ითვლება თუ არა კურილიის კუნძულები ოკუპირებულად?
ბატონ გურამ გოგიაშვილს
ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რიცხვში კურილის კუნძულებიც შეიყვანა, რითაც მეორე მსოფლიო ომის შედეგები თავდაყირა დააყენა. ქართველი ექსპერტის „მსუბუქი“ მოსაზრება რომ იშვიათი გამონაკლისი იყოს, ყურადღების გამახვილებასაც არ გამოიწვევდა, მაგრამ მსგავს განცხადებებს ხშირად წააწყდებით დასავლურ და თქვენ წარმოიდგინეთ რუსულ მედიაშიც, რაც ისტორიის ზღვარგადასული ფალსიფიკაციის მაგალითია.
ეს, იმ ქვეყანაში ხდება, ჩვენი „სახელოვანი“ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები რეპრესიულს, ანტიდემოკრატიულს რომ უწოდებენ. აქაურების კრიტიკისა და ლანძღვის საგანი არადემოკრატიული, ცენზურით გაჟღენთილი რუსული მედიაა, რომლის პროპაგანდისტული სულისკვეთება ანგრევს ყოველივე დემოკრატიულს, ავრცელებს ჭორებს, სიცრუეს და ხელს უწყობს ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას.
ვინც რუსულ, მათ შორის ე.წ. სახელმწიფო ტელეარხებს უყურებს, შიგადაშიგ BBS-ს, CNN-ს, Euronews-ის, სხვა ცნობილი ტელეკომპანიების ნახელავს, მიხვდება რომ დემოკრატიულობის თვალსაზრისით რუსული მათ არათუ ჩამოუვარდება, აჭრაბებს კიდევაც.
აქაოდა, დასვლეთზე მეტი დემოკრატიულები ვართო, რუსული ტელეარხები ისეთ ანტირუსულ პროპაგანდას ეძალებიან, იმავე დასავლეთსაც რომ უკვირს. განსაკუთრებული კრიტიკითაა გაჩაღებული საბჭოთა პერიოდის, სტალინური ეპოქის წინააღმდეგ. ეჭვქვეშ დგება მეორე მსოფლიო ომის შედეგები, თვით ამ ომის დაწყების თემაც, რაც ოსტატურად, დამაჯერებლადაც არის აღწერილი მწერალ სუვოროვის „შედევრებშიც“. მაგალითად, „ლედოკოლის“ მიხედვით ომი სტალინმა დაიწყო.
ამ რამდენიმე წლის წინათ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სუვოროვის „ისტორიული“ რომანების შესახებ ყური ჰქონდა მოკრული, გულწრფელად მიმტკიცებდა – როგორ გააჩაღა სტალინმა მეორე მსოფლიო ომი.
მსგავსი წარმომავლობისაა იმ ექსპერტის გამონათქვამი კურილის კუნძულების ოკუპაციის შესახებ, თავში რომ მოვიყვანე. მას არა მარტო კურილის კუნძულების, არამედ ყირიმის ოკუპაცია-ანექსიაც მოჰყავს. არაფერს ამბობს რა საბჭოთა ლიდერის ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებაზე – უკრაინისთვის ამ კუნძულის გადაცემისთვის, ან თვით კუნძულის მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე ანუ რეფერენდუმზე, რომლის მიხედვითაც ყირიმი დედა რუსეთს დაუბრუნდა.
ჩვენი ექსპერტი ყირიმის რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს, ისე, როგორც დასავლეთი, რითაც უმალ ექცევა ჩიხში.
დასავლეთის მიხედვით, კოსოვო, სერბეთის ისტორიული და განუყოფელი ნაწილი თუ დამოუკიდებელია, მაშინ ყირიმი ათჯერ მეტი დამოუკიდებელი ყოფილა, რაც რეფერენდუმით გადაწყდა (შემდეგ შეუერთდა ის რუსეთს), მაშინ, როდესაც კოსოვოში არავითარი რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ ჩვენი ექსპერტისთვის ისე, როგორც პოლიტიკოსებისთვის მანათობელი შუქურა ისაა, დასავლეთი რომ ორმაგი სტანდარტების დონეზე ანთებს.
თავნებობა საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის დამახასიათებელი თვისება იყო. ყირიმზე უკვე მოგახსენეთ. ახლა კურილიის კუნძულებზე გეტყვით.
ვიდრე ამ თემას შევეხებით აღვნიშნავ, ის რახანია რუსეთ-იაპონიის პირველი ხელმძღვანელების სისტემატური მოლაპარაკებების საკითხებში ლიდერობს. იაპონელები დაბეჯითებით მოითხოვენ კუნძულების დაბრუნებას. რუსეთის ხელისუფლება თავს იკავებს, თუმცა არვინ იცის შეძლებს თუ არა ამას ბოლომდე.
არის მოსაზრება, რომ იაპონიას დაუბრუნდეს ამ კუნძულებიდან ორი, ისე, როგორც ეს გადაწყვიტა ხრუშჩოვმა. იაპონიას ყველას დაბრუნება სურს. თუ კურილიის კუნძულები ოკუპირებული იყო სსრკ-ს მიერ და ისინი იაპონიას უნდა დაუბრუნდეს, მაშინ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ევროპის რუკაც. სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან გამომდინარე ისტორიას უნდა ჩაბარდეს. რა მოჰყვება ახალ გადაწყვეტილებას, ახალი საზღვრების გავლებას – ახალი, ანუ მესამე მსოფლიო ომი?
საკმარისია რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხრუშჩოვის მიერ იაპონიისთვის კურილიის 2 კუნძულის გადაცემის რეანიმაცია მოახდინოს, უმალ დაიწყებენ რუსეთის „კეთილმსურველი“ ლიბერალები კრიტიკას რუსეთის ტერიტორიების განიავებასთან დაკავშირებით. მათ „დერჟავნიკი“ რუსებიც აჰყვებიან, რასაც უდავოდ მოჰყვება ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები.
იკითხავთ – რამ მიმიყვანა ასეთ დასკვნამდე. გიპასუხებთ – უპირველესად რუსულ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებულმა უამრავმა სტატიამ, სადაც წინასწარ არის დაგმობილი ის გადაწყვეტილება ანუ კურილიის თუნდაც 2 კუნძულის იაპონიისთვის დაბრუნება, რასაც ჯერ არ აქვს ადგილი.
წერილების ავტორები იხსენებენ 1945 წლის ზაფხულის მოვლენებს, კერძოდ წითელი არმიის იაპონიასთან ომში ჩართვას, რის შედეგადაც ხერხემალში გადატყდა მილიტარისტული იაპონია. საბჭოთა მეომრების სიცოცხლის ფასად საბჭოეთს დაუბრუნდა კურილიის კუნძულები – წაგლეჯილი მეფის რუსეთისთვის იაპონიის მიერ.
მკითხველისთვის საინტერესო იქნება იალტის კონფერენციის მონაწილის (მოგვიანებით სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის) ანდრია გრომიკოს მოგონებების წიგნიდან ამონარიდი:
„შევედი თუ არა მის კაბინეტში, სტალინმა გამომიწოდა ქაღალდი და მითხრა – ეს წერილი რუზველტმა სულ ახლახანს გამომიგზავნა. მე მინდა, რომ ზეპირად მითარგმნოთ, რათა სხდომის დაწყებამდე ვიცოდე შინაარსი“.
წერილი ეხებოდა კურილიის კუნძულებსა და სახალინს. რუზველტი იტყობინებოდა აშშ-ს ხელისუფლების მიერ საბჭოთა კავშირის უფლებების ცნობას იაპონიის მიერ ოკუპირებულ კურილიის კუნძულებისა და სახალინის ნაწილზე.
„კარგია, ძალიან კარგია, თქვა სტალინმა. მე კი დავუმატე – აშშ-ის მიერ ამჯერად დაკავებული პოზიცია თვითრეაბილიტაციაა ჩვენს თვალში, 1905 წლის პორტსმუტის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს იაპონიის დელეგაციისთვის მხარის დაჭერის გამო, რითაც იაპონიამ წაგლიჯა აღნიშნული ტერიტორიები რუსეთს“.
„წერილი მნიშვნელოვანია“, – თქვა სტალინმა და გააგრძელა – „ამერიკამ ამჯერად აღიარა ჩვენი პოზიციის სამართლიანობა კურილიის კუნძულებთან და სახალინთან დაკავშირებით.
ამერიკელები თავიანთი მხრიდან დაბეჯითებით მოითხოვენ იაპონიის წინააღმდეგ ომში საბჭოთა კავშირის ჩართვას, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რაზეც გაიმართება მოლაპარაკება.“
გრომიკო იხსენებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თეირანის კონფერენციაზეც იყო მსჯელობა. მაშინ რუზველტმა პირდაპირ დაუსვა სტალინს წინადადება სსრკ-ს მხრიდან აშშ-თვის დახმარების გაწევის თაობაზე იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვის სახით.
ვაშინგტონი ამ საკითხს უკავშირებდა ევროპაში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. საერთო ზეპირი შეთანხმება მაშინ იქნა მიღებული, თუმცა დოკუმენტი არ შექმნილა. გადამწყვეტი სიტყვა მხარეებმა იალტის კონფერენციაზე შეაჯერეს.
„წერილით ხელში სტალინმა ოთახში გაიარ-გამოიარა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს მას არ უნდოდა ხელი გაეშვა წერილისთვის“, – წერს გრომიკო.
სხდომაზე გადაწყდა, რომ საბჭოთა კავშირი ევროპაში ომის დამთავრებიდან 2-3 თვის შემდეგ ჩაერთვებოდა ომში კვანტუნის არმიის წინააღმდეგ.
ეს მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია. მსურდა ნამდვილ ისტორიას გაეცა პასუხი ფალსიფიკატორებისთვის, რომლებიც კურილის კუნძულების დაბრუნებას დედა რუსეთთან ოკუპაციად აღიქვამენ.
დიახ! ჩვენ არ გვიყვარს რუსეთი მისი მხრიდან გადადგმული ნეგატიურ-პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯების გამო, მაგრამ არც ისტორიული ჭეშმარიტება გვიყვარს?!
მინდა შევახსენო ე.წ. პატრიოტებს, რომ სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც გამოაჩენს თავს.
მას შემდეგ, რაც 1956 წელს ხრუშჩოვმა ვოლუნტარისტულად, იაპონიის მიმართ კეთილი ნების გამოხატვის მიზნით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დოკუმენტში იძულებით შეატანინა ოთხიდან, ორი კუნძულის შიკოტანისა და ჰაბომაის იაპონიისთვის გადაცემის საკითხი, ნაცვლად ურთიერთობების გაუმჯობესებისა, პირიქით დაიძაბა და ასე გრძელდება დღემდე.
იაპონია ითხოვს, რომ ორი ქვეყნის სამშვიდობო ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი კურილიის ყველა კუნძულის დაბრუნების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება კარგავს აზრს.
ჩრდილო ტერიტორიების, როგორც ამას იაპონიაში უწოდებენ, მუდამ იყო და არის პუტინ-აბეს – იაპონიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრების საგანი. ასე იყო გასულ ნოემბერს სინგაპურში გაიმართული შეხვედრის დროს, რამაც უკიდურესი ვნებათა ღელვა გამოიწვია ორივე ქვეყანაში. თითქოს, სინგაპურის შეხვედრაზე აბე დათანხმდა მხოლოდ ორი კუნძულის დაბრუნებას.
1956 წელს იაპონიის მთავრობის მეთაური იტირო ხატოიამა მზად იყო 2 კუნძულის დაბრუნების საფასურად სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების და 2 ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დაწყების, მაგრამ ასეთი პერსპექტივა არ ხიბლავდა ვაშინგტონს, რომელმაც აუკრძალა იაპონიას სსრკ-სთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.
აშშ-ს არ უნდოდა იაპონია-საბჭოთა კავშირის დამოყვრება, რამეთუ ის იაპონიას საკუთარ „ჩაუძირავ ავიამზიდად“ მოიაზრებოდა, ამერიკული სამხედრო ბაზებით სსრკ-ს, ჩინეთის და ჩრდილო კორეის წინააღმდეგ.
შეშინებულმა იაპონიის მთავრობამ, ნაცვლად სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა, 1960 წელს აშშ-თან გააფორმა „უსაფრთხოების ხელშეკრულება“, რომლის მიხედვით აშშ-ს შეუძლია იაპონიის ტერიტორიაზე, ყველგან, სადაც მოისურვებს გახსნას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბაზები.
აშშ-ის პრეზიდენტის რუზველტის და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით ახალმა პრეზიდენტმა დაარღვია. დღევანდელი კი გაიძახის, რომ იაპონიას ეკუთვნის ეს ტერიტორიები.
უნებლიედ იბადება კითხვა – ღირს კი აშშ-ის ხელისუფლებასთან ხელშეკრულების დადება?
აშშ-იაპონიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საბჭოთა ხელისუფლებამ რატიფიცირებული დოკუმენტი კურილიის კუნძულების ჰაბომაისა და შიკოტანის იაპონიისთვის გადაცემის თაობაზე შეაჩერა, მაგრამ პუტინ-აბეს მოლაპარაკებების დროს კვლავ გაიხსენეს თან ისე, თითქოს პუტინი მზად იყოს ხრუშჩოვის ვარიანტის გათამაშების.
კუნძულების, რომელთა დაბრუნებას ითხოვს იაპონია: იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ხაბომაი, 1200 კილომეტრზეა გაჭიმული წყნარ ოკეანეში, ნახევარკუნძულ კამჩატკიდან იაპონიის კუნძულ ხოკაიდომდე. მათ არა მარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური დატვირთვა აქვთ, არამედ სამხედროც. ამ კუნძულების მიერ შემოფარგლულ საზღვაო სივრცეს ანუ ოხოტის ზღვას, საერთაშორისო საზოგადოება აღიქვამს რუსეთის შიდა ზღვად. არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია ამ ზღვაში შესვლა რუსეთის თანხმობის გარეშე.
კუნძულების გადაცემის შემთხვევაში ამერიკას მიეცემა საშუალება არა მარტო ოხოტის ზღვაში შესვლის, არამედ ამ კუნძულებზე სამხედრო ბაზების განლაგების.
გარდა ამისა, ოხოტის ზღვა მდიდარია თევზით, სხვა წიაღისეულით. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ კუნაშირის და იტურუპოს იაპონიისთვის გადაცემის შემთხვევაში ვლადივოსტოკში ბაზირებულ სამხედრო გემებს არ ექნებათ წყნარ ოკეანეში თავისუფალი გასვლის შანსი, იაპონია-აშშ-სთან შეთანხმების გარეშე.
ის, რომ ოხოტის ზღვა რუსეთის შიდა წყლის აუზად ითვლება 1982 წლის გაეროს კონვენციით (საზღვაო სამართალი) არის დარეგულირებული. 5 წლის წინათ კი გაერომ ოფიციალურად აღიარა ოხოტის ზღვის შელფი რუსეთის კონტინენტური შელფის ნაწილად.
ზემომოყვანილი 4 კუნძული – მსხვილი კუნძულებია, მაგრამ ამ ჯაჭვში შედის მცირე 56 კუნძულიც. ასე რომ – არც ისეთი უმნიშვნელო საჩუქარია იაპონიისთვის.
სიტყვა „საჩუქარი“ შემთხვევით არ მიხსენებია – თუ ხრუშჩოვი იაპონიას დაპირდა ოთხიდან ორი კუნძულის გადაცემას, რუსეთის პრეზიდენტი ელცინი უფრო შორს წავიდა და „მეგობარ“ რიუს – იაპონიის პრემიერ-მინისტრს თევზაობის დროს, უთხრა – ყველა კუნძულს გადმოგცემთო.
ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ ქვეყანაო – ამაზეა ნათქვამი. ორმა ბედოვლათმა, სტალინისა და წითელი არმიის ოფლით და სისხლით მოპოვებული ტერიტორიების ირგვლივ ისეთი ხელგაშლილობა გამოავლინეს, თავსატეხად რომ აქვს პუტინს.
ისმის კითხვა – რას იზამს ის?
თუ „ხრუშჩოვის ვარიანტს“ გაითამაშებს, მას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ, რაც პოლიტიკურ იმიჯს შეურყევს, ამაზე მეტყველებს რუსეთში ჩატარებული გამოკითხვა, რომელშიც 57000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მისი მიხედვით, გამოკითხულთა 89% წინააღმდეგია იაპონიის მიმართ რაიმე ტერიტორიულ დათმობაზე წასვლის. წავა პუტინი ხალხის აზრის წინააღმდეგ?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი