აშშ-ს სახელმწიფო ვალი და რუსეთი
20,546 ტრილიონი დოლარი – აშშ-ს სახელმწიფო ვალი, რომელიც დემონსტრირებულია ნიუ-იორკის ცენტრში, მანჰეტენზე – ამერიკელებს ახსენებს იმ ვალის შესახებ, წლების განმავლობაში რომ კატასტროფულად იზრდება. სახელმწიფო ვალის თაობაზე ყველა ლაპარაკობს, ვისაც არ ეზარება – ექსპერტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი. ამ თემით იყო დაკავებული დონალდ ტრამპიც – გასულ წელს საპრეზიდენტო მარათონში მონაწილე, ამჟამად აშშ-ს პრეზიდენტი.
2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ტრამპმა აუგად მოიხსენია მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომლის დროსაც სახელმწიფო ვალმა 19 ტრილიონს მიაღწია. ობამაც, პრეზიდენტობის დაწყების წინ ისე აუგად მოიხსენიებდა წინამორბედ ჯორჯ ბუშ-უმცროსს, როგორც ტრამპი მას, რის საფუძველიც ჰქონდა. სწორედ ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს ჰქონდა ადგილი ცნობილ ტერორისტულ თავდასხმებს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე და აქედან გამომდინარე ბუშის გადაწყვეტილებას – შური ეძია ტერორისტებზე აღვანეთსა და ერაყში.
ასედაამრიგად გაჩაღდა ომები ავღანეთსა და ერაყში – უდიდესი დაფინანსებით, რამაც თავისთავად გამოიწვია სახელმწიფო ვალის ზრდა. ვალის ზრდის ტენდენციებს სხვა მიზეზებითაც ხსნიან, მაგრამ მატებას არაფერი შველის. ვალის ზრდის ტემპის შეჩერება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით უყაირათო ხარჯებზე, მაგრამ, როდესაც „მტერი“ გყავს შესაჩერებელი, ვალს ვინღა დაეძებს? ყაირათიანი ხარჯვა არის ის სასიცოცხლო წამალი, რომელმაც შეიძლება გაჭენებული ვალის ზრდის ტემპს წერტილი დაუსვას, მაგრამ მაშინ პოლიტიკის და სამხედრო კუნთების თამაშს რაღა ეშველება?!
და ისევ ტრადიციად ქცეული ხელის ფათური საბიუჯეტო კალათაში, საკუთარი პოზიციის შეცვლა და ობამა-ბუშის გზის გაგრძელება. სულ ახლახანს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, მომავალ საფინანსო წელს 700 მილიარდი დოლარი დაიხარჯება აშშ-ს შეიარაღებული ძალების წინსვლა-განვითარებაში. თანხა რეკორდულია და აღემატება არა მარტო მტრად წოდებული რუსეთის (46 მილიარდი დოლარი), არამედ ჩინეთის, სხვა ქვეყნების ერთად აღებულ სამხედრო ხარჯებს.
„ტაიმს-სკვერის“ მოციმციმე სარეკლამო დაფა ანიშნებს რა ამერიკელს ქვეყნის ვალზე, იმავდროულად ახსენებს, რომ თითოეულის ვალი 174 000 დოლარია.
სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს ხარჯების გაზრდა მთელი რიგი ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის ე.წ. რუსული საფრთხით. ე.წ. იმიტომ ვამბობ, რომ რუსული საფრთხე მართლაც ასეთია, ანუ გაზვიადებული, საფუძველს მოკლებული, მაგრამ თუ სურვილი გაქვს, რომ ეს ასე იყოს, გაზვიადებას რაღა უდგას წინ?!
ე.წ. რუსული საფრთხის უკან აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიხარბე იკვეთება – ახალი იარაღის დამზადების, არმიის აღჭურვის სურვილი, ისეთი მოკავშირეებისთვის „ხელის გამართვა“, როგორიც უკრაინა, ბალტიისპირა ქვეყნები და პოლონეთია.
„აგრესორი“ რუსეთი ნატოს წევრ ბალტიისპირა ქვეყნებს, სხვებს და არაწევრ უკრაინას რომ არ შეესიოს, მტკიცე სამხედრო ნაბიჯებია გადასადგმელი, რაც თავისთავად იწვევს სამხედრო ხარჯების და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვალის ზრდას. არც ახლო აღმოსავლეთია დასავიწყებელი, ისე, როგორც ჩრდილო კორეა.
თუ ახლო აღმოსავლეთში, სირია-ერაყის თვალსაზრისით საომარ მოქმედებებში ჩართვას ჰქონდა ადგილი, რაც ხარჯიანი იყო, ჩრდილო კორეის საზღვრებთან გამართული სამხედრო წვრთნები, ამერიკელთა და სამხრეთ კორეელთა მონაწილეობით, არანაკლებ ხარჯიანი გამოდგა.
სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების მანევრები რომ დიდი თანხების მშთანთქველია, მტკიცება არ სჭირდება. სამხედრო წვრთნებში მონაწილე საჰაერო ძალების 300 თვითმფრინავი (ერთდროულად) თავისთავად მიგვანიშნებს მოჭარბებულ ხარჯებზე, მაგრამ თუ მსოფლიო პირველობა გსურს და აქედან გამომდინარე ჰეგემონიზმის ბაცილით ხარ დაავადებული, სამხედრო ხარჯებს არაფრად ჩააგდებ.
სწორედ ჰეგემონიზმით იყო გამოწვეული აშშ-ს ჩარევა ერაყ-სირიის საშინაო საქმეებში. იქ, ამერიკისთვის „სანდო“ ტერორისტების წვრთნა, შეიარაღება, ბაშარ ასადის ხელისუფლებაზე მისევა და სხვა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, ორი წლის წინ სირიის ომში ჩართვით.
პრეზიდენტ პუტინის ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში არა მარტო დასავლელი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ატარებდნენ, არამედ თვით რუსეთში ჭარბად არსებული ლიბერალური ძალები. ამ უკანასკნელებს მიაჩნდათ, რომ სირიის ომი რუსეთისთვის წამგებიანი იქნებოდა და შორს უნდა ყოფილიყო მისგან. რას მოიტანდა შორს დგომა – ამას აღარ ფიქრობდნენ.
არადა, სირიის ომში 2 წლით ჩართვამ რუსეთს დიდი წარმატებები მოუტანა – ჯერ ერთი, მძიმე დარტყმა მიადგა საერთაშორისო ტერორიზმს. ფაქტიურად გაანადგურა ე.წ. ისლამური სახელმწიფო სირიაში. ეს ტერორისტული ორგანიზაცია განდევნილ იქნა სირიიდან; საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიხოცა 50 000-ზე მეტი ტერორისტი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დსთ-ს წევრი სახელმწიფოებისა და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. შემცირდა ტერორისტების რუსეთში დაბრუნების შესაძლებლობა. გადარჩა რუსეთის მოკავშირე სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლება დამხობისგან. თვით სირია გადარჩა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობისგან, მსოფლიო კი – ტერორიზმის შეტევისგან.
„ისლამური სახელმწიფო“ ის ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ტერორიზმის ისტორიაში პირველმა გამოთქვა სურვილი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. სურვილის, სინამდვილედ გადაქცევის შემთხვევაში არა მარტო ახლო აღმოსავლეთს, არამედ მსოფლიოს, უსერიოზულესი პრობლემები გაუჩნდებოდა. ასეთი იყო აშშ-ს სპეცსამსახურების და პოლიტიკოსების მზაკვრული გეგმა – „ისლამური სახელმწიფოს“ ხელით პოზიციების განმტკიცება.
შორსმიმავალი გეგმების განხორციელებას დიდი ფული ესაჭიროებოდა და როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს – ახლო აღმოსავლეთის პროგრამაში აშშ-ს ყოფილმა ადმინისტრაციამ 5 ტრილიონი დოლარი დახარჯა. ცხადია, ამ თანხაში „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაც, წვრთნაც და შეიარაღებაც შედის.
არ გამოუვიდათ! და არ გამოუვიდათ კრემლის ჩარევის შედეგად. რუსეთის მოქმედებამ გადაარჩინა დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მიერ შეძულებული ბაშარ ასადი, თვით სირია, ახლო აღმოსავლეთი, ტერორისტული სახალიფოს შექმნისგან.
სირიის ომში გამოიცადა რუსული იარაღი – რაკეტები, თვითმფრინავები, სხვა სამხედრო ტექნიკა, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა თავისი შესაძლებლობები. სწორედ ამით არის გამოწვეული რუსული სამხედრო იარაღის შესყიდვაზე რიგის დადგომა. განსაკუთრებით პოპულარულია თავდაცვის სისტემა C-400, რომლის შეძენაზე თანხმობა განაცხადა ნატოს წევრმა თურქეთმა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბრიუსელსა და ვაშინგტონში.
2-წლიანი სამხედრო ჩარევის შედეგად გამარჯვებულმა რუსეთმა გააფართოვა საკუთარი პოზიციები ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. რუსეთი გადაიქცა მსოფლიო ლიდერად, მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ მოთამაშედ. 2 წლის წინ, პუტინის რუსეთის სირიის ომში ჩართვა დიდი რისკი იყო. რისკი – ომში მონაწილეობის გაჭიანურების, ომის ჭაობში ჩაძირვის, საბოლოო ჯამში მარცხის და სირიიდან ისე გამოსვლის, როგორც ავღანეთიდან.
პოლიტიკაში რისკს არცთუ ხშირად აქვს ადგილი, მაგრამ აქვს. პუტინს გაუმართლა – გარისკა და მოიგო. აშშ-ს არ გაუმართლა – შექმნა „ისლამური სახელმწიფო“, გარკვეული თვეების, თუნდაც წლის განმავლობაში აღმავლობით იარა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა.
პუტინის რუსეთს დიდი პოპულარობა მოუტანა თვით აშშ-ს პოლიტიკოსებმა. როდესაც კონგრესმენები, სენატორები, ექსპერტები, მედია ირწმუნება, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპს, პუტინმა მოაგებინა; როდესაც აშშ-ს მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ „ბრექზიტი“ კრემლის ნახელავია, ხოლო ნებისმიერი არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პუტინის ჩარევის გარეშე არ ხდება, თავისთავად არწმუნებს მსოფლიოს, რუსეთისა და პუტინის ყოვლისშემძლეობასა და სიძლიერეში.
რუსეთმა გაუძლო ობამას მიერ შემოღებულ იზოლაციას; ტრამპის პერიოდში დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, რომელთაც მხარი აშშ-ს სხვა მოკავშირეებმაც, მათ შორის ევროკავშირმაც დაუჭირეს; სხვა გამოხდომებს და საკუთარ თავზე დაყრდნობით შეძლო ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა, იზოლაციიდან თავის დახსნა; ჩინეთთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ირანთან, თუნდაც აშშ-ს მოკავშირე საუდის არაბეთთან, თურქეთთან, სხვებთან და სხვებთან ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებსაც პოლიტიკური დივიდენდებიც მოაქვს და ინვესტიციებიც.
ელცინის დროინდელი დაჩოქილი რუსეთის ნაცვლად, როგორც ცხონებული მარგარეტ ტეტჩერი იტყოდა – „ზემო ვოლტა“ (ჩამორჩენილი აფრიკული სახელმწიფო, ამჟამად ბურკინა-ფასო) ატომური ბომბებით, გადაიქცა ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ, დახვეწილი შეიარაღებით, ცხადია ატომური და წყალბადის ბომბებით, მაგრამ ამასთანავე აღმამსვლელი მეცნიერებით, განვითარებული სოფლის მეურნეობით და ა.შ.
ცხადია, რუსეთი, ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩამორჩება აშშ-ს, მაგრამ დაწყებული რეფორმები, ეკონომიკური ზრდა სულ სხვა რუსეთის მომასწავლებელია, რაც ანგარიშგასაწევია საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მიერ. რა სჯობს იმას, როდესაც შენს მეზობლად ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი მეზობელი გყავს?!
ასეთთან ურთიერთობის დალაგება ბევრის მომტანია არამარტო ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისით, არამედ რეგიონული პრობლემების მოწესრიგების მიზნით. არადა, რამდენი ასეთი გვაქვს ჩვენს სხვა მეზობლებთან?
განა, ურუსეთოდ დარჩენილ საქართველოს შეუძლია წინ აღუდგეს იმ მცოცავ ანექსიას, რასაც ადგილი აქვს აჭარაში?! განა, ურუსეთოდ დარჩენილ საქართველოს არ გაუჭირდება სახელმწიფო საზღვრის გავლება აზერბაიჯან-სომხეთთან ან იმავე რუსეთთან?! განა, რუსეთის გარეშე აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა?!
წლების განმავლობაში ვნატრობთ, რომ რუსეთი დაქუცმაცდეს, დაიშალოს და ისე დაძაბუნდეს, რომ დაკარგული თავისთავად დაგვიბრუნდეს.
ძალს ჩვენ, ჩვენი ავადმყოფური, აუსრულებელი ოცნებებით და ძალს პუტინის რუსეთი – აღმავლობის გზაზე შემდგარი. ნეტავ, რამდენი წლით ვაპირებთ მოცდას – იმის ნატვრაში – როდის გაქრება რუსეთი?
არადა, მართლაც რომ ასრულდეს ჩვენი ოცნება – რა მოგველის? ვინ დაგვიცავს ჩრდილო კავკასიელთა ან სხვათა „ჩახუტებისგან“?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.