იტალიელი ჟურნალისტის დოკუმენტური ფილმიდან გამომდინარე

უკრაინაში „მაიდნის“ რევოლუციის დასაწყისის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, ხელისუფალთა, მხარდამჭერთა მონაწილეობით. შეთხელებულა მათი რაოდენობა – მხარდამჭერები მყავს მხედველობაში, თორემ ხელისუფლებას რა შეათხელებს. პირიქით, იქ მომუშავეთა რიცხვი, ისე, როგორც აქ, სტაბილურად იზრდება. და რაც არ უნდა ამტკიცოს აქაურმა ხელისუფლებამ – ვმცირდებითო, ძნელი დასაჯერებელია.

რახანია „საოცნებო“ ხელისუფლების ამ ინიციატივას საზოგადოება – განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილი, ითხოვს სახელისუფლებო რგოლების ოპტიმიზაციით გამოწვეული ფინანსური შემცირების ამსახველი დოკუმენტის გასაჯაროებას, მაგრამ უშედეგოდ. მისი თხოვნის პასუხი მარტივი, მაგრამ გაუგებარია – არ ვიცით, ხარჯები რამდენით შემცირდება. ეს მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ბიუჯეტს შევადგენთო.

როგორც ჩანს ხელისუფალთ უჭირთ ესოდენ მარტივი საქმის გაანგარიშება, რაც გვაფიქრებინებს, რომ გაუქმებულ სამინისტროებში დასაქმული ნათესავების სხვაგან დასაქმების საკითხი წყდება. ეს კი დროს მოითხოვს. გაუქმებულ სამინისტროებს ხომ არ უნდა გადაჰყვნენ ისინი?!

დროის გაჭიმვა მალამოსავით მოქმედებს სკეპტიკური საზოგადოების მოთხოვნაზე, ნელ-ნელა არბილებს სიმწვავეს. ხელისუფლებამ იცის, რომ მომთხოვნი, პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ნაცვლად მეტი კატეგორიულობისა, უიმედოდ ჩაიქნევს ხელს. რამდენი ასეთი საკითხი გაანეიტრალა ხელისუფლებამ 25 წლის, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში?

ორ დაძმობილებულ ქვეყანას ბევრი რამ აქვს საერთო ამ თვალსაზრისით და არა მარტო ამ, სხვა თვალსაზრისითაც. ავიღოთ რევოლუცია. „ფერად-ყვავილოვანი რევოლუციებით“ საქართველო, უკრაინას ვერ შეედრება. იქ მეტს ჰქონდა ადგილი, არც ახალია გამორიცხული. აქ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ ერთხელ იხარა და მის შემდეგ აღარ გამეორებულა, მიუხედავად „ნაცთა“ ბელადის მცდელობისა ასეთს ჰქონოდა ადგილი გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

გახსოვთ ალბათ, სააკაშვილის სატელეფონო საუბრები მისი გუნდის წევრებთან. ისიც გემახსოვრებათ – თუ რას მოითხოვდა ის „რუსთავი-2-სგან“ – დიდი მიტინგის მოწყობას, პოლიციასთან შეტაკებას და მსხვერპლს, მეტადრე ქალების, რასაც ფართო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვებოდა, საბოლოო ჯამში – „საოცნებო“ ხელისუფლების დამხობა, „ნაცთა“ აღზევება, ბელადი სააკაშვილის „მეორედ მოსვლა“.

მაშინ, ეს სცენარი ბევრმა დაავადებული ტვინის ნაბოდვარად ჩათვალა. არადა, იყო „რაღაც“ სინამდვილის მარცვალი ამ მზაკვრულ პროექტში, განა კიევის მაგალითი წინ არ გვედო?

რახანია გვესმის ხან ჭორის, ხან სინამდვილის სახით იმ სცენარის შესახებ, რომელმაც ფართო გასაქანი ჰპოვა უკრაინაში 2014 წლის „მაიდნის“ რევოლუციის დროს. რევოლუცია მაშინ აღწევს პიკს, როდესაც სისხლი იღვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაფიქრებული რევოლუცია მიტინგებში გადადის და ნელ-ნელა კარგავს სიმწვავეს – რაც მთავარია აუცილებლობას.

2003 წლის ნოემბერს დაწყებულ უკრაინულ რევოლუციასაც იგივე დაემართებოდა, რომ არა სიმწვავე, რომელიც „მაიდნის“ რევოლუციამ მაშინ შეიძინა, როდესაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა „უბრძანა“ სამართალდამცავ ორგანოებს ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტებისთვის. მას შემდეგ იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ ასეთი ბრძანება მას არ გაუცია. მაშ, ვინ დახვრიტა ხალხი?

ვინ და იანუკოვიჩმა – აცხადებს იანუკოვიჩის ჩამნაცვლებელი პოროშენკოს ხელისუფლება. ისიც გვესმოდა, ოპოზიციამ როგორ გამოიყენა სნაიპერები იანუკოვიჩის გასაშავებლად. გვესმოდა, მაგრამ არ ვიჯერებდით, რუსულ პროპაგანდას მივაწერდით. ახლა?!

შეიძლება არც ახლა დავიჯეროთ და ისევ რუსეთს დავაბრალოთ ის, რაც რუსულმა ტელეარხებმა აჩვენეს (ჯან მიკალესინის “უკრაინა, დამალული ჭეშმარიტება). მაინც რა?

იტალიელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის ვიდეო-მასალაში, აღბეჭდილია 2014 წლის კიევის მოვლენები, მთავარ შემოქმედებთან ერთად. მთავარი შემოქმედები კი ქართველი სნაიპერები არიან, რომლებმაც მომიტინგეები და „ბერკუტელები“ დახოცეს – ვითარების დაძაბვის მიზნით. სნაიპერები თვით ამბობენ ამას იტალიელ ჟურნალისტთან ლაპარაკის დროს. ქართველები იმასაც ამბობენ, რომ მათთან ერთად ამერიკელი და ბალტიისპირელი სნაიპერებიც იყვნენ. იმასაც ამბობენ, რომ კიევში სააკაშვილმა ჩაიყვანა. ვიდეო-ფილმში ნაჩვენებია კიევში სააკაშვილის გამოსვლა 2014 წლის მიტინგზე, მოწოდებით – დაემხოს იანუკოვიჩის მთავრობა.

იტალიელი ჟურნალისტი სვამს კითხვას – სნაიპერთა აღიარებამ რატომ დააგვიანა, რატომ დღეს და არა ადრე. და თვითონ პასუხობს კითხვას – ალბათ დანაპირები ფული არ მისცესო.

საქართველოს ტელეარხები იტალიელი ჟურნალისტის ვიდეო-ფილმს არ აჩვენებენ ან თუ გაბედავენ, ისეთ კომენტარებს დაურთავენ, იტალიელსაც და მის „დამფინანსებელ“ კრემლსაც კუდით ქვას ასროლინებენ. ასე იცის სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის „უკიდეგანო“ დამცველმა დღევანდელმა საქართველომ.

ქართულ მედიას დემოკრატიად ის მიაჩნია, ფართო საზოგადოების მიერ საშინელებად აღქმულ „ნაცმოძრაობის“ წევრებს რომ სისტემატურად იწვევენ ტელე თუ რადიო-ეთერში „ბრძნული“ აზრების გასავრცელებლად. ამ თვალსაზრისით პირველობას ვერვინ წაართმევს რადიო „მაესტროს“, სადაც ყოველდღე გადაიცემა ე.წ. თოქ-შოუები „სახელგანთქმული“ ჟურნალისტების „წინამძღოლობით“. ნუთუ, ასე საინტერესოა ისეთი რესპონდენტების „ბრძნული“ მოსაზრებების გაცნობა საზოგადოებისთვის, როგორებიც არიან უგულავა, რურუა, ბოკერია, სხვები და სხვები? იქნებ პირიქით?!

„ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანმა მმართველობამ რომ საქართველოს საზოგადოებაზე და ქვეყნის განვითარებაზე, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურად იმოქმედა –  ფაქტია. „ნაციონალებმა“ არა მარტო ეკონომიკა გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს თითქმის ყველა დარგი, რითაც საქართველო იყო ცნობილი – ცხადია არა მეორედ მოსული შევარდნაძის დროს, არამედ საბჭოეთის პირობებში. მათ მოახერხეს ახალგაზრდა თაობის გადაგვარება, რაც უმძიმეს შედეგს მოუტანს ქვეყანას.

„ვარდების რევოლუციის“ რეპრესიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს – პატიმრებით გამოტენილი ციხეებით, წამებით და ა.შ. ამის შემდეგ დამნაშავე „ნაცების“ „ბრძნული“ მოსაზრებების მოსმენა აუტანელი არ არის?!

მავანი მეტყვის – შენც ნუ უსმენ, სხვა არხზე გადართეო. მაგრამ ნუთუ გადართვა, უშველის საქმეს?

მე არ მოვუსმენ, სხვა მოუსმენს – ახალგაზრდა, გამოუცდელი.

მაინც, რა ნახეს გრიგოლიამ, ტრაპაიძემ, სხვებმა საზოგადოების და არა სამართლის მიერ  დამნაშავედ შერაცხულ ამ ადამიანებში ისეთი, რომ მათი სხვისით ჩანაცვლება არ შეიძლება? რაღაცის, ვიღაცის, მითუმეტეს მეზობელი რუსეთის ლანძღვა-გინებაში ხომ მთელი საქართველოა გაწაფული, რაღა მაინცდამაინც დამნაშავე „ნაციონალები“? რა ისეთი სადიზმი დასჩემდათ, რომ ვერაფრით იკმაყოფილებენ ავადმყოფურ მოთხოვნებს?!

„მოჭარბებულად“ დემოკრატმა ტრაპაიძემ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ „ნაცთა“ ყოფილ კულტურის მინისტრს უკანასკნელი სიტყვებით ელანძღა სტალინი, საბჭოთა კავშირი, რუსეთი და პუტინი. რა ლექსიკა არ იყო გამოყენებული სტალინის და იმ ადამიანების დასაგმობად, რომლებიც პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. და ვინ გამოდიან სტალინის „რეპრესიების“ კრიტიკოსებად? – 21-ე საუკუნის დამნაშავე, უდანაშაულო ადამიანების სისხლით ხელგასვრილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ნუთუ, ეს არის დემოკრატია ან ყბადაღებული ადამიანის უფლებების დაცვა, ან სიტყვის თავისუფლება?

სიტყვის ამგვარი თავისუფლება ანარქიის, პოლიტიკური გაუგებრობის, გონებრივი აჯაფსანდალის მომასწავლებელია! და მას საღ აზროვნებასთან არაფერი აკავშირებს. როგორც ჩანს, ასეთთა, ეთერში დამპატიჟებლები სტალინ-რუსეთის ლანძღვით მიღებულ ორგაზმს გრძნობენ და მასთან ერთად მაზოხისტურ სიამოვნებას.

ჩინეთის ლიდერმა დენ სიაოპინმა, რომელმაც მაო ძედუნი შეცვალა, განაცხადა – მაო ძედუნის მიერ გაკეთებულ დადებით საქმეებს თუ სასწორზე დავდებთ ნეგატიურთან ერთად, დავინახავთ, რომ დადებითი 75%-ია და აქედან გამომდინარე მისი ლანძღვა-გინება მიუღებელიაო. არადა, თვით დენ სიაოპინი მაოს რეჟიმის დროს რეპრესირებული იყო.

სტალინი მსოფლიო მოვლენაა და რაც არ უნდა ლანძღოს ის რურუამ, სხვა მისთანებმა, ვერაფერს დააკლებენ. რაც შეეხება „დემოკრატი“ „ნაცების“ მიერ ქვეყნის ბარბაროსულ „მართვას“ – ისტორიას ჩაბარდა და მისი გამეორება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოში მცხოვრები ადამიანები დაივიწყებენ 9-წლიან „ნაცთა“ პარპაშს.

2014 წლის „მაიდანმა“ უკრაინას ცუდის მეტი არაფერი მოუტანა – დააქცია ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა; კატასტროფულად გააუარესა ხალხის სოციალური მდგომარეობა. ერთ დროს მოწინავე უკრაინა მათხოვარ ქვეყნად იქცა. მილიონობით უკრაინელი წავიდა ქვეყნიდან, მარტო რუსეთს 4 მილიონმა უკრაინელმა შეაფარა თავი. მეზობელი პოლონეთი გაივსო იაფფასიანი უკრაინელი მუშებით.

2014 წელს მოსულმა ხელისუფლებამ ბიძგი მისცა ნაციონალიზმის აღორძინებას. ფაშისტებთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფი ბანდერა, შუხევიჩი, სხვები უკრაინის გმირებად იქცნენ. ამ და სხვა უკრაინულ „ბედნიერებაში“ თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართველმა სნაიპერებმაც. განა ეს „დასაფასებელი“ არ არის?

იქნებ ხელისუფლებიდან ვინმემ აგვიხსნას – რა ჰქვია ამას? ისიც გვითხრას, ვისი თავკაცობით იყვნენ ისინი გამოძახებული უკრაინაში? თვით ხელისუფლება როგორ აფასებს სნაიპერთა მოქმედებას?

ამ კითხვებს ალბათ არასდროს გაეცემა პასუხი ისე, როგორც იტალიელი ჟურნალისტის ფილმი ვერ ეღირსება საქართველოს სატელევიზიო სივრცეს. ასე იცის შერჩევითმა დემოკრატიამ, ორმაგმა სტანდარტებმა და იმან, სიტყვის თავისუფლება რომ ჰქვია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.