თავს – ქუდის ტარების გარდა, სხვა ფუნქციაც აქვს – ტვინის განძრევა რომ ჰქვია!
ბატონ გურამ გოგიაშვილს
მხოლოდ საქართველოს პოლიტიკას აქვს ექსკლუზიური უფლება ილაპარაკოს სიცრუე და ამტკიცოს ის, რაც კარგა ხანია დაამტკიცეს ანგარიშგასაწევმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა – ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, გაერომ, სხვებმა. საკითხი 2008 წლის ომს ეხება, უფრო ზუსტად – ვინ დაიწყო ომი, ვინ არის აგრესორი.
საქმეში ღრმად ჩახედულ საერთაშორისო ექსპერტთა მიხედვით, ომი იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო, რასაც მოჰყვა მძიმე მარცხი და საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა.
არაერთხელ მითქვამს (სატელევიზიო ეთერში) ბეჭდვით მედიაში, რით იყო გამოწვეული ესოდენ გაუთვლელი აგრესიული ნაბიჯი, ამდენად მასზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ომის დაწყების თემა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები საჭიროებდა საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან საფუძვლიან შესწავლას და შესაბამისი დასკვნების გამოტანას, სადაც გამოირიცხებოდა ნებისმიერი მავანის მოსაზრების მოსახლეობისთვის თავსმოხვევა. არის თუ არა საკითხი სერიოზული განსჯის საგანი?
უდავოდ არის, მაგრამ ხალხის სურვილი ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გახდება. ამ უკანასკნელს კი ისე ეშინია ოპოზიციის (ომის გამჩაღებელი „ნაცების“), რომ მზადაა ომის დაწყება საკუთარ თავსაც დააბრალოს.
ამგვარად გაჩნდა ომის დაწყების ორი ვერსია, ანუ გამოიკვეთა ორი აგრესორი, რაც უდავოდ დიდი კურიოზია. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ისეთი „მიგნება“, ქართველებმა რომ მოვახერხეთ – ერთი ომის ორი აგრესორი. თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს ქართული ვერსია – რუსეთი აგრესორია – მან დაიწყო ომი.
„ომის გამჩაღებელი“ და „აგრესორი“ რუსეთი კანტიკუნტად პასუხობს ქართულ ვერსიას – ალბათ იმის იმედით, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის (ტალიავინის ხელმძღვანელობით) დასკვნას ვერვინ შეცვლის. დოკუმენტი სერიოზულია და გაზიარებული ევროატლანტიკური პოლიტიკური სივრცის მიერ. და არა მარტო მისი, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების მიერაც.
2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლება დაეთანხმა და ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტში ნათქვამია:
„ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“.
ამ დასკვნის შემდეგ შეიძლება ვინმე „გულადი“ არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ურცხვად უარყოფს აღნიშნულს და აგრესორად რუსეთს დაადებდეს ხელს?!
სამწუხაროდ, ასეთი მრავლობით რიცხვშია. მათი რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს – ცრუ პროპაგანდის შედეგად. არ მოიძებნება არც ერთი ტელეკომპანია ან ბეჭდვითი მედია, რომელიც იტყვის სიმართლეს. ყველა დაბეჯითებით იმეორებს ტყუილს – ომი რუსეთმა დაიწყო. ის არის აგრესორი. ვინმემ გაბედოს და თქვას საწინააღმდეგო, ანუ სიმართლე – როგორ ჯოჯოხეთში გაატარებენ მას „პატრიოტი“ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები?!
ერთმა ყმაწვილმა მითხრა – ეს, რომ ასე იყოს (ომი საქართველომ დაიწყო), ჩვენ მაინც არ უნდა ვთქვათ, ვინაიდან ქვეყნის ღალატიაო. ვითომ სჯობს სიმართლეს, სიცრუეში ცხოვრება? თანაც ისეთში, სახელმწიფო საზღვრის გადაღმა რომ ხელში შემოგადნება?!
ბოლო ათწლიანმა პროპაგანდამ დიდი გავლენა იქონია მოსახლეობაზე და ლამის დაარწმუნა ის, რომ აგრესორი რუსეთია. განსაკუთრებული ზეგავლენა მოხდა იმ თაობაზე, ვინც 2008-ში 8-10 წლის იყო. მათ ვერაფრით შეაგნებინებთ, რომ დამნაშავე მისივე წინაპარია.
მითქვამს და გავიმეორებ – ომი არა მარტო სააკაშვილმა და მის ირგვლივ შეკრებილმა ბობოლა „ნაცებმა“ დაიწყეს, არამედ ზოგმა ჩვენგანმა – სააკაშვილის მხარში დგომით, პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე მხარდაჭერით, ცეკვა-თამაშით, ბალტიისპირა ქვეყნების მსგავსად – თბილისის ქუჩებსა და საქართველოს გზებზე ცოცხალი ჯაჭვის გაბმით. მაშინ ერთი წამითაც არვინ დაფიქრებულა, რომ ამ აქციით ხელს აფარებდა აგრესორ სააკაშვილს და „ნაციონალებს“, ნაცვლად ციხეში გაშვებისა.
მართალია, სააკაშვილმა ომიც წააგო და ტერიტორიებიც დაკარგა, მაგრამ ჩვენის დახმარებით თავიც გადაირჩინა და გმირიც გახდა. ხალხის მიერ გაცემულმა მხარდაჭერამ სააკაშვილს გაუიოლა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ქვეყნის სათავეში ყოფნა და ისეთი დანაშაულების ჩადენა, რაც მიუღებელია ევროპისკენ მავალი ქვეყნისთვის. მარტო ციხის ვიდეო-კადრები რად ღირს?!
სააკაშვილის 2008 წლის ანტისახელმწიფოებრივი ნაღვაწი შესაბამისად შეაფასა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი ნათქვამი იყო მკაფიო და ლაკონური, ხოლო შინაარსი ასეთი – ომი სააკაშვილმა დაიწყო.
ამ აღიარებამ სიგიჟემდე მიიყვანა ოპოზიციაში გადასული „ნაცები“ და მისი ლიდერი. მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ივანიშვილმა შეარბილა თავისივე განცხადება და რუსულ პროვოკაციაზე საქართველოს ხელისუფლების წამოგებად შეცვალა.
„პროვოკაციაზე წამოგება“, „ომში ჩათრევა“ და სხვა – ვითომ თავის გამამართლებელი სიტყვები, ჩვენი თანამგზავრი გახდა. ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ ხელს ადებდა სააკაშვილს ომის დაწყებასა და აგრესიაში – ქალბატონი ზურაბიშვილი იყო. მისი პირდაპირობა ეკალივით გულზე ესობოდა „ნაციონალებს“, მაგრამ ზღვა ანტირუსულ პროპაგანდაში ზურაბიშვილის მართალი ხმა ვის რას დააკლებდა?!
„ნაციონალებს“ არც პარლამენტარ ზურაბიშვილის ნათქვამი აწუხებდა, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბიშვილის ნათქვამი სხვაა, ვინაიდან „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ოქტომბრის ბოლოს პრეზიდენტი გახდება, მანამდე კი საპრეზიდენტო მარათონია გასავლელი და ისე, როგორც დანარჩენი საპრეზიდენტო კანდიდატები (ვინ დათვლის ზღვაში ქვიშა) ზურაბიშვილიც გადის წინააღმდეგობას, კრიტიკას.
კრიტიკის თემა ისევ 2008 წლის ომის დაწყებაა, ანუ ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. არ დარჩა არც ერთი პარტია, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, რომელსაც არ გაეკრიტიკებინოს ზურაბიშვილი „სიცრუისთვის“ – ღალატია ზურაბიშვილის მხრიდან გაჟღერებული განცხადება, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო – ამბობენ ისინი.
ზურაბიშვილმა დასაწყისში გაუძლო შემოტევას, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო თავისივე ნათქვამის შერბილება, ისე, როგორც ივანიშვილმა. ბოლოს, არც აცია და არც აცხელა – ჯიქურ მიეჭრა აგრესორს, ოკუპანტს, ომის „გამჩაღებელ“ რუსეთს.
„მე, როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე; არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი; არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი“.
მან სააკაშვილიც ახსენა როგორც დამნაშავე, სხვა „ნაცებიც“, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძეც, მაგრამ რუსეთი ისეთ ფერებში დახატა, როგორც „ნაცები“ ხატავენ და სხვა ე.წ. პოლიტიკოს-პოლიტოლოგები, ჟურნალისტები. ზურაბიშვილმა რატომღაც ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ რუსეთი საქართველოს ბოლო 100 წლის განმავლობაში ებრძვის.
ზურაბიშვილი საქართველოდან გაქცეული მენშევიკური მთავრობის პირმშოა და სულაც არ არის გამორიცხული მისი ნეგატიური დამოკიდებულება კომუნისტების მიმართ. აქ, ძნელია ობიექტურობის დაცვა, მაგრამ ჭეშმარიტება არის ერთი – რომ არა რუსეთი, საქართველო ვეღარ გაუძლებდა მუსლიმურ შემოტევებს სამხრეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან, … .
რომ არა საბჭოთა 70-წლიანი მმართველობა, საქართველოს მოსახლეობა ხუთნახევარი მილიონი ვერ გახდებოდა; ვერც საყოველთაო განათლებას მოაბამდა თავს; ვერც სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, ხელოვნებას, მეცნიერებას. რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს არის რუსეთის „ბრძოლა“ საქართველოს წინააღმდეგ?!
მაგრამ, რას ვიზამთ, გონგამოცლილი მარიონეტებივით გავიძახით იმას, რასაც ევროატლანტიკური ანტირუსული პოლიტიკა ჩაგვძახის. ქართული პოლიტიკა ვერაფრით იტანს სიტყვა „რუსეთის“ ხსენებასაც და მოგვიწოდებს მუდამ ვლანძღოთ ის, ვამტკიცოთ მისი აგრესია, ომის დაწყება და ა.შ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა რა ზურაბიშვილი, მენტორული ტონით ბრძანა – რუსეთი არის აგრესორი და ომი მან დაიწყო. თან ისიც დაუმატა, რომ ამის თქმა ყველასთვის სავალდებულოა საერთაშორისო არენაზე რუსეთისთვის დისკომფორტის შესაქმნელად.
რა გამოდის – ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის იღვწოდეს, უფრო მეტი კონფრონტაციისკენ მიდის და ეს მაშინ, როდესაც რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის ფულადი გზავნილი არჩენს საქართველოს და რამდენჯერმე აღემატება სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების გზავნილებს.
რუსეთის ბაზარზე შეტანილი ქართული ღვინო – 33 მილიონი ბოთლი, დიდად აღემატება სხვა ქვეყნებში შეტანილ ერთად აღებულს; ისე როგორც რუსი ტურისტების რაოდენობა სხვა ქვეყნების ტურისტების რაოდენობას. აღარაფერს ვამბობ ენერგეტიკაში მომუშავე რუსულ ბიზნესზე და სხვა.
თუ არ გვინდა რუსეთი, არც ის უნდა გვინდოდეს, რაც იქიდან მოდის!
ახლა კი შორეული ისტორიის შესახებ. ნოდარ ლომოური (საქართველოს ისტორია) წერს: „შაჰ აბას პირველის შემოსვლა კახეთში 100 000-ის გაწყვეტით და 200 000 ქართველის სპარსეთში გადასახლებით დასრულდა. რუსეთთან შეერთების ჟამს ქართლის მოსახლეობა 60 000-ს არ აღემატებოდა. აქედან, 100 წლის შემდეგ – საქართველოს მოსახლეობამ 1.5 მილიონს მიაღწია, ხოლო საბჭოთა კავშირის 70 წლის განმავლობაში – 5 მილიონს“.
გამსახურდიას მმართველობიდან დაწყებული, გამუდმებით ვსვამთ კითხვას – ნებაყოფლობით თუ ძალით შევიდა საქართველო რუსეთის შემადგენლობაში და წამითაც არ ვფიქრობთ – როგორი იყო მაშინდელი საქართველო?
1490 წელს დარბაზმა დააფიქსირა საქართველოს სამ სამეფოდ დაყოფა: ქართლად, კახეთად, იმერეთად და სამცხეს სათავადოდ. მოგვიანებით იმერეთს გამოეყვნენ სამეგრელო და გურია.
1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის. ქართლში სამეფო ტახტზე პრეტენზიას ბევრი აცხადებდა, მაგრამ იმპერატორმა პავლე I-მა აღასრულა მომაკვდავი გიორგი XII-ის სურვილი და 1800 წლის 22 დეკემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთი რუსეთს მიუერთა. 1810 წელს რუსეთის შემადგენლობაში შევიდა იმერეთი.
აღნიშნული ტერიტორიების და მოსახლეობის დაცვის მიზნით რუსეთის ჯარს არაერთი ბრძოლის გადატანა მოუხდა ჩრდილო კავკასიის ტომების მუდმივი შემოსევების და მასთან ერთად თურქული აგრესიის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ხელიდან გამოსტაცა გურია (1828 წ.), აჭარა, სვანეთი (1854 წ.), სამეგრელო (1857 წ.), აფხაზეთი (1864 წ.). ასე შექმნა რუსეთმა თავისი ქართული გუბერნია.
ხშირად გაიგებთ „მოჭარბებულად პროგრესული“ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოს გუბერნიას მიერთებული ტერიტორიები რუსეთმა თავისთვის გაიკეთაო. კეთილი, მაგრამ საბოლოოდ ვის დარჩა?
1805 წლის 28 ივლისს რუსეთმა გაანადგურა თბილისისკენ მომავალი აბას-მირზას 40000-იანი არმია, გაათავისუფლა საქართველოს ტერიტორია დამპყრობლებისგან.
რუსეთს მიერთებულმა საქართველომ თავი დააღწია მეფეთა სიკვდილით დასჯას; მათი დების სპარსულ ჰარემებში გამწესებას; ძმების ევნუხობას და გაჩდნენ რუსეთის იმპერიაში ქართველი სწავლულები, სამხედროები, გენერლები – მარტო ბაგრატიონი რად ღირს. დიდმა ილიამაც სწავლა-განათლება სანქტ-პეტერბურგში მიიღო.
რაც შეეხება 1918-21 წლების ისტორიას – მენშევიკური ხელისუფლების უნიათო მმართველობას, ისტორიაში ღრმად ჩახედულმა კარგად იცის, რომ მთავრობამ თავი ვერაფერს მოაბა, საქართველოს ეკლესიებში არსებულ სიმდიდრეს დაეუფლა და საფრანგეთში გადაიხვეწა.
განძის ეკლესიებიდან გამოტანასთან დაკავშირებით ნოე ჟორდანიასა და კათალიკოს-პატრიარქს შორის ლამის ხელჩართული ჩხუბი და გინება გაიმართა, მაგრამ იძალა ხელისუფლებამ. საფრანგეთში ჩატანილი განძის ტომრები მარსელის ბანკში განთავსდა, საიდანაც გაქცეული ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო, თავის სარჩენად ყიდდენ ერის სიმდიდრეს. მარსელში განძის შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ ის პარიზში გადაიტანეს. საფრანგეთის ხელისუფლების მიერ საბჭოთა კავშირის ცნობასთან ერთად საფრანგეთმა შეწყვიტა მენშევიკური ხელისუფლებასთან კონტაქტები. განძი საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე იქნა აყვანილი.
არც ე.თაყაიშვილს და არც ვინმე სხვას განძთან მისვლა აღარ შეეძლოთ. და რომ არა სტალინის პირადი დაინტერესება, განძი საქართველოს არ გადმოეცებოდა.
პრეზიდენტ დე გოლთან მოლაპარაკების დროს სტალინმა სთხოვა განძის დაბრუნება. დე გოლი დაპირდა, თუმცა დანაპირები დიდის გაჭირვებით შეასრულა, ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგობის გამო. განძის ჩამოსატანად პარიზს გაემგზავრა პროფესორი მირიანაშვილი, შემდგომში ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, სხვები. მათვე ჩამოიყვანეს ე.თაყაიშვილი და ჩამოიტანეს განახევრებული განძი.
ეს ისტორია ბევრმა არ იცის და რომც გაიგოს – არ დაიჯერებს იმიტომ, რომ სალომესი არ იყოს – რუსეთი 100 წელია გვეომება.
დავუბრუმდეთ მთავარ თემას ანუ გოგონა ნაცვლიშვილის მოთხოვნას – ყველამ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი აგრესორია. კი ბატონო. ვთქვათ, მაგრამ ამით ხომ იმ ევროპულ სტრუქტურებს ვეწინააღმდეგებით, რომლებზეც მზე და მთვარე ამოგვდის? გარდა ამისა „აგრესორ“ რუსეთთან როგორ ვაპირებთ მოლაპარაკებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით? იქნებ, საერთოდაც არ ვაპირებთ ამ თემაზე რუსეთთან ლაპარაკს?
თავს – ქუდის ტარების გარდა, სხვა ფუნქციაც აქვს – ტვინის განძრევა რომ ჰქვია!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი