22.12.2024

მოკრძალებული რჩევები ახალ მთავრობას

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ახდა საქართველოს მედიის წინასწარმეტყველება — სექტემბერში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. ჟურნალისტიკა აქცენტს უპირველეს ყოვლისა პრემიერ-მინისტრ ბახტაძის გადადგომაზე აკეთებდა, რასაც პირდაპირ ეკითხებოდა მას. ბახტაძის პასუხი იყო ისეთი, როგორიც წინამორბედების — ჭორია!

არადა ეს „ჭორი“ მესამედ ახდა და ბახტაძეც ისე დაგვემშვიდობა, როგორც თავის დროზე ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი.

ახალი პრემიერ-მინისტრი გახარია ცნობილი პიროვნებაა. ის, ხომ ბოლო 2 თვეა ზედმიწევნით „ახარებს“ ოპოზიციაში მყოფ ნაცებს და მის მოკავშირე პარტიებს?!

20-21 ივნისიდან დაწყებული გახარიას სახელი, ყოველგვარი პაუზის გარეშე, ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება — ერთობ „დემოკრატიულ“ ელექტრონულ მედიასა და ბეჭდურშიც. არის გამონაკლისებიც, რომლებიც, მიუხედავად ნაცთა რისხვისა, ბედავენ და თავს უფლებას აძლევენ შეაქონ უკვე ყოფილი შს მინისტრი ქვეყნის გადარჩენისთვის და იმედს გამოთქვამენ, რომ ის, წინამორბედთან შედარებით უკომპრომისო იქნება საქართველოს მთელი რიგი პრობლემების მოგვარების საქმეში.

მოსაგვარებელი კი უამრავია, მათ შორის „ოცნების“ მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხალხისთვის უხვად მიცემული შეუსრულებელი დაპირებები. მერვე წელია „ოცნება“ მართავს ქვეყანას, მაგრამ მის მიერ გაკეთებული, იმდენად უმნიშვნელოა, რომ გულაცრუებულმა მოსახლეობამ ისევ მახრჩობელა სააკაშვილისკენ დაიწყო ყურება.

ახალი პრემიერ-მინისტრის და მისი განახლებული გუნდის უპირველესი ამოცანაა ვითარების ისეთი კარდინალური ცვლილება, რომ „ოცნებაზე“ გულაცრუებულმა ამომრჩეველმა ნაცებს არ მისცეს ხმა, ისევ შემობრუნდეს, ისევ იფიქროს ის, რომ ნაცთათვის ხმის მიცემა პირადად მას და ქვეყანას ავის მეტს არაფერს მოუტანს.

აღნიშნულის გასაკეთებლად ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ ამ ბევრიდან არის ისეთი, რომლის გაკეთება, სხვებთან შედარებით შესაძლებელია. მაგალითად, გახარიას განცხადება ნაცთა „დასრულების“ შესახებ, რომელიც მან ნაცებთან შეხვედრის დროს გააკეთა. რას ნიშნავს ეს, თუ არა სამართლიანობის აღდგენას?!

2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ხალხი ითხოვს ნაცთა დასრულებას და თუ გახარია შეასრულებს დაპირებას, მას არჩევნების შემდეგაც („ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში) პრემიერ-მინისტრის თანამდებობას არ დაამადლის.

ხალხი ითხოვს სხვასაც, რასაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც (მეტნაკლებად) ადასტურებენ — რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ოცნების“ მიერ ხალხისთვის წარდგენილ სამოქმედო გეგმაში ამ საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. სამწუხაროდ, განვლილი, თითქმის 8-წლიანი მმართველობის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს და ეკონომიკური ურთიერთობების გამოცოცხლებას.

სამწუხაროდ, 20-21 ივნისის მოვლენებმა ლამის ჩაკლა გამოცოცხლებული კავშირები და რომ არა რუსეთის პრეზიდენტის გონივრული გადაწყვეტილება — საქართველოს ახალი ეკონომიკური სანქციების არ ამოქმედების თაობაზე, ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა კატასტროფული იქნებოდა.

არადა ნაცთა მიერ ამხედრებული ახალგაზრდობისა და თავშეუკავებელი რუსოფობი ძველგაზრდების, უზრდელი ჟურნალისტის გაბუნიასა და სხვა მისი კოლეგების მიერ გამოწვეული ანტირუსული გამოხდომებით მოთმინებადაკარგული რუსეთის დუმა დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს დასჯას.

დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც, მიუხედავად იმისა უყვარს თუ არა საკუთარი პრეზიდენტი, ყურიდან-ყურში გაატარებდა მის პირად შეურაცხყოფას? პუტინმა, მოკლედ და კონკრეტულად უთხრა დუმას და სხვებსაც, რომ საქართველოს დასჯა კარგს არაფერს მოუტანს ორი ხალხის საუკუნოვან ურთიერთობას.

იმჟამად რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით — საქართველოსთან ბიზნესურთიერთობებზე უარი თქვეს რუსმა მილიონერებმა და მილიარდერებმა, რაც უდავოდ არასახარბიელო რამ არის საქართველოსთვის.

განაწყენდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი, რომელთა თითქმის 90% მიზანმიმართულად არ ჩათვალა ასეთ საქართველოსთან ურთიერთობა.

20-21 ივნისმა თავის უმთავრეს მიზანს მიაღწია ანუ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას და ის უმნიშვნელო წინსვლა, რასაც მანამდე ჰქობდა ადგილი, შეფერხდა. რას ნიშნავს საქართველოსთვის რუსეთთან ბიზნესურთიერთობების გაუარესება, როდესაც ქვეყნის არსებულ ბიუჯეტში (4,7 მილიარდი დოლარი), რუს ტურისტებს 3,2 მილიარდი დოლარი შეჰქონდათ? ეს მონაცემები გასული წლისაა. წლევანდელი კი გაცილებით ნაკლები იქნება.

ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკოსები ხომ დაბეჯითებით მოითხოვენ ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, რატომ არ გააკეთეს ამგვარი ნაცთა მმართველობის დროს?

მარტივი მიზეზის გამო — ამერიკული ან ევროპული კაპიტალისთვის პატარა საქართველო არ არის საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა.

გახარიას გუნდისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს ჩვენს მიმართ ზურგშებრუნებული რუსეთის შემობრუნება, რისთვისაც არა მარტო ფუჭი დაპირებების კეთებისთვის წერტილის დასმაა საჭირო, არამედ ანტირუსული განცხადებების აღმოფხვრაც, რითაც ოპოზიცია გამოირჩევა, ასევე ხელისუფლებაც, განსაკუთრებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც ჰგონია, რომ ანტირუსული განცხადებებით ჩამოიშორებს იმ ცილიმწამებლურ ტალახს, რომელსაც მას, ივანიშვილს და „ოცნებას“ მეთოდურად, პერმანენტულად ასხამს ნაცური ოპოზიცია.

მიუხედავად თავდავიწყებული თავის მართლებისა, რომ რუსოფილები არ ხართ, მაინც არაფერი გამოვა, ვინაიდან ეს არის სწორედ ის გამიზნული ცილისმწამებლური კოზირი, რომელსაც სისტემატურად გამოიყენებს ოპოზიცია თქვენს წინააღმდეგ. თქვენ კი, ნაცვლად თავისმართლებისა, უნდა განაცხადოთ, რომ რუსეთისადმი ნორმალური დამოკიდებულება არვის დასაძრახი არ არის და მოიყვანოთ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების მაგალითები.

აშშ-დან დაწყებული ნებისმიერი ქვეყანა, უკრაინის გარდა, ცდილობს რუსეთთან  ურთიერთობას. ჩვენ კი, რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებული გარკვეული ამერიკულ-ევროპული ჯგუფების წაქეზებით, უკადრებელს ვკადრულობთ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

კიდევ ერთი რჩევა — შეწყვიტეთ ბაქი-ბუქი, 8 წლის განმავლობაში ვითომ გაკეთებული საქმის სადიდებლად. თქვენ ხომ იცით, რომ არაფერი გაგიკეთებიათ ისეთი, ხალხს რომ წაადგა ან მომავალში წაადგება. თუ თქვენ არ იცით, ხალხმა ხომ იცის, რომელიც თქვენგან თავის ქებას კი არ ელოდება, არამედ თვითკრიტიკას და შემდეგ გაუკეთებელი საქმის გაკეთებას.

უდავოდ მხარდასაჭერია თავდაცვის მინისტრის განცხადება „გირჩთან“ მიმართებაში. სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია ქვეყნისთვის, მისი აწმყოსა და მომავლისთვის. ჯარი აყალიბებს დისციპლინას, სამშობლოს სიყვარულს, სამშობლოს დაცვის პრიორიტეტულობას ყველა სხვა საქმესთან შედარებით.

ახალმა მინისტრმა და მისმა აპარატმა ახალი კანონპროექტით უნდა მიმართოს პარლამენტს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, სადაც გამორიცხული უნდა იყოს ალტერნატიული სამსახური, ან რაღაც მოსაზრებით სამხედრო სამსახურში წასვლაზე უარის თქმა. ასეთ ახალგაზრდას უარი უნდა ეთქვას უმაღლეს სასწავლებელში სწავლაზე, სამსახურში მიღებაზე.

საქართველოს, გეო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ესაჭიროება დისციპლინირებული ახალგაზრდა თაობა — ნარკოტიკებიდან შორს მყოფი. ის, ისეთი შეკრული და მობილიზებული უნდა იყოს, როგორც ისრაელში. ამ ქვეყანაში სამხედრო სამსახური აუცილებელია წვევამდელის ასაკსმიღწეული გოგო-ბიჭებისთვის. იქნებ ამ ქვეყნის მაგალითი გაგვეზიარებინა?

ჯარში სამსახური ისეთი პრესტიჟული უნდა იყოს, როგორც ამ ქვეყანში ან თუნდაც რუსეთში. სამშობლოს სიყვარული მარტო სადღეგრძელოთი არ უნდა შემოიფარგლოს — მას პრაქტიკული ქმედება სჭირდება.

უნდა ვერიდოთ ისეთი განცხადებების კეთებას, როგორიც ღარიბაშვილმა გააკეთა პარლამენტში — ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. საქართველოზე მრავალჯერ ძლიერ სახელმწიფოებსაც ხელარეწიფებათ ტყვიაწამლისა და იარაღის დამზადება. ამისთვის  კვალიფიციური კადრებია საჭირო, გარდა ამისა სამხედრო დანიშნულების ქარხნების მშენებლობა. საქართველოს აქვს ამის შესაძლებლობა?

საქართველოს ეკონომიკა, მითუმეტეს ბიუჯეტი ვერ ასწევს ამ ტვირთს, ისე, როგორც უმჩატესი წონის ძალოსანი მძიმეწონიანისთვის განკუთვნილ შტანგას.

თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის გასაგონად ნუ გამოვიჩენთ მოჭარბებულ აქტიურობას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნისთვის. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იზორიამ დააანონსა ამის თაობაზე, თუმცა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ოთხი თვით გადაიდო.

გეგმის მიხედვით 3 სამხედრო ბაზა უნდა გაიხსნას საქართველოში — 2 სახმელეთო და ერთი საზღვაო. წინასწარ ძნელია იმის თქმა რა სახის იქნება ეს ბაზები. ამის თაობაზე ამერიკელები არც მინისტრს ჩააყენებენ საქმის კურსში და არც ხელისუფლებას. ვეჭვობ ადგილობრივი შეუშვან ბაზაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ასეთია აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მუშაობის სტილი.

ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნას თუ ვინმე უკავშირებს ქვეყნის გარანტირებულ უსაფრთხოებას, ღრმად ცდება. რუსეთისთვის მათი განადგურება წამიერი საქმეა, მაგრამ ამასთანავე გავნადგურდებით ჩვენც — რუსეთის სამიზნე ობიექტად გადაქცეული.

გარდა ამისა, დადგება დრო, როდესაც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ანტაგონიზმით შეიცვლება, რასაც უდავოდ მოჰყვება მოსახლეობის გამოსვლები — ბაზების გაყვანის მოთხოვნით. ამის მაგალითები უხვადაა. მარტო იაპონია რად ღირს, სადაც სისტემატურად იმართება დემონსტრაციები და მიტინგები ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

შევიგნოთ, როდესაც აშშ-ი, ვითომ ჩვენი მოთხოვნით და ჩვენს დასაცავად ბაზას გვიხსნის — მას საქართველოს ინტერესი არ ამოძრავებს. რაც ამოძრავებს — რუსეთის სამხედრო რკალში მოქცევაა და მეტი არაფერი. თუ როგორ მოიქცევა რკალში მოქცეული ბირთვული სახელმწიფო ძნელი გამოსაცნობი არ არის.

მინისტრები მოდიან და მიდიან, თანაც ისე სწრაფად, ვერც კი ვახერხებთ მათ გაცნობას. ახალმოსულის მთავარი ამოცანა ის მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანას თავსატკივარი არ დაუტოვოს. იზორიამ ისეთი ბომბი შემოგვიგდო, მისი განმუხტვა იოლი არ იქნება, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებს ღარიბაშვილი, ხალხისთვის არასასურველ პირთა სიაში დაიმკვიდრებს ადგილს.

ზემომოყვანილი სურვილები, საზოგადოების სურვილებს ემთხვევა და ქვეყნის კეთილდღეობის მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯის გამომხატველია. მათში ძირითადი აქცენტი რუსეთთან ურთიერთობებზეა გამახვილებული, ვინაიდან ამ ქვეყანასთან გაბუტულის პოზაში დგომას კარგი არაფერი მოუტანია. თუ არ ვიაქტიურებთ უარესი ვითარება იქნება. გვაწყობს ასეთი?

დავიწყოთ მასთან დიალოგი, ვცადოთ, იქნებ რაღაც გამოვიდეს. რუსეთს აქვს ამის სურვილი და რახან ასეა, ვითარება გამოსწორდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი