ზიუგანოვის ინტერვიუს ირგვლივ

ისე, როგორც ყოველთვის, ბოლო წლების განმავლობაში მძაფრი პოლიტიკური პაექრობის დასაწყისი ამერიკულმა ორგანიზაციებმა IRI-იმ და NDI-იმ გვაუწყეს – ჩატარებული კვლევებით, რომელთა მიხედვით ყველა პარტიას თავისი მიეზღო.

ვინაიდან წინა სტატიაში ხაზგასმით აღვნიშნე ამ ორი ამერიკული ორგანიზაციის „ნაყოფიერ“ მუშაობაზე, ყურადღებას აღარ გავამახვილებ მათი დაკვეთით შესრულებულ სამუშაოს ავკარგიანობაზე – საზოგადოების აზრის გამოკითხვას რომ ეხებოდა.

წინა სტატიაში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – ზემონახსენები ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ კვლევებს აშშ-ს გარკვეული წრეების სურვილის ელფერი დაჰკრავს ანუ ის, რომ ვაშინგტონს საქართველოს მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმ პარტიების ხილვა უნდა, ვინც ესოდენ „დააჯილდოვა“ საქართველოში მოქმედმა ამერიკული ინსტიტუტების ფილიალებმა: „ოცნება“, „ნაცები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და სხვა არავინ. ასეთი იყო NDI-ის ანუ ვაშინგტონის რეცეპტი მომავალი პარლამენტისთვის. სხვა პარტიების ხილვა ვაშინგტონს არ აწყობს. რა გაეწყობა, რომ იტყვიან – „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.

ამერიკული პოლიტიკისთვის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კარის ფართოდ გაღებამ მიგვიყვანა იმ ზღვრამდე, რომლის იქითაც აღარც სუვერენიტეტია და აღარც დამოუკიდებლობა. რაც არის – საქართველოში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების თავდაჯერებული ხელის ფათურია ქვეყნის საშინაო საქმეებში. არც ისაა გამორიცხული, რომ ამჯერადაც, ისე, როგორც წინათ, საელჩომ აქტიურად „ითანამშრომლოს“ მის ფავორიტ პარტიებთან, საპარლამენტო სიების შედგენაში. „ოცნებამ“ და მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ მსგავს თავხედობას ჰქონოდა ადგილი, თუმცა რაღა მარტო „ოცნებელთა“ მხრიდან, განა იგივე არ იყო „ნაციონალების“ ზეობის დროს?!

NDI-ს და IRI-ს „წინასწარმეტყველება“ რომ არ ახდეს, ამ ორგანიზაციების მიერ უკვე განწირულმა პარტიებმა უნდა იზრუნონ და დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ჩატარებული გამოკითხვები დადგმული სპექტაკლია და არ ემსახურება არც ხალხის და არც ქვეყნის ინტერესებს. მათი (კვლევის) მიზანი ერთია – მტკიცედ მიაბან საქართველო აშშ-თან. გზა გადაუღობონ საქართველოს მოსახლეობას მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან თანამშრომლობაში.

„საოცნებო“ ხელისუფლება ოთხი წლის წინათ, მრავალ დაპირებასთან ერთად, პირდებოდა მოსახლეობას რუსეთთან კავშირურთიერთობათა აღდგენას. სამწუხაროდ, ეს დაპირებაც, ისე, როგორც სხვა, არ შესრულდა. მიზეზი შეუსრულებლობისა მრავალია, მათ შორის გამოვყოფდი მთავარს – ისეთივე პოლიტიკურ მსოფმხედველობას, როგორიც ჰქონდათ და აქვთ „ნაცებს“.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ოცნება“ იგივე „ნაცმოძრაობაა“, ოღონდ ნაკლებად ეგზალტირებული, რეაქციული, ქვების მსროლელი. მათ იდეოლოგიაში ერთმანეთთან თანხვედრას უფრო შეხვდებით, ვიდრე განსხვავებას – ეს საშინაო საქმეებში, მაგრამ საგარეოში – ისეთი იდენტურობაა, ვერაფრით გაარკვევთ, სად არის „ოცნება“ და სად „ნაცმოძრაობა“. ამის დასტურად პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებიც კმარა.

„აქაოდა „პრორუსობაში“ ცილი არ დამწამონო“, – ისეთი სიბრაზით თქვა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არ გამართვასთან დაკავშირებით, თითქოს კრემლი დაჩოქილი გვეხვეწებოდეს – მოდით, შევრიგდეთო. ის ამასაც არ დასჯერდა და ისეთი პარტიები, რომლებიც (მისი აზრით) რუსეთთან „არშიყში“ არიან შემჩნეულნი, ვერავითარ ალიანსში ვერ იქნებიან „ოცნებასთან“.

რა არის ამ კატეგორიული განცხადების საბაბი და რას უფრთხის პრემიერი? – „ნაცთა“, „ოცნების“ წინააღმდეგ გალაშქრებას, კრიტიკას, რუსოფილობაში დადანაშაულებას ანუ ყოველივე იმას, რასაც ამერიკელთა და თვით „ოცნებელთა“ მიერ გაპარპაშებული „ნაცმოძრაობა“ ამბობს „ოცნებაზე“.

თუ რამე გააკეთა „ოცნებამ“ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, არის ის, რომ წამდაუწუმ პასუხობდა „ნაცთა“ ცილისწამებას. არადა უმჯობესი იყო საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო და ოთხწლიანი საპარლამენტო ვადა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე დაეხარჯა. „ნაცების“ შიშით, მეტადრე დასავლელი პარტნიორების, ვერ გარისკა. პოლიტიკა კი ისეთი რამაა, რისკის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

იქნებ ვცდები? იქნებ „ოცნების“ მიერ 2012 წელს გაკეთებული განცხადება რუსეთთან კავშირების აღდგენასთან დაკავშირებით ამომრჩევლის სატყუარა იყო? ეს, რომ ასეა, კვირიკაშვილის განცხადებებიდან ჩანს – ურთიერთობა ევროატლანტიკურ სივრცესთან, თითქმის ყველაფერში, რუსეთთან კი – მხოლოდ წვრილი სავაჭრო კავშირების ქონა. პრემიერს არ აინტერესებს, უნდა თუ არა რუსეთს ასეთი ურთიერთობა? დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არა.

ეს, რომ ასეა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რუსეთის კომპარტიის ლიდერის გენადი ზიუგანოვის ინტერვიუდან, რომელიც მას პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ ჩამოართვა.

რუსეთის კომპარტიის ლიდერმა, ამ ქვეყნის მეორე გავლენიანი პარტიის ხელმძღვანელმა, გულახდილად ილაპარაკა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ორივე მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, იმ სამომავლო გზებზე, რომლებმაც ორი ქვეყანა მჭიდრო თანამშრომლობაზე უნდა გაიყვანოს – ანუ ყველაფერ იმაზე, რასაც ივანიშვლი გვპირდებოდა, მაგრამ არ შეასრულა. არც კვირიკაშვილია მომართული იქითკენ, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება რომ ჰქვია.

ზიუგანოვმა, ისე, როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აღნიშნა, რომ ნატოში საქართველოს შესვლა რუსეთისთვის მიუღებელია; რომ ნატო, რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამხედრო ბლოკია, რომელიც ცდილობს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში პოზიციების გამაგრებას და ანტირუსული პლაცდარმის შექმნას. რა არის ამაში გაუგებარი, საკამათო ან გასაკრიტიკებელი? ერთი წუთით თავი რუსეთის ადგილზე წარმოვიდგინოთ. განა ისე არ მოვიქცეოდით, როგორც რუსეთი?

ზიუგანოვმა ილაპარაკა იმ პოზიტიურ მხარეზეც, რასაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ნუთუ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ვირტუალური გაწევრება? სად იკარგება სუვერენიტეტი – ევრაზიულ კავშირში, „შოს“-ში (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია – SCO) შესვლის შემდეგ, თუ ნატოსა და ევროკავშირში შესვლისას?

რესპონდენტმა გერმანიის მაგალითი მოგვიყვანა – 200-ზე მეტი ამერიკული სამხედრო ბაზის არსებობით. ასეთი გერმანია, ევროკავშირის ლოკომოტივი, შეიძლება იყოს სუვერენული? ამიტომაა, რომ გერმანიის კანცლერ მერკელს, ამერიკელი პატრონის დამჯერ ფინიად მოიხსენიებენ.

ახლახანს ვიხილე ავსტრიის პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც ის დაუფარავად აცხადებდა, რომ ის წინააღმდეგია რუსეთის მიმართ დაწესებული ევროკავშირული სანქციების, მაგრამ მას და მის ქვეყანას არაფრის გაკეთების უნარი არ გააჩნია ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად.

ავსტრია, ისე, როგორც ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები კრიზისს განიცდიან რუსეთის მიერ დაწესებული საპასუხო სანქციების შემოღების გამო, მაგრამ გულისწყრომის გარდა სხვას ვერაფერს აკეთებენ. რა სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდაც ხმა ვერ ამოგიღია?

რა სუვერენიტეტზეა ლაპარაკი, როდესაც ბრიუსელი, ევროპაში შეჭრილ ლტოლვილებს საცხოვრებლად ტენის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ამ უკანასკნელთა წინააღმდეგობის მიუხედავად?

რა სუვერენიტეტზეა ლაპარაკი, როდესაც ასოცირებულ წევრებთან თავისუფალი ბაზრის ხელშეკრულების გაფორმებით, ევროკავშირის სახელმწიფოებს, ასოცირებული წევრების ბაზარზე შესვლა უმარტივდებათ, ხოლო „ასოცირებულებს“ – კვოტები უწესდებათ იქ შესატან საქონელზე.

საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით მიხვდა, რომ ასოცირების და თავისუფალი ბაზრის ხელშეკრულებები მხოლოდ ბრიუსელის წისქვილზე ასხამს წყალს და ესეც რომ არ იყოს, კიდევ რამდენ წელს იარსებებს ერთობ დიდი პრობლემებით აღსავსე ევროკავშირი ან ნატო? ერთსაც და მეორესაც კარგა ხანია წყალი აქვს შეყენებული. და რომ ეს ასეა, ნათლად გამოჩნდება ბრიტანეთის რეფერენდუმზე – ევროკავშირში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიც. მილიარდერ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უდავოდ გადაიხედება ნატოს ყოფნა-არყოფნის თემა. ტრამპი წინააღმდეგია ნატოს და აცხადებს, რომ მისი არსებობა ანაქრონიზმია, ვინაიდან არ არის საბჭოთა კავშირი, ვის დასაბალანსებლადაც შეიქმნა ნატო.

ტრამპი დაუფარავად აცხადებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ატყუებენ აშშ-ს და ნატოს ყულაბაში საკუთარი ერთიანი ეროვნული პროდუქტის 2%-ის ნაცვლად, არც არაფერს იხდიან ან თუ იხდიან – მცირედს. რაც შეეხება აშშ-ს – ის თავისი შემოსავლის 73%-ს ხარჯავს ნატოზე, რაც ტრამპის აზრით მიუღებელია. ნუთუ ამის შემხედვარე პოლიტიკოსს თავში აზრად უნდა მოსდიოდეს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა?

ჩანს საქართველოს პოლიტიკა აღნიშნული ორგანიზაციების სამზარეულოში ჩახედული არ არის, თორემ ესოდენი შემართებით ტვინს არ წაუღებდა ბრიუსელს – მიგვიღეთ, მიგვიღეთო. ქართული პოლიტიკის დაბეჯითებულ ლტოლვაში ნატოსა და ევროკავშირისკენ აქვს მიზეზიც – ეს ქართული პოლიტიკის სიზარმაცეა. ქვეყნის პოლიტიკას, რომელსაც არც პოლიტიკური ალღო და არც გამოცდილება არ გააჩნია სურს ნატოში შესვლა, რის შემდეგაც ის მთლიანად მოიხსნის პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და თავის პრობლემებს ნატოს აჰკიდებს. მაგრამ არის თუ არა ნატო ესოდენ გულუბრყვილო და ქართველთა მოსატყუებელი?

მსგავსი რამ მოქმედებს ევროკავშირთან მიმართებაშიც, ოღონდ ეკონომიკის კუთხით. ანუ იქ გაწევრებით ხელისუფლება ყველა შიდა ეკონომიკურ პრობლემას ევროკავშირს აჰკიდებს.

ჭკუამოკლე ქართულმა პოლიტიკამ საათივით აიწყო საქმე, უფრო სწორად სურს რომ ასე იყოს. უსაფრთხოება – ნატოს, ეკონომიკა – ევროკავშირს, თვით კი წამოწვება ჩრდილში და ხელისუფლებით ტკბობის პროცესში იქნება. მერე რა, რომ საქართველოს არვინ არაფერს ჰკითხავს? მერე რა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იმაზე უარესად დამოკიდებული ქვეყანა იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირში იყო?

გენადი ზიუგანოვის თითქმის საათიანი ინტერვიუდან ეს მოსალოდნელი ჭეშმარიტება დავიჭირე და მასთან ერთად სურვილი, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს განსაცდელში. საქართველო იქ უნდა იყოს, სადაც საუკუნეთა განმავლობაში იყო. დისტანციური საეჭვო კავშირები მას არ გამოადგება. საქართველო იქ უნდა იყოს, სადაც მას მენტალურად ყოფნა არ გაუჭირდება, სადაც ის მისაღებია და აფასებენ. საქართველო იქ უნდა იყოს, სადაც მისი ნაწარმი საღდება, სადაც ნათესაურ-მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები ფასდება; სადაც რელიგიური ყივილი და სულიერი ცხოვრების თანხვედრაა; სადაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსია.

ეს დავინახე  ზიუგანოვის – გავლენიანი რუსი პოლიტიკოსის გამოსვლაში, რომლის სიტყვა ძვირად ფასობს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.