კუბის კრიზისიდან ვარშავის სამიტამდე

ნატოს ვარშავის სამიტზე სენსაციური არაფერი მომხდარა. გადაწყვეტილებები, მიღებული ვარშავაში, კარგა ხნის წინათ იქნა შემუშავებული აშშ-ს და მისი ნატოელი პარტნიორების მიერ. სამიტმა, უბრალოდ დაამტკიცა ისინი – უპირველესად 4000 სამხედროს ბალტიისპირა ყოფილ სამ საბჭოთა რესპუბლიკასა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და პოლონეთში განთავსება.

4 ბატალიონი აღიჭურვება ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკით, სხვა შეიარაღებით, რითაც დაირღვევა ევროპაში აქამდე არსებული თანაფარდობა ნატო-რუსეთს შორის. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამის თაობაზე. ბალანსის აღდგენის მიზნით მან საკუთარ საზღვრებში ჯარის გადაადგილების გადაწყვეტილებაც გვამცნო, რაც ნიშნავს შემდეგს – რუსი სამხედროების მიერ სასაზღვრო რაიონებთან პერმანენტულ დაბანაკებას, შესაბამისი შეიარაღებით.

ნატოს გადაწყვეტილებამდე რუსეთი, პარიტეტის დაცვის მიზნით, თავს იკავებდა მსგავსი ქმედებისგან. დღეს, ის აცხადებს, რომ ნატოს საპასუხოდ – ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, იძულებულია გადადგას ნაბიჯები. ასე და ამრიგად, შუაგულ ევროპაში, უფრო სწორად მის აღმოსავლეთის ფლანგზე საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო დაჯგუფებას მოეყრება თავი, რაც თავისთავად დაძაბავს ვითარებას და შექმნის მუდმივი სამხედრო განგაშის მდგომარეობას.

გაუძლებს თუ არა ნატო ან რუსეთი პერმანენტულ დაძაბულობას? ვინ იცის. ერთ მშვენიერ დღეს, პატარა თავშეუკავებლობა შეიძლება საბედისწერო გამოდგეს ორივესთვის. მაგრამ მარტო მათთვის, იქნებ მთელი მსოფლიოსთვის?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მათ შორისაა კუბის 1962 წლის კრიზისი. მესამე მსოფლიო ომის, თანაც ბირთვულის სუნი ტრიალებდა იმჟამინდელ მსოფლიოში, რაც დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს ძალისხმევით შეიქმნა.

ცნობილი ფაქტია – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ს მიერ ანტისაბჭოური დოქტრინის შემუშავება, რომლის უმთავრესი მიზანი ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის დამარცხება იყო. გეგმის მიხედვით, ასი საბჭოთა ქალაქი უნდა განადგურებულიყო ატომური ბომბებით, წერტილი უნდა დასმოდა კომუნიზმის არსებობას.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, აშშ-ა რაკეტები განალაგა თურქეთსა და იტალიაში, საიდანაც განხორციელდებოდა სსრკ-ს სამხრეთის დაბომბვა. იმჟამად აშშ-სსრკ-ს შორის არავითარ სამხედრო, მითუმეტეს ბირთვულ პარიტეტს ადგილი არ ჰქონდა. შეფარდება ამერიკის სასარგებლოდ ღაღადებდა – 5/1-ზე. არათანაბარი პოზიციიდან თავის დაღწევის მიზნით, საბჭოთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მეგობარი კუბის ტერიტორიაზე რაკეტების განლაგება და მათი საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა.

ოპერაცია „ანადორი“ ისე საიდუმლოდ წარიმართა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახური აზრზეც ვერ მოვიდა საბჭოთა რაკეტების კუბაზე ჩატანა-განთავსების გამო. აღნიშნული ბირთვული რაკეტების მომსახურების მიზნით კუბაზე 44000 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე იყო გადასროლილი.

ამერიკელებს არა მარტო საბჭოთა კავშირის დაბომბვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, არამედ კუბის. მათთვის მიუღებელი იყო რევოლუციური მთავრობა, ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით.

საბჭოთა რაკეტების კუბაზე არსებობა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ამერიკის დაზვერვის მიერ, რამაც სერიოზული განგაში გამოიწვია. ამერიკელი გენერლები დაბეჯითებით მოუწოდებდნენ პრეზიდენტ კენედის საბჭოეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას. პრეზიდენტის „ოვალურ კაბინეტში“ საგანგებო შეკრების დროს სამხედროთა მოთხოვნა კატეგორიული იყო. მსოფლიო ბირთვული ომის წინაშე აღმოჩნდა და რომ არა პრეზიდენტ კენედის პრაგმატული გადაწყვეტილება, მსოფლიო მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

პრეზიდენტი სასწრაფოდ დაუკავშირდა საბჭოთა ხელმძღვანელს ხრუშჩოვს და მოლაპარაკება შესთავაზა. კრემლმა მიიღო თეთრი სახლის წინადადება. კენედი-ხრუშჩოვის მოლაპარაკება პოზიტიურად წარიმართა. აშშ-ა უარი განაცხადეს საბჭოეთზე თავდასხმაზე, გაიტანეს რაკეტები თურქეთიდან და იტალიიდან, ხოლო საბჭოთა კავშირმა გამოიტანა რაკეტები კუბიდან. აშშ-ა განაცხადეს, რომ ხელს აიღებდნენ კუბაზე შეჭრის გეგმიდან.

კუბის კრიზისი აშკარა დასტურია იმისა, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო დიდი სახელმწიფოს დაუფიქრებელი მოქმედების შედეგად. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ორთა შორის იყო დაძაბულობაც და დაძაბულობის განელების პერიოდებიც, იყო ძალთა დემონსტრირებაც და იყო მოლაპარაკებების შედეგად მოპოვებული სულის მოთქმის ჟამიც, მაგრამ 1962 წლის კუბის კრიზისის შედეგად შექმნილ დაძაბულობას ადგილი აღარ ჰქონია.

ვითარება კარდინალურად შეიცვალა საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ. „ცივ ომში“ გამარჯვებულმა ამერიკამ ისეთი თვალით შეხედა რუსეთს, როგორც მიღებულია  გამარჯვებულ-დამარცხებულს შორის, თუმცა გამარჯვებულის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალი საუკუნის დასაწყისიდან მკვეთრად შეიცვალა რუსეთის საშინაო პოლიტიკა, სამხედრო საქმისადმი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე საგარეო პოლიტიკა. პუტინის რუსეთმა არ ისურვა აშშ-ს ვასალობა და საკუთარი საგარეო კურსით აგრძნობინა ვაშინგტონს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის თაობაზე.

დამოუკიდებელთან და სუვერენულთან სალაპარაკო ენა აშშ-ს განსხვავებული აქვს. მასში ჭარბობს სამხედრო ლექსიკა, ძალისმიერება. პირველი გამოვლინება ამისა ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის დროს მოხდა – ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების პროექტის სახით. რესპუბლიკელი ბუშის პროექტს რეალური მხარდაჭერა დემოკრატმა ობამამ აღმოუჩინა. სწორედ მისი გადაწყვეტილებით დაიწყო რუმინეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო „ქოლგის“ დისლოცირება – შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის გათვალისწინებით.

 არაერთი მოლაპარაკება გაიმართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკულმა მხარემ არ გაიზიარა რუსეთის წინადადება – ოფიციალური დოკუმენტის შექმნის თაობაზე. რუსეთი ამერიკისგან ითხოვდა ზეპირი განცხადების დოკუმენტად ქცევას, სადაც ჩაიწერებოდა, რომ ევროპაში განთავსებული ამერიკული რაკეტები არ იქნება რუსეთზე დამიზნებული.

„დოკუმენტი საჭირო არ არის, ვინაიდან ვერბალურად ვაცხადებთ, რომ ევროპაში განთავსებული ანტისარაკეტო სისტემა ირანის რაკეტების გასანეიტრალებლად გამოიყენება და არა რუსეთისო“, – აცხადებდა აშშ-ი.

ვარშავაში გამგზავრებამდე, გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლის დროს, კანცლერმა მერკელმაც იგივე განაცხადა, თან ისიც დაუმატა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ევროპასა და მსოფლიოში მტკიცე მშვიდობა შეუძლებელია.

ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემებს ნატოს 4000-იანი სამხედრო ბატალიონიც დაემატა, ვითომდა რუსული აგრესიის შესაკავებლად. „უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, გვეშინია, რუსეთმა მსგავსი რამ ჩვენს მიმართ არ განახორციელოსო“ – რახანია გაჰყვირიან ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და პოლონეთი. მათ მხარს უბამს ნატოს დანარჩენი წევრი ქვეყნები და ამ ისტერიულ წიკვინს აშშ-ი დირიჟორობს.

ბალტიისპირელთა „შეშინებულ“ კივილს ხმას უერთებს საქართველოს დასავლური ხელისუფლება – „არიქა, გვიშველეთ, რუსები მოდიანო“.

რა ქნას, რა გზას დაადგეს „სტრატეგიული მოკავშირეების“ ბედით „შეღონებული“ აშშ-ი? ერთადერთი გამოსავალი – რუსეთის სამხედრო-სარაკეტო რკალში მოქცევაა, იარაღის ძალით ჯიუტი, ურჩი პუტინის დაჩოქება.

დღეს ძნელია, ზუსტად განსაზღვრა იმისა, დასავლეთში პირველმა ვინ დაიწყო კივილი – „რუსი მოდისო“, რომ რუსეთი ცალმხრივად აპირებს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას და ა.შ. მოწიკვინის როლზე ყველა ერთად აცხადებდა პრეტენზიას. თვით დაიწყეს მათ კივილი თუ სხვამ ააკივლა ისინი?

სარწმუნო წყაროების მიხედვით, კივილის ორგანიზატორები ვაშინგტონში არიან. მათ ააკივლეს აღმოსავლეთ ევროპა და მათვე განაცხადეს – ჩვენ რა ვქნათ, ჩვენი მოკავშირეები ხომ უნდა დავიცვათო?

ასე და ამრიგად, კივილის შემკვეთები „გამოუვალ“ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და იძულებული შეიქმნენ ანგარიში გაეწიათ მომკივანთათვის. მომკივანთა შორის ლიტვის პრეზიდენტი, ქალბატონი გრიბაუსკაიტე გამოირჩევა, რომელსაც პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ელანდება რუსული ტანკების ვილნუსში შეჯლიგინება. მისი ისტერიული კივილი გადამდები აღმოჩნდა მეზობელი ქვეყნებისთვის და არა მარტო მათთვის, ჩვენთვისაც.

რამ შეაშინა მოსკოვში უმაღლესგანათლებამიღებული და მარქსიზმში საკანდიდატოდაცული, მოჭიდავე (ის ჭიდაობით იყო გატაცებული) ქალბატონი? ვინ-ვინ და მან კარგად უნდა იცოდეს რუსული ხასიათი, მაგრამ ეს რა შუაშია, თუკი „პარტია“ მოითხოვს?! (ამ შემთხვევაში „პარტია“ აშშ-ა.)

ბალტიისპირელთა ხმას თავისას აყოლებს ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი. მისთვის, ვარშავის სამიტი პირველია და აქედან გამომდინარე თავი ხომ უნდა დაამახსოვროს „დიდ ბიძიებს“ და „დეიდებს“, მერკელ-მოგერინის სახით? საიდან, ესოდენი რუსოფობია? „წითლად“ განწყობილ ოჯახში ხომ სხვა სული ტრიალებდა?

სტოლტენბერგის და (კამილა) აქტივისტი იყო „წითელი ახალგაზრდობის“ – მარქსისტულ-ლენინური ახალგაზრდული ორგანიზაციის, სადაც ყმაწვილი იენსიც აქტიურად მოღვაწეობდა, მონაწილეობდა რა ვიეტნამში აშშ-ს ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში; შემდეგ ჟურნალისტობდა გაზეთში, რომელიც მემარცხენეობით იყო ცნობილი. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ის ნატოს და როგორც სარწმუნო წყაროები ამბობენ, გერმანიის კანცლერის მერკელის რეკომენდაციით – თავის დროზე კიდევ ერთი მემარცხენის. მერკელი ხომ აღმოსავლეთ გერმანიიდან არის და ახალგაზრდობაში გდრ-ს კომკავშირის რიგებშია გამოწრთობილი.

დღევანდელი სტოლტენბერგი სხვაა. მოირგო რა გენმდივნის სავარძელი, პირველი რაც თქვა იყო: „რუსეთის შესაკავებლად საჭიროა სამხედრო ძლიერების, მათ შორის ბირთვულის გაზრდა“.

საყურადღებო ფაქტია – ნატოს ბოლო სამი გენერალური მდივანი პატარა სახელმწიფოების წარმომადგენლებია, რაც აშშ-ს ფსიქოლოგიური გათვლის ნაყოფია. პატარა ქვეყნების წარმომადგენლები უფრო დამჯერები არიან – აშშ-ს დავალების უყოყმანო შემსრულებლები. გენერალურ მდივანს, ბირთვულ ღილაკზე თითს არვინ დააჭერინებს, მაგრამ პოლიტიკურ შეკვეთას კი განახორციელებინებს.

შეკვეთა ასეთია – ნატოს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებამდე მიტანა. რას მოუტანს ეს ევროპას, მსოფლიოს – ამაზე არც ბრიუსელი ფიქრობს და არც ვაშინგტონი.

რუსეთმა უკვე დაიწყო სამხედრო ძალების დასავლეთის საზღვრებისკენ გადასროლა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იქ ამჯერად (საზღვრის ორივე მხარეს) დიდძალი სამხედრო იარაღი და ჯარი მოიყრის თავს. გაჩნდება თოფის სასხლეტისთვის თითის გამოჰკრის აშკარა საფრთხე – მაშინ ხომ კუბის კრიზისი მონაგონი იქნება?!

მავანი მეტყვის – თავიც უმტრევიათ რუსეთსა და ნატოს, ჩვენ რაო? ჩვენ ის, რომ ჩართული ვართ ნატოურ ფერხულში. ეს რომ ასეა, დამტკიცდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ქერის ვიზიტის დროს. „ვიცი, რომ ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგახართ. ამჟამად, ამ პრობლემის წინაშე ყველა ჩვენგანი დგას, ამდენად, ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.

ნატოს სამიტის წინ ამერიკელი მაღალჩინოსნის საქართველოსა და უკრაინაში საინსპექციო ვიზიტი აშკარა გამოხატულებაა იმისა, რომ ვაშინგტონი აფასებს საქართველო-უკრაინის ლტოლვას დასავლეთისკენ – „ინარჩუნებთ სურვილს, თქვენი მზერა დასავლეთს მიაპყროთ“, – ქერის ნათქვამი არა მარტო საქართველოს ხელისუფალთაგან მოსმენილის კონსტანტაციაა, არამედ მომავალი პოლიტიკური გეზის რეალიზაციის დირექტივაცაა.

მან შეგვიქო გზა, რომელსაც 25 წელიწადია ვადგავართ და აღნიშნა: „თქვენ განახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები … თქვენი ქმედებები არაა მიმართული დამსჯელობითი მიზნებისკენ და მოქმედებთ თქვენი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

ქერიმ დაგვხედა, გაგვამხნევა, თავისი სათქმელი თქვა, შეხვდა მთავრობასაც და „საკუთარ“ ოპოზიციას „ნაცებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სახით და დარწმუნებული იმაში, რომ ისევ „დასავლეთისკენ ვიყურებით“, გაუდგა უკრაინა-პოლონეთის გზას.

ჩვენ კი, გაბრაზებული ვიძახით – მოლაშვილის მკვლელს და ჯალათ ბოკერიას რატომ შეხვდაო. ბოკერია, სააკაშვილი და მთლიანად „ნაცური“ გუნდი აშშ-ს პოლიტიკის პირმშოა, თან ისეთი ოქროს რეზერვია, რომელმაც ნებისმიერ დროს ხელისუფლება უნდა ჩაანაცვლოს. სააკაშვილები და ალასანიები ამერიკული პოლიტიკის მტკიცე საყრდენია საქართველოში – ანტირუსული ისტერიის გამღვივებლები. ასეთები არ იკარგებიან. ასეთებს პატივს სცემენ ამერიკელები.

ქერის განცხადება „მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან“ დაკავშირებით ისევე ცუდად ასახავს რეალობას, როგორც ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები. მავანს უდავოდ დაებადება ეჭვი, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა არ იცის, რა ხდება საქართველოში. ეჭვი მეპარება, რომ ეს ასეა, ვინაიდან ამერიკის საელჩო სისტემატურად აწვდის ინფორმაციას სახემწიფო დეპარტამენტს. მაშ, რაშია საქმე?

იმაში, რომ არცერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი და მისი გაუარესებული სოციალური მდგომარეობა. ამერიკას არც ის ანაღვლებს, თუ რა დაძაბულობას შექმნის აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის საზღვართან ნატოს 4 ბატალიონის განლაგება. ამერიკა შორსაა. ის თავს დაცულად გრძნობს და სულაც არ ენაღვლება ახალი „ცივი ომის“ წამოწყება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.