22.12.2024

დარჩება თუ არა საქართველო უფუნქციოდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში

ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის

ცრუ დამოუკიდებლობამ და სუვერენიტეტმა რაც გვასწავლა, ისაა, რომ სისტემატურად დავრბივართ ამერიკაში და ნებისმიერ წვრილმან-მსხვილმან საკითხს იქ ვათანხმებთ – რიგითი პოლიტიკოსიდან დაწყებული, საშუალომდე. მაღალთან და დიდთან არათუ სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულ არშემდგარ საქართველოს მიესვლება, არამედ მასზე დიდსა და შემდგარსაც.

ამერიკაში დარბიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, აშშ-ს მიერ დაფინანსებული ე.წ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვები და სხვები, რითაც დაბეჯითებით ხაზს უსვამენ საკუთარ უსუსურობას – ქვეყნის მართვის საკითხებში სრულ გაუთვითცნობიერებლობას, დიდი ქვეყნისადმი მონურ მორჩილებას.

დიდი და ძლიერი, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული, კმაყოფილია მუდამ მის კართან ატუზული ქართველების საქციელით – ხელგაწვდილი ხელით. რჩევასაც არ იშურებს მათთვის, მეტადრე ჭკუის დარიგემას – რიგით კონგრესმენიდან დაწყებული, მაღალ-დაბალი მოხელით დამთავრებული უხვად გვარიგებს ჭკუას და პრიმიტიულ საკითხებს ისეთი მენტორული ტონით გვიხსნის, თითქოს სასწაულს, ჯერ არ ნახულს, არ გაგონილს გვეუბნებოდეს. ჩვენც, უთავმოყვაროდ, ჰაერში ვიჭერთ დამრიგებელთა „სიბრძნეს“ და შინ დაბრუნებულები, მზად ვართ საკუთარ ხალხს ბოლომდე შევტენოთ.

დამრიგებელთა რაოდენობა იზრდება. მათ ახალი სახეები ემატება – უფრო მკვეთრად გამოხატული, ხისტი. კონგრესმენ რასელის ვინაობა საქართველოში მხოლოდ იმ „ნაციონალებმა“ თუ იციან, ვინც ქართულად მომართეს ის. არათუ საქართველოში, მისი სახელი არც აშშ-ი იციან. სახელის მოხვეჭას, მითუმეტეს იქ, სხვა შემართება სჭირდება.

დღეს, ყოველი ქართველი თუ არა, ყოველი მეორე, მის სახელს ატრიალებს – უკმაყოფილო გამომეტყველებით, გაგულისებით, თითქოს იმ ქვეყნის წარმომადგენელი არ იყოს, ქართული პოლიტიკა, უკანალს რომ ულოკავს. ზედმეტმა აქტიურობამ, თავის მობეზრებამ, სხვის კარზე ატუზვამ, მათხოვრობამ და იმის ძახილმა, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე გზა არ აქვს, იცის ყოველივე ეს.

ახლოს მაინც იყოს ეს დალოცვილი „სტრატეგიული პარტნიორი“, გეოგრაფია მაქვს მხედველობაში და აქედან გამომდინარე სამგზავრო ხარჯები. აღარაფერს ვამბობ მრავალსაათიან, ჰაერში გამოკიდებულ მგზავრობაზე. თუმცა ქართული პოლიტიკა, არასამთავრობო სექტორი არათუ 8-საათიან სისტემატურ ფრენას აიტანს, არამედ ორჯერ მეტსაც.

და დავდივართ გამუდმებით შორ გზაზე საკუთარი სავარძლის მდგრადობისათვის, საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის და არა ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ათასობით დოლარს ვხარჯავთ ისედაც გავერანებული ქვეყნის ბიუჯეტიდან. არც არავის მოსდის თავში კითხვა – რა მიაქვთ ან რა მოაქვთ ამ მოგზაურობებიდან; რისთვის ირჯებიან, რისთვის იხარჯებიან, რატომ არ ენდობიან იქ საქართველოს საელჩოს ან აქ, იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას?

მარტო „სტრატეგიული პარტნიორის“ წამდაუწუმ მონახულება რომ იყოს პროგრამაში, რა გვიჭირს, ევროპის ქვეყნების მონახულებაცაა საჭირო, განსაკუთრებით ნატოს და ევროკავშირის შტაბ-ბინების. საქმე კი ერთ ადგილას არის გაყინული და ლღვობის ნატამალი არ ეტყობა.

როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთდროულად საზღვარგარეთ იმყოფება, თანაც ისეთი დაბეჩავებულის, როგორიც საქართველოა, არაჯანსაღი გრძნობა გიჩნდება ხელისუფლებისადმი. მაინც რას მოუტანს ქვეყანას პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი საფრანგეთში ან პრემიერ კვირიკაშვილის – აშშ-ი? აქამდე, რომელმა ვიზიტმა რა მოუტანა ქვეყანას, რომ ამ ვიზიტებმა მოუტანოს?!

ვიზიტი, ვიზიტისთვის და არა საქმისთვის – ასე შეიძლება დავარქვათ ამ ღონისძიებებს. არადა გონიერი პოლიტიკოსი, მითუმეტეს რაციონალურად მოაზროვნე, დღეს, აშშ-ს არ უნდა შეეტენოს, ვინაიდან მას არ ცხელა ჩვენთვის. ის თავისი საქმითაა დაკავებული – საპრეზიდენტო არჩევნებით. მხოლოდ გადაუდებელი, ხანმოკლე საქმე თუ გვაიძულებს იქაურთა შეწუხებას, თორემ პერსპექტიული ურთიერთობების თვალსაზრისით დღეს გადადგმული ნაბიჯი, სრული შესაძლებელია ხვალ ანუ არჩევნების შემდეგ ჰაერში გამოეკიდოს, მითუმეტეს მილიარდერ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში.

დონალდ ტრამპი ის პიროვნებაა, რომელიც ქედს არ უხრის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს. არჩევნებს, არჩევნებზე (პრაიმარისს) იგებს. რესპუბლიკელებს არ მოსწონთ ტრამპი ისე, როგორც დემოკრატებს, მაგრამ ხალხს მოსწონს პირდაპირობისთვის, გულახდილობისთვის და იმისთვის, რომ ის პოლიტიკით არ არის გასვრილი.

თუ თვალს გადავავლებთ ტრამპის გამოსვლებს, უდავოდ დავინახავთ ამ პიროვნების განსხვავებულ დამოკიდებულებას, როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებისადმი. ტრამპმა მოიცალა საგარეო პოლიტიკისთვის – გამარჯვების შემთხვევაში, რომ დაუსახავს ამერიკას. მისი გამოსვლა საყურადღებო და მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ჩვენთვის, დიდ ქვეყანაზე ჩამოკიდებულისთვის.

ტრამპი მილიარდერია  ანუ პიროვნება, რომელმაც საკუთარი შრომით და გარჯით დააგროვა მილიარდი. მან იცის ფულის ყადრი, ისე, როგორც ხარჯვის, რის შესახებაც თითქმის ყველა გამოსვლაში ხაზს უსვამს ყაირათიანობას. მას მიაჩნია, რომ ვაშინგტონი ძალიან ბევრს იხდის ნატოს ალიანსისთვის; რომ ნატოს წევრი ქვეყნები აშშ-ს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ატყუებენ მას.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვიხდით ნატოსთვის, ისინი (ნატოს წევრები) გვატყუებენ. 28 ქვეყანა გვბერავს ტყუილებით. ნატო არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დიდი ძვრები მოხდა. ჩვენ ისევ ვუყურებთ საბჭოთა კავშირს, რომელიც უკვე აღარ არის. თავისი არსებობის 60 წლის განმავლობაში ალიანსი ძველ დონეზე დარჩა. ნატოს დაფინანსების უმთავრესი სიმძიმე აშშ-ზე მოდის, მაშინ, როდესაც მოკავშირეები არ იხდიან სამართლიანად. მათ უნდა გადაიხადონ ან დატოვონ ნატო. ჩვენ მათ ვიცავთ, ვეხმარებით სამხედრო თვალსაზრისით, ისინი კი გვატყუებენ. ჩვენ რას ვაკეთებთ? არაფერს. ან ისინი გადაიხდიან იმას, რაც უნდა გადაეხადათ, ან წავლენ. თუ ნატო დაიშლება – დე დაიშალოს.

ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის საპირწონედ და არა ტერორიზმთან საბრძოლველად, რასაც ზოგიერთი ლაპარაკობს. იაპონიამ და სამხრეთ კორეამ თავს უნდა მიხედონ და სულ მუდამ არ უნდა იყვნენ აშშ-ს მოიმედედ.

ვიმეორებ, ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, რომელიც გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი რუსეთი. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი საფრთხე არ არის, მაგრამ ჩვენ სხვა საფრთხეებიც გვაქვს. მაგალითად, ტერორიზმი. ნატო არ იხილავს ტერორიზმთან ბრძოლას. ნატო არ შექმნილა ტერორიზმთან საბრძოლველად და მის შემადგენლობაში შეყვანილია ქვეყნები, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ“, – ამბობს ტრამპი.

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტრამპი აცხადებს, რომ აუცილებლად შეკვეცს ხარჯებს ნატოსთვის და უკრაინისთვის. მას ვერ გაუგია, რატომ ერევა აშშ-ი უკრაინის ისტორიაში. შეგახსენებთ – 2017 წლის ბიუჯეტში 4.3 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად.

„უკრაინა ის ქვეყანაა, რომელიც ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს, ვიდრე ნატოს სხვა წევრებს, მაგრამ ჩვენ ვქაჩავთ ყველაფერს ჩვენზე, გერმანია რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას?

რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ყოველთვის ის ქვეყანა, რომელმაც უნდა გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი რუსეთთან? ცხადია, მსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. პუტინი ჩემს მიმართ კეთილგანწყობილია, ცხადია, ეს გავლენით არ მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს. თუ ჩვენ რუსეთთან შევთანხმდებით, კარგი იქნება“.

ტრამპის გამონათქვამები დღევანდელ ამერიკაში ყურს არ ეხამუშება, ვინაიდან ვითარება კარდინალურად იცვლება. მაგალითი ამისა არის ტედ კარპენტერი, კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და ჟურნალ „The National Interest“-ის რედაქტორი. მისი აზრით, 1949 წელს ნატოს შექმნამ გამოიწვია ამერიკის მხრიდან ტრადიციული პოლიტიკისგან გადახვევა – უცხოურ ალიანსში მონაწილეობაზე უარის თქმა და ინტერვენციონიზმის უარყოფა.

ნატოს მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა და  ახალ ვითარებაში ფართომასშტაბიანი ამერიკული ლიდერობა აუცილებელია. დღევანდელი ევროპა განსხვავდება 1949 წლის ევროპისგან, მაგრამ ამ ორგანიზაციის და ამერიკის მიდგომა საკითხებისადმი ძველებურია.

„დღევანდელი ევროპა ევროკავშირშია გაერთიანებული, რომლის ერთიანი ეროვნული პროდუქტი აჭარბებს ამერიკისას. მას აწუხებს ტერორიზმი და რუსეთის საფრთხე, მაგრამ ხომ შეუძლია თვით გაართვას თავი ამას?

პუტინის რუსეთი ფერმკრთალი აჩრდილია საბჭოთა კავშირისა. ევროკავშირს სამჯერ მეტი ადამიანური რესურსი გააჩნია, ვიდრე რუსეთს, ხოლო ეკონომიკა – ათჯერ მეტი. მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ იღებს ევროკავშირი საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, არის ის, რომ აშშ-ი დაბეჯითებით აცხადებს თავის ლიდერობაზე და პარალელურად თავის თავზე იღებს დიდ ხარჯებს. შედეგად, ჩვენ ვხარჯავთ ნატოში ეროვნული პროდუქტის 4%, ნატოს ევროპელი წევრები კი – 1.6%-ს.

ნატოს შექმნის შემდეგ ვაშინგტონის მიზანი იყო უსაფრთხოების დაცვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-ს პოლიტიკა დაბეჯითებით აწარმოებდა ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით. ნატოს წესდების მეხუთე მუხლი კი გვახსენებს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, ნიშნავს ნატოზე თავდასხმას, რასაც თავისუფლად შეუძლია აშშ-ი შარში გახვიოს.

ნატოს აბსურდულობამ 21-ე საუკუნეში თავის კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც 2016 წლის თებერვალში, ვაშინგტონის ინიციატივით, ერთი ციცქნა მონტენეგრო გააწევრეს ნატოში. როგორ შეძლებს ეს მიკროსახელმწიფო აშშ-ს უსაფრთხოების დაცვას?

კარგია, რომ მონტენეგროს არ ჰყავს მტრები დიდი სახელმწიფოს სახით, რასაც ვერ ვიტყვით ესტონეთზე, ლატვიაზე და ლიტვაზე, რომლებიც 10 წლის წინათ შეიყვანეს ნატოში. მათ ცუდი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. თუ წინათ ალიანსის ჩარჩოებში ჩვენ ვიღებდით პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დაცვაზე, დღეს იძულებული ვართ თავი გავწიროთ იმ მიკრო სახელმწიფოთა გულისთვის, რომლებიც რუსეთის საზღვართან მდებარეობენ.

ნატოს მომხრეები ვერ ხედავენ საერთაშორისო არენაზე მომხდარ ცვლილებებს. მათთვის მთავარია ალიანსის შენარჩუნება და არა აშშ-ს უსაფრთხოება. 67 წელი დიდი დროა და პოლიტიკა ამ ხნის განმავლობაში ვერ დარჩება შეუცვლელი. უკვე დროა ჩატარდეს ყოველმხრივი ანალიზი და განხილულ იქნას ალიანსიდან აშშ-ს გამოსვლის საკითხი“, – წერს ექსპერტი.

ექსპერტის მოწოდება უცხო აღარ არის, ისე, როგორც ამერიკის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი დონალდ ტრამპის. სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს ამერიკელები ტრამპს. მხარდამჭერთა რაოდენობა კი საგრძნობია.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის ხელისუფლებას, იმ ზეკონსერვატულ, დახავსებულ ამერიკულ წრეებთან აქვს კავშირი, რომლებიც ძველებურად აზროვნებენ. მათ შორისაა სენატორი მაკკეინი. სწორედ მას შეხვდა პირველ რიგში საქართელოს პრემიერი. სხვას ის ვერ ხედავს, მაგრამ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს? ისევ იმ სიმღერას იმღერებს, 20 წელიწადზე მეტია რომ უნიჭოდ მღერის? ამ სიმღერას „ნატოში მინდა“ ჰქვია. რამდენად ესიამოვნება ნატოზე გულაცრუებულ ახალ ბოსს ქართველთა სიმღერა?

დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში სერიოზული განცხადება გააკეთა – რუსეთთან, ჩინეთთან, ჩრდილო კორეასთან, სხვებთან ურთიერთობა, ნატოსთან დაკავშირებით ამ ალიანსის წევრებისთვის ნაკლებად სასიამოვნო სამომავლო დამოკიდებულება. მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკა და მას კატასტროფა უწოდა. კატასტროფა, რომელმაც არეულობა, ქაოსი, ტერორიზმი მოუტანა ლიბიას, ერაყს, სირიას, საერთოდ ახლო აღმოსავლეთს, მსოფლიოს.

ტრამპის სიტყვა საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან ღრმა ანალიზს საჭიროებს, მაგრამ აქვთ კი მათ ამის თავი? გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი შეცვლის პოლიტიკას ისე, როგორც ეს ამერიკის ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს სურს, რაც თავისთავად გამოიწვევს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის საქართველოს, პოლიტიკის შეცვლას.

ტრამპს, რომელსაც დიდი სურვილი აქვს რუსეთთან ურთიერთობის დადებითობისკენ შეცვლის, სხვა თვალით შეხედავს საქართველოს პრეტენზიებს, რაც უდავოდ გამოიწვევს საქართველოს ფუნქციის დაკარგვას. დამოუკიდებლობის წლებში „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ საქართველოს, რუსეთის გამღიზიანებლის ფუნქცია არგუნა. ერთადერთი, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა იყო და არის რუსეთის გაღიზიანება, მისი ლანძღვა-გინება, სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობა. გავიხსენოთ სააკაშვილის „ერა“.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა დათბობის შემთხვევაში, რასაც ტრამპი გვპირდება, „გამღიზიანებელი“ საქართველო მიუღებელი იქნება ამერიკისთვის, რაც თავისთავად ნიშნავს უფუნქციოდ დარჩენას. დავუმატოთ ამას ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება ნატოსადმი და ხელში შეგვრჩება მრავალი წლის განმავლობაში, საკუთარი ხალხის მიმართ გაგორებული ტყუილი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით.  

არა მრეწველობა, არა სოფლის მეურნეობა, არა მეცნიერება – ასეთი იყო ვაშინგტონის მიერ გამოწერილი „რეცეპტი“ საქართველოსთვის. ერთადერთი, რაც მან გაიმეტა ჩვენთვის, რუსეთის გამაღიზიანებლის როლის შესრულება იყო. და საქართველოც პირნათლად ასრულებდა დავალებას. მოუწევს თუ არა მას ამ როლის გაგრძელება, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყდება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.