დამაფიქრებელი პერსპექტივა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოულოდნელმა ვიზიტმა სირიის არაბთა რესპუბლიკაში მსოფლიოს აუწყა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება და ამ ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნა.
პუტინის ვიზიტს ნაკლებად შეიძლება ეწოდოს ვიზიტი, უფრო სწორი იქნებოდა სირიაში, რუსეთის სამხედრო ბაზა ხმეიმიმზე ჩასვლა და იქ არსებული რუსული სამხედრო კონტიგენტის წინაშე სიტყვით გამოსვლა. პუტინმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის და გასცა ბრძანება ჯარის რუსეთში დაბრუნების თაობაზე.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, სხვა სახეობის სამხედრო დაჯგუფებებმა წარმატებით გაართვეს თავი მთავარსარდლის დავალებას, გადაარჩინეს რა სირიის კანონიერი ხელისუფლება ტერორისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განადგურებისგან, სირიის, რეგიონის, მსოფლიოს, ისლამისტების მოძალებისგან. ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ პუტინმა გეზი ქაიროსკენ აიღო, შემდეგ ანკარისკენ, სადაც მას ამ ქვეყნების პრეზიდენტები ალ სისი და ერდოღანი ელოდებოდნენ.
2 წელიწადზე ცოტა მეტი დასჭირდა რუსეთის შეზღუდული რაოდენობის სამხედრო კონტიდენტს „ისლამური სახელმწიფოს“ სირიიდან განდევნა. ცხადია, ყველა ტერორისტის ან ტერორისტული ჯგუფის სრული განადგურება შეუძლებელი იყო, მაგრამ ძირითადი ძალის, მოხერხდა, რამაც გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა 21-ე საუკუნის საზარელი სენის, ტერორიზმის აღკვეთის საქმეში, ამასთანავე გააჩინა დიდი საფიქრალი ტერორიზმის სხვაგან შესვლის თაობაზე.
სირიის ომში 50 000-ზე მეტი ტერორისტი განადგურდა, თუმცა მათი რაოდენობა არცთუ მცირეა. ტერიტორიადაკარგული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ინდივიდუალურად გააგრძელებს „საქმიანობას“ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, განსაკუთრებით იქ, საიდანაც ისინი წავიდნენ სირიაში საბრძოლველად.
„ისლამური სახელმწიფო“ – ტერორისტული ორგანიზაცია, პირველი მცდელობა იყო ტერორიზმისთვის სახელმწიფოებრიობის მინიჭების გზაზე. მანამდე ტერორისტულ ორგანიზაციებს, ისეთებს, როგორებიც არიან „ალ-ქაიდა“, „ჯებხატ ან-ნუსრა“, სხვები არ გამოუთქვამთ სურვილი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ასეთს ადგილი ჰქონდა სირია-ერაყის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სირიის, სადაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ უმოკლეს დროში მოახერხა ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 80%-ს დაპყრობა და დაპყრობილზე სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბება.
ცნობილი ფაქტია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ შემქმნელი და სულის შთამბერი აშშ-ს სპეცსამსახურები იყვნენ. მიზანი – მარტივი – დასავლეთის მიერ მტრად შერაცხული სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დამხობა და მის ნაცვლად, აშშ-ს მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელისუფალის ქვეყნის სათავეში მიყვანა.
აშშ-ს პოლიტიკა მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, არაბული ქვეყნების, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების წაქეზებაში გამოიხატებოდა. ზოგ შემთხვევაში, შეიარაღებული ჯგუფების მიმართ დახმარების გაწევაში. დასტურად „არაბული გაზაფხულიც“ კმარა, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს „ვარდების რევოლუციაზე“, უკრაინის „ნარინჯისფერზე“ და სხვა.
„არაბული გაზაფხულის“ რევოლუციურ „აღმაფრენაში“, რასაც ტუნისსა და ეგვიპტეში ხელისუფლების ცვლა მოჰყვა, სირია ვერ მოექცა. ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მტკიცე პოლიტიკამ არ დაუშვა ე.წ. რევოლუცია. მაშინ აშშ-ს და მისი არაბული მოკავშირეების სხვა პროგრამას მიეცა ფართო გასაქანი – შეიარაღებულ ბრძოლას ხელისუფლების დასამხობად. ამ როლის შესრულების მიზნით შეიქმნა „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც სირიის ახალ მმართველ ძალად უნდა გადაქცეულიყო.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფო“ გარკვეულ გარდაქმნას დაექვემდებარებოდა. გათავისუფლდებოდა უკიდურესი რადიკალური ძალებისგან და მეტნაკლებად მისაღები გახდებოდა, როგორც აშშ-ს, ისე მისი მოკავშირეებისთვის. „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედება დასავლეთის მიერ „პირსისხლიანი“ ბაშარ ასადის წინააღმდეგ, დემოკრატიული ძალების გამარჯვებად შეფასდებოდა.
აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ დაიწერა ამერიკულ პრესაში. პროექტი ვერ განხორციელდა, ვინაიდან რუსეთი ჩაერია სირიის საქმეებში და იქ ყოფნა წარმატებით დააგვირგვინა. ნიშნავს თუ არა სირიაში, რუსეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება ამ ორგანიზაციის გაქრობას?
ნამდვილად არა! „ისლამური სახელმწიფო“ და მისი შვილობილი ორგანიზაციები სხვაგან დაიდებენ ბინას, მათ შორის კავკასიაში, განსაკუთრებით ამიერში, ცენტრალურ აზიაში, რუსეთში, ლიბიაში, თურქეთში, ავღანეთში, სხვაგან.
„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა, ასე რომ, მათ აქვთ დასაბრუნებელი. „ისლამურ სახელმწიფოში“ საკმაო რაოდენობის საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები იღებდნენ მონაწილეობას. ეს ორი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა წლების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაციების ინკუბატორადაც ითვლებოდა. ამ მხრივ გამოირჩეოდა პანკისი, ქვემო ქართლი, აზერბაიჯანის იატაკქვეშა მეჩეთები.
აზერბაიჯანელი მეცნიერი არიფ იუნუსოვი, რომელიც სწავლობს რადიკალური ისლამის საკითხებს, აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ პროდასავლური ორგანიზაციის განადგურების შემდეგ, ამ ძალებმა დაიწყეს მუშაობის ახალი ფორმების ძიება, მათ შორის იატაკქვეშურის. ასე გაჩნდა ე.წ. იატაკქვეშური მეჩეთები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან დარეგისტრირებული. სწორედ ამ მეჩეთების ირგვლივ შეიკრიბნენ კომპაქტური ჯგუფები, რომლებიც აზერბაიჯანის მომავალს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აკავშირებენ.
სირიიდან დაბრუნებული ტერორისტები უდავოდ დაამყარებენ კავშირს აზერბაიჯანში მოქმედ რადიკალურ, იატაკქვეშა ძალებთან და ხელსაყრელი მომენტის შემთხვევაში შეეცდებიან პროცესებში აქტიურ ჩართვას, თუნდაც ისეთში, როგორიცაა მთიანი ყარაბახის კონფლიქტი. ინტერნაციონალური ტერორიზმის მთიანი ყარაბახის პროცესებში ჩართვა უდავოდ გამოიწვევს ვითარების დაძაბვას მთელს ამიერკავკასიაში.
ყოველივე აღნიშნულს „ხელს წაახმარს“ აშშ-ს გარკვეული ძალები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სურს რუსეთის საზღვრებთან ხანძრის აგიზგიზება. და არა მარტო რუსეთის. ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც მოჭარბებულად ნეგატიურად განიხილავს ირანს – მიიჩნევს მას როგორც ტერორიზმის სპონსორს, შეეცდება აზერბაიჯანში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ირანზე მისევას.
ამერიკა-ირანს შორის ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში სულაც არ არის გამორიცხული სამხედრო კონფლიქტიც. და თუ ამას ექნა ადგილი, ტერორისტებს „თავის გამოჩენის“ შესანიშნავი შანსი გამოუჩნდებათ იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინც აქტიურად ებრძვის ტერორიზმს. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაში რუსეთთან ერთად, დიდი წვლილი ირანმაც შეიტანა.
ამიერკავკასიაში შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარება, ჩამცხრალი კონფლიქტებით და სხვა პრობლემებით, ნოყიერი ნიადაგია ტერორისტული საქმიანობის წარსამართავად და თუ აღნიშნულს გარე ძალების მოქმედებაც დაემატება – გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, სუსტი მშვიდობა, რომელსაც კავკასიაში აქვს ადგილ, უარესობისკენ შეიცვლება.
ვითარებას ართულებს ამიერკავკასიის სამი ქვეყნიდან ერთის – საქართველოს განუწყვეტელი სწრაფვა ნატოსკენ, რაც ტერორისტებისთვის მიუღებელია. 2006 წელს საქართველომ ოფიციალურად განაცხადა, რომ უნდა გახდეს ნატოს წევრი. მას შემდეგ იყო 2008 წლის ომი, რომელმაც კარდინალურად შეცვალა ნატო-ვაშინგტონის დამოკიდებულება ნატოში საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით.
რატომ? იმიტომ, რომ ნატო და აშშ-ი სხვა ქვეყნებს იყენებენ თავიანთი საკითხების მოსაგვარებლად და არა იმისთვის, რომ საკუთარ თავს დამატებითი პრობლემები შეუქმნან. ნატოსა და აშშ-ს თვალსაზრისით ბევრი ქვეყანა მოიაზრება ნატოს აქტიურობის ზონად. ამასთანავე ნატო თავის თავზე არავითარ ვალდებულებას არ იღებს, მათ შორის ტერიტორიულ უსაფრთხოებაზე, რაც დამტკიცდა კიდევაც ცხინვალის ომის დროს.
არსებული სინამდვილე არ განიხილება საქართველოს ხელისუფლებაში. არ ხდება შესაბამისი დასკვნების გაკეთება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხელისუფლება – სამთავრობო შენობებში მოქცეული, არ იცნობს შენობებს მიღმა მიმდინარე პროცესებს, იმ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რასაც ადგილი აქვს მოსახლეობის მხრიდან ნატოს მიმართ. აღნიშნულს ცეცხლზე ნავთს ასხამს „IRI“-ის და „NDI“-ის მიერ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, სადაც დაფიქსირებულია ნატოსადმი მხარდაჭერის ჭარბი პროცენტები – ხშირად 60%-ზე მეტი, რაც სასურველის რეალობად წარმოჩენას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, ხელისუფლება იძულებული უნდა ყოფილიყო გადაედგა ოდნავ მაინც განსხვავებული ნაბიჯი, შეესუსტებინა ნატო-ნატოს ძახილი, ყურადღება გაემახვილებინა საშინაო პრობლემების მოგვარებაზე, რომელთა გარეშე ნატოში შესვლა შეუძლებელია და დალოდებოდა ბრიუსელის გადაწყვეტილებას. მსგავსი რჩევა არაერთხელ გამოითქვა ამერიკელი ექსპერტების მხრიდან, თუმცა მათ, ხელისუფლება ყურს არ უგდებს. რით არის წაყრუება გამოწვეული?
მარტივი მიზეზით, ანუ თავის გადარჩენის სურვილით. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი მხოლოდ ხელისუფლების საკუთარი პრობლემების მოგვარებას ემსახურება, რაც შორს არის სახელმწიფოს ინტერესებიდან. ქართული საზოგადოება ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებს გაცილებით საღად და რეალისტურად აღიქვამს, მათ შორის რესეთთან ურთიერთობას, ვიდრე ხელისუფლება. ხალხი იმასაც ხედავს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანთან ჩახუტება, განსაკუთრებით სამხედრო საკითხებში, ქვეყნისთვის საშიშროების შემცველია.
ავიღოთ ისეთი საკითხი, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო კომუმიკაცია. მას 3000 თურქი სპეციალისტი მოემსახურება. ისინი მუდმივად იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე. დავუმატოთ ამას თურქეთის გავლენა აჭარაზე, მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე და მივიღებთ „რბილ ოკუპაციას“, რაც თავისთავად ქმნის საქართველოს ტერიტორიის თურქეთის გავლენის ქვეშ მოქცევას ან თურქეთ-აზერბაიჯანს შორის „ერთობლივი ინტერესების ზონად გადაქცევას. სწორედ ეს ქვეყნები და აშშ-ი გადაწყვეტენ საქართველოს პოლიტიკას.
დავუმატოთ ამას დემოგრაფიული ვითარება – ერთობ მძიმე და თითქმის გამოუსწორებელი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას არც ამის სახსრები აქვს და არც სურვილი. ის დღევანდელი დღით ცხოვრობს. და მივიღებთ ერთობ არასახარბიელო პერსპექტივას ანუ უპერსპექტივობას საკუთარ ქვეყანაში.
ქართული მოსახლეობა შევიწროვდება თურქებისა და აზერბაიჯანელების მხრიდან. ამას დაერთვება ახალგაზრდების ინტენსიური გადინება ქვეყნიდან. მიგრაციულ პროცესებს ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაც, ქართველი ახალგაზრდების „გაევროპელებაც“, მედიის დასავლური პროპაგანდაც და სხვა მრავალი ფაქტორი.
საბოლოო ჯამში საქართველოში დარჩება საპენსიო ასაკის მოსახლეობა, რომელსაც არავითარი ძალა არ ექნება ქვეყნის გადაგვარების წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს დეპოპულაციურ ტერიტორიას უცხოელები აითვისებენ, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა. ხედავს თუ არა საქართველოს მოაზროვნე ნაწილი (ხელისუფლება არ მყავს მხედველობაში) ამ ერთობ საგანგაშო პერსპექტივას?
ძნელია, არ დაინახოს, მაგრამ გამუდმებული მედიური პროპაგანდა თრგუნავს მის აზროვნებას. არადა, საწინააღმდეგო აზრის მოსმენა უდავოდ ხელს წაკრავდა საკუთარი ჯანსაღი აზრის განმტკიცებაში. საწინააღმდეგო, დავარქვათ ამას ალტერნატიული მოსაზრება, საჯაროდ არსად ისმის, უპირველესად მედიაში. მედია – ნაყიდი დასავლელთა მიერ, დასავლეთს ემსახურება, ისე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები. თითო-ოროლა გაზეთი, რომელთაც ან წაიკითხავენ, ან არა, ხალხის გამოღვიძებას ხელს ვერ შეუწყობს.
დღესაც, როგორც ყოველთვის, 25 წლის განმავლობაში ანტირუსული პროპაგანდა ყვავის. სწორედ ამის შედეგია – ქართველი ახალგაზრდების და არა მარტო, წარმოუდგენელი ზიზღი რუსეთის, სიყვარული მეზობელი თურქეთის და ყოველივე დასავლურის მიმართ. გაივლის დრო, დღევანდელი ახალგაზრდა თაობა დაღვინდება, ცხოვრება აიძულებს სხვა თვალით, უფრო რეალურით შეხედოს მოვლენებს, მაგრამ ექნება თუ არა მას სამშობლო – საკითხავია. თუმცა, თუ არ ექნება, არც ამაზე იდარდებს კოსმოპოლიტად აღზრდილ-ჩამოყალიბებული.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.