ვენესუელა — მოსალოდნელი ცხელი წერტილი
ბატონ გურამ გოგიაშვილს
რახანია ვენესუელაში მიმდინარე ამბვები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა ვენესუელა მედიის ნომერ პირველ ქვეყნად აქცია.
თავიდათავი ვენესუელის „პოპულარობისა“ — ნავთობის უდიდესი მარაგებია, რომლითაც ის არ ჩამოუვარდება საუდის არაბეთსა და ნავთობით მდიდარ სხვა ქვეყნებს. ვენესუელა „ოპეკის“ წევრია და ამ ორგანიზაციაში ავტორიტეტული სიტყვაც ეთქმის.
ვენესუელის ეკონომიკაში ნავთობის ექსპორტიდან შემოსულ თანხებს მოწინავე ადგილი უკავია. ვენესუელის ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი აშშ-ი იყო, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, აშშ-ა ჯერ შეამცირა იმპორტი, ხოლო შემდეგ ნულამდე დაიყვანა.
აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისთვის ვენესუელის პოლიტიკური სისტემა და ხელისუფლება მიუღებელია, თუმცა ამაში ახალი არაფერია. ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, მემარცხენე უგო ჩავესის ხელისუფლებაში მისვლის დღიდან დაიწყო ვაშინგტონის პირდაპირი თუ შეფარული ბრძოლა ჩავესისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.
უგო ჩავესი, სოციალისტი, კუბის ლეგენდარული ლიდერის ფიდელ კასტროს მეგობარი და მოწაფე, როგორადაც თვით ის მიიჩნევდა საკუთარ თავს, ვერაფრით გახდებოდა აშშ-ს პოლიტიკური წრეებისთვის მისაღები.
ვაშინგტონ-კარაკასის დაპირისპირების არენად ხშირად ყოფილა გაეროს მაღალი ტრიბუნა. ჩვენთვის დასამახსოვრებელი იყო უგო ჩავესის ერთ-ერთი გამოსვლა პრეზიდენტ ჯორჯ-ბუშ-უმცროსის დროს, როდესაც ტრიბუნასთან მისულმა ჩავესმა ბუში „სატანად“ მოიხსენია და აშშ-ს პოლიტიკა მსოფლიოს ხალხებისთვის საშინელების მომტანად დაახასიათა.
უგო ჩავესი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ვენესუელაში, წარმატებით ახორციელებდა სოციალურ პროგრამებს, მათ შორის საცხოვრებელი ბინებით მოსახლეობის ღარიბი ფენების დაკმაყოფილებას. სწავლა-განათლება, სამედიცინო მომსახურება, სხვა სოციალური შეღავათები საშუალო და დაბალი ფენებისთვის ხელმისაწვდომი იყო.
ვენესუელა სამაგალითო ქვეყნად იქცა ლათინურ ამერიკაში. ასეთთან ბრძოლა ძნელი გამოდგა აშშ-თვის, თუმცა მას ბრძოლის ჟინი წამითაც არ განელებია. ვენესუელის ლიდერის უგო ჩავესის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ქვეყანას სათავეში ჩავესის თანამებრძოლი ნიკოლას მადურო ჩაუდგა. მანაც, ისე, როგორც წინამორბედმა ჩავესმა, გააგრძელა სოციალისტური მმართველობის კურსი.
ჩავესის დროს მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები დამყარდა კუბასთან, ნიკარაგუასთან, ბოლივიასთან, ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებთან, სადაც ხელისუფლებაში მემარცხენე ძალები იმყოფებოდნენ. განსაკუთრებული მჭიდრო კავშირი ჩამოყალიბდა კარაკასსა და ჰავანას შორის.
უგო ჩავესი ხშირი სტუმარი იყო კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროსი. ცნობისთვის — დასნეულებული ჩავესი ჰავანაში მკურნალობდა. ვენესუელა თითქმის უსასყიდლოდ აწვდიდა კუბას ნავთობს, ჰავანაც თავის მხრივ ვალში არ რჩებოდა მეგობარი ქვეყნის მიმართ — კუბის უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით სამედიცინოში, სწავლა-განათლებას, უსასყიდლოდ იღებდნენ ვენესუელელები. ვენესუელის არმიის გაწვრთნაში უდიდეს წვლილი შეიტანეს, როგორც რუსმა სამხედრო სპეციალისტებმა, ისე კუბელმა სამხედროებმა.
ვენესუელა-რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო-პოლიტიკურს უგო ჩავესის პრეზიდენტობისას ჩაეყარა საფუძველი. უგო ჩავესმა ასეული მილიონი დოლარის ღირებულების მძიმე და მსუბუქი სამხედრო ტექნიკა შეიძინა რუსეთში. დაიწყო „კალაშნიკოვის“ ავტომატების გამოშვება. დღეს, ვენესუელის არმია ლათინურ ამერიკაში ყველაზე გაწვრთნილ და შეიარაღებულ არმიად ითვლება, რომელთანაც გამკლავება ლათინური ამერიკის ისეთ მძლავრ ქვეყნებსაც გაუჭირდებათ, როგორებიცაა ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა.
რუსი სპეციალისტები არა მარტო სამხედრო საქმეში უწევენ დახმარებას ვენესუელას, არამედ ნავთობის მოპოვება-გადამუშავებაში. რუსეთის ნავთობის კომპანიები აქტიურად მოღვაწეობენ ვენესუელის ენერგეტიკის სფეროში.
ვენესუელაში თვალში საცემია რუსული ინვესტიციები, ისე, როგორც ჩინური. ინვესტიციების მიხედვით ჩინეთი უსწრებს რუსეთს, მაგრამ სამხედრო საქმეში რუსეთის პრიორიტეტულობა შესამჩნევია.
ვენესუელის ბინათმშენებლობაში მნიშვნელოვანი პოზიციები ჰქონდა ბელარუსსაც, თუმცა მადუროს ხელისუფლის პერიოდში, რომელიც დაემთხვა ეკონომიკურ დაღმასვლას, სოციალური პროგრამების განხორციელება შეჩერდა.
პრეზიდენტ მადუროს მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მძიმედ იმოქმედეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. გაუარესდა მისი სოციალური მდგომარეობა. გაუფასურდა ვენესუელის ფულადი ერთეული ბოლივარი. დეფიციტური გახდა პირველადი მოხმარების საგნები, კვების პროდუქტები. ვენესუელის მოსახლეობამ ლიკმა-პურის საძიებლად დაიწყო მეზობელ ქვეყნებში გადინება.
გაჭირდა ცხოვრება. მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილმა ვერ გაუძლო მწარე გამოწვევას და დაიწყო საკუთარი მოთხოვნების ქუჩის გამოსვლებში გამოხატვა. მოთხოვნა არის მრავალი და გასაგები — შეიცვალოს ხელისუფლება, ქვეყნის მმართველობას ჩამოშორდეს პრეზიდენტი მადურო.
სახალხო გამოსვლები, ქვეყნის გარედან ინსპირირებული, მას შემდეგ გაღვივდა, რაც მადურომ ერთი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ეს გამარჯვება ვაშინგტონმა არალეგიტიმურად ჩათვალა და მოუწოდა მადუროს გადადგომისკენ.
ბოლო 10 წელია ვაშინგტონი ებრძვის ვენესუელის ხელისუფლებას — ჯერ ჩავესს, ამჯერად მადუროს. და ამ ბრძოლაში მას ბადალი არ ჰყავს. სხვადასხვა სახის ეკონომიკური სანქციებით ცდილობს აშშ-ი წელში გადატეხოს ვენესუელა.
ეკონომიკური სანქციები — ისეთი იარაღია, რომელიც სპობს სანქცირებულის ეკონომიკას, იწვევს ხალხის გაღარიბებას, სოციალურ სიდუხჭირეს და ხელს კრავს მას საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ.
სიტყვით, თითქოს ვაშინგტონის მეცადინეობა სულაც არ არის მიმარული ხალხის ასაბუნტებლად. საქმე კი საწინააღმდეგოს ღაღადებს. „არ მოგწონს ხელისუფლება, დაამხე!“ — ასეთია ამერიკული მოწოდება. აშშ შეიარაღებული ინტერვენციის ნაცვლად, ეკონომიკური სანქციების შემოღებით, ზრდის ხალხის უკმაყოფილებას, რომელიც საკუთარი მთავრობის დასამხობად გამოდის.
ეკონომიკურ სანქციებს აშშ-ი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ აწესებს, მათ შორის რუსეთის. მიზანი მარტივია — აშშ-სთვის არასასურველი ხელისუფლების დამხობა. ვენესუელის წინააღმდეგ არა მარტო ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ს, არამედ აშშ-ს ბანკებში ვენესუელის ანაბრებიც აქვს გაყინული და როდესაც მშიერი ვენესუელა სულს ღაფავს — აშშ-ი ვენესუელის ფულს, ოფლითა და შრომით მოპოვებულს, კრუხივით აზის და არ იძლევა, პარალელურად „დიდსულოვნად“ აცხადებს, თუ როგორ წუხს ვენესუელის მოსახლეობის სიდუხჭირით. სულ ახლახანს აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა წუხილი მშიერი ვენესუელის მიმართ.
„მადუროს ბრალია, ვენესუელა რომ შიმშილობს“, — აცხადებს ვაშინგტონი და ამატებს — „ჩვენი ვალია, რომ ვენესუელელები ვიხსნათ ამ გასაჭირიდან“.
ვენესუელას დღეს უჭირს და ამ გასაჭირის ფესვები ნაწილობრივ ამერიკაშია. აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი დაუფარავად აცხადებს, თუ სანქციებით და სახალხო ამბოხით ვერ ჩამოაგდებს მადუროს, მაშინ სამხედრო ძალას გამოიყენებს. ტრამპი, ვენესუელას, მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უკავშირებს. თუ მან მოახერხა მადუროს ჩამოგდება, შემდეგ შეტევას კუბასა და ნიკარაგუაზე მიიტანს. გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტად არჩევაც გარანტირებული აქვს.
აშშ-ა ვენესუელის ოპოზიციას სათავეში ჩაუყენა ვინმე გუაიდო, რომელმაც სერბეთში გაიარა წვრთნები ორგანიზაცია „ოტპორში“. ეს ორგანიზაცია ვაშინგტონმა 1998 წელს შექმნა იუგოსლავიაში. მაშინ აშშ-ი და ნატო ყველაფერს აკეთებდნენ იუგოსლავიის პრეზიდენტის მილოშევიჩის დასამხობად.
1999 წელს იუგოსლავია უსასტიკესად დაიბომბა ნატოს მიერ, მაგრამ მილოშევიჩი ვერ ჩამოაგდეს. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც „ოტპორის“ მეშვეობით განხორციელდა. ასე რომ, ამერიკელებს გუაიდოსთან კავშირი სერიოზული და მრავალწლიანი აქვს. ამან განაპირობა ის, რომ ვაშინგტონმა პრეზიდენტად გუაიდო აღიარა და მოუწოდა ყველა მოკავშირეს ასე მოქცეულიყო.
„დემოკრატია“ და „სუვერენიტეტი“ ჰქვია ყოველივე ამას — ოღონდ ამერიკულად, რომელსაც თვალში არ მოუვიდა მადუროს „დემოკრატიულობა“, პრეზიდენტობა ჩამოართვა და ხალხიც აუმხედრა, თითქოს აშშ-ს სხვა მოკავშირეებში სანაქებო დემოკრატია სუფევდეს. მარტო საუდის არაბეთი რად ღირს.
რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-ს სამხედრო ჩარევას ვენესუელაში?
ლათინური ამერიკის გულისწყრომა ვაშინგტონის მიმართ, რომელიც მარტო გულისწყრომით არ დამთავრდება და მსოფლიო მიიღებს კიდევ ერთ „ცხელ“ წერტილს.
„ეს ხანგრძლივი ისტორიაა, რომელიც სათავეს იღებს მექსიკაში“, — განაცხადა ამ ქვეყნის ისტორიკოსმა ენრიკე კრაუზმა. „ამერიკა-მექსიკას შორის გაჩაღებული ორწლიანი ომი, რომელსაც მე-19 საუკუნეში ჰქონდა ადგილი, მექსიკის დამარცხებით დამთავრდა. მან დაკარგა საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი“.
ბოლო 100 წლის განმავლობაში აშშ-ა 40-ჯერ, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკის ხელისუფლების ცვლაში. ყველაზე აგრესიული ჩარევა აშშ-ა 1954 წელს განახორციელა გვატემალის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ათი წლის მოგვიანებით — ბრაზილიაში, ხოლო 1973 წელს — ჩილეში, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უშუალო მხარდაჭერით პინოჩეტმა განახორციელა სამხედრო გადატრიალება.
გარდა იმისა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერდა ოპოზიციას, მისთვის არასასურველი ხელისუფლების წინააღმდეგ, პირდაპირი ჩარევითაც ცდილობდა „ჯიუტი“ მთავრობების დამხობას. მაგალითად, 1916 წელს ის შეიჭრა დომინიკაში, 1983 წელს გრენადაში, 1989 წელს პანამაში. გასული საუკუნის 80-იან წლებში ვაშინგტონი ეხმარებოდა „სიკვდილის ესკადრონებს“ სალვადორში და მოძრაობა „კონტრას“ ნიკარაგუაში.
ნახევარ საუკუნეზე მეტია ვაშინგტონი ებრძვის კუბას, როგორც ძალისმიერი, ისე ეკონომიკური სანქციების გზით. აშშ-ს მუქარამ კუბაზე შეჭრასთან დაკავშირებით გასული საუკუნის სამოციან წლებში ლამის მესამე მსოფლიო ომი გამოიწვია.
კუბის კრიზისი დიდი ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიო ისტორიაში. აშშ-ი და სსრკ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახლოს იყვნენ უდიდეს კონფლიქტთან. საბედნიეროდ მაშინ საღმა აზრმა გაიმარჯვა და საკამათო საკითხები დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით გადაიჭრა.
ვენესუელის კრიზისი შორს არის კუბის კრიზისიდან, თუმცა სრული შესაძლებელია (აშშ-ს სამხედრო ჩარევით) აშშ-სა და რუსეთს შორის ვითარების უკიდურესი დაძაბვა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი