21 მარტის მიერ გაჩენილი ფიქრები

21 მარტს, მართლაც საყოველთაო, მრავალათასიანმა მიტინგმა თავისთავად გააჩინა საფიქრალი, რომელიც უფრო თავსატეხია, ვიდრე ჩვეულებრივი ფიქრი. მაინც რა აჩენს თავისტკივილს, რა იწვევს შეშფოთებას, უძილო ღამეს მოძალებულ ფიქრებთან ჭიდილს?

უპირველეს ყოვლისა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობა, საკუთარ გონებაში ჩაბუდებული, ვიღაცისადმი უყოყმანო მორჩილების მონაა. და ის, რომ საზოგადოებას არადა არ სურს სიღრმისეულად შეაფასოს ქვეყნის არსებობის ბოლო 23 წელიწადი, სათანადო დასკვნები გააკეთოს და ტვინიდან ამოიღოს ვიღაცისადმი, რაღაცისადმი – პიროვნება იქნება ის თუ ქვეყანა, მონური დამოკიდებულება.

მესიის მოლოდინი დიდხანს გაგრძელდება, გაცილებით დიდხანს, ვიდრე ჩვენ გვგონია, რამეთუ თანამედროვე მსოფლიოში, ცინიზმით, მლიქვნელობით, მომხვეჭელობით, ტყუილით გაჟღენთილში, სრულიად წარმოუდგენელია რომანის გმირის, მხსნელის ზეციდან მოვლენა – პატიოსნის, რაინდის, უმწოთა დამხმარის, ბოროტებასთან მებრძოლის, კეთილი ადამიანის.

ქართულმა საზოგადოებამ, წყალწაღებულმა და ხავსს მოჭიდებულმა, დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ასეთი მესიე არსებობს – მდიდარი, ქველმოქმედი, უმწეოთა დამხმარე ადამიანი. დაარწმუნა და საბაბიც ჰქონდა – ინტელიგენციისთვის, ცნობილი ადამიანებისთვის მრავალი წლის განმავლობაში დანიშნული ხელფასის, ხელოვნების ძეგლების აშენება-რესტავრაციის, „სამების“ ტაძრის მშენებლობაში მილიონების დახარჯვის სახით.

საზოგადოებას წამითაც არ გასჩენია ეჭვი, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლს თბილისს დაადგამს თავს და დაჩრდილავს „ქართლის დედის“ მონუმენტს, მეტადრე საკუთარი ამბიციებითაა გაჟღენთილი, ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობით; რომ მას, მოჭარბებული ფულის და პატივმოყვარეობის გამო, ქვეყანაც და ხალხიც პატარებად მიაჩნია, უმწეოებად, რომელთაც უნდა ასწავლო, შეაგნებინო ის, რაც მას უნდა. დაარწმუნო იმაში, რომ ხარ ქვეყნის ერთადერთი მხსნელი და რახან ასეა, იმაშიც დაარწმუნო, რომ შენი ყოველი სიტყვა, წინადადება ტვინში ჩაიბეჭდოს და მუდამ მორჩილად გიმზიროს თვალებში. და მან მიაღწია ყოველივე ამას გაცილებით ადრე, ხელისუფლებაში მოსვლამდე.

2012 წლის ოქტომბრამდე მოხდა ყოველივე ეს – ფულით მოსყიდული ინტელიგენციის, პოლიტიკოსების, ერისა და ბერის ქუჩაში ქუდზე კაცის გამოსვლამდე. 2012 წლის ოქტომბერი უბრალო დამაგვირგვინებელი აქტი იყო მესიის სახელის მოხვეჭისთვის გაწეული მრავალწლიანი მეცადინეობისა.

და დამარცხდა „ზეციდან“ მოვლენილ რაინდთან ასთავიანი ურჩხული – ბოროტი  და ხალხთმოძულე, სისხლისმსმელი ჯალათი. საქართველოს ცის კაბადონზე მზემ ამოანათა. ბედნიერი ხალხი, სიხარულით აღვსილი, სამარადისოდ მადლიერი, კეთილი ბიძინასი (ბოროტი მიშას დამარცხებისთვის), ახალი ცხოვრების ასაშენებლად განეწყო.

განეწყო … და უმალ დაინახა, რომ მისი სათაყვანო რაინდის ნამოღვაწარი სულაც არ იყო ისეთი, როგორიც მას (ხალხს) სურდა; რომ რაინდის მიერ შერჩეული მოხელეები, ნამუსაწყვეტით შეესივნენ ქვეყნის ხაზინას და იწყეს ძარცვა მისი, საკუთარი კუჭების ამოსაყორად.

რა არ იკადრეს რაინდის შეგირდებმა განვლილი მმართველობის მოკლე პერიოდში – დიდი ხელფასები, დიდი პრემიები, ხელფასებზე დიდი დანამატები, დიდი ავტომანქანები, დიდი კაბინეტები, უზომო უცხოური მოგზაურობები, ნათესავ-მეგობრების უზომო დასაქმება – მოჭარბებულად დაუსაქმებელ ქვეყანაში. უზომო დაპირებების უზომო დავიწყება, წინამორბედი ჯალათური ხელისუფლების უზომო თავზე ხელისსმა, დამნაშავე ყოფილი მმართველების შენდობა და ამით დაზარალებული ხალხისთვის სულში ჩაფურთხება.

ახლების ყველაზე დიდი დანაშული უხვი დაპირებების შეუსრულებლობა – გახდა მთავარი ფაქტორი საყოველთაო-სახალხო უკმაყოფილებისა და 21 მარტის ხალხმრავალი მიტინგისა.

მაინც რა უნდა გაეკეთებინა რაინდსა და მის მთავრობას ისეთი ნეგატიური, რომ ორი წლისწინანდელი ზიზღი „ნაციონალებისა“ ხალხისთვის დაევიწყებინა? ბევრი რამ, რაც ნაწილობრივ ჩამოვთვალე, ზოგიერთს ქვემოთ მოგახსენებთ.

21-ე საუკუნე იმით არის გამორჩეული წინა საუკუნისგან, რომ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას და გლობალიზაცია. დღეს, რევოლუციებსაც, მიტინგებსაც და საჯარო მარშებსაც ინტერნეტით აწყობენ. გავიხსენოთ არაბული რევოლუციები, სწორედ ინტერნეტით ორგანიზებული. არც საქართელოა გამონაკლისი, ისიც ჩართულია ინტერნეტულ ფერხულში და რახან ჩართულია, გულდასმით ეცნობა კარგს თუ ცუდს, დადებითსა და უარყოფითს, ნამდვილსა თუ ტყუილს – გამოქვეყნებულს ინტერნეტში.

ინტერნეტული ომი კარგა ხანია დაწყებულია და მასში „ნაცური“ ახალგაზრდების აქტიურობა თვალშისაცემია. სწორედ მათი აქტიურობის წყალობით, საჯაროზეა გამოტანილი „მეოცნებე“ ხელისუფლების „საქმენი საგმირონი“. დავუმატოთ ამას ქვეყნის თითქმის ყველა ტელევიზია – „ნაცური“ მენტალიტეტით გაჟღენთილი და მივიღებთ იდეოლოგიური სარბიელის უკიდეგანო „ნაცურობას“.

იდეოლოგია კი ისეთი რამაა, ტვინს რომ უხვრეტს ახალგაზრდასაც და ძველგაზრდასაც. სწორედ ამ იდეოლოგიურ ომში დამარცხდა საქართველოს მოსახლეობა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს. შემცდარია ის, ვინც გულუბრყვილოდ აცხადებს, „ვარდების რევოლუცია“ რევოლუცია კი არა, სამთავრობო გადატრიალება იყოო.

არა, პატივცემულო მკითხველო. 2003 წლის რევოლუცია ახალი სახის რევოლუცია იყო, უსისხლო, მაგრამ შემდგომში სისხლიანი. ერთის შეხედვით, თითქოს უგეგმო, არაფრის შემცვლელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფრის შემცვლელი და რაც მთავარია, აზროვნების.

„ვარდების რევოლუციამ“ სანაგვეზე მოისროლა არა მარტო შევარდნაძის ხელისუფლება, არამედ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, საშუალო და მეტი ასაკის ადამიანების სახით. წინა პლანზე წამოსწია გამოუცდელი, ქარაფშუტა ახალგაზრდობა, უწიგნურობით შეპყრობილი. და უთხრა მას – „შენ ხარ ამ ხვეყნის მბრძანებელი, შენ უნდა აკეთო ის, რასაც აშშ-ი დაგავალებს“.

„ვარდების რევოლუცია“ იყო ოკეანისგაღმელთა შემოქმედება, მათი შეკვეთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ანტირუსული სულისკვეთების ძალისმიერი ჩანერგვა. ვერავითარი „ნაცი“ ან ‘ნაცები“, ვერავითარი სააკაშვილი ან ჟვანია-ბურჯანაძე, ბოკერია და სხვები ვერავითარ რევოლუციას ვერ განახორციელებდნე, რომ არა დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი და მათი ფული, სხვადასხვა სახის მენტალური ტექნოლოგიები.

ზემოთ ვახსენე და გავიმეორებ – ჩვენ ვებრძვით შედეგს ანუ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ უყურადღებოდ ვტოვებთ მიზეზს, საწყისს და იმას, საიდან წამოვიდა ყოველივე ეს. ჩვენ გვინდა „ნაცებისგან“ განთავისუფლება, მაგრამ არ გვინდა განვთავისუფლდეთ ამერიკული დიქტატიდან, რაც „ნაცთა“ აღზევების თავიდათავია. ჩვენ არ გვინდა ვაწყენინოთ ე.წ. „სტრატეგიულ პარტნიორს“. მზად ვართ შევასრულოთ მისი ყველა დავალება, მოწოდებული ხან „ნაცური“, ხან „ოცნებური“ ხელისუფლების მიერ.

ჩვენ ვასრულებთ მის შეკვეთას და ვლანძღავთ მეზობელ რუსეთს, ვაქებთ ფაშისტურ უკრაინას და ვერ ვატყობთ, რომ იმ ტოტს ვჭრით, ორი საუკუნის განმავლობაში მშვიდობიანად რომ ვისხედით. ვერ ვხდებით, რომ 23 წელიწადის განმავლობაში შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის დახმარებით ვაშინგტონი გვირეცხავს ტვინს და ისეთ ზომბირებულ ადამიანებად გვაქცევს, მოყვარეში რომ მტერს ხედავს, ხოლო მტერში – მოყვარეს.

„ალკოჰოლი ადამიანის მტერია, მაგრამ ბიბლია ამბობს – გიყვარდეს შენი მტერი“ – ცნობილი ამერიკელი მომღერლის ფრენკ სინატრას სიტყვები შემთხვევით არ მომიყვანია. სწორედ სინატრასეული „სიმართლით გვინდა თავი გავიმართლოთ და ჩვენი გაძაღლებული ცხოვრება არა იმას დავაბრალოთ, ვინც გვისახსოვრა ასეთი.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის: „საქართველო ევროკავშირში უნდა შევიდეს, ვინაიდან უკეთესი კაცობრიობას არ გამოუგონებიაო“, – აშკარად მეტყველებს ამ პიროვნების გონებრივ „სიმდიდრეზე“.

დიახ, ცხრა წლის განმავლობაში მირეკავდნენ საქართველოს მოსახლეობას, ცხვრის ფარასავით, ნატოსა და ევროკავშირისკენ, წინმიმავალი ყოჩის (სააკაშვილის) მეთაურობით – ამერიკელები, სხვა დასავლელი ავანტიურისტები. შედეგად მივიღეთ დაქცეული საქართველო – მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, განათლების გარეშე დატოვებული. ეკონომიკადანგრეული, ლარგაუფასურებული და რაც მთავარია მენტალურად უკვე გადაგვარებული. და როდესაც ხალხმა იფიქრა, რომ ყოველივე ამას წერტილი დაესმებოდა, ახალი ცხოვრება დაიწყებოდა, კვლავ უდიდესი იმედგაცრუება.

21 მარტი იყო ხალხის პროტესტი დღევანდელი კერპის მიმართ, მისი შეუსრულებელი დაპირებების უკიდურესი ფორმით კრიტიკა. უკიდურესობაა, როდესაც ორიწლისწინანდელ მახრჩობელა გველს ტაშს დაუკრავ და მის ეკრანზე გამოჩენას – „მიშა, მიშა“-ს ბღავილს შეაგებებ.

21 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი აქცია იყო სოციალური უბედურებით გამოწვეულ-დამუხტული. მომიტინგეთა უმრავლესობა სწორედ ამას გაიძახოდა, ისე, როგორც მათი თავშემყრელი „ნაცები“.

დიახ! ხალხმა ცარიელი კუჭის თემას მიუძღვნა მიტინგის ერთი დღე, მაგრამ ეს არ იქნება მარტო ერთი. რა დასკვნებს გამოიტანს ბიძინა და მისი გუნდი? პასუხის გაცემა მიჭირს, ვინაიდან გამოუცნობ „ფენომენთან“ გვაქვს საქმე, თან სიჯიუტესთან და მოჭარბებულ თავდაჯერებასთან.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი უმოქმედობით დაგვარწმუნა იმაში, რომ სიმდიდრე პოლიტიკური სიმწიფის საფუძველი ვერ იქნება, ისევე, როგორც მილიარდერი ვერასდროს გახდება ქვეყნის წარმატებული მმართველი. თვალი შევავლოთ უკრაინის მაგალითს. იქაც მილიარდერი პოროშენკო ბაირამობს, ჯერ-ჯერობით, მაგრამ ქვეყანა დაქცეულია.

ივანიშვილმა სხვა გზა აირჩია – კულისებიდან მართვა, რაც ქურდულ სამყაროს უფრო შეეფერება, ვიდრე სახელმწიფოს. გამოასწორებს თავის მიერ ჩაოხრებულ საქვეყნო საქმეს? ძნელი სათქმელია. მაგრამ ის მაინც უნდა გამოასწოროს, რასაც ხალხის „აღზრდა“ ჰქვია, ვინაიდან არც ბიძინაა ბრძენი მასწავლებელი და არც ხალხია ისეთი, სხვისი ნათქვამი, მითუმეტეს უკვე ყოფილი კერპის, გაითვალისწინოს. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა თავის მიერ გამოგონებული სატელევიზიო ჭკუისსწავლებას შეეშვას, უარი თქვას განცხადებების გაკეთებაზე და თვითდინებას მიანდოს მის მიერ ავადშერჩეული ხელისუფლების მმართველობა, ვინაიდან მისი ყოველი საეთერო გამოჩენა დიდ გაღიზიანებას იწვევს ხალხში. მარტო ის რად ღირს – ამ ხელისუფლების შეცდომა, რომ პრემიების მიღებას დააბრალა, თანაც კანონიერად, მართლად შეაფასა, მაგრამ მორალურად მცდარად.

კაცი, რომელიც დაჯერებულია თავის მიერ მოყვანილი ხელისუფლების წარმატებულ მუშაობაში, საწინააღმდეგოში ვერაფრით დარწმუნდება. ეს, ის პიროვნებაა, ვისთანაც ლაპარაკი არ ღირს. ეს, ის პიროვნებაა, ვისაც თავში აქვს ჩაბეჭდილი – რახან დიდი ფული იშოვა – ყოვლის შემძლეა. ეს, ის პიროვნებაა, ვინც საკუთარ თავს, ქვეყანაზე მაღლა აყენებს.

მართალია, მან მოგვაშორა სააკაშვილი, მაგრამ თავისი უმოქმედობით, ყველაფერს აკეთებს მის დასაბრუნებლად. მცდარია ის, ვინც ფიქრობს, რომ „ნაცური“ შემობრუნება შეუძლებელია, ვინაიდან ხალხი არ დაუშვებს ამას. 21 მარტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ მოსაზრების უსუსურობაში. ამ დღეს, ხალხმა გადალახა გადაულახავი და საკუთარ მახრჩობელას ჩაეხუტა, ჩათვალა რა ორწლიანი „ოცნებური“ მმართველობა იმ მახრჩობელაზე  უარესად.

ხალხის რისხვის ობიექტი ყოფილი მხსნელი რაინდი გამოდგა. ხალხი ითხოვს მთავრობის გადადგომას და იმათ უკან დაბრუნებას, ვინც უკვე იყო. ამით, ქვეცნობიერად, ხალხი ითხოვს ამერიკული სისტემის ამოქმედებას ანუ ამერიკისადმი ლოიალურად განწყობილი ორი პარტიის მიერ, მონაცვლეობით ქვეყანის ძიძგნას.

ცირკი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მიმდინარეობს, ამერიკული სცენარით ხორციელდება. და ვიდრე ამას არ გაითავისებს ქართველი მაყურებელი, მუდამ სცენაზე მიმდინარე სპექტაკლის მაყურებლის როლში იქნება.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.