22.12.2024

კაცობრიობის საშიში სენი – ტერორიზმი!

აშშ-ს სენატის კომიტეტის (დაზვერვის საკითხებში) გადაწყვეტილებამ აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების ციხეებში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრების წამების ფაქტების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიქცია. ორი და მეტი დღის განმავლობაში ბრიტანული ტელეკომპანია „BBC“, სხვა ტელეკომპანიები გულმოდგინედ უჩვენებდნენ წამების ამსახველ ვიდეო-კადრებსა და ფოტოსურათებს – შემზარავი ფაქტის და მისი შემოქმედის აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებს.

კადრების მნახველს უმალ დაებადება კითხვა – ამის გამკეთებელი ქვეყანა, რატომ აძლევს თავს უფლებას სხვა ქვეყნის დემოკრატიის კაზუსებზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე ილაპარაკოს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მრავალმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება, მათ შორის ჩვენთვის „საყვარელმა“ მაკკეინმა.

თავის მართლებით გამოვიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი ბრენონი, რომელმაც აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღებისთვის გამოყენებულია უმკაცრესი დასჯის მეთოდები, მაგრამ, რომ არა გარკვეული სახის ზემოქმედება, აშშ-ს სპეცსამსახურები ვერ მიიღებდნენ ცნობებს მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. ამ ცნობებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ბრენონის განმარტებით, ის არ იზიარებს სასტიკი წამების მეთოდის გამოყენებას, მაგრამ ქვეყნის ინტერესები მოითხოვს დაკითხვის ისეთი მეთოდს, რაც მოიტანს საინტერესო ინფორმაციას. ამაზრზენმა ვიდეო-კადრებმა თავისთავად დაბადეს კითხვა – დაისჯება თუ არა ვინმე იმჟამინდელი ხელსუფლებიდან – წამების ბრძანების გამცემი?

ამ კითხვას უმალ ნეგატიურად უპასუხა სახელმწიფო სამდივნოს „ღრმად განსწავლულმა“  პსაკიმ.

წამების ფაქტები არა მარტო აშშ-ს ცნობილ ციხე გუანტანამოში ხდებოდა და ხდება. მსგავსს ადგილი აქვს აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების (53) ციხეებშიც, იქ, სადაც ამერიკელთა ბრძანებით, ამერიკელთა მიერ დაჭერილი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი, პატიმრებია განთავსებული. ჩამონათვალში უმეტესად ევროპის ქვეყნებია, მათ შორის ლიტვა, პოლონეთი, … ქვეყნები, რომლებიც სისტემატურად ლაპარაკობენ სხვათა, განსაკუთრებით რუსეთის არადემოკრატიულობაზე.

წამების ვიდეო-კადრების მნახველს უდავოდ გაუჩნდება კითხვა – ქვეყანა, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ეჭვმიტანილისგან ინფორმაციის მიღებას, ობიექტურად მიუდგება თბილისის ციხეებში პატიმრების საწამებლად ცოცხის ტარის გამოყენებას?

მართალია, ცოცხის ტარის პატიმრისთვის ანალურ არხში გარჭობა არაფრით ჩამოუვარდება ამერიკელთა მიერ გამოყენებულ წამების მეთოდებს, მაგრამ ტელეეკრანზე ნანახმა საშინელებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვიდეო-კადრების საჯარო ჩვენებამდე „BBC“-ს კორესპონდენტმა ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს დაუსვა შეკითხვა – რამდენად მართებულად მიაჩნია მას წამების მეთოდი?

სწორედ ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროინდელ მოვლენებთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ობამამ აკრძალა მსგავსი რამ. გარდა ამისა სენატის კომიტეტის მიხედვით, ჯორჯ ბუშ-უმცროსი ყველაფრის საქმის კურსში იყო.

ყოფილმა პრეზიდენტმა შეკითხვას ასე უპასუხა – „ისინი, ვინც პატიმრებისგან ინფორმაციის მიღებისთვის მკაცრ ზომებს მიმართავდნენ, არ არიან დასაძრახნი, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ საქმეს აკეთებდნენ“.

მეორე დღეს, წამების ვიდეო-კადრების გასაჯაროებისას, იგივე ჟურნალისტი ასეთ კომენტარს აკეთებს – „საინტერესოა, ყოფილი პრეზიდენტი ამ კადრების ნახვის შემდეგაც, ისეთივე კომენტარით შემოიფარგლებოდა?“ ჟურნალისტმა ისე გამოიყვანა, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტი სულაც არ იყო საქმის კურსში ციხეებში პატიმრების სასტიკი მოპყრობის თაობაზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბუშმაც იცოდა, რა სახის მეთოდებს იყენებდნენ ციხის ამერიკელი მუშაკები ინფორმაციის მიღებისთვის, და სააკაშვილიც საქმის კურსში იყო დასჯის მეთოდათ ცოცხის ტარის გამოყენების თაობაზე.

სენატის კომიტეტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ წამების გზით ინფორმაციის მიღებამ ვერ გააიოლა ტერორიზმთან ბრძოლა, ვერ შეამცირა ტერორისტული აქტები. თვალი გადავავლოთ ტერორისტული აქტების დინამიკას – 2013 წელს მსოფლიოში ათი ათასს ტერორისტულ აქტს ჰქონდა ადგილი, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე წინა წლებში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები.

ეს ინფორმაცია გაავრცელა ავსტრალია-აშშ-ს-ბრიტანეთის ეკონომიკისა და მსოფლიოს ინსტიტუტმა. ინსტიტუტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ვერც ეპიდემია „ებოლა“ და ვერც უკრაინის მოვლენები ვერ ჩაითვლება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად, ვიდრე ტერორიზმი.

2013 წელი, ტერორიზმის თვალსაზრისით, ყველაზე მაღალმაჩვენებლიანი იყო. მსგავსს არ ჰქონია ადგილი გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან დაწყებული დღემდე. ტერორისტული აქტების მსხვერპლთა რაოდენობა 61%-ით გაიზარდა, წინა 2012 წელთან შედრებით. ტერორისტულ აქტებში 17958 ადამიანი დაიხოცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2001 წლის11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რასაც ნიუ-იორკში და ვაშინგტონში ჰქონდა ადგილი, ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა.

ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტული აქტების გამრამვლება სირია-ერაყის შიდა ომებს უკავშირდება. მსხვერპლის 80% მოდის შემდეგ ქვეყნებზე: ერაყზე, ავღანეთზე, პაკისტანზე, ნიგერიასა და სირიაზე. ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე „განვითარებულ“ ქვეყნად ერაყი ითვლება. 2013 წელს ტერორისტებმა იქ 2.5 ათასი ტერორისტული აქტი განახორციელეს, რომლის დროს 6.4 ათასი კაცი დაიხოცა.

ტერორიზმიდან დაშავებულ ქვეყნებს შორისაა რუსეთიც. მოხსენების მიხედვით, 2013 წელს ამ ქვეყანაში 120 ტერაქტი ჩატარდა, მსხვერპლი – 136 კაცი, 269 დაშავებული.

არა მარტო ტერორისტული აქტების რაოდენობა მატულობს, არამედ გეოგრაფიაც. თუ 2008 წელს ტერორისტული აქტები 19 ქვეყანაში განხორციელდა, 2013 წელს – 24-ში. ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს დაემატნენ ანგოლა, ბანგლადეში, ბურუნდი, ეთიოპია, ირანი, ისრაელი, მალი, მექსიკა, მიანმა, შრი-ლანკა, უგანდა.

ტერორისტული თავდასხმების პასუხისმგებლობა ისეთ ორგანიზაციებზე ნაწილდება, როგორებიცაა: „თალიბანი“, „ბოკო-ჰარამი“, „ისლამური სახალიფო“, „ალ-ქაიდა“. ყველა მათგანის იდეოლოგია – ვაჰაბიზმის ექსტრემისტული ინტერპრეტაციაა.

ინსტიტუტის მიხედვით, ექსტრემისტებზე ზეგავლენის მოხდენა თვით ისლამის შიგნით უნდა მოხდეს და არა გარედან. გარედან რაც ხდება – ავიღოთ თუნდაც აშშ-ს და მისი კოალიციის მხრიდან „ისლამურ სახალიფოზე“ განხორციელებული საჰაერო თავდასხმები – ნაკლებეფექტიანია.

ჯიჰადის მებრძოლთა რაოდენობით „თალიბები“ გამოირჩევიან – 60000; „ისლამური სახალიფო“ – 20000; „ბოკო-ჰარამი“ – 9000; „ალ-ქაიდა“ – 19000. სხვა მონაცემების მიხედვით, დღეს ყველას „ისლამური სახალიფო“ აჭარბებს – მასში 200000 მეომარია.

„ისლამური სახალიფო“ ხასიათდება მაღალორგანიზებული სტრუქტურით, რომლის მიზანია დაპყრობილ ტერიტორიებზე გამოცხადებული „სახალიფოს“ განმტკიცება. ტერორისტები პერმანენტულად ღებულობენ თანამედროვე შეიარაღებას, ეკიპირებას, ავტომატ M4 და „ღამის ხედვის“ აპარატურას, აგრეთვე საზენიტო-რაკეტულ კომპლექსებს, რომლითაც თავისუფლად შეიძლება სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების ჩამოგდება 6000 მეტრის სიმაღლიდან.

„ისლამური სახალიფო“ აღიარებულია ყველაზე მდიდარ ტერორისტულ ორგანიზაციად, წლიური შემოსავლით – 3 მილიარდი დოლარი. ძირითადი შემოსავალი – დაპყრობილი ტერიტორიებიდან ნავთობის გატანა შავ ბაზარზე და იაფ ფასებში გაყიდვა. მეორე შემოსავალი – ბიზნესმენთა გამოძალვა.

„ისლამური სახალიფო“ იმითაცაა ცნობილი, რომ ამ „ქვეყნის“ „შეიარაღებულ ძალებში“ უცხოელებიც იბრძვიან, მათ შორის არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ რუსეთიდან, ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კავკასიიდან. სულ ახლახანს იქ დაღუპული საქართველოს მორიგი მოქალაქის გვარი გახდა ცნობილი.

დღითიდღე იზრდება არა მარტო „სახალიფოს“ სამხედრო ძალების რიგები, არამედ სამოქალაქო პირთა, განსაკუთრებით იმ სპეციალისტთა რაოდენობა, რომლებიც გათვითცნობიერებულნი არიან ინტერნეტის ნიუანსებში, პროპაგანდის წარმოების საქმეში. გახსოვთ ალბათ, ტყვეთა სიკვდილით დასჯის (თავის მოკვეთა) სცენები, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ გადაღებული – რამდენიმე კამერით.

ინსტიტუტის მიერ მოყვანილი ინფორმაცია 2013 წელს მოიცავს, თუმცა წლევანდელი წელი გაცილებით შემაშფოთებელია გასულთან შედარებით არა მარტო ტერაქტების რაოდენობის თვალსაზრისით, არამედ გეოგრაფიით, სისასტიკით და ა.შ. რაზე მეტყველებს ყოველივე? 

უპირველესად იმაზე, რომ ვიღაცას აწყობს „სახალიფოს“ გაძლიერება, მისი პოზიციების განმტკიცება, ორგანიცაზიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს, ვიღაცა, თქვენთვის კარგად ნაცნობი აშშ-ია, რომელმაც შექმნა (ისე, როგორც „ალ-ქაიდა“) და აკვანი დაურწია „ისლამისტურ სახალიფოს“ – სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

არაერთი წელი დახარჯა სირიის ოპოზიციის გაწვრთნაში აშშ-ს სპეცსამსახურებმა და „ჯებხატ ან ნუსრას“ („ალ-ქაიდას“ სირიის განყოფილება) გადაბირებაში. 

აშშ-ს პოლიტიკას ახასიათებს მსგავსი რამ ანუ მოწინააღმდეგესთან კავშირების დამყარება და იატაკქვეშა მოლაპარაკებების გამართვა. გავიხსენოთ ამერიკა-„თალიბანის“ წარმომაგდენლების დოხის შეხვედრები, რომელთა მიმართაც ავღანეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ქარზაიმ კატეგორიულად ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა.

არც დღეს არის გამორიცხული იატაკქვეშა შეხვედრები, ოღონდ ამჯერად „ისლამური სახალიფოს“ წარმომადგენლებთან. გაიხსენეთ მაკკეინისა და „სახალიფოს“ ლიდერების ერთად გადაღებული ფოტოები. ერთის მხრივ თეატრალიზებული საჰაერო დაბომბვები და მეორეს მხრივ – კვლავ ანტისირიული პოლიტიკა, თავისთავად გასცემს პასუხს, იმ ჩახლართულ პოლიტიკას, რაც აშშ-ს სპეციალისტების ტვინებში იგეგმება.

სიტყვით აშშ-ი აცხადებს, რომ „ისლამური სახალიფო“ როგორც მისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის შემცველია და თუ მართლაც ასე თვლის აშშ-ი, რატომ არ ცდილობს „ანტისახალიფო“ კოალიციას ირან-სირიაც მიუმატოს?

იბომბება სირიის ტერიტორია, რომელიც დაპყრობილია „სახალიფოს“ მიერ და სირიის ხელისუფლებას არავინ უთანხმებს ამას. აშშ-ს მიზანშეუწონლად მიაჩნია სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტის დამყარება, რაც ამ შემთხვევაში სრული უმეცრებაა.

რას ექადნება რეგიონს და მსოფლიოს „ისლამური სახალიფოს“ მოძლიერება? უპირველეს ყოვლისა ბაშარ ასადის ხელისუფლების დასუსტებას; მისი  ხელისუფლებიდან ჩამოშორებას; ერაყის პატარ-პატარა ნაწილებად დაშლას და ქურთების სახელმწიფოს შექმნას; ირანის პოზიციების შესუსტებას და ვითარების ისე აბურდვას ანუ ისეთი ქაოსის შექმნას, რასაც თვით ამერიკელები „მართვად ქაოსს“ უწოდებენ.

როდესაც სისტემატურად უმზერ რეგიონში აშშ-ს პოლიტიკას, სხვა მოსაზრება ნამდვილად არ გაგიჩნდება. აშშ-ი შორსაა. მას ჯერ-ჯერობით პირდაპირი საფრთხე „ისლამური სახალიფოდან“, გარდა ვერბალურისა, არ ემუქრება. თითო-ოროლა ამერიკელი ჟურნალისტისთვის თავის მოკვეთაც არაფერია მისთვის. მთავარია იმ პოლიტიკური დიდი ქაოსის შექმნა, რომლის ფუნდამენტიც, მისივე ძალისხმევით, უკვე ჩაყრილია.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ვაჰაბიზმისა და სალაფიზმის ირიბი თუ პირდაპირი მხარდამჭერი და დამხმარე აშშ-ს სპეცსამსახურებია და მათი ძალისხმევით სპარსეთის ყურის მონარქიული რეჟიმები, რომლებიც ფულს არ იშურებენ ანტიასადური, ანტიირანული პოლიტიკის საწარმოებლად.

საქართველოს ომბუდსმენის აპარატის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით, თქვა ის, რის შესახებაც გაცილებით ადრე ამბობდნენ ამერიკელი ექსპერტები – სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური დამოკიდებულება ტერორისტ ექსტრემისტებთან, ბოევიკებთან, მათი შემდგომი გამოყენების მიზნით, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე სირიაში.

ის, რომ ჯიჰადისტები აქ გადიოდნენ ტრენინგს, ფაქტია, ისე, როგორც მათი შემდგომი გადაადგილება სირიისკენ. სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში ანუ სირიის ტერიტორიაზე არსებული „ისლამური სახალიფოს“ სამხედრო ძალებში ასობით საქართველოს მოქალაქე იბრძვის. მათი, ისე, როგორც იქ მებრძოლი სხვა ქვეყნების მეომართა სამხედრო საქმიანობა, როტაციულ სისტემას ექვემდებარება. გარკვეული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ჯიჰადისტები სამშობლოს უბრუნდებიან. დაბრუნებულები ჯერ-ჯერობით ნელი მოქმედების ნაღმებია. სწორედ ამიტომაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაამკაცრა კანონი ეჭვმიტანილ ჯიჰადისტების მიმართ, რომლებიც „სახალიფოდან“ ბრუნდებიან.

„სახალიფოს“ მიერ გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს ბიოლოგიური „ჯიჰადის“ ათვისებაც, რაც მარტივად შემდეგში გამოიხატება – ჯიჰადისტების მივლინება აფრიკის იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება „ებოლა“ მძვინვარებს, დაავადებულებთან ფიზიკური კონტაქტის დასამყარებლად. დაავადებული ჯიჰადისტი შემდეგ სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, იქაურთა დასაავადებლად.

„სახალიფოს“ „პროექტი“ უდავოდ საყურადღებოა და არავინ იცის, რას მოუტანს მსოფლიოს ესოდენ მზაკვრული ბიო-ტერორისტული აქტი. „სახალიფოს“ არსებობა თავისთავად ქმნის თავისტკივილს, რომლის გასაყუჩებელი აბი ჯერაც არ გამოუგონიათ, მაგრამ არ თუ . . .?

ორმაგი სტანდარტით თამაში, რაც სისტემატურად ახასიათებს ოკეანისგადაღმელ პოლიტიკოსობას, უდავოდ ცუდის მაუწყებელი მომავლის წინაპირობაა. თუ აშშ-სა და მის მიერ შექმნილ კოალიციას, რომელიც 50-ზე მეტ სახელმწიფოს ითვლის, გადაწყვეტილი აქვს ტერორიზმთან შეურიგებელი ბრძოლა, მაშინ ამ ბრძოლაში რუსეთის, ირანის და სირიის ჩართვა აუცილებელია. მითუმეტეს ირანის, რომელიც ყოველდღიურად, პროფესიონალურად ებრძვის სუნიტურ ვაჰაბიზმს, სალაფიზმს ანუ მოჭარბებულად ექსტრემისტულ ისლამს.

თავის მხრივ სუნიტური „ისლამური სახალიფოს“ ნომერ პირველ მტრად ქრისტიანობა, შიიტური ირანი, ალავიტური (შიიზმთან დაახლოებული აღმსარებლობა) სირიაა გამოცხადებული. სწორედ ამ ორთან ბრძოლის წარმოების მიზნით გააერთიანა მთელი რიგი ტერორისტული დაჯგუფებები აშშ-ა და არა მარტო გააერთიანა, იდეოლოგიურ-ფინანსურ-სამხედრო „ოყნაც“ გაუკეთა „კეთილშობილური“ ომის საწინააღმდეგოდ.

მას შემდეგ ვითარება შეიცვალა – გუშინდელი მასწავლებელ-მოსწავლე, დღეს ერთმანეთს ემტერებიან, მაგრამ რამდენად სერიოზულად – ჯერ-ჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში ამერიკელთა „ისლამურ სახალიფოზე“ მიტანილი იერიშები უფრო კოღოს ნაკბენს ჰგავს, ვიდრე გადამწყვეტ სამხედრო ოპოზიციას.

როგორც აღვნიშნე, არავითარი სერიოზულობა არ არის იმაში, როდესაც ირან-რუსეთ-სირიიას ანტიხალიფურ ბრძოლაში არ რთავ, არადა ირანის შიიტური ფაქტორი უდავოდ გასათვალისწინებელია. თვით ზემოთნახსენები ინსტიტუტის ანგარიშში გარკვევით არის აღნიშნული, რომ სუნიტურ „სახალიფოსთან“ ბრძოლა თვით ისლამის შიგნით უნდა მოხდეს და არა გარედან ბომბებით.

ირანული შიიტური ფაქტორი კავკასიაშიც, კერძოდ საქართველოშიც არის გასათვალისწინებელი. აქ კი რა ხდება? უკუქმედებას აქვს ადგილი. საქართველოს მუსლიმანთა მიერ დასახლებულ ტერიტორიებზე იშვიათობას არ წარმოადგენს ვაჰაბიზმი და სალაფიზმი. და როგორც ამ საკითხში ღრმად ჩახედული უცხოელი სპეციალისტები აცხადებენ, მათი რიცხვი არა თუ კლებულობს, არამედ – პირიქით.

ვაჰაბიტების და სალაფიტების წინააღმდეგ თავის სიტყვას ამბობს საქართველოში არსებული ირანული შიიტურ-რელიგიური დაწესებულებები, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით ეწინააღმდეგებიან ექსტრემისტულ ისლამს. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ირანულ-შიიტურ რელიგიურ ორგანიზაციებს მოქმედების საშუალება მიეცეს, ხელისუფლება პირიქით იქცევა. როდესაც შენ არ შეგწევს უნარი ებრძოლო ვაჰაბიტებსა და სალაფიტებს, სხვას მაინც არ უნდა შეუშალო ხელი შენი გასაკეთებელი საქმე გააკეთოს.

„სახალიფოსთან“ ბრძოლაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს რუსულ-ქართულმა მართლმადიდებლობამ, აზერბაიჯანულმა, ირანულმა შიიზმმა, სომხურმა გრიგორიანობამ. მართალია, სომხეთიდან არც ერთი ჯიჰადისტი არ არის დაფიქსირებული „სახალიფოში“, მაგრამ ამ „სახალიფოს“ იდეოლოგიაში ხომ ყველა „უწმინდურის“, უპირველესად ქრისტიანის წინააღმდეგ ბრძოლაა გამოცხადებული. „სახალიფოს“ გეგმებში, მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის კავკასიაში მისი გავლენის გაფართოებაა ჩადებული.

ერთი რელიგიის, მეორის წინააღმდეგ ამხედრება საძრახი საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამასთან არ გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში თვით ისლამისთვის მიუღებელ ექსტრემიზმთან, ვაჰაბიზმთან, სალაფიზმთან გვაქვს საქმე და არა სუნიზმთან.

აშშ-ს სენატის კომიტეტის მიერ გასაჯაროებულმა მასალებმა, წამების ამსახველმა და შემზარავმა, შეაძრწუნა საზოგადოება, მეტადრე ექსტრემისტულ-რეაქციული ისლამი, რომელმაც სამაგიეროს გადახდა გამოაცხადა. აშშ-ი მათგან რეაქციას ელოდება, ამიტომაც პრეზიდენტმა ობამამ უსაფრთხოების ზომების გაათკეცებისკენ მიუწოდა საზღვარგარეთ არსებულ ამერიკის დიპლომატიურ დაწესებულებებს. მაგრამ ამ ღონისძიებით მოხდება რამე კარდინალური, რეაქციული ისლამი საწინააღმდეგოდ, რომლის ერთ-ერთი, მე ვიტყოდი მთავარი იარაღი – ტერორიზმია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.