26.12.2024

კახელი მევენახეები და გაუთავებელი გადაბრალებები

ზოგჯერ სიჩუმე სჯობს გაუთავებელ ყაყანს, მაგრამ შეიგნებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“? ყურძნის ჩაბარება-არჩაბარებამ, შეპირებულ ფასებზე უარმა და ხელისუფლების უკანდახევამ, ლამის კახური რევოლუცია ააგორა. კახელმა გლეხებმა არაერთხელ გადაკეტეს თბილის-კახეთის საგზაო მაგისტრალი, რითაც სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ყველა იმათ, ვინც იმჟამად იმ დავიდარაბას შეესწრო.

„ნაციონალებმა“, რომლებიც არც ერთ პროტესტს, მიმართულს მთავრობის წინააღმდეგ, ხელიდან არ უშვებენ, არც ამჯერად დააყოვნეს და რომ იტყვიან „თავგანწირვით“ გადაეშვნენ ადუღებულ მორევში, რამაც თავისთავად მისცა შესაძლებლობა „ოცნებურ“ ხელისუფლებას ყველაფერი მათთვის გადაებრალებინა – „ნაციონალები“ არიან ბუნტის ორგანიზატორები, თორემ „ბუნჩულა“ კახელი გლეხები ამას როგორ იკადრებდნენო.

ეჰ, ხელისუფლების წარმომადგენლებო, როცა კუჭი და დამშეული ოჯახი გთხოვს, რას არ იკადრებ.

„ნაციონალებმა“ ყველაფერი გააკეთეს (თავიანთი უჭკუო აქტიურობით), რომ სახალხო ბუნტი, ჩემის აზრით სრულიად სამართლიანი, ერთი მუჭა პროვოკატორთა აქციის დონეზე დაეყვანათ. როგორც ჩანს მომავალი ერთი წლის განმავლობაში „ნაცთა“ არაერთ მსგავს გამოხდომას ექნება ადგილი, რაც თავისთავად წყალს, „ოცნების“ წისქვილზე დაასხამს. როგორც ჩანს, ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად მოვისმენთ ხელისუფალთა განმარტებას – რომ არა „ნაცური“ პროვოკაციები, ამას ადგილი არ ექნებოდაო.

მავანი მკითხავს – ამ სამი წლის განმავლობაში ხელისუფლება გადაბრალების მეთოდით არ სარგებლობდაო? სარგებლობდა, მაგრამ არჩევებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში გაათკეცებულად ისარგებლებს. ყველა ხელისუფლებას ჰყავდა თავისი „ბუა“, რითაც ხალხს აშინებდა. მაგალითად გამსახურდიას – საბჭოთა კავშირი; შევარდნაძეს – აბაშიძე; სააკაშვილს – რუსეთი; „ოცნებას“ – „ნაციონალები“ ჰყავს.

„ნაცთა“ ხსენებაზე, მითუმეტეს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე გაფიქრებაც კი სიმწრის ჟრუანტელს გვრის საზოგადოებას და თუ მას ხელისუფალთა „განმარტებებიც“ ახლავს, მზადაა ყველაფერი მიუტევოს, ფართო დაპირებებისა და შეუსრულებლობის ავტორებს, ოღონდ „ნაცები“ არ მოვიდნენ.

აი, ასეთი ოცნებით (ოღონდ ის ან ისინი არ იყვნენ) სურვილშეპყრობილებმა გავატარეთ დამოუკიდებლობის თითქმის 25 სანუკვარი წელი, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უნდა მოხმარებოდა. ამ ხნის განმავლობაში რაღაც გაკეთდა და გაკეთდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ელემენტარული არსებობა მოითხოვდა ამას და საერთაშორისო დინამიკა.  სამწუხაროდ, გაკეთებულში სახელმწიფოს წვლილი მოკრძალებულზე-მოკრძალებულია, არადა წინა ხელისუფლებებს რომ თითი გაენძრიათ, ისეთივე შედეგი იქნებოდა, როგორიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მაგალითად ყაზახეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, სხვაგან. ამ წლების განმავლობაში იქ არათუ ძველი ქალაქები დამშვენდა, არამედ ტრიალ მინდორში ახალი ქალაქები აშენდა, მათ შორის ასტანა, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, გგონია უხსოვარი დროიდან მოდის მისი ისტორია.

საქართველო ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის – გაუთავებელი გადაბრალებით – ის რომ არა, საქმე უკეთესად გვექნებოდაო. არადა „ის“, იმდენად უსუსური არგუმენტია, რომ ჩამოყალიბებულ ქვეყანაში არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას. წარმოვიდგინოთ ერთი რამ – როგორი იქნებოდა აშშ-ი, ევროპის სახელმწიფოები ან სხვები, ხელისუფლებას რომ გამუდმებით ეძახა – იმათ გამო (ოპოზიციის) საქმეს ვერ ვაკეთებთო.

„ნაცურ“ ოპოზიციას მინდა შევაგნებინო, რომ მათ მიერ აქოჩრილი ტალღის წვერზე მოქცევისთვის ძალისხმევა, ბევრ შემთხვევაში მარცხით შეიძლება დამთავრდეს, რაც საქვეყნო საქმეს ავნებს. მაგრამ მასაც ხომ ფეხებზე ჰკიდია საქვეყნო საქმე და მხოლოდ PR-ისთვის ირჯება? არადა კახელ მევენახეთა მოთხოვნა, ხომ PR-ი არ არის? ის, ხომ არსებობას ეხება?

მევენახეთა გამოსვლებმა, ისე, როგორც ყოველთვის, ორად გაჰყო საზოგადოება და ისეთი სული შთაბერა, გეგონებათ საქართველოს მარტო ეს პრობლემა ჰქონდეს და სხვა არა. ამ პრობლემათა შორის მევენახეობა გამორჩეულია, მაგრამ სხვამ რა დააშავა? ყველას უნდა მიხედვა, რაც მთავრობის საქმეა, მაგრამ ლაქლაქს გადაყოლილი, შეძლებს (ან შეძლებდა) ამას?

წინასაარჩევნო დაპირება ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ფანდია. გაუვა თუ არა – ამომრჩეველზეა დამოკიდებული. მევენახეთა გამოსვლაც ის ტესტი იყო, რომელიც ხელისუფლებას უნდა ჩაებარებინა. როგორ ჩააბარებს – მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ „ნაციონალთა“ უაზრო აქტიურობით რომ კახურ გამოცდაზე ჩაჭრას გადარჩება (ცხადია ამ ეტაპზე), ფაქტია.

კახელები იმუქრებიან – მომავალ წელს არჩევნებში „ოცნებას“ ხმებს არ მივცემთო, ვინაიდან შეპირებულ ერთ ლარს არ გვაძლევსო. გაახსენდებათ თუ არა კახელებს ეს დაქადნება, მომავალი წლის არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.

დავუშვათ, კახელთა ხმების არ მიცემამ „ოცნების“ ქულებს სერიოზულად ავნო, მაშინ ხომ მწარედ გაიხსენებს „ოცნება“, რომ დაპირებას შესრულება უნდოდა?!

არადა, დაპირება მართლაც იყო – „აწ და მარადის“ ისეთი ფულადი დახმარების გაწევის თაობაზე, რომ კახელები კმაყოფილი იქნებოდნენ. ეს დაპირება „ოცნების“ მამამ ივანიშვილმა გააკეთა და მას შემდეგ, დღემდე, მეტნაკლებად სრულდებოდა. დღეს, სხვა ვითარებაა. „სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს აუხსნას და გააგონოს, რომ სახელმწიფო არ და ვერ შეინახავს ბოლომდე არამომგებიან ბიზნესს და რომ დროა, მათ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი ეძებონ… სოფლის მეურნეობის ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები, რომლებმაც შარშან მნიშვნელოვანი მოგება მიიღეს, წელს დაზარალდებიან. სამწუხაროდ, ეს არის რისკი, რომლის წინაშეც ნებისმიერ ბიზნესში ჩართული ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე. ალბათ ჩვენც მოგვიწევს იმის გაცნობიერება, რომ მევენახეობაც ბიზნესია“ – წერს ნინო ევგენიძე (გაზეთი „საართველოს რესპუბლიკა“, 2015 წლის 15 სექტემბერი).

რკინის ლოგიკაა, შეუვალი და მტკიცე – იმ ყმაწვილთა შესაფერისი, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უცხოეთში მიღებული განათლების (კურსების) სერტიფიკატი და ეს ეროვნული ტრადიციებია, ისტორიაა, რომლებზეც დგას ნებისმიერი ქვეყანა. ქართული ვაზი ტრადიციაა, ისტორიაა და ის ვერაფრით შევა ტრაფარეტული „ბიზნესის“ კლასიფიკაციაში. მერედა, რა ბიზნესი გვაქვს საქართველოში? ის ხომ უფრო გამოძალვას, სხვათა ხარჯზე გამდიდრებას ნიშნავს და მეტს არაფერს?!

„ღვინის ქარხნებს არც ფული აქვთ (საწყლები) და არც ბიზნესის მოტივაცია, რომ გაზრდილი მოსავალი მაღალ ფასად შეისყიდონ“, – წერს ქალბატონი (იქნებ ვაჟბატონია) ნინო. კეთილი, მაგრამ ისტორიასთან ერთად, არის მეორე ისტორიული მომენტი – საქართველოში რომ ტრადიცია იყო და დღეს სასაცილოა – სიტყვა, დაპირება.

სიტყვის შესრულება მუდამ იყო ქართველი კაცის ღირსება. სიტყვის გამტეხს ყველა ზურგს აქცევდა, რაც მატყუარისთვის სოფლიდან მოკვეთის ტოლფასი იყო. დღეს, ვითომ ბიზნესური ურთიერთობის ჟამს – „სიტყვამ“ ფასი დაკარგა და ის „წამომცდამ“ ჩაანაცვლა. სამწუხაროდ, სიტყვათა ტრანსფორმაციას ჯერ-ჯერობით ვერც კახელებმა გაუგეს და ვერც სხვა კუთხის შვილებმა. ეს ფენომენი შეუსწავლელია და ვიდრე შედეგს მივიღებთ, კახელი მევენახის მოთხოვნა დასაკმაყოფილებელია.

ახლა რაც შეეხება სოფლის მეურნეობისთვის დახმარების გაწევას. როგორც ჩანს, წერილის ავტორს და არა მარტო მას ჰგონია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გაწეული დახმარება მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, რაც თურმე მანკიერია და გამოიწვევს კომუნისტური წყობის დაბრუნებას. რაღაც ვერ ვატყობ, რომ აშშ-ი დიადი კომუნიზმის გზაზე იყოს შემდგარი. არადა, იქ, სახელმწიფო, ტრადიციულად უწევს დახმარებას სოფლის მეურნეობის იმ დარგებს, რომლებსაც უჭირს და არა მარტო მათ, არამედ მრეწველობას. მაგალითად, ავტომშენებლობას, რომელსაც აშშ-ი საკუთარ ისტორიად მიიჩნევს.

წერილის ავტორს ცალი თვალითაც არ შეუხედავს ტელეკომპანია „Euronews”-ის ან „BBC“-თვის. ისინი სისტემატურად გვაუწყებენ რუსული ემბარგოთი დაზარალებული ფერმერების გამოსვლებს. დაზარალებულებს ევროკავშირმა მილიონობით ევრო აუნაზღაურა.

სოფლის მეურნეობა დოტაციური დარგია და სახელმწიფო დახმარებას მოითხოვს. რომ არა ასეთი – ჩაკვდება დარგი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ფუნდამენტია. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სულაც არ არის წაგებული. მოგება მაინც აქვს, თუმცა არა „აქ და ახლა“. რომ იტყვიან – „მოთმინებითა შენითა“. ასე უნდა აშენო ქვეყანა და არა მოწოდებით – „მევენახეობაც ბიზნესია“. წერილის ავტორის მოსაზრება ზედმიწევნით ემთხვევა „ნაციონალთა“ მანკიერ აზროვნებას, რომლის მიხედვით, საქართველოს არ უნდა ჰქონოდა სოფლის მეურნეობა. აი, სწორედ, ამგვარმა აზროვნებამ გააჩანაგა ეს დარგი, შედეგს კი დღეს ვიმკით.

ორიოდ სიტყვით თვით ქართულ ბიზნესზე, ამ შემთხვევაში მეღვინეობაზე – მსოფლიოში ერთობ გავრცელებულ და არა იშვიათ დარგზე. მეღვინეობის საქმეში ჩამდგარი ბიზნესმენი ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული მსოფლიო ბაზარში და ის არგუმენტი, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 59%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში – 62%-ით, ფუჭი თავის მართლებაა.

ღვინის ბიზნესს მუდმივი სურვილი უნდა ამოძრავებდეს, ღვინით გაჯერებულ მსოფლიო ბაზრებზე, ბაზრების მოძიების. არასათანადოდ არის შესწავლილი რუსული ბაზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ვარდნას ადგილი არ ექნებოდა. მომავალში, რომ ამ მხრივ უფრო მძიმე ვითარება იქნება, ფაქტია.

რუსეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა ტკაჩოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ მალე რუსეთი, სამხრეთი რეგიონებისა და ყირიმის დახმარებით, შეძლებს ღვინოზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. 2-3 წლის შემდეგ რუსეთის ბაზრის შემყურე კახელ მევენახეს უფრო მეტად გაუჭირდება და რომ ეს არ მოხდეს, ქართულმა ღვინის ბიზნესმა რუსული უნდა შეიამხანაგოს და მას უნდა თხოვოს იქაური ბაზრის ათვისება.

ერთობლივი საწარმოები იქნება ის გზა, რომელსაც გარკვეულ ეტაპზე შემოსავლის მოტანა შეეძლება. ანალოგიური რამ უნდა მოხდეს ჩინეთის მიმართულებით. ჩინეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტისას ნათქვამი სიტყვები – მილიარდნახევრიანი ბაზრის აღმოჩენის თაობაზე, სიტყვებად დარჩება – შესაბამისი შესწავლა და ანალიზის გარეშე.

„მეღვინეებმა“ (ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანმა ხელი მიჰყო ამ საქმეს) ტრადიციული ქართული სიზარმაცე გვერდზე უნდა გადადონ და დაოთხილებმა ირბინონ მსოფლიოში საქმის გასაუმჯობესებლად. ამ შემთხვევაში ეკონომიკაში სრული სიბეცით აღვსილი საქართველოს საელჩოების იმედზე ყოფნა წყლის ნაყვა იქნება.

დაწურული ყურძნიდან არა მარტო ღვინო, არამედ არაყიც მზადდება და რაც მთავარია ყურძნის წვენი, რომელიც ისე მიეცა მივიწყებას, როგორც გუშინწინდელი თოვლი. არადა, ყურძნის წვენია ის სასმელი, რომელსაც დიდი გასავალი ექნება მუსლიმანურ ქვეყნებში, მაგალითად ირანში.

ეს ქვეყანა რახანია სთავაზობს საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას. გარდა ყურძნის წვენისა, მუსლიმანურ სამყაროში დიდი გასავალი ექნება ქიშმიშს და ა.შ., მაგრამ ამას მუშაობა უნდა ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეორგანიზაცია და არა უაზრო განცხადებების კეთება, რითაც ეს სამინისტროა დაკავებული.

დავუბრუნდეთ კახელ მევენახეებს და მათ მოთხოვნებს. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლა, რაც ვერადავერ მოხერხდა. არადა, რა მოხდებოდა, რომ მინისტრი შეხვედროდა გლეხებს? თვით გლეხების პარლამენტში მისვლა სხვაა და მინისტრის ხალხთან შეხვედრა სხვა. აქ ისეთივე პრინციპი მოქმედებს, როგორც ფეხბურთში – საკუთარი მინდორი.

ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკი და არა საქმე არის ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და რახან ასეა, რატომ უნდა უგულებელყო ირანის ინვესტიცია – რა მას ისლამური სურნელი ასდის თუ არარეალურობის?

სულ ახლახანს, ირანის წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო საქართველოში, სწორედ ინვესტიციების ჩადების კუთხით. ამჯერად მაინც ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას. სხვაზე, მათ შორის აშშ-ის ან ევროკავშირის ქვეყნების ინვესტიციებზე ლაპარაკი ფუჭი დროის ხარჯვაა, ვინაიდან არც საქართველოა ისეთი, მათ ინვესტიციები ჩადონ და არც ისინი არიან მზად ექსპერიმენტებისთვის.

საქართველოს მცირე ბაზარი, მოსახლერობის ხელმოკლეობა ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის სიმცირე, კვალიფიციურ მუშა-მოსამსახურეთა არ არსებობა არის ის  მთავარი დამაბრკოლებელი, რაც დიდ ბიზნესს ამუხრუჭებს. არის გამოსავალი, მაგალითად, საქართველოში ჩადებული ფულით, ისეთი საწარმოების შექმნა, რომლის პროდუქცია მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება, ვთქვათ რუსეთში, მაგრამ ამას აფერხებს პოლიტიკური ვითარება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქციის მწარმოებელი სპეციალისტების დეფიციტი.

მუშახელის გაწვრთნა კი დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამასთანავე რისკს. ჩვენს ახალ ისტორიაში იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გარისკეს, მაგალითად ავსტრიელი „მეხორცე“ „შირნხოფერი“. ეს ბიზნესმენი გვპირდებოდა მესაქონლეობის ფერმების შექმნას და ძეხვეულის, სხვა ხორც-პროდუქტებბის წარმოებას. მათ მეზობელ ქვეყნებში გატანას. მისი გათვლით, 2-3 წელიწადში ქართულ ბაზარზე ხორცის ფასი 5 ლარს არ ასცდებოდა.

ქართულმა „ბიზნესმა“ გულუბრყვილო ავსტრიელი ისეთ დღეში ჩააგდო, სულ „ვაი დედა“ აძახებინა. ცხადია, ეს სააკაშვილის ზეობისას მოხდა, მაგრამ განა იგივე „ბიზნესმენები“ არ არიან დღეს?! საქართველოში ძირფესვიანი გარდაქმნა უნდა მოხდეს ყველა დარგში და ყველა მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ინვესტიცია იქნება და არც პროგრესი.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.