22.12.2024

ახალი წელი ტერორიზმით დაიწყო

ახალი წლის დადგომამდე განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა იმდენად დააფრთხო ევროპელი, და არა მარტო, მოსახლეობა, რომ ბევრმა უარი თქვა ტრადიციად ქცეულ რიტუალზე – ახალი წლის შეხვედრაზე ქალაქების ქუჩებში. ბერლინის, ბრიუსელის, პარიზის, მადრიდის, სხვა ქალაქების მერების და ხელისუფლების, პოლიციის, უშიშროების სამსახურების ძალისხმევით ზემომოყვანილი და სხვა ქალაქების ცენტრებში ე.წ. უსაფრთხო ზონებში – ბეტონის ბლოკებითა და რკინის ბარიერებით შემორაგულში, მაინც ჩატარდა მასობრივი საზოგადოებრივი ღონისძიებები.

პოლიციელებთან ერთად საზოგადოებრივ წესრიგს სამხედროებიც იცავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა სტამბოლი ვერ იხსნეს ტერორისტული აქტისგან და 2017 წელს ევროპა მძიმე ტერაქტით შეხვდა. 39 ადამიანი შეიწირა სტამბოლის ღამის კლუბში განხორციელებულმა ტერაქტმა. რაც შეეხება დაჭრილებსა და დაშავებულებს – 70-ს აჭარბებს. მორიგი  ტერაქტი იყო ბაღდადშიც – 40 ადამიანის მსხვერპლით.

სტამბოლის ტერორისტული აქტი დაგმეს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა. მკაცრი იყო გერმანიის კანცლერის მერკელის განცხადებაც ტერორისტთა მიმართ, რომლის ლოიალურმა პოლიტიკამ გამოიწვია ის ქაოსი, განსაკუთრებით ძალადობა, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

მერკელი პირველი იყო იმ დასავლელი პოლიტიკოსებისგან, ვინც ხელგაშლილი შეხვდა ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, ავღანეთიდან წამოსულ ადამიანთა ლავას. მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახის სამსახურები ლტოლვილთა მისაღებად. მათ დაემატა არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციები და გაჩაღდა მუშაობა საშური მასპინძლობისთვის.

2016 წლის დასაწყისი უდავოდ დამაფიქრებული უნდა ყოფილიყო, როგორც მერკელის, ისე სხვა ლიბერალი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის. 2015 წლის ლტოლვილური გამოცდილება სიფრთხილისკენ მიანიშნებდა მათ, მაგრამ უზომოდ ლიბერალურმა აზროვნებამ იძალა და ტოლერანტი ევროპის ქვეყნების ლიდერები დააპირისპირა ევროპის ნაკლებად ტოლერანტული ქვეყნების ლიდერებთან. მარტო უნგრეთი და მისი პრემიერ-მინისტრი ორბანი რად ღირს. ევროკავშირმა დაგმო მისი წევრი უნგრეთის მოქმედება და ლამის ფაშიზმად მონათლა უნგრეთის საზღვარზე მავთულხლართების გაბმა, დაუპატიჟებელი „სტუმრებისგან“ თავის დასაცავად.

ორბანის კრიტიკოსთა შორის მერკელი გამოირჩეოდა.  ლამის „დედა ტერეზად“ ქცეულმა მერკელმა, არა მარტო ბევრი იღვაწა გერმანიაში ლტოლვილთა ღირსეული დახვედრისთვის, არამედ ყველაფერი იღონა ლტოლვილთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფარავად. სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ლტოლვილების მიუღებელი საქციელი არათუ მედიაში არ აისახებოდა, არამედ ლამის სამზარეულოშიც თავს არიდებდნენ ამ თემაზე მსჯელობას.

ლტოლვილი ყოველთვის მართალი იყო, მაშინაც, როდესაც საზოგადო აუზში ერთ-ერთმა ლტოლვილმა არასრულწლოვანი ბიჭუნა გააუპატიურა, მაშინაც, როდესაც სახალხო ზეიმზე ქ.კიოლნში, გოგონები მასობრივად შეურაცყვეს; მაშინაც, როდესაც გოგონებს, რომლებმაც უარი თქვეს ლტოლვილებთან სქესობრივ აქტზე, საპასუხოდ მუშტები მიიღეს სახეში.

ჩვეულებრივ ამბავად იქცა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გერმანელ ქალთა ჭკუის დარიგება – თუ არ გინდათ სქესობრივი კონტაქტი, შეეცადეთ ერთი მეტრის სიშორეზე იყოთ ლტოლვილებიდან. ასევე ჩვეულებრივ ამბად იქცა ლტოლვილი ახალგაზრდა მამაკაცების თავის მართლება – რა ვქნათ, მეოთხე თვეა ცოლთან არ გვიცხოვრიაო და ა.შ.

ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ლტოლვილთა აღვირახსნილობა წესრიგსდაჩვეულ ევროპელ მასპინძლებზე, რამაც მძიმე დაღი დაასვა ევროპულ ცხოვრებას. მერკელის უტოპიური ფილოსოფია – ლტოლვილების სწრაფ ადაპტაციასთან დაკავშირებით, კრახით დასრულდა, რაც აისახა კიდევაც გერმანიის ადგილობრივ არჩევნებში. მერკელის პარტიამ დამარცხება იგემა.

წელს ბუნდესტაგის არჩევნებია და თუ ხელისუფლების დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე იმსჯელებს გერმანელი ამომრჩეველი, მერკელიც, საფრანგეთის პრეზიდენტის გზას გაუყვება. მოგეხსენებათ, ოლანდმა უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. მართალია მერკელს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია, პირიქით, მეოთხედ აპირებს კანცლერის სავარძლისთვის ბრძოლას, მაგრამ აირჩევს შეურაცხყოფილი გერმანელი ამომრჩეველი?

თვით მერკელი 180 გრადუსით შემობრუნდა 2016 წლის დასაწყისში გამოვლენილი პროლტოლვილური პოლიტიკისგან. დღეს, ის ანტილტოლვილურ განცხადებებს აკეთებს. თუ რამდენად გულწრფელად, ღმერთმა იცის. შეუნდობს მას გერმანელი ხალხი უხეშ შეცდომებს, მომავალ შემოდგომაზე გამოჩნდება.

რაც შეეხება ლტოლვილებით აწიოკებულ ევროპის ქვეყნების მოსახლეობას, აღარაფერი იხსნის, ვინაიდან ლტოლვილთა სამშობლოში დეპორტაცია ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც მათი უსწრაფესი ადაპტაცია. ევროპელები უნდა შეეგუონ, რომ ნიცის, ბერლინის, სხვა ქალაქების ტერორისტული აქტები ისტორიას კი არ ჩაბარდება, პირიქით გაფართოვდება.

ტერორიზმი უსერიოზულეს საფრთხედ არის ქცეული კაცობრიობისთვის და მასთან ბრძოლა ერთი სახელმწიფოს ხელით ვერ მოიპოვებს წარმატებას. ტერორიზმს კოლექტიური ბრძოლა სჭირდება ანუ მთელი რიგი ქვეყნების გაერთიანება და ტერორიზმზე ერთიანი შეტევა. მსგავსს 2016 წელს არ ჰქონია ადგილი, ისე, როგორც წინა წლებში. თუ რას ჰქონდა ადგილი – სიტყვით ტერორიზმთან ბრძოლა ჰქვიოდა, საქმით – პირიქით.

ტერორიზმი ფაქტიურად მრისხანე იარაღად იქცა იმათ ხელში, ვინც ჰეგემონიზმისთვის, საკუთარი მიზნებისთვის იბრძოდა. ამ იარაღმა მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა მათ, მაგრამ ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან – გაზრდილი მხეცი რომ გამზრდელსაც ჭამს. დღეს უკვე აღარავინ დაობს „ალ-ქაიდას“, „ისლამური სახელმწიფოს“, „თალიბანის“ ავტორობაზე, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ამაში აშშ-ს ვერავინ შეეცილება.

პირველი ტერორისტული ორგანიზაცია აშშ-ს სპეცსამსახურებმა ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას დაუკავშირეს, მეორე – საბჭოთა კავშირის მემკვიდრის რუსეთის მოკავშირის სირიის ხელისუფლების დამხობას. ამ ტერორისტული დაჯგუფებების შექმნის ისტორიაც და მიზნებიც წყლის წვეთებივით ჰგავს ერთმანეთს, განსხვავება დროშია. პირველი მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეიქმნა, მეორე – 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში. ორივემ მძიმე კვალი დაამჩნია მსოფლიოს, თანაც ისეთი, მომავალშიც რომ სისტემატურად შეგვახსენებს თავს.

აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ შექმნილი, გაწვრთნილი და შეიარაღებული ბანდიტები, შემდგომში თვით გამრავლდნენ და ლამის მთელ მსოფლიოს მოედნენ. დიდია მათი შემოსავლები, შეიარაღებაც და რაც მთავარია მჭიდროა მათი კავშირები, როგორც დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან და პოლიტიკოსებთან, ისე ახლო აღმოსავლეთის მდიდარ არაბულ ქვეყნებთან. ამდენად ტერორიზმთან ბრძოლა ფორმალურ ხასიათს ატარებს და შორს არის კონკრეტულისგან. როდესაც სირიაში მებრძოლ ტერორისტებს დასავლეთი მეამბოხეებად ნათლავს, ხოლო სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას – პირსისხლიან ჯალათად, ძნელია ერთიან ანტიტერორისტულ შეტევაზე ლაპარაკი.

ანტიტერორისტულ ბრძოლაში ორი დაჯგუფება გამოირჩევა – პირველი, აშშ-ა შექმნა კოალიციის სახით და მასში 62 ქვეყანა გააერთიანა. მეორე – რუსეთი, ირანი, სირიაა. პირველი რახანია ებრძვის ტერორიზმს, მეორემ – ბრძოლა, აქტიური და დაუნდობელი 2015 წლის შემოდგომით დაიწყო. მეორემ, პირველის გულის გასახეთქად, ერთი წლის ბრძოლით, სირიის ტერიტორიის დიდი ნაწილი გაათავისუფლა ტერორისტებისგან. პირველმა, ჯერ-ჯერობით რაიმე საგნობრივს ვერ მიაღწია.

პირველსა და მეორეს შორის ბრძოლა დიპლომატიურ მაგიდასთანაც გრძელდებოდა და ყოველი ახალი რაუნდი მიღწევად ითვლებოდა, თუმცა მოლაპარაკებიდან ერთი დღის შემდეგ, საერთო ვითარება ძველ კალაპოტს უბრუნდებოდა. მოლაპარაკებათა ინტენსივობა, განსაკუთრებით 2016 წლის დეკემბრამდე შეინიშნებოდა, თუმცა უშედეგოდ, რაც აშკარად მიანიშნებდა ამერიკელთა მხრიდან დროის გაყვანას. ამ ფარულ ღონისძიებას (დროის გაყვანას) თან ერთვოდა ანტირუსული მედიური კამპანია ლანძღვა-გინებით, შეურაცხყოფის მიყენებით, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად რუსეთმა, ირანმა და სირიის ხელისუფლებამ შეძლეს ქ.ალეპოდან ტერორისტების განდევნა.

აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამწარა აშშ-ს ადმინისტრაცია, პირადად პრეზიდენტი ობამა, რომელმაც ერთ სიბრტყეზე დააყენა ტერორიზმი და რუსეთი. ვაშინგტონის მითითებით მძლავრი ანტირუსული PR-ი აგორდა, რომელმაც საქართველომდეც მოაღწია და ქართული პოლიტიკაც და ხელისუფლებაც ობამას მცდარ და ცრუ გზას გაუყენა. რუსეთი კი აგრძელებდა იმას, რასაც ტერორიზმთან ბრძოლა ჰქვია. მან მოახერხა ირანთან, თურქეთთან შეთანხმების მიღწევა და ასტანაში სამშვიდობო მოლაპარაკების დაგეგმვა.

ალეპოში გამარჯვების შემდეგ ბაშარ ასადის ხელისუფლაბას ხელ-ფეხი გაეხსნა ოპოზიციასთან ლაპარაკში. ოპოზიციური ძალები დათანხმდნენ მოლაპარაკებაზე, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება. რუსეთის ნაბიჯმა მსოფლიოს დაანახა, თუ ვინ არის სირიაში მთავარი. და ეს ყველაფერი წელიწადნახევარში. შედარებისთვის – 3 წელზე მეტია ამერიკის მიერ შექმნილი კოალიცია ებრძვის ტერორიზმს სირიაში, თუმცა უშედეგოდ.

სირიის რუსულმა მაგალითმა დაანახა ყველას, ვისაც სიმართლე სურს, რას ნიშნავს ტერორიზმთან ნამდვილი ბრძოლა. ისიც დაანახა, რომ მარტო სიტყვით და უმოქმედო კოალიციით, ტერორიზმთან ბრძოლა შეუძლებელია.

ალეპოს განთავისუფლება სულაც არ ნიშნავს სირიის ომის დამთავრებას, მაგრამ უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც შეიძლება წარმატება მოჰყვეს ასტანის დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ისე, როგორც ფრონტზე, დიპლომატიაშიც ექნება ადგილი წინსვლას, რასაც უდავოდ ხელს შეუწყობს ობამას ადმინისტრაციის მოღვაწეობის დასრულებაც.

20 იანვარს აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ახალი ადმინისტრაცია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ტერორიზმი უდიდესი საფრთხეა მსოფლიოსთვის. მომავალი პრეზიდენტის ტრამპის თქმით აშშ-ა და რუსეთმა ერთობლივად უნდა იბრძოლონ ამ სენის წინააღმდეგ. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ტრამპის სიტყვები ნამდვილი ანტიტერორისტული ბრძოლის მაუწყებელი იქნება და არაფრით დაემსგავსება მიმავალი პრეზიდენტის ობამას სიტყვებსა და საქმეებს.

გარდა ტერორიზმთან ბრძოლისა ტრამპის გუნდიდან სხვა მიმართულებითაც გაისმის დამამშვიდებელი განცხადებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე, რაც უდავოდ სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც, ვინაიდან 25 წლის განმავლობაში ვაშინგტონის ანტირუსულმა პოლიტიკამ ცუდ დღეში ჩააყენა საქართველო, მცდარი ილუზია გაუჩინა მას ამერიკის ყოვლისშემძლეობასთან დაკავშირებით, გაათამამა, გაათავხედა საქართველოს პოლიტიკა და ხელისუფლება, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანა გააჩანაგა, დააკარგვინა ტერიტორიები, გააღატაკა მოსახლეობა.

ამერიკა-რუსეთის დაახლოება საბოლოოდ გაარკვევს რუსეთის როლს კავკასიაში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში. არჩეული პრეზიდენტის ტრამპის გუნდიდან ისმის ორ ქვეყანას შორის შემრიგებლად რესპუბლიკელი კისინჯერის შერჩევის თაობაზე.

ცნობილი პოლიტიკოსი და მეცნიერი, დოქტორი კისინჯერი ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ჯეროვნად უნდა შეაფასოს რუსეთის როლი მსოფლიოში, მისი პოტენციალი, სამხედრო ძლიერება და სურვილი ამერიკასთან ერთად მოაგვაროს, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, ისე მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები; რომ აშშ-ა უნდა ცნოს რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რის წინააღმდეგი იყო ობამას ადმინისტრაცია.

თუ რამდენად გაითვალისწინებს ტრამპი კისინჯერის რჩევებს ან დანიშნავს თუ არა კისინჯერს მთავარ შემრიგებლად, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

მსოფლიო დიდი მოლოდინის წინაშეა. 20 იანვრის შემდეგ სხვაგვარად განვითარდება მოვლენები, ცხადია არა ისე, როგორც ზოგიერთ ამერიკელ სენატორს, მათ შორის მაკკეინს და მასზე აყოლილ საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია.

ტრამპის ამერიკა სხვა იქნება, განსხვავებული ობამას, ბუშის, სხვა პრეზიდენტების ამერიკისგან. ტრამპი ახალი სიტყვაა აშშ-ს პოლიტიკაში და უნდა ვიმედოვნოთ, რომ მისი სიტყვა გამოაფხიზლებს 25-წლიან საღათას ძილში მყოფ საქართველოს პოლიტიკას.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.