დასავლეთის ორმაგი სტანდარტი და ქართველთა ილუზია

დასავლეთისთვის, ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ჩვეულებადაა ქცეული ორმაგი სტანდარტები, რაც პოლიტიკაში ნაკლებად გათვითცნობიერებულ საზოგადოებას ხშირად აბნევს და ცრუ ილუზიას უქმნის. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც რახანია ამ ილუზიებით ცხოვრობს. არადა, თუ საქმეში ღრმად ჩახედული არ ხარ, ვერაფრით გაიგებ დასავლელი პოლიკოსის მიერ გამოთქმული მოსაზრება – როდის იყო მართალი ან როდის შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ხალხს ვერ მოსთხოვ საგარეო პოლიტკის პერიპეტიებში კვლევა-ძიებას, მას ცხოვრებისეული პრობლემები აწუხებს. ხალხს განმარტება პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა უნდა გაუკეთონ, მაგრამ არიან კი ჩვენში საგარეო საქმეებში გათვითცნობიერებული პოლიტიკოსები ან ექსპერტები?

რომ იყვნენ, ურთიერთგამომრიცხავი აზრების, თანაც უმწიფარის ფრქვევას ადგილი არ ექნებოდა. არც ხალხის მოტყუებას ექნებოდა ადგილი.

მავანი შემედავება, ისინი შეგნებულად აკეთებენ ამასო. გეთანხმებით – მათი განცხადებები აშკარა მანიშნებელია ამისა, მაგრამ ამასთანავე მცირედით მაინც ვუშვებ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ ნათქვამის დაჯერებას. საქართველოს პოლიტიკას სჯერა დასავლეთის, ვინაიდან მას უნდა სჯეროდეს, ბოლოსდაბოლოს ტყუილად ხომ არ აძლევს ის დასავლეთი მსუყე დაფინანსებას?

საქართველოს პოლიტიკას სჯერა დასავლეთის და მას უნდა სჯეროდეს, მიუხედავად იმისა გულში სჯერა თუ არა. დასავლეთის დაჯერება ხომ ტკბილი საჯარო თანამდებობის გარანტიაა?!

საქართველოს ხელისუფალთ, საერთოდ პოლიტიკას მართლაც სჯერა დასავლეთის, რამეთუ ტყუილის დაჯერება დასაწყისშია ძნელი, მაგრამ თუ შუბლის ძარღვს გაიწყვეტ, შემდეგ გჯერა და გჯერა. გჯერა საკუთარი ტყუილის – საკუთარი სკამისთვის, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის, საკუთარი უახლოესი ნათესაურ-მეგობრული წრისთვის, მაგრამ არა ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაშიც „თაოდათაოს“ პრინციპი მოქმედებს.

სწორედ ასეთ დაჯერებას უნდა მიეწეროს ხალხის არცთუ მცირე ნაწილის აგრესიული განწყობა მეზობელი რუსეთის მიმართ –  რომ ის აგრესორია. დაჯერებას უნდა მიეწეროს საქართველოს „წარმატებები“ საერთაშორისო არენაზე, რასაც უცხოური კვლევითი ცენტრების ინფორმაციით ვიგებთ.

რას ნიშნავს ეს რეიტინგები, ხალხმა არ იცის. შეიძლება არც პოლიტიკამ იცოდეს, ვინაიდან მას არ აქვს წაკითხული „ეკონომიკური მკვლელი“ – ამერიკული საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ჯონ პერკინსის (John Perkins) მიერ დაწერილი წიგნი, სადაც ავტორი ამხელს ამერიკული მსხვილი კორპორაციების, ბიზნესის, ხელისუფლების მზაკვრობას ჩვენნაირი ქვეყნების მიმართ.

ამა თუ იმ ქვეყანაში მომუშავე ამერიკული კორპორაციების წყალობით, მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური რეიტინგები იზრდება. ქვეყნის ხელისუფლებას თვითკმაყოფილების გრძნობა იმონებს და უეცრად ქვეყანა ბანკროტი ხდება, ვალებს ვეღარ იხდის და იძულებულია თავიდანფეხებამდე მიეყიდოს დასავლეთს.

ხალხი ცხადია გრძნობს, ხედავს, რომ ე.წ. ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად, მისი ცხოვრება იოტისოდენადაც არ შეცვლილა უკეთესობისკენ, თუმცა მაინც რაღაცის იმედი აქვს და საკუთარ თავს ადანაშაულებს დაუნახაობაში.

დასავლელი პოლიტიკოების განცხადებების დაჯერება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მას რეალური გადაწყვეტილებები მოჰყვება. მაგალითად ავიღოთ საქართველოს ნატოში გაწევრება. რახანია საქართველო ნატოს კარზე ძუძგურობს. ბრიუსელი გვეუბნება – თქვენთვის ნატოს კარი ღიააო, მაგრამ კარის ზღურბლს ვერ გადავაბიჯეთ. არადა, ხომ გვეუბნებიან, ხშირად დაბეჯითებითაც. ჩვენი ხელისუფლებაც იჯერებს, ვინაიდან უნდა დაიჯეროს, რამეთუ საკუთარი ხალხისთვის აქვს დაპირება მიცემული – ნატოში შეგიყვანთო.

ხელისუფლება, წინადადების – გრძელის და ჩახლართულის, ბოლომდე გაგების სურვილს არ გამოხატავს და წინადადების დასაწყისით კმაყოფილდება. დასაწყისი კი პოზიტიურია, ბოლო – ნეგატიური. ავიღოთ გერმანიის ვიცე-კანცლერის და საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის თბილისის განცხადება: „გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას. თუ თქვენ ნატოში გაწევრიანების გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბრობთ, არსებობს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეთანხმება. გერმანია ამას მხარს უჭერს“.

შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი იმყოფებოდა გერმანიაში. გერმანიის კანცლერ მერკელთან შეხვედრის დროს მასპინძელმა თქვა, რომ გერმანია ვერ ხედავს საქართველოს ნატოში. ვის დავუჯეროთ?

ალბათ მერკელს, ვინაიდან ის კანცლერია, შტაინმაერი ვიცე-კანცლერი და სხვა პარტიის წარმომადგენელი, თანაც არცთუ იშვიათად მისი აზრები არ ემთხვევა მმართველი პარტიისას. შტაინმაიერმა უკმაყოფილება გამოხატა ნატოს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში – რუსეთის საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრების ჩატარების გამო – რუსეთს გააღიზიანებსო, თუმცა ამით მანევრების ჩატარების ადგილი არ შეცვლილა და მასში გერმანიამაც მიიღო მონაწილეობა.

შტაინმაიერმა დიპლომატიური ხერხი გამოიყენა აზრის ჩამოყალიბებისთვის, ისე, რომ მასპინძლებს არ წყენოდათ. მან მხარი დაუჭირა ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც გრძელვადიანია და არვინ იცის შესრულდება თუ არა და არა საქართველოს ნატოში უახლოეს გაწევრებას.

გვერდზე გადავდოთ დიპლომატიური ლექსიკა და თვალი შევავლოთ რეალობას. თუ ვინმე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ნატოში შესვლას, უპირველესად გერმანია იყო და არის, საფრანგეთთან ერთად, რაც ფაქტია. დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით – მოგცემთო, ამბობენ, მაგრამ როდის? თითქოს ვადასაც აცხადებენ. . .

დასავლურმა ორმაგმა სტანდარტებმა იმდენად მოაბეზრა თავი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რომ სულ ახლახანს ტელევიზიით გამოვიდა და თქვა – „დასავლეთი საჯაროდ კიცხავს სირიის ხელისუფლებას, მლანძღავს და ამბობს, რომ ჩვენთან არავითარი კავშირი არ ექნებათ. სინამდვილეში კვირა ისე არ ჩაივლის, რომელიღაც დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანი არ ჩამოვიდეს დამასკოში ჩემთან შესახვედრად“. ეს განცხადება ასადმა ავსტრალიელ მაღალჩინოსანთან საუბრის შემდეგ თქვა. და მართლაც რამდენ დახურულ ვიზიტს ჰქონდა ადგილი დამასკოში, ვინ მოთვლის?

დასავლელებს სტუმარ-მასპინძლობისთვის შესაფერისი ლექსიკაც აქვთ შემუშავებული, რისი მოწმეც არაერთხელ ვყოფილვართ. შინ, უმკაცრეს დამოკიდებულებას გამოხატავენ საქართველოს მიმართ – მარტო ქართველ ქურდებთან დაკავშირებით ნათქვამი რად ღირს. საქართველოში ყოფნისას მათი ლექსიკა კარდინალურად იცვლება – რბილი განცხადებებით, რომ კრიმინალი ხელს არ შეუშლის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღებაში.

არადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კაზნიოვმა ერთი თვის წინ ლამის დაიგინა – უვიზო მიმოსვლას არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალ თვეებში არ გარგუნებთო. გერმანიასთან ერთად შევთანხმდით, რომ ასე იქნებაო. შემდეგ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დე მეზიერმა ისეთი ფაქტები დაასახელა, უვიზო მიმოსვლა კი არა, ლამის გერმანიაში პატიოსნად მცხოვრებ ქართველობას შეექმნა პრობლემები.

სტუმრად მყოფმა შტაინმაიერმა განაცხადა, რომ საქართველო უდავოდ მიიღებს უვიზო მიმოსვლას. ვის დავუჯეროთ?

ალბათ დე მეზიერს, რომლის კომპეტენციაა სავიზო საკითხები. მაგრამ ჩვენ იმისა გვჯერა, ვინც დადებითს იტყვის. ალბათ დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გვარიანად გათვითცნობიერდება დიპლომატიურ ლექსიკაში, პროტოკოლური სიტყვების მნიშვნელობაში, ნათქვამის გაანალიზებაში და იმის გათვალისწინებაში, სად, როდის და რა ვითარებაში იყო წარმოთქმული მავანი დასავლელი პოლიტიკოსის სიტყვა, მანამდე კი მოგვიწევს დადებითი ნათქვამით აღტაცება და უმალ მისი საწინააღმდეგო უარყოფითის მოსმენა, რაც უდავოდ იწვევს ნერვიული სისტემის მოშლას, მაღალ-დაბალი წნევის ინტენსიობის გაზრდას და ცხადია გულსისხლძარღვთა დაავადებას.

ზოგიერთი დასავლელი რომ დღეს ამბობს საქართველოს ნატოში ვერ ვხედავო, გუშინწინ, გუშინ ეთქვა – ჩვენთვისაც ჯობდა და ქვეყნისთვისაც. ბოლოსდაბოლოს სხვა გამოსავალს ვნახავდით, სხვას მივადგებოდით.

ააა, აი ასეთი აზრი რომ არ მოგვსლოდა თავში, იმიტომაც გვატყუეს მრავალი წლის განმავლობაში. უაღრესად ცუდი საქციელია დასავლელთა მხრიდან, არანაკლები, მასზე აყოლილი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. მხოლოდ იმედით დაპურება და ცხელ წერტილებში საქართველოს მოქალაქეთა საზარბაზნე ხორცად გამოყენება დიდი ვერაფერი საქმეა. ვერც ნატოს სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნა მოგვანიჭებს შვებას, პირიქით თავსატკივარს გვიჩენს – რუსეთის შემხედვარეს.

ერთადერთი, რასაც შეუძლია სიმშვიდის მოგვრა – სიმართლის თქმაა. ერთხელ გვეწყინება, მივეჩვევით და განვაგრძნობთ ცხოვრებას, თორემ მოლას ვირის მდგომარეობაში ყოფნა თუ რით მთავრდება შეგახსენებთ – მოლამ ვირი ჭამას გადააჩვია, თივას ცხვირწინ უტრიალებდა, მაგრამ არ აძლევდა. სირბილით და შიმშილით დაოსებულმა სახედარმა ვერ გაუძლო ექსპერიმენს და ერთ მშვენიერ დღეს გარდაიცვალა.

მოლას ვირის ტრაგიკულ ისტორიას „გონებაგახსნილი“ დასავლელი ვერ გაიგებს. იქნებ ჩვენმა „ბრძენმა“ ხელისუფლებამ აუხსნას მას ამ ისტორიის სიბრძნე?!

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.