ირანი – საერთაშორისო ყურადღების ცენტრში
ირან-„ექვსეულს“ (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია) შორის ვენის მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, რომ გრძელი რიგი დადგებოდა ირანის საჰაერო კარიბჭე – ხომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ეჭვი არავის ეპარებოდა.
ირანის კარზე სტუმრიანობა გრძელდება. გერმანიის, საფრანგეთის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების, სხვა ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დავუმატოდ ამას მსოფლიოში ცნობილი ნავთობისა და გაზის კომპანიების პრეზიდენტები, სხვა ბიზნესის წარმომადგენლები და მივიღებთ ერთობ მჩქეფარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, რასაც რახანია ადგილი არ ჰქონია ირანში. ყველა ცდილობს ირანის ეკონომიკაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, რისთვისაც არც ძალას და არც ენერგიას არ იშურებს. ესაოდა, აშშ-ს ადმინისტრაცია თანახმაა ირანთან ახალი ურთიერთობების დაწყებისთვისო და ყველა ისინი, როგორც „ინდაურის ჭუკები“ გუშინდელი ისტორიის დავიწყებით, ცდილობენ არ ჩამორჩნენ „დედა ამერიკას“. ვიღას ახსოვს სანქციები, ყველა გამორჩენითაა დაკავებული.
რას ფიქრობენ ხელშეკრულების მიმართ უაღრესად ნეგატიურად განწყობილი ქვეყნები, ისრაელი და საუდის არაბეთი? ისინი, როგორც ყოველთვის მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება გზას გაუხსნის ირანს აწარმოოს ბირთვული იარაღი. ისრაელი თვლის, რომ ხელშეკრულება არის ისტორიული შეცდომა.
ცალ-ცალკე შევაფასოთ „ექვსეულის“ პოზიცია.
აშშ-ს მიხედვით, ირანთან უნდა დაიწყოს ახალი ურთიერთობები – დიპლომატიურიდან, ეკონომიკით დამთავრებული. დაახლოების შემთხვევაში აშშ-ი შეეცდება ირანის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, როგორც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ისე კავკასიის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის მიმართულებით,
თუმცა მრავალწლიანი მტრული დამოკიდებულება ირანის მიმართ და ამ უკანასკნელის იგივე მიდგომა ამერიკისადმი, ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რაც დადასტურდა ირანის მეთაურის აიათოლა ხამენეის გამოსვლით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირან-აშშ-ს ურთიერთობები არ გასცდება ხელშეკრულების ჩარჩოებს. ირანი არ ითანამშრომლებს აშშ-ნ სხვა საერთაშორისო საკითხებში.
ურთიერთობა უდავოდ იქნება, მაგრამ თანამშრომლობაზე გადასვლას არაერთი წელიწადი დასჭირდება. ირანი იოლად არ ივიწყებს წყენას, მითუმეტეს მტრობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს დღესაც.
აშშ-ს ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ირანი მოხსენიებულია როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი. აშშ-ი მიიჩნევს, რომ სანქციების მოხსნის შედეგად ირანს გაუჩნდება საკუთარი გაზის ევროკავშირში შეტანის შანსი, რაც სერიოზული ალტერნატივა იქნება რუსეთის გაზისთვის.
რაც შეეხება ევროკავშირს – სანქციების მოხსნით ის ბევრს ელის ირანისგან, უპირველესად ახალ ეკონომიკურ კავშირებს, ირანის ვრცელი ბაზრის ათვისებას, სარფიან კონტრაქტებს და ენერგომატარებლებს. მკვდრადშობილ „ნაბუკოს“ პროექტს რეანიმაცია უწერია, თუ აზერბაიჯანულ გაზს, ირანულიც დაემატება. მარტო აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი არ არის საკმარისი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ჩინეთის პოზიცია სხვაა. მას კარგა ხანია აქვს ირანთან მჭიდრო ეკონომიკურ-ენერგეტიკული თანამშრომლობა. ჩინეთი ყიდულობს ირანის ენერგომატარებლებს და სანქციების მოხსნასთან ერთად გაზრდის მოცულობას. ჩინეთი იმედოვნებს, რომ მიაღწევს ირანული ენერგომატარებლების ფასების შემცირებას. ირანს, ჩინეთის ახალ პროექტში – „აბრეშუმის გზა“ ერთობ სასიცოცხლო პოზიცია უკავია, გამომდინარე გეოგრაფიული მდებარეობიდან, ქვეყნის სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პოტენციალიდან.
სანქციების მოხსნა გააუმჯობესებს რუსეთ-ირანის ორმხრივ თანამშრომლობას, მასშტაბურად აამოქმედებს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული ახალი ბლოკების მშენებლობას, სამხედრო დარგში თანამშრომლობას.
რუსეთის დახმარებით უნდა მოხდეს ფორდოს ბირთვული კვლევის ცენტრის, სამედიცინო ცენტრად გადაკეთება. სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედების შესაძლებლობას აჩენს სანქციების მოხსნა, მათ შორისაა სომხეთ-ირანის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა. ამ პროექტს თავგამოდებით ლობირებს სომხეთის ხელისუფლება. პრეზიდენტმა სარგსიანმა უფაში გამართულ „შოსის“ კონფერენციაზე ილაპარაკა სომხეთ-ირანის რკინიგზის მომავალზე. სომხეთ-ირანის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ სომხეთს გაუჩნდება სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში გასვლის შანსი და არა მარტო სომხეთს, არამედ საქართველოსა და რუსეთს.
სტრატეგიული თვალსაზრისით ამ რკინიგზას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის და ცხადია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მაგრამ იფიქრებს საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულად? პრაგმატულად ფიქრი აუცილებელია თბილის-სოხუმის რკინიგზის ხაზის აღდგენისთვის და თუ ეს განხორციელდა ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული ტვირთები, დიდი დანახარჯის გარეშე, გავა ევროპის ქვეყნებში და არა მარტო იქ, არამედ ყველა სატრანზიტო ქვეყანაში.
საინტერესო პროექტია და მას სწრაფი რეაგირება სჭირდება საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან. თუ ასეთს ექნება ადგილი, რუსეთს არ გაუჭირდება აფხაზეთის ხელისუფლების დაყოლიება. აფხაზეთიც ხომ ისე, როგორც საქართველო ტვირთების ტრანზიტიდან მიიღებს შემოსავალს?!
რაც შეეხება ირანს – სანქციების გაუქმებას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 10-12-წლიანმა შეზღუდვამ ნეგატიურად იმოქმედა ირანის ეკონომიკაზე, გამოიწვია ინფლაცია და ყველა ის „სიკეთეები“, რასაც ადგილი აქვს სანქციების შემთხვევაში. ირანში უდაოდ გაიზრდება უცხოური ინვესტიციები, განსაკუთრებით ენერგეტიკაში.
ირანს ესაჭიროება დასავლური ტექნოლოგიები ნავთობის მოპოვება-დამუშავება-ექსპორტის საკითხებში. ირანული ნავთობის სრულფასოვანი ექსპორტისთვის საჭირო იქნება 300-400 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. სანქციების მოხსნისთანავე ირანს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს საკუთარი 100 მილიარდი დოლარი ქვეყნის მოთხოვნილებისდამიხედვით. ეს თანხა რახანია გაყინულია დასავლურ ბანკებში.
გარდა ეკონომიკურ-ფინანსური დივიდენდებისა, ირანი ხდება საერთაშორისო პოლიტიკის სრულფასოვანი მონაწილე. მას გზა ეხსნება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობისკენ. ეს ქვეყანა, დღიდან ორგანიზაციის შექმნისა, არის დამკვირვებლის სტატუსით.
ასე, რომ ირანის როლი საერთაშორისო ცხოვრებაში დღითიდღე გაიზრდება, რაც საყურადღებო უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც მიუხედავად არაერთი დაპირებისა, არ შეასრულა ირანის მხარის მოთხოვნები – არც საჰაერო მიმოსვლის დაწესების, არც ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგებისთვის.
ირანელთათვის საქართველოს ვიზის მისაღებად 50-პუნქტიანი კითხვარის 20 პუნქტამდე დაყვანა და ათი დღის განმავლობაში ვიზისთვის ყურყუტი, სულაც არ ნიშნავს გაიოლებას, მითუმეტეს ისეთივე წესს, რაც ირანს აქვს შემოღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – ყოველგვარი ვიზის გარეშე ირანის საზღვრის გადაკვეთა.
როდესაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავისი ვიზიტის დროს ურუგვაიში, ჩილესა და არგენტინაში აფორმებს ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას, რა დააშავა ირანმა, ჩინეთმა, ეგვიპტემ, ერაყმა?! ეს ის ქვეყნებია, განსაკუთრებით ირანი, საიდანაც ათეულ-ათასობით ტურისტი შემოდიოდა და საქართველოს ბიუჯეტს საგრძნობ შევსებას აძლევდა.
ამერიკა-ისრაელ-ევროკავშირის ფეხისხმას აყოლილი საქართველოს ხელისუფლების შეცდომამ ასეულ-ათასობით დოლარის დანაკლისი მიაყენა ბიუჯეტს. იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ ქვეყნის მმართველი გოგო-ბიჭები და „სტრატეგიული პარტნიორის“, აშშ-ს მსგავსად გადადგან ნაბიჯი საკუთარი უნიათობის შედეგად გამოწვეული შეცდომის გამოსასწორებლად.
განსაკუთრებული განხილვის თემად უნდა იქცეს თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა და სომხეთ-ირანის რკინიგზასთან მიერთება. ამ საკითხებს „ურა“ პატრიოტიოზმი არ უშველის, არც რუსეთთან ულტიმატუმებით ლაპარაკი. დროა თავი დავანებოთ პროვინციალიზმს და ვიფიქროთ პრაგმატულად, სახელმწიფოებრივად. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით სამ დიდ ორგანიზაცია „შოსსა“ და ევროკავშირ-ნატოს შორის უხერხულად გაჩხერილ ქვეყნად.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა უფის სამიტზე უკვე გადადგეს ნაბიჯი „შოსისკენ“. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ჩვენს თხოვნას, ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით, ბოლო არ უჩანს. ევროკავშირზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
საქართველომ სხვაგან უნდა ეძებოს ხსნა და ეს სხვა არც ნატო და არც ევროკავშირი არ უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად და არა ზედაპირულად უნდა იფიქროს – ამიერკავკასიის დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე. აღნიშნულზე ფიქრი, პრობლემებით დახუნძლული ქვეყნისთვის, ძნელი საქმეა, მაგრამ რა გაეწყობა, რეგიონში შექმნილი ვითარება გვიკარნახებს ამას.
არაერთხელ მითქვამს, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრება უნდა შეთანხმდეს მეზობელ ქვეყნებთან, რაც არ გაკეთებულა. კარგად მახსოვს, ამ საუკუნის დასაწყისში ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, ნატოელი ექსპერტების საფუძვლიანი გამოსვლები ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა: „სამხედრო კავშირებში ყოფნა თუ ნეიტრალიტეტი“. ევროპელი ექსპერტები გვირჩევდნენ ნეიტრალიტეტის გზას.
კონფერენციის მონაწილე სომეხმა პოლიტოლოგმა გვისაყვედურა – საქართველო ნატოსკენ მიგყავთ და მეზობლებს არაფერს გვეუბნებითო. და მართლაც, არც ბაქო და არც ერევანი თბილისს არ გაუფრთხილებია – ნატოსკენ მივდივართ და თქვენი აზრი როგორი იქნებაო? ისინი თავისთავად მიხვდნენ ჩვენს გულისნადებს.
მაგრამ ეს ყველაფერი იყო. რა გვაქვს დღეს?! დასავლეთისკენ მკვეთრად გადახრილი საქართველო და „შოსთან“ კავშირში მყოფი მეზობლები – აზერბაიჯან-სომხეთის სახით. პატარა მიწაზე, ამიერკავკასია რომ ჰქვია, საქართველო მურმანის ეკალივით ამოიწვერა მეზობლებს შორის. მართალია, მიმდინარე ეკონომიკურ თანამშრომლობას ეს ჯერ-ჯერობით ხელს არ უშლის, მაგრამ მომავალში რომ შეუშლის, ფაქტია.
„შოსის“ ინტერესები სხვაა, ხოლო აშშ-ნატოს – სხვა. „შოსი“ და „ბრიკსი“ იბრძვიან ერთპოლუსიანი მსოფლიოს წინააღმდეგ. ისინი მრავალპოლუსიანობის მომხრეები არიან, რაც აშკარად დაფიქსირდა უფაში ჩატარებული სამდღიანი სამიტის დროს.
უფაში მოხდა „პარალელური“ საფინანსო ინსტიტუტების „ბრიკსის“ განვითარების ბანკისა (ის არის მსოფლიო ბანკის „დუბლიორი“) და „ბრიკსის“ სავალუტო რეზერვების (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსი) ინსიტიტუტების შექმნა.
„ბრიკსის“ სტრატეგია გამოიხატება შემდეგში – აიძულოს აშშ-ი და ევროკავშირი ჩაატარონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმა, ამ ორგანიზაციაში საკუთარი კვოტების გაზრდის მიზნით. ვაშინგტონის თანხმობის შემთხვევაში იოლად მოხდება ერთპოლუსიანობიდან, მრავალპოლუსიანობაზე გადასვლა. თუ აშშ-ი არ დათანხმდება, „ბრიკსს“, საკუთარი საფინანსო სისტემა ექნება.
„ევრაზიული“ პროექტების მთავარი მიზანი დემოკრატულობაშია, აგრეთვე მოთმინებაში, ერთმანეთის ატანაში, მონოპოლიზმის უარყოფაში. ორივე ორგანიზაცია გამორიცხავს რომელიმეს დიქტატს. ორივე დაფუძნებულია კოლექტივიზმზე. ყველა ისინი ფიქრობენ „დოლარული პირამიდის“ ნანგრევებზე შექმნან რამდენიმე რეგიონული ზონა, საკუთარი ვალუტით.
ევრაზიული „გლობალიზაციის“ განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ მიმართულია მსოფლიო წესრიგის თანდათანობითი გარდაქმნისაკენ და არა რევოლუციისკენ. ევრაზიული კავშირის მიზანი არ არის დასავლეთთან დაპირისპირება, არამედ აშშ-ევროკავშირის „რბილ იძულებაში“ – უფრო სამართლიანი და ჰარმონიული მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად.
უფაში ჩატარებული 2 სამიტის შედეგები უდავოდ იწვევს აშშ-ს, ევროკავშირის შეშფოთებას. უახლოეს მომავალში „შოსის“ რიგების გაზრდა ირანით, გარდაუვალია, ვინაიდან მას სანქციები აღარ ბორკავს, რაც ასევე შემაშფოთებელია დასავლეთისთვის.
რა გაეწყობა, მსოფლიო განვითარებას თავისი წესები აქვს, დაუწერელი, წინასწარ გაუთვლელი. როგორც ჩანს თავდება ერთპოლუსიანობა და მის ნაცვლად მრავალპოლუსიანობა ისადგურებს, სადაც რეგიონულ ძალას გაცილებით დიდი გასაქანი ექნება, ვიდრე დისტანციურს. რეგიონში კი რუსეთს მეტოქე არ ჰყავს. და რახან ასეა, საქართველოც იძულებული იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.