30.12.2024

„ნიჭიერება“ გვღუპავს?

სულ ახლახანს, რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე განიხილეს სამხრეთ ოსეთის მიერ რეფერენდუმის გადატანის საკითხი მიმდინარე წლიდან, მომავალ წელს. შეიქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის ყველა საკითხს განიხილავს. საბჭო არაერთ თვეს, შესაძლოა წელსაც მოანდომებს საკითხის შესწავლა-რეალიზაციას, მაგრამ ის, რომ სამხრეთ ოსეთელი მოსახლეობის სურვილს, თვითგამორკვევის თაობაზე, ოდესმე ფრთები შეესხმება, უდავოა და უდავოა უპირველესად იმიტომ, რომ ტერიტორიის ნამდვილ პატრონს, რომელსაც ტკივილი უნდა ახრჩობდეს საკუთარი ორგანიზმიდან, ანესთეზიის გარეშე, მნიშვნელოვანი ნაწილის მოკვეთის გამო, ხმას არ იღებს და ისეა გატრუნული, თითქოს მის თავს კი არა, კონგოს ან მადაგასკარის თავს ხდებოდეს ყოველივე.

ისე ნუ გამიგებთ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ან საზოგადოებას სულაც არ აქვს რეაქცია. აქვს, მაგრამ ფორმალურობის დონეზე – რაღაც რეაგირება უნდა მოახდინოს და ახდენს. ამ დარგში, განსაკუთრებით, ქვეყნის საგარეო უწყება გვახსენებს თავს – ტრაფარეტული წინადადებებით, ტექსტის უშინაარსობით და რაც მთავარია საქართველოს მეგობარი დასავლელი ქვეყნების მოხსენიებით, რომლებთაც წერილობით ამცნობენ ხოლმე მსგავს ამბავს.

საზოგადოებაც ისეთივე ინდიფერენტულია, როგორც ხელისუფლება. რაც შეეხება მედიას – უზომოდ აგრესიული – ჭიქაში ქარიშხალი. ყველა ისინი აქ ანუ შინ აქტიურობენ და არა იქ, სადაც საჭიროა. აქ ანთებენ ცეცხლს, მჯიღს აქ იბრაგუნებენ გულზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთმანეთს ვუმტკიცებთ ქვეყნის სიყვარულს, ნაცვლად იმისა – სხვას დავუმტკიცოთ.

ასეთ თამაშს – საკუთარ მინდორზე თამაში ჰქვია, ცხადია მეტოქის გარეშე. ასეთ თამაშს სანგრებიდან საბრძოლო მოქმედების წარმოება ჰქვია – მოღუნული თოფით.

სამწუხაროდ, ამ პოზიციაში ვართ 25 წლის განმავლობაში, თან სულ იმის ლოდინში, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს. ეს სხვაც ამოვირჩიეთ, მას ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია, უფრო ზუსტად აშშ და ევროკავშირი.

ამორჩევით კი ამოვირჩიეთ, მაგრამ რამდენად სწორად – ვერვინ პასუხობს, უფრო სწორად პასუხობს ის, ვინც ამ გზას ერთადერთად და ჭეშმარიტად მიიჩნევს – მიზეზთა გამო. მიზეზი კი მარტივია – ფულით გადასავლეთება. ამ გზამ რაც გვარგუნა, ყველამ საკუთარ თავზე ვიწვნით, გარდა ზოგიერთებისა, ვისთვისაც ქვეყანა, სამშობლო, მხოლოდ საკუთარი კუჭის შემდეგ მოდის.

„საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს აშშ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტი და მხარდამჭერი. ძნელბედობის ჟამს სწორედ ამერიკამ გაუწია ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური დახმარება“, – ასე გვმოძღვრავს ჩვენი „იატაკქვეშელი“ ხელმძღვანელი ივანიშვილი, თავის ამასწინანდელ წერილში, რითაც არათუ განვლილ „ოცნებურ“ ოთხ წელიწადს გვიფასებს, სამომავლო მიმართულებასაც გვისახავს – ვისთან უნდა ვიყოთ, საით უნდა ვიაროთ.

ქართულ პოლიტიკას (მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გამო) სურს ევროატლანტიკური სივრცე, ნატო, ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, გვიშვებენ თუ არა იქ. რაც უფრო დამაჯერებლად გვეუბნებიან უარს, მით უფრო ჯიქურ ვაწვებით მას. არადა კურსი, რომლითაც მივდივართ, უდავოდ სარისკოა, ნაკლებად სასიკეთო და რაც მთავარია, ხიფათის შემცვლელი.

პრობლემები, რომლებიც საქართველოს აქვს, სხვაგვარ გადაწყვეტას საჭიროებს, თან იმათ ჩართვას, ვინც იცის მათ შესახებ. ასეთებად მხოლოდ ყოფილი საბჭოთა სივრცე, ჩვენი მეზობლები და რუსეთია. მხოლოდ მათ შეუძლიათ სიღრმისეულად ჩვენი გულისტკივილის გაგება და არა იმას (ამ შემთხვევაში ევროატლანტიკურ სივრცეს), რომელმაც არც ჩვენი თავსატკივარი იცის, არც ჩვენი და ყოფილი საბჭოეთის მენტალიტეტი და არც მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მან ახლა უნდა ისწავლოს ყოველივე. მაგრამ შეძლებს ამას – უამრავი საკუთარი პრობლემებით დახუნძლული?

აშშ-ს მიდგომა ჩვენისთანა ქვეყნებთან მიმართებაში სულაც არ გამოიხატება ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებაში. ანდა, როგორ უნდა მოახერხოს ეს პირველმა ქვეყანამ, როდესაც მსოფლიოში 200-ზე მეტი სახელმწიფოა? რასაც ის ახერხებს – საერთო პროექტია აზიისთვის, აფრიკისთვის, მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის. მარტო აფრიკის კონტინენტზე 50 სახელმწიფოა. ის, რაც გამოსადეგია სიერა-ლეონესთვის, გამოუსადეგარია საქართველოსთვის, მაგრამ გიგდებს ვინმე ყურს?!

არც ის და არც მისი მოციქულები – ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი ყურსაც არ იბერტყავენ. არადა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრება თავისი დინებით მიდის. მას თავისი კანონები აქვს, თავისი მენტალიტეტი, რომელსაც ჩვენ ძალით დაგვაშორეს. საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები იქ წყდება და არა ევროატლანტიკურ სივრცეში. აფხაზეთ-ოსეთის საკითხიც იქაა და არა ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

სამწუხაროდ, ჩვენ ისე დავივიწყეთ ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზა, თითქოს არ არსებობდეს. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება იქაურ პოლიტიკურ, სამეცნიერო, კულტურულ, ეკონომიკურ სფეროებში. და რახან არ ვიცით – პასუხსაც ვერ ვცემთ ამ წრეებში საქართველოსთან მიმართებაში წამოჭრილ ტყუილ-მართალს.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე ასეთ დიალოგს შევესწარი – რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა მეცნიერებმა რუსეთში გამომავალი ენციკლოპედიის შემუშავებაში (საქართველოს კუთხით). პასუხი ასეთი იყო – მიგვიპატიჟეს, ვიყავით, მაგრამ როცა განმეორებით დაგვჭირდა წასვლა (პეტერბურგში), სამივლინებო თანხები ვერ გამოინახაო. და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება-ოპოზიცია დაოთხილი ურბენდა ამერიკა-ევროპას.

ენციკლოპედიის ის ტომი გამოიცა, თან არა ისე, ჩვენ რომ გაგვეხარდებოდა. გამოიცა სქელტანიანი წიგნი ოსეთის შესახებ, სადაც გაყალბებულია ისტორია, ცხადია ოსთა სასარგებლოდ. გასცა ვინმემ პასუხი?

გასცა, დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ – ადგილობრივ პრესაში, მაგრამ რუსულში? – არც არავინ.

გასცა ვინმემ პასუხი რუსეთში ან ევროპის ქვეყნებში გამოქვეყნებულ სომხურ მასალებს, რომლებშიც საქართველო ლამის სომხეთად არის ქცეული? არც არავინ! ვინაიდან ჩვენ სალ კლდესავით მტკიცე, მაგარი ხალხი ვართ და მათ თავს ხომ არ გავუყადრებთ?!

არ ვუყადრებთ და ანტიქართულმა სტატიებმა, ბროშურებმა თუ წიგნებმა დაიმკვიდრეს ადგილი იქ, სადაც საჭიროა. დადგება დრო და მათ ნამდვილ, აუთენტურ დოკუმენტად მოიხსენიებენ. გაიხსენებენ იმ ტელე-შოუსაც, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ – ასევე უპასუხოდ დატოვებულს.

რომ იტყვიან დუმილი, თანხმობის ნიშანია. პასუხის გაცემას სხვა რამ სჭირდება, უპირველესად იქაური მენტალიტეტის გაგება, ალღოს აღება, საქმის ცოდნა, რისთვისაც იმ სივრცეში ტრიალია საჭირო. ჩვენ – სხვა სივრცეში ვტრიალებთ და „იმით“ ვემუქრებით „ამას“. თუ რა შედეგს ვღებულობთ – ცნობილია.

ივანიშვილი გვეუბნება, რომ „ძნელბედობის ჟამს ამერიკამ ხელი გამოგვიწოდაო“. კეთილი, მაგრამ რამ გამოიწვია ძნელბედობა? იქნებ სწორედ ამერიკასთან ჩახუტებამ და ამერიკული რჩევებით რუსეთთან ომის გაჩაღებამ? ცხინვალის ომი რომ რუსეთთან ომი იყო, ბავშვმაც კი იცის.

ისრაელელი მწერლის, ექსპერტისა და პუბლიცისტის ლევ გუნინის ნაშრომში გამოკვეთილია აშშ-ს ადმინისტრაციის როლი ცხინვალის ომის წაქეზებაში. არც ერთი ხელისუფალი არ გადადგამდა ისეთ მომაკვდინებელ ნაბიჯს, რაც სააკაშვილმა გადადგა 2008 წელს, რომ არა ამერიკის მხარდაჭერა. ვერც ერთი ფინანსური დახმარება ვერ აანაზღაურებს იმ დანაკარგს, ტერიტორიების დაკარგვის თვალსაზრისით, რაც ცხინვალის ომის შედეგად ვიწვნიეთ.

სამწუხაროდ, ვერც მარცხის შემდეგ გამოვნახეთ ძალები ჩვენს თავში, რუსეთთან დალაპარაკებისთვის. შორიდან, ულტიმატუმის ენით ველაპარაკებით მას – მაშინ დაველაპარაკებით, როდესაც უარს იტყვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზეო. ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ ამ ულტიმატუმზე რუსეთი დაგვთანხმდება?

ქართულმა პოლიტიკამ იცის, რომ რუსეთი ამის გამკეთებელი არ არის, მაგრამ მან ისიც იცის, რომ არც თვით არის მოლაპარაკებისთვის მზად. მზაობა კი თავისთავად ნიშნავს საკუთარი ისტორიის, კავკასიის ისტორიის, საერთაშორისო ცხოვრების, დიპლომატიური ტერმინოლოგიის და სხვათა ცოდნას, რაც ქართული პოლიტიკისთვის უცხოა.

და კვლავ ივანიშვილი: „ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზასაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი, რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ“.

ამ სტრიქონების ავტორს (დარწმუნებული ვარ წერილი სხვამ დაწერა, ივანიშვილმა კი ხელმოწერით დაადასტურა, რომ იზიარებს) მოჭარბებული „პატრიოტიზმიდან“ გამომდინარე ძველიც და ახალი ისტორიაც დავიწყებული აქვს. ერს, რომელსაც მარტო ე.წ. დამოუკიდებლობის ჟამს არაერთი კონფლიქტური ვითარება აქვს შექმნილი საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარი ხალხის მიმართ, ქვეყანას „მშვიდობიანი თანაარსებობის“ სავანედ ვერ გადააქცევს.

ქვეყნის სხვადასხვა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, ხალხმა ვერაფრით გამონახა საერთო ენა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან, მუდამ ეჭიდავებოდა ასლან აბაშიძის აჭარას და ბოლოს „სახალხო ლაშქრით“ აიღო ის. იქნებ ვინმეს დაავიწყდა სამეგრელოს „დალაშქვრა“ ან ეროვნული ხელისუფლების ჟამს წამოჭრილი კონფლიქტი აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიებზე?

ტოლერანტობის თემა ქართულ პოლიტიკაში არახალია და არა მარტო პოლიტიკაში – მთლიანად ხალხში. მაგალითებიც მოგვყავს – ძველი თბილისის პატარა ტერიტორიაზე, მართლმადიდებლური ეკლესიის, მეჩეთის, სინაგოგის, სომხური გრიგორიანული ეკლესიის სახით, მაგრამ იმჟამად ხომ სულ სხვა ვითარება იყო საქართველოში?

რაღა შორს წავიდეთ, გასული საუკუნის ოციან წლებამდე საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რომ სხვა ერების წარმომადგენლები შეადგენდნენ უცნობი ფაქტია? სწორედ ამით იყო განპირობებული დედაქალაქის არაერთი სომეხი ეროვნების მერის არსებობა. იქნებ სიტყვა „ტოლერანტობა“ თბილისელ სომხებს უფრო მიესადაგება, ვიდრე მცირერიცხოვან ქართულ მოსახლეობას?

თემა მტკივნეულია და უდავოდ გამოიწვევს ჩემს კროტიკას, მაგრამ რა გაეწყობა, ფაქტია და გვერდს ვერ აუვლით. განა ნაკლები ტოლერანტები არიან გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, …, სადაც იმდენი მეჩეთია, თავი ახლო აღმოსავლეთში გეგონებათ.

იქნებ დროა თავი შევიკავოთ ყბადაღებულ ტოლერანტობაზე ლაპარაკისგან – ძველი თბილისის გახსენებით? იქნებ სჯობს ამ მართლაცდა შესანიშნავ ნაკრძალს სხვა თვალით შევხედოთ და გავათავისუფლოთ ის შეუფერებელი ნაგებობებისგან, ისეთები როგორებიცაა ხიდი, ორი მეტალის მილი და ის, რაც თავზე დააწვება მას „პანორამა თბილისის“ სახით?

უხერხულია მუდამ იმაზე ლაპარაკი, რომ ნიჭიერი ხალხი ვართ. იქნებ სხვამ ილაპარაკოს ჩვენს ნიჭზე და არა ჩვენ – თავის ქებით? ნიჭიერმა ხალხმა, როგორღა მოვახერხეთ 25 წლის წინანდელი 69000 კვადრატული კილომეტრის 50000-მდე დაყვანა, ისტორიულის კი – თითქმის 200000-დან 70000-მდე? მართლაც „ნიჭი“ უნდა საკუთარი ტერიტორიის განიავებას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში არც ერთი ევროკავშირელი თავს უფლებას არ მისცემს საკუთარი თავი „ნიჭიერად“ შეკაზმოს. ნიჭიერების არბიტრი ამ შემთხვევაში ქვეყანაა, მისი წინსვლა-განვითარება და არა სხვა რამ.

ნიჭიერება, მითუმეტეს ერის, ფართო მცნებაა, ის ორიენტაციის არჩევასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ მხრივაც არაფერი გვაქვს დასაკვეხნი, რამეთუ თავს შეგნებულად თუ შეუგნებლად ვაშორებთ სივრცეს, სადაც ჩვენი ბედი წყდება და მივექანებით სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით – მხოლოდ ერთეულების და არა ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.