22.12.2024

მესამე ძალის მოლოდინში

საქართველოს პოლიტიკოსთა განმარტებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლა, უდავოდ გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს და სიცოცხლეს შემატებს პოლიტიკურ ცხოვრებას, რომელიც, ნაციონალთა წყალობით, ერთობ ცალმხრივად და რაც მთავარია უპერსპექტივოდ მიმდინარეობს.

პოლიტიკოსებს ამ დასკვნების გაკეთებაში ზურგს უმაგრებენ პოლიტოლოგები და ექსპერტები – მეტადრე ისინი, ვინც რახანია ალასანიას ეტრფიან. ტრფობის მთავარი მოტივი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის სიმპათიური (მათი გაგებით) გარეგნობაა.

პოლიტიკაში, ისე, როგორც სხვა დარგში, გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს, ის დარგია, სადაც მთავარი ყურადღება ჭკუას, გონებას, ცოდნას, გამოცდილებას ეთმობა და არა სილამაზეს. თუ ყველა ჩამონათვალთან ერთად, პოლიტიკოსს სიმპათიური შესახედაობაც აქვს – პოლიტიკური კარიერა შედარებით იოლი გასავლელია.

საქართველოში პოლიტიკოსისადმი დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ გარეგნობაზე მოდის – ეჭვს არ იწვევს. მახსოვს, ცნობილი ქართველი მომღერლის (ქალბატონის) განცხადება – საჯაროდ, ტელევიზიაში, შეკითხვაზე – როგორ პრეზიდენტს ინატრებდა – მაღალს, ლამაზსო – იყო პასუხი.

რესპონდენტს თავში აზრადაც არ მოსვლია – ჭკვიანს და გამოცდილსო. მახსოვს ისიც, როგორ მომმართა ერთმა ამხანაგმა, ასაკოვანმა და წინა ცხოვრებაში მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარმა – შეეშვი იმ ლამაზი, ხალიანი ბიჭის ლანძღვასო – ალასანიაზე მანიშნებდა, – ხომ იცი, ეს ყმაწვილი მამიას შვილიაო და ა.შ.

დიახ! გარეგნობას აქვს მნიშვნელობა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ოჯახისშვილობას, მაგრამ ისე, როგორც საქართველოში – არსად სხვაგან. იქ, იმ დასავლეთში, რომლის მზე და მთვარე ერთდროულად ამოგვდის, სხვაგვარი მიდგომაა აღნიშნულისადმი. წარმოვიდგინოთ ერთი რამ – ჯორჯ ბუშ-უმცროსს, წინასაარჩევნო კამპანია ისე წარემართა – ეს ყოფილი პრეზიდენტის, ბუშის შვილიაო – რას მიიღებდა?

ჩვენში ჯერაც ღრმადაა გამჯდარი ზედაპირული ფაქტორების წინა პლანზე დაყენების საკითხი, რაც თავისთავად მეტყველებს პოლიტიკურ უმწიფრობაზე. საზოგადოება ჯერაც შორსაა ისეთი პოლიტიკური თვითშეგნებისგან, რასაც დასავლეთში, თუნდაც აღმოსავლეთში აქვს ადგილი. ჩვენ ჯერაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ ექსტერიერს და არა ინტერიერს. ჩვენ ჯერაც დარწმუნებულები ვართ, რომ კარგ მშობლებს, უდავოდ კარგი შვილები ეყოლება და ა.შ., რითაც წინასწარ ვაკნინებთ შვილის შესაძლებლობებს. ჩვენ ჯერაც დარწმუნებულები ვართ, რომ კარგი მშობლების შვილები, კარგი პოლიტიკოსები იქნებიან, თანაც ისეთები, დღეს და ღამეს, სამშობლოზე ფიქრსა და შრომაში რომ გაატარებენ.

23 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც „დამოუკიდებლად“ ვცხოვრობთ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კაპიტალიზმში, მაგრამ ვერაფრით მიგვისადაგებია ჩვენი ცხოვრება, მენტალიტეტი დღევანდელობასთან. ვერ გაგვიგია, რომ ნათესავურ-კლანური მენტალიტეტის კაპიტალიზმში გამოყენება ისეთი შეჯვარებაა, ნაყოფს რომ არ იძლევა. მაგრამ ჩვენ მაინც ჯიქურ ვაწვებით და გვინდა უკანონობის დაკანონება. „მამიას შვილიაო“ და მოყვებიან მამიას გმირობის ამბავს. ამის მომსმენი ვალდებულია გაითვალისწინოს გმირი მამის თვისებები და უნდა თუ არა, შვილს მიუსადაგოს.

ფასადური შეხედულებების მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს ჩვენი ცხოვრება, მითუმეტეს პოლიტიკური. და რაც დრო გადის, ნაცვლად წინსვლისა, უკან მივექანებით. ცოცხალ-მკვდარი მშობლების ავტორიტეტით პოლიტიკაში მოსული შვილები, მშობლებისგან სრულიად განსხვავებული აზროვნებით, თანამედროვე ყოფიდან გამომდინარე, ისეთ ნაბიჯებს დგამენ, მშობლებსაც ჩირქს სცხებენ და რაც მთავარია, ქვეყანასაც. მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად გავიძახით – სიმპათიურია, ამის  და იმის შვილიაო. წამითაც არ ვაქცევთ ყურადღებას, რა გამოუვალ მდგომარეობაში ვაყენებთ ნიჭიერ, მაგრამ „უსახელო მშობლების“ შვილებს.

„ჩვენ, გავდივართ კოალიციიდან, ვინაიდან ვხედავთ, რომ ევროატლანტიკური კურსიდან უხვევს ისო“, – განაცხადეს კარგი მამების შვილებმა – ალასანიამ და ფანჯიკიძემ, კარიც გაიჯახუნეს და თანაკოალიციელებიც განაცვიფრეს თავიანთი ხმამაღალი განცხადებებით. განაცვიფრეს იმიტომ, რომ „ოცნების“ კოალიციაში თავმოყრილი პარტიებისთვის ჩრდილოური ორიენტაციის მატარებლის სახელის მიკერება ისეთივე გულუბრყვილობაა, როგორც ბუდიზმის.

მაინც სად უნდა ზიარებოდნენ კოალიციის დანარჩენი წევრები ჩრდილოურ მენტალიტეტს, აშშ-ი სწავლა-განათლების მიღების დროს, თუ იქ გამუდმებული ვიზიტების პირობებში?

კოალიციაში დარჩენილებმა კი არა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომ არაფერი იცის რუსეთის შესახებ, ფაქტია. მაშ, რას ემსახურება ესოდენ ხმამაღალი ნათქვამი?

PR-ს – უპირველეს ყოვლისა. რუსეთი მტერია და რახან ასეა, მასთან დაკავშირებული ყოველი სიტყვა პატრიოტულად ჟღერს. ვის სჭირდება ყურით მოთრეული პატრიოტიზმი – საზოგადოების გარკვეულ ნაწილს – მათ შორის ინტელიგენციას, რომელსაც რაღაც აკვიატებული ნეგატიური შეგრძნება აქვს დიდი მეზობლის და გაფეტიშებული წარმოდგენა დასავლეთის მიმართ.

„დიდმა პოლიტოლოგმა“ ცისკარიშვილმა ხომ ბრძნულად შეაფასა ალასანიების ყრილობა და იქ დამსწრე საზოგადოება – მხოლოდ „გოიმები“ არ იყვნენ ყრილობაზეო. ანუ ინტელექტუალური პარტიის ყრილობაზე „გოიმებს“ არაფერი ესაქმებოდაო. ასეთი იყო „სვეტი“ ცისკარიშვილის განმარტება. მან და მასავით „სვეტმა“ „ექსპერტებმა“ ისიც ბრძანეს – ქვეყანაში გამოჩნდა მესამე პოლიტიკური ძალაო.

კეთილი, მაგრამ რა მესამე პოლიტიკურ ძალაზეა ლაპარაკი? როდესაც ქვეყანაში ერთიდაიგივე იდეოლოგიის პარტიებია ხელისუფლებაში – ევროატლანტიკური წყალდალეულები. ასეთ შემთხვევაში ზედმეტია ლაპარაკი იდეოლოგიურ სხვაობაზე. „ოცნება“ განსხვავდება ნაციონალებისგან მხოლოდ წვრილმან საკითხებში, მაგრამ ძირითადში, რასაც ქვეყნის საგარეო კურსი ჰქვია – ისინი წყლის ორი წვეთია.

თუ „ნაცმოძრაობა“, ლიდერიდან გამომდინარე, ცეტი, თავზეხელაღებული ავანტიურისტი იყო და არის, „ოცნება“ – თავშეკავებულია. თუ პირველი ხალხს ციხეში ყრიდა, მეორე ამას არ აკეთებს (ესეც დიდი შეღავათია), მაგრამ სხვა მხრივ ქვეყანასთან და ხალხთან დამოკიდებულების საკითხებში მათი იდეები და საქმეები იდენტურია.

სამივეს: „ნაციონალებს“, „ოცნების“ კოალიციას და მისგან გასულ „თავისუფალ დემოკრატებს“ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკასთან. და როდესაც ასეა საქმე, რა მესამე ძალის გაჩენაზეა საუბარი?

მესამე ძალა ისეთი უნდა იყოს, რომ დანარჩენ ორთან სერიოზული პოლიტიკური ჭიდაობა წარმართოს ქვეყნის ორიენტაციასთან დაკავშირებით. ალასანიებისგან ასეთი რამ წარმოუდგენელია. რახანია ეს პარტია,  განსაკუთრებით მისი ლიდერი, ამერიკულ ცურს არის დაწაფებული. ამერიკელი კი თავის ჯიქანს პირს არავის შეავლევინებს – წინასწარი გარანტიების მიღების გარეშე. ასე, რომ, პატივცემული ალასანია და მისი ცოლის და, სწორედ ის პოლიტიკოსებია, რომლებიც არასოდეს გადაუხვევენ სააკაშვილის მიერ გაკვალულ ამერიკულ გზას.

„რესპუბლიკელებიც“ – კოალიციის დამკვრელური ძალაც, ხომ სააკაშვილის კურსის მიმდევრებია. ეს რომ არ ყოფილიყო, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ მოახერხებდნენ პარლამენტში შესვლას. მათი პოპულარობა მაშინ და მანამდე 3%-საც ძლივს აღწევდა.

ალასანიას და მისი გუნდის ოპოზიციაში გადასვლამ კიდევ უფრო გაამაგრა პროდასავლელთა ბანაკი, მაგრამ ვერ შექმნა (ვერც შექმნის) იმ მესამე ძალას, რომლის გამოჩენასაც რახანია ელის საზოგადოება. მაინც რას ელის საზოგადოება?

უპირველესად, იმ არასასიამოვნო პოლიტიკური თამაშის დასრულებას, რასაც 23 წლის განმავლობაში აქვს ადგილი. ბრტყელ-ბრტყელი დაპირებების ნაცვლად, პრაქტიკული საქმის კეთებას, სოციალური, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და ა.შ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ყოველივე აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით, აქტიური თანამშრომლობით, პრაგმატული აზროვნებით და ა.შ.

23-წლიანმა დასავლურმა ვალსმა, რომ მძიმე შედეგები მოუტანა ქვეყანას – იცის საზოგადოების ნაწილმა.  დანარჩენმაც რომ იცოდეს, იმ მესამე ძალაზეა დამოკიდებული, რომელზეც ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ჩანს. პარლამენტს გარეთ არსებული პარტიებიდან ზოგი იჩემებს მესამე ძალობას, მაგრამ ნახევარყბით, იმის შიშით, უმნიშვნელო პოპულარობაც რომ არ დაკარგონ. მათ კარგად იციან, რომ ზემოთმოყვანილი სამი პოლიტიკური ძალა ყველაფერს იღონებს იმ პარტიების ჩასაქოლად, ვისაც რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვთ.

პარლამეტს გარეთ არსებული პარტიები აყვნენ პარლამენტში მყოფი პარტიების თამაშს იმ მთავარ საკითხში, რასაც ქვეყნის ორიენტაცია ჰქვია და ნაცვლად იმისა, რომ კარდინალური ცვლის კურსი შესთავაზონ საზოგადოებას – დასავლურობას გაიძახიან, შეფარულად რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ყოფნის შემთხვევაში, იმ შეფარულობის ტაქტიკასაც დაივიწყებდნენ და „ნაციონალთა“-„ოცნებელთა“-„თავისუფალ დემოკრატთა“ მსგავსად პოლიტიკური ცხოვრების ჟინით ჩაეხუტებოდნენ ევროატლანტიკელებს.

რუსეთთან დამოკიდებულების პოზიტიურად შეცვლის მსურველმა პარტიებმა მაგალითი უნდა აიღონ პროდასავლური პარტიებისგან და ისეთი შემართებით იბრძოლონ ამ საქმისთვის, რომ ეჭვი არავის გაუჩნდეს – თამაშობენო. მათი ვალია, გამოაფხიზლონ საზოგადოება იმ საღათას ძილისგან, რომელშიც არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა; დაანახოს მას, ის მძიმე შედეგები, რაც დასავლეთთან ურთიერთობის 23-მა წელიწადმა მოუტანა ხალხს; გააცნოს ჩვენსავით გაუბედურებული ქვეყნების (ევროკავშირში მყოფების) ყოფა და ა.შ.. ერთი სიტყვით, იბრძოლოს და იღვაწოს, როგორც პრაგმატულად მოაზროვნე პარტიამ – მესამე ძალამ, რომლის უპირველესი მიზანია წინა ორი ძალის, ამჯერად სამის, დამარცხება და ხელისუფლებაში მოსვლა.

მავანი შემედავება – ეს, ყველაფერი შეუძლებელია, ვინაიდან აშშ-ი პოზიციებს არ დათმობს და თუ დაჭირდება თბილისურ „მაიდანსაც“ ააგორებს და ახალ „ვარდების“ რევოლუციასაცო. რომ გითხრათ – აშშ-ი ამას არ იკადრებს და არ გააკეთებს, არავინ დაიჯერებს, ვინაიდან ზოგმა იცის, ზოგსაც წაუკითხავს ჩვენნაირი ქვეყნის მიმართ აშშ-ს დამოკიდებულების შესახებ. ისიც იცის, რა ზომებს მიმართავს ჯიუტთათვის. მაგრამ შევეგუოთ ამ პროცესს?

დიახ! აშშ-ა დაიპყრო საქართველო ყოველგვარი იარაღის გარეშე – საღეჭი რეზინებითა და სნიკერსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და თინეიჯერი ხელისუფლებით, თინეიჯერი ოპოზიციითა და თინეიჯერი ჟურნალისტიკით.

ამერიკამ დაიპყრო საქართველო ისე, როგორც თურქეთმა აჭარა. ჩვენ კი ქუჩაში გამოვდივართ, რუსული ანექსიის წინააღმდეგ და ამას აწყობს ის პარტია, ვინც რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუწყო ხელი.

იმჟამად, ანუ 2008 წელს ალასანიაც, ფანჯიკიძეც, „რესპუბლიკელებიც“, ახლადგამინისტრებული ბერუჩაშვილიც და მთავრობაში მყოფი მინისტრების უმრავლესობა, თავიანთი მოადგილეებით ნაციონალთა სამსახურში იყვნენ. ბერუჩაშვილთან დაკავშირებით ერთმა ტელეჟურნალისტმა ბრძანა – სამ მთავრობას გაუძლოო. რა ჰქონდა გასაძლები, სამივე მთავრობა ხომ ერთიდაიგივეა?

ჟვანია-სააკაშვილის კადრი – ბერუჩაშვილი მინისტრის მოადგილის ამპლუაში იყო – რეფორმატორებად წოდებული „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთიდან. ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასევე მოადგილის ამპლუაში. „ოცნებამ“ დააფასა მისი გამოცდილება და მინისტრის პორტფელი უბოძა. ასე, რომ, იმჟამინდელ-ამჟამინდელი პოლიტიკოსობა არარსებობს. ყველა ისინი იმჟამინდელები არიან, იმ იდეოლოგიაზე აღზრდილნი და იმ რძეს დაწაფებული, ამერიკული რომ ჰქვია.

ე.წ. მესამე ძალის გამოჩენის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილება გაიზარდა ნამდვილი მესამე ძალის მიმართ. ეს ძალა სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სუროგატი მესამე ძალა, „თავისუფალი დემოკრატების“ სახით, შეეცდება თავისუფალი ნიშის დაკავებას და ხელს შეუშლის ნამდვილს, რომლის იმედიც ჯერ არ გამქრალა ხალხში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.