22.12.2024

ვისთვის კანონი, კანონია, ვისთვის – არა

ვალერი კვარაცხელიას უთხრეს, რომ ტრადიციული ყოველკვირეული გადაცემის გაკეთება ტელეკომპანია „ობიექტივზე“ არ შეიძლება, ვინაიდან ის მონაწილეობს არჩევნებში. არასამთავრობოები „აგუგუნდნენ“ – მიუღებელიაო ასეთი რამ. კვარაცხელიამაც, როგორც პატიოსანმა პოლიტიკოსმა და მოქალაქემ, უარი თქვა გადაცემაზე და თვეზე მეტია ეთერში არ გამოჩენილა.

სამწუხაროდ, მსგავს მისაბაძ მაგალითებს ვერ ვხედავ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან. მარტო ის რად ღირს, როდესაც საარჩევნო სიაში მყოფი „ოცნების“ მინისტრები კალაძე, დანელია, თვით პრემიერი კვირიკაშვილი, სხვები კარგა ხნის განმავლობაში ძირითად სამსახურს, საარჩევნო მარათონში მონაწილეობას უთანხმებდნენ. მათ კანონი იცავს, მიპასუხებენ, მაგრამ თუ კანონი ერთზე მოქმედებს და მეორეზე არა (ხელისუფლებაზე), არის ეს კანონი – კანონი?

თვით კანონს რაც შეეხება – განა იმათი დაწერილი არ არის, ვინც ხელისუფლებაშია? დავუშვათ, კანონი იცავს, მაგრამ რა ვუყოთ იმ „კანონს“, რომელსაც მორალი ჰქვია?

ამორალურია, როდესაც „ოცნების“ შემქმნელი ივანიშვილი, ბიზნესმენი, ოფიციალურად ხელისუფლებასთან ან პარტია „ოცნებასთან“ არავითარ კავშირში მყოფი, დღეს არ ტოვებს მრავალსაათიანი პროპაგანდის საწარმოებლად, თანაც ვისთან – რეგიონულ ჟურნალისტებთან – იმედით, რომ ისინი მილიარდერის მონოლოგებს ფართოდ გააშუქებენ.

ივანიშვილის ყველა მსგავსი სატელევიზიო „მამა-შვილური“ „დიალოგი“ პირდაპირი ეთერითაც გადაიცემა, მრავალჯერ მეორდება და იქ დამსწრე ჟურნალისტთა წყალობით იბეჭდება გაზეთებში. ყველა დიალოგში, უფრო სწორად მონოლოგში, ხაზგასმით არის ლაპარაკი „ოცნების“ „საარაკო“ მიღწევებზე, უფრო „საარაკო“ გეგმებზე და სამომავლო სიკეთეებზე – ხალხისა და ქვეყნისთვის. ივანიშვილის ყველა გამოსვლა არის ქოქოლა „ნაცებს“, მათ ბელად სააკაშვილს, დაფნის გვირგვინი – ივანიშვილსა და „ოცნებას“.

„ნაცური“ კრიმინალური ხელისუფლების ძაგება სწორედ ისეთი თემაა, ივანიშვილი და საზოგადოება რომ უყოყმანოდ თანმხდებიან, მაგრამ სხვა დანარჩენ საკითხებში ხალხსა და „ოცნებას“ შორის შეთანხმება, განვლილი 4 წლის განმავლობაში, მიუღწეველი აღმოჩნდა. „ოცნების“, პირადად ივანიშვილის დაპირებები, დაპირებებად დარჩა, რამაც მძიმედ იმოქმედა მილიარდერისა და მისი პირმშო პარტიის სახელზე. ივანიშვილმა დაინახა შექმნილი ვითარება და თავით გადაეშვა პროპაგანდის მორევში – დარწმუნებული, რომ ახალი დაპირებებით და „ოცნების“ ქებით შეძლებს სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის შემობრუნებას.

ივანიშვილის მიერ „ოცნების“ რეკლამა (თანაც როგორი), რეკლამა არ არის?! თუ მას კანონით აქვს ამის უფლება, რატომ სხვა პარტიას არ აქვს? და როდესაც ესოდენ „გაუგებრობასთან“ გვაქვს საქმე, რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი?

დიდი ვერაფერი დემოკრატიაა, როდესაც თბილისის ქუჩებზე გამოჩრილი სარეკლამო დაფების უდიდესი ნაწილი „ოცნების“ საარჩევნო ლოზუნგებსა და მაჟორიტარობის მსურველ პირებს უკავიათ. „ვინც იხდის, დაფაც იმისიაო“, – მიპასუხებენ.

დიახ, სწორედ რომ ასეა, მაგრამ ამდენი და რა ფულით? „ოცნების“ „დაფურ“ ჭიდილს „ნაცები“ თუ უმკლავდებიან, მაგრამ მათი „ჯილების“დაფაზე გამოკრული რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა „ოცნებასთან.

გამოდის, ვისაც ფული და გავლენა აქვს, ის „ჭამს“. ასე იყო „ნაცთა“ ზეობის დროს, ასეა „ოცნების“ მმართველობისას – რა განსხვავებაა? არც არაფერი. ქუჩის რეკლამა კერძო საქმეა. მასში ხელისუფლება არ ერევა, მაგრამ ერთხელ მაინც მიეცა ხელისუფლებას დემოკრატიის მაგალითი და ქუჩის რეკლამის თანაბარი კვოტები დაეწესებინა, ამით არაფერი დაუშავდებოდა მას.

არანაკლებ დასაფიქრებელია პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებული თვითრეკლამა, განვლილი 4 წლის „დიპლომატიური წარმატებების“ ამსახველი ვრცელი მასალის სახით, რომელიც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ოთხ ნომერში დაიბეჭდა. მასალის შინაარსზე ქვემოთ მოგახსენებთ, მოცულობაზე კი უმალ გეტყვით – უკიდეგანოა, საარჩევნო პერიოდში გაკეთებული რეკლამის თვალსაზრისით.

მხოლოდ ამ საზომით თუ მივუდგებით გამოქვეყნებულ „დიპლომატიურ“ მოთხრობას. სხვა მხრივ მასში, ავტორის სამწუხაროდ, არაფერია ისეთი, თვალს რომ მოგტაცებს, გულს რომ გაახარებს. არადა ავტორს, მართლაც უზომო მასალაში რაღაც მაინც უნდა ეთქვა ისეთი, ყურადსაღები ყოფილიყო ბედკრული ქვეყნის შვილებისთვის.

საგარეო პოლიტიკა სწორედ ის აქილევსის ქუსლია, რომლის დაუძლევლობა მძიმედ მოქმედებს ქვეყანაზე. უნიათო, არსით მიმავალი საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო ყოფას და ნებისმიერი მისი მოქალაქის კეთილდღეობას. ავტორის აზრით, „2003 წლიდან 2012 წლამდე ვცხოვრობდით სახელმწიფოში, სადაც ტოტალური შიშის სინდრომი სუფევდა, „ფასადური“, „მანიპულატური“ დემოკრატიის აღზევებას ჰქონდა ადგილი“.

2012 წლიდან ანუ „საოცნებო“ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან, მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. არ იჭერენ ხალხს, არ აწამებენ, რაც უდავოდ დიდი მონაპოვარია, მაგრამ გამუდმებით განვლილ საშინელებებზე აქცენტების ნაცვლად უმჯობესი იყო დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა.

გარდა ამისა დამნაშავე პარტიის კანონგარეშედ გამოცხადება და მისი წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის სამუდამო, ისე როგორც საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა. მაშინ ექნებოდა ჯაფარიძის მკაცრ ლექსიკას აზრი. სხვა შემთხვევაში, ის ფაქტის უბრალო კონსტატაციაა და მეტი არაფერი.

აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არა ხელისუფლებას, ვისაც ყველა ბერკეტი უპყრია ხელთ დამნაშავის დასასჯელად. განვლილი 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ნახევარი ნაბიჯიც კი ვერ გადადგა ამ კუთხით, რომ აღარაფერი ვთქვათ განსხვავებულ პოლიტიკაზე.

„საოცნებო“ ხელისუფლება იმავე საგარეო კურსს მიჰყვება, როგორსაც „ნაცები“. და ეს უკანასკნელები ჩრდილოეთისკენ ოდნავ გახედვასაც კი ისე მკაცრად აკრიტიკებენ, თითქოს ქვეყანა დსთ-ში შევიდა.

„საოცნებო“ მმართველობის განვლილი 4 წელი თუ რამით იყო დასამახსოვრებული – „ნაცთა“ წინაშე თავის მართლებაა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. არც ჯაფარიძეს და არც საგარეო საკითხების მესვეურებს ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, ესოდენ ყურადღებას რომ იმსახურებდნენ, თუნდაც საგაზეთო მასალის გამოქვეყნებით.

ავტორის მიერ მოწოდებული მასალა არც შინაარსით, არც სიახლით, მითუმეტეს ნოვატორული აზრით არ გამოირჩევა და თქვენ წარმოიდგინეთ ლექსიკითაც კი ის არის, რასაც 25 წლის განმავლობაში გვასმენინებენ – გამუდმებული მტკიცებით, რომ ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური კურსი, რომ მხოლოდ ამერიკა-ევროპასთან ურთიერთობა გადაარჩენს საქართველოს.

არაერთხელ დამიწერია და გავიმეორებ – 2008 წლის ე.წ. რეფერენდუმი – პრეზიდენტის არჩევნებზე მიკერებული, უბრალო ფალსიფიკაცია იყო. ამომრჩევლის მთავარი ყურადღება არჩევნებზე იყო გადასული და არა ნატოში გაწევრებაზე. მან (ამომრჩეველმა) მექანიკურად უპასუხა საარჩევნო ბიულეტენის ამ კითხვას. შემდეგ კი ჩვენთვის კარგად ცნობილმა ამერიკელმა ბრაისამ, ნატოს მსურველთა მოკრძალებულ პროცენტებს, საკუთარი ანუ ამერიკელთა სასურველი პროცენტები წაუმატა, რამაც ისეთი სურათი შექმნა, თითქოს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს ნატო.

ეს, რომ თუნდაც ასე არ ყოფილიყო, 2008 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ხალხმა გემო გაუგო ნატოსაც და ევროკავშირსაც, საერთოდ ევროატლანტიკურ სივრცეს და ვერ დაინახა: „დასავლეთში რა ფაქიზად ეპყრობიან და იცავენ ოჯახურ ტრადიციებსა და რელიგიურ ფასეულობებს. მათი მთავარი ინტერესია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის  გაძლიერება…“ (თ.ჯაფარიძე). სწორედ ამიტომაც ჯაფარიძის მოსაზრების საწინააღმდეგოდ ფიქრობს ის დღეს. და რახან ასე ფიქრობს, საჭიროა დაზუსტება იმისა – რას ფიქრობს, რეფერენდუმის გზით.

ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს ხალხი და ეს ნატოში ყოფნა-არყოფნას ეხება. „ოცნების“ ხელისუფლებას არ სურს ხალხის მოთხოვნის გაზიარება, ვინაიდან მკაცრ საყვედურს მიიღებს დასავლეთიდან. ხალხმა, მიუხედავად ჯაფარიძის მტკიცებისა, დასავლეთში ფაქიზად რომ ეპყრობიან ოჯახურ ტრადიციებს და რელიგიურ ფასეულობებს, დაინახა, რომ ეს ასე არ არის, პირიქით მძიმე მდგომარეობაა განსაკუთრებით ერთნაირსქესიანთა ქორწინებიდან გამომდინარე. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სხვა მაღალჩინოსნები თავგადაკლული უჭერენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ამ ანტიადამიანური კავშირის აღიარებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ – ოჯახური ტრადიციებია?

როდესაც აღნიშნულის დაკანონების წინააღმდეგ პარიზის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა, უშედეგოდ – ოჯახური ტრადიციების შელახვა არ არის? როდესაც ევროკომისრები უკრაინაში, მოლდოვაში ლგბტ (LGBT) პარადის მონაწილეთა პირველ რიგებში არიან – ოჯახის ტრადიციების განმტკიცებაა? იქნებ მამათმავლების გამუდმებული სატელევიზიო გამოსვლები ამტკიცებს ოჯახის ტრადიციებს?

თანამედროვე კომუნიკაციების წყალობით ხალხმა იცის, თუ როგორ იცავს დასავლეთი ოჯახის ტრადიციებს ან თუნდაც რელიგიას. სწორედ ამიტომაც არ სურს მას იმ დასავლეთთან ჩახუტება. ხალხისთვის ცნობილია, როგორ იხურება ეკლესიები ევროპის ქვეყნებში და შენობებში ბარები და გასართობი ცენტრები იხსნება.

დღევანდელი დასავლეთი ის არ არის, რაც უწინ იყო – აღწერილი სახელოვანი მწერლების ნოველებსა და რომანებში. დღევანდელი დასავლეთი ორმაგი სტანდარტების მიმდევარი, ერთობ საეჭვო პოლიტიკის მატარებელია, განსაკუთრებით ისეთ ფაქიზ საკითხში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია. ის, რაც აშშ-ა და მისმა თანამგზავრმა ევროპამ ჩაიდინა იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში, სირიაში, სხვაგან – არც ადამიანის უფლებების დაცვაა და არც დემოკრატია.

იქნებ ჩამოთვლილი ქვეყნების მოსახლეობაზე არ ვრცელდება ყბადაღებული ადამიანის უფლებების დაცვა ან დემოკრატია? იქნებ ეს „რეცეპტი“, ამერიკელთა გამოგონილი სწორედაც რომ მათი მოწინააღმდეგე ქვეყნების საზომადაა გამოყენებული?

იტყვის აშშ-ი – რუსეთი არ იცავს ადამიანის უფლებებსო – და უმალ ერთხმად აღაღადდება ევროპა – მართალიაო. აშშ-ი საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, პირდაპირ რომ უკავშირდება ჰეგემონიზმს, დანიშნავს „არადემოკრატიულ“ ქვეყანას, სადაც ვითომ ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები და შემდეგ, გამოსწორების მიზნით, ბობმებს აყრის თავზე.

არადემოკრატიულობის მაგალითია აშშ-ს მიერ ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ნაკრებისთვის დისკვალიფიკაციის მოთხოვნა. თუ პირველ შემთხვევაში ნახევრად გაუვიდათ, მეორეში – მთლიანად – პარაოლიმპიელთა თამაშებიდან მოხსნის თვალსაზრისით. რამდენად არაადამიანური უნდა იყოს დასავლური დემოკრატია, რომ ინვალიდებსაც კი აუკრძალოს საყვარელი საქმის კეთება.

ყოველივე აღნიშნული და სხვა მრავალი, დაინახა ხალხმა, მაგრამ ჯაფარიძემ ვერ დაინახა და ამიტომაც გვიმტკიცებს ისე, როგორც სააკაშვილი და მისი „ნაცები“ – დასავლეთის ედემობას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჯაფარიძემ განიხილა თავის მასალაში და ისე დაგვმოძღვრა, როგორც ვასილ რუხაძემ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. რუხაძეს – „ჯეიმსთაუნის“ ფონდის „მეცნიერს“, შესაბამისი პასუხი გავეცი, თუმცა რუხაძისნაირები მაინც თავისას გაიძახიან, ყოველგვარი ანალიზისა და რეგიონში განვითარებული ვითარების გაუთვალისწინებლად. მათ რიცხვშია ჯაფარიძეც, რაც სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ისიც რუხაძეების მსგავსად, სულიერად ამერიკიდან იკვებება.

მიზანი ერთია – საქართველოს ისეთად გადაქცევა, როგორსაც აშშ-ი მოითხოვს. „ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა, გვცოდნოდა, თუ რას ფიქრობენ „უბლოკო“ სტატუსზე ევროპელები, ამერიკელები, ჩვენი უახლოესი მეზობლები – თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი. როდესაც საუბარია „გარანტიებზე“, მხოლოდ ერთი ქვეყნის „დაპირებების“ იმედად ყოფნა – თანაც ისეთი ქვეყნის, რომელთანაც ჩვენ რბილად რომ ვთქვათ, „რთული ისტორია“ გვაკავშირებს – უაღრესად სახიფათოა“, – წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე რომ ჩვეულებრივი ექსპერტი იყოს, მაშინ შეიძლება გვეპატიებია ასეთი ფრაზა: „ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა, რას ფიქრობენ ევროპელები …“. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაა იმის გარკვევა მაინც, რას ფიქრობენ „ნეიტრალიტეტზე“ თუნდაც ჩვენი მეზობლები, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპელებზე. 4 წლის განმავლობაში ეს უმარტივესი საკითხი ვერაფრით დაადგინა თანამდებობის პირმა, რომლის უპირველესი მოვალეობაც სწორედ ეს არის.

რუხაძისადმი გამოქვეყნებულ მასალაში ხაზგასმით აღვნიშნე, რას ფიქრობენ ევროპელები საქართველოს ნეიტრალიტეტზე. მათ ანუ ფინეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, სხვა ქვეყნების მეცნიერ-ექსპერტებმა და ნატოში მომუშავე მაღალი რანგის მოხელეებმა, რომელთათვის ნეიტრალიტეტის თემა სულაც არ არის უცხო, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს, სწორედაც რომ ნეიტრალიტეტის გზა ურჩიეს და არა ნატოში გაწევრება.

ვის-ვის და ფინეთის წარმომადგენელს კარგად ჰქონდა გათავისებული რუსეთის მეზობლობა. სწორედ აქედან გამომდინარე მოგვიწოდა ნეიტრალიტეტისკენ. ჯაფარიძე მაშინ ამერიკაში „იცავდა“ საქართველოს ინტერესებს და მან არ იცის ამის შესახებ, მაგრამ რომც იცოდეს, ისე იტყვის, როგორც აშშ-ს გაუხარდება. გასაოცარია საგარეო საქმეებში მომუშავე პირის სკეპტიკური დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების მხრიდან საქართველოს „ნეიტრალიტეტთან“ დაკავშირებით.

მას რატომღაც ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ წავლენ ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთზე არაფერს ვამბობ. ჯაფარიძის აზრით, ისინი აღფრთოვანებული მიესალმებიან საქართველოს ნატოში შესვლას. ყოველთვის მითქვამს და გავიმეორებ – ნატოში შესულ საქართველოს გაუჭირდება იმ სამეზობლოში ცხოვრება, სადაც თითქმის ყველა მეზობელი, თურქეთის გამოკლებით, ნეგატიურად აღიქვამს ამ ორგანიზაციას. რაც შეეხება თურქეთს – მისი დაძაბული დამოკიდებულება ნატოსთან ამ ორგანიზაციის სიმტკიცეზე არ მეტყველებს.

თურქეთთან ბატონ თედოს სხვა დამოკიდებულება აქვს. ის ამ ქვეყანას ისტორიულ მეგობრად აღიქვამს, რითაც საკუთარი ქვეყნის ისტორიის უაღრესასდ სუსტ ცოდნას ამჟღავნებს და წყლის წვეთივით ამთხვევს საკუთარ „ბრძნულ“ მოსაზრებას „ნაცთა“ ბელადის სააკაშვილის „სიბრძნეს“. თუმცა არც ეს არის გასაკვირი, ჯაფარიძე ხომ სააკაშვილის მთავრობის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მართალია არცთუ დიდი ხნით, მაგრამ მაინც და რომ არა სააკაშვილის პიროვნული დამოკიდებულება ჯაფარიძისადმი, კარგა ხანს „იმინისტრებდა“. სულაც არაფრად ჩააგდებდა „ნაცთა“ ლიდერის და მისი მთავრობის კრიმინალურობას.

არ მითხრათ – ის განუდგა საკაშვილს და გადადგა. მსგავსი თვისებებით არ გამოირჩევიან ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები, თუმცა საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ. მაგალითად სალომე ზურაბიშვილი – ჯაფარიძის შემცვლელი, მაშინ გახდა ოპოზიციონერი, როდესაც სააკაშვილმა მოისროლა. არადა რა იმედი ჰქონდა მას და ხაინდრავას სააკაშვილის მხრიდან შენდობის?!

ჯაფარიძის დამოკიდებულება რუსეთისადმი უაღრესად ნეგატიურია, რაზეც ხაზგასმით მიუთითებს თავის ნაშრომში, თანაც ყველა წყალს გვიწურავს ისეთი საკითხის მოგვარებაში, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა. „მინდა დაგარწმუნოთ, გუბერნიადაც რომ მოვინდომოთ დაბრუნება რუსეთში, კრემლი ჩვენი ძირითადი პრობლემის მოგვარებას – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას – არ მოინდომებს, რადგან ეს მის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის ისევე, როგორც კრემლის ინტერესებში არ შედის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთლიანად „პოსტსაბჭოთა“ სივრცის მყარი არსებობა“, – წერს ჯაფარიძე და მსუყე წერტილს უსვამს რუსეთთან ურთიერთობას.

რატომღაც ქართველი პოლიტიკოსები რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ხედავენ და არა მრავალმხრივი კავშირების აღდგენაში, რითაც უდავოდ გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ სიბეცეს და რაც მთავარია ჯერ არნახულ, არგაგონილ მაქსიმალიზმს. სწორედ ამ მაქსიმალიზმზე გაამახვილა ყურადღება მაღალმა ამერიკემა მოხელემ, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დენიელ ფრიდმა რადიო „ამერიკის ხმისადმი“ მიცემულ ინტერვიუში. მისი ნათქვამი შემდეგი შინაარსისა იყო – ტვინი ნუ გამოგვილაყეთ ნატოში გვინდას ძახილით. წყნარად, მშვიდად აშენეთ თქვენი ქვეყანა და როდესაც ნატოში გაწევრების დრო დადგება, მაშინ მიგიღებთო.

დიახ! რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ რატომ? რა იყო ამის მიზეზი? ის, ხომ არა, რომ საქართველომ გააჩაღა ომი მის წინააღმდეგ, რაზეც მიუთითებს ამერიკელი ფრიდი?

საქართველომ დაიწყო ომი და დამარცხდა. გამარჯვებული იკავებს დამარცხებულის ტერიტორიებს. ეს კანონი მას შემდეგ მოქმედებს, რაც დედამიწაზე სიცოცხლე ჩაისახა. არ დავიწყებდით ომს და არ დავკარგავდით ტერიტორიებს. რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ დაკარგული? მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინოთ რუსეთთან ჩატეხილი ხიდი; გადავდგათ ნაბიჯები ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, სხვა სახის ურთიერთობების აღსადგენად და ნელ-ნელა მივიდეთ იმ მთავარ საკითხამდე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ ჰქვია. პარალელურად, ცხადია რუსეთის შუამდგომლობით, დავიწყოთ ურთიერთობა ყოფილ ავტონომიებთან. თავი დავანებოთ ბუტიაობას და დასავლეთისთვის გამუდმებით ხვეწნას – დაგვეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

2008 წლის ომის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, გაცილებით მეტი იმ ომის შემდეგ (1992 წელი), რომელმაც ფაქტიურად დაგვაკარგვინა ტერიტორიები. ამ ხნის განმავლობაში დასავლეთიდან გარდა სიტყვიერი დახმარებისა, სხვა არაფერი გაგვიგია. სამწუხაროდ, ასე იქნება მომავალშიც, ვინაიდან საქართველოს გამთლიანებისთვის არც ნატო შეიწუხებს თავს, არც აშშ-ი და როგორც ჩანს არც „ოკეანეწყალდალეული“ ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები.

ბატონი თედო წერს: „ჩვენთვის, ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია „პროქართველობა“. ამ სიტყვის მნიშვნელობა იმდენად შელანძღეს ე.წ. პოლიტიკოსებმა, რომ კომიკურადაც ჟღერს. „პროქართველობა“ ქართული საქმის კეთებას უნდა ნიშნავდეს და არა ანტიქართულის. ანტიქართულია, როდესაც ბრძოლის ველიდან გარბიხარ და მეზობელთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებ – მაინც არაფერი გამოვაო.

და კიდევ ერთი რამ – „რუსეთს უნდა, რომ სუსტი მეზობლები ჰყავდეს“ – წერს ჯაფარიძე. დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ძლიერი ქვეყანა, რომელსაც ძლიერის მეზობლობა უნდოდეს. ძლიერი ამერიკა ვერ იტანს ძლიერ რუსეთს და ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეზობლები არ არიან.

ჯაფარიძის მიერ ნახსენები „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნები ისე ვერასდროს განვითარდებიან (სამხედრო თვალსაზრისით), რომ რუსეთი შიშით აკანკალდეს. რაც შეეხება ეკონომიკას – სისუსტის ვერაფერს ვატყობ აზერბაიჯანს, ბელორუსს, ყაზახეთს, სხვებს. სისუსტე ვისაც ეტყობა – დასავლეთზე მიბმული საქართველოა.

კიდევ ერთი ამონარიდი ჯაფარიძის შემოქმედებიდან: „რუსეთი იმართება აღმასრულებელი ვერტიკალის მეშვეობით, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანისა და მისი განწყობის ირგვლივ კონცენტრირდება. იქ არსებული ფორმალური „დემოკრატიული ელემენტებიც“ კი, მაგალითად პარლამენტი, უფრო მეტად ფასადურია“.

და ამას ამბობს იმ ქვეყნის პარლამენტარი, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დემოკრატიულობას და ფეოდალური ხანისთვის დამახასიათებელი კანონებით მოქმედებს. „ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების მოდელი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობაა“, – აცხადებს ჯაფარიძე და თვითონაც ვერ ხედავს, როგორ უტოლდება ილფსა და პეტროვს – ცხადია არა შემოქმედებით, არამედ გენიალური მწერლების მიერ გამათრახებულ სასაცილო პერსონაჟებს.

ჯაფარიძე, ივანიშვილისეული მმართველობითი სისტემის პირმშო, აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკურ სისტემას და ვერ ხედავს, რომ არც ერთ სახელმწიფო თანამდებობაზე მყოფი მილიარდერი დაუფარავად მართავს ქვეყანას. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი, მაგრამ ისინი თამაშგარე მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ქვეყანას მართავს ის, ვინც მათ ნიშნავს ანუ ივანიშვილი. როდესაც ესოდენ სავალალო „დემოკრატიასთან“ გვაქვს საქმე, თავშეკავება გვმართებს და არა სხვისი კრიტიკა.

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე – კვარაცხელიას უთხრეს სატელევიზიო გადაცემის წაყვანა საპარლამენტო არჩევნებში ჩართულს არ გეკადრებაო, ვინაიდან რეკლამაა და მეტი არაფერიო. ივანიშვილს კი, რომელიც ტელეეკრანიდან გამუდმებით მოძღვრავს ამომრჩეველს  „ოცნების“ სასარგებლოდ, არაფერს ეუბნებიან, ისე როგორც ჯაფარიძეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ოთხ ნომერში გამოქვეყნებული „ნაშრომისთვის“ – თვითრეკალმა და „ოცნების“ PR-ი რომ ჰქვია.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.