მსოფლიო გადანაწილების ახალი ფაზა

რა ბედნიერებაა, როდესაც ამ უკიდეგანო დედამიწაზე მარტო არ ხარ. დღეიდან, ჩვენ შეგვიძლია წელგამართულმა ვიაროთ და თუ ხმამაღლა არ ვიტყვით – მარტო ჩვენ კი არ ვართ გადაქანებული, უკრაინელებიც არიანო, გულში მაინც ვიტყვით. მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ჩვენს 2008 წლის აგვისტოს მაგალითს ესოდენი სიხარბით ჩაეჭიდებოდა უკრაინა და ზუსტად თუ არა, მიახლოებით ისეთ ნაბიჯს გადადგამდა, შიგნითაც და გარეთაც, ყველას თვალს რომ დაუბრმავებდა.

სიტყვა „მიახლოებით“-ი იმიტომ ვახსენე, რომ უკრაინა, პირდაპირი მნიშვნელობით ჯერ არ შებმია რუსეთს, ვერბალურად – იცოცხლეთ. და თუ შეებმება, არც მას დაადგება კარგი რამ და არც მის წამქეზებელ დასავლელებს. იცის ეს დასავლეთმა და ამიტომაც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს.

მსგავსი რამ მომაკვდინებელი იქნება ყველასთვის, მაგრამ ცდუნებას რომ ადგილი არ ჰქონდეს – დავასწრებ და პირველივე დარტყმით გავანადგურებ რუსეთსო, ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა დიმიტრი კისილიოვმა ვრცელ საკვირაო, საინფორმაციო გადაცემაში „იტოგი“ ყველასთვის, მათ შორის დასავლეთისთვის გასაგებ ენაზე თქვა – დარტყმის შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში ამოქმედდება საგანგაშო სიგნალი და თავდამსხმელის ტერიტორია საპასუხო სარაკეტო დარტყმებით განადგურდება.

ბირთვული იარაღი უდიდესი რამ არის ომის შეჩერების საქმეში. ბირთვულმა იარაღმა განაპირობა დედამიწის მშვიდობა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე. ბირთვული იარაღი აფერხებს დიდ სახელმწიფოებს კარდინალური ნაბიჯების გადადგმაში. არ ყოფილიყო ბირთვული იარაღი და არ იქნებოდა ის ვითარება, რაც დღეს და იქნებოდა გაუთავებელი ომები დიდთა შორის, უდიდესი მსხვერპლითა და ნგრევით.

პატარა ომები არის და იქნება, ხშირად დიდ სახელმწიფოთა მიერ წამოწყებული, მაგრამ სხვა დიდებთან, ბირთვულ იარაღიანებთან, პირდაპირი თუ ირიბი შეთანხმებით. ასეთი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეაში, ვიეტნამში, ერაყში. ასეთი ომია ავღანეთში. ამ ომებში დიდები თითქოს არ მონაწილეობენ (ავღანეთის გამოკლებით). ისინი ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან, მაგრამ მსგავსი დახმარება არ იძლევა საბაბს ერთმანეთთან პირდაპირი დატაკების, რაც სამწუხაროდ არ იცის უკრაინის უკანონო ხელისუფლებამ. რომ ცოდნოდა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, იაცენიუკის პირით, არ თხოვდა ომის გაჩაღებას რუსეთის წინააღმდეგ ან იარაღის მიცემას.

საქართველოს გუშინდელმა ხელისუფლებამ ამ ამბვის გაგების შემდეგ წელგამართულმა უნდა იაროს. ისიც ხომ ამერიკა-ნატოსგან, რუსეთის წინააღმდეგ ომს ითხოვდა?!

ბირთვული იარაღის გარეშე დარჩენილ ქვეყნებს, როგორც ჩანს ნაკლები პასუხისმგებლობა გააჩნიათ მსოფლიო მშვიდობაზე, ამიტომაცაა მათი საქციელი ზედმეტად მჩატე. ცხადია, ამას ყველაზე ვერ ვიტყვით. ყველა, ქართულ-უკრაინული საზომით არ გაიზომება.

მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის არსენალიდან უდიდესი ნაწილი ამერიკა-რუსეთზე მოდის. ორივეს ძალუძს, როგორც ერთმანეთის, ისე მთელი მსოფლიოს რამდენჯერმე დანგრევა. სწორედ ეს არასახარბიელო პერსპექტივა აიძულებს მათ იყვნენ გაცილებით ჭკვიანნი და თავშეკავებულნი, ვიდრე ბირთვული იარაღის არმქონენი.

უკრაინას ჯერ არ გადაუდგამს საბედისწერო ნაბიჯი, ისეთი, როგორც საქართველომ გადადგა 2008 წელს. და თუ ეს მოახერხა, ჩვენ ბედს ხომ ძაღლი არ დაჰყეფს. მაშინ, სულ სარგადაყლაპულივით ვივლით.

რას მიაღწევს უკრაინა ამით – საკუთარი სუვერენიტეტის მიწასთან გასწორებას, ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცებას. რას ვერ მიაღწევს? აშშ-ს და ნატოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას.

მავანი შემედავება, რა შუაშია საქართველო და უკრაინა – ქართველებს ომი არ დაუწყიათ, ისე, როგორც უკრაინელებს, ვითარება არ დაუძაბავთ, ეს ყველაფერი სააკაშვილისა და დღევანდელი უკრაინელი პოლიტიკოსების ბრალიაო. სინამდვილეში ასეცაა.

ომს ხალხი არ იწყებს. ომს ხელისუფლება იწყებს – ხალხის არჩეული. არ აირჩევდა ხალხი 2008 წლის იანვარს სააკაშვილს პრეზიდენტად და არ იქნებოდა აგვისტოს ომი. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ხალხი რომ გონივრულად მოქცეულიყო და ომის შემდეგ, ნაცვლად პარლამენტთან გამართული ცეკვა-თამაშისა, სააკაშვილი და მისი ხელისუფლების დაუყოვნებელი გადადგომა მოეთხოვა, რუსეთი აღარ აღიარებდა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობას.

უკრაინელი ხალხი, ნაცვლად კიევის მაიდნის სეირის ყურებისა, რომ გვერდში დასდგომოდა თუნდაც კორუმპირებულ იანუკოვიჩს, ფაშისტური, ბანდერული დროებითი მთავრობა ვერ მივიდოდა ხელისუფლებაში; რადა არ მიიღებდა რუსთა დისკრიმინაციულ კანონებს და რეფერენდუმიც არ ჩატარდებოდა ყირიმში; არც აღმოსავლეთი უკრაინა აიქოჩრებოდა კიევის „ხელისუფლების“ წინააღმდეგ და ა.შ.

ზემოთ იანუკოვიჩის კორუმპირებული ხელისუფლება ვახსენე, მაგრამ რით შეიცვალა ის? იშვიათად შეიძლება მოიძებნოს იმ რაოდენობის პასუხისგებაში მიცემული პირი, თანაც გაქანებული ცისფერი, რამდენიც უკრაინის „რევოლუციურ“ ხელისუფლებაში. თუ ამას დავუმატებთ მათ ბანდერულ, ფაშისტურ იდეოლოგიას, დავინახავთ, რომ საქმე არათუ კარგად, საშუალოზე გაცილებით უარესად არის. უკრაინის „რევოლუციამ“ თავი მოუყარა მთელი ევროპის ექსტრემისტულ ძალებს, ულტრამემარჯვენეებს, სვასტიკიან ახალგაზრდებს. და თუ ეს გაგრძელდა, კარგი არაფერი დაადგება უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერ დასავლეთს.

დასავლეთი, დღეს, მათ რუსეთის საპირისპირო ძალად აღიქვამს, მაგრამ რა იქნება ხვალ? როგორც ჩანს, დასავლეთი არათუ სხვის შეცდომებზე არ სწავლობს, არამედ თავისაზეც, თორემ „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ შემქმნელ აშშ-ს, ალერგიული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ბანდერელების მიმართ.

დიახ! მესამე მსოფლიო ომი დედამიწისთვის კატასტროფის მომტანი იქნება, მაგრამ რა უშლის დიდთა ერთმანეთთან არაპირდაპირ დაპირისპირებას? არც არაფერი. ზემოთ აღვნიშნე მსგავსი ირიბი დაპირისპირების შესახებ, რომლის მთავარი ამოცანა ერთმანეთისთვის ძალის გამოცლაა, უფრო მნიშვნელოვანი საქვეყნო საქმეებიდან, ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანაა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე აშშ-ი არაერთ ირიბ, აგრესიულ ქმედებას ახორციელებს რუსეთის მიმართ. გაიხსენეთ, „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციები, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მოვლენები. პირდაპირ, მითუმეტეს, ბირთვულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, მაგრამ სიცოცხლის გამწარებას ხომ აქვს ადგილი?

სხვა რა შეიძლება ეწოდოს მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოსა და მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში საქართველო-უკრაინის სახით? ორივე ამბავი ისეთ დროს დაემთხვა – ოლიმპიური თამაშები, რომ ჰქვია. თამაშები, რომელიც ომს აჩერებს. ვერ შეაჩერა. და რომ ვერ, ლომის წილი აშშ-ს რეაქციულ წრეებზე მოდის.

ძნელია დაიჯერო, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიპეტიებში ჩართულ რუსეთის პრეზიდენტს, პარალელურად უკრაინის ასაბუნტებლად ეფიქრა ან 2008 წლის აგვისტოს პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე პუტინს ცხინვალის ომი დაეწყო. ორივე შემთხვევაში მსოფლიოს გონივრულად მოაზროვნე საზოგადოებამ იცის, ვინ იდგა და დგას ამ მოვლენების უკან. იცის, მაგრამ თავს იკავებს საჯარო ლაპარაკისგან. მითუმეტეს გაკიცხვისგან.

უკრაინის მიმდინარე წლის მოვლენებმა, ამერიკის გარკვეული თუ „გაურკვეველი“ სპეცსამსახურების თანამშრომელთა მოჭარბებულმა აქტიურობამ, აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ მეამბოხეების მხარდაჭერამ და არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევის დაპირების მიცემამ, თავისთავად ახადა ფარდა იმ ფარულ ოპერაციას, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ განახორციელა.

უკრაინის ხელისუფლებაში სექტანტების, გეებისა და კრიმინალების მიყვანით, დიდმა ქვეყანამ საკუთარი დემოკრატიულობის ხარისხის ლუსტრაცია მოახდინა. უკრაინა, ამ შემთხვევაში მხოლოდ საჯილდაო ქვაა, ამერიკული ექსპერიმენტის პოლიგონი.

უკრაინის გადაბირებით რუსეთს უდიდესი პრობლემები ექმნება. მარტო ის რად ღირს, როდესაც დასავლეთის საზღვრებთან მტრულად განწყობილი მეზობელი იქნება?! დასავლეთი  ყველაფერს იღონებს უკრაინის ნატოში შესაყვანად, არც ევროკავშირის წევრობას დაიშურებს მისთვის – რუსეთის ჯიბრზე.

რა დარჩენია რუსეთს? შემუშავებული პოზიციის განმტკიცება, ყირიმის, რუსეთის შემადგენლობაში მიღება, სირიის, ვენესუელის, ირანის მიმართ მტკიცე პოზიციის დაფიქსირება. მხოლოდ მტკიცე პოზიცია მოდრეკს დასავლეთს. მხოლოდ მტკიცე პოზიციით მიიღწევა, დასავლეთის მხრიდან პატივისცემა. „შიში შეიქმს სიყვარულსა“ – პოზიციიდან უნდა წარმართოს მან თავისი საგარეო პოლიტიკა, ვინაიდან დასავლეთი სწორედ ასეთს სცემს პატივს და არა მასთან კუდის მოქიცინეს.

კუდის მოქიცინე ელცინის მთავრობამ ჩააგონა აშშ-ს, რომ რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალა არ არის, რომ ის სუსტი სახელმწიფოა, დაახლოებით ისეთი, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტეტჩერმა რომ შეარქვა –  “ბირთულიარაღიანი მაღალი ვოლტა“ (მივარდნილი აფრიკული სახელმწიფო).

უკრაინა, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აღარ იქნება ისეთი სახელმწიფო რუსეთისთვის, როგორიც იყო. ამის შესაძლებლობას მას აშშ-ი და ევროპა არ მისცემს. რუსეთს მოუწევს უკრაინასთან საზღვრების გამაგრება, საზღვრისპირა რაიონებში ანტისარაკეტო სისტემების განთავსება, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდება.

აშშ-ა მიაღწია მთავარს, რუსეთის საშინაო პრობლემებიდან, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესიდან, ყურადღების უკრაინაზე გადატანა. შეძლებს კრემლი ამერიკული მზაკვრული გამოწვევებისთვის ჯეროვანი პასუხის გაცემას?

16 მარტს – ყირიმის რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, ახალი მსოფლიოს შექმნაში უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.

ეს, ის დღეა, როდესაც რუსეთმა, ცალსახად და პირდაპირ ხმა ამოიღო ამერიკული ჰეგემონიზმის წინააღმდეგ. იქნებ, ამ დღიდან დაიწყოს ნამდვილი დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობა?

იქნებ, კაცობრიობამ, ამერიკული „დემოკრატიით“ გაბეზრებულმა, მკაცრად მოსთხოვოს ჯერ-ჯერობით ჰეგემონს, საკუთარი და მხოლოდ საკუთარი პოზიციების განსამტკიცებელ ბინძურ ინსტრუმენტებზე ხელის აღება?

იქნებ, სახეშეცვლილი მსოფლიოს შემყურე აშშ-ა ნაწილობრივ მაინც უარი თქვას ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე?

იქნებ, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა საკუთარი თავი აღარ მიიჩნიონ კაცობრიობის მხსნელად, ისეთად, მაკკეინი რომ მიიჩნევს?

ტელეკომპანია „Fox News“-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – დაიკარგა თუ არა ყირიმი – სენატორმა განაცხადა – ვშიშობ, რომ ასეა, ხოლო ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გეიტსმა თქვა, რომ – ყირიმი რუსეთს ხელიდან ვერ გაუსხლდება.

დააკვირდით კითხვა-პასუხს, მეტადრე ყირიმის დაკარგვა-არდაკარგვის თემას და იმას, თუ სად ხდება ლაპარაკი. როდესაც ამერიკული ტელეკომპანია თავს უფლებას აძლევს ყირიმის დაკარგვაზე ისე ილაპარაკოს, თითქოს ამერიკისა ყოფილიყო – ყველაფერი ნათელია.

აშშ-ს სენატორს შეუძლია ილაპარაკოს ყირიმის დაკარგვა-არდაკარგვაზე იმ აუდიტორიის წინაშე, ვინც საერთოდ არ იცის, სად არის ყირიმი; დაადანაშაულოს რუსეთი, როგორც აგრესორი; შავით შემოსოს პუტინი და ა.შ.: „ამისთვის მათ უნდა ვანანოთ. ჩვენ უნდა გაფაციცებით ვადევნოთ თვალი აღმოსავლეთ უკრაინას, ვინაიდან, ასეთი წარმატების შემდეგ, პუტინს შეუძლია გაჰყოს უკრაინა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მიტოვებული პროექტი – ჩეხეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება, დავაჩქაროთ საქართველო-მოლდოვის ნატოში შესვლა, დავაწესოთ რუსეთის ოლიგარქებზე სანქციები“ და ა.შ.

ყირიმი, აშშ-დან ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებული, ამერიკელი სენატორის განსჯის საგანი ხდება, მაშინ, როდესაც მეზობელ რუსეთს, იგივე ამერიკა, უკრძალავს ყირიმის მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე რეაქციას.

რატომ თვლიან აშშ-ის პოლიტიკოსები, რომ ყირიმელთა რეფერენდუმი ბლეფია, ხოლო 2008 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები – წმინდა და გამჭვირვალე?

რატომ თვლის ვაშინგტონი, რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხე თავისია და იქ მიმდინარე პროცესები მხოლოდ მან უნდა „მოაწესრიგოს“? იქნებ 16 მარტს  ამერიკელთა ამ სურვილს დაესვა წერტილი?!

იმავე ინტერვიუს დროს სენატორი მაკკეინი სააკაშვილსაც ახსენებს: „მე არ ვიცი, რის გაკეთება შეუძლია (უკრაინის ხელისუფლებას) სამხედრო თვალსაზრისით. ის ძალიან სერიოზული სამხედრო ძალის წინაშე არის. საქართველოში სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა, დაიწყო რა კონფლიქტი. ახლა ის მძიმე დღეშია, მაგრამ ყოველივე ეს მოხდა არა შემთხვევით. და ყოველივე გაჟღერებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის (იგულისხმება აშშ-ის) მხრიდან არის შედეგი არაეფექტიანი საგარეო პოლიტიკის“.

არადა სააკაშვილმა, თვით ამერიკელი ექსპერტების მინიშნებით, სწორედ მაკკეინს გაუგორა კოჭი 2008 წლის აგვისტოს.

ყირიმმა, მსოფლიოს პოლიტიკოსობას „ცივი ომის“ პერიოდი გაახსენა. თუმცა, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ მაშინ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის არსებობდა უსიტყვო შეთანხმება. საბჭოთა კავშირი არ ერეოდა ამერიკული გავლენის სფეროებში ისე, როგორც ამერიკა, საბჭოეთის. არსებობდა გარკვეული პატივისცემაც – თუნდაც ასეთი ხასიათის  – კრემლმა, ვაშინგტონს წინასწარ შეატყობინა ჩეხეთში ჯარის შეყვანა, რაზეც ვაშინგტონმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა – თქვენი ზონაა და თქვენ იცითო, მაგრამ ჩვენ საჯაროდ გაგკიცხავთო.

დღეს, სხვა ვითარებაა – საკუთარ ძალებში და პირველობაში დარწმუნებული ვაშინგტონი ლამის „წითელი მოედნის“ წართმევით ექადნება რუსეთს.

მსოფლიო გადანაწილება ახალ ფაზაში შედის. სამეულის (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი) მიერ გამოჭრილმა რუქამ, კარგა ხანს იარსება. მაშინ სამივენი ფიქროდნენ, რომ მათი შეთანხმებით, მინიმუმ 50 წლით უნდა ყოფილიყო მშვიდობა დედამიწაზე.

მოსკოვში ჩასულმა ჩერჩილმა, რომელთანაც ხანგრძლივი მოლაპარაკება გამართა საბჭოთა მხარემ სტალინის მეთაურობით, განაცხადა: „მოდით მოვაწესრიგოთ ჩვენი საქმეები ბალკანეთზე. ჩვენი ჯარები რუმინეთსა და ბულგარეთში არიან. ჩვენ გვაქვს იქ ინტერესი, გვყავს მისიები და აგენტები. წვრილმანებზე ნუ ვიჩხუბებთ. თანახმა ხართ თუ არა, რუმინეთში 90%-იან თქვენს პოზიციებზე, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს 90%-იანი პოზიცია საბერძნეთში, იუგოსლოვიაში კი – ნახევარ-ნახევარზე შევთანხმდეთ.

ვიდრე თარჯიმანი თარგმნიდა, მე ავიღე ქაღალდის ნახევარი და დავწერე – რუმინეთი – 90%-ი რუსეთს, სხვებს – 10%. საბერძნეთი – დიდ ბრიტანეთს (აშშ-თან შეთანხმებით) 90 %, რუსეთს – 10%. იუგოსლავია – 50-50%-ზე. უნგრეთი – 50-50%-ზე. ბულგარეთი – რუსეთს – 75%, სხვებს – 25%-ი.

მე ეს ფურცელი სტალინს გადავეცი, რომელმაც უკვე მოისმინა თარგმანი. სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ მან აიღო ცისფერი ფანქარი და ქაღალდზე მსხვილი, დიდი აღნიშვნა („პტიჩკა“) გააკეთა. ქაღალდი დამიბრუნა. ამ საკითხის დარეგულირებას იმაზე მეტი არ დასჭირებია, ვიდრე დაწერას.

მოლაპარაკება გაგრძელდა და როდესაც დასასრულისკენ წავიდა ყურადღბა მივაქციე ქაღალდს. მე ვთქვი, არ გეჩვენებათ ცინიკურად, რომ ჩვენ ექსპრომტად გადავწყვიტეთ საკითხი, რომელიც მილიონობით ადამიანის ბედს ეხება. დავწვათ ეს ქაღალდი. არა, თქვენ დაიტოვეთ, – თქვა სტალინმა“.

ჩერჩილის მოგონება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ურთიერთპატივისცემას, რასაც ადგილი ჰქონდა იმჟამინდელ მოკავშირეებში. ამასთან გვახსენებს, რომ დიდთა „თამაში“ სხვა რამეა, „პატარათა“ მხრიდან შორს ყოფნა და ჭკვიანური მოქცევა რომ სჭირდება. მაგრამ რას უშველის შეგონება მავან პოლიტიკოსს, თუ ბუნებამ არ უშველა?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.