26.12.2024

ირანის ისლამური რევოლუციის დღე

რამაზანი გავიდა და მარხვაში ნამყოფი

დილას ვიწყებ ღვინის სმით, სიყვარულით, ლაღობით,

მეღვინეთუხუცესმა ხსნელი ღვინით დაიწყო,

მარხვამ მომცა შედეგი აწ მთელი წლის სამყოფი.

რინდთა რწმენა გვავალებს, განვიბანოთ ღვინოში,

თუკი გვსურს, რომ მივიღოთ ჭეშმარიტი ნაყოფი.

ეს ლექსი იმამ ხომეინის კალამს ეკუთვნის – 25 საუკუნის ისტორიის მქონე მონარქიის დამამხობელს და ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელს. 11 თებერვალს ირანი, ისლამური რევოლუციის 37-ე წლისთავს აღნიშნავს – თარიღს, რომელმაც კარდინალურად გარდაქმნა არა მარტო დიდი ისტორიისა და კულტურის სახელმწიფო, არამედ მთელი რეგიონი.

„განვიბანოთ ღვინოში“ – წარმოთქმული აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინის მიერ ბევრს გასაოცრად შეიძლება მოეჩვენოს. ისლამური ფასეულობების აღმდგენი, ღვინის თაყვანს ღაღადებს, რაც არა მარტო წინამდებარე ლექსშია ასახული, არამედ სხვა ლექსებშიც.

ცნობილი მეცნიერის, პროფესორის და ირანში საქართველოს პირველი ელჩის ბატონი ჯემშიდ გიუნაშვილის მიხედვით, „იმამ ხომეინის ლექსების კრებული „სიყვარულის ღვინო“ – მუსლიმური მისტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ტროპია, რომელიც ღვთის სიყვარულით გონმიხდილობას, თავისებურ ღვთაებრივ სიშმაგეს გამოხატავს. ისლამის მისტიკურ ტრადიციაში ხომ ღმერთი იდეალური სატრფოა, ადამიანი – მისი ტრაგიკული მეტრფე, ხოლო სიყვარული გზაა მათ შორის, რომლის გავლასაც მისტიკური ღვინო – პოეზია, მუსიკა, საერთოდ ხელოვნება აიოლებს“.

37 წლის წინათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობას, შაჰის მიერ მტრად შერაცხული, ირანიდან განდევნილი ღვთისმსახური ხომეინი განახორციელებდა. აშშ-ს, ევროპის ქვეყნების, ისრაელის, სხვების მიერ ზურგგამაგრებულ რეზა ფაჰლევის მონარქიას ვერვინ შეარყევდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული მოკავშირის ხელისუფალთა ისტორიის სანაგვეზე მოსროლა?!

ვერ წარმოიდგენდა ის, ვინც არაფერი იცოდა ქვეყანაში მიმდინარე სახალხო დუღილის, მონარქიით უკმაყოფილო ირანელთა რისხვის თაობაზე. ირანში აკრედიტებული აშშ-ს საელჩო, ისლამური რევოლუციის პიკამდე რამდენიმე კვირით ადრე, ატყობინებდა ვაშინგტონს, პირადად უშიშროების საბჭოს მდივანს ზბიგნევ ბჟეზინსკის, რომ ირანში არსებული მდგომარეობა ცეცხლზე მდგარი დენთით სავსე კასრის მსგავსი იყო და მალე მისი აფეთქება სიღრმისეულად შეაზანზარებდა ქვეყანას.

ბჟეზინსკიმ გაზვიადებულად ჩათვალა საელჩოს ინფორმაცია და პრეზიდენტ კარტერისთვის, ნაცვლად არსებული ვითარების მოხსენებისა, შელამაზებული სურათი დახატა. მას ვერაფრით წარმოედგინა ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ქვეყანაში თუ ვინმე გაბედავდა მოკავშირე შაჰის დამხობას.

ბჟეზინსკი შეცდა. შაჰი დაამხვეს, ხოლო მის დამამხობელ ხომეინის – სამშობლოში დაბრუნებულს, მილიონობით ადამიანი დახვდა თეირანის აეროპორტში. ირანის დედაქალაქის ქუჩები გამარჯვებული ხალხით იყო სავსე. უყურებ რა იმჟამინდელ ფოტოსურათებს – გამოფენილს რევოლუციის, შემდგომში კი ქვეყნის მეთაურის აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმში, გაოცებს ძალა სახალხო ერთობისა, თავდადება ქვეყნისა და სულიერი ლიდერის წინაშე.

აიათოლა რუჰოლა ხომეინი – ახალი სიტყვაა ირანის ცხოვრებაში და არა მარტო ირანის. ირანის რევოლუციამ, რომელიც სულ რაღაც 37 წელიწადს მოიცავს, თავისი ომახიანი სიტყვა თქვა – სიტყვა, მტკიცე, შეუპოვარი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ბარიერის, ღია თუ ფარული აგრესიის წინაშე იდგა ახალგაზრდა რევოლუციური ქვეყანა. უსერიოზულესმა გამოწვევებმა – ერაყთან 8-წლიანმა ომმა და დასავლეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ვერაფერი დააკლეს ქვეყანას. ამ ომში ირანმა გაიმარჯვა. მისმა მყარმა პოლიტიკურმა პოზიციამ აიძულა აშშ-ი, მისი მოკავშირეები შეეცვალათ პოლიტიკა ირანთან მიმართებაში.

გასული წელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური ვექტორის, გამჭრიახი დიპლომატიის გამარჯვების წელი იყო. ვენის მოლაპარაკებებმა და მიღწეულმა შედეგებმა გზა გაუხსნეს ურთიერთნდობას, თანამშრომლობას და რაც მთავარია მშვიდობას ამ რეგიონში. წინ, ახალ ვითარებაში, ახალი ცხოვრებისთვის საჭირო ნაბიჯები იდგმება, რასაც უდავოდ მოჰყვება შესაბამისი გამოწვევები, მაგრამ მთავარი პრობლემა – უნდობლობა დაძლეულია.

ირანის ხელისუფლება მიღწეული წარმატებების ტკბობის ვითარებაში არ არის. ის, პრაგმატულად მოქმედებს და დროს არ კარგავს. ესესაა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ოფიციალური ვიზიტები დაასრულა იტალიასა და საფრანგეთში, სადაც არაერთ ორმხრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით ენერგომატარებლების, ავტომშენებლობის, სავაჭრო ბრუნვის გაზრდაში, თანამედროვე ტექნოლოგიის შეძენაში და ა.შ.

ირანი ის ქვეყანაა, სადაც მსოფლიოს, განსაკუთრებით ამერიკა-ევროპის ბიზნესი ცდილობს ფეხის მოკიდებას. ირანისადმი ინტერესს გამოხატავს რუსული კომპანიებიც. რუსეთ-ირანის ურთიერთობები მარტო ბიზნესით არ შემოიფარგლება. ის სამხედრო-სტრატეგიულ თანამშრომლობასაც მოიცავს, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებით, როგორიც სირიაა.

ორივე ქვეყანა თვლის, რომ სირიის ხელისუფლება არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რომელიც ვალდებულია შეცვალოს ვითარება ქვეყანაში. ორივე მიიჩნევს, რომ სირიის პრეზიდენტის გადაყენების თემა არ უნდა განიხილებოდეს, მითუმეტეს საომარ ვითარებაში. ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ნეგატიურად იმოქმედებს სახელმწიფოს მდგომარეობაზე და ქაოსს გამოიწვევს. ორივე თვლის, რომ პრეზიდენტი და ხელისუფლება სირიელმა ხალხმა უნდა აირჩიოს და არავინ სხვამ უცხოეთიდან.

როგორც ირანმა, ისე რუსეთმა ტერორისტული აქტები საკუთარ თავზე გამოსცადეს და კარგად მოეხსენებათ, რასთან აქვთ საქმე. ორივე ქვეყანა ებრძვის ტერორიზმს არა სიტყვით, არამედ საქმით. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ ნაწრთობი სამხედრო სპეციალისტები დიდ დახმარებას უწევენ სირიის სამთავრობო ძალებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში.

2015 წლის სექტემბერში ბაღდადში რუსეთმა, ირანმა, ერაყმა და სირიამ შექმნეს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედებას უწევს კოორდინაციას. ცენტრი მოიძიებს, ამუშავებს და აანალიზებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და ინფორმაციას უგზავნის აღნიშნული ქვეყნების გენერალურ შტაბებს.

რუსულ-ირანული სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდების დროს, რუსი შტურმანის გადარჩენა. სანდო წყაროების მიხედვით, მფრინავის ხსნის ოპერაციას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ გენერლი კასემ სულეიმანი ედგა სათავეში.

არანაკლებ ნაყოფიერად ვითარდება ირან-რუსეთის თანამშრომლობა ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის რახმანი-ფაზლის განცხადებით – ირანი ყოველწლიურად 500 ტონა ნარკოტიკს აკავებს, რომლის მთავარი მიმართულება (ირანის გავლით) ევროპის ქვეყნებია.

ირანი უარყოფითად აღიქვამს რეგიონში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფნას და მის ვითომდა ბრძოლას „იალამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

გარდა სამხედრო დარგში თანამშრომლობისა ორი ქვეყანა საქმიანად ურთიერთობს მათ წინააღმდეგ წამოწყებული საინფორმაციო ომის საწინააღმდეგოდ. ირანს დესტრუქციულ-პროპაგანდისტულ ომთან ბრძოლის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, რაც საინტერესოა რუსეთისთვის. ირანის ხელისუფლება ანტირუსული სანქციების დაწესებიდან დაწყებული, გმობს ამ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ აშშ-ი და ევროკავშირი არ უნდა ექცეოდნენ სხვა ქვეყნებს ქედმაღლურად.

ირანმა მონაწილეობა არ მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში, რომელსაც ანტირუსული რეზოლუცია უნდა მიეღო ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის გამო.

ირანი ისე, როგორც რუსეთი შეშფოთებულია რეგიონში და არა მარტო იქ ტერორისტული ჯგუფების გააქტიურების გამო. ამ მხრივ თვალშისაცემია უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული საეჭვო ნაბიჯი, რომელიც უდავოდ უარყოფითად იმოქმედებს არა მარტო რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის თვით უკრაინის მიმართ. საქმე „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების უკრაინაში გამოჩენას ეხება.

გასული წლის ზაფხულს, თურქეთიდან, ხერსონის ოლქში გადაისხა ასობით ახალგაზრდა „ტურისტი“, რომლებიც განათავსეს ტურბაზებში. ეს ტურბაზები ყირიმელი თათრების საკრებულოს საკუთრებაა. განგაში ხერსონელებმა ატეხეს – ე.წ. ტურისტების გამომწვევი ქცევის გამო. განგაშის შედეგად ტურბაზის დაცვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სამსახურს დაევალა. შეწყდა ინფორმაციაც უკრაინის მედიაში.

სირია-ერაყიდან უკრაინაში შესული „ტურისტების“ პარალელურად უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც ნებას რთავს უცხოელებს იმსახურონ უკრაინის სამხედრო ძალებში. ამის შემდეგ, უკრაინის რადაში მოკალათებული ყირიმელი თათრები აცხადებენ უკრაინის არმიაში „მუსლიმანური ბატალიონის“ ჩართვის თაობაზე, რომლის მიზანი იქნება ბრძოლა რუსი „ოკუპანტების“ წინააღმდეგ ყირიმში. მუსტაფა ჯამილევის განცხადებით, ამ ბატალიონში არა მარტო უკრაინელი მუსლიმები იქნებიან, არამედ თურქები, სირიელები და ერაყელები. ისლამისტებს მხარს უჭერს თურქეთის ხელისუფლებაც, რომელიც აწვდის მათ ამუნიციას, კავშირგაბმულობის სისტემებს, იარაღს და ყოველივეს ხსნის თურქეთ-უკრაინის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით.

16-20 იანვარს ქ.გენიჩესკში ჩატარდა ყირიმელი თათრების მსოფლიო კონგრესის მოსამზადებელი კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა 43 ქვეყნის წარმომადგენელი. მათი განცხადებით, განიხილეს ისეთი საკითხი, როგორიცაა „მსოფლიო ისლამური ფრონტის“ მეომრების ჩართვა „უწმინდურებისგან“ ყირიმის განთავისუფლების საქმეში. შეკრებაზე ჯამილევმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ოფიციალურად შეუერთდეს „ჯიჰადს“ – საზიზღარი რუსეთის წინააღმდეგ – მუსლიმანთა წმინდა ყირიმის გათავისუფლებისთვის.

ოფიციალური უკრაინა ხელს უწყობს ახალი ანტირუსული კერის შექმნას, ამ შემთხვევაში ისლამურის, რამაც სერიოზული დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს შავი ზღვის აუზში. რადიკალური ისლამის ახალი კერა, ახალ სირთულეებს გამოიწვევს, რაც მიუღებელია ყველა იმისთვის, მათ შორის ირანისთვის, ვინც იბრძვის რადიკალური ისლამის წინააღმდეგ.

ომი სირიაში, კონფლიქტი ერაყში და კრიზისი იემენში ემსახურება მსოფლიო ნავთობის ბაზრის გადანაწილებას, რაც თავისთავად გამოიწვევს საუდის არაბეთის დასუსტებას და ირანის გაძლიერებას. როგორც ჩანს, ამ პროცესს გარკვეულწილად აშშ-ს პოლიტიკა წაახალისებს, ვინაიდან მას ნაკლებად მოსწონს გაძლიერებული საუდის არაბეთი, თუნდაც მოკავშირე, რომელიც ნავთობით ვაჭრობის შედეგად მოხვეჭილი ტრილიონებით თავს დამოუკიდებლად გრძნობს და ფულით მოპოვებული გავლენით ცდილობს არაბულ ქვეყნებში განახორციელოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლების დამხობა. მართალია, ყოველივე აღნიშნული ვაშინგტონის მახვილი თვალის გარეშე არ ხდება, მაგრამ ზედმეტი ინიციატივა მისთვის მიუღებელია. ეს კი საუდის არაბეთის მონარქიისთვის საბედისწერო შეიძლება გამოდგეს.

საუდის არაბეთის დამოკიდებულება ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ ერთობ დაძაბული და საფრთხის შემცველია. დაპირისპირება არა მარტო სირიის საკითხებში შეიმჩნევა, არამედ ბაჰრეინსა და იემენთან მიმართებაშიც. საუდის არაბეთი ცდილობს პირველობა მოიპოვოს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მისი პოლიტიკა წინააღმდეგობას აწყდება ირანის მხრიდან – ქვეყნიდან, რომელიც ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ აქტიურად უბრუნდება საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებას.

ირანის პოტენციალი, საკუთარი ძალებით შექმნილი ქვეყნის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სხვა დარგები, მეცნიერება და კულტურა მტკიცე საწინდარია მისი რეგიონში უცილობელი დომინირებისა. სწორედ ამით არის გამოწვეული ის დიდი ინტერესი, რომლსაც დასავლეთი ავლენს ირანის მიმართ.

აიათოლა ხომეინის მიერ შექმნილი ირანის ისლამური რესპუბლიკა – 37 წლის განმავლობაში დასავლეთის მიერ მწვავე კრიტიკის მუდმივი ობიექტი, დღეს დიდი შეჯიბრის ობიექტია. ყველა დასავლელი ცდილობს მასთან ურთიერთობის დამყარებას. არის თუ არა ეს, აიათოლა რუხოლა ხომეინის ბრძნული საქმეებისა და  წინასწარმეტყველების გამარჯვება?

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.