წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია

ყოველი ახალი წლის მოახლოება, განვლილის შეფასებასაც ნიშნავს და სამომავლო გეგმების დასახვასაც. ასეა ყველგან – იქაც და აქაც. ასე იყო და იქნება მომავალშიც. განვლილს აფასებენ ადამიანები, ორგანიზაციები, ქვეყნები, აფასებენ და შეფასების დროს მოჭარბებულად ცდილობენ დადებითად დახატონ განვლილი ერთწლიანი პერიოდი.

პოზიტიური შეფასება გულისა და ტვინის გამაკაჟებელია, რაც აუცილებელია ახალ წელთან შესახვედრად. ნათქვამია – ცუდი განწყობა, უარყოფითი ემოციები, ცუდი ახალი წლის დაბედების ტოლია. და რახან ასეა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი ცდილობს სულ ვარდისფერებში გაიხსენოს და შეაფასოს განვლილი წლის მუშაობა, თან თავს და ქვეყანას შეფიცოს უკეთესის გაკეთება დამდეგ წელს.

დაახლოებით მსგავსი განწყობით იყო შეპყრობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საგამოფენო სივრცეში დიდი პრეს-კონფერენციის მოწყობის დროს. ღარიბაშვილის პრეს-კონფერენცია – ერთობ ჩვეულებრივი, ტრაფარეტული, ალბათ ასეთად დარჩებოდა, რომ არა მეტიჩარა ჟურნალისტის მიერ ურევერანსოდ დასმული ტყვია-შეკითხვა მეზობელი ქვეყნის მეთაურის მტრობასთან დაკავშირებით.

შეკითხვამ – აშკარად პროვოკაციულმა, თავხედურმა და უადგილომ, კიდევ ერთხელ წინ წამოწია 23-წლიანი პრობლემა, რომელიც წლიდან-წლამდე არ გვარდება და უმძიმეს განცდას იწვევს საზოგადოებაში.

პრეს-კონფერენცია, ისეთი რამ არის – მსგავსი ან დაახლოებით მსგავსი შეკითხვა თავშეუკავებელი და ვაიპატრიოტი, თანაც სენსაციის მადევარი ქართული ჟურნალისტიკისგან მოულოდნელი არ უნდა იყოს. არც ის უნდა იყოს მოულოდნელი, რომ დასავლეთის და „რუსთავი-2“-ის პროპაგანდას აყოლილი ქართველი ჟურნალისტი გოგო-ბიჭები არც თანამდებობის და არც ასაკის შემხედვარე, უკან არ დაიხევენ, მოკრძალებას არ გამოიჩენენ პრეს-კონფერენციის გამმართავის მიმართ.

ჟურნალისტური „სითამამე“, უფრო სწორად უხეშობაში გადაზრდილი, თავის თავზე არაერთხელ იწვნია საქართველოს უგვირგვინო მეფემ, ივანიშვილმა. ასაკით და ცხოვრებისეული გამოცდილებით გაცილებით მცირე ჟურნალისტურმა ნაკრებმა არათუ ივანიშვილი დაინდო, არამედ დაახლოებით ერთი ასაკისა და მენტალიტეტის მქონე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც.

წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია თავისებური ანგარიში იყო მთავრობის მიერ გაწეული შრომისა – დახატული პოზიტიურ ფერებში, მიმზიდველად და იმედის აღმძვრელად, მაგრამ აშკარად განსხვავებულად იმისგან, რაც რეალურ ცხოვრებაში არის. დიახ! პრემიერის მიხედვით, რაღაც გაკეთდა, ვთქვათ ჯანდაცვის სისტემაში, სოფლის მეურნეობაში, სხვა სფეროში. მაგრამ იმავე ჯანდაცვის სისტემაში ისიც გაკეთდა, რასაც რეცეპტების შემოღება ჰქვია, რამაც პოზიტიური გაკეთებული, ნეგატიურით გადაფარა და ისეთი დისკომფორტი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და დრო აფლანგვინა ქვეყნის მოსახლეობას, უკეთესს, მტერიც რომ ვერ ინატრებდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშკარად მოუფიქრებელ სარეცეპტო სისტემას, რომ ასეულობით ათასი ლარის გაფლანგვა მოჰყვება – ქაღალდის ხარჯვის, რეცეპტების აფთიაქებში შენახვისა და აფთიაქების შემმოწმებელთა არმიისთვის სამივლინებო ხარჯებისა და ხელფასების ანაზღაურების სახით – ფაქტია. არადა, ჯანდაცვის მინისტრი, „ოცნების“ ხელისუფლების თვალსაჩინო კადრია. რა იქნება სხვა – მკითხველმა განსაჯოს.

სოფლის მეურნეობაში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს – ყოველ შემთხვევაში ასე თვლის ხელისუფლება, დიდი სიხარულით არც სოფელი შეხვედრია. ერთია დედაქალაქი და აქ ნათქვამი, მეორეა – სოფელი, სადაც ნათქვამი საქმით უნდა იყოს განმტკიცებული. როგორც ჩანს, ნათქვამს განივთება აკლია, რაც ისეთივეა, როგორც უმარილო კერძი, ჭამ და გემოს რომ ვერ ატან.

შესრულებულ-შეუსრულებელი საქმეებიდან რომ შეუსრულებული აჭარბებს, ცხადია. ისიც ცხადია, რომ ორი წლის განმავლობაში შეუსრულებელ დანაპირებს, ახალი საქმეებიც ემატება და მათი მთლიანობა აშკარა საფუძველს იძლევა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისე დაგვიკრავს თავს ორი წლის შემდეგ, 2 წლის წინანდელი დაპირებები ჰაერში გამოიკიდება და იქნება ასე შეუსრულებული სამარადისოდ.

საზოგადოება შედის ხელისუფალთა მდგომარეობაში. მან კარგად იცის, რომ 23 წლის, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის ჩაოხრებულ საქმეს, 2 წლის შრომით ვერაფრით გამოასწორებ. მაგრამ საზოგადოება იმასაც ხედავს, რომ გამოსწორების მიზნით არაფერი კეთდება ანუ არსად ჩანს ის აღმაფრენა, რომელმაც ნეგატიური ვითარება შეიძლება შეცვალოს.

არის თუ არა საჭირო ფუყე პრეს-კონფერენციების გამართვა მაშინ, როდესაც საამაყოც არაფერი გაქვს და მითუმეტეს არც ქვეყანაში ხდება რაიმე ისეთი, ექსტრა ან თუნდაც შემაჯამებელი პრეს-კონფერენციის გამართვას ითხოვდეს.

პრეს-კონფერენციამდე საქართველო თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა – შეგუებული იმასთან, რა უსუსური ხელისუფლება გვყავს, მოუქნელი და საკუთარი თავის პატივისცემაში გართული. საზოგადოება – დაღლილი ყოველდღიური პრობლემებისგან, გაუსაძლისი სოციალური ყოფისგან, შეჩვეული უსამართლობისადმი, უპირველესად სოციალური უსამართლობისადმი, გამოაფხიზლა პრეს-კონფერენციამ და გამოფხიზლებულმა ისეთი დედის გინებით მიმართა მთავრობას, რომ ამის გამგები, აღარასოდეს ჩაატარებს მსგავს ღონისძიებას.

სხვადასხვა სახის ტელე-რადიო გადაცემები ხშირად იყენებენ ხალხთან ლაპარაკის რუბრიკას. ჟურნალისტის შეკითხვაზე – როგორ მოეწონათ პრეს-კონფერენცია – პასუხი ცალსახა ნეგატიური იყო. ხალხს არ მოეწონა პრემიერის „იმედიანი“ მომავალი და „წარმატებული“ აწმყო. არც ის მოეწონა, რომ „ყველაფერი კეთდება“ და იყო დედ-მამის გინების კორიანტელი – რესპონდენტთა მხრიდან.

მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც პუტინის მტრობას მოჰყვა. პრემიერისთვის დასმული კითხვა – არის თუ არა პუტინი მტერი, პრემიერმა უპასუხოდ დატოვა და შეეცადა კორექტულად გვერდი აევლო პროვოკაციული კითხვისთვის. თუ რამდენად გამოუვიდა მას  ეს, საზოგადოებამ განსაჯოს.

მაგრამ შეკითხვამ რომ ზომაზე მეტად გამოაღვიძა პრობლემებში ჩაფლული საზოგადოება და პირი საერთაშორისო საკითხებისადმი მიაბრუნებინა, ფაქტია. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო – პუტინის მძაგებლებად და პუტინისადმი ლოიალურად განწყობილებად. და ახლებურად „ადუღდა“ ქართული პოლიტიკა, პოლიტოლოგია და მედია მეზობელი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ. იყო ერთი აურზაური „თოქ-შოუებში“, პარლამენტში თუ ქუჩაში. პარლამენტმა ხომ სავალალოდ მოიჭრა თავი „სამაგალითო ჩხუბით“, დედ-მამის გინებით და ა.შ.

ყოველივე ამის საფუძველი კი იმ ყმაწვილი ჟურნალსტის მიერ თავხედურად დასმული კითხვა იყო, პრემიერს რომ მიმართა. შემაშფოთებელი იყო კითხვის პასუხები – კოალიციის წევრი პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. განსაკუთრებით დამაფიქრებელი გამოდგა პარლამენტის თავმჯდომარის უსუფაშვილის საჯარო განცხადება – ჩხუბგამოვლილი პარლამენტარების წინაშე – დიახ, პუტინი არის მტერი, პუტინი არის მტერი, პუტინი არის მტერი. და ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

არანაკლები იყო მინისტრ სერგეენკოს ნათქვამიც – რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს დაპყრობილი – მტერია. მეორე მინისტრმა, ზაქარეიშვილმა საინტერესო რამ თქვა – თურმე პიროვნება არ შეიძლება იყოს მტერი. საქართველოს მტერი პუტინი კი არა, რუსეთია და ა.შ.

მოკლედ, ჟურნალისტის შეკითხვამ შეაჯანჯღარა საქართველო – გოჭისა და ინდაურის ფიქრში ჩაფლული, გაახსენა ის უდიდესი პრობლემა, რომელიც იყო, არის და იქნება მის წინაშე, და რომელიც შექმნა წინა ხელისუფლებამ, იმის წინამ და ამჟამინდელმა არაფერი გააკეთა მის მოსაგვარებლად.

არ იქნებოდა პრეს-კონფერენცია და არ იქნებოდა ძველი ჭრილობების გახსენება, თანაც საახალწლოდ, თოვლის ბაბუის მიერ მორთმეული საჩუქარივით. იყო კი საჭირო ესოდენ „სანატრელი“ საჩუქრის მიღება აუცილებელი? ალბათ, არა.

ქვეყნის ტერიტორიული საკითხების მოსაგვარებელი თემების გაჟღერება სხვა დროს და სხვა ვითარებაში უნდა ხდებოდეს. არც პრეს-კონფერენციების ჩატარებაა აუცილებელი მაშინ, როდესაც მთავრობას სათქმელი არაფერი აქვს.

საქართველო რა ხანია გაჟღენთილია „პუტინის მტრობით“, მაგრამ ერთი წუთითაც არ ფიქრობს, რით არის ეს გამოწვეული. მას არ უნდა აღიაროს – არავითარ მტრობას ადგილი არ ექნებოდა, რომ არა თვით ქართველი ხალხის „რჩეულის“ სააკაშვილის მოღალატური ნაბიჯი. არ ყოფილიყო ცხინვალის დაბომბვა და ქალაქში ქართული ტანკების ჯირითი, არ იქნებოდა „მტერი“ პუტინი. ისე, კაცმა რომ თქვას, მაშინ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო, რომელმაც მიიღო საპასუხო შეტევის გადაწყვეტილება.

„მტერი რუსეთი“. თუ დღემდე რუსეთს მტრად იშვიათად მოიხსენიებდნენ, დღეს პოლიტიკოსებთან ერთად ხალხიც ასე თვლის. არადა არავითარ მტრობას არ ექნებოდა ადგილი, ჩვენ რომ საკუთარი ხალხისა და მიწისთვის არ გამოგვეცხადებინა მტრობა – ჯერ სამხრეთ-ოსეთში, შემდეგ აფხაზეთში, შემდეგ ისევ სამხრეთ-ოსეთში.

„ჩვენი ტერიტორიები იყოო და რასაც გვინდა იმას გავაკეთებდითო“, – აცხადებდნენ ნაცები. ამ სულისკვეთებით დამუხტულნი არ უნდა ფიქრობდნენ ევროკავშირთან ან ნატოსთან ინტეგრაციაზე. ამ იდეებით დამუხტულ სერბეთს შავი დღე აყარეს და ისე დააქუცმაცეს, რომ წინაპარნიც ვეღარ იცნობენ.

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა სხვაგვარადაა აწყობილი, თანაც ისე, ქართველ პოლიტიკოსთა მენტალიტეტი რომ ვერ ჩაწვდება. ჩვენი ბედი – საქართველო რომ რუსეთს ემტერება (და არა პირიქით) და რომ ამერიკა რუსეთის მტერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ ისეთ დღეში ჩაგვაგდებდნენ ჩვენი დასავლელი „მეგობრები“, იუგოსლავიის ბედი სანატრელი გვექნებოდა.

„ისტორიულად რუსეთი ჩვენი მტერი იყო“ – გახსოვთ სააკაშვილის სიტყვა პრეზიდენტ ბუშის თანდასწრებით და მისი სულის გასახარად ნათქვამი „თავისუფლების მოედანზე“. საქართველოს დამპყრობელთა და დამაქცევართა შორის  რუსეთიც იყო მოხსენიებული. ცხადია, ასეთი შეფასების შემდეგ ძნელია თუნდაც, რაღაც ურთიერთობების ჩამოყალიბება.

23 წელიწადია საქართველოს ხელისუფლება გვაცხოვრებს ანტირუსული ისტერიის სამყაროში. ოდნავ გონიერმა საშუალო და მეტი ასაკის ადამიანმა კარგად იცის ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ; იცის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ისიც იცის, დადებითი რომ საგრძნობლად აჭარბებს უარყოფითს. მაგრამ ეს ხომ არ იცის ახალგაზრდობამ?! არ იცის და სწორედ ამიტომაც არჩიეს ის ქვეყნის სამართავად ამერიკელმა და ევროპელმა „პარტნიორებმა“, ცხადია სააკაშვილის ხელისუფლების უკიდურესი მხარდაჭერით. ვინც იცოდა – პოლიტიკურ, ცხოვრებისეულ სანაგვეზე მოისროლეს. მათი შემცვლელნი კი – ამერიკული ავადმყოფობით დაავადებულნი, ანტირუსულად დარაზმეს.

2014 წელი ხელისუფალთა ყოყმანის, შიშის, უცოდინრობის წლად შეფასდება, რაც არ არის გასაკვირი. ხელისუფლებას ეშინოდა ოპოზიციის, სტრატეგიული პარტნიორის, შინაურის და გარეულის, ეშინოდა სააკაშვილის, ადეიშვილის, სხვა გაქცეული ნაცების და პარლამენტში შეყუჟულების. მაგრამ ხელისუფლებას არ ეშინოდა ხალხის, ვინაიდან თვლიდა, რომ მან (ხელისუფლებამ) ბევრი გაუკეთა მას – მოაშორა რა სააკაშვილი.

დიახ! ივანიშვილის ძალისხმევით ხელისუფლებას ჩამოაშორეს სააკაშვილი, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ას და ათას სააკაშვილად ექცა საზოგადოებას და დღენიადაგ ტვინს უბურღავს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით.

ხალხი, რომელსაც ხელისუფლების არც რიდი აქვს და არც შიში – სხვას მოითხოვს და თანაც დაბეჯითებით – დამნაშავე ნაცების დასჯას. ხელისუფლება გრძნობს, რომ ამის გამკეთებელი არ არის, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავს აჩვენებს მას (ხალხს), თითქოს სურს ამის გაკეთება.

ხელისუფლებას არც იმ სახალხო რისხვის ეშინია, რასაც საკუთარი თავის უზომო პატივისცემა ჰქვია. ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში საკუთარი ხელფასების, ხელფასებზე დანამატების და  პრემიების საკუთარი თავისთვის მინიჭებით იყო დაკავებული. ერთი სიტყვით, ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს 2015 წელი არ გათენდებოდა და მოსასწრები 2014 წელს უნდა მოესწროთ. ეს არის ერთადერთი სფერო, რომელშიც ხელისუფლებამ უდიდეს წარმატებას მიაღწია.

ისე, კაცმა რომ თქვას – შიში პოლიტიკური პარტიისთვის, მითუმეტეს ხალხის მხრიდან, რა მოსატანია? მაგრამ ქართული პოლიტიკური ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, ვიყენებ მას, თან ვაღიარებ, რომ დავით ბერძენიშვილის ტერმინოლოგიით ვარ „მონუსხული“. აკი მან ასე ბრძანა: – „რუსეთს იმდენად ეშინია ნატოსი, რომ აკანკალებს კიდეც“.

თუ უზარმაზარ რუსეთს, კბილებამდე შეიარაღებულს ნატოსი ეშინია, რატომ არ უნდა ეშინოდეს ჩვენს ხელისუფლებას ქართველი ხალხის? იქნებ ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, ძველი მადლი (სააკაშვილის გაგდება) ყოველ დროსა და ვითარებაში გაჭრის?

ერთი ცუდი თვისება აქვს ადამიანთა კრებულს, ხალხს – გუშინდელს (ცუდსაც და კარგსაც) მალე ივიწყებს და იმ თეორიას მიჰყვება, სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯი რომ ჰქვია. ასე, რომ ამაოდ ცდილობს „ნაცთა“ ჩამნაცვლებელი „ოცნება“ ძველი სიკეთით ფონს გასვლას.

2014 წელი აუცილებლად დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლად არსებობის დასასრულის წელი. რა გიკვირს, პატივცემულო მკითხველო, საქართველო ხომ დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ჩაბარდა სხვას, მაგრამ ის ფაქტიური ანუ დე-ფაქტო ჩაბარება იყო, 2014 წელი კი  – იურიდიული ანუ დე-იურე.

სხვას ვერაფერს ვიტყვი ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე. ასოცირება არ ნიშნავს წევრობას. ასოცირებიდან, წევრობამდე წლები იქნება გასავლელი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ქართული მეტიჩრობიდან და ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ისე გაჰარმონიზირდება ქართულ-ევროპული კანონმდებლობა, რომ შემქმნელიც ვეღარ იცნობს საქართველოს.

ეს რაც შეეხება ევროპული კანონების ქართულად აღიარებას, მაგრამ მარტო კანონები? მიღებულ-მიუღებელი ევროპული ქცევა საქართველოსთვის კანონად იქცევა. საქართველო დაემორჩილება იმ ევროპულ სისტემას, რასაც ცენტრალიზებული, ვერტიკალური დიქტატი ჰქვია. და რაც მეტად აშფოთებს ლონდონს, პარიზს, მადრიდს, რომს, სხვა „ძველი“ ევრობის დედაქალაქებს.

დამოუკიდებლობის დაკარგვის საბაბით ბრიტანეთის პრემიერი საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირზე გულმოსულ ინგლისელებს ამ კავშირში ყოფნა-არყოფნის რეფერენდუმის ჩატარებას ჰპირდება. ცნობილი „გელაპის“ ინსტიტუტის გამოკითხის მიხედვით, ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია ევროკავშირში ყოფნის. იტალიელები ხელმოწერებს აგროვებენ ევროზონიდან გამოსასვლელად, ხოლო ევროკავშირში მყოფი ფრანგი პარლამენტარები, ევროკავშირის დაშლით იმუქრებიან. საქართველო კი პირიქით, ევროკავშირში შესვლისთვის თავს იკლავს და იმედოვნებს რომ ოცნება მალე აუხდება.

ჩვენი ხელისუფლება არასდროს გამოირჩევოდა დამოუკიდებელი აზროვნებით, მაგრამ ასოცირებულად გახდომამ, ეს თემა კიდე უფრო გაააქტიურა. ავიღოთ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების საკითხი. 2014 წელი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთიდან შემოსული დადებითი იმპულსების გაუზიარებლობის წლად. 2014 წლის თებერვალში გაჟღერდა პუტინის დადებითი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: – “ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვეტთ ამ საკითხსო“.

ვერ გადაწყვიტეს. იქნებ გადაწყვიტეს და ხალხს არ აგებინებენ? იქნებ პუტინის მზაობას ამერიკელმა პარტნიორებმა რახანია უარი შეაგებეს, მაგრამ ამის თაობაზე არავინ ეუბნება ხალხს?

პუტინმა ასეთი მზაობა არაერთხელ გამოთქვა. უკანასკნელად სულ ახლახანს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რამაც თავგზა აუბნია ისედაც დაბნეულ საქართველოს მთავრობას. და ისმის გაურკვეველი, აბდაუბდა პასუხები – შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეოკუპაციაზე იქნება საუბარი; შეხვედრისთვის სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი; შეხვედრა მოსკოვში არ უნდა გაიმართოს, ა.შ.

თუ სამუშაოებია ჩასატარებელი, რაღას უცდი – ჩაატარე! თუ მოსკოვში არ გინდა ჩასვლა და სხვაგან შეხვედრის თანახმა ხარ – ისიც თქვი! თქვი, რაღაც ოფიციალური და არა რაღაც ორღობის ჭორების მსგავსი.

როგორც იქნა თქვა – ოღონდ შორი გზის მოვლით, ირიბად, მაგრამ კატეგორიულად – პუტინი მტერია. მტერთან შეხვედრა კი არცთუ მისაღები, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში.

ასე და ამრიგად ერთწლიან თავსატეხს ხელისუფლებამ, როგორც იქნა გასცა პასუხი – ნეგატიური. ნეგატიურიც პასუხია, მაგრამ ხალხისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ნეგატიურის მომტანი. რა გაეწყობა, როდესაც სხვაზე ხარ პოლიტიკურად ჩამოკიდებული, ანუ სუვერენიტეტი გაქვს დაკარგული, მსგავსი პასუხი რა გასაკვირვევია?

2014 წელი სხვა მრავალი წვრილმან-მსხვილმანი თემებითაც იყო აღსავსე, მაგრამ ისინი ახლოსაც ვერ მოვლენ ისეთთან – პუტინი მტერია და ასოცირებული წევრობა რომ ჰქვია. რა გაეწყობა, ასეთია ქართული პოლიტიკა, ასეთი იქნება 2015 წელსაც და მომდევნო წლებშიც, შესაძლოა სამარადისოდაც, თუკი მას ხალხმა არ დაუსვა წერტილი – მსუყე და თვალშისაცემი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.