22.12.2024

დიდი მეცნიერი და დიპლომატი ჯემშიდ გიუნაშვილი

საქართველო-ირანის ურთიერთობები მრავალ საუკუნეს მოითვლის, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა როგორც გაუტანლობას, შუღლს, მტრობას, ისე სიკეთეს; ხელოვნების, კულტურის, პოეზიისა და პროზის ერთმანეთთან შეხმატკბილებას. იყო ნათესაური კავშირებიც – ქვითკირივით მტკიცე, შეუვალი. იყო ურთიერთის წინააღმდეგ აზვირთებული ლაშქრობაც და იმავდროულად იყო სპარსეთის შაჰის კარზე ნიჭიერ ქართველთა დაფასება – მათთვის ფართო ასპარეზის დათმობა, რამაც დიდი სპარსეთის ხელოვნებას, ხუროთმოძღვრებას გამორჩეული კვალი დაატყო, ისეთი, დღესაც რომ აოცებს მნახველს.

იყვნენ ადამიანები, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულები, რომლებმაც ღრმა ცოდნის, ვითარების სწორი აღქმის, დიპლომატიური ალღოს წყალობით მოახერხეს ორი ქვეყნის დაახლოების საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს თანამედროვეს, მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დიპლომატს, ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილს.

საქართველო-ირანის ურთიერთობებში იყო თითქმის საუკუნოვანი წყვეტა, სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური კავშირების გაუცხოება, მაგრამ სამეცნიერო, კულტურული კონტაქტების წყალობით შენარჩუნდა ყოველივე ის, რაზეც შემდგომში აღმოცენდა ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიურ-პოლიტიკური ურთიერთობები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.

ახალგაზრდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები, ერთობ მოკრძალებული, განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე, დიპლომატიური კადრების სიმწირითაც იყო განპირობებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველოში შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკურ-სოციალური პირობები, სხვადასხვა დარგების კატასტროფული ჩავარდნები, ხელისუფლებას ნაკლებ საშუალებას აძლევდა მთელი ძალა და ენერგია დაეთმო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგის – საერთაშორისო ურთიერთობების გასავითარებლად. საჭირო იყო მეზობელ ქვეყნებში ისეთი წარმომადგენლების მივლინება, რომლებიც საკუთარი ცოდნით, გამოცდილებით, ბუნებრივი დიპლომატიური ალღოთი შეძლებდა მასპინძელ ქვეყანასთან საქმიანი, მეგობრული კავშირების დამყარებას.

ჯემშიდ გიუნაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების პირველ პლეადას ეკუთვნის, რომელთაც, საკუთარ თავსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, გზა უნდა გაეკვალა ადგილსამყოფელი სახელმწიფოების ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან და ყველაფერ იმასთან, რასაც მრავალმხრივი სისხლსავსე კავშირურთიერთობები ჰქვია, ახალგაზრდა ქვეყნის – სამშობლო რომ ერქვა, დასახმარებლად.

ნებისმიერ საქმეში დასაწყისი ურთულესი პრობლემაა, მითუმეტეს საგარეო ურთიერთობებში და მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც შესაბამისი თანხები და არც ტექნიკური თუ ნაკლებად ტექნიკური საშუალებები გააჩნია ქვეყანას.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გამწესებულ ჯემშიდ გიუნაშვილს, რაც გააჩნდა, იყო საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ელჩად დანიშვნის სიგელი, საკუთარი ცოდნა, დაფუძნებული ღრმა მეცნიერებაზე აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში, სპარსული ენის და იმ გარემოს ბრწყინვალე ცოდნა, რომელშიც მას უნდა ემუშავა.

ირანში დაბადებულს და გაზრდილს, შემდგომში ორ ქვეყანას შორის მეცნიერული კავშირების დაახლოება-განვითარების დიდოსტატს, არ უნდა გაჭირვებოდა მისთვის ცნობილ გარემოში დაბრუნება და ახალი საქმიანობის დაწყება.

ასეც მოხდა. ირანში ჩასულმა საქართველოს ელჩმა, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა ირანელ საზოგადო, პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებთან, დროის უმოკლეს პერიოდში შეძლო საქართველოს საელჩოს შენობის გამონახვაც და სხვა საკითხების მოგვარებაც, ურომლისოდაც წარმოუდგენელია დიპლომატიური მისიის ნორმალური ფუნქციონირება.

ყოველივე აღნიშნულს არა მარტო დიპლომატიური ალღო და შემართება ესაჭიროებოდა, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობაც და რაც მთავარია მინდობილი საქმისადმი ფანატიკური დამოკიდებულება. ბატონი ჯემშიდი ადამიანთა იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელთათვის სახელმწიფო დავალების შესრულება წმინდათაწმინდა საქმეა.

ზემოთ აღვნიშნე მაშინდელი საქართველოს მძიმე ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა, რაც უპირველესად, სარკესავით აირეკლებოდა საზღვარგარეთის სახელმწიფოებში გახსნილი იშვიათი საელჩოების მუშაობაზე.

საზოგადოებისთვის დიპლომატიური მისიის აღქმა უპირველეს ყოვლისა გარე ატრიბუტიკით ხასიათდება: დიპლომატიური მისიის შენობა, მასზე აღმართული სახელმწიფო დროშა, ელჩის რეზიდენციის შენობა და მისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, ცხადია წარმომადგენლობითი ხასიათის მატარებელი, სახელმწიფო დროშით დამშვენებული. ელჩებს არაერთი ავტომანქანა ემსახურება – ასე მოითხოვს დიპლომატიური პრაქტიკა.

ელჩად დანიშნულ ჯემშიდ გიუნაშვილი ამ დიპლომატიურ „ფუფუნებას“ მოკლებული იყო – სახელმწიფოს ხელმოკლეობის გამო. ის დიპლომატიურ საქმიანობას საკუთარი ავტომანქანით „ჟიგულით“ ახორციელებდა. კარგა ხნის განმავლობაში ბატონი ჯემშიდი, საჭესთან მჯდომი, ათასობით კილომეტრს ფარავდა თეირანიდან თბილისამდე და უკან, სახელმწიფო დავალების შესასრულებლად.

ბატონი ჯემშიდის უდიდესი დამსახურებაა ირანში საქართველოს საელჩოს სისხლსავსე ფუნქციონირების ჩამოყალიბება, საელჩოს თანამშრომელთათვის შესაბამისი მითითებებისა და დარიგებების, ადგილობრივ ვითარებაში გასარკვევი რჩევების მიცემა და სხვა მრავალი წვრილმან-მსხვილმან საქმიანობაში დაკვალიანება, რასაც დიპლომატია მოითხოვს. ირანში საქართველოს დიპლომატიური მისიის მუშაობა თუ ნორმალურად წარიმართა, იმ პიროვნების დამსახურებაა, ვინც ყამირი გაკვალა. ეს პიროვნება ჯემშიდ გიუნაშვილია.

ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის მისი საქმიანობის წარმატებულება არა მარტო ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის სამშობლოში გამოგზავნაში გამოიხატება, არამედ ამ ქვეყნის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, საზოგადოების ფართო წრეებთან პრაგმატული კავშირების დამყარებაშიც. ამ მხრივ ბატონ ჯემშიდს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამორჩეული ადგილი ეკავა. პირადი ურთიერთობათა საფუძველზე მან შეძლო ორი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსების დაახლოება, ურთიერთ ვიზიტებისთვის საფუძვლის ჩაყრა. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ხაშემი რაფსანჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის ურთიერთვიზიტები ამის დასტურია.

ბატონი ჯემშიდის თაოსნობით ირანს სტუმრობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეირე. ორი ქვეყნის პოლიტიკოსთა, დიპლომატთა, ბიზნესის წარმომადგენელთა და სამეცნიერო თუ კულტურის მუშაკთა მიმოსვლა ჩვეულებრივი რამ გახდა. ის, რომ ირანელ ტურისტთა საქართველოში ჩამოსვლა ჩვეულებრივად გადაიქცა ბატონ ჯემშიდის დამსახურებაც არის.

ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილის ელჩობისას ჩაეყარა საფუძველი ირანის გილანის პროვინციის დამეგობრებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ორი მხარის წარმომადგენელთა ვიზიტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ორჯერ იმყოფებოდა აჭარის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც მეც გახლდით, ირანის გილანის პროვინციაში, სადაც პროვინციის ხელმძღვანელობასთან ერთად მასპინძლობას საქართველოს ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი გვიწევდა.

ბატონი ჯემშიდის დამსახურება მარტო სახელმწიფო ვიზიტების მომზადება-განხორციელებაში არ გამოიხატებოდა. სწორედ მის დროს თბილისსა და ბათუმში ირანის ფართო ნაწარმის გამოფენა გაიმართა. ბატონ ჯემშიდს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო-ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაიოლების საქმეში. არანაკლები წვლილი შეიტანა მან სამეცნიერო-კულტურული კავშირების განვითარება-განმტკიცების დარგში.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან 2004 წლის ჩათვლით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის სათავეში იდგა პიროვნება, ბუნებით დიპლომატი, პოლიტიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ბრძენი ბატონი ჯემშიდ გიუნაშვილი, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველო-ირანის ურთიერთობათა დაახლოება-განვითარების საქმეში.

ბატონმა ჯემშიდმა ირანისკენ მიმავალი ახალი საქართველოს გზა გაკვალა, რომლითაც დღევანდელი და ხვალინდელი საქართველო შეუფერხებლად ისარგებლებს.

      ჰამლეტ ჭიპაშვილი, დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.