მსოფლიო გარდაქმნის პროცესში

მსოფლიოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს თუ თვალს გადავავლებთ, უდავოდ დავინახავთ დაძაბულობის ტემპერატურის მატებას, ქვეყნებს შორის უნდობლობის ზრდას, დაპირისპირებას, იარაღის შეძენისთვის კოლოსალური რაოდენობის თანხების გაღებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის გაფართოებას – ცუდი პოლიტიკიდან გამომდინარე, სხვა ნეგატიურ მოვლენებს და რაც მთავარია რეგიონულ ომებს, ტერორიზმს, უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, ახალი რეგიონული ომის დაწყების შანსს, რომელიც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეიძლება გადაიქცეს გლობალურ ომად –  ბირთვული იარაღის გამოყენებით.

სხვა ნეგატიური მომენტების გახსენებაც არ გვაწყენდა, თუმცა რაც ჩამოვთვალე საკმარისია უძილო, ფათერაკიანი ღამისა და კოშმარული სიზმრებისთვის.

თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიამ, მსოფლიოს საინფორმაციო ქსელის განვითარებამ ერთმანეთს დაუახლოვა ქვეყნის დასალიერს მომხდარი ამბავი, ე.წ. მსოფლიოს ცენტრში მცხოვრები მოსახლეობის სულსა და გონებას. წამებია საჭირო შორეული ახალი ზელანდიის მოვლენის, ცენტრში მცხოვრებთა გაზიარებისთვის. გლობალიზებულ მსოფლიოში უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს კარგი თუ ცუდი ამბების, განსაკუთრებით ცუდის, სენსაციურის გატყორცნა ინტერნეტ სივრცეში, რომლებიც ტელეეკრანების მეშვეობით უმალ ედება ჩვენს გონებას.

ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილები სირია-ერაყის სახით აღარ არის შორეული არა მარტო ჩვენთვის, არამედ ავსტრალიაში მცხოვრებთათვის. მეცნიერების განვითარებამ გამოიწვია ყოველივე და ის, რაც მივიღეთ, გვეუბნება, რომ ეს დასაწყისია, ხვალ უფრო მეტი იქნება – განსხვავებული, დაუჯერებელი, თუნდაც დღევანდელი ცხოვრებისთვის.

განვითარებულ მსოფლიოს, რომელსაც არაერთი ნაკლი აქვს – შიმშილის, უწყლობის, სხვადასხვა სახის დაავადებათა თვალსაზრისით, სხვაგვარი მიდგომა ესაჭიროება, რომელიც მოაგვარებს ქვეყნებსა და ხალხებს შორის შექმნილ უთანაბრობას, თვით ქვეყნებში გაჩენილ დისბალანსს, რომლის მიხედვით დედამიწაზე შექმნილი სიკეთეებით მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პროცენტები ხარობს.

მდიდარ-ღარიბს შორის შექმნილი დისბალანსი თავბრუდამხვევი ტემპით იზრდება და თუ არ გამოიძებნა გონივრული ბარიერი, მსოფლიო ღარიბთა რისხვის წინაშე აღმოჩნდება. საჭიროა ძალა, რომელიც ყველა ჩამოთვლილ პრობლემას გონივრულად მიუდგება, შეეცდება მათ დაძლევას და არა გაუარესებას. ასეთი ძალა არსებობს და ის ერთი ქვეყნის ხელთ არის. მას ხშირად უწოდებენ ჰეგემონს, პირველ ქვეყანას, სუპერსახელმწიფოს, რაც უდავოდ შეეფერება ამ ქვეყნის განვითარებულ მეცნიერებას, ეკონომიკას, საფინანსო-საბანკო სისტემას, შეიარაღებულ ძალებს.

აშშ-ია ეს ქვეყანა. ქვეყანა, რომელმაც, მეორე ძლიერი ქვეყნის დაშლის შემდეგ, ხელში აიღო მსოფლიოს ლიდერობა. მსოფლიოში ასეთი ინიციატივა მისთვის არვის დაუვალებია, მაგრამ არსებულმა ვითარებამ, მისმა მოწინავეობამ ყველა სფეროში თავისთავად გადაწყვიტა ამ ქვეყნის პირველობა.

თითქმის 30 წელია, რაც აშშ-ი არის ასეთ ამპლუაში – მსოფლიოს ზედამხედველის, სხვათა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შემფასებლის, ჟანდარმისა და პოლიციელის სახით. გაართვა თუ არა მან თავი მსოფლიოს უცილობელი ლიდერის როლის შესრულებას?

ამ კითხვაზე პასუხის პირდაპირი გაცემა გაჭირდება, თუმცა ერთ-ერთი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას თუ გავიზიარებთ, უარყოფით პასუხს მივიღებთ. აი, ისიც – რა ბედნიერი იქნებოდა მსოფლიო, რომ აშშ-ი თავის კონტინენტზე დარჩენილიყო. დავუშვათ ასეთს ჰქონდა ადგილი, არ გამოჩნდებოდა სხვა ქვეყანა ლიდერობის, ჰეგემონობის მოტრფიალე?

კითხვაც და პასუხიც ფანტასტიკური, ვირტუალური აზროვნების ნაყოფი იქნება, მაგრამ გამოწვეული სრული ობიექტურობიდან – ჰეგემონის მიერ გამოვლენილი თვისებებიდან, იმ ნაკლოვანებებიდან, რაც მან (ჰეგემონმა) თავი დაგვამახსოვრა ერთპიროვნული ლიდერობის ჟამს.

ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ აშშ-ის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ მისი ერთპიროვნული ლიდერობის დროს გაუარესდა თუ გაცილებით ადრე, როდესაც მან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნიღბით დაიწყო ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელის ფათური?

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დაწყებული, დღეის ჩათვლით, იმდენად გახშირდა ამ ქვეყნის დროშის დაწვის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში, რომ მის მიმართ  სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია. ევროპის ქვეყნებში, რომელთაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება გაუწიეს აშშ-ა, გულზე არ ეხატებათ ის. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, ვინაიდან ხალხს არ მოსწონს მედიდური, ყოყოჩა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ქვეყანა, რომელიც მუდამ ჭკუას გარიგებს, გსჯის, დავალების ან დირექტივის შეუსრულებლობისთვის სანქციებს გიწესებს, უკანონო ქცევას, კანონიერად წარმოაჩენს.

როდესაც ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი სისტემატურად გაიძახის აშშ-ს განსაკუთრებულობის თაობაზე, სულაც არ მეტყველებს ამ ქვეყნის პოლიტიკოსთა განსწავლულობაზე, ზრდილობასა და ტაქტზე. ამ დაავადებით არა მარტო აშშ-ს პოლიტიკაა დასნეულებული, არამედ საზოგადოებაც, რომელსაც თავი ყველაზე უკეთესად, წარმატებულად და მცოდნედ მიაჩნია. ის არის მწვერვალზე, შემდეგ არის სიცარიელე, რის შემდეგაც არიან სხვა ქვეყნები და ერები.

დიახ! აშშ-ს ჰყავდა გონიერი პოლიტიკოსები, რომლებმაც შეძლეს აშშ-ს ისეთად გადაქცევა, როგორიც დღეს არის. მათ ჩაუყარეს საფუძველი და განავითარეს ქვეყანა წარმატებული და მოწინავე, სხვასთან შედარებით, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური აზროვნების დონე შეირყა, დაკნინდა და კარდინალურ ცვლილებას საჭიროებს, რაც არცთუ იოლია, ვინაიდან ასარჩევთა მრავლობითი არმიიდან ასარჩევიც არ ჩანს.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან და პრეზიდენტ რუზველტის გარდაცვალებიდან დღემდე აშშ-ა არაერთი პრეზიდენტი გამოიცვალა, რომელთაგან თითო-ოროლა თუ შემორჩა ჩვენს გონებას – საქმით, საღი პოლიტიკით, მსოფლიოს საკითხების ღრმა წვდომით.

მართალია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, როდესაც ამბობს, რომ ამერიკელები ძლიერები და ნიჭიერები არიან, ცოდნისა და პოლიტიკური ალღოს დეფიციტის მქონე პრეზიდენტებსა და კონგრესმენებს რომ იტანენ. ტრუმენიდან დაწყებული დღემდე, მათთვის იოლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც 1945 წელს ჰქონდა ადგილი იაპონიასთან მიმართებაში – ბირთვული იარაღით ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა.  დღემდე ოფიციალურ ვაშინგტონს ბოდიში არ მოუხდია. პირიქით, მსოფლიოს არწმუნებს, რომ ბირთვული ბომბების გამოუყენებლობის შემთხვევაში ომში გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპებოდა.

აშშ-ს პოლიტიკამ საკუთარი ხალხი და მსოფლიო დაარწმუნეს ამ ძნელად დასაჯერებელ ზღაპარში – გამუდმებული მედიაშეტევით ხალხთა გონებაზე. ბირთვული ბომბების გამოყენების აუცილებლობაში აშშ-ს ადმინისტრაციამ სათანადოდ იმუშავა და ხალხს მტვერი შეაყარა თვალში.

ანალოგიურს ცდილობს დღესაც – ჩრდილო კორეასთან მიმართებაში. სისტემატურად ვისმენთ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების, ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლების განცხადებებს, ჩრდილო კორეის მოსარჯულებლად ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე.

როდესაც სენატორი ლინდსი გრემი მოუწოდებს პრეზიდენტს ბირთვული ბომბებით გაანადგუროს ჩრდილო კორეის ბირთვული ლაბორატორიები, რათა თავიდან იქნას აშორებული კორეული საფრთხე და თან იმასაც ამატებს, რომ ასეთი თავდასხმით აშშ-ს არაფერი დაუშავდება, ვინაიდან შორსაა, თავისთავად მეტყველებს მოწოდების ბარბაროსულობაზე.

არც გრემი და არც სხვა სენატორი, კონგრესმენი ანგარიშს არ უწევს, რა მოჰყვება ბირთვულ თავდასხმას. ჩინეთის, რუსეთის, ზოგიერთი სხვა ქვეყნის ლიდერის განცხადებით, ბირთვულ თავდასხმას, შესაძლოა ფართომასშტაბიანი ბირთვული ომი მოჰყვეს. ნათქვამია, რისკი კეთილშობილური საქმეაო, მაგრამ ეს გამოთქმა არ განეკუთვნება ბირთვული დაპირისპირების პერიპეტიებს, სადაც რისკი ისეთივე დამანგრეველი იქნება თავდასხმის ობიექტებზე, როგორც თავდასხმელზე.

ჩინეთ-რუსეთი კატეგორიულად მოითხოვენ აშშ-ს და მისი მოკავშირეებისგან საკამათო საკითხების მოსალაპარაკებელ მაგიდასთან გადაწყვეტას. სულ ახლახანს, ვლადივოსტოკის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა დაწვრილებით ისაუბრა საშინელებაზე, რომელიც აშშ-ს მიერ ჩრდილო კორეაზე ბირთვულ თავდასხმას შეიძლება მოჰყვეს.

ვუბრუნდები იმ ექსპერტის სიტყვებს, წერილის თავში რომ მოვიყვანე – რომ არ ყოფილიყო აშშ-ი, არ იქნებოდა პერმანენტული დაძაბულობა არც კორეის ნახევარკუნძულზე, არც უკრაინაში, არც ახლო აღმოსავლეთში და არც სხვაგან. ყველა ცხელი წერტილი ან აშშ-ს მეცადინეობით არის შექმნილი ან მისი მოკავშირის, თვით ამერიკელთა წაქეზებით.

რა  მიზანს ისახავს ასეთი ძირგამომთხრელი პოლიტიკა?

საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, მსოფლიოს პირველობის შენარჩუნებას, თუმცა არც სამხედრო ძალით, არც ფინანსებით და არც მედიის ფალსიფიცირებული სიუჟეტებით არის შესაძლებელი ერთმმართველობის შენარჩუნება. აშშ-ი უკვე ზურგში გრძნობს ჩინეთის სუნთქვას, რომელიც პირველ ეკონომიკად არის აღიარებული; რუსეთის მზარდ სამხედრო ძალას, სხვა ქვეყნების შეუპოვრობას. ყველა ისინი მრავალპოლუსიანობის მოწოდებით გამოდიან. განა ამის დამადასტურებელი არ არის სულ ახლახანს ჩინეთში გამართული „ბრიქსის“ სამიტი.

ამ ორგანიზაციაში ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა გაერთიანებული. ორგანიზაცია საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოებით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. მას არ სურს ამერიკული ჰეგომონიზმის უღლის დადგმა – მას თანაბარი ურთიერთობები სურს. აშშ-ს ძნელია ამასთან შეგუება, მაგრამ მეტი რა გზაა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება ამერიკაც და მსოფლიოც. რისკი ამ ვითარებაში – სიბეცეა, მაგრამ ითავისებს ამას აშშ-ს პოლიტიკა?

სავალალო მაგალითებიდან გამომდინარე – ვერ ითავისებს, პირიქით, მოპოვებულის შენარჩუნების მიზნით დაუშვებელ, უკანონო ხერხსაც მიმართავს, რაც დამტკიცდა აშშ-ში რუსეთის საკონსულო სამსახურების კუთვნილი შენობების ოკუპაციით, ჩხრეკვით და სხვა, დიპლომატიისთვის მიუღებელი მეთოდების გამოყენებით.

აშშ-ს პოლიტიკა თავხედურად აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართალი ის არის და არა რომელიმე კონვენცია ან ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება. ვენის 1961 წლის კონვენცია: „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“ – მკაფიოდ აღნიშნავს შემდეგს (მუხლი 22):

„1) წარმომადგენლობათა შენობები ხელშეუხებელია. იმ სახელმწიფო მეთაურებს, სადაც წარმომადგენლობა იმყოფება, არ შეუძლია იქ შესვლა წარმომადგენლობის ნებართვის გარეშე.

2) სახელმწიფოს, სადაც წარმომადგენლობა იმყოფება, სპეციალური მოვალეობა აკისრია. ყველა საჭირო ზომა მიიღოს წარმომადგენლობის შენობის დაცვისთვის ყოველგვარი შეჭრისგან და ზიანის მიყენებისგან და წარმომადგენლობის სიმშვიდის დარღვევის ან მისი ღირსების შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით.

3) წარმომადგენლობის ავეჯზე, შენობებზე, მათში არსებულ ქონებაზე და აგრეთვე წარმომადგენლობის გადაადგილების საშუალებებზე ვრცელდება ჩხრეკის, რეკვიზიციის, დაპატიმრებისა და აღმასრულებელ მოქმედებათა იმუნიტეტი.“

აშშ-ს ადმინისტრაციამ ვერ დაიცვა ვენის კონვენციის ვერც ერთი ზემომოყვანილი წესი, ოკუპაცია მოახდინა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობების, რითაც უხეშად დაარღვია მსოფლიო დიპლომატიის კონსტიტუცია – „ვენის კონვენცია“. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დაუმტკიცებელს ამტკიცებს – ვენის კონვენცია არ დაგვირღვევიაო. ასეთთან ძნელია ლაპარაკი.

აშშ-ი არის ქვეყანა,  რომელიც არაფრად აგდებს კანონს, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო სარბიელზე აღიარებულ წესებს. რით არის ეს გამოწვეული?

მარტივი ახსნა შეიძლება მოუძებნო ამას. როგორც ჩანს მოახლოვდა ერთპოლუსიანი მსოფლიოს მრავალპოლუსიანობით შეცვლა. ამ პროცესს პირველი ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას და მომაკვდავისგან კუდის მოქნევას. პროცესი არცთუ ხანმოკლე იქნება, რაც თავისთავად მიანიშნებს ყველას, რომ აგონიაში მყოფი ქვეყნისგან არაერთი მიუღებელი ქმედება იქნება მოსალოდნელი – საფრთხის შემცველი, დასაფიქრებელი. უნდა ვიმედოვნოთ, რომ დიდი ქვეყნები ჯეროვნად შეაფასებენ ვითარებას და ხელს შეუწყობენ მსოფლიოს მშვიდობიან ტრანსფორმაციას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.