ტრამპ-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ტრამპ-პუტინის შეხვედრას, რომელიც ა.წ. 16 ივლისს გაიმართა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხილვადობის თვალსაზრისით ის (შეხვედრა) ლამის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს გაუტოლდა.

მსოფლიოს ორი გიგანტი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ყოველთვის იწვევდა ინტერესს, მითუმეტეს ამჟამინდელი პრეზიდენტების, ვინაიდან დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა, გასცდა ზომიერების საზღვრებს და ლამის „ცივი ომის“ პერიოდისას გაუტოლდა. „ცივი ომის“ ჟამს ორივე მხარე „წითელ ხაზებს“ არ კვეთდა, გავლენის იმ ზონებში მოქმედებდა, ბუნებრივად რომ იყო მიჩნეული ურთ-ერთის მიერ.

ორად გაყოფილი მსოფლიო – კაპიტალისტურად და სოციალისტურად, ებრძოდა ერთმანეთს, მაგრამ ამ ორი პოლუსის ლიდერები მშვენივრად ახერხებდნენ კონფრონტაციისგან, განსაკუთრებით სამხედრო, თავის შეკავებას.

საბჭოთა კავშირის დაშლამ და რუსეთის ახალი ხელმძღვანელობის გულუბრყვილო, მოღალატურმა დამოკიდებულებამ დასავლეთის, კერძოდ აშშ-ის მიმართ, აგრძნობინა ამ უკანასკნელს, რომ ფოლადის გამოჭედვა მაშინაა საჭირო, როდესაც გავარვარებულს ბუღი ასდის. ელცინის ხელისუფლება, ერთობ მიმნდობი ამერიკისადმი, ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ქვეყნის დასაკნინებლად და ახალი „მეგობრის“ ანუ აშშ-ის განსადიდებლად. ამის დასტური იყო პრეზიდენტ ელცინის გამოსვლა აშშ-ს კონგრესში, სადაც მან თავისი „გასაპნული“ სიტყვა ასე დაასრულა: „ღმერთმა დაიცვას აშშ-ი – დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლო“.

ელცინის სიტყვას ამერიკელი კონგრესმენები ოვაციებით შეხვდნენ, რაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის პრეზიდენტის ხილვა, რუსეთისთვის ერთობ მიუღებელ პოზაში – დაჩოქილში, უდიდეს სიამაყეს გვრიდა ამერიკის პოლიტიკას. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო გუშინდელი „ეშვებიანი“ მოწინააღმდეგის ახალი ამპლუა?!

ელცინისდროინდელმა რუსეთმა, ამერიკელი მრჩევლების უშუალო დახმარებით და რჩევით რუსეთის სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის სამხედრო, კაპიკის ფასად ყიდეს და ყიდეს უცხოელებზე. ასეთს, ტაშს და ოვაციას არ მოაკლებ, რაც გააკეთეს კიდეც კონგრესმენებმა.

ელცინის რუსეთი, მანამდე სუპერსახელმწიფო, ლამის რეგიონულსაც ვეღარ ქაჩავდა და რომ არა საღად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსების ძალისხმევა, რუსეთი – პატარა, სუსტი ქვეყნის სტატუსს ვერ ასცდებოდა. აი, მაშინ კი უდავოდ გამართლდებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტეტჩერის ნათქვამი – „რუსეთი არის ზემო ვოლტა (ჩამორჩენილი აფრიკული სახელმწიფო) ბირთვული ბომბებით“.

ვადამდე ადრე ელცინის მმართველობის დასრულებამ და პუტინის ქვეყნის სათავეში მოსვლამ წერტილი დაუსვა განუკითხაობას, რამაც ფართოდ გაიდგა ფეხები რუსეთში.

გავიდა წლები და დაჩოქილი რუსეთი ფეხზე წამოდგა. ირგვლივ მიმოიხედა და დაიწყო ახალი ცხოვრება – დაფუძნებული შრომაზე, პატრიოტიზმზე, საკუთარი სამშობლოს სიყვარულზე, სუვერენიტეტზე და რაც მთავარია დასავლეთისადმი ობიექტურ მიდგომაზე. პირველი მტკიცე, მე ვიტყოდი გამოსაფხიზლებელი სიტყვა პრეზიდენტმა პუტინმა მიუნხენში ბრძანა, რასაც მოჰყვა დასავლელთა მკაცრი შეფასება.

იქიდან მოყოლებული პუტინი და მისი ხელისუფლება მტრად არის მიჩნეული დასავლეთისთვის. იქიდან მოყოლებული ამერიკულ ჰეგემონიზმს წყალი შეუდგა. დაიწყო სერიოზული სჯაბაასი მრავალპოლუსიან მსოფლიოზე.

სწრაფვას მრავალპოლუსიანობისკენ ხელი შეუწყო რუსეთ-ჩინეთის, რუსეთ-ინდოეთის პრაგმატულმა ურთიერთობებმა. გაჩნდა ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „შოსი“ (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია), „ბრიკსი“ (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი). არც ერთ ამ ორგანიზაციაში აშშ-ი არ არის და არა იმიტომ, რომ მას ეს არ სურს. „შოსი“ ახალი წევრებით – ინდოეთით და პაკისტანით მდიდრედება. ბევრ სხვასაც აქვს სურვილი იქ შესვლის. და ეს ყველაფერი აღორძინებული რუსეთის ძალისმხევით.

რუსეთის ეკონომიკა ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილურად წინ მიიწევს. ჯერ-ჯერობით არ მართლდება ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის წინასწარმეტყველება რუსეთის დაშლასთან დაკავშირებით. რაც მართლდება – რუსეთის განმტკიცებაა ეკონომიკურ-სამხედრო თვალსაზრისით. მხოლოდ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია ზამთრის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარება.

ერთი თვის განმავლობაში რუსეთი მსოფლიოს ობიექტივში იყო მოქცეული. ქვეყანა, რომელმაც გაუძლო ანტირუსულ პროპაგანდას, ცილისწამებას და მოწოდებას ჩემპიონატის სხვაგან გამართვის თაობაზე – შეუძლებელი შეძლო და ყველას, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტს ათქმევინა, რომ ჩემპიონატების ისტორიაში რუსეთის, ყველაზე საუკეთესო იყო.

არ გამართლდა დასავლელთა ვარაუდი და ოცნება ჩემპიონატის ცუდად ჩატარებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილი, ვითომ პატრიოტები, ქოქოლას აყრიდნენ რუსეთს, ხოლო ფეხბურთის კომენტატორები ისეთი სიტყვებით ლანძღავდნენ, დასავლელ მასწავლებლებსაც რომ შეშურდებოდათ. ფინალური მატჩის რეპორტაჟისას კი ერთმა გაოცებაც გამოხატა – აგრესორ ქვეყანას, რატომ მისცეს მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება.

ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ტელევიზიის მუშაკები, ფეხბურთის კომენტატორები სისტემატურად ესხმოდნენ თავს რუსეთს, რითაც უდავოდ შეურაცხყოფდნენ მსმენელს და მაყურებელს, აგრეთვე საკუთარ თავს.

ვის სჭირდება ასეთი „პატრიოტიზმი“?!

რაღაც მეეჭვება ამ „პატრიოტებს“ იარაღი შეესხათ და 2008-ში ცხინვალისკენ გაეწიათ. მათი „პატრიოტიზმი“ საკუთარი თვალით ვიხილე წითელ ხიდთან – ერთმანეთს რომ ასწრებდნენ აზერბაიჯან-სომხეთში გაქცევით.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – არავითარ აგრესიას ადგილი არ ექნებოდა, სააკაშვილს რომ აგრესია პირველს არ წამოეწყო, რუსი სამშვიდობო ძალების წარმომაგდენლები არ ჩაეხოცა და ღამის ცხინვალისთვის „გრადები“ არ დაეყარა.

მოღალატეაო – იტყვიან ჩემზე. ნამდვილი მოღალატე კი – ამსტერდამის ქუჩებში დასეირნობს. მის მიერ მოწყობილ ავანტიურას ასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, მასთან ერთად საქართველოს ძირძველი ტერიტორიებიც.

სამგლე გოჭივით ატეხილმა სააკაშვილმა, მისმა გუნდმა და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამერიკელებს გაუგორეს კოჭი, დაიკიდეს რა ფეხზე საკუთარი ქვეყანა. მას შემდეგ მოვთქვამთ, ვტირით და მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით აშშ-ს, ნატოს, ევროკავშირს – გვიშველეთო. ისინიც გვპირდებიან, თან ჩაგვიჩიჩინებენ – თქვენ რუსეთი ლანძღეთ – ნატოში შესვლა ჩვენზე იყოსო.

არ დაიღალეთ?!

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი შვილობილი პარტიების მიხედვით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რუსეთის ლანძღვა, არ უნდა დაელაპარაკოს რუსეთს. თუ დაელაპარაკება, მხოლოდ დასავლელ ე.წ. პარტნიორებთან ერთად. ერთი-ერთზე დალაპარაკება ქართული პოლიტიკისთვის მიუღებელია. ნეტავ რამდენი წლით ვაპირებთ გაბუტულის პოზაში დგომას და დასავლეთზე მოიმედებას?!

დასავლეთს სულაც არ აწუხებს საქართველოს ტერიტორიული პრობლემები. ერთადერთი რაც მას სურს – საქართველოს სადგისად გამოყენებაა. ანუ საგდისის (საქართველო) რუსეთის დუმებში პერიოდული ჩხვლეტა, რასაც ჩვენი ყველა ხელისუფლება წარმატებით ასრულებდა და ასრულებს. რა მივიღეთ?!

დარბაზიდან ზრდილობიანად დათხოვნა, სინამდვილეში გამოპანღურება – ბრიუსელის სამიტი მაქვს მხედველობაში და ის მომენტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის განკარგულებით უკრაინა-საქართველოს პრეზიდენტები დარბაზიდან გაიყვანეს.

ბრიუსელი-ლონდონი-ჰელსინკი – გრძელი და პოლიტიკურად დატვირთული ვოიაჟი აშშ-ის პრეზიდენტისა. თუმცა ჰელსინკი მე ვახსენე, მან კი პუტინი თქვა. ბრიუსელი-ლონდონი-პუტინი და ამ სამიდან ყველაზე იოლ მოსალაპარაკებლად პუტინი ჩათვალა – მტერი, მტარვალი, აგრესორი, ოკუპანტი პუტინი – ჰელსინკში ჩასვლამდე 5 დღით ადრე.

რატომ?

იმიტომ, რომ ნატოს და მის წევრებს ტრამპი „ლაითად“ (მსუბუქად) უყურებს, უფრო ზუსტად ხელქვეითებად, რომლებმაც ტრამპის ნებისმიერი ნათქვამი კანონივით უნდა მიიღონ. ტერეზა მეის – ბრიტანეთის პრემიერს ტრამპი ჭირვეულ მასწავლებლად აღიქვამს და თვლის, რომ დათხოვილი ჯონსონი – ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერობას გაცილებით უკეთ შეძლებს. ტრამპის აზრით, მოკავშირე ბრიტანეთმაც ისე უნდა იმოქმედოს, როგორც ტრამპს სურს.

სხვაა პუტინი. შეიარაღების თვალსაზრისით უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტი. ტრამპმა ხაზგასმით თქვა – აშშ-ი და რუსეთი ბირთვული იარაღის 90%-ს ფლობს და შემთხვევითობის გამორიცხვისთვის უმჯობესია მასთან მოლაპარაკება.

 ჰელსინკში გამართული 2 საათი და 10 წუთიანი პირისპირ შეხვედრა, რომლის შინაარსიც თარჯიმნების გარდა არავინ იცის, დამატებით, გაფართოებულ ფორმატში, 2 საათიანი მოლაპარაკება, უდავოდ „რაღაცის“ მაჩვენებელია და ეს „რაღაცა“ მსოფლიოს უღრუბლო ცას ნიშნავს.

ჰელსინკის მოლაპარაკება დასაწყისია იმ სამომავლო მოლაპარაკებების, რასაც ადგილი უნდა ჰქონდეს 2 სუპერსახელმწიფოს შორის. ტრამპმა არ დააყოვნა და მორიგი მოლაპარაკების დროც და ადგილიც შეარჩია – ა.წ. შემოდგომა, აშშ-ი.

ტრამპმა, პუტინი ვაშინგტონში მიიწვია, რასაც ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, უკეთესს რომ ვერ ინატრებენ ტრამპის წინააღმდეგ შემართული დემოკრატები, საზოგადოების ნაწილი.

ორივე პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა უაღრესად წარმატებულად დაახასიათეს და აქედან გამომდინარე მეორე შეხვედრის სწრაფი გამართვის აუცილებლობაც გაჩნდა.

ტრამპი ის პრეზიდენტია, რომელიც ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას. მაშინ მან თქვა, რომ მზადაა რუსეთთან მოაწესრიგოს ურთიერთობა. რა არის ამაში ცუდი?

არც არაფერი, მაგრამ ტრამპის წინააღმდეგ ამხედრებული დემოკრატებისთვის და არა მარტო მათთვის რუსეთი და პუტინი დაუძინებელი მტრებია, რომ რუსეთმა მოაგებინა ტრამპს არჩევნები და ა.შ. რუსეთს ბრალდება ყველაფერი, რასაც ის  შეძლებდა და ვერ შეძლებდა, განსაკუთრებით აშშ-ს არჩევნებში ხელის ფათურს.

ანტირუსული კამპანია მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ასეთ ანტირუსულ ფონს ერთი ან ორი შეხვედრით ვერ აღმოფხვრი.

რას აძლევს აშშ-ს გარკვეულ პოლიტკურ ძალებს ანტირუსული შიზოფრენია?

უპირველეს ყოვლისა ფულს. თუ არსებობს აგრესიული ქვეყანა, რომლისგან ნებისმიერ შემთხვევაში თავდასხმას ელოდები, ხელი უნდა გაანძრიო და რუსეთის შემაკავებელი იარაღი შექმნა; რუსეთის ირგვლივ ანტისარაკეტო სისტემები განალაგო და საბოლოო ჯამში აიძულო ის კაპიტულიაცია გამოაცხადოს.

აღნიშნული პროგრამა დიდ ხარჯებს მოითხოვს, რაც მისაღებია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. გარდა ამისა აშშ-ს სურს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს  ერთპიროვნული მსოფლიო მმართველობა, მაგრამ ამ საქმეში ის მოწინააღმდეგეებს აწყდება ჩინეთ-რუსეთის სახით.

ცხადია, ტრამპი ამერიკას უპირველესად მიიჩნევს. მისი ლოზუნგიც ხომ ასეთია: – „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა!“, მაგრამ მან ისიც კარგად იცის, რომ ორთა ესოდენ სერიოზულ დაპირისპირებას, კონფრონტაცია შეიძლება მოჰყვეს. ამდენად მას რუსეთთან ურთიერთობების დალაგება უალტერნატივო თემად მიაჩნია.

ესოდენ რთულ ვითარებაში საქართველოს მიერ მეტიჩრული ანტირუსული განცხადებების კეთება უგონო გადაწყვეტილებაა. ნაცვლად დაბეჯითებული ძახილისა – ნატო, ნატო, უმჯობესია თავის შეკავება, მითუმეტეს, როდესაც იქ ჩვენი მიმღები არავინაა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ პირდაპირ განაცხადა, ხოლო ამჟამინდელმა – ჯერ არაო, თქვა.

ასეთი პასუხების შემხედვარეს რაღაც მაინც უნდა ამუხრუჭებდეს და ეს „რაღაც“ ტაქტი და ზრდილობაა. როდესაც გეუბნებიან – ჯერ არა, აღარ უნდა გამოულაყო ტვინი ბრიუსელსა და ვაშინგტონს – მიგვიღეო. აღარ უნდა ათქმევინო ამერიკელ პოლიტიკოსებს – თქვენ, თქვენს ქვეყნის საშინაო პრობლემებს მიხედეთ და როდესაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ნატოში შესვლა აუცილებელია, შეგატყობინებთო.

უსაგნო წივილ-კივილით რაც მოვახერხეთ, ისაა – პუტინი გამოვაფხიზლეთ. მართალია, მას უკრაინა-საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი ნეგატიური მოსაზრება, მაგრამ ამერიკული ტელეკომპანია „Fox News“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის იყო მოჭარბებულად აგრესიული. ანალოგიური რამ მან საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ რუს დიპლომატებთან შეხვედრის დროსაც თქვა. არის თუ არა ეს ყურადსაღები?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი