დაშინებით, შიშით საზოგადოების დამორჩილება
უკრაინის თემა, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემაა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან დასავლეთს ასე სურს. ის, რუსეთთან საინფორმაციო ომშია ჩართული, მისთვის ჩვეული ფაბრიკაციებითა და ფაქტების თავისებური ინტერპრეტაციით. დასავლეთი ამ „თამაშს“ ჯერ-ჯერობით იგებს, მაგრამ რა იქნება უახლოეს მომავალში? რუსეთი იმედოვნებს, რომ სიმართლე გზას არ დაკარგავს. ადრე თუ გვიან მსოფლიო გაიგებს, რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებები გაცილებით ოპერატიულად მოქმედებენ, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი 2008 წლის ცხინვალის ომის დროს, მაგრამ ძალთა თანაფარდობას ნაკლებად აქვს ადგილი. დასავლეთი წონის. დასავლეთს, იგულიხმება ამერიკულ-ინგლისური მედიასაშუალებები, პლიუს ევროპული, მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, თანაც მეტი უტიფრობა, მეტი სიცრუე, მეტი თავხედობა თუნდაც ძველი კადრების, სხვა ქვეყანაში გადაღებულის, უკრაინულად მონათვლის.
რიგითი მაყურებელი ექსპერტად არ გამოდგება წესრიგის დამცველთა და დამრღვევთა სისხლიანი შეტაკებების გამოცნობაში – სად ჰქონდა მსგავსს ადგილი, როდის და რა ვითარებაში მოხდა შეტაკება?!
საზოგადოება უყურებს და რწმუნდება, რომ რუსეთია ქვეყნის დამაქცეველი, აგრესორი, ოკუპანტი და ა.შ. ვიდეო-კადრებს შესაბამისი კომენტარებიც ახლავს თან – მაყურებლის ყურადღების დამძაბავი, მისი ანტირუსულად განმწყობი. მაგალითი: მოსკოვში, ყირიმის, რუსეთთან მიერთების ცერემონიალის დროს, უკრაინის ტელეარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია პრორუსულად განწყობილი შეიარაღებული პირების უკრაინის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შესახებ, რომლის დროს დაიღუპა უკრაინის ერთი სამხედრო მოსამსახურე, ორი კი დაიჭრა.
ეს ინფორმაცია, ანტირუსული აგრესიით გაჯერებული, თითქმის სამი დღის განმავლობაში გადაიცემოდა ქართული ტელეარხების მიერ.
ამ ამბავს უმალ მოჰყვა უკრაინის დროებითი პრემიერ-მინისტრის იაცენიუკის განცხადება, რომელშიც მან ბრალი დასდო რუსეთს. ითქვა ისიც, რომ რუსეთი გადავიდა შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, სამხედრო აგრესიაზე.
იაცენიუკის განცხადება უმალ გავრცელდა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა მსოფლიო საზოგადოების თვალში „გაშავებული“ რუსეთის კიდევ უფრო გაშავება. მხოლოდ, შემდეგ გახდა ცნობილი, რომ არავითარ იერიშს სამხედრო ბაზაზე ადგილი არ ჰქონია, რომ სნაიპერმა, ვითარების დასაძაბავად, ბაზასთან ახლოს მდებარე შენობიდან გაისროლა და მოკლა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და წესრიგის დამცველი ყირიმელი.
მკვლელის, რომელიც დაიჭირეს, ხელწერა ძალიან წააგავს კიევის მაიდნის მასობრივ ხოცვას, რომელიც, როგორც ამბობენ, ოპოზიციის მიერ დაქირავებული სნაიპერების ხელით განხორციელდა. დასაწყისში, კიევის მაიდნის ხოცვა იანუკოვიჩს დააბრალეს, მაგრამ სიმართლემ თავი არ დამალა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ლაპარაკმა ევროკავშირელ ეშტონთან, სიმართლე დაადგინა.
მაგრამ ვის უნდა სიმართლე? დასავლეთს რომ არ უნდა, ცხადზე-უცხადესია. რომ ნდომოდა, ამდენ ხანს არ გაწელავდა ამ პროვოკაციული აქტის „შესწავლას“. ან რა შესწავლა უნდა – განა მან არ იცის, ვინ ხოცავდა ორივე მხარეს? განა მან არ იცის, ვინ დგას ამ მზაკვრული გეგმის უკან? იცის და ამიტომაც აჭიანურებს გამოძიებას. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და ასეთ დროს, დღევანდელ დროებით ხელისუფლებას ხომ პრობლემები შეექმნება? განა ამას არ გაუსვა ხაზი ეშტონმა, ესტონელ მინისტრთან საუბარში?
უკრაინის მოვლენები, იქ მიმდინარე შიდა პროცესები, ერთობ ამაზრზენი, მიუღებელი, ფაშისტურ-კრიმინალური ანგარიშსწორებით, ნათლად მეტყველებს დასავლელთა მოჩვენებით დემოკრატიაზე. როდესაც დასავლეთის თვალწინ უკრაინის რადას წევრები, პარტია „სვობოდას“ წარმომადგენლები, კაბინეტში უვარდებიან უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელს, ცემენ მას, აშკარა დამცირებით აძალებენ გადადგომის განცხადების დაწერას, არ მოითხოვს დასავლელთა რეაგირებას?
როდესაც ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს, ქალბატონს „რევოლუციონერი“ ბიჭ-ბუჭები რევოლუციური ტრიბუნალის განაჩენს უკითხავენ სამსახურიდან დათხოვნის მოთხოვნით;
როდესაც კიევის მილიციის ფორმიან მუშაკებს, „რევოლუციონერი“ ყმაწვილები ფეხქვეშ გაგდებულებს წიხლებითა და ჯოხებით ცემენ;
როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყმაწვილი, ნიღბიანი „რევოლუციონერები“ სამსახურიდან აგდებენ, ზოგს ხელბორკილებით რადიატორებზე აბამენ და ცემენ, ზოგს სარდაფებში ამწყვდევენ და ცოცხლად წვავენ – დასავლეთი დუმს. იშვიათ შემთხვევაში თუ გამოწირავს წამიერ ვიდეო-კადრებს „ბი-ბი-სი“-სა და „ევრონიუსის“ ეთერში.
სადამსჯელო ოპერაციები გრძელდება. მათი მთავარი მიზანი „მოსკალების“, ანუ რუსების დამონება და რაც მთავარია უკრაინიდან გაძევებაა.
ზემოთმოყვანილი ყველა ბარბაროსული აქტი თვით დამნაშავეთა მიერ არის ვიდეოფირზე აღბეჭდილი და რევოლუციური ტელევიზიების მიერ გადაცემული. მიზანი? საზოგადოების დაშინება, შიშით დამორჩილება. „რევოლუციონერი“ ბიჭ-ბუჭები ხან ერთ დაწესებულებას, ხან ქარხანა-ფაბრიკებს ესხმიან თავს, ისე, როგორც არყის ქარხანას, რომელსაც არც ერთი მინა არ დაუტოვეს.
სად არის „დემოკრატი“ დასავლეთი? სად არიან აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების ელჩები? რატომ არ იღებენ ხმას გამძვინვარებულ ფაშიზმზე, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი? იკითხავს გულუბრყვილო მავანი. როგორ ამოიღებენ ხმას, როდესაც 23-წლიანი ტრენინგის შემდეგ, როგორც იქნა შედეგს მიაღწიეს?
23 წელიწადია უკრაინელ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ბანდერელთა შთამომავლებს, წვრთნიან და ავარჯიშებენ ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთის საწვრთნელ ბანაკებში, აღვივებენ მათში უკრაინულ შოვინიზმს, რუსის, ყოველივე რუსულის სიძულვილს. მიზანი? ძალიან მარტივი – რუსების დამონება, მათი უკრაინიდან განდევნა, რუსეთის დამცირება და ა.შ.
როდესაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოურიდებლად იტყვიან, რომ უკრაინაში რუსი მისულია, რომ მას უკრაინაში არაფერი ესაქმება, რომ რუსი გაუნათლებელი, უკულტურო ვინმეა – ყველაფერი ნათელია. უპირველესად კი ნათელია ის, რომ ზემოთმოყვანილი ქვეყნების ბანაკებში გავლილ წვრთნას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
სამსახურებში მივარდნის თემა არც საქართველოსთვის არის უცხო. გახსოვთ ალბათ, სააკაშვილის ზეობის პირველივე წელიწადი – „ნაცი“ ახალგაზრდების დაწესებულებებში მივარდნით, დაწესებულებების ხელმძღვანელების ლანძღვა-გინებით, ფიზიკური შეურაცხყოფით და რაც მთავარია ტელეკამერების თანხლებით. მიზანი ისეთი იყო, როგორც დღევანდელ უკრაინაში – საზოგადოების დაშინება, დაჩმორება, რასაც მიაღწიეს კიდევაც ნაცებმა.
გახსოვთ ალბათ, ირაკლი ოქრუაშვილის ღამის რეიდები, ნიფხავ-პერანგა „დამნაშავეების“ საწოლიდან წამოყრა.
პირადად, არასდროს დამავიწყდება აჭარის წარმომადგენლობაში მოვარდნა, ქუჩის გადაკეტვა და ხმის გამაძლიერებლებით მთელი უბნის მაცხოვრებლების ყურადღების მიპყრობა – მოწოდებით, მუქარით – თუ არ განვუდგებოდით ასლან აბაშიძეს, მოღალატეებად გამოგვაცხადებდნენ. შემდეგ, ბატისფეხურით, ნაგლეჯ ქაღალდზე, მუქარის ჩამოწერა და მომხდურთა ხელმოწერებით „დამშვენებულის“ ჩვენთვის გადმოცემა.
ეს 2004 წლის აპრილში იყო. ბევრმა მათგანმა „მუყაითი“ სამსახურისთვის მინისტრობასაც გამოჰკრა ხელი. თუმცა ზოგ მათგანს არ გაუმართლა – ბოლომდე ვერ მოაწონა თავი ახალდგამოჩეკილ „ფიურერს“. ვერ მოაწონა და იმანაც ჟღვინტივით მოისროლა, თუმცა მოსროლილს დიდხანს არ სჯეროდა გაყრისა. მედიაში იძახდა -ჯერ არ დავლაპარაკებივარ, დაველაპარაკები და მაშინ გაირკვევა, წავალ თუ დავრჩები მინისტრადო.
არ დატოვეს. და რომ არ დატოვეს, ოპოზიციონერად გადაიქცა. დღესაც, განსაკუთრებით დღეს, სიტყვას არ იტყვის ისე, მიშას დედაო, რომ არ დააყოლოს. ზოგი დღესაც შემორჩა თანამდებობას, მაგალითად, პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
იმჟამინდელი ნაცთა ქცევა ძალიან ჰგავს უკრაინელთა ქცევას, თუმცა გასაკვირიც არაფერია – ჩვენს ნაცებსა და უკრაინელებს ერთი და იგივე ჭკუის დამრიგებლები ჰყავთ. ზოგს ჰგონია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთან უკვე იყო და აღარ მოხდება. მცდარია ეს აზრი, ვინაიდან პოლიტიკაში გამეორებაც ხდება.
ის, რაც უკრაინაში ხდება, სისასტიკის თვალსაზრისით, გაცილებით „დახვეწილია“, ვიდრე ჩვენთან. როგორც ჩანს, მასწავლებლებმა უფრო რადიკალური მოქმედება მოითხოვეს უკრაინელი მოსწავლეებისგან. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აქ, გამეორების შემთხვევაში, უკრაინული „გამოცდილება“ მონაგონი იქნება.
უკრაინაში რომ მძიმედ არის საქმე, აღნიშნულია საერთაშორისო მოძრაობა „ნაციზმის გარეშე“ ვრცელ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაა, რომელმაც ხელისუფლებაში მიიყვანა რადიკალი ექსტრემისტები, რამაც ფართო გასაქანი გაუხსნა ბანდიტიზმს, ნეონაციზმს, რეპრესიებს იმათ წინააღმდეგ, ვინც მხარს არ უჭერს მაიდანს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაცია, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახის ფორუმებზე მოუწოდებდა ყველას, რომ უკრაინაში კანონით აეკრძალათ ნეონაცისტური ორგანიზაციები, პარტიები და პასუხისგებაში მიეცათ მათი ლიდერები.
„ჰიტლერს ხელისუფლებაში ყოფნის 5 წელი დასჭირდა, რათა დაეწყო ჰოლოკოსტი 1938 წლის „ბრალის ღამეს“. ევროპელი ლიდერები მხარს უჭერდნენ ნაცისტებს, არ ფიქრობდნენ, რას მოუტანდა ის კაცობრიობას. თუ ევროპა ვერ გაიაზრებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მთელ დრამატიზმს, მალე ნაცისტები შეანგრევენ ყველა ევროპელის კარს.
ევროპელო ლიდერებო, რომლებიც მხარს უჭერთ უკრაინულ ნეონაციზმს, გამოფხიზლდით! როდესაც შეიარაღებული ბოევიკები მოვლენ თქვენთან და თქვენს ამომრჩევლებთან, ისინი მოითხოვენ ძალაუფლებას, უცხოელთა გაყრას თავიანთი ქვეყნებიდან, სხვა აღმსარებლობის აკრძალვას, დემოკრატიული თავისუფლებების აკრძალვას. საჯაროდ გაეცით პასუხი კითხვას: როგორ ცხოვრობდით ჰიტლერული ფაშიზმის დროს? და მხოლოდ ამის შემდეგ იქონიეთ გამბედაობა, მხარი დაუჭიროთ მოწოდებას – „უკრაინა, უკრაინელებისთვის“.
„მარჯვენა სექტორის“ შეიარაღებულ ბოევიკებს წელიწადზე ნაკლები დასჭირდებათ, რომ ავტომატების ქვეშ ჩაატარონ არჩევნები, დანიშნონ ახალი პრეზიდენტი და პარლამენტი. უკვე მიმდინარეობს „ხალხის მტრების“ სიების შედგენა, ცეცხლს უკიდებენ და წვავენ კერძო საკუთრებას, რელიგიურ შენობა-ნაგებობებს. დევნა, დაკავება, დაკითხვა, ანგარიშსწორება მოქალაქეების ენის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური ნიშნების გამო ჩვეულებად გადაიქცა.
გაურკვეველი ტერმინის „ლუსტრაციის“ მიხედვით, მიმდინარეობს ყველა დონის მოხელეთა დევნა, რომლებსაც საჯაროდ აწამებენ სტიქიურ მიტინგებზე. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებნი, მასობრივად ტოვებენ ქვეყანას. . .“
ორგანიზაციის პრეზიდენტი ბორის შპიგელი, გამწარებული მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროკავშირს, ნატოს, თვალი გაახილონ და ობიექტურად შეაფასონ უკრაინის ამბვები. მაგრამ ესმის მისი და სხვა დემოკრატიული ძალების ვინმეს? ვინც უნდა გაიგოს, უპირველესად აშშ-ა, პირიქით სანქციებით ემუქრება რუსეთს.
იშვიათად მინახავს ერთსულოვნება, რომელიც ყირიმელებმა გამოხატეს რუსეთთან მიერთებით. რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს? დაჰყოლოდა ვაშინგტონ-ბრიუსელის რჩევებს და თვალი დაეხუჭა რუსი მოსახლეობის მოსალოდნელ გენოციდზე? ან იქნებ დიპლომატიით შეეწუხებინა გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო და ა.შ. – უშველეთ რუსებს უკრაინაშიო? ისინიც „შეშფოთდებოდნენ“ და იტყოდნენ, ვუშველითო და გაგრძელდებოდა „შველის“ პროცესი მრავალი ათეული წელიწადი, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ბალტიისპირა რესპუბლიკებში, „შავკანიანი რუსების“ მიმართ.
უკრაინის მოვლენები ნათელჰყოფს იქ მიმდინარე პროცესების ჩახლართულობას, განუკითხაობას, სახიფათო ტენდენციებს, რამაც მძიმე დღეში შეიძლება მოაქციოს მსოფლიო. ასეთ ვითარებაში სულაც არ არის საჭირო ე.წ. ცივილიზებული ქვეყნების გვერდში დგომა, როგორც ჩვენი ხელისუფლება აცხადებს. იმ „ცივილიზებული ქვეყნებისა“ – ამერიკა-ევროპა იგულისხმება, რომლებმაც მილიარდობით დოლარი გაიღეს უკრაინული თავსატკივარის შესაქმნელად.
მარტო ნულანდ-„ბიცოლას“, ანუ ნუდელმანის, მაღაზიაში ნაყიდი ფუნთუშები ვერ გამოკვებავდა მაიდნის ბანდიტებს. მათ ფულიც ესაჭიროებოდათ. და ამ ცინიზმის შემყურე საქართველოს პარლამენტი, ვითომდა უკრაინელი ხალხის დასაცავად მიმართვას-მიმართვაზე აცხობს. ნეტავ სად დაინახა უკრაინელი ხალხი? ან რატომ ვერ ხედავს იმ უკრაინელებს, რომლებსაც კრიმინალი „რევოლუციონერები“, გალსტუკით ახრჩობენ?
უკრაინისა რა გითხრათ, მაგრამ საქართველო რომ სხვა გზით მიდის, ფაქტია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.