22.12.2024

ვაშინგტონს მორჩილი ხელისუფლება უყვარს

21 მარტის მიტინგი თავისი ექსტერიერით, არაფრით იყო გამორჩეული საქართველოში გამართული მიტინგებისგან. არადა, თუ რამეშია „დამოუკიდებელი“ საქართველო პირველი – საპროტესტო მარშებისა და მიტინგების ორგანიზებაშია. ამ თვალსაზრისით ბადალი არ გვყავს პოსტსაბჭოთა სივრცეში, შეასძლოა მის გარეთაც – დიდი-დიდი „მოძმე“ უკრაინა შეგვეპაექროს  – ჩვენსავით ყველა პარამეტრით „გაფარჩაკებული“.

პოსტსაბჭოთა სივრცეში შიგადაშიგ ტარდება საპროტესტო მიტინგებიც და მსვლელობებიც, მაგრამ სიხშირე ამ ღონისძიებებისა ჩვენამდე ვერ მოვა. როგორც ჩანს იქ მიტინგების მოწყობის ისეთი მსუყე ნიადაგი არ არსებობს, როგორც ჩვენში. ეს კი მარტივად ნიშნავს ერთს – იქაურ ხელისუფალთა მუშაობას, რაღაც ისეთის კეთებას, ხალხს რომ მიტინგისკენ არ უბიძგებს.

დამერწმუნებით ალბათ – ვერავითარი პარტია, პოლიტიკური თუ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება, ვერავითარ მიტინგს ვერ მოაწყობს, ხალხში დაგროვილი საპროტესტო მუხტის გარეშე. პოლიტიკოსებს ხშირად უყვართ „ხალხის“ ხსენება და ისეთ საქმეში დამოწმება, რაც სინამდვილისგან შორს არის, რამეთუ მავან პოლიტიკოსს თუ ვინ არ უჭერს მხარს, ხალხია, მიუხედავად ამისა ე.წ. პოლიტიკოსები მაინც ისვრიან ლოზუნგებს – „ჩვენ ხალხისთვის ვიღვწით“, „ხალხის კეთილდღეობისთვის“, „ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის“, „ხალხმა გადაწყვიტა“, “ხალხის ნებას ვემორჩილებით“ და ა.შ.

21 მარტი, განსხვავებით ყველა წინა მიტინგებისგან, უფრო სახალხოდ მომეჩვენა, ისეთად „ნაცების“ „სუფრის თავში“ გამოჩენამაც რომ ვერ დაჩრდილა. 21 მარტს იყო „ნაცთა“ ბელადების და რაც მთავარია უმთავრესისა და „უნეტარესის“ (ცხადია „ნაცთათვის“) „წმინდა“ მიხეილის სატელევიზიო ჩართვაც, მაგრამ ამ „მოვლენას“ სახალხო მიტინგის მთავარი ღირებულება არ დაუჩრდილავს.

წინა სტატიაში აღვნიშნე და გავიმეორებ, 21 მარტი ქართული მიტინგების ისტორიაში პირველია, რომელმაც კონკრეტული თემა გააჟღერა, თანაც მეტად მტკივნეული – სოციალური სიდუხჭირე რომ ჰქვია.

გახსოვთ, ალბათ წინა მიტინგების შინაარსთან მიმართებაში ქართული ჟურნალისტიკა, რომ სიამაყით გვამცნობდა – საქართველოს მოსახლეობა სერიოზულ საკითხებს აყენებს და არა ისეთს, ევროპაში ან სხვაგან – საყოფაცხოვრებო საკითხები რომ ჰქვიაო. მედია და პოლიტიკა რატომღაც „საყოფაცხოვრებოს“ ისეთად მიიჩნევდა, რომ არ ღირდა მასზე ლაპარაკი, მითუმეტეს „მიტინგობა“, „მდაბიურობის“ გამო. არადა, სწორედ სოციალური, საყოფაცხოვრებო საკითხებია მთავარი მამოძრავებელი განვითარებული ევროპის მიტინგებისა.

ვიმეორებ, 21 მარტის მიტინგის მოწოდება „მშიერი კუჭი“ იყო და აქედან გამომდინარე მთავრობის გადადგომა. რა შუაშია „ნაცები“? კაცმა რომ თქვას, არც არაფერში, ვინაიდან ის, რაც 21 მარტს იყო, 21 თებერვალს არ დაწყებულა. მას გაცილებით ღრმა ისტორია აქვს და 2004 წლის იანვრით თარიღდება – ანუ „ნაცთა“ „უნეტარესის“ „წმინდა“ ნიკოლოზის გამეფებიდან დაწყებული. აი, იმ შემთხვევას კი ნამდვილად მიესადაგება სიტყვები: – „ხალხმა აირჩია“, „ხალხმა თავისი განწყობა დააფიქსირა“ და არა სხვა თარიღებს, მაგალითად 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და მასთან ერთად პლებისციტს, ნატოში შესვლასთან დაკავშირებით.

2008 წლის იანვრის საარჩევნო პროცედურის შედეგებს, ფალსიფიცირებულს და დაუჯერებელს, სულ ხალხის სახელით ჩრიან ხალხს ცხვირში, ისე, როგორც ვირს – პიტნას. ხალხის სახელით არწმუნებენ ხალხს, რომ სწორედ მისი არჩევანია ნატოში შესვლა და ევროატლანტიკური კურსი, არადა ეს არჩევანი აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელის ბრაისას და „წმინდა“ ნიკოლოზის ერთობლივი „შრომის“ შედეგია, ხალხზე გადაბრალებული, რასაც ფალსიფიკაცია ჰქვია. ფალსიფიკაციაა „IRI”-ის ბოლო გამოკითხვის შედეგებში დაფიქსირებული ნატოში და ევროკავშირში შესვლის მსურველთა უზომოდ მაღალი პროცენტები .

21 მარტი 2004 წლიდან დაიწყო და დღესაც მიდის. როდის დასრულდება ან დასრულდება თუ არა, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რომ მისი დასრულება ნამდვილად არ აწყობთ „ნაცებს“, ცხადზე-უცხადესია.

გაუარესებული სოციალური ყოფა – ნოყიერი ნიადაგია რევოლუციისთვის, რაც ზედმიწევნით კარგად იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ხელისუფლებაში შემობრუნების მსურველმა „ნაცებმა“ ოსტატურად აიტაცეს სახალხო უკმაყოფილება და დიდი მიტინგიც მოაწყვეს, თან დაგვპირდნენ, რომ მსგავსი შეკრებები გაიზრდება, მათ პიკეტებიც დაემატება, დაუმორჩილებლობის აქტებიც – ერთი სიტყვით, ისეთივე „ჟივილ-ხივილი“ იქნება, რომლის მსგავსი არაერთხელ ვიხილეთ „დამოუკიდებელი“ 23 წელიწადის განმავლობაში.

გამსახურდიას და მაშინდელი სხვა ოპოზიციონერების მიერ მოწყობილი მიტინგები, რომ ქართული პოლიტიკის უმთავრეს საქმედ იქცეოდა, ვერვინ იფიქრებდა. ვერც იმას იფიქრებდა, რომ მიტინგი არასასიამოვნო „საუნდტრეკად“ გაჰყვებოდა ჩვენს აუწყობელ ცხოვრებას.

დიახ! „ნაციონალებმა“ იმარჯვეს და სახალხო ტალღის წვერზე მოექცნენ. არის თუ არა ეს მათი მარიფათის შედეგი თუ შემთხვევითობაა? არის თუ არა „ნაცმოძრაობა“ ისეთი ძალა, რომელიც სათვალავში არ ჩაითვლება და ჩამოწერილია? შეძლებს თუ არა ის იმ ოცნების ასრულებას, რასაც ხელისუფლებაში მოსვლა ჰქვია? აი, ის კითხვები, რომლებიც კიდევ ერთხელ გაჩნდა იმ საზოგადოებაში, ვისაც კარგა ხანია „ნაცები“ გამოტირებული ჰყავს.

მავანი იტყვის – მიტინგზე მისული ათასები „ნაცებისა“ არ იყვნენ, ცუდმა ცხოვრებამ და ხელისუფლების უნიათობამ მიიყვანა ისინი „თავისუფლების მოედანზეო“. ცხადია, ეს ასეა, მაგრამ ნაწილობრივ, ვინაიდან „ნაცებმა“ გაუკეთეს 21 მარტს ორგანიზება და არა სხვა რომელიმე პარტიამ. სხვა პარტიებს „ეხამუშებათ“ სოციალურ თემებზე ხალხის დარაზმვა, მაგრამ „ნაცებს“ არ ეხამუშებათ. მათ კარგად იციან, რომ მიზნის მისაღწევად, ნებისმიერი ხერხი გამოიყენება. სხვა პარტიები,  პარლამენტსგარეთ მყოფნი, თანაც ერთად აღებულნი, რომ იმის ნახევარსაც ვერ გამოიყვანდა, რაც „ნაცებმა“ მოახერხეს, ფაქტია.

იმსახურებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მსგავს მიტინგს? უყოყმანოდ ვიტყვი – იმსახურებს! და არა იმიტომ, რომ მან უხვი დაპირები არ შეასრულა, მან არ შეასრულა მთავარი – არ იმუშავა. რას შეიძლება მივაწეროთ ქცევა ასეთი – სიზარმაცეს, არცოდნას, არაპროფესიონალიზმს თუ სხვა ამოუცნობ თვისებას? ყველაფერს ერთად და უმთავრესად იმას, რომ ვერ შეიგნო მთავარი – ხალხი მას უფრო მეტს მოსთხოვდა, ვიდრე „ნაცებს“.

„ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში სამარადისოდ მოვიდა ანუ მან ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორც წინამორბედმა „ნაცებმა“, თუმცა წინამ 9 წელიწადი „გვაჯირითა“, ამათმა, ჯერ-ჯერობით ორ წელიწადზე ცოტა მეტი. წინა, იარაღით და ცოცხით იცავდა თავს ხალხისგან, დღევანდელი ამას ვერ ახერხებს (ჩვენდა საბედნიეროდ), რაც მისთვის წყლის შეყენების ერთ-ერთი ფაქტორია.

ვერავითარი „ნაცები“ ან სხვა პარტიები ვერ შეეპაექრებოდნენ „ოცნებას“, ის, რომ გულწრფელად მოკიდებოდა საქვეყნო საქმის კეთებას. შეძლებს თუ არა ხელისუფლება 21 მარტიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანას და სახალხო საქმის კეთებას? ეჭვი მეპარება. ამის საფუძველს 21 მარტის შემდეგ, მის მიერ გაკეთებული, ნაკლებად პროფესიონალური განცხადებები მაძლევს და ის, რომ ორმა წელმა „ოცნება“ დიდი მანძილით დააშორა ხალხს, მის აზრს, მის განწყობას, როგორც საკუთარი კუჭისადმი, ისე საქვეყნო საქმისადმი.

„ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ხალხი, კუჭის საკითხების მოგვარებას, საქვეყნო საქმეს უკავშირებს ანუ დიდ პოლიტიკას. დიდი პოლიტიკა კი ნამდვილად არ უკავშირდება ნატოსა და ევროკავშირს. ამ ორის ხსენება, აშკარა გაღიზიანებას რომ იწვევს საზოგადოებაში, „ოცნება“ ვერ ხვდება. ნაცვლად ამისა, თუთიყუშივით იმეორებს იმას, რასაც სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში. და რაც სწორედ ამ უკანასკნელთა დაძალების მეთოდის გამო, საძულველად იქცა ფართო საზოგადოებისთვის.

„ოცნება“ ვერ მიხვდა, რომ „ნაცთა“ ლოზუნგით ხალხი მას ისეთივედ აღიქვამდა, როგორც საძულველ „ნაცებს“. ხალხი იმედით იყო განწყობილი „ოცნების“ პროგრამის მიმართ – რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას რომ ითვალისწინებდა. და მართლაც, ორ-საუკუნოვან ურთიერთობას, რომ 20-25 წლის განმავლობაში ვერ დაივიწყებ, რაც არ უნდა თავსმოხვეული პროპაგანდა აწარმოო, ფაქტია. ხალხს რუსეთის ცუდიც ახსოვს და კარგიც, მაგრამ თვლის, რომ კარგი მეტი იყო, ვიდრე ცუდი. ისიც იცის, რომ ნებისმიერ ოჯახში ხდება დავა, კინკლავი და ჩხუბი, მაგრამ არა სამარადისოდ.

ხალხმა იცის ის, რაც არ იცის „ოცნებამ“, რომ რუსეთთან ურთიერთობებმა დიდი წარმატება მოუტანა საქართველოს. საბჭოური ცხოვრების 70 წელი, რომ მისთვის უდიდესი აღმავლობის წლები იყო მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კულტურაში, სპორტში და ა.შ. ხალხმა იცის, რომ საკუთარი პროდუქტის რუსეთის ბაზარზე გატანა, მას დიდ შვებას მოუტანს და ისიც იცის, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა, იმ უმნიშვნელოვანესი ხარჯებიდან გაანთავისუფლებს ქვეყანას, რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შეკავებისთვის რომ იხარჯება.

მაგრამ ის, რაც იცის ხალხმა – არ იცის „ოცნებამ“ ან თუ იცის იგნორირებას უკეთებს, რაც აღიზიანებს ხალხს. ყოველივე ეს კი იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის შემობრუნება შესაძლებელია. „ნაცებმა“ მოახერხეს ხალხის გამოყვანა, თანაც „ოცნების“ უნიათობით, გაამახვილეს რა ყურადღება სოციალურ საკითხებზე. მაგრამ სოციალური თემა, რომ „ნაცთათვის“ მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა?

ნელ-ნელა ძალას იკრებს მეორე „მაიდნის“ ანუ „ფერადი რევოლუციის“ განხორციელების იდეა. სხვას ვერაფერს იტყვი 21 მარტის „ნაცთა“ მიერ გაჟღერებულ პროგრამაზე – პიკეტებთან, საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.

ხელისუფლება, ნაცვლად საზრიანი მოქმედებისა, უაზროდ ეხეთქება ღობე-ყორეს. ამის ერთი მაგალითი პრეზიდენტ მარგველაშვილის 19 მარტის განცხადებაა, რომ ის, მიუხედავად მიწვევისა, მოსკოვში 9 მაისის 70-ე წლისთავის ღონისძიებას არ დაესწრება. ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება, და არა ხალხი, არ ცნობს არც სტალინის მრავალწლიან მმართველობას; არც ქართველი ხალხის ბრძოლას ფაშიზმის წინააღმდეგ და არც ქანთარიას (ეგოროვთან ერთად) მიერ ბერლინში, რეიხსტაგზე გამარჯვების დროშის აღმართვას.

ცხადია, საქართველო პირველი და უკანასკნელი არ არის, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს ამ ღონისძიებაში, მაგრამ საბაბი – რატომ? არის საეჭვო – რუსეთის მიერ „პროვოკაციული“ ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან, რაც საქართველოს მიერ აღიქმება „აგრესიად“ და „არაკონსტრუქციულად“.

კეთილი, მაგრამ 2008 წლის მძინარე ცხინვალის დაბომბვა „კონსტრუქციული“ იყო?

სხვათაშორის, 19 მარტს გრიგორი კარასინმაც გააკეთა განცხადება: „ვისურვებდი, რომ თავიანთ რიტორიკაში საქართველოს ხელისუფლებას ეხსენებინა 2008 წლის აგრესიის ფაქტები აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა“.

ის, რომ მარგველაშვილს მოსკოვის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ ექნებოდა, ფაქტია. მოსკოვში ჩასვლა, თავისთავად, ნიშნავდა ჩატეხილი ხიდის აღდგენის მცდელობას, რისი სურვილიც საქართველოს „საოცნებო“ ხელისუფლებას არ აქვს. მოსკოვში ჩასვლა, თავისთავად, ნიშნავდა მარგველაშვილთან რუსეთის მაღალი თუ საშუალო დონის პოლიტიკოსთა გამოლაპარაკებას, რისთვისაც არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი მზად არ არის, მათ შორის მარგველაშვილიც.

თვალში ნაცრის შეყრაა ქართული პოლიტიკის მიერ დემონსტრირებული „თვითგვემა“ რუსეთ-აფხაზეთ, სამხრეთ-ოსეთის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. არც ერთ პოლიტიკოსს, მთავრობას ნახევარი ნაბიჯიც არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონოდა.

საქართველო პირნათლად ასრულებს იმ დავალებას, რასაც ვაშინგტონი აძლევს მას. სწორედ, ვაშინგტონის ბრძანების მიხედვით, თქვეს უარი მთელი რიგი ქვეყნების მეთაურებმა მოსკოვის ზეიმში მონაწილეობის მიღებაზე. ვაშინგტონი ტუქსავს საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლების მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებაში.

კოჰაბიტაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ, მეორე პოლიტიკურ ძალად „კურთხევაც“, ვაშინგტონის შემოქმედებაა და იმის მიმანიშნებელი, რომ ხვალ ის უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და არა სხვა, რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელთა რაოდენობა, დაქცეულ ქვეყანაში, საკმაოდ თვალშისაცემია. „IRI-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამაც დაადასტურა ვაშინგტონელთა დამოკიდებულება „ნაცების“ და არა მარტო „ნაცების“, არამედ ალასანიასა და მისი პარტიის მიმართ.

რაც შეეხება „ოცნებას“ – ცხადია, ისიც ვაშინგტონისაა, ოღონდ ხელისუფლებაში დროებით მოსული. „ნაცები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ გაცილებით ახლოს დგანან ამერიკულ სულისკვეთებასთან, ამიტომაც მათ მიმართ სიმპატიები აჭარბებს „ოცნებელთა“ მიმართ სიმპატიებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ისინი მიიღებენ მეტ მხარდაჭერას, ვიდრე „ოცნება“.

21 მარტის აქციაც ზედმიწევნით კარგად იყო ორგანიზებული PR-ის თვალსაზრისით და იმის სათქმელად (ხალხის დასარწმუნებლად), რომ „ნაცები“ არ მომკვდარან და ჯერაც ანგარიშგასაწევი არიან. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა “IRI“-ს „გამოკვლევებმაც“ – „ნაცებისთვის“ მეორე ადგილი. „ნაცების“ დაპირება, რომ მსგავსი აქციები არაერთხელ მოეწყობა და მათ პიკეტებიც დაემატება, ნიშნავს – ვაშინგტონის განწყობას, რომ ასეთს ადგილი ჰქონდეს საქართველოში. ჩვენ კი დაბეჯითებით გავიძახით – „ნაცებს“, ვინ მისცემს ხმასო.

“ნაცებს“, რომ თავიანთი ამომრჩევლები ჰყავთ, ფაქტია. დავუმატოთ ამას ხელისუფლებაზე განაწყენებული მოსახლეობის ხმებიც და გაიჩარხა „ნაცთა“ საქმეც. ის, რომ „ნაცები“ უდავოდ შევლენ მომავალ პარლამენტში – ფაქტია, მაგრამ მათი და მათი დამრიგებლების სურვილი, უმრავლესობით შესვლაა, რაც „ნაცურ“ მთავრობას ნიშნავს, „ნაცური“ პრემიერით ანუ სააკაშვილით.

მართლია, სააკაშვილს არ მიეცა აშშ-ს „სამუშაო“ ვიზა, მაგრამ ვაშინგტონს ის არ გაუწირავს. მას და მის თანამებრძოლებს „თბილი“ ადგილები გამოუძებნეს ამერიკულ-უკრაინულ ხელისუფლებაში, რამაც სააკაშვილს გზა გაუხსნა ოფიციალურ ამერიკა-ევროპაში.

ვაშინგტონი ჩამოსაწერად ვერ იმეტებს სააკაშვილს და ვერც გაიმეტებს, ვინაიდან ასეთ ერთგულს, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკოსს ვერ იპოვის. ვიღაცა იტყვის – ალასანიაო.

ალასანია ისეთივე პროამერიკულია, როგორც სააკაშვილი. ისეთივე ერთგულია ამერიკელი ბოსების, როგორც სააკაშვილი. მაგრამ მას რაღაც აკლია და ეს რაღაც აქვს სააკაშვილს – მოქმედებაში დაუფიქრებლობა, სპონტანურობა, შუბლის ძარღვის გაწყვეტა, პოლიტიკური ავანტურიზმი (ამ საქმეში მას ალასანია არ ჩამოუვარდება), ამომრჩევლის დაჯერება, მის წინაშე ცრემლის ჩამოგდება და სხვა. ასეთს, თანაც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკულ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლეს (ამ საქმეში მას ალასანია ტოლს არ უდებს), იოლად ვერ შეელევა ვაშინგტონი.

რაც შეეხება „ოცნებას“, “IRI”-ს გამოკითხვამ ყვითელი ბარათი ამოუღო მას. ხალხსა და აშშ-ს შორის გაჩხერილი „ოცნება“ მზადაა, თავის გადასარჩენად, სულ წითელ-წითელი კოჭები უგოროს აშშ-ს – დაგმოს რუსული „აგრესია“ უკრაინაში, ყირიმის „ანექსია“, უარი თქვას მოსკოვში გამგზავრებაზე, თანხმობა განაცხადოს ნოტოს საწვრთნელი ბაზის გახსნაზე და უარი თქვას სოხუმ-თბილისის რკინიგზის აღდგენაზე.

უცხოურ პრესაში გაპარული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთ-ირანის ხელისუფლებას აქტიური მოლაპარაკება ჰქონდათ ამ საქმის მოგვარების მიზნით საქართველოს ხელისუფლებასთან. ორივეს აწყობს რკინიგზის აღდგენა, ეს კი ვაშინგტონისთვის მიუღებელია. ანდა, რატომ უნდა იყოს ვაშინგტონი თანახმა კავკასიაში და ირანში რუსეთის გავლენის გაფართოებაზე? მიუხედავად ირანთან შეცვლილი ურთიერთობებისა, ვაშინგტონი მას ჯერ-ჯერობით არც მეგობრად მიიჩნევს და არც პარტნიორად. სწორედ ვაშინგტონის კარნახით გააუქმა საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან უვიზო მიმოსვლა.

რკინიგზის აღდგენა რომ წაადგება საქართველოს ეკონომიკას, ფაქტია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ აინტრესებს. მას ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა უნდა – ამიტომაც არათუ რკინიგზის აღდგენაზე იტყვის უარს, არამედ ბევრ სხვა რამეზე, რაც ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი.

გადაარჩენს თუ არა „ოცნების“ ხელისუფლებას ვაშინგტონისადმი მოჭარბებული მორჩილება? ალბათ, ვერ გადაარჩენს და ამის პირველი ნიშანი 21 მარტია. ვაშინგტონს მორჩილი ხელისუფლება უყვარს, იმაზე მორჩილი, ვიდრე „ოცნებაა“. ასეთად ის „ნაცებს“ მიიჩნევს.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.