გაეროს გენერალური ასამბლეიის მუშაობის თაობაზე
გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი მუშაობის დაწყება. ასამბლეის ჩვეულებრივ შეკრებას, რომელსაც ყოველი წლის შემოდგომით აქვს ადგილი, გამორჩეულობის ელფერს მატებდა აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის გამოსვლა.
ტრამპი პირველად იღებდა მონაწილეობას სესიის მუშაობაში და ამდენად ყველა დიდის ინტერესით ელოდა მის სიტყვას. გარდა ამისა, ტრამპი, ინაუგურაციიდან დაწყებული, დღემდე არაერთ სალანძღავ სიტყვას ხმარობდა გაეროს სუსტი მუშაობის თაობაზე. ამბობდა იმასაც, რომ გაეროს სტრუქტურა კარდინალურად უნდა შეიცვალოს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციაზე და ისეთ საკითხზეც, როგორიცაა ვეტოს გამოყენება.
ამ „ფუფუნებით“ უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სარგებლობს. ესენია: აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ითქვა, ცხადია კულუარებში, ვეტოს უფლების გაუქმების თაობაზეც, რაც რუსეთმა და ჩინეთმა პირად შეტევად მიიღეს.
ნიუ-იორკში ჩასულმა ტრამპმა – გაეროს მუშაობის გარდაქმნის მიზნით შემუშავებული საკუთარი პროექტი წარუდგინა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს „თათარიახნად“ მოწყობილ თათბირზე. მოწვეულთა შორის არ იყო რუსეთის წარმომადგენელი, დღემდე გამოუცნობი მიზეზის გამო.
თათბირი ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ ტრამპმა მოახერხა გვერდით მჯდომი გაეროს ახალი გენერალური მდივნის გუტიერეშის შეხურება – ბევრ ფულს ხარჯავთ, საქმეს კი ცოტას აკეთებთო და თუ ვითარება არ შეიცვლება უკეთესობისკენ, აშშ-ი მკვეთრად შეამცირებს თქვენი ორგანიზაციის დაფინანსებასო. შეხურებასთან ერთად მან გუტიერეში შეაგულიანა – თქვენ უნდა იყოთ მსოფლიო საჭირბოროტო საკითხების, მათ შორის კონფლიქტების მთავარი მომგვარებელიო. გუტიერეში კი შეეცდება იყოს ასეთი, მაგრამ აშშ-ს პოზიცია მსოფლიოს ერთმმართველობის თაობაზე უდავოდ დიდი ბარიერი იქნება ამ საქმის განხორციელებაში.
გაეროს რეორგანიზაციის თემა რა ხანია დგას დღის წესრიგში, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო ჩიხშია შესული. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება უშიშროების საბჭოზე. არის მოსაზრება, რომ უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს კიდევ რამდენიმე დაემატოს, მაგალითად გერმანია, იაპონია, ინდოეთი, … , მაგრამ ვეტოს უფლების გარეშე.
არის სხვა მოსაზრებაც – ვეტოს გაუქმება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთ-ჩინეთის პოზიციას აზიანებს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი საკითხი გადაიჭრება ხმათა უმრავლესობით. ეს წესი თავისთავად ნიშნავს აშშ-ს პოზიციის განმტკიცებას და უშიშროების საბჭოს მიერ სწორედ აშშ-ს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. აშშ-ი საკმაოდ ძლიერი გავლენით სარგებლობს არა მარტო თავის მოკავშირეებში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
ამ გავლენის გარანტორად გვევლინება აშშ-ს სამხედრო ძლიერება, მსოფლიოში მიმოფენილი ამერიკული სამხედრო ბაზები, ეკონომიკური კავშირები, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, მსოფლიოს წარმმართველი ვალუტა დოლარი, სხვა მსხვილ-წვრილი ეკონომიკურ-ფინანსური ბერკეტები.
დღევანდელი მსოფლიო ერთპოლუსიანია და მის სათავეში აშშ-ა, თუმცა მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენები გვიკარნახებენ, რომ ამ სისტემას წყალი აქვს შემდგარი. მსოფლიოში სხვა ქვეყნებიც ამოიწვერენ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის სახით, რომლებიც ეპაექრებიან აშშ-ს და მრავალპოლუსიანობისკენ მიანიშნებენ მას. თუ რა სისწრაფით განვითარდება მრავალპოლუსიანობისკენ სვლა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
მანამ აშშ-ი მზადაა პასუხი გასცეს გამოწვევას ეკონომიკური სანქციებით, ძალის გამოყენებით, მუქარით, რაც გაისმა კიდევაც ტრამპის გამოსვლის დროს. მისამართი ისედაც ცნობილი იყო, ვინაიდან ლამის ნახევარ წელზე მეტია ამერიკა ემუქრება ჩრდილო კორეას და ისიც ამერიკას, თავისი ქცევით – ბირთვული იარაღის გამოცდით და ბალისტიკური რაკეტების გაშვებით.
ვიდრე კორეის თემას განვიხილავ, ისევ ვახსენებ ვეტოს საკითხს. თუ ვეტო აღარ იქნება, რუსეთი დაკარგავს უდიდეს გავლენას საკითხების გადაწყვეტაზე. აშშ-ი კი, სხვებთან შეთანხმებით, იოლად შეძლებს საკითხების მის სასარგებლოდ გადაწყვეტას.
რუსეთი იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა ამერიკულ პროექტს და მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო მასზე კოლექტიური მუშაობა. აშშ-ა, ნაცვლად კოლექტიური მუშაობისა, ისე, როგორც ეს მეპატრონეს ჩვევია, შეთხზა პროექტი, თანაც ყველასთან შეუთანხმებლად და დიდკაცურად, ჩამოურიგა თათბირში მონაწილე ქვეყნებს – გასაცნობად და მისაღებად. რამდენად დაემორჩილებიან ტრამპის სურვილს ეს ქვეყნები მალე დავინახავთ, მაგრამ რუსეთმა და ჩინეთმა კატეგორიული უარი სტკიცეს ტრამპს. ეს კი მარცხია, თანაც დასაწყისიდანვე.
რატომ არ უნდათ გარკვეულ ქვეყნებს, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ვეტოს უფლება?
მარტივი მოსაზრების გამო. აშშ-ნ შეთანხმებით და ამ უკანასკნელის სხვებზე ზეწოლით, ხმათა უმრავლესობით სასურველი რეზოლუციის მიღებისთვის. მაგალითად – უკრაინის ხელისუფლება დაბეჯითებით იბრძვის რუსეთისთვის აგრესორის დამღის მისანიჭებლად. ის ამტკიცებს, რომ დონბასში რუსი ჯარისკაცები იბრძვიან.
ოფიციალურმა კიევმა კარგად იცის, რომ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის არმია არ არის, მაგრამ რუსეთის გასაშავებლად და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად თხზავს სიცრუეს, რომელიც მედიის საშუალებით ეფინება მსოფლიოს, როგორც ჭეშმარიტება. ვეტოს არ არსებობის შემთხვევაში, აშშ-ნ საერთო ენის გამოძებნით, ის შეძლებდა ანტირუსული რეზოლუციის მიღებას.
ამერიკელთა ძალისხმევით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რახანია ანტრუსული პროპაგანდის მთავარ შემოქმედებად გვევლინებიან. ლიტვის პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტემ დაგმო რუსული აგრესია და ყურადღება გაამახვილა რუსეთ-ბელარუსულ სამხედრო წვრთნებზე, როგორც ევროპისთვის უდიდეს საფრთხეზე და ეს მაშინ, როდესაც ნატოს ჯარები მჭიდროდ არიან შემორკალულნი რუსეთის დასავლეთის საზღვრებზე.
დავუბრუნდეთ გაეროში ტრამპის გამოსვლას. მან ისეთი მუქარა შეუთვალა ჩრდილო კორეას, რომ სიტყვით ქვა-ქვაზე არ დატოვა – თუ არ შეეშვება ამერიკისა და მისი მოკავშირეების მუქარას, მიწასთან გაასწორებს.
დარბაზში მყოფთ არ გაკვირვებიათ ტრამპის არადიპლომატიური განცხადება. ისინი უკვე მიეჩვივნენ მსგავსს. ვიზავიმაც არ დააყოვნა და იმავე ტონალობით უპასუხა – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის და ისიც დაამატა, რომ სულ მალე გამოცდის წყალბადის ბომბს წყნარ ოკეანეში.
ტრამპის მუქარა რიტუალად იქცა – არასასურველ, უხერხულ რიტუალად, რომელსაც არ ახლავს მუქარის შესრულება. და კიდევ კარგი, რომ არ ახლავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი, თანაც ბირთვული, გარდაუვალი იქნებოდა.
ტრამპმა არა მარტო ჩრდილო კორეა გალანძღა, არამედ ირანიც – უწოდა რა მას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო.
თუ ვინ არის ტერორიზმის სპონსორი და დამცველი კიდევ ერთხელ, ახლახანს დამტკიცდა, როდესაც იდლიბის პროვინციაში (სირია) ტერორისტებმა, აშშ-ს სპეცსამსახურების დახმარებით ალყაში მოაქციეს რუსი პოლიციელები, რომლებიც წესრიგს იცავენ ტერორისტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. რომ არა დამხმარე ძალის დროული რეაგირება, ტერორისტები მუსრს გაავლებდნენ რუს პოლიციელებს. გაერთიანებული ძალისხმევით რუსმა სამხედროებმა შეძლეს ალყის გარღვევა. საბოლოო ჯამში, რუსულ-სირიულმა მხარემ, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე შეძლო ოპერაციის წარმატებით დასრულება და 850 ტერორისტის ლიკვიდაცია.
რუსულმა მხარემ პროტესტით მიმართა აშშ-ს და დაპირდა, რომ მსგავსის განმეორების შემთხვევაში, ის არ დაინდობს აშშ-ს სპეცსამსახურების ექსპერტებს, რომლებიც მრავლობით რიცხვში არიან სირიაში და დახმარებას უწევენ ე.წ. ზომიერ ტერორისტებს.
რაც შეეხება ირანს – ეს ქვეყანა, რუსეთთან და ორგანიზაცია „ჰესბოლასთან“ ერთად მუსრს ავლენს სირიის ტერიტორიაზე თავმოყრილ ტერორისტებს. სწორედ ამ სამეულის დაუღალავი მეცადინეობით იქნა გათავისუფლებული სირიის ტერიტორიის 80% ტერორისტებისგან.
ტრამპს არ მოსწონს ირანი, რის შესახებაც ის წინასაარჩევნო კამპანიიდან დაწყებული აცხადებს. თან იმასაც ამბობს, რომ აშშ-ი გამოვა იმ შეთანხმებიდან, რომელიც გაფორმდა პრეზიდენტ ობამას დროს – ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით.
ხელშეკრულების მონაწილე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და თვით ამ ორგანიზაციის სახელით ანტიამერიკული განცხადებები გაკეთდა. მათ დაგმეს ტრამპის მოქმედება არა მარტო ირანთან, არამედ ჩრდილო კორეასთან მიმართებაშიც.
ევროპელთა მოქმედება უდავოდ იმის მაუწყებელია, რომ დაპირისპირება ამერიკა-ევროპას შორის სერიოზულ სახეს იღებს. ევროპელებს აღარ აწყობთ მუდამ მორჩილი კრავის პოზაში ყოფნა და „დიდი“ პატრონის თვალში ციცინი.
ტრამპის გამოსვლაში იყო სხვა მომენტიც, რუსეთის მიმართ აუგის ართქმა. არადა როგორც წინა, ისე იმის წინა ამერიკელი პრეზიდენტები, გაეროს მაღალ ტრიბუნას რუსეთის სალანძღავად იყენებდნენ. პრეზიდენტ ტრამპის თავშეკავება რაღაცას ნიშნავს და ეს „რაღაცა“ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ამჯერად ტრამპს არ სურს ამერიკის პოლიტიკოსების გაღიზიანება და მათი ახალი რისხვის გამოწვევა. ის ელოდება სპეცკომისიის მუშაობის დასრულებას, რომელმაც უნდა დაადგინოს – ერეოდა თუ არა რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ.
რაც შეეხება ე.წ. მეგობარი ქვეყნების ჩვენს მიმართ მხარდაჭერას გაეროს ტრიბუნიდან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიზნით, უდავოდ დასაფასებელია, მაგრამ საზეიმო ნამდვილად არ არის. ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი და სხვები – თვით ტრამპის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პროვოკატორებად მოხსენიებულნი, მუდამ ლანძღავენ და მომავალშიც გალანძღავენ რუსეთს, მაგრამ ამით რუსეთს არაფერი დააკლდება. მათი ლანძღვა აშშ-ს დირიჟორობით ხდება და ეს კარგად იციან ევროპაში. როდესაც ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებში 100000 რუსი სამხედრო იღებდა მონაწილეობას, ხოლო ნატოელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ რაოდენობა 13000-ს არ აჭარბებდა, სერიოზულობას არ მატებს არც პრეზიდენტს და არც მის ქვეყანას.
თურქეთის, ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლიტვის წარმომადგენლების მიერ მოხსენებაში აღნიშნულმა საქართველოს მხარდაჭერამ, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეიფორია გამოიწვია საქართველოს პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა შორის. მაგალითად, სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი ოპტიმიზმის გარკვეულ შესაძლებლობას აძლიერებს“. გია ვოლსკი კი გვეუბნება: „ნუ შევხედავთ ამას როგორც მხოლოდ ტრიბუნიდან ნათქვამ სიტყვებს“.
როგორც ჩანს, მას რაღაცის იმედი აქვს, რასაც ცივ წყალს ასხამს თამარ კიკნაძე: „განცხადებები კარგია, მაგრამ ამას პარალელურად უნდა ქმედება. ყველა ეს ქვეყანა მაინც უწევს ანგარიშს რუსეთის სიძლიერეს“.
ქალბატონი თამარი მოუწოდებს ქართულ მხარეს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, რასაც სხვებიც იზიარებენ. ნაცვლად ბაქიბუქისა და რომელიღაც ქვეყნის მეთაურის (ცხადია წვრილფეხას) სიტყვისა, გაცილებით უმჯობესი იქნებოდა პრაგმატული აზრის განვითარება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მიზნით.
გაეროს 72-ე სესიამ უდავოდ დაგვანახა – ვინ არის მსოფლიო მშვიდობის მტერი; ვინ იწვევს მსოფლიო დაძაბულობას; ვინ აცხადებს, რომ გაანადგურებს სუვერენულ ქვეყანას. ეს ამერიკაა, რომელსაც უდავოდ ესაჭიროება ლაგამი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.