ერთი სერიოზული პრობლემის შესახებ

გასული კვირის საკითხებიდან ერთმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და არა მარტო ჩემი, არამედ ყველას, ვინც ქვეყნის კეთილდღეობასა და მომავალზე არა ზერელედ, არამედ სერიოზულად ფიქრობს. მარტო ფიქრი არაფერს უშველის ამ ქვეყანას, საქმეა გასაკეთებელიო – მომიგებს მავანი, მაგრამ როგორ და რა გზით, არაფერს იტყვის, ვინაიდან არსებული პოლიტიკური სისტემის შესაცველად საზოგადოებას ძალა არ ჰყოფნის. გარდა ამისა, პერმანენტული იმედგაცრუებაც თრგუნავს – განვლილი 25 წლის განმავლობაში რომ იწვნია.

განსაკუთრებული იმედგაცრუება ხვდა წილად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გამარჯვებულმა, გულწრფელად იფიქრა – მორჩა საშინელება, წყვდიადი, ახლა იწყება აღორძინება, წარმატებული ცხოვრება და სიკეთეო. დაპირებული საარაკო მომავლის იმედს ამყარებდა ლამის ეროვნულ გმირად, ურჩხულის კლანჭებიდან გამომხსნელად შერაცხულ ბიძინა ივანიშვილზე.

ხალხმა დაიჯერა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი ეტაპობრივი განვითარების მოდელი, რომლის მიხედვით „ოცნების“ მმართველობის მე-4 წელი საყოველთაო ბედნიერებისა და დოვლათის მომტანი უნდა ყოფილიყო.

ხალხი ვერაფრით დაიჯერებდა, რომ სააკაშვილის დამმარცხებელი, ცოტათი მაინც არ გაირჯებოდა მის სასიკეთოდ. ის, მთელი 4 წლის განმავლობაში ჯიუტად უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ ქვეყანაში დიდი აღმშენებლობა მიდის და მილიარდერის მიერ დანაპირები კარგი ცხოვრება უდავოდ მოვა. მხოლოდ მე-4 წლის ბოლოს დაინახა მან (ცხადია, არა ყველამ), რომ დაპირებული კარგი ცხოვრება ისეთივე ტყუილი იყო, როგორც წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მილიონი სამუშაო ადგილი. დაინახა და იფიქრა ვითარების შესაცვლელად, მაგრამ როგორ?

განვლილი 4 წლის განმავლობაში მმართველმა „ოცნებამ“ არა მარტო პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში განიმტკიცა პოზიციები, არამედ სასამართლო სისტემაში, ადგილობრივ მმართველობაში, მედიაში, ყველგან, რასაც ხელისუფლება, ძალაუფლება ჰქვია. ესეც არ იკმარა და კონსტიტუციასაც მიადგა – გადააკეთა რა ის საკუთარ თარგზე – მიუხედავად შიდა და გარე კრიტიკისა.

ისე, როგორც არასდროს, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში – სრული თავისუფლება მიიღო ე.წ. ბიზნესმა, საბანკო სისტემამ. ხელისუფლებამ მათ კონტროლზე უარი თქვა – ვითარცა საბაზრო ეკონომიკისთვის მიუღებელზე. უფრო მეტიც, ისე ჩაეხუტა მათ, როგორც სიამის ტყუპი. სხვა არც იყო მოსალოდნელი ივანიშვილის ხელისუფლებისგან. ცნობილი გამოთქმა – „ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევს“ – ისეთი ძალით ამოქმედდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ვერც ერთი ქვეყნის ბიზნესმენი.

დემოკრატიის პირველი წყარო – ხალხი, ისე, როგორც ყოველთვის, ბოლო 25 წლის განმავლობაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასზე მხოლოდ მაშინ ამბობენ, როდესაც ქვეყნის 200-ზე მეტი პარტიის წარმომადგენელი ტრაფარეტულად გაიხსენებს საჯარო გამოსვლის დროს – საკუთარი სიტყვისთვის მოჩვენებითი ელფერის მისაცემად.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიები, განსაკუთრებით მმართველი „ოცნება“, დროს არ კარგავს და ხალხს ხვდება – ისე, როგორც გასული ადგილობრივი არჩევნების დროს. ისევ პირდება კარგ ცხოვრებას, არჩევნებიდან, არჩევნებამდე შეუსრულებელი პრობლემების მოგვარებას.

პრობლემებიც იგივეა, რაც წინა არჩევნების დროს – უწყლობა, უგზობა, დაუსაქმებლობა, მაღალი კომუნალური გადასახადები, უმწეოთა დახმარების მოხსნა, გაძვირებული მედიკამენტები და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

წლების განმავლობაში გადაუწყვეტელ პრობლემებს, ახალი ემატება და საერთო ჯამში იმდენი იყრის თავს, რომ საქართველოს მწირი ბიუჯეტი კი არა, აშშ-ს ბიუჯეტიც ვერ გაწვდება. ასე იცის ხელისუფლების მიერ დანაპირების გადავადებამ.

მე-5 წელიწადია ივანიშვილის მეთაურობით ვცხოვრობთ, უფრო სწორად მის მიერ შერჩეული ხელისუფლების, მაგრამ ასატანი ცხოვრების ნიშანწყალი არ ჩანს. ისევ გაუსაძლისობა, იმედგაცრუებული ხალხის ხმამაღალი წუწუნი, უკმაყოფილება – ისეთი, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის დროს. ყოველივე ამას ემატება მამამარჩენალის დაუოკებელი სიხარბე, მომხვეჭელობა, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი სიმდიდრის გაზრდა, საზოგადო, საქვეყნო საქმის უგულებელყოფა, … .

მხოლოდ გონგამოცლილი ადამიანი თუ შეძლებდა, ისედაც მის წინააღმდეგ განრისხებული ხალხის კიდევ უფრო განრისხებას – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პირად საკუთრებაში გადაფორმებით.

არჩევნების წინ არც ივანიშვილი და არც მისი მოჯამაგირე ხელისუფლება ასეთს არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ აკეთებენ, ვინაიდან 100% არიან დარწმუნებული თავიანთ გამარჯვებაში. რატომ, რა აძლევს მათ თავდაჯერებას საფუძველს?

ადმინისტრაციული რესურსი, ხალხის მოსყიდვა, დაშინება, დაპირება, სურსათისა და პროდუქტების ჩამორიგება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების ისეთი შედეგების გამოცხადება, როგორიც ივანიშვილსა და მის მოჯამაგირეებს სურთ. …

ასეთია ჩვენი სანაქებო დემოკრატია. საინტერესოა, რა შეფასებას მისცემს საქართველოში აკრიდიტებული აშშ-ს საელჩო ივანიშვილისთვის ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე პუშკინის სკვერის და ვითომ ბოტანიკური ბაღისთვის ტერიტორიების გადაცემას?

ერთ ლარად საქართველოს უძრავი ქონების, მათ შორის მიწების კერძო პირისთვის გადაცემა უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობს და ამით არა მარტო „ოცნების“ ხელისუფლებაა გამორჩეული, წინა, სააკაშვილის ხელისუფლებაც, რომელიც ერთი ხელის მოსმით, ერთ ლარად გასცემდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს, ნოყიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

ასედაამრიგად, სააკაშვილის მამის, დედის, ნაცნობების, უცხოელების საკუთრებაში აღმოჩნდა მიწები, სახლები, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების შენობა-ნაგებობები.  ის-ის იყო ვიფიქრეთ სააკაშვილის აღვირახსნილობას წერტილი დაესმებოდა, რომ სააკაშვილის მმართველობის წერტილის დამსვევმა ივანიშვილმა არ გააგრძელა წინამორბედის ღირსეული „შემოქმედება“?

გულუბრყვილო ხალხი ვერასდროს იფიქრებდა, რომ მილიარდერი ივანიშვილი უსასყიდლოდ მიერთებდა მიწას. პირიქით, მას ეგონა, რომ  ივანიშვილი, თავის საკუთრებაში არსებულ მიწას სახელმწიფოს აჩუქებდა.

აი, რას ამბობენ „ივანიშვილები“ – პუშკინის სკვერის ქვეშ სამსართულიან ავტოპარკინგს აკეთებს და ამისთვის სჭირდება ეს ტერიტორიაო.

სამსართულიანი პარკინგის გაკეთება მიწისქვეშა კომუნიკაციებით გადატვირთულ ადგილას, ხუმრობა საქმე არ არის. დარწმუნებული ვარ, მშენებლობის საკითხი არც გეოლოგებთან და არც სხვა დარგის სპეციალისტებთან შეთანხმებული არ იქნება. შედეგი კი იქნება სავალალო, ისეთი, როგორიც ე.წ. დეზერტირების ბაზრის დანგრევის დროს, რასაც სააკაშვილის მმართველობისას ჰქონდა ადგილი. მაშინ ვიღაცას მოუნდა ბაზრის ტერიტორიაზე მაღლივი შენობის აშენება. დაანგრიეს ბაზარი და ის-ის იყო მშენებლობის დაწყებას აპირებდნენ, რომ მეტროს გვირაბმა შეუშალა ხელი.

ნაბაზრალის ადგილას მტვერსა და ჭუჭყში სტიქიური ბაზარი განთავსდა. მისი არსებობა კარგა ხანს გაგრძელდა და ბოლოს ქალაქის მერიამ ისევ ბაზარი ააშენა – ყოვლად უნიათო, მოუხერხებელი, ისეთი გამოუსადეგარი, მოვაჭრეს რომ არ იზიდავს. აფსუს, ძველი, ისტორიული ბაზრის შენობა?!

პუშკინის სკვერი ხელოვნების მუზეუმის შენობას ესაზღვრება – ასევე ისტორიულს, შესანიშნავ ნაგებობას. ამ შენობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული, სადაც სტალინი სწავლობდა. შენობა რახანია ითხოვს ფუნდამენტის გამაგრებას, კაპიტალურ რემონტს და ისეთად გადაკეთებას, იქ არსებული უნიკალური ექსპონატების შესაფერისი რომ იყოს.

ერის კულტურის საგანძურია გამოფენილი ამ მუზეუმში – ერთობ შეუფერებელში ასეთისთვის. პარკინგის მშენებლობის დროს მიწის რყევა და სამშენებლო სამუშაოები უდავოდ იმოქმედებს მუზეუმის ისედაც მორყეულ ფუნდამენტსა და კედლებზე. იფიქრა ვინმემ ამაზე?!

ისე, კი სასტუმრო, რომელსაც ივანიშვილი აშენებს „ცეკავშირის“ შენობის ადგილას, ცხადია უცხოელებზეა გათვლილი, იმათზე, ვინც ქართული კულტურისა და ისტორიის გასაცნობად იქვე მდებარე მუზეუმში შეივლის. შეივლის და რა დახვდება?

მუზეუმისთვის შეუფერებელი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს არასდროს შეუხედავს ამ მუზეუმში, არც „ივანიშვილებს“, თორემ ეს მუზეუმი ასეთ დღეში არ იქნებოდა. და თუ შეუხედავთ და ასეთ დღეშია – ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც მუზეუმი აინტერესებთ და არც ქართული ისტორიისა და კულტურის არაფერი გაეგებათ.

მილიარდერი, რომელიც მილიონებს ყრის სასტუმროს მშენებლობაში, თეთრსაც არ იღებს ერის კულტურის ამსახველი მუზეუმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

პუშკინის სკვერი და მისი შემოგარენი დედაქალაქის გულია. მისი გაყიდვა კერძო პირზე დაუშვებელია. ეს უნდა ესმოდეს როგორც ქალაქის მესვეურებს, ისე, ხელისუფლებას, რაც მთავარია ივანიშვილს. ეს, ის ადგილია, რომელიც არც ერთ ფულზე არ იყიდება და არ გადაეცემა კერძო პირს საჩუქრად, რაც არ უნდა დიდი დამსახურება ჰქონდეს ქვეყნის წინაშე.

ივანიშვილს ქვეყნის წინაშე მხოლოდ ის „დამსახურება“ აქვს, რომ ძუძუმწოვარა ბავშვივით მოატყუა მთელი ერი.

საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოების ნაწილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ევროპელები ვართ და დღეს თუ არა, ხვალ უდავოდ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრები. მითხრას ვინმემ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, აშშ-ნ ან საქართველოს ხელისუფლებიდან – აქვს თუ არა უფლება მათი ქვეყნის მეთაურს ასე ჰარი-ჰარად, ერთ ლარად ან თუნდაც მილიონ დოლარად გააჩუქოს ან გაყიდოს ქვეყნის დედაქალაქის გული ვინმე მილიარდერზე?

ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ ნახავთ ისეთ მაგალითებს, როგორიც იყო სააკაშვილის მიერ ერთ ლარად მიწების, უძრავი ქონების ჩუქება საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ან „ოცნების“ ხელისუფლების მიერ ივანიშვილისთვის მიწების ჩუქება თბილისში, აჭარაში, გურიასა და სხვაგან. ესოდენ ფეოდალური დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი, არის თუ არა დასაგმობი? არის თუ არა ასეთი ხელისუფლება ნატოში და ევროკავშირში მისაღები?!

მაგრამ არა, აქ არსებულ ელჩებს, ისე, როგორც მათ ხელისუფლებას, მსგავსი საკითხები, დაკავშირებული ერის კულტურასთან, თვითშეგნებასთან, საზოგადოებრივ აზროვნებასთან და პასუხისმგებლობის განვითარებასთან არ აწუხებთ. ის, რაც მათ უნდათ საქართველოდან მარტივია – რუსეთის წინააღმდეგ მწვავე განცხადებების, მეტადრე ცილისმწამებლურის გაკეთება, რუსეთისთვის მსოფლიოში ცუდი იმიჯის შექმნა.

შევარდნაძეები, სააკაშვილები, ივანიშვილები მოდიან და მიდიან – ხელისუფლებაში ხანგრძლივი ყოფნის მიუხედავად. უკვდავი არავინ არის. სწორია ის ხალხი, ვინც აცხადებს – ივანიშვილი ამ მიწას სამარეში ხომ არ წაიღებს – გაალამაზებს, გააშენებს და ისევ საქართველოს დარჩებაო?

უდავოდ, არა! გაჩუქებული, საქართველოს აღარ დაუბრუნდება. ის ივანიშვილის პირადი საკუთრება ხდება და მის შვილებს, შვილიშვილებს გადაეცემა. ხეები, რომლებიც ივანიშვილმა საკუთარ ბაღჩაში გადაიტანა, ქვეყნისა და მისი ხალხისთვის დაიკარგა.

ზემომოყვანილი სავალალო მაგალითები მომავალშიც გაგრძელდება და თუ ამ აღვირახსნილობას კანონით წერტილი არ დაესვა, სულ მალე ქართველ ხალხს სასიარულოდ საცალფეხო ბილიკიც არ დარჩება. კანონია საჭირო აღნიშნულის აღსაკვეთად, მაგრამ ასეთს ეს ხელისუფლება არ მიიღებს, ისე, როგორც მომავალში სხვა ხელისუფლება, ვინაიდან ქვეყნის ხარჯზე ახლობლების და საკუთარი თავის დაკმაყოფილება მასაც მოუნდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.