ანტირუსულად „დაპრესილი“ ქართული ტვინი

ამას წინათ, მქონდა პატივი მომესმინა „ღრმადპატივცემული“ ჟურნალისტის თამარ ჩიქოვანისა და არანაკლებ „ღრმადპატივცემული“ პარლამენტარის გია ცაგარეიშვილის შეხმატკბილებული დუეტისთვის – შემთხვევით, ავტომანქანის რადიოში. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, სხვა ვითარებაში არც არავითარი სურვილი მექნებოდა მათი „ღრმადშინაარსიანი“ ლაპარაკის მოსმენის.

ესენი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, წინასწარ რომ იცი, რას იტყვიან, მაგრამ ამჯერად ორივემ მოლოდინს გადააჭარბა – პარლამენტარმა მოჭარბებული ნაციონალიზმით, ხოლო ჟურნალისტმა – ნაციონალიზმის გულშემატკივრობით. თუმცა, ჟურნალისტისგან სულაც არ გამკვირვებია – ის ხომ ყველაზე „თავისუფალი ხმის“, ყველაზე „დემოკრატიული“ რადიოს წარმომადგენელია.

ეს, ის „თავისუფალი რადიოა“, ანუ „რადიო თავისუფლება“, საბჭოეთს რომ თხრიდა. დღეს, რას „თხრის“, ძნელი გასაგებია. აღარც საბჭოთა კავშირია და აღარც სოციალისტური ბანაკი, რომელსაც ენაალესილი ებრძოდა ამერიკული პროპაგანდა ამ და მეორე რადიოს „ამერიკის ხმის“ მეშვეობით.

დღეს რაღას ებრძვის – თავისუფალ, გადემოკრატებულ, დასავლურად მოქცეულ – „გაკეთილშობილებულ“ „ნაცლენდში“, ანუ ჯორჯიაში, ანუ საქართველოში?

ამერიკულად „დაპრესილ“ ქართულ ტვინებს არა მგონია ესაჭიროებდეს კიდევ უფრო „დაპრესვა“. ეს, ჩემის შეხედვით. ვაშინგტონის მიხედვით, ესაჭიროება, ვიდრე ბოლომდე არ „დაიპრესება“ ქართველთა ტვინები და რახან რადიოც მისია და კორესპონდენტიც – ბრძოლაც გრძელდება, ამჯერად „აგრესიული“ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსული თემა, მითუმეტეს ლანძღვა ისეთი რამაა, დიდ ქულებს რომ მატებს ჟურნალისტს ამერიკელი ბოსების თვალში. ამიტომაც ასერიგად ელის ჟურნალისტი ნებისმიერ მოწვეულ სტუმართან ლაპარაკს. და არის არაერთი ჩაკითხვა, რომ რესპონდენტს წამოაცდევინოს რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის თაობაზე, აქედან გამომდინარე „ცუდი“ რუსეთის სალაპარაკო თემის გაშლაზე.

რესპონდენტებიც ისეთები ჰყავს შერჩეული, სულ არ საჭიროებენ პატივცემული ჟურნალისტის წაქეზებას, ისე მოხსნიან პირს გუშინდელ-დღევანდელი რუსეთის საგინებლად. ასე და ამრიგად „რადიო თავისუფლების“, „მაესტროზე“ გაჟღერებული ხმა ისე, როგორც უკლებლივ ყველა რადიოსა და ტელევიზიის, ანტირუსულად „პრესავს“ საქართველოს მოსახლეობის ტვინს.

ჩიქოვან-ცაგარეიშვილის დუეტში ბევრი რამ იყო „საინტერესო“, მაგრამ ყურადღება პარაფირებული ტექსტის ამბავმა მიიპყრო, როდესაც ჟურნალისტმა საყვედურით მიმართა მსმენელს, რას ჩივით და წუწუნებთ, ხომ ხედავთ ტექსტიც გამოქვეყნებულია და თარგმანიც არისო.

კეთილი, მაგრამ მარტია და ახლა? ნოემბრიდან მარტამდე საკმაო დროა გასული. მოდუნდა საზოგადოების ყურადღება პარაფირებული ტექსტისადმი.

დღეს, გინდ წაგიკითხავს, გინდ არა – ტექსტი პარაფირებულია და თანაც ისე, მომწერმაც რომ არაფერი იცოდა, რას აწერდა ხელს. გარდა ამისა საზოგადოებას იმედი არ აქვს, რომ ტექსტი ისაა, რასაც ხელი მოეწერა და ითარგმნა.

 საზოგადოების ეჭვიანობის მიზეზი მრავალია, რამაც თავი იჩინა ქვეყნის ისტორიის ბოლო დეკადის დროს. თუმცა არც წინა დეკადა იყო სანდო ამ მხრივ, როდესაც პრემიერ-მინისტრ ჟვანიას გარდაცვალების საექსპერტო დოკუმენტში, ამერიკელთა მიერ ნაცოდვილარში, შედის „უმნიშვნელო“ ცვლილება, საზოგადოებას აქვს სრული უფლება იყოს ეჭვიანი; როდესაც ცხინვალის  ომის ტალიავინისეული დასკვნა, შებრუნებულად მოგვაწოდა ნაციონალურმა მთავრობამ, საზოგადოებას გვაქვს უფლება ვიყოთ ეჭვიანი.

საზოგადოება თვლის, რომ მას, ხელისმოწერამდე, უნდა ჰქონოდა ტექსტის გაცნობის შესაძლებლობა. დღეს, რაღა მნიშვნელობა აქვს, ტექსტი პარაფირებულია. არ მითხრათ, საქართველოს ხელისუფლებაში გამოჩნდება ვინმე გულადი, რომელიც რომელიმე პუნქტის მიუღებლობის გამო, ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერის წინააღმდეგ წავა.

საქართველოს არც ის ხელისუფლება ჰყავს და არც თვით არის ისეთი, თავისი სამართლიანი სიტყვა რომ თქვას, ტექსტში არსებული მიუღებელი პუნქტების შეცვლა რომ მოითხოვოს. ჩვენ ისეთი მთავრობა გვაქვს – თავის ჩამოსახრჩობ თოკს, თვით რომ მიიტანს.

ჰოდა, ბატონმა გიამ ბრძანა, სწორედ ასოცირებული წევრობა მოგვცემს საშუალებას ევროპაში უვიზო გამგზავრებისო – აიღებთ პასპორტს, ბილეთს და უპრობლემოდ იმოგზაურებთ ევროპაში, თანაც თუ სურვილი გექნებათ, იქ დასაქმდებით კიდევაცო. აბა, არა! – დაუდასტურა ჟურნალისტმა.

„რადიო თავისუფლებამ“, მითუმეტეს პარლამენტარმა უნდა იცოდეს, რომ – აიღებ პასპორტს, ბილეთს და წახვალ ევროპაში – ჯერ-ჯერობით შეუძლებელია და ასე იქნება ასოცირებული წევრობის დროსაც. ასოციერბული წევრობა ავტომატურად არ ხდის საქართველოს, შენგენის ხელშეკრულების წევრად. ასოცირებული წევრობა კი არა, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაც არ იძლევა შენგენის ხელშეკრულების წევრობას, ანუ ევროკავშირში თავისუფალ, უვიზო გადაადგილების შანსს.

ევროკავშირის 28 წევრიდან, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს აქვთ ეს უფლება. და თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ ევროკავშირში ყოფნის რვაწლიანი სტაჟის მქონე რუმინეთსა და ბულგარეთს. მათ მხოლოდ წელს მიიღეს შენგენის ზონაში შესვლის უფლება. მიიღეს და რა ამბავი ატეხა დიდმა ბრიტანეთმა?! „რუმინელებსა და ბულგარელებს აქ არ შემოვუშვებთო“, – აცხადებს ის.

არაევროკავშირის წევრმა შვეიცარიამ ხომ მთელი ევროპა გადარია – შვეიცარიაში ევროპელთა შესვლის გამკაცრების გამო.

ბუნებრივად იბადება კითხვა – რაშია საქმე? საქმე, სულ „მარტივ“ რამეშია – უმუშევრობა რომ ჰქვია, გარდა ამისა, გაუსაძლის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში. უჭირს ევროკავშირს, როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკურად და ისე უჭირს, რომ მზად არის „შავი“ სამუშაო შეასრულოს ლუკმა-პურის საშოვნად.

ერთ დროს გალაღებული ფრანგი, ნიდერლანდელი, ინგლისელი, ესპანელი, იტალიელი, სხვები დღეს შავ სამუშაოსაც არ თაკილობენ, მაგრამ სად არის?! და ასეთ დროს ევროკავშირის სხვა გაპარტახებული ქვეყნების მოსახლეობის მოძალება – სამუშაოს მოპოვებისთვის. ესპანეთის ახალგაზრდების 60%-ი უმუშევარია, არანაკლები უმუშევრობაა სხვა ევროპულ ქვეყნებში და ამ დროს ცაგარეიშვილის დეზორიენტაციული განცხადება – აიღებ ბილეთს, პასპორტს და წახვალ დასასაქმებლად.

ყველაფერი რომ ცაგარეიშვილის აზროვნების მსგავსად იყოს – რა ეშველება საქართველოს? ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტარმა განაცხადოს – რა ევროპა, რის ევროპა, ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს სამშობლოში თქვენს დასაქმებასო – ის, პირიქით, გვიკარნახებს – წადით და იქ დასაქმდითო.

ცაგარეიშვილის რჩევამ ცნობილი ქართველი მწერლის ვახტანგ ხარჩილვას ნათქვამი გამახსენა: „ესენი (ხელისუფლება) საქართველოდან გასახლებას გვიპირებენ, თანაც ისე, რომ იქით ვეხვეწებოდეთ – ოღონდ გაგვიშვით, გაქცევის საშუალება მოგვეცით, სული გაგვატანინეთ აქედან და ჯანდაბას, ეს ჩვენი სამშობლო თქვენი ფეშქაში იყოს…“

„ამ დროს კი ჩვენი ეგრეთწოდებული პოლიტიკოსები, იმის ნაცვლად, რომ ერთად შეკრან ერი და თავს დამტყდარი უბედურების მთავრაი მიზეზი, მთავარი მტერი დაანახონ, ყოფენ, ხლეჩენ საზოგადოებას“.

 როგორ დავიჯეროთ, ამ სიტყვების ავტორი ბატონი ვახტანგი მტერია და ევროპაში ქართველთა ვირტუალური დასაქმების მსურველი ბატონი გია – მოყვარე?!

არა, ბატონებო, არც გია და არც სხვა პარლამენტარები, ირაკლები, გიორგები, მაიები, ელისოები და რაც მთავარია ბიძინები არ არიან ქართველთა შინ დამსაქმებლები, არც 100 თუ ორასი საწარმოს ამშენებლები და არც სოციალური ყოფის გამომსწორებლები. რაც მათ შეუძლიათ, საკუთარი თავისთვის დიდი ხელფასების დანიშვნაა. აი მაგალითად, თავდაცვის მინისტრის – 16 000 ლარი თვიურად, მაშინ როდესაც ავღანეთში მებრძოლის თვიური ხელფასი 1000-დან 2300 ლარამდე მერყეობს.

სხვათა შორის „რადიო-ლაპარაკში“ პატივცემული გია ქართველი სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნასაც შეეხო. და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება უდიდესი მონაპოვარია, რომ შორეულ აფრიკაში ქართველი მეომრები დაიცავენ საქართველოს უსაფრთხოებას. ამაზე იტყვიან ალაოზეაო. სად ერეკლე და სად ჩემი … როდის აქეთ გახდა ცარ-ა საქართველოს უსაფრთხოების ფორპოსტი?! ეს, ისეთი ფორპოსტია, როგორც ერაყი იყო ან ავღანეთია.

ნატოს „სწრაფი რეაგირების ძალებში“ მოხვედრა უდიდესი მიღწევააო, – გვმოძღვრავს ალასანია, პრეზიდენტი კი პარლამენტში გამოსვლისას სიხარულს ვერ მალავს. როდესაც ჯარის შენახვა ძვირი გიჯდება, განა მისწრება არ არის ავღანეთში და ცარ-ში გაგზავნა? იქ ხომ 2-3-ჯერ მეტ ხელფასს მიიღებენ, ვიდრე აქ?

რამდენად გაუსაძლის პირობებში უნდა იყოს კაცი, რომ სამშობლოდან ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებულ ქვეყანაში იომოს, თანაც მიზერული თანხის მისაღებად სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე დადოს თავი?

ფუი ეშმაკს, ამას რას კადრულობთ ჩვენს პატრიოტ ბიჭებზეო – იტყვის მავანი. ვკადრულობ. როდესაც შენ, შენი გაქვს საომარი, სხვაგან არ უნდა გარბოდე, სხვის საზარბაზნე ხორცად არ უნდა იქცე.

ქართველები, რომ სხვის ომში, ამჯერად აფრიკაში იომებენ – გადაწყვეტილია, შემდეგ სხვა ომებიც  იქნება. ომს რა გამოლევს მსოფლიოში. და ვიქნებით ასე, ომიდან-ომში მორბენალი, შესაძლოა რამდენიმეში ერთდროულად. და ვარჩენთ ოჯახს. სხვა სამსახური მაინც არ არის.

იაფფასიანი სამხედროები მისწრებაა დასავლეთისთვის. ავღანეთში მეომარი ქართველის შედარება ამერიკელთან ან სხვასთან, ხელფასის თვალსაზრისით, ისეთივე აბსურდია, როგორც „,მერსედესის“ და „ზაპოროჟეცის“ შედარება. ამერიკელი ჯარისკაცის ანაზღაურება ქართველთან შედარებით მიუღწეველი ზღაპარია, ისე, როგორც დაჭრილთა მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები, დაღუპულთა ოჯახებისთვის გაცემული ფული – არა ერთჯერადი დახმარების სახით, არამედ მრავალწლიან გრაფიკში ჩამჯდარი და ა.შ.

ხელისუფალთა სკამების შენარჩუნებას, პოლიტიკაში მათ დიდხანს ყოფნას ემსახურება ყოველივე ეს. გაურიგდება რომელიმე ჩვენი ხელისუფალი ვაშინგტონელ „კეთილმსურველს“ და დაიძვრება ქართველთა არმია აფრიკისკენ.

ერაყსა და ავღანეთის ომებში ქართველთა მონაწილეობის ინიციატორი ვაშინგტონი იყო. ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდა საქართველოს ხელისუფლება. და ნაცვლად ავღანეთში გაგზავნილი საშუალო ზომის კონტიგენტისა, რაოდენობა 1700-მდე გაზარდა. ვაშინგტონი კმაყოფილია. ამერიკელ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტით დაწყებული, მუდამ პირზე აკერიათ – მადლობა საქართველოს ავღანეთში ომისთვის.

იოლი საქმე ხომ არ არის ავღანურ ჯოჯოხეთში რომელიმე ქვეყნის, თუნდაც ნატოს წევრის, ჯარისკაცების გაგზავნა? ავღანეთში ომის დაწყებიდან დღემდე, ვაშინგტონი რას არ ეუბნებოდა ნატოელ პარტნიორებს ჯარის გაუგზავნელობის გამო და აი, საქართველო, მოხალისე ქვეყანა, ამერიკა-ევროპის მოტრფიალე, მზად იყო და არის სხვისი ტვირთის საზიდლად. ვაშინგტონს თხოვნაც არ სჭირდება, მითუმეტეს ბრძანება, ისე სწრაფად და წარბშეუხრელად უსრულებს საქართველოს ხელისუფლება სურვილს.

პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაგვიხადა ავღანეთისთვისო – ამბობს დღევანდელი ხელისუფლება და სიხარულით  მეცხრე ცაზეა. ხუმრობა ხომ არ არის, აშშ-ს ცოცხალმა პრეზიდენტმა ობამამ ხელი ჩამოართვა ღარიბაშვილს, ფანჯიკიძეს, პეტრიაშვილს, სხვებს, თან შეაქო – კარგები ხართ ყველაფერშიო. მას შემდეგ საქართველოს დელეგაციას ხელი არ დაუბანია – აქაოდა ობამას ჩამოვართვითო.

ეიფორია კარგახანს გაჰყვება „ოცნებას“ და ხელის ჩამორთმევიდან დიდხანს მომავალში, იტყვის – აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს გვიჭერსო. ესეც თქვენ, ნაცებო. აკი არ შეხვდებაო, რომ გაჰყვიროდით.

შეხვდებოდა, აბა რას იზამდა, ვინაიდან საქართველო იმ ვაშინგტონური პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მისი პოზიციების გამტკიცებისკენ არის მიმართული. ამ პროექტით საქართველო, რუსეთისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად მოიაზრება. ეს სტატუსი საქართველომ შევარდნაძის დროს მიიღო. სააკაშვილის პირობებში მან მწვერვალებს მიაღწია.

არის თუ არა საქართველო, თავგასაპნულობის თვალსაზრისით, ისეთივე, რაც სააკაშვილის დროს – აი, ეს აინტერესებდა ვაშინგტონს. ამის გასარკვევად მიიწვია მან საქართველოს დელეგაცია ხანგრძლივი პერიოდით. დელეგაციამ დაარწმუნა ვაშინგტონი საკუთარ კეთილგანწყობაში, მუყაით შემსრულებლობაში და მრავალ ისეთ რამეში, სააკაშვილსაც რომ შეშურდებოდა.

აქაოდა ობამა დაგველაპარაკაო, ისე აიშვეს ჩვენებმა, განსაკუთრებით პრემიერმა, შეხვედრა არ დატოვა, რუსეთი არ ეგინებინა. მან მოუწოდა აშშ-ა და ეცროპას დაიცვან უკრაინა, რუსული აგრესიისგან.

გახსოვთ ალბათ, სააკაშვილის მოწოდებები – ამერიკა-ევროკავშირისადმი, თქვენ რუსეთი არ იცით, რა მზაკვარია, ამიტომ იბრძოლეთ მის წინააღმდეგ დღისით და ღამით, დარში და ავდარში.

მსოფლიოს ფარულ მსმენელს, მრავალი სადაზვერვო ორგანიზაციის პატრონს, მოწინააღმდეგის, მათ შორის რუსეთის პოლიტიკოსთა საწოლში მიმდინარე ამბების მცოდნეს, გულს უხარებდა თავისი აღზრდილის ესოდენი „თავდადება“, თორემ ყველაფერში ინფორმირებული ვაშინგტონისთვის რაღა საჭირო იყო სააკაშვილის შეგონება და ჭკუის დარიგება?!

შვილი, მამას, სექსს ასწავლიდაო – ასე გამოსდიოდა სააკაშვილს და ვაშინგტონიც იღებდა. ვაშინგტონმა ამჟამადაც მიიღო – ღარიბაშვილისგან. დაეხმარება ვაშინგტონი ყველას, მითუმეტეს უკრაინას ანტირუსულ საქმეში და რომ ეს ასე იქნება, ღარიბაშვილის შეხსენება არ სჭირდება.

არ სჭირდება, მაგრამ ხომ არ გაუწყრებოდა? პირიქით, თავზე ხელი გადაუსვა და სიფხიზლე შეუქო, განსაკუთრებით პროამერიკული განწყობა, რამაც მთლად გადარია დელეგაციის წევრები. და იყო „ბორდერიზაციის“ წაღმა-უკუღმა ტრიალი, ამერიკელთა ფიცი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აგრესიის დროს მხარში დგომისა.

ერთი სიტყვით, დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის ვაშინგტონში „სმოტრინებმა“ (რუსეთში, სასიძოს დასაკვირვებლად მიპატიჟება) წარმატებით ჩაიარეს. ისე, წარმატებით, რომ კრიტიკოს ნაცებსაც აღარაფერი დარჩათ საქილიკოდ.

ერთი ეს არის – ქვეყანას რა დარჩა. დარჩაო, გვიმტკიცებენ. ეს მტკიცებაც ნაცნობია – მსგავსი შევარდნაძე-სააკაშვილის ჟამის. ჩვენ კი ველით მოთმინებით. მეტი რა გზა გვაქვს და ვუსმენთ ჩიქოვან-ცაგარეიშვილის ზღაპრებს გამყიდველ ქართველებზე ორჯონიკიძეებზე, სტალინზე, სხვა ბოლშევიკ ბელადებზე,  მოღალატეებზე.

მაინც რატომ არიან ისინი მოღალატეები?

ეს თემა განსაკუთრებულ აქტუალობას თებერვალში იძენს – საქართველოს გასაბჭოების დღეებში. მენშევიკებმა ორი გემით დატოვეს საქართველო, ამბობდა მავანი ისტორიკოსი იმავე რადიოში. და არ სვამს კითხვას, რატომ გაიმეტა საქართველომ მენშევიკური ხელისუფლება, რატომ არავინ გამოვიდა, თითო-ოროლას გარდა, მის დასაცავად; რატომ ვერ დარაზმა მთავრობამ ხალხი  ბოლშევიკებთან საომრად?

იმიტომ ხომ არა, რომ ხალხს არ სწამდა მენშევიკების?

ეს საკითხი, ზოგს რომ შესწავლილი ჰგონია, ხელახალ, ობიექტურ, მიუკერძოებელ კვლევას საჭიროებს და არა ტენდენციურ სააკაშვილისეულ და მისთანათა განმარტებას. მაგრამ ჩვენ ის ვართ, გუშინდელ ისტორიას რომ ვაყალბებთ და გუშინწინდელს რას ვუზამთ?!

ჯერაც დასადგენია საბჭოთა 70-წლიანმა მმართველობამ თუ ნაცთა 9-წლიანმა ბატონობამ, რა მოუტანა ქვეყანას. ისიც ნათელია, რა წარმატებებს მიაღწია საბჭოთა პერიოდში საქართველომ. არ არის არც ერთი დარგი ეკონომიკურ-კულტურული ცხოვრებისა, სადაც საბჭოთა საქართველოს უდიდესი მიღწევები არ ჰქონოდა.

დღევანდელ გაპარტახებულ, დაცემულ და სხვის უკანალში შემძვრალ საქართველოს უკვირს იმჟამინდელი წარმატებების. უკვირს და ვერც დაუჯერებია, მართლაც ამხელა წარმატებები იყოო?

წარმატებები იყო და არა მარტო აქ, არამედ ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, მითუმეტეს რუსეთში. სოჭის ოლიმპიური თამაშების წარმატებით დასრულების შემდეგ, გახარებული რუსები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ – საბჭოთა გუნდის წარმატებებს გავუსწარითო. ეს ზამთრის სპორტში მხოლოდ, სხვაში?

სხვაში, ბოდიში, მაგრამ 15-20 წელი დასჭირდება რუსეთს საბჭოთა დონის მისაღწევად.

1941 წლის დეკემბერში წითელი არმიის უკან დახევით შეფიქრიანებულმა სტალინმა თავის თანამებრძოლებს გაღიზიანებულმა უთხრა – ლენინმა ქვეყანა დაგვიტოვა, ჩვენ კი „პრასრალიო“. ალბათ ეს იყო ერთადერთი უწმაწური სიტყვა, რომელიც მას წამოსცდა. თუ რით დასრულდა ფაშისტური გერმანიის წინსვლა, ყველასთვის ცნობილია. წითელმა არმიამ სტალინის გონებაგამჭრიახობით  არათუ სამშობლოდან განდევნა მტრის ჯარი, არამედ ბერლინამდე სდია, გერმანიაც გაჰყო და აღმოსავლეთ ევროპაც სოციალისტურ ბანაკად აქცია.

საინტერესოა, დღეს რომ ის სამარიდან წამოდგეს და ცალი თვალით გადახედოს თავის დანატოვარს, მისმა მემკვიდრეებმა ხრუშჩოვმა, ბრეჟნევმა, გორბაჩოვმა, ელცინმა რომ ხელგაშლილად არიგეს, რას იტყვის? რას იტყვის სოციალისტური ბანაკის, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო? რას იტყვის ყირიმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით? 

ეს, ის ყირიმია, რომელიც 1954 წელს, ვოლუნტარისტულად გადასცა ხრუშჩოვმა უკრაინას – იქაური ანტინიკიტურად განწყობილი პარტიული ბოსების გულის მოსალბობად.

საბჭოთა კომპარტიაში გაჩენილმა კორუფციულმა „ბაცილამ“ დაღრნა პარტიის მონოლითურობა და მასთან ერთად უდიდესი კომუნისტური იმპერია. საბჭოთა კავშირში შემავალი ერები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს. რა იყო ის ძალა, რომელიც ასე ძლიერად მოქმედებდა?

ამ ძალის წარსულში მოხსენიება უდიდესი შეცდომა იქნება. ეს, ძალა დღესაც მოქმედებს არანაკლები სიძლიერით, მეტით თუ არა. არ იშურებს ფულს, ენერგიას კომუნისტური სისტემის მემკვიდრეების, უპირველესად რუსეთის გასანადგურებლად, დასაშლელად. 1992 წლიდან დღემდე გაათკეცებული ძალით ცდილობს ერთმანეთს დაატაკოს უკრაინელი და რუსი, ქართველი და რუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი, ბელორუსი და უკრაინელი, მოლდოველი და რუსი და ა.შ. და არა მარტო ისინი, არამედ უკრაინელი – უკრაინელს, რუსი – რუსს, ქართველი – ქართველს, …

ამ ძალამ აღაზევა საქართველოში ქართველთა მოძულე ნაციონალური მოძრაობა და მის ბელად სააკაშვილი. ამ ძალამ გაჰყარა სამსახურებიდან 40 წლის ასაკს ზევით ადამიანები. ამ ძალამ დაასვა თავს საშუალო და მეტი ასაკის გამოცდილ ადამიანებს უცოდინარი, ბრიყვი, ბოროტი ახალგაზრდობა. ეს ძალა მოუწოდებს მათ გაპედარასტებისკენ. ეს, ის ძალაა, რომელიც აიძულებს ქართველს ლუკმა-პური უცხოეთში ეძიოს და ცენტების ფასად უკანალი ბანოს ამერიკელ, ფრანგ, გერმანელ, … პენსიონერსა და დავარდომილს.

ამ ძალამ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს დასავლეთი და აღმოსავლეთი უკრაინა, ორივე კი რუსეთს. ეს, ის ძალაა, თვით ნორმალურ ამერიკელშიც რომ აღშფოთებას იწვევს. თვალი გადავავლოთ აშშ-ს ფინანსთა მინისტრის ყოფილი თანაშემწის პოლ კრეიგის სიტყვებს: „რუსეთის გასანეიტრალებლად ვაშინგტონმა რეიგანისა და გორბაჩოვის შეთანხმება დაარღვია, ნატო ყოფილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე გააფართოვა და ახლა განზრახული აქვს, ნატოში შეიყვანოს თვით რუსეთის ყოფილი ნაწილები – საქართველო და უკრაინა. . .

ბევრს გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ ამერიკა საუკეთესო ადგილია, მსოფლიოსთვის სამაგალითო ქვეყანა, რომელისაც უნდა გწამდეს. ეს იდიოტური მრწამსი იმ დროს გამოვლინდა დასავლეთ უკრაინაში, როდესაც აშშ-ი ცდილობს ამ ქვეყნის დესტაბილიზაციას და ხელში ჩაგდებას. დესტაბილიზაციის იარაღს აშშ-ი იყენებს რუსეთში, სიტუაციის აბუნტების მიზნით. თუკი ვაშინგტონი შეძლებს უკრაინაში გადატრიალების მოწყობას, რუსეთი, როგორც წინაღობა აშშ-ს ჰეგემონიისა მსოფლიოზე, ლიკვიდირებული იქნება. რჩება მხოლოდ ჩინეთი“.

აშშ-რუსეთის დაპირისპირება უსერიოზულეს სახეს იღებს, შესაბამისი გართულებებით, რომელიც არც ერთ მათგანს წარმატებას არ მოუტანს და თუ მოუტანს, მხოლოდ დროებითს. სამწუხაროა, რომ დიდთა ჭიდილში არშემდგარი პატარა საქართველოა გაჩხერილი, როგორც მეტიჩარა თხა მეჩხერ ღობეში. სამწუხაროა, რომ 23 წლის განმავლობაში საქართველოს ანტიეროვნული ხელისუფლება ჰყავდა და ჰყავს, რომელთა გამოისობით ქვეყანა ურთულეს ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაშია, მითუმეტეს პოლიტიკურში. 

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.