ერთი გატეხილი ღამის შესახებ
ბატონ გურამ გოგიაშვილს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ღამის ცხრა საათზე ამცნო საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს მოსახლეობას, სირიაზე სარაკეტო იერიშის მიტანა. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ბრძანების გაცემას უნდა მოჰყოლოდა გასროლა, თუმცა ამერიკულ ვარიანტში გასროლას მოჰყვა ბრძანების გაცემის ამსახველი ვიდეო-კადრი – პრეზიდენტ ტრამპის მოკლე განცხადება – რატომ და რისთვის დასჭირდა სირიაზე სარაკეტო თავდასხმა.
მოყვანილი მაგალითი უმნიშვნელო კაზუსია იმ უამრავ „შეცდომასთან“ შედარებით, რასაც სირიასთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი.
სიტყვა „შეცდომას“ უბრალოდ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი ქმედების შესამსუბუქებლად ვხმარობ, თუმცა შენდობა ვერ დაიხსნის მათ, აგრეთვე ინგლის-საფრანგეთს, იმ დახასიათებისგან, რასაც აგრესია, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა ჰქვია.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაზე თავდასხმა გამოწვეულია ქალაქ დუმის მოსახლეობაზე, სირიის სამთავრობო ჯარის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით, რომ მსოფლიოს საზოგადოება აღშფოთებულია ელექტრონულ მედიაში გასული ვიდეო-კადრებით, რომლებშიც აღბეჭდილია დუმაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვებისა და მოხუცების წამება ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად. პრეზიდენტ ასადის, რუსეთისა და ირანის ხელისუფალთა პოლიტიკა – მიმართული სირიელი ხალხის წინააღმდეგ, აუტანელია ცივილიზებული სამყაროსთვის და ემუქრება აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს.
ვიმეორებ, ტრამპის განცხადება ეთერში ღამის ცხრა საათზე გავიდა, მაშინ, როდესაც სირიაში, რუსეთსა და ირანში – „ბოროტების“ ბუდეებში, დილის 3-4 საათი იყო ანუ სამიზნეები ღრმა ძილს უნდა ყოფილიყვნენ მიცემული, რაც თავისთავად გამორიცხავდა ამერიკულ-ინგლისურ-ფრანგული რაკეტებისთვის შესაბამის „მასპინძლობას“.
მართალია ზემომოყვანილი სამეული ზედიზედ ღამეებს ათენებდა ტრამპის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამოსაცნობად, მაგრამ ხომ შეიძლება (ღამის 3-4 საათზე) ჩაეთვლიმათ? მითუმეტეს თავდასხმამდე ტრამპი გაურკვეველ განცხადებებს აკეთებდა, სადაც მიანიშნებდა, რომ ასეთს ადგილი შეიძლება არც ჰქონოდა. დარწმუნებული ვარ არც დამასკოში, არც მოსკოვსა და თეირანში, ისე, როგორც ლონდონში, პარიზში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ეძინათ, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, სადაც სერიოზულად ეკიდებიან თანამედროვე მსოფლიოს ომისა და მშვიდობის საკითხებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა და დასაძინებლად წავიდა. მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით რუსეთი, ირანი, სირია დაზაფრა. როგორღა დაიძინებდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, ტრამპის განცხადების შემდეგ? მას უდავოდ აუხდა ორი დღით ადრე, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ტვიტერში გაკეთებული მუქარა “ჭკვიან და ლამაზ“ რაკეტებთან დაკავშირებით, რომლითაც ის დაემუქრა რუსეთს.
ნაკლებად სანაღვლოა პუტინის, ასადის ან ხამენეის ძილის დაფრთხობა, მაგრამ მთელ მსოფლიოს რომ ტრამპმა ძილი დაუფრთხო, განა საგანგაშო არ არის?!
ტრამპისგან მსგავსი ქმედება არ უნდა გაგვიკვირდესო – ამბობენ პრეზიდენტის ახალ სტილს მიჩვეული ამერიკელი პოლიტიკოსები, მედია და ექსპერტები. მათთვის ტრამპის საქციელი, როგორც ჩანს ასატანია, მაგრამ რა დააშავა დანარჩენმა მსოფლიომ?!
ერთი წელია ესოდენ სერიოზული ამერიკული შანტაჟის მონები ვართ. ჯერ იყოდა – ჩრდილო კორეა ამოიჩემა და ლამის ბირთვული ომი გააჩაღა – ასევე სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ჩრდილო კორეის სანაპირო ზოლთან მიყენებული ამერიკული სამხედრო არმადა ის-ის იყო გასასროლად მოემზადა, რომ რაღაცამ შეაკავა. მაინც რამ?
უპირველესად ბირთვულმა ბომბმა, რომელიც აქვს ამ ქვეყანას. გარდა ამისა იმან, რომ ჩრდილოეთის დაბომბვით, ავტომატურად დაიბომბებოდა სამხრეთ კორეა, იქ დაბანაკებული ამერიკელი სამხედროებით. სირიას ბირთვული იარაღი არ აქვს, არც „მძევლად“ აყვანილი მეზობლები ჰყავს, თან ერთობ გადაღლილია 8-წლიანი ომით – ამერიკელთა მიერ წამოწყებულით, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.
სირიაში დაწყებული ომი კლასიკური მაგალითია დასავლური პოლიტიკისა, რომლის მიზანი ერთია – ნავთობით და გაზით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის წიაღისეულის დათრევა, სირიაში, დასავლეთის სასურველი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში დასმა.
8 წლის განმავლობაში ებრძვის სირიის პრეზიდენტი ასადი აშშ-ს მიერ შექმნილ ტერორისტულ დაჯგუფებას „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ის-ის იყო უნდა დაცემულიყო, რომ მშველელად რუსეთი მოევლინა, ვინც შეძლო, ირანთან ერთად, ომში გარდატეხის შეტანა – ლამის წაგებულის, გამარჯვებით დაგვირგვინება.
შექმნილმა ვითარებამ მოთმინებიდან გამოიყვანა აშშ-ი, მისი მოკავშირეები – ვითომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლები, სინამდვილეში მათი დამხმარეები. დასავლეთმა დაინახა, რომ სირიას კარგავს და არა მარტო მას, არამედ ახლო აღმოსავლეთს, სადაც იზრდება რუსულ-ირანული გავლენა. იოლია ამ ფაქტთან შეგუება?
უდავოდ არა! ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოზიციების შესუსტება ნიშნავს მთელს მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიზმის შესუსტებას, ერთპოლუსიანი მსოფლიოდან, მრავალპოლუსიან მსოფლიოზე გადასვლას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ი მიეჩვია ერთპიროვნულ ლიდერობას და არავითარი სურვილი არ აქვს ის სხვას დაუთმოს. ამიტომაც აქვს ამერიკა-რუსეთს შორის დაპირისპირებას ადგილი, რომლის დროს დაშვებულ-დაუშვებელი ბრძოლის ხერხები უხვად გამოიყენება. მათ შორის ტყუილი, ფალსიფიკაცია, შანტაჟი და ა.შ.
როდესაც „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ არჩეული მეთოდები, კონტროლირებული დასავლური მედიის მიერ სისტემატურად თავს ეხვევა მსოფლიოს საზოგადოებას და ანტირუსულ, ანტიასადურ ან ანტიირანულ ფონს ქმნის, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ლოგიკაა – განვითარებული მოვლენებისთვის ლოგიკური თვალით შეხედვა.
გავყვეთ ლოგიკას და რას მივიღებთ? უპირველესად ისეთ შედეგს, რასაც „კოლექტიური დასავლეთი“ არასდროს გაიზიარებს და რახან არ გაიზიარებს, რუსეთი მუდამ იქნება პირსისხლიანი ასადის მხარდამჭერი, ინგლისში ქიმიური იარაღის გამომყენებელი. ქიმიური იარაღის მაკონტროლებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ესესაა დაიწყო გამოძიება, მაშინ როდესაც რუსეთ-ასადი დასავლეთმა წინასწარვე დაადანაშაულა ბარბაროსობაში.
ეყოფა გამბედაობა ზემომოყვანილ ორგანიზაციას თქვას სიმართლე? – ძნელი სათქმელია, ვინაიდან ორგანიზაციაში შემავალი დასავლეთის ქვეყნები დიდი გავლენით სარგებლობენ იქ.
ლოგიკის მიხედვით – რისთვის სჭირდებოდა ასადს ქიმიური იარაღის გამოყენება ქ.დუმაში? იქ ხომ ისედაც გამარჯვებამდე ჰქონდა მიყვანილი ტერორისტებზე შეტევა? ასადი და პუტინი მაზოხისტები უნდა ყოფილიყვნენ, რომ სირიის სამოქალაქო ომში უკვე მიღწეული გამარჯვება კითხვის ნიშნის და საერთაშორისო საზოგადოების რისხვის ქვეშ დაეყენებინათ!
ამ ვერსიას ზოგიერთი ამერიკელი ჟურნალისტი და სენატორიც არ ეთანხმება. მათი აზრით, სოლსბერის თემაც ისეთივე შეთითხნილი „სინამდვილეა“, როგორც დუმა, მაგრამ ვინ არის გამკითხავი?
„კოლექტიურ დასავლეთს“ ოსტატურად უპყრია ხელთ ანტირუსულ-ანტიასადური პროპაგანდა. ასეთ მედიურ ბლოკადაში, როგორ მოახერხებს რუსეთი ფართო საზოგადოებამდე სინამდვილის მიტანას?
ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-იმ სულ ახლახანს ვრცელი ინტერვიუ აიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვისგან, თუმცა „სიტყვის თავისუფლების“ მებაირახტრე ტელეკომპანიამ ყველაზე საინტერესო ადგილები ეთერში არ გაუშვა. საკმარისია ეთერში მიწვეულმა პოლიტიკოსმა, ექსპერტმა ოდნავ დადებითი თქვას რუსეთ-სირიის მიმართ, ჟურნალისტი უმალ აწყვეტინებს და სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი.
ასეთი მაგალითები უხვადაა CNN-ზე, Al Jazeera-ზე, Euronews-ზე, BBC-ზე, სხვა ტელეკომპანიებზე. მოჯადოებული წრის გარღვევა შეუძლებელია, თუმცა რუსეთი ძალას არ იშურებს ფართო საზოგადოებისთვის თვალის ასახელად. არადა თუ მან თვალი არ აახილა, მუდამ ექნება ადგილი რუსეთიდან წასული და ინგლისში თავშეფარებული რუსი ჯაშუშების, ბიზნესმენების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტებს. ლიტვინენკო, ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, სხვები „მოულოდნელად“ გარდაიცვალნენ ინგლისში, რომელმაც ამ საქმეში რუსეთი დაადანაშაულა – განსაკუთრებით ლიტვინენკოს საქმეში.
რა მოაქვს ასეთ დადანაშაულებას?
ფართო საზოგადოების აღშფოთება და საფუძვლიანი შემზადება რუსეთ-სირიის წინააღმდეგ სამხედრო ავანტიურის მოწყობისთვის, რასაც სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი. თავის სატელევიზიო განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა ქ.დუმაში, რისთვისაც ის უნდა დაისაჯოს – სირიის ქმედება ემუქრება აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს.
სირიას, რომელსაც 8-წლიანი ომის შედეგად დამძიმებულს, თავი ვერ აუწევია, აქვს იმის შესაძლებლობა დაემუქროს აშშ-ს ან სხვას?!
დავუშვათ, ასადის ბრძანებით მართლაც დაიბომბა ქ.დუმა ქიმიური იარაღით, რომელმაც 100-მდე ადამიანი დახოცა და დაასახიჩრა – იძლევა ეს მასშტაბური დასავლური სარაკეტო თავდასხმის საბაბს?
სირიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს, რომ გაშვებული 103 რაკეტიდან 71 არ ჩამოეგდო, რამდენად დიდი მსხვერპლის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ამერიკულ-ინგლისურ-ფრანგული თავდასხმა?
ვითარება უდავოდ დამძიმდებოდა, ამერიკულ რაკეტებს გეზი რუსული სამხედრო ბაზებისკენ რომ აეღოთ. მაშინ პასუხიც არ დააყოვნებდა და იქნებოდა მე-3 მსოფლიო ომი. თავშეკავებული სამხედრო ოპერაციების დროსაც ადგილი აქვს არასასურველ გადახვევებს ან შეცდომებს. ვინ არის დაზღვეული ამისგან?
არც არავინ. და თუ აშშ-ი, „კოლექტიური დასავლეთი“ გონს არ მოვა, მსგავს შეცდომას ექნება ადგილი, რაც კაცობრიობის კატასტროფით დაგვირგვინდება.
„კოლექტიურმა დასავლეთმა“ არაერთ ავანტიურას მიმართა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, რამაც უაღრესად ნეგატიურად იმოქმედა ცალკეულ ქვეყნებსა და ხალხებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოზე. ვინ უნდა აგოს პასუხი იუგოსლავიის დაბომბვაზე, თუ არა აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა კლინტონმა, ნატომ, მთლიანად „ცივილებულმა“ ევროპამ?
ვინ უნდა აგოს პასუხი აყვავებული ერაყის დაქცევაზე, რელიგიური დაპირისპირების გაღვივებაზე, პერმანენტულ ომსა და ტერორიზმზე, თუ არა აშშ-ს პრეზიდენტმა ბუშმა, ნატომ და ე.წ. ცივილიზებულმა ევროპამ?
ვინ უნდა აგოს პასუხი აყვავებული ლიბიის დანგრევაზე, ქვეყნის დაქუცმაცებაზე და ტერორისტების სავანედ გადაქცევაზე, თუ არა პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ევროპელმა კოლეგებმა?
ვინ უნდა აგოს პასუხი სირიაში ომის გაჩაღებაზე, ქვეყნის მიწასთან გასწორებაზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაზე, თუ არა აშშ-ს პრეზიდენტებმა ბუშმა და ობამამ?
აი, მათ რომ პასუხი ეგოთ და მილოშევიჩის ბედი გაეზიარებინათ, მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდებოდა. და რახან მათ პასუხი არ უგიათ, დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპიც ხელფეხგახსნილია ყველა იმ ანტიჰუმანურ ქმედებაში, რასაც ადგილი ჰქონდა სუვერენული სირიის დაბომბვის გადაწყვეტილების მიღების დროს.
„კოლქტიურ დასავლეთს“, ზოგიერთი ჩვენგანი წარმატებულად და ცივილიზებულად რომ აღიქვამს, პასუხი აქვს გასაცემი ზემოჩამოთვლილ დანაშაულებაზე. და ვიდრე ამას არ ექნება ადგილი, ჩვენ ისევ გვექნება უძილო ღამე, შესაძლოა ღამეები, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი, ცხრა ზღვითა და მთით დაშორებული საომარი მოქმედების თეატრიდან (როგორც „ცივილიზებული“ დასავლეთი „საყვარლად“ არქმევს საომარი მოქმედების ეპიცენტრს), უდარდელად მიაკითხავს საწოლს და მშვიდად დაიძინებს – განდიდების მანიით შეპყრობილი, ისე, როგორც ყველა მისი წინამორბედი, სისტემატურად რომ გაიძახოდნენ – „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა!“.
ყველასთვის დამახასიათებელი იყო ქედმაღლურად ზემოდან ქვემოთ ყურება. რა შორს არის მათგან ნობელის პრემიის ლაურეატის, კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის უბრალო, მაგრამ ბრძნული გამონათქვამი – „ადამიანი, მეორეს ზემოდან მაშინ უნდა უყურებდეს, როდესაც წამოდგომაში ეხმარება“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი