სტალინი – ურჩხულის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი

ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის

მაინც რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ლანძღავენ, მაგრამ გალანძღული, დღითიდღე იპოვებს მის მიმართ სიმპათიით განსმსჭვალულთა ხმებს?

მსოფლიო ისტორიაში 1953 წლის შემდეგ უამრავ მოვლენას ჰქონდა ადგილი, მათ შორის „ცივ ომს”, საბჭოთა კავშირის დაშლას, ახალი „ცივი ომის“ დაწყებას, სხვა მრავალს და ამ მოვლენებში მუდამ იგრძნობოდა ისტორიული ფენომენის გავლენა – პიროვნების, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაზე. ამ პიროვნებას სტალინი ჰქვია.

როგორ არ მოიხსენიებენ მას, უმეტესად ცუდად, მტარვალად, დიქტატორად, ჯალათად და მასთან ერთად ადამიანად, რომელმაც მსოფლიოში მანამდე არნახული, უკიდეგანო იმპერია შექმნა – მისი სამართავი მექანიზმი და სისტემა, დღესაც რომ ხელსაყრელ პირობებს უქმნის შთამომავლებს – საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ხელისუფალთ.

1953 წლის 5 მარტს დაასრულა სტალინმა საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელობა – ფიზიკურად, მაგრამ სულიერად დღესაც აგრძელებს, რამეთუ მართვისთვის გამოგონილი მექანიზმი მტკიცე და შეუვალია, ვითარცა ფოლადი. გასულ 5 მარტს რუსმა კომუნისტებმა პატივი მიაგეს ბელადის გარდაცვალებას – გვირგვინებით შეამკეს რა მისი ძეგლი და სამარადისო სასუფეველი კრემლის კედელთან.

ამ დღეს დაამთხვიეს რუსულმა ტელეარხებმა დოკუმენტური ვიდეო-ფილმები, თოქ-შოუები, სხვადასხვა სახის გადაცემები, რომლებშიც თავიდან ბოლომდე ჟღერდა სიტყვა „სტალინი“ – უმეტესად ნეგატიურ კონტექსტში – კიდევ ერთხელ დასაგმობად, ხალხის გონებაში იმის ჩასაბეჭდად, რომ ადამიანს, ვისაც ზოგიერთები ეთაყვანებიან – ბოროტი და ჯალათია.

მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, რაც უფრო მეტად აგინებენ, მით უფრო დადებითად იხსენებენ მას, მით უფრო დამაჯერებლად გაისმის იმათი ხმა, ვინც აცხადებს, რომ სტალინის საწინააღმდეგოდ გამოთქმული მოსაზრებები, ფალსიფიცირებულია, შეთხზულია და სინამდვილეს არ შეეფერება.

 ერთის მხრივ, სტალინის პიროვნების ლანძღვა-გინებაზე იყო აწყობილი რუსეთის ტელეკომპანია „RTR Planeta”-ს თოქ-შოუ, რომელიც ცნობილ ჟურნალისტს, ვლადიმერ სოლოვიოვს მიჰყავდა და მეორის მხრივ, ამ პიროვნების პოზიტიურ კვალზე საბჭოთა ისტორიაში. გადაცემას პაექრობა, უფრო სწორად შერკინება ჰქვია, მასში რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჟირინოვსკი და პოლიტოლოგი სტარიკოვი იღებდნენ მონაწილეობას.

პირველმა, მისთვის ჩვეული პათოსით, მეტადრე დემაგოგიურით, რა არ აკადრა სტალინს, მათ შორის გაუნათლებელი, „საპოჟნიკის“ შვილი, უცოდინარი, მშიშარა და ა.შ. მეორემ, ოსტატურად და რაც მთავარია ისტორიული დოკუმენტების მოშველიებით გააბათილა მოწინააღმდეგის ნათქვამი, ისე , როგორც მისმა სეკუნდანტებმა, ჟირინოვსკის სეკუნდანტების გამოთქმული მოსაზრებები.

2-საათიანმა პაექრობამ დაძაბულად ჩაიარა და მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც დაფიქსირდა კიდევაც სტუდიაში განხორციელებული სატელეფონო ზარების რაოდენობით. გაიმარჯვა სტარიკოვმა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ სისტემურ ძაგებას უკურეაქციაც აქვს, მითუმეტეს ისეთ საკითხში, როგორიც „სტალინია“.

ჟირინოვსკიმ სტალინს აგინა, მაგრამ იმავე პარტიიდან სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დიმიტრი ნოსოვმა, გამომცემლობა „Sports“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა – „სტალინი მე-20-ე საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსია“. და დაუმატა: „როდესაც იყო სტალინი, „წითელმა“ ტერორმა, ლენინის და ტროცკისთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო. სტალინმა კავის ქვეყანა ჩაიბარა და ეროვნული პროდუქტის მატებაში (მსოფლიო მასშტაბით) 10%-ს მიაღწია. ომის დროს ეს მაჩვენებლი რეკორდული იყო – 20%. დღეს, ომი არ არის, მაგრამ მაჩვენებელი მინუს 1%-ია. სტალინმა დააარსა ნავთობის მრეწველობა. მე ვუყურებ მას როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს, რომელმაც ბევრი გააკეთა რუსეთისთვის“.

გარდა ამისა ნოსოვმა აღნიშნა, რომ სოლჟენიცინის შემოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს რეპრესიების ამსახველ ნამდვილ დოკუმენტად, ვინაიდან ის იყო „დაფინანსებული“. „სოლჟენიცინის ჩანაწერები – დაფინანსებული ისტორიაა, რის შესახებაც ყველამ იცის“. პარლამენტარმა თქვა, რომ სტალინი არ იყო ანტისემიტიზმის მომხრე. სტალინმა შექმნა ისრაელის სახელმწიფო – ამას გეტყვით ნებისმიერი ებრაელი. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ სტალინი ებრაელთა წინააღმდეგი იყო, ეს ბოდვაა“.

ნოსოვი არც მეცნიერია და არც მკვლევარი, ის ჭიდაობა ძიუდოს და სამბოს სპორტის დამსახურებული ოსტატია, ათენის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. ის, 2011 წლიდან არის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, თანაც იმ პარტიიდან, რომლის ლიდერი ჟირინოვსკია. ერთ პარტიაში, როდესაც ლიდერს და პარტიის წევრს შორის აზრთა სხვადასხვაობაა ისეთ საკითხში, როგორიც სტალინია, ნიშნავს თუ არა იმას, რამდენად პოლარიზებულია რუსული საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით?

კამათი და დაპირისპირება გრძელდება, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ მინდვრებზე და მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან თვით თემა ითხოვს ამას, მისდამი ინტერესი, მის მიერ შექმნილი მაგალითების სიღრმე და ამ მაგალითების საწინააღმდეგო მოსაზრებები.

სტალინის გარდაცვალების დღემდე 2 დღით ადრე, რუსეთმა საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის დაბადების 85-ე იუბილე აღნიშნა – პიროვნების, ქვეყნის ხელმძღვანელის, რომელმაც წერტილი დაუსვა მსოფლიოს უდიდესი იმპერიის არსებობას და მასთან ერთად ყოველივე იმას, რასაც საბჭოთა ადამიანის მიერ იყო შექმნილი.

აი, რას წერს ექსპერტი იური ბარანჩიკი საინფორმაციო სააგენტო „Rregnum”-ში: „ხალხმა დაკარგა სამსახური, ხელფასი, სტაბილური ცხოვრების სტილი. რამდენმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით? რამდენმა ქალმა გაიკეთა იძულებითი აბორტი? რამდენი გალოთდა? რამდენი უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან? რამდენი წავიდა ქვეყნიდან? შეგახსენებთ, მარტო სანკტ-პეტერბურგში 1991-2001 წლების განმავლობაში მარტო ბანდიტური გარჩევების დროს 15000 – 18-დან 60 წლის ასაკამდე მამაკაცი დაიღუპა, იმდენი, რამდენიც ავღანეთის ომში და ეს მარტო ერთ ქალაქში“.

სტატიის ავტორის აზრით, ჩინეთსა და აშშ-ი მთელი ინსტიტუტები მუშაობენ საბჭოთა კავშირის პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების შესწავლისთვის. რუსეთში მსგავსს ადგილი არ აქვს. გორბაჩოვმა დაანგრია ქვეყანა და ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი სასამართლოს შეფასება, რათა ყველამ გაიგოს, რომ ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული ბაჰამის კუნძულების ან კალიფორნიის „პლაჟებზე“ კი არ უნდა მთავრდებოდეს, არამედ სამშობლოს სასამართლოში.

სამართლიანი მოთხოვნაა, მიუხედავად იმისა, რომ გორბაჩოვის ფენომენი თვალშისაცემია – საბჭოთა იმპერიის დაშლა. რუსი ლიბერალები, რომლებიც ამაზე ოცნებობდნენ, მუდამ დადებითად მოიხსენიებენ გორბაჩოვს, მაგრამ რუსეთში სხვებიც არიან – სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები.

რას ნიშნავს ყოფილი პირველი პირის დასჯა დაშვებული შეცდომის გამო, რომელიც ქვეყნის ღალატის ტოლფასია? – უდავოდ – პასუხისმგებლობის გაზრდას – პოლიტიკოსებს შორის. როდესაც სჯიან პირველს, სჯიან, სხვებსაც, იერარქიულ საფეხურზე ქვემოთ მყოფსაც, საერთო ჯამში, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩაიდინა დანაშაული.

სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველო ცუდი მაგალითია. ეს, ის ქვეყანაა, სადაც როგორც „პირველმა“, ისე სხვამ დანაშაულებათა კასკადი შეიძლება ჩაიდინოს და განცხეომით გააგრძელოს ცხოვრება. მაგალითების მოსაყვანად შორს წასვლა არ გვჭირდება. განა ერთი სააკაშვილი საკმარისი არ არის?!

სააკაშვილმა უღალატა საქართველოს, ომი გააჩაღა მის წინააღმდეგ, რითაც ისედაც პატარა ქვეყნის 20% დაკარგა. სხვას, რომ თავი დავანებოთ, მარტო ეს არის საკმარისი სამუდამო პატიმრობისთვის. ნაცვლად ამისა, ავირჩიეთ ე.წ. კოჰაბიტაციური გზა – მტერთან, დამნაშავესთან ჩახუტებისა, რითაც საშუალება მივეცით დამნაშავე პარტიას პოლიტიკურ შეტევაზე გადმოსვლის.

„ოცნებური“ მმართველობის 3 წლის თავზე ისევ „ნაცებს“ მიჰყავთ პოლიტიკური „კარნავალი“; ისევ „ნაცები“ გვასწავლიან ჭკუას; ისევ „ნაცები“ ჩაგვჩიჩინებენ ვისთან ვიმეგობროთ და ვისთან არა; ისევ „ნაცები“ გვიწყობენ ცოცხალ ჯაჭვს სახელმწიფო კანცელარიიდან, რუსეთის საელჩომდე, მოწოდებით – არა „გაზპრომს“; ისევ გვაჩვენებენ ოდესის გუბერნატორად გამწესებულ, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, მისივე „რუსთავი-2“-ით; ისევ დაპირება რევოლუციისა და შემობრუნებისა. და ყველაფერი ეს – იმიტომ, რომ არ გავასამართლეთ! რას ვერჩოდით უკრაინას?! იმას საკუთარი ბანდიტები არ ეყოფოდა?

საზოგადოებრივი სასამართლო, ციხეს არ ნიშნავს, თუმცა სააკაშვილი ამის ღირსია, ის ისეთი საზოგადოებრივ გაკიცხვას ნიშნავს, ხელს რომ არ ართმევენ, ქუჩაში გვერდს ზიზღით რომ უვლიან. უკბილოა იმის მტკიცება, რომ ვიღაცამ ნება არ დაგვრთო, ვიღაცა დაგვემუქრა – თუ მას და „ნაცებს“ დასჯით, შეგრისხავთო. გავა დრო და ის ვიღაცა უკმეხოდ იტყვის, მე რა შუაში ვარ, თქვენს საშინაო საქმეებში არ ვერეოდიო.

და მართალიც იქნება, ისე, როგორც ყოველთვის მსგავს შემთხვევაში, რომლებსაც უხვად ჰქონდა ადგილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ თავს ქვეყნად მიიჩნევ, თან პრეტენზიებიც გაგაჩნია, სხვაგვარად უნდა იქცეოდე – სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სადარად. ფრენის მსურველი არ უნდა ხოხავდეს, წინაპრებს პატივით უნდა ექცეოდეს და რაც მთავარია ობიექტურად, ისე, როგორც ბრძენი ჩინელები ეპყრობიან მაო ძედუნს, სხვა ყოფილ პარტიულ ლიდერებს ანდა ისე, როგორც ესპანელები ფრანკოს. ესპანეთის ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანომ წერტილი დაუსვა ფრანკოს ლანძღვა-გინებას, ჩათვალა რა მიუღებლად დემოკრატიის გზაზე შემდგარი ქვეყნისთვის.

სტალინის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული არამარტო საბჭოთა კავშირთან, არამედ მეორე მსოფლიო ომთან. ზოგი რას წერს ამ ომის, განსაკუთრებით მსხვერპლის შესახებ და ზოგი რას. სტალინის გასაშავებლად ომში დაღუპულთა რაოდენობის გაზრდაც დაიწყეს, ჯერ ხრუშჩოვმა, შემდეგ გორბაჩოვმა და ელცინმა, რითაც შეუგნებლად წყალი შეუყენეს (იქნებ შეგნებულად) ქვეყანას, რომელსაც ისინი მართავდნენ.

დასავლეთი, რომელიც დაბეჯითებით ბუქავდა ომში დაღუპულთა რაოდენობას, აღტაცებული შეხვდა საბჭოთა ლიდერების მიერ წარმოთქმულ, ერთობ არასანდო სტატისტიკას. მიზანი – სტალინისა და საბჭოეთის განქიქება, მსოფლიო საზოგადოების თვალში დამცირება.

დღესაც, ზოგიერთი დაუფიქრებლად აცხადებს, რომ ომში 28 მილიონი დაიღუპა. არადა, დემოგრაფების, ისტორიკოსებისა და სტატისტიკოსების გათვლით არა უმეტეს 15 მილიონი ადამიანისა, აქედან 7 მილიონი ბრძოლების დროს, დანარჩენი – ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

71-ე წელია, რაც ომი დასრულდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე და გამაჩანაგებელი. ომმა თავისთავად გააჩინა გმირები, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სტალინს – ფაშიზმის დამმარცხებელს, ლიდერს, რომელმაც კაცობრიობა იხსნა ფაშიზმისგან. მეორე მსოფლიო ომმა წინა პლანზე წამოსწია წითელი არმიის უძლეველობისა და რუსი (საბჭოთა) ხალხის თავგანწირვა, რაც გარკვეულ შურს ბადებს იმათში, ვინც ანტიჰიტლერულ კოალიციაში მოიაზრებოდა.

და გაჩაღდა გაყალბებულ „ფაქტებზე“ დაფუძნებული ომის ისტორიის ამსახველი მასალების მოზღვავება ამერიკა-ევროპაში. მათი მიხედვით, ფაშიზმის დამარცხების საქმეში საბჭოეთის წვლილი იმდენად დაკნინებულია, რომ შემდეგი მოსაზრება უჩნდება თანამედროვეობას – იღებდა კი ამ ომში საბჭოთა კავშირი მონაწილეობას?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი, მასშტაბური ომის არარსებობამ საზოგადოებაში სიმშვიდის შეგრძნება გააჩინა. მილიტარისტული მენტალიტეტი თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ, როგორც ჩანს არასამარადისოდ. ახალი, 21-ე საუკუნის დასაწყისში მოხდა ომის იდეის რევანში. განვლილი 70 წლის განმავლობაში არა მარტო ელიტები, არამედ ხალხის მასები განიკურნენ ომის შიშისგან, არამედ დაიღალნენ მშვიდობისგან და დაიწყეს ომის აუცილებლობის ჩხრეკვა.

ომის თემასთან თამაშში ბევრი სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტა არის შემჩნეული,  რასაც ხელი შეუწყო იმ მსოფლიო წესრიგის დარღვევამ, რომელიც 1945 წელს იყო შექმნილი. ბერლინის კედლის და საბჭოეთის დაშლამ სხვა რეალობა გააჩინა. „პერესტროიკამ“ გამოიწვია დემილიტარიზაცია, „ცივი ომის“ დამთავრება, ევროპის განთავისუფლება კომუნიზმისგან, საბჭოეთის, შემდეგ რუსეთის დასავლეთთან დაახლოება. ერთი სიტყვით, იმ დათმობებზე წასვლა, რისთვისაც თავის დროზე დასავლეთი ტრილიონებით დოლარს ხარჯავდა.

ნაცვლად დასავლელთა შემხვედრი ნაბიჯისა, რუსეთმა მიიღო გაწბილება. ის არ იგუა დასავლეთმა ისე, როგორც გამარჯვებული არ ეგუება დამარცხებულს, რამაც არა მარტო უსამართლობის გრძნობა გააჩინა რუსეთში, არამედ დამცირების. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნისთვის ესოდენ დამამცირებელი დამოკიდებულების შეგრძნებამ, მძიმედ იმოქმედა მასზე. რუსეთს სურდა, რომ დასავლეთი მას, როგორც თანატოლს მოპყრობოდა, მაგრამ საბჭოეთის დაშლამ თავისთავად გააჩინა დასავლელთა აღმატებულების შეგრძნება. რუსეთი, დიდი პოლიტიკიდან განდევნილი იქნა.

დასავლეთმა, მიიღო რა საბჭოეთის ნანატრი დაშლა, გული აიყარა მის მემკვიდრე რუსეთზე, რამაც ასევე თავისთავად გააჩინა დამცირების გადალახვის სურვილი, მილიტარისტული სულისკვეთების აღორძინება, მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიების გახსენება და გამარჯვების რეანიმაცია, რევანშიზმი.

არ იქნებოდა მადამოსული დასავლეთის შეტევა რუსეთის წინააღმდეგ და აღმოსავლეთით, გავლენის სფეროთა გაფართოება და არ იქნებოდა ლოზუნგი „ყირიმი ჩვენია“. ყირიმის აღება სიმბოლური აქტია 1991 წლის გეოპოლიტიკურ დამარცხებაში.

ყირიმი არის სიმბოლო – იდეოლოგიური, სიტყვიერი დოკუმენტი ხელისუფლებასა და ხალხს შორის გაფორმებული, რომლის საფუძვლი არა დემილიტარიზაცია, არამედ მილიტარიზაცია და რევანშიზმია ანუ არა მშვიდობა, არამედ ომი, თანაც სამართლიანი.

სწორედ ამას უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის და სტალინის ხშირი ხსენება. სტალინი დასჭირდათ, მაგრამ გახსენებისას (რუს ლიბერალთა წყალობით) უზომოდ აკნინებენ მის სახელს და ნამოქმედარს. რომ არა სტალინისა და საბჭოეთის შესისხლხორცება, ნაკლებად გაიხსენებდნენ მას. იძულებითი გახსენება ჰქვია ამას და პიროვნების მხრებიდან, ხალხის მხრებზე იმ უდიდესი დამსახურების გადატანა, რასაც პიროვნების დამსახურება ჰქვია.

რა გაეწყობა – იმჟამად საბჭოეთს ცუდი სტალინი ლიდერობდა, რომლის როლი გამარჯვებაში ნულის ტოლია. „გაიმარჯვა საბჭოთა, რუსმა ხალხმა“ – ვისმენთ ამ აბრაკადაბრას ყოველდღიურად, ლიდერის დასაკნინებლად და ხალხის ასამაღლებლად და იმის დასამტკიცებლად, რაც მსოფლიო ისტორიისთვის უცხოა – უმეთაურო ხალხის ომში გამარჯვება. მაგრამ ხალხს კარგი მახსოვრობა აქვს, რაც გამოჩნდა კიდევაც ჟირინოვსკი-სტარიკოვის შერკინებაში.

დესტალინიზაცია და დესოვეტიზაცია დერუსიფიკაციას ნიშნავს, რაც კარგად გაითავისა რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. დესტალინიზაციას დასავლეთი მართავს, ცხადია დერუსიფიკაციასთან ერთად და აღნიშნულის განსახორციელებლად მილიტარისტულ, აღმოსავლურ ნაბიჯებსაც დგამს.

არ იქნებოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და არ იქნებოდა კრემლის გაღიზიანება; არ იქნებოდა უკრაინის ამხედრება რუსეთის წინააღმდეგ და არ იქნებოდა დონბასი და ლუგანსკი, ყირიმის დაბრუნება, მანამდე არ იქნებოდა ცხინვალის ავანტიურა და არ იქნებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია; არ იქნებოდა ანტირუსული დასავლური ავანტიურა და არ იქნებოდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სირიაში.

რუსეთისთვის განიარაღება უკვე აღარ არის უსაფრთხოების სინონიმი. რუსეთისთვის უსაფრთხო მშვიდობა შეიარაღებაზე გადის. გექნება შეიარაღება, გექნება მშვიდობა. პატივს გცემენ მაშინ, როდესაც ძლიერი ხარ ანუ „შიში შეიქმს სიყვარულს“.  სტალინმა კარგად იცოდა ეს და ამიტომაც იღვწოდა ძლიერი არმიისა და შეიარაღებისთვის. ამერიკის ლიდერებმაც იციან ეს და ამიტომაც ყოველწლიურად ზრდიან სამხედრო ხარჯებს.

თანამედროვე „დემოკრატია“ სამხედრო ძალზეა დაფუძნებული და ვიდრე ასეა, სიტყვა „დემოკრატიასაც“ არ ჩამოშორდება ე.წ. ვიდრე ასეა – სტალინი იქნება თითით საჩვენებელი, ხშირად სალანძღავი სახელი, მაგრამ მოჩვენებით სალანძღავი. სინამდვილეში – საამაყო, სამაგალითო, მისაბაძი ფენომენი, ურჩხულის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.