დავიჯეროთ, რამეთუ მას წყალგაუვალი ინფორმაცია აქვს.

აშშ-ი არა მარტო თანამედროვე ტერორიზმის ფუძემდებლად ითვლება, არამედ არაბულ სამყაროსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების ავტორადაც. ერთიც და მეორეც მსოფლიოს აბუნტების შესაშური საშუალება გამოდგა და მას მღვრიე წყალში თევზის ჭერის ახალი საშუალება გაუჩინა. ავღანეთში საბჭოთა ჯარების საწინააღმდეგოდ ამერიკელთა მიერ შექმნილი „ალ-ქაიდა“ უკვე რახანია შიშის ზარს სცემს მთელს მსოფლიოს, ხოლო „ფერადი“ რევოლუციების შედეგი – მძიმედ აისახება იმათზე, ვინც „უმასპინძლა“ ამერიკულ გარდაქმნებს „უსისხლო“ რევოლუციების სახით.

და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაკარგა ორპოლუსიანი მმართველობა – საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. მარტოდ დარჩენილმა აშშ-ა, საბჭოეთის საბოლოო განადგურებისთვის, ზემომოყვანილ ხერხებს მიმართეს – ტერორიზმი, „ფერადი“ რევოლუციები. ერთი-მეორის შერწყმა და ამათუიმ არასასურველი მმართველობის წინააღმდეგ ამოქმედება.

მარტოდ დარჩენილმა სუპერ-ქვეყანამ საკუთარი „სუპერობის“ განსამტკიცებლად, აქტიურად დაიწყო საბჭოეთისგან გათავისუფლებული ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, იქ საკუთარი იდეების გამტარებელი ხელისუფლებების, პოლიტიკური ელიტების, არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბება. მას ამ „საშურ“ საქმეში მხარში ედგა თანამგზავრი ევროკავშირი, ნატო, ევროპული საზოგადოება – ლიბერალურად მოაზროვნე, განსხვავებული იდეების მატარებელი.

ახალი შემართებით დაიწყო განსხვავებული იდეებისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა. მედიისა და ხელისუფალთა დახმარებით წინა პლანზე წამოიწია არაბული სამყაროსა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ერთ დროს მიუღებელი თემების რაობამ, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა დაქორწინება, ორი „მამის“ ან „დედის“ მიერ ბავშვის აყვანა, „გეი-პარადების“ მოწყობა და სხვა.

ამას წინათ ტელეკომპანია BBC-ზე ერთი ინგლისელი არაბი ამბობდა, რომ ინგლისში დაბადებული და გაზრდილი მაჰმადიანი ბავშვებისთვისაც კი ის ცხოვრების წესი, რასაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან – მიუღებელია, რაც თავისთავად იწვევს პროტესტს, რომელიც გადაიზარდა ტერორიზმში. ახალგაზრდა, რომელიც მისთვის მიუღებელ ყოველდღიურობასთან ერთად ინტერნეტით ეცნობა სირია-ერაყში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, უმალ ექცევა გავლენის ქვეშ და საკუთარ სიცოცხლესაც არ ზოგავს, ექსტრემისტული იდეების განხორციელებისთვის.

ტერორიზმი აწუხებს მსოფლიოს, ამასთანავე აწუხებს მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, ძალიან მდიდრებს, მდიდრებს და ღარიბებს შორის შექმნილი ზღვარი ანუ მათ შორის შექმნილი უფსკრული, რომელიც დღითიდღე ფართოვდება. დამშეული მსოფლიოს ფონზე კატასტროფულად გამდიდრებულ მილიარდერთა რაოდენობის კატასტროფული მატება, კატასტროფულ სიძულვილს იწვევს პროცენტულად დიდი რაოდენობის ღარიბთა შორის.

25 წლის წინ საბჭოთა კავშირში მყოფი რესპუბლიკები ზედაპირულად აღიქვამდნენ დასავლურ ცხოვრებას. მათთვის ქალაქების მხოლოდ ის უბნები იყო საშური, სადაც მდიდრები ცხოვრობდნენ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ პირობებზე, რომლებშიც ერთი მუჭა მდიდრების მომსახურე ხალხი ცხოვრობდა. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ტელეეკრანზე ამ ხალხის გამუდმებულ დემონსტრაციებს უყურებდნენ. ბევრი მათგანი იმასაც ფიქრობდა – რა უმადურები არიან ასეთი მაძღარი ცხოვრების ფონზე მიტინგებს და დემონსტრაციებს აწყობენო.

25 წლის წინანდელ საზოგადოებაში, გარანტირებული ცხოვრების პირობების გამო, უცხო იყო სოციალურ საკითხებზე დემონსტრაციების მოწყობა. სამწუხაროდ, მიუხედავად იქაური ცხოვრების აქ გადმოტანის შემდეგაც, სოციალურ თემებზე ქუჩაში გამოსვლას ხალხი ვერ შეეგუა. არადა, სწორედ დასავლეთის მეცადინებით, ისეთ დასავლურ ცხოვრებას ვეზიარეთ, უარესს რომ ვერ ინატრებდა კაცი.

პოსტსაბჭოთა სივრცეში შემოჭრილმა დასავლურმა ძალამ არა მარტო სოციალური ვითარება, ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა, არამედ ძირფესვიანად შეუტია აზროვნებას. ამ მხრივ არც ერთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ადგილი არ ჰქონია ისეთ სწრაფ და იოლ „გარდაქნებს“, როგორსაც საქართველოში.

25 წლის განმავლობაში, დასავლეთის ძალისხმევით, საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავდა – დასავლეთის ნებისმიერი დავალების შემსრულებლის სახელი რომ დაამშვენებს. საქართველომ უმალ შეითვისა დასავლური იდეოლოგია. ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა უკრაინა და მოლდოვა. სწორედ ამ სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე გაკეთდა ამერიკულ-ევროპული აქცენტი, ცხადია სხვებზეც, მაგრამ იმ „სხვების“ სიმტკიცემ არ მისცა დასავლეთს განადგურების საშუალება.

25 წლის განმავლობაში მიწასთან გასწორდა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მეცნიერება, განათლების სისტება, კულტურა, ხელოვნება, ყოველივე ის, რითაც თავი მოჰქონდა ერს და გამორჩეულად მიიჩნეოდა არა მარტო საბჭოთა სივრცეში, არამედ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, მსოფლოში.

ძველი კადრების მასობრივმა გაყრამ სამსახურებიდან, ტრადიციული მეურნეობების გაჩერებამ, უმუშევრობამ აიძულა მოსახლეობა უცხოეთისკენ მიმავალ გზას დადგომოდა, რამაც მომაკვდინებლად იმოქმედა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ თავისი ნეგატიური კორექტივები შეიტანა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში – გადააქცია ის ლუკმაპურისთვის მებრძოლად.

რა მიიღო ქვეყანამ 25 წლის დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში?

ყოველივე რაც უკვე აღვნიშნე, თან გადაგვარებული აზროვნება. საზოგადოება შეაჩვიეს ტელეეკრანზე პედერასტთა მანჭვა-გრეხვას, ჟურნალისტთა უმეცარ ყბედობას, დასავლეთისადმი დაუფიქრებელ მორჩილებას და გამუდმებით იმის ლაპარაკს, რა დემოკრატები ვართ – პირველები რეგიონში, რეიტინგებით გაცილებით უკეთესნი, ვიდრე მეზობლები, მათ შორის რუსეთზეც.

განვლილი 25 წლის განმავლობაში რა დავკარგეთ?

თითქმის ყველაფერი, რითაც თავი მოგვქონდა საბჭოთა კავშირის დროს. დავკარგეთ ტერიტორიები.

რა მივიღეთ?

გაუნათლებელი ახალგაზრდობა, საზოგადოება – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. საზოგადოება უმადური, განვლილი ისტორიის იმ სიკეთის, რომელიც მას ჰქონდა და რომლის შედეგადაც ერმა იმრავლა ხუთმილიონნახევრამდე.

გაეროს დღევანდელი მონაცემებით საქართველო 20 წლის შემდეგ მომაკვდავ ერებში ჩაეწერება. არ გეგონოთ ეს პრობლემები მარტო ჩვენთვის არის დამახასიათებელი, ასეა მოლდოვაში, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ამჯერად ევროკავშირის წევრებში, ევროკავშირის სხვა წევრებში, მაგალითად ბულგარეთსა და რუმინეთში.

კიდევ რა მიიღო საქართველომ ამ 25 წლის განმავლობაში?

მილიონერთა კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობა, მილიარდერ ივანიშვილის მეთაურობით. ამ თვალსაზრისით საქართველო უკრაინას ვერ შეეცილება. ის ქვეყანა დიდია და საძარცვავიც ბევრი აქვს საბჭოეთიდან შემორჩენილი. იქაური პრეზიდენტიდან დაწყებული, რადას რიგითი წევრით დამთავრებული. მილიარდერთა რაოდენობას რა გამოლევს?! ერთ დროს, ეკონომიკის თვალსაზრისით, თუნდაც ევროპული პარამეტრებით, მოწინავე უკრაინა, დღეს დაჩაჩანაკებული, თანაც ქურდული სამყაროა.

საქართველო არ ჩამორჩება მას. აქაც უხვად არიან პარლამენტში მილიონერები. ამ სამივე ქვეყნის „გადემოკრატიებისთვის“ მილიარდობით ამერიკული დოლარი დაიხარჯა. შედეგად, დაინგრა ერთ დროს მოწინავე საბჭოთა რესპუბლიკები – ყველა პარამეტრით, მაგრამ, რაც მთავარია დასავლეთისთვის, სამივე გადაიქცა ანტირუსული პროპაგანდის ბაზად.

25 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას სულ მუდამ იმის იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ი, ევროკავშირი ძალას არ დაიშურებდნენ საქართველოში მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის შექმნისთვის, ინვესტიციების განხორციელებისთვის, საამური ცხოვრების მიღწევისთვის.

უტოპიური მოლოდინი, იმედი, ქარმა წაიღო, რაც შემოგვრჩა ისაა – გაუმართავი, სხვაზე დამოკიდებული ქვეყანა რომ ჰქვია. მაგრამ  გულის დასამშვიდებლად ჩვენ არ ვართ მარტონი – გვერდს „გვიმშვენებენ“ უკრაინა და მოლდოვა.

მოლდოვისა რა მოგახსენოთ, მან გამოფხიზლება დაიწყო და ახალი პრეზიდენტის ინიციატივით პოლიტიკური ვექტორის შეცვლით არის დაკავებული. რაც შეეხება უკრაინას – ისევ ძველ გზას ადგას – ანტირუსული პოლიტიკით გაჯერებულს, ქვეყნისთვის დამღუპველს.

ქართველთა წარმოდგენაში აშშ-ი იყო დემოკრატიისთვის მებრძოლი, ადამიანის უფლებების დამცველი, სიმართლისა და ჰუმანურობის მებაირახტრე ქვეყანა, რომელიც თვალს არ დახუჭავდა თუნდაც პატარა გადაცდომაზე, უმალ შენიშნავდა მას და მამაშვილურად დაგვარიგებდა როგორ მოვქცეულიყავით. დარიგებით კი დაგვარიგა, მაგრამ საწინააღმდეგო მიმართულებით. მან შეგნებულად დახუჭა თვალი სახელმწიფო კორუფციაზე, ყველა მიუღებელ გადაცდომაზე, რამაც დაასუსტა ქვეყანა. ანალოგიურად მოიქცა ის მოლდოვასთან მიმართებაში.

ქვემურე მაგალითიდან კარგად ჩანს მოლდოვა-საქართველოს სიახლოვე. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დასავლეთში, თითქოს ეხლა შეამჩნიეს, რომ მოლდოვა ოლიგარქ პლახოტნიუკის მიერ არის დაპყრობილი. ამ პიროვნების არსებობა არის დემოკრატიის, თავისუფლებისა და სხვა ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა. ხელში ჩაიგდო რა მოლდოვა – ოლიგარქი იატაკქვეშეთიდან მართავს სახელმწიფოს. მას აქვს ფართო, ფარული გავლენა ხუთიდან, ოთხ ტელეარხზე.

2015 წლის ბოლოდან მოლდოვა გადაიქცა პლახოტნიუკის საკუთარ ბაღ-ბოსტნად. თავისი ხალხით ის აკონტროლებს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, სასამართლოს, მედიას, პროკურატურას. მისი მთავარი გზავნილი დასავლეთისთვის არის ის, რომ მხოლოდ მას შეუძლია შეაჩეროს მოლდოვა რუსეთთან დაახლოებას.

მან კავშირი დაამყარა აშშ-ი მომუშავე ლობისტებთან „Podesta Group“-ან, რომელსაც ყოველწლიურად 600000 დოლარს უხდის. ეს ორგანიზაცია ეხმარება მას ამერიკელ კონგრესმენებთან, პოლიტიკოსებთან შეხვედრების ორგანიზებაში. ორივეს მიზანია შეიზღუდოს რუსეთის გავლენა ევროპასა და აზიაში.“ – წერს  კარნეგის ევროპული ცენტრი.

იქ პლახოტნიუკი და მისი განუსაზღვრელი ძალაუფლება, ცხადია ამერიკელებთან შეთანხმებული, აქ ივანიშვილი და მისი გავლენა საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, მედიაზე, ინტელიგენციაზე, …

ამერიკელთა ხელწერა ერთნაირია უკრაინა-მოლდოვა-საქართველოში – გამაჩანაგებული, დამღუპველი. ეს, სწორედ ის არის, რაც 25 წლის განმავლობაში მივიღეთ დასავლეთთან ჩახუტებით. იქნებ, დადგა დრო გამოფხიზლების?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.