22.12.2024

მანჩესტერის ტერაქტი

მანჩესტერში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა დიდი გნიასი გამოიწვია დიდ ბრიტანეთში, აშშ-ი, ევროპასა და მსოფლიოს ქვეყნებში. გაკეთდა შესაბამისი მკაცრი განცხადებები ინგლისის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუილ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, ევროკავშირის ერთ-ერთი ბობოლა ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის, ჩინეთის თავმჯდომარის სი ძინპინის, სხვების და სხვების მხრიდან. სამძიმარი გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ინგლისის პრემიერს დახმარებაც აღუთქვა ტერორიზმთან ბრძოლაში, ცხადია თუკი მეის თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება.

ტელეკომპანია BBC, რომელიც ფართოდ აშუქებდა მანჩესტერის ტერაქტს, მთელი დღის განმავლობაში, ასახელებდა იმ ქვეყნების მეთაურების გვარებს, რომლებმაც დაგმეს ტერაქტი და სამძიმარი გამოხატეს ინგლისელთა მიმართ იმ თანმიმდევრობით, როგორიც ზემოთ დავაფიქსირე.

ტერეზა მეის ერთ-ერთმა პირველმა ვინც მიუსამძიმრა ვლადიმირ პუტინი იყო, მაგრამ რატომღაც ის ამ ჩამონათვალში არ მოხვდა. რას ნიშნავს ეს? არის თუ არა პოლიტიზირებული ისეთი პროცედურაც კი, რასაც მისამძიმრება ჰქვია?

ვგონებ კითხვაც უადგილოა, ვინაიდან ტენდენციურ დასავლურ პოლიტიკაში მისამძიმრებაც კი მკაცრ პროტოკოლურ შემოწმებას ექვემდებარება და რომ ეს ასეა, კიდევ  ერთხელ დაგვარწმუნა ტელეკომპანია BBC-ის მიერ გაშუქებულმა ტერორისტული აქტის პერიპეტიებმა.

მკითხველმა (არა ყველამ) შეიძლება თქვას – მერე რა მოხდა, ხომ შეიძლება რუსეთის პრეზიდენტის მოხსენიება გამორჩენოდა ტელეკომპანიასო? თუ სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის გაშავებას ცდილობს, პუტინის გვარი არ ავიწყდებათ?

ნუ იფიქრებთ – პუტინის და რუსეთის დამცველი ვარ, მათ ჩემი დაცვა არ სჭირდებათ, უბრალოდ ობიექტურობა მალაპარაკებს და აქედან გამომდინარე მსოფლიო პოლიტიკური ვითარება. ვერ იქნება მსოფლიო ტერორიზმისგან დაცული მსგავსი „ობიექტური“ პოზიციის დროს.  არადა, ერთად აღებული დასავლური პოლიტიკა ხომ ისეთ „ობიექტურობაზეა“ დაფუძნებული, ობიექტურობასთან არაფერი რომ არ აკავშირებს?!

ერთად უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმსო! – იყო მკაცრი და შეუვალი განცხადებები კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, თან ისეთი, რომ კაცს აფიქრებინებდა – დღეს თუ არა ხვალ შეიქმნება მსოფლიო ქვეყნების კოალიცია და ტერორიზმს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოეცხადება.

მანჩესტერის ტერორისტული აქტიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ არსად ჩანს „კოალიცია“ ან თუნდაც ერთად ბრძოლის პრაქტიკული შედეგები. რა კოალიციაზეა ლაპარაკი ან ერთად ბრძოლაზე, როდესაც რახანია არსებობს კოალიციაც 60-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით და „ბრძოლაც“ – დაუნდობელი, ანტიტერორისტული. ოღონდ ერთია ამ კოალიციის და მისი მეთაურის აშშ-ს ქმედება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, უფრო ჭიქაში აბობოქრებულ ქარიშხალს წააგავს. ვერ ტოვებს აშშ-ს მეთაურობით შექმნილი კოალიცია ისეთ შთაბეჭდილებას, ტერორიზმს რომ გულს უხეთქავდეს. ანდა, როგორ შეაშინებ ტერორისტს, რომელიც შეგნებულად მიდის სიკვდილზე, თან უამრავ მსხვერპლს იყოლიებს?

კოლექტიური დასავლეთი, რატომღაც „თავის“ ანტიტერორისტულ ბრძოლას ნამდვილ ბრძოლად მიიჩნევს, ხოლო სხვისას, მაგალითად რუსეთის, ირანის, სირიის, არაფრად აგდებს. ამ ორი კოალიციიდან, მეორე გაცილებით ეფექტიანად ეომება ტერორიზმს, ვიდრე პირველი და ამ ომს აქვს პრაქტიკული შედეგებიც – ტერორისტებისგან განთავისუფლებული სირიის ქალაქების სახით – ალეპო, პალმირა, ჰომსი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაშინ, როდესაც ამერიკულმა კოალიციამ კარგა ხანია ვერაფერი მოუხერხა ერაყის ქალაქ მოსულში გამაგრებულ ტერორისტებს.

ტერორიზმთან ბრძოლას ართულებს პოლიტიკური ორპირობაც, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სირიაში. როდესაც აშშ-ი დაბომბავს შეტევაზე გადასულ სირიის სამთავრობო ძალებს იმ მოტივით, რომ შეაფერხოს მისი სვლა ე.წ. ანტიასადური ძალების წინააღმდეგ – თავისიანებად რომ მიიჩნევენ ამერიკელები, ხოლო სინამდვილეში ტერორისტები არიან, ტერორიზმის საქმე მუდამ წარმატებული იქნება.

ორ წელზე მეტია რუსეთი თხოვს აშშ-ს წარუდგინოს სია სირიის პროვინციებში მებრძოლი „კეთილი“ და „ბოროტი“ ტერორისტების ანუ იმათი, ვისაც აშშ-ი თავისიანებად მიიჩნევს, მაგრამ პასუხი არ ჩანს. ვერც მჭიდრო კოორდინაციას ვხედავთ რუსეთ-ამერიკის სამხედროებს შორის, არადა ამის გარეშე წარმატებულ დასასრულზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ის, რაც სირია-ერაყში ხდება ძნელად შეიძლება ჩაითვალოს ტერორიზმთან ბრძოლად. ეს უფრო პოლიტიკური ბრძოლაა, გავლენის გაფართოებისკენ მიმართული და არა ტერორიზმის წინააღმდეგ. პირიქით – სწორედაც ტერორიზმია გამოყენებული გავლენის გაფართოების მიზნით.

ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი პირდაპირ, საჯაროდ აცხადებს, რომ წინამორბედმა ობამამ შექმნა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, რომლის ჩამოყალიბებას ცხადია ხელი შეუწყო ობამას წინამორბედის ბუშის შეტევამ ტერორიზმზე ერაყსა და ავღანეთში. ამ უკანასკნელში აშშ-ი 16 წელია იბრძვის. ერაყში შეჭრამ წაახალისა სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციები, გაააქტიურა ავღანეთში მოქმედი „ალ-ქაიდა“, გააფართოვა მისი ბრძოლის არეალი.

რაც შეეხება თვით ავღანეთს – ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ აკვანს, უმძიმესი ვითარებაა. დღე ისე არ ჩაივლის, რომელიმე პროვინციაში ადგილი არ ჰქონდეს ტერორისტულ აქტს, გაცილებით უფრო სისხლიანს, ვიდრე მანჩესტერის ან ნებისმიერი ევროპული ქალაქის, ერთად აღებულს. ასი და ასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი – ჩვეულებრივი რამ არის, რასაც არ ახლავს ისეთი გამოძახილი, როგორიც მანჩესტერისას ან ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნისას.

ტერაქტებში დაღუპული სირიელები, ერაყელები, ავღანელები, სხვები ისეთ აღშფოთებას, გამოძახილს არ იწვევს ევროპელებსა და ამერიკელებში, როგორც ევროპის ქვეყნებში. განა ისინი ადამიანები არ არიან?

და როდესაც ესოდენ განსხვავებული მიდგომაა ევროპელ და ავღანელ, ერაყელ, სირიელ მსხვერპლს შორის, ძნელია ილაპარაკო ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებულ ბრძოლაზე. რა გამოდის – აშშ-ი ყველა პრეზიდენტი ქმნიდა ტერორისტულ ორგანიზაციას?

ზემომოყვანილი მაგალითები სწორედ ამაზე მიუთითებს ისე, როგორც „ალ-ქაიდას“ შექმნა ავღანეთში. ბინ ლადენი და „ალ-ქაიდა“ ხომ ამერიკის ადმინისტრაციისა და სპეცსამსახურების მუყაითი შრომის ნაყოფია?

აღნიშნულის თაობაზე არაერთი ნაშრომი და წიგნია გამოცემული თვით აშშ-ი. რისთვის შეიქმნა „ალ-ქაიდა“?

ავღანეთში არსებული საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ. დღეს, აღარც საბჭოთა კავშირია, მითუმეტეს აღარც საბჭოთა ჯარია ავღანეთში, აღარც მსოფლიო პირველი ტერორისტი ბინ ლადენია ცოცხალი, მაგრამ არის „ალ-ქაიდა“, მძლავრი ტერორისტული ორგანიზაცია მთელს მსოფლიოს მოდებული. „ალ-ქაიდას“ ფილიალი „ჯებხატ ან-ნუსრა“ იბრძვის სირიაში ისე, როგორც შედარებით ახალი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“.

„ალ-ქაიდას“ არსებობა კარგად იყო ცნობილი შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლების ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ ორგანიზაციის ტერორისტებს საქართველოს გავლით ჩეჩნეთში გადასვლაში. მაშინ რუსეთის ხელისუფლება მიმართავდა ამერიკა-დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებს ინფორმაციის გაცემას „ბოევიკების“ საქართველოში გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ორივენი იყენებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციას პოლიტიკური მიზნებისთვის – ბრძოლა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

ჩეჩნეთის ომების დროს სულ სხვაგვარი განმარტება ეძლეოდა ტერორისტულ მოქმედებას – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. იჩქერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი დიდი პატივით სარგებლობდა დასავლეთში. მას ხელგაშლილი ხვდებოდნენ თურქი, ამერიკელი, ინგლისელი მაღალი რანგის პოლიტიკოსები. იმჟამინდელი ტერორისტი ახმედ ზაკაევი დღესაც ინგლისშია და არარსებული „იჩქერიის“ წარმომადგენელია. რამდენჯერ სთხოვა ინგლისის მთავრობას რუსეთის ხელისუფლებამ დამნაშავე ზაკაევის გადაცემის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.

ზემომოყვანილი ფაქტები ზღვაში წვეთია იმ უამრავ ჩამონათვალს შორის, ტერორიზმთან დასავლეთის მჭიდრო კავშირს რომ ასახავს. და როდესაც მსგავს ორპირობას აქვს ადგილი, ძნელია გაერთიანებული ანტიტერორისტული მოქმედება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ლაპარაკი და მოწოდებაა იოლი, პრაქტიკული ქმედება კი – რა მოგახსენოთ.

დასავლეთს აწყობს ტერორისტული ორგანიზაციები – საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ერთ-ერთი იყო და არის სირია და მისი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი. ექვსი წლის წინათ დაიწყო დასავლეთმა ბაშარ ასადის წინააღმდეგ შეტევა, ტერორისტების დახმარებით. ჯერ ქვეყნის შიგნით არსებულ ანტიასადურ ბოევიკებს შეასხეს იარაღი, შემდეგ 100-ზე მეტი ქვეყნის ტერორისტი მიუსიეს მას, მაგრამ ასადმა გაძლო.

დღეს, მას მხარს უჭერს რუსეთი, ირანი და იორდანიაში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლა“. ეს კოალიცია საკმაოდ წარმატებით მოქმედებს, რაც დიდ გაღიზიანებას იწვევს აშშ-ი. იქ, სადაც რუსეთი არ იყო ჩართული, დასავლეთმა, ადგილობრივი ტერორისტების გამოყენებით, ბოლო მოუღო იქაურ ხელისუფლებას. მხედველობაში მაქვს ლიბია, ერაყი. ორივე ქვეყნის მმართველი წამებით მოკლეს. ორივე ქვეყანა გააუბედურეს, მიწასთან გაასწორეს, ნოყიერი ნიადაგი შეუქმნეს ქვეყანაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ამ ქვეყნების დაქუცმაცების საფრთხე შექმნეს. არადა კადაფის ლიბია აფრიკის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო იყო, ხოლო ერაყი – ახლო აღმოსავლეთის.

ტერორიზმის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების საქმეში აშშ-ს გვერდში უდგანან მდიდარი საუდის არაბეთი, ყატარი, სპარსეთის ყურის საამიროები. სწორედ მათი მეშვეობით ხდება სირიაში, ერაყში, სხვაგან მებრძოლი ტერორისტების იარაღით მომარაგება, დაფინანსება, ინფორმაციის მიცემა და სხვა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ომის წარმოება. ისე, კაცმა რომ თქვას, ნაცვლად ზეპირი მოწოდებისა, დასავლეთმა რომ თუნდაც ერთი დღე ტყვია-წამალი არ მიაწოდოს „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რით იომებდნენ ისინი?

საუდის არაბეთში ვიზიტად მყოფმა ტრამპმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი – ამ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. თანხა მეტად სოლიდურია – 280 მილიარდი დოლარი. რაში სჭირდება ისედაც კბილებამდე შეიარაღებულ საუდის არაბეთს დამატებითი შეიარაღება? მიწოდებული იარაღიდან რა რაოდენობა წავა ტერორისტებისკენ?

აი, ის შეკითხვები, რომლებიც უნებლიედ ჩნდება.

ტრამპი ხარობს – 280 მილიარდი პატარა საქმე არ არის. ის, ამერიკის სამხედრო კომპლექსსაც წაადგება და ტრმპის იმიჯსაც, მაგრამ ტერორიზმთან ბრძოლას?

ტერორიზმთან ბრძოლას მაშინ ექნება ეფექტი, როდესაც ყველა ერთად დაიწყებს ამას, არ გამოიყენებს მას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის; არ გააკეთებს ისეთ განცხადებას, როგორიც გააკეთა ტრამპმა საუდის არაბეთში, როდესაც ტერორისტად მოიხსენია ირანი, ქვეყანა, რომელიც არა სიტყვით, არამედ საქმით იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ.

ტრამპმა ლამის აშშ-ს ნომერ პირველ მტრად ირანი დაასახელა, რაც უდავოდ პოლიტიკური მიზნების გამომხატველია და არა ობიექტურობიდან გამომდინარე ნათქვამი.

ირანი ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან ერთად ეხმარება სირიას, ებრძვის რა ტერორისტულ ორგანიზაციებს. ამით იზრდება ირანისადმი სირიის ხელისუფლების პოლიტიკური განწყობა.

ერაყის ხელისუფლებაც თანამშრომლობს ირანთან, რაც გულზე არ ეხატება აშშ-ს. მისი სურვილი მარტივია – რუსეთის, ირანის პოზიციების დაკნინება ახლო აღმოსავლეთში და ამ საქმეში ტერორიზმის ჩართვა. ასეთ ვითარებაში „საერთო“ ძალებით ტერორიზმის დამარცხება უტოპიაა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.