27.12.2024

ისევ კურილიის კუნძულების შესახებ (გაგრძელება)

წინა სტატიაში, რომელიც რუსეთ-იაპონიას შორის ტერიტორიული საკითხების მოგვარებას ეხებოდა, ხაზგასმით აღვნიშნე იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შედეგად, საბჭოთა კავშირის მიერ „წართმეული“ ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე. თუმცა ისიც ვთქვი, რომ არავითარ წართმევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საკითხი განხილული და შეთანხმებული იყო იალტის, პოტსდამის და სან-ფრანცისკოს კონფერენციებზე.

პირველ სტატიაში არ დავეთანხმე მავანი ქართველი ექსპერტის მოსაზრებას სიტყვა „ოკუპირებულთან“ დაკავშირებით, მაგრამ ქართველი ექსპერტი გამონაკლისი არ არის, უფრო სწორად ისაა, ვინც იმეორებს დასავლელი, კერძოდ ამერიკელი სწავლულების და პოლიტიკოსების ნათქვამს იაპონიის კუნძულების „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით.

რა გაეწყობა, აშშ-ის პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ არ გამორიცხავს ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ, ძველის ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმებას. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ მანკიერი ჩვევის საილუსტრაციოდ. ავიღოთ თუნდაც პრეზიდენტ ობამას დროს ირანთან დადებული ხელშეკრულება, რომელსაც აშშ-ის გარდა ხელს აწერს გაეროს უშიშრეობის საბჭოს 4 მუდმივი წევრი და გერმანია.

პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ამერიკისთვის საზიანოდ ჩათვალა და გავიდა ხელშეკრულებიდან. უფრო მეტიც – მან ახალი სანქციები დაუწესა ირანს. ტრამპმა ანალოგიური ვითარება შექმნა რუსეთთან, რაც გამოიხატა საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების გაუქმების თაობაზე დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის განცხადებაში. ხელშეკრულება გაფორმდა სსრკ-ს ლიდერ გორბაჩოვსა და აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანს შორის.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება. მაგალითად, კლიმატთან დაკავშირებით პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლა და ა.შ. მსგავსი მიდგომა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ აშკარა მანიშნებელია ზერელე დამოკიდებულების და ერთმმართველობის სინდრომით დაავადებული სახელმწიფოს უპასუხისმგებლო მოქმედების. ასეთ პარტნიორთან ურთიერთობა ძნელია, მაგრამ თვლის კი არასანდო პარტნიორი თავის თავს არასანდოდ?

უდავოდ, არა! და რატომ? იმიტომ, რომ მისი აზრით ის მსოფლიოს გამგებელია და მისი ნებისმიერი ნაბიჯი მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის მოკავშირეებისთვის.

მსოფლიოს ერთმმართველობის მცდელობა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან იწყება, თუმცა ნაკლები წარმატებით, ვინაიდან ამერიკულ სურვილს წინ აღუდგა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირი – იმჟამად უდიდესი ავტორიტეტის მქონე მთელს მსოფლიოში.

ვერც ატომური ბომბების ჩამოყრამ ჰიროსიმასა და ნაგასაკში, ვერც სხვა ავანტიურისტულმა გამოხდომამ ვერ მოდრიკა საბჭოთა კავშირი, რომელიც აშშ-ის და კაპიტალისტური სამყაროს წინაშე სალ კლდესავით იყო აღმართული. ნაცვლად ამერიკელთა ერთპოლუსიანი მსოფლიოს მმართველობისა, სამყარომ მიიღო ორპოლუსიანობა, რომელიც 1991 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა და რომ არა სსრკ-ს შიგნით გაჩენილი მანკიერება, გამყიდველობა, ვინ იცის რამდენ ხანს გასტანდა.

რუსეთი, დიდი საბჭოთა იმპერიის მემკვიდრე, მხოლოდ სიტყვით შეიძლება იყოს ასეთი, ვინაიდან მას გაცილებით ნაკლები პოტენციალი აქვს, ვიდრე წინამორბედს. უფრო მეტიც, თვით რუსეთში გაჩენილი ანტირუსული, ლიბერალური ძალა დღენიადაგ ხრავს ყოველივე იმას, რაზეც რუსეთი დგას და წარსულის ლანძღვა-გინებით ტვინს უბურღავს ახალ თაობას, აიძულებს მას მიიღოს ლიბერალური ფილოსოფია საბჭოური წარსულის საშინელებათა შესახებ. მათ შორის გამოკვეთილია იაპონიასთან ტერიტორიული დავაც.

ლიბერალთა მიხედვით, რუსეთმა არა მარტო კურილიის კუნძულები უნდა დაუბრუნოს იაპონიას, არამედ ყირიმის ნახევარკუნძულიც უკრაინას, შეუწყვიტოს დახმარება და მხარდაჭერა დონბასს და ა.შ.

ამ ორი საკითხიდან არც ერთს არ ექნებოდა არსებობის შესაძლებლობა, რომ არა საბჭოთა ეპოქის ყველაზე დიდი „ლიბერალის“ ხრუშჩოვის გადაწყვეტილება. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ორივე საკითხს – დღეს რომ პრობლემად არის ქცეული. სწორედ ხრუშჩოვმა გადაწყვიტა იაპონელთა გულის მოგება – მისთვის ორი კუნძულიის დაბრუნებით. სწორედ ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით გადაეცა ყირიმი უკრაინას – დღეს რომ რუსეთის ხელისუფლება  „ოკუპანტის“ სახელთან გააიგივა.

არადა, კურილიის კუნძულების ჰაბომაის და შიკოტანის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებებიდან გამომდინარე, ხრუშჩოვმა მკვეთრად შეიცვალა პოზიცია და უარი თქვა გადაცემაზე, ანუ უხეშად რომ ვთქვათ თავისი გადაწყვეტილება ალოკა. რა შეიცვალა ამით?

არც არაფერი, ვინაიდან ახსოვთ ხრუშჩოვის თანხმობა, მაგრამ „არ ახსოვთ“ თანხმობის უკან წაღება. პირველი ახსოვთ იმიტომ, რომ აწყობთ. მეორე არ ახსოვთ, ვინაიდან არ აწყობთ. მაგრამ თანხმობა და თანხმობის გაწვევა რომ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული? და ეს, რომ ასეა, მკითხველმა განსაჯოს, რისთვისაც გთავაზობთ ამ ამბვის ისტორიას.

იაპონიის წინააღმდეგ სსრკ-ის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ერთობ მძიმე ურთიერთობები ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაუარესდა 1951 წელს დასავლეთის ქვეყნებსა და იაპონიას შორის სეპარატისტული ხელშეკრულების დადებით. ამას მოჰყვა აშშ-იაპონიის სამხედრო კავშირის ხელშეკრულებაც.

ამერიკელთა მცდელობით საბჭოთა კავშირი იაპონიისთვის გადაიქცა პოტენციურ სამხედრო მოწინააღმდეგედ. მიუხედავად ამისა იაპონიის ხელმძღვანელობაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ნორმალური ურთიერთობების არქონა ესოდენ მსხვილ და გავლენიან ქვეყანასთან, როგორიც სსრკ იყო – კარგს არაფერს მოუტანდა იაპონიას.

იაპონიამ იცოდა, რომ სსრკ-სთან ნორმალური დამოკიდებულების გარეშე ვერ გახდებოდა გაეროს წევრი, ვერც ჩინეთთან და სხვა სოცქვეყნებთან დაამყარებდა დიპლომატიურ ურთიერთობებს. აშშ-ზე ცალმხრივმა ორიენტაციამ გამოიწვია იაპონელთა შორის უკმაყოფილება საკუთარი მთავრობის მიმართ. ხალხი მოითხოვდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას.

1954 წელს იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატიულმა პარტიამ  ხატოიამას მეთაურობით, რომელიც გახდა კიდევაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

ახალმა პრემიერმა დაიწყო სსრკ-სთან კავშირების დამყარება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ორი ქვეყნის დიპლომატები და ექსპერტები შეუდგნენ მუშაობას ლონდონში.

სსრკ-ს პოზიცია იყო შემდეგი: ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რაც ითვალისწინებდა საომარი მდგომარეობის შეწყვეტას და ოფიციალური ურთიერთობების აღდგენას, ურთიერთის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარებას, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, ერთმანეთზე თავდასხმის თავიდან აცილებას და სხვა.

სსრკ უარს ამბობდა იაპონიისგან რეპარაციულ პრეტენზიებზე და ვალდებულებას ღებულობდა მხარი დაეჭირა მისი თხოვნისთვის გაეროში მიღებაზე. საბჭოეთი არც აპირებდა ტერიტორიულ საკითხებზე მსჯელობას, ვინაიდან ის უკვე იყო გადაწყვეტილი იალტის, პოტსდამის და სან-ფრანცისკოს კონფერენციებზე. მხედველობაში იყო მიღებული ის, რომ სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე იაპონიის ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა სამხრეთ სახალინსა და კურილიის კუნძულებზე.

ლონდონის მოლაპარაკების დაჩქარების მიზნით საბჭოთა ლიდერმა ხრუშჩოვმა გადაწყვიტა იაპონელთა მოხიბლვა ორი კუნძულის გადაცემით. ხრუშჩოვს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. იაპონიის დასაჩუქრებით მას სურდა ეს ქვეყანა გამოეყვანა აშშ-ის ორბიტიდან და აეძულებინა ის, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები გაეყვანა იაპონიიდან.

მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოსკოვში გაიმართა, რომლის დროს გააქტიურდა აშშ-ის ზეწოლა იაპონიაზე. ამერიკელების სურვილი იყო მოლაპარაკების ჩაშლა. უფრო მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალენ დალესმა გააფრთხილა იაპონიის მთავრობა, რომ თუ ის აღიარებს 4 კუნძულთან ორს – კუნაშირისა და იტურუპის, როგორც საბჭოეთის ტერიტორიებს, აშშ სამარადისოდ შეინარჩუნებს კუნძულ ოკინავას და რიუკიუს არქიპელაგს.  

1956 წლის 7 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიას გაუგზავნა მემორანდუმი, სადაც აღნიშნა, რომ ის არ ცნობს არავითარ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის სუვერენიტეტი ვრცელდება აღნიშნულ კუნძულებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი სახის დოკუმენტიც შექმნა:

„აშშ-ის მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ 4 კუნძული ყოველთვის იყო იაპონიის და ასეთად უნდა იქნას განხილული. აშშ იალტის შეთანხმებას თვლის როგორც მხარეთა შორის დეკლარაციას და არა როგორც საბოლოო კანონიერ გადაწყვეტილებას ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით“.

მძლავრმა ამერიკულმა ზეწოლამ დიდი გავლენა იქონია იაპონიის მთავრობაზე და მოსკოვში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის ჩასულ იაპონიის პრემიერ-მინისტრ ხატოიამას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

აშშ-ის ადმინისტრაციის სურვილების დასაკმაყოფილებლად და სსრკ-იაპონიას შორის საომარი მდგომარეობის შეწყვეტის მიზნით, აგრეთვე დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად იაპონიის პრემიერმა ხელი მოაწერა არა სამშვიდობო ხელშეკრულებას, არამედ სსრკ-იაპონიის ერთობლივ დეკლარაციას.

ხრუშჩოვის „გულკეთილობიდან“ გამომდინარე (ორი კუნძულის ჰაბომაი და შიკოტანის დაბრუნება) იაპონიის დელეგაციამ კიდევ ორის – კუნაშირის და იტურუპის დაბრუნება მოითხოვა, რაზეც საბჭოთა მხარე არ დათანხმდა.

საბოლოო ჯამში 1956 წლის 19 ოქტომბერს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მე-9 პუნქტში ჩაიწერა, რომ კუნძულები ჰაბომაი და შიკოტანი გადაეცემა იაპონიას სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

27 ნოემბერს ერთობლივი დეკლარაცია რატიფიცირებული იქნა იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელობათა პალატის, ხოლო 8 დეკემბერს დამტკიცდა იაპონიის იმპერატორის, პარალელურად საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ.

დეკლარაციის მიღების შემდეგ ვითარება შეიცვალა. იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კისიმ ორიენტაცია აიღო აშშ-ზე. 1960 წელს დაიდო აშშ-იაპონიის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით აშშ-ს ნება მიეცა იაპონიაში საკუთარი სამხედრო ბაზების ნებისმიერ ადგილას განლაგებაზე, რასაც მოჰყვა სსრკ-ს მკვეთრი რეაქცია.

სსრკ-ს საგარეო უწყების მიერ იაპონიისთვის გაგზავნილ სამახსოვრო ბარათში ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2 კუნძულის იაპონიისთვის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც იაპონიის ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და ხელი მოეწერება სამშვიდობო ხელშეკრულებას.

რა ვითარებაა დღეს?

რუსეთის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს სურს გაითამაშოს ხრუშჩოვის ვარიანტი, ანუ დაუბრუნოს იაპონიას ორი კუნძული ჰაბომაი და შიკოტანი, რასაც მოჰყვება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.

რუსეთის საზოგადოება ერთობ ნეგატიურად იხილავს ასეთ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ მას შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აღმოსავლეთში მცხოვრებთა ფართო საპროტესტო აქციები და დაუმორჩილება.

რუსი ექსპერტები თვლიან, რომ იაპონიისთვის კუნძულების დაბრუნება გზას გაუხსნის რუსეთის სახელმწიფოს დაშლას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი