30.12.2024

მომაკვდინებელი აგვისტოს გახსენება

„9 წელი აგვისტოს ომიდან. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150000 ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30000-მდე.“ – წერს ერთ-ერთი გაზეთი პირველ გვერდზე. იხსენებს რა 2008 წლის აგვისტოს პირველი დეკადის მოვლენებს – საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან უდავოდ მოღალატურ, ქარაფშუტულ, სიბეცითა და დეგენერატიზმით აღსავსე გადაწყვეტილებას, რამაც დააქცია ისედაც ტერიტორიებით მცირე ქვეყანა, ეკონომიკურად და სულიერად განადგურდა ის და მისი მოსახლეობა. მაშინ, „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ცოტა თუ იფიქრებდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ უჭკუო, პროვოკაციულ ნაბიჯს.

საქართველოს ხელისუფლებამ, საზოგადოებამ – ეკზალტირებულმა, რევანშის ტალღაზე აწყობილმა, დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მოიმედემ, წამოიწყო ომი – მძინაერ ცხინვალზე „გრადების“ მასირებული ცეცხლით, შემდეგ ცხინვალის ქუჩებში ტანკების ჯირითით. მაშინდელ მთავარსარდალს არ დასცალდა თბილისიდან ცხინვალში ჩატანილ „კათედრასთან“ მისვლა და მსოფლიოსთვის შეტყობინება, რომ ოფიციალურმა თბილისმა აღადგინა „კონსტიტუციური წესრიგი“ თავის ერთ-ერთ რეგიონში.

არ დასცალდა, ვინაიდან რუსეთის არმიამ, გვირაბის გავლით და ცხინვალში გამოჩენით, თითზე ჩამოსათვლელ საათებში მოახერხა ქართული არმიის უკუგდება და ქართველთა შეტევამდე არსებულ მდგომარეობამდე დაბრუნება.

გაზეთის მიერ ზემომოყვანილი სტატისტიკაც რუსეთის არმიის ბრძოლაში ჩართვის ამსახველია, მაგრამ მანამდეც იყო მსხვერპლი – რუსეთის სამშვიდობოებზე ქართველთა თავდასხმის შედეგად, რამაც გამოიწვია რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო წრეების გაშმაგება. არადა, მშვიდობისმყოფელები ხომ გაეროს, ეუთოს ეგიდით იდგნენ ქართულ-ოსური დაპირისპირების საზღვარზე?!

საქართველოს ხელისუფალთ მხედველობიდან „გამორჩათ“, რომ ნებისმიერი ქვეყნის სამშვიდობო კონტიგენტზე იერიშის მიტანა, მითუმეტეს დახოცვა, იმ ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს. ასე, რომ მეზობელ რუსეთს, შეიარაღებითა და სამხედრო ძლიერებით ცნობილს, ბირთვულიარაღიანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, სრული საფუძველი ჰქონდა პასუხი გაეცა ქართული აგრესიისთვის.

მაშ რატომ წერს გაზეთი, თანაც პირველ გვერდზე, რუსულ „ინტერვენციას“, თითქოს მან, ყოველგვარი საბაბის გარეშე, 8 აგვისტოს ღამით გადაწყვიტა ცხინვალში შევარდნა და სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიის დაკავება ანუ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ოკუპაცია – დღესაც, რომ გამუდმებით გავიძახით?

რა ჰქონდა რუსეთს შესავარდნი, ფაქტიურად იქ არ იყო? სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, ისე, როგორც დღეს, ჩახუტებული არ იყო კრემლთან?

უდავოდ, იყო! და ამ პროცესს დამოუკიდებლობის მიღებამდე (1991 წლის დეკემბერი) ჩაეყარა საფუძველი, რაშიც ლომის წილი იმჟამინდელ ხელისუფლებაზე მოდის, ცხადია საქართველოს ხელისუფლება მყავს მხედველობაში. 2008 წლის ქართული გადაწყვეტილება, ადრინდელი ხელისუფლების საბედისწერო გადაწყვეტილების გაგრძელება იყო. მაგრამ მანამდე იყო იმავე რუსეთის ძალისხმევით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმებაც დაპირისპირებულ მხარეთა შორის და გამყოფ ზონაში სამშვიდობოების ჩაყენება, რაც ქართულმა მხარემ დაარღვია 2008 წლის 8 აგვისტოს.

მაშ რატომ აძლევს თავს უფლებას გაზეთი სიცრუე მიაწოდოს მკითხველს?

იქნებ მართლაც სჯერა, რომ რუსეთი იყო ის, ვინც პირველმა გახსნა ცეცხლი?

ვინ-ვინ და გაზეთმა ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას, ვინაიდან მკითხველს, რომელსაც ტვინი აქვს გამოლაყებული ელექტრონული მედიის სიცრუით – რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, თავისიც არ მიამატოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას ე.წ. სიმართლით.

მაგრამ გაზეთი, ის ბეჭდითი ორგანოა, რომელიც ცდილობს სხვა, მასავით „ორგანოებს“ არ ჩამორჩეს „ჭეშმარიტ“ საქმეში და ისევე დაწიხლოს რუსეთი, როგორც სხვა ორგანოები – ბეჭდვითი თუ ელექტრონული აკეთებენ. სიმართლე რომ დაწეროს, ხომ შეიძლება ვინმემ „მაღლიდან“ უსაყვედუროს?

ასედაამრიგად, ვრცელდება „ჭეშმარიტება“. გაივლის წლები, ვიღაც აიღებს ამ გაზეთს ხელში, „მოწინავეს“ შეავლებს თვალს და შუღლით აევსება გული. ეს, არის ხალხის სამსახურში ყოფნა? ნუთუ ეს „ჭეშმარიტება“ ახლოსაა გაზეთის პირველ გვედრზე ილიას ნათქვამთან: „იმისთანა წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია.“?

9 წელიწადი გავიდა ცხინვალის ომის დაწყებიდან და ამ ხნის განმავლობაში ვერადავერ დავძლიეთ ჩვენს თავში ჩაბუდებული ტყუილი, რუსული ინტერვენციისა. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – არ ყოფილიყო ქართული ჯარის იერიში ცხინვალზე და არ იქნებოდა რუსეთის პასუხი.

დიახ! პასუხი და არა ინტერვენცია.

აი, ამ სიმართლით გვაცხოვრებენ დღემდე – სხვადასხვა ხელისუფლება და მედია. მაგრამ მარტო ეს რომ იყოს, რა გვიჭირს. არის აგრესია, ჯერ-ჯერობით სიტყვიერი, რომელიც როგორ ან როდის გადაიზრდება სამხედრო რევანშში, არავინ იცის. ძალა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მართავდა ქვეყანას – ოპოზიციაშია და ისე, როგორც მაშინ, დღესაც აქტიურობს ანტირუსული გამოსვლებით, განცხადებებით, დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური რიტორიკით. მისი მიხედვით, რუსეთი და არა საკუთარი თავი არის საქართველოს დამაქცევარი. მასთან არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს ურთიერთობა არ უნდა იყოს. რაც უნდა იყოს – ლანძღვა-გინება და რუსეთის კვლავ მხილებაა ინტერვენციაში – შინ და გარეთ. გარეთ განსაკუთრებით – მეტი ყურადღების მისაპყრობად.

ოპოზიციას არც ხელისუფლება ჩამორჩება – ცხადია რუსეთის ლანძღვაში. ასეთმა სულ ახლახანს გადაუარა მთელ საქართველოს – პუტინის ბიჭვინთაში ჩასვლის წინ და შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტიდან დაწყებული, ნებისმიერი მოხელით დამთავრებული, უაზროდ გაჰკიოდა და გაჰკივის რუსული მზაკვრობის შესახებ, რომელსაც უდავოდ დაუსვამს წერტილს კოლექტიური დასავლეთი. საინტერესოა, ხელისუფლებიდან სჯერა ვინმეს ამის? და თუ არა, რატომ თვლიან ისინი, რომ ხალხს ჭკუა არ აქვს?

ვის სჯერა, რომ დასავლეთი დაგვიბრუნებს დაკარგულს? ეჭვი მეპარება, რომ არავის. და რაც უფრო მეტი წელი გაივლის, დასაეჭვებელიც აღარ იქნება. დაიმედებულმა განცხადებებმა, განსაკუთრებით იჩინეს თავი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პენსის თბილისში ვიზიტის შემდეგ.

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტები საქართველოს ცუდათ აქვს დაცდილი, ვინაიდან დაიმედებული მასპინძლები ისეთ ნაბიჯებს დგამენ – მტრისას. ასე იყო კონდოლიზა რაისის – აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილმა რომ „გაახარა“ საქართველო. მართალია, კონდოლიზა რაისი მოგვიანებით თავს იმართლებდა – მე, სააკაშვილს ვუთხარი არ გაბედო სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ მან თავისი გააკეთაო.

დაუჯერებელია, ვინაიდან რაისი აშშ-ს ადმინისტრაცია იყო ანუ სააკაშვილის მბრძანებელი, რომელსაც ის თავიდან-ბოლომდე ემორჩილებოდა. არ დაემორჩილა? მაშინ სააკაშვილი ყოფილა აშშ-ს ადმინისტრაცია. საქართველოს ხელისუფლებას ან არ ესმის რას ეუბნებიან მამა-მარჩენალნი ან ისე აკეთებს, როგორც მას სურს, რაც ძალიან საეჭვოა.

დაიმედება პოლიტიკაში დიდი რამ არის. დაიმედებულმა, თუკი საღი აზრის დეფიციტი აქვს, ისეთი ნაბიჯი შეიძლება გადადგას, ქვეყანას რომ გამოუვალ დღეში ჩააგდებს. პენსის დაპირება საქართველოს მხარში დგომასთან დაკავშირებით, რომ დიდად გასახარი გამოდგა ქართული პოლიტიკოსთათვის, ფაქტია. ისიც ფაქტია, თუ რა ახალი შემართებით დაიწყო ქართულმა პოლიტიკამ რუსეთის ლანძღვა. ნეტავ რით შეაგულიანა პენსმა ბრიყვი მასპინძლები?

მსგავს შეგულიანებას აქვს ადგილი ბალტიისპირა ქვეყნებში, უკრაინაში. ერთშიც და მეორეშიც შეგულიანება ძალისმიერია ანუ სამხედრო. ბალტიისპირეთში – ნატოს ჯარები, უკრაინაში – ახალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მოლოდინი და შავ ზღვაზე ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა. აშშ-ს კონგრესმენები ხშირად იხსენებენ უკრაინას და რუსულ „აგრესიის“ შესაჩერებლად იარაღის მიწოდებასაც ჰპირდებიან მას.

აშშ-ს მიერ უკრაინის მმართველად დასმული პოროშენკოს ხელისუფლება, საკუთარ ქვეყანაში არაუმეტეს 5%-იანი რეიტინგის მატარებელი, ღონეს არ ზოგავს ვაშინგტონელთა ანტირუსული პოლიტიკის განსახორციელებლად. ახალი ამერიკული მომაკვდინებელი იარაღის მიღება მისთვის სწორედ ის სტიმული იქნება, რომელსაც უდავოდ მოჰყვება დონბასში საომარი მოქმედების ესკალაცია. არც პოროშენკო და არც სხვა, უკრაინის ხელისუფლებიდან არ ფიქრობს საომარი მოქმედების გააქტიურება გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან ომში, რუსეთის ჩართვით. იქნებ, სწორედ ამას ნატრობს ვაშინგტონი? იქნებ ამერიკის აგრესიული სენატორები მაკკეინისა და გრენის მსგავსნი ოცნებობენ რუსულ სამხედრო პასუხზე უკრაინაში?

ეს, ის ლინდსი გრენია, რომელმაც სულ ახლახანს განაცხადა ჩრდილო კორეაზე ბირთვული თავდასხმის შესახებ. მისი აზრით, მერე რა, თუ იქ ათეულ-ათასობით ადამიანი დაიღუპება და ომი გაჩაღდება – კორეა შორს არის აშშ-დან.

სენატორი ლინდსი გრენი ჩვენთანაც „კარგად“ არის ანუ გვაგულიანებს რუსეთის წინააღმდეგ, ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში გვაგულიანებდა პრეზიდენტობის კანდიდატი მაკკეინი, რომლისთვის მთავარი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთის გამოწვევა, ცხადია სამხედრო პროვოკაციით, რასაც შემდეგ თვითონ (მაკკეინი) მოაყოლებდა რუსეთის, როგორც აგრესორის ლანძღვას და შესაბამის ქულებს ჩაიწერდა დემოკრატთა წარმომადგენლის ობამას წინააღმდეგ ბრძოლაში. აი, ამ პოლიტიკურ მაიმუნობას შესწირა სააკაშვილმა საქართველო.

დაახლოებით ანალოგიურ მაიმუნობას სწირავს ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლება. გაწირვაა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტ პენსს თვალებში შესციცინებ და მის მიერ მოცემულ დარიგებას – ანტირუსულს, საბოლოო ჯამში ანტიქართულს უყოყმანოდ ღებულობ და ასრულებ.

ქვეყნის შეწირვაა, როდესაც ნატოს სასწავლო-სამხედრო ბაზას ხსნი და ნატოს სამხედრო მანევრებს ატარებ – სისტემატურად, დაუფიქრებლად. ლინდსი გრენის სიტყვები საქართველოზეც გამოდგება. ჩვენც  შორს ვართ ამერიკისგან და აქ განვითარებული სამხედრო კონფლიქტი ამერიკამდე ვერ მიაღწევს.

ჭირს წაუღია კორეის ნახევარკუნძული, ამიერკავკასია, უკრაინა, სირია, ბალტიისპირეთი – მთავარია ამერიკა იყოს პირველი. ამას ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, ამერიკელი კონგრესმენები, მათზე აყოლილი ქართველი პოლიტიკოსები კი დაუფიქრებლად მიჰყვებიან ამ გზას – აგრესიის, კაცთა სიძულვილის, გაუტანლობის, სიცრუის გზას. ნაცვლად მოლაპარაკებისა, ყველა ერთად გაიძახის – მათ რუსეთთან მოსალაპარაკებელი არაფერი აქვთ.

დამღუპველია ეს გზა, ისე, როგორც 2008 წლის 8 აგვისტო იყო დამღუპველი. მან ხომ დასამშვიდებლად მხოლოდ ტყუილი მოსაზრება დაგვიტოვა – რუსებმა თბილისი, აშშ-ს შიშით რომ ვერ აიღეს.

ამ „სიმართლით“ დადის დღეს საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. თითქოს თბილისის არაღება დიდი შვება იყოს. სიბეცესაც თავისი საზღვარი აქვს, მაგრამ ასეთი – უსაზღვროა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.