იანუკოვიჩის პრეზიდენტობას წერტილი დაესვა
2014 წლის 20 თებერვალი რომ ერთ-ერთი, თუ არა, ერთადერთი თარიღი იქნება პოსტსაბჭოთა უკრაინის ისტორიაში, მტკიცება არ სჭირდება.
ამ დღეს ჰქონდა ადგილი უკრაინის ოპოზიციის, მათ შორის რადიკალურის ფიზიკურ დაპირისპირებას სამთავრობო ძალებთან.
ამ დღეს მოხდა ოპოზიციონერთა მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის მოურიდებელი გამოყენება. ამ დღეს დაიკავა ოპოზიციამ დასავლეთ უკრაინის ქალაქების ადმინისტრაციული შენობები, სულ რაღაც 2 დღით ადრე, მათ მიერვე დატოვებული.
ამ დღეს გადავიდა შეტევაზე, კიევის ცენტრში დაბანაკებული ოპოზიცია სამთავრობო შენობების შტურმზე, რომელსაც პროფკავშირების სახლის გადაწვა, კიევის მუზეუმის დარბევა, მე-18 საუკუნის ექსპონატების გატაცება, „პორშეს“ ავტოსალონის ძარცვა და ძვირადღირებული ავტომანქანების მითვსება მოჰყვა.
ამ დღეს მოხდა სნაიპერების მიერ არაერთი მილიციელისა და მეამბოხის ხოცვა და ქვეყნის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ბრძანებაზე ხელის მოწერა – მილიციელებისა და სპეცდანიშნულება „ბერკუტის“ წევრებისთვის სატაბელო იარაღის გასაცემად.
ამ დღეს ჩავიდნენ კიევში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხელისუფლება – ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად.
ამ დღეს გაიმართა უკრაინის რადას სხდომა – უკრაინაში აშშ-ს ელჩის მოთხოვნით და ამ დღეს დაესვა წერტილი იანუკოვიჩის პრეზიდენტობას.
არადა, 20 თებერვალი, პრეზიდენტის მიერ გლოვის დღედ გამოცხადებული, ყველაზე მშვიდი, უშფოთველი უნდა ყოფილიყო.
უკრაინის მოვლენები ელვისსისწრაფით ვითარდება და ნაკლებ საშუალებას იძლევა დაფიქრებისა და ანალიზისთვის. და მაინც მიუხედავად ამისა შევეცდები ნაწილობრივ მაინც შევაფასო ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დაწყებული ანუ ვილნუსის ევროკავშირული სამიტიდან, დღემდე.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ბევრი იღვაწა დასავლეთის გასაბრაზებლად და საკუთარი თავისთვის კატის გამოსათხრელად. არც იმაში შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ვილნიუსის სამიტის უდიდესი გვირგვინი, უკრაინის ასოცირებულ წევრად მიღება უნდა ყოფილიყო. ასეთი შეთანხმება არსებობდა ევროკავშირსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის, რომელსაც 2012 წელს გაუკეთა უკრაინამ პარაფირება. ბრიუსელისთვის მოულოდნელი გამოდგა იანუკოვიჩის გაჯიუტება და სამიტამდე 3-4 დღით ადრე ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარის თქმა.
დასავლეთმა, უარის საბაბად რუსეთის ხელისუფლება დაასახელა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, შორს არის რეალობისგან. თავიდათავი ასოცირებული დოკუმენტის ვალდებულებებშია, რომლის შესრულება, უკრაინის სოციალური რევოლუციის დაწყების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.
ბრიუსელის რეკომენდაციით, ხელფასების შემცირება, საწარმოების დახურვა, გადასახადების გაზრდა, სოციალური პირობების გაუარესება, უდავოდ გამოიწვევდა ანტისახელისუფლებო გამოსვლებს, იანუკოვიჩის ჩამოგდებას, გასამართლებას და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტიმოშენკოს ადგილზე, ანუ ციხეში მის გასტუმრებას, ციხიდან გამოსული ტიმოშენკოს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას.
აღნიშნული გეგმის უკან იანუკოვიჩმა ვაშინგტონ-ბრიუსელი მოიაზრა, რაც ფაქტობრივად სწორი იყო. იანუკოვიჩი, დასავლეთს, არც არასდროს ეხატებოდა გულზე. მას კრემლის „კაცად“ აღიქვამდა. ამდენად, სოციალური ამბოხი კარგად გათვლილი გეგმა იყო იანუკოვიჩის მოსაშორებლად.
იყო სხვა გეგმაც, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამუშავდებოდა და იანუკოვიჩის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებით დამთავრდებოდა.
ის, რაც დასავლეთმა ოპოზიციის ხელით მოუწყო იანუკოვიჩს, ნოემბრიდან დაწყებული დღემდე, მოგვიანებით მაინც ამუშავდებოდა, თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ იანუკოვიჩი ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა. გამოდის, რომ იანუკოვიჩი განწირული იყო?
დიახ! ოღონდ ნაწილობრივ.
იანუკოვიჩმა ვერ გათვალა ის, რაც ვილნიუსის სამიტამდე კარგა ხნით ადრე უნდა გაეთვალა. ვერ გათვალა, ის, რომ იანუკოვიჩი მიუღებელი იყო ვაშინგტონ-ბრიუსელისთვის, ვინაიდან „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მთავარი შემოქმედების – იუშჩენკო-ტიმოშენკოს მეტოქე იყო. ვერ გათვალა, ის, რომ ვაშინგტონი არ აპატიებდა მას თავისი „ჯილების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და ტიმოშენკოს ციხეში გაშვებას. იანუკოვიჩს ეგონა, რომ ვაშინგტონთან გასაპნული თავით ყოფნა, წარმატებას მოუტანდა.
საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, იანუკოვიჩმა დასავლეთის ლოკვას მიმართა და ამ ერთობ უხამს პროცესში იმის მტკიცებას, რომ ის უფრო პროდასავლურია, ვიდრე წინამორბედები; რომ მისთვის მუდამ ოცნება იყო ევროპასთან შეერთება; რომ იანუკოვიჩი ისეთივე ევროპელია, როგორც ბაროზუ, ეშტონი, სხვები; რომ რუსეთი მას სულაც არ ეხატება გულზე, მაგრამ რა ჰქნას, უგაზობას რით უშველოს?
იანუკოვიჩმა, პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში, ნაცვლად რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა, პირიქით, გააუარესა ვითარება. დასავლეთის მომხრედ თავის წარმოსაჩენად, იანუკოვიჩმა იმ ტოტის ჭრა იწყო, რომელზედაც იჯდა და რომლის ხელშეწყობითაც გაპრეზიდენტდა.
დასავლეთის გულის მოსაგებად იანუკოვიჩმა არ შეასრულა აღმოსავლეთ უკრაინისთვის მიცემული დაპირება – რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ციხეში გაისტუმრა ზოგიერთი აღმოსავლელი პოლიტიკოსი, შეავიწროვა აღმოსავლეთი და კოჭი გაუგორა დასავლეთ უკრაინას.
საბოლოო ჯამში მან დასავლეთი უკრაინა ვერ შემოირიგა, ხოლო აღმოსავლეთი კი გაანაწყენა, რაც ნათლად გამოჩნდა კრიზისის დღეებში. მაშინ, როდესაც კიევს სისტემატურად ემატებოდა დასავლეთ უკრაინელთა ხმა და ძალა, აღმოსავლეთი დუმდა. თითო-ოროლა დონეცკელის თუ ხარკოველის კიევში გამოჩენა სუსტი აღმოსავლური მხარდაჭერა იყო.
გაიყო ბიზნესიც. მათ, ვინც ადრე იანუკოვიჩს უჭერდნენ მხარს, პოზიცია შეიცვალეს და ოპოზიციას ჩაეხუტნენ. თუ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტამდე ბიზნესს, ქვეყნის ჭამა ერთმანეთში ჰქონდა გაყოფილი, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ, მისმა კლანმა სრულიად უკრაინული ბიზნესის კონტროლი მოინდომა.
პრეზიდენტთან ერთად ვერც რადას უმრავლესობამ დაამახსოვრა ხალხს თავი მზრუნველ „მამად“. „რეგიონთა პარტიაში“ თავი იჩინა კორუფციამ და აქედან გამომდინარე მთელმა რიგმა „სიკეთეებმა“.
დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, რომ უკრაინის ხელისუფლება დამოუკიდებელი მოთამაშის ამპლუაში იყო, ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ ეს დამოუკიდებელი თამაში მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში შეინიშნებოდა და არა დასავლეთთან, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ოფიციალური კიევი სულ მუდამ შიშობდა კრემლის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობის დაკარგვას. და რომ ეს არ მომხდარიყო, სულ უფრო ეხუტებოდა ევროპა-ამერიკას, თვლიდა რა მათ, საკუთარი დამოუკიდებლობის მყარ გარანტად.
ამერიკამაც არ დააყოვნა და მთელი ძალით აამოქმედა ალენ დალესის დოქტრინის ის პუნქტები, სადაც ღიად არის ნახსენები უკრაინის მსგავსი ქვეყნების მოსახლეობის გადაგვარება – კორუფციით, მოქრთამვით, გარყვნილებით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, „დემოკრატიული“ აღზრდით.
რუსულ ტელეარხ „როსია-24“-ზე გამოსვლის დროს, უკრაინის რადას ფრაქციის ხელმძღვანელმა ოლეგ ცარიოვმა („რეგიონების პარტია“) განაცხადა, რომ „დემოკრატიის“ მშენებლობისთვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიარდი დოლარი დახარჯა.
აქტიურად მუშაობდა უკრაინაში აშშ-ს საელჩო, რომელიც ტრენინგებს უტარებდა ადგილობრივ მოსახლეობას საელჩოს შენობაშიც კი; ამარაგებდა რა მას ანტისამთავრობო, დასავლეთის პოლიტიკის ხოტბით აღსავსე ლიტერატურით; აწყობდა გასვლით სხდომებს უკრაინის რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში, რომლის დროს ტვინს ურეცხავდა ადგილობრივ მოსახლეობას, აწყობდა მას ანტირუსულად.
ვაშინგტონის დაუღალავმა ქმედებამ ნაყოფიც გამოიღო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ სახით. იუშჩენკო-ტიმოშენკოს პერიოდში უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები ღრმა კრიზისით აღინიშნა, ამასთანავე სუსტი, არაპროფესიონალური მმართველობით, რამაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მიიყვანა.
20 წლის განმავლობაში რუსეთს თითი-თითზე არ დაუდვია უკრაინასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თავისკენ გადმოსაბირებლად, რაც პირდაპირ თქვა უკრაინელმა ცარიოვმა ეთერში: „თქვენ არ ისურვეთ უკრაინელ ხალხთან ურთიერთობა, თქვენ არ ისურვეთ უკრაინაში მცხოვრებ 10 მილიონ რუსთან ურთიერთობა და არ ისურვეთ იმიტომ, რომ დასავლეთს არ ეთქვა – თქვენ ცუდები ხართ.
უკრაინაში პოლიტიკური პოზიციების დაკარგვის ნაცვლად, უმჯობესი არ იყო, მათ ეს ეთქვათ?!
მაგრამ აშშ-ა ისურვა და ამ ოცი წლის განმავლობაში გადააგვარა უკრაინის მოსახლეობა, მათ შორის თუნდაც 10 მილიონი რუსი და მილიონობით რუსულენოვანი უკრაინელი“. რა ნაცნობი ჰანგებია.
რაც მართალია, კრემლი თავს არ იწუხებდა და იწუხებს პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის. მას ჰგონია, რომ დასავლეთი ვერაფერს მოიმოქმედებს უკრაინელი და რუსი ხალხების გასათიშად, ვინაიდან თანამედროვე რუსეთი, კიევის რუსეთიდან მოდის – ერთი ისტორიით, ერთი სულისკვეთებით. ხომ არ ცდება კრემლი? რუსეთის პირველ პრეზიდენტ ელცინს ხშირად უთქვამს თავის ახლობლებში – უკრაინა არსად წამსვლელი არ არის, მაინც ჩვენთან მოვაო. ხომ არ შეცდა ელცინი?
რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ ამ უსერიოზულეს საკითხზე გაემახვილებინა ყურადღება, დასავლეთთან არშიყს მოჰყვა. რა მოიგო ამით? მხოლოდ მცირეხნიანი „გამარჯვება“ და მეტი არაფერი, თუნდაც იმის მსგავსი, იანუკოვიჩმა რომ ხელი არ მოაწერა ვილნიუსში.
მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, თერთმეტსართულიანი სახლის თავზე აღმართული „რეკლამა“ – ასანთის კოლოფი, წარწერით – „ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“. ვაშინგტონ-ბრიუსელთან თამაში რომ ხანძარს გამოიწვევდა – უნდა სცოდნოდა რუსეთს. და ეს რომ არ მომხდარიყო, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაეტარებინა.
20 თებერვალს, აშშ-ს ელჩის მოთხოვნით მოწვეულმა რადამ, აუკრძალა უკრაინელ ძალოსნებს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მითუმეტეს იარაღის, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება არაფრისმთქმელ დოკუმენტად აქცია.
ბრიუსელის დესანტმა, სამი მინისტრის სახით, დაითანხმა იანუკოვიჩი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, 10 დღის განმავლობაში ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ იანუკოვიჩის თანხმობაც მოკლევადიანი აღმოჩნდა.
კვლავ იძალა ამერიკელთა მიერ წაქეზებულმა რადამ და საპრეზიდენტო არჩევნები, ნაცვლად ა.წ. შემოდგომისა, 25 მაისს გამოაცხადა. თვით იანუკოვიჩი პრეზიდენტობიდან გადააყენა და ციხიდან გამოუშვა იანუკოვიჩის დაუძინებელი მტერი ტიმოშენკო. და ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც ბრიუსელის დესანტმა კიევი დატოვა. ხარკოვში გაქცეული, უკვე ყოფილი პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ ბრიუსელმა და ვაშინგტონმა მას უსაფრთხო ყოფა აღუთქვა, რაზეც პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაკვირვება ვერ დამალა.
ერთი სიტყვით, ოპოზიციამ და ვაშინგტონ-ბრიუსელმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს – მახვილით და მხოლოდ მახვილით, მაგრამ ვინ არის გამკითხავი? როდესაც მსოფლიოს პროპაგანდისტული მანქანა დასავლეთის ხელშია, შავიც თეთრად გამოჩნდება და ბანდერელებიც მშვიდობის მტრედებად, ხოლო რუსეთი – უკრაინის რეპრესიების ორგანიზატორად.
დღეს, არავინ იცის, რა მოჰყვება 20 თებერვალს. აუბუნტდება თუ არა ოპოზიციურ, ბანდერულ დროებით მთავრობას (არჩევნების შემდეგ კი ლეგიტიმურს) სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს დროებითი (შემდეგ, 4 წლით არჩეული) მთავრობა სევასტოპოლის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით. არავინ იცის, შეავიწროებენ თუ არა უკრაინაში მცხოვრებ 10 მილიონ რუსს ბანდერელები და ნაციონალური ხელისუფლება. აკი ოპოზიციური „ტროიკის“ ერთ-ერთმა წევრმა ტიაგნიბოკამ, მიტინგზე გამოაცხადა კიდევაც – „რუსული ენის აკრძალვა“. ყოველივე ეს ხვალის თავსატკივარია – უპირველესად კრემლისთვის.
იანუკოვიჩმა, საკუთარი ყოყმანით, ურთულესი მსოფლიო პრობლემა შექმნა, შესაძლოა ისეთიც, რომელიც 20 თებერვლიდან დაწყებული, მრავალი ათეული წლის განმავლობაში უკრაინას, დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ფრონტის ცეცხლოვან ხაზად გადააქცევს, რითაც ხელს ვერც ევროპა მოითბობს. თუ ვინ მოითბობს – ნათელია – შორს, ძალიან შორს მყოფი აშშ-ი. უკრაინაში გამარჯვებით, მან რუსეთთან მორიგი პოლიტიკური საჭადრაკო პარტია მოიგო.
ზოგი მიიჩნევს, რომ იულია ტიმოშენკო მისაღები პრეზიდენტი იქნება რუსეთისთვის, ვინაიდან სწორედ მან გააფორმა რუსეთთან „გაზური“ ხელშკრულება. სრული გულუბრყვილობაა. იმჟამინდელი ტიმოშენკო მკვეთრად განსხვავდება დღევანდელისგან, თუნდაც თანამდებობით. მაშინ ის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ უკრაინაში სრულიად განსხვავებული ვითარება იყო. მაშინ აგრესიული უკრაინული ნაციონალიზმი ასე აშკარად არ იყო გადმოღვრილი ბოთლიდან.
დღეს, ბანდერული უკრაინა, ვაშინგტონ-ბრიუსელით წაქეზებული, გამარჯვების მწვერვალზეა, იმ გამარჯვების, რომელმაც თავისუფლება მისცა ტიმოშენკოს. ასეთი ტიმოშენკო, მითუმეტეს პრეზიდენტად არჩეული, ხისტი, მძიმე „პარტნიორი“ იქნება რუსეთისთვის. გარდა ამისა, აქ სულაც არ არის მოსატანი პოლიტიკური ფიგურა, თუნდაც ტიმოშენკოს სახით. აქ „გამარჯვებული“ უკრაინაა მხედველობაში მისაღები. ის უკრაინა, რომელსაც დაბეჯითებით სურს ევროკავშირში შესვლა და არა მარტო ევროკავშირში, არამედ ნატოში.
წავა მომავალი პრეზიდენტი ტიმოშენკო „გამარჯვებული“ უკრაინის სურვილის წინააღმდეგ? არ მგონია, მითუმეტეს მან უკვე თქვა დამოუკიდებლობის მოედანზე – ევროკავშირში აუცილებელი შესვლის თაობაზე. ასე, რომ პუტინისთვის ტიმოშენკო ისეთივე მძიმე „პარტნიორი“ იქნება, როგორც ტიაგნიბოკა, იაცენიუკი ან კლიჩკო.
სუსტმა ობამამ მზაკვრული, მაგრამ ძლიერი ნაბიჯი გადადგა – პერმანენტულად ააბუნტა რა რუსეთის მეზობელი უკრაინა. სუსტმა ობამამ პუტინსა და რუსეთს სოჭის ოლიმპიურ თამაშებშიც ჩაუსვარა, ისე, როგორც თავის დროზე სუსტმა კარტერმა – მოსკოვის ოლიმპიადას.
სუსტი პრეზიდენტები გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვენ მეტოქეთა მხრიდან, რამეთუ, საკუთარი სისუსტის გასაბათილებლად, მათ ისეთის გაკეთება შეუძლიათ, მსოფლიოს რომ მრავალი წელიწადი ძვირად შეიძლება დაუჯდეს.
დაიშლება უკრაინა? ეს კითხვა ხშირად ისმის მედიაში. რატომაც არა! თუ აშშ-ა და ევროპამ ბომბებით დაშალეს იუგოსლავია?
აშშ-ი დაშლის დიდოსტატია. აი, რაც შეეხება შენებას, იქ მოიკოჭლებს. შეძლებს ევროკავშირი და აშშ-ი მშიერი და თითქმის დეფოლტიანი უკრაინის გაჯანსაღებას? საეჭვო საკითხია. 27 მილიარდი, რომელსაც მერკელი კლიჩკო-იაცენიუკს დაპირდა, დიდი თანხაა, თვით პრობლემებიანი ევროკავშირისთვის.
მისცემს რუსეთი ახალ, თანაც დროებით ხელისუფლებას დანაპირებ მილიარდებს – ძნელი სათქმელია, ვინაიდან ვალის დაბრუნების ნაკლები შანსია.
ევროკავშირი თავის გავლენის სფეროს აფართოებს ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებით, რომელსაც უდავოდ მოაწერს ხელს ახალი უკრაინა. „ბედნიერი“ საქართველო და მოლდოვაც ვადაზე ადრე გახდებიან ასოცირებული წევრები, რაც საქართველოს, გზას გაუხსნის ტერორიზმთან ბრძოლაში, ამჟამად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ახლა იქ მივხედავთ საქმეს ისე, როგორც ერაყსა და ავღანეთში.
ახლა იქიდან დაიძრება ცინკის კუბოები, ვინაიდან ომი, ისეთი რამაა, მსხვერპლი რომ იცის. ცარ-ს ომშიც, რაოდენობის თვალსაზრისით, მოწინავენი ვიქნებით, ავღანეთში ხომ 1700 ჯარისკაცი იბრძვის, მეტი, ვიდრე ნატოს წევრების თურქეთს – 998 და საბერძნეთს – 10, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ბრიუსელის განკარგულებით, გენმოდიფიცირებულ სიმინდსაც შემოვიტანთ და სხვა პროდუქტსაც. არ მითხრათ არაო. გერმანია ვერაფერს გახდა და საქართველო ვინ არის?
ერთსქესიან ქორწინებასაც დაგვიკანონებენ – ჩვენსავე ხელით ანუ უსუფაშვილ-ალასანიასეული პარლამენტარების ხელით. და ვივლით კურტუმოს ქნევით, როგორც ქალები, ისე კაცები ხელი-ხელჩაკიდულებული, ტუჩ-თვალ შეღებილნი და ვიყვირებთ ხმამაღლა – ქართველები ვართ, მაშასადამე ევროპელები.
უკრაინელებიც ასე მოიქცევიან, მოლდოველებიც და ვინ იცის, იქნებ მთელი დსთ-ც, ხელის ნაზი მოძრაობით, ქალურად ყელის მოღერებით ვიტყვით – მერე რა, განა ეს არ სჯობს, ველურ ტრადიციებს, ცეკვა „ხანჯლურს“, „ფარიკაობას“ ან მოსაბეზრებელ მართლმადიდებლობას? მერე, გავთხოვდებით (ცხადია კაცები) უცხოეთში და შევქმნით „ბედნიერ“ ოჯახს, ტრადიციულს, ქართულს. ხელოვნურად გავაჩენინებთ შვილებს სუროგატ დედებს და გავზრდით მათ ჭეშმარიტ ქართველებად, სამშობლოს დამცველებად, შეუპოვარ მეომრებად. . .
მგონი კალამი გამექცა, თორემ ვიღას ენდომება ჭეშმარიტი ქართველობა, ან ჭეშმარიტი მამულიშვილობა, ან თუნდაც სამშობლო? ჩვენ ცივილიზებული მსოფლიოს მოქალაქეები ვიქნებით.
არ არის ეს დღე შორს? ვაი, რომ უდავოდ მოვესწრებით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.