არჩევნები დასრულდა, რა ელის სქართველოს?

საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ქვეყანა, მიუხედავად ე.წ. დამოუკიდებლობის და დემოკრატიისა, ორივესგან ისე შორსაა, როგორც დედამიწა მთვარისგან. განვლილი წლების განმავლობაში, რაც შევძელით, ისაა კორუფცია, საარჩევნო პროცესების ფალსიფიკაცია, საარჩევნო კანონმდებლობის სისუსტე, ამომრჩევლის გაუნათლებლობა, ხმების მოსყიდვა და სხვა მრავალი მანკიერება რომ ჰქვია.

დასავლელთა აზრით, საქართველო, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში პირველია, რეალობაში კი – სწორედ მოჩვენებითი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მდარე ხარისხის გამო, ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების თვალსაზრისით, არათუ მოწინავე, არამედ მოჩანჩალე ქვეყანაა.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვერსად გავექცევით სინამდვილეს, ანუ ცხოვრების დონეს, ერთობ მძიმეს და გაუსაძლისს ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. რას მივაწეროთ ჩამორჩენილობა?

უპირველესად, ე.წ. დემოკრატიას, გაყალბებულ არჩევნებს, თუ სიტყვის „ვითომ“ თავისუფლებას? ალბათ ყველას ერთად.

თვალი გადავავლოდ ქვეყნის დამოუკიდებლად არსებობის 25 განვლილ წელს და გულახდილად ვთქვათ იმ ნაკლოვანებებზე, უხეშ შეცდომებზე და თავგასულობაზე, რასაც ქართულ პოლიტიკაში ჰქონდა ადგილი. ცხადია, თემა უკიდეგანოა და ერთი სტატია ვერ დაიტევს, ამდენად მოკლედ შევეცდები წარმოგიდგინოთ ჩემი სუბიექტური მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

დავიწყოთ იქიდან, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა იწყება ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდიდან. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვაცხადებ, რომ საბჭოეთის დაშლა სპონტანურად, მოუმზადებლად განხორციელდა, მიუხედავად იმისა, დაშლის თაობაზე ბევრს მარჩიელობდნენ, როგორც საბჭოეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სპონტანურობამ, მოუმზადებლობამ გამოიწვია დამოუკიდებლობამიღებულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების „პოლიტიკოსთა“ რიგებში ნიჰილიზმი, პრიმიტიული საკითხების გადაწყვეტის უუნარობა, გამუდმებით იმ ცენტრის დედაქალაქისკენ ყურება, რომელიც აღარც ცენტრი და აღარც მათი დედაქალაქი იყო.

ჩაკეტილ საზოგადოებას, ცენტრზე ორიენტირებულსა და ცენტრის ბრძანების შემსრულებელს უთხრეს – თავისუფალი ხარ, თქვენ თვითონ მიხედეთ თავსო.

დამოუკიდებლად არსებობას მიუჩვეველთათვის, თავისუფალი ცხოვრების ანბანუცოდინართათვის ბოძებული თავისუფლება მძიმე ტვირთი გამოდგა, რასაც არა მარტო ერთაშორისი სისხლიანი დაპირისპირებები მოჰყვა, არამედ ეკონომიკური კოლაფსი.

მკითხველს ემახსოვრება გაყრის გორბაჩოვისეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ხუთწლიანი დაშორების პერიოდს, თუმცა თავისუფლებამოწყურებულთათვის 5 წელი უზომოდ გრძელი გამოდგა. მათ „დღეს და ახლა“ ამჯობინეს, რაც გაცილებით მეტი გამოდგა, ვიდრე 5 წელი. საქართველომ დამოუკიდებლობა 9 თვით ადრე გამოაცხადა ახალი ხელისუფლების პირით და რეალურ დამოუკიდებლობას ანუ ცენტრის მიერ ბოძებულს, სამოქალაქო ომში შეხვდა.

 არც ჩვენს მეზობლებში იყო დამშვიდებული მდგომარეობა, თუმცა, როგორც იქ, ისე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ძალაუფლება კომუნისტურმა ელიტამ მოიპოვა, რითაც ერთობ გაიიოლა საქმე, რასაც ქვეყნის მართვა ჰქვია, ცხადია მეტნაკლები და არა კლასიკური გაგებით, რასაც დასავლეთში აქვს ადგილი.

ქვეყნის მართვას გამოცდილი კადრები სჭირდება, ასეთები არც გამსახურდიას ხელისუფლებაში იყო და არც დღეს არის. ხელისუფალთა ქვეყნის მართვის მარტივი საკითხების უცოდინრობამ უმალ გაუფუჭა ამომრჩეველს გუნება-განწყობილება და თავის რჩეულს, რომელსაც ლამის 90%-იანი გამარჯვება არგუნა, სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ პერიოდში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა დაგვარწმუნეს, რომ ცენტრალიზებული მმართველობიდან გამოსული ქვეყნისთვის უცაბედი პლურალიზმი და დემოკრატია ძნელად აღსაქმელია. ხშირ შემთხვევაში ქვეყანას მრავალი წლით უფსკრულში ჩეხავს. შედარებით უკეთეს პირობებში აღმოჩდნენ სხვა ყოფილი საბჭოელები, რომლებმაც შეინარჩუნეს ძველი ხელისუფლება და ნელ-ნელა შეუდგნენ მმართველობითი სისტემის ახალ რელსებზე გადაყვანას.

კარგად მახსოვს აშშ-ს კონგრესმენთა ორი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და მათი რჩევა გამსახურდიას ხელისუფლებისთვის – ისეთმა ქვეყანამ, როგორიც თქვენია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის „ეკონომიკურ ვეფხვებად“ წოდებული სინგაპურის, ტაივანის, სამხრეთ კორეის, სხვათა მმართველობითი სისტემა უნდა აირჩიოსო.

დასავლური დემოკრატია თქვენთვის ნაადრევიაო. ერთპარტიული ტაივანი მრავალი წლის განმავლობაში ვერტიკალური, მკაცრი მმართველობითი სისტემით იყო ცნობილი, ისე, როგორც სინგაპური. სწორედ ამას უმადლის ქვეყნის მოსახლეობა, რომლის ცხოვრების დონე განვითარებული ქვეყნებისას გაუტოლდა. ეკონომიკურად და სოციალურად ქვეყანა ისე გაიმართა წელში, რომ მრავალპარტიულობა მას ვერაფერს დააკლებდა. მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური წარმატებების შემდეგ დაუშვეს მრავალპარტიული არჩევნები.

საქართველოში კი მოვლენები თავიდანვე „დემოკრატიულად“ წარიმართა, რამაც ვერც ეკონომიკურად დაჩოქილი ქვეყანა წამოაყენა და ვერც სოციალური ფონი გააუმჯობესა. ერთი, რაც მან შექმნა – ფსევდო დემოკრატია და საკუთარი ხელისუფლების ძალაუფლებით ტკბობაა. ხელისუფლება აშკარად იყენებს სახელისუფლებო ბერკეტებს, რაც ნებისმიერ არჩევნებს არასანდოდ აქცევს ამომრჩევლის თვალში. ასე იქცეოდა შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ და ასე იქცევა ივანიშვილის „ქართული ოცნება“.

2012 წელს „ნაცმოძრაობის“, „ქართული ოცნების“ მიერ დამარცხება იოლად შეიძლება მიეწეროს ციხის კადრების გამომზეურებას და იმ ჯალათურ 8-წლიან პარპაშს, რასაც „ნაციონალები“ სჩადიოდნენ.

„ნაციონალებმა“, მიუხედავად ამერიკელთა დახმარებისა, დათმეს პოზიციები და ძალაუფლება „ოცნებას“ დაუთმეს. ხელისუფლებაში მოსულმა „ოცნებამ“ ცოტა რამ თუ შეასრულა იმ უამრავი დაპირებებიდან, საარჩევნო პერიოდში რომ გააკეთა, რითაც ერთობ გააგულისა ამომრჩეველი და საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო.

2016 წლის არჩევნების წინ ერთობ მძიმე ვითარება შეიქმნა, რაც უმთავრესად „ოცნების“ უაღრესად დაბალი, ხშირ შემთხვევაში უმეცარი პოლიტიკის შედეგით იყო გამოწვეული. არჩევნებში მონაწილე პარტიების სიმრავლემ, რეაბილიტირებული „ნაცების“ თავხედურმა გამოწვევამ, ძახილმა ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე, იმოქმედა ამომრჩეველზე და შეშინებულმა – „ნაცები“ არ დაბრუნდნენო ისევ, „ოცნებას“ დაუჭირეს მხარი.

„ოცნების“ მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო პროპაგანდა „ნაცების“ დისკრედიტაციაზე იყო აგებული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხალხის დაშინებაზე – თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, „ნაცები“ მოვლენ.

„ნაცები“ მართლაც მოვიდნენ, მაგრამ არა იმ რაოდენობით, ქვეყნის მართვის სადავეებს რომ სჭირდება. ქვეყანამ მიიღო პარლამენტი, სადაც უმრავლესობაში „ოცნებაა“, ხოლო ოპზიციაში „ნაცმოძრაობა“. ამომრჩეველს არც ერთი გულზე არ ეხატება, მაგრამ არის სადმე ქვეყანა, სადაც არჩეული პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება მოსწონთ?

რა არის საჭირო – საქმით და არა სიტყვით დემოკრატიული არჩევნებისთვის?

უპირველეს ყოვლისა განათლებული ამომრჩეველი. სწორედ, ასეთს ძალუძს პარლამენტისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევა. შერჩევა არა ნათესაობიდან, ძმაკაცობიდან, ჩაწყობიდან, არამედ გამოცდილებიდან, საქმის ცოდნიდან, პატიოსნებიდან, შრომისუნარიანობიდან გამომდინარე. პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების შემცირება, ცხადია ბუნებრივი გზით და არა ადმინისტრირებით, რისთვისაც საჭიროა სამუშაო ადგილების გაჩენა.

ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილის პოვნა შეუძლებელია, ყველა ცდილობს პარტიის შექმნას და ამ გზით პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლას, ანუ დასაქმებას. სამუშაო ადგილების შემთხვევაში ნაკლები ლტოლვა იქნებოდა ხელისუფლებისკენ. ნაკლები, მაგრამ სურვილი გაპოლიტიკოსობისა იშვიათობა მაინც არ იქნებოდა, და რატომ? იმიტომ, რომ მოქმედებს „მიბაძვის“ ფაქტორი – ის თუ პარლამენტის წევრი ან მინისტრია, მე რატომ არ უნდა ვიყო?!

ამ თვალსაზრისით საქართველოში უდავოდ მძიმე ვითარებაა, ვიდრე სხვაგან ან თუნდაც საბჭოთა პერიოდში. იმჟამად ხელისუფლებაში ქორფა ასაკში მოხვედრა თითქმის შეუძლებელი იყო. ახალგაზრდას წრთობა კომკავშირში ან სხვადასხვა სახის საწარმოში უნდა მიეღო და თავი ისე უნდა გამოეჩინა, რომ ზემდგომს მისი შრომა ჯეროვნად შეეფასებინა. მაშინ შეუძლებელი იყო თვითპროპაგანდის წარმოება – ასეთი კარგი ვარ და ამირჩიეთო.

მიუღებელი იყო ნათესავების თანამდებობაზე შემოკრებაც, რასაც სამწუხაროდ დღეს აქვს ადგილი, თანაც ჭარბად. ერთ ასეთ მაგალითს მოვიყვან – თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი პავლე გილაშვილი საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ გადაიყვანეს, ხოლო იქ მომუშავე ზინაიდა კვაჭაძე – გილაშვილის რძალი (ძმის ცოლი), ცნობილი პარტიული მუშაკი, რომელიც პრეზიდიუმის მდივნად მუშაობდა, პროფკავშირებში გაამწესეს.

ე.წ. დამოუკიდებლობამ „ნათესაობას“ მწვანე შუქი აუნთო, რითაც ერთობ არასახარბიელო ვითარება შექმნა. არაპროფესიონალი ახალგაზრდების, ნათესავების, მეგობრების და რაც მთავარია დამნიშვნელისადმი მონური მორჩილების პრინციპმა ზენიტს სააკაშვილ-ივანიშვილის მმართველობის ჟამს მიაღწია. პარლამენტი გაჯერდა ამ ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი ქორფა გოგო-ბიჭებით. ჩვეულებრივად იქცა 25 წლის მაღალი თანამდებობის პირის, პარლამენტარის ცნება.

პარლამენტარობამდე არსად მომუშავე მაღალჩინოსანთა გამოუცდელობამ, ელემენტარული ცხოვრებისეული ვითარების არცოდნამ, ახალგაზრდულმა „სიცელქემ“, რასაც სისტემატურად ჰქონდა ადგილი, სახელმწიფო თანამდებობის დევალვაცია გამოიწვია. მინისტრი, ხელწამოსაკრავი თანამდებობა გახდა, ისე, როგორც პარლამენტარობა. ასეთ ვითარებაში ზედმეტია შრომის ნაყოფიერებაზე ან ხარისხზე ლაპარაკი, ისე, როგორც ხალხის სამსახურში დგომაზე. მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპებული უცოდინარი გოგო-ბიჭების გამოჩენას უნდა მიეწეროს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ღრმა უფსკრულის გაჩენა.

დღეს, ხშირად გვესმის მოსახლეობის წუხილი – ჩვენი დეპუტატი თვალითაც არ გვინახავსო. გადეპუტატებულმა, საკუთარი თვალით ნახა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. ნახა და შეშინდა, ვინაიდან ხალხთან მისვლა საქმის კეთებას ნიშნავს, მაგრამ როგორ და რა გზით, რომ არ იცის? ამდენად ბევრი იფიქრა თუ ცოტა, საერთოდ თავი აარიდა ხალხთან შეხვედრას.

25 წელიწადია ხელისუფლება ხალხს გაურბის, არ ხვდება, არ იღებს მას. ხალხმაც გაიგო, რომ ხელისუფლება მისთვის არ არის და მას მაშინ იხსენებს, როდესაც დახმარება სჭირდება ანუ საარჩევნო ხმები. როგორ, რით შეიძლება ეშველოს შექმნილ ვითარებას?

უპირველესად პარლამენტის წევრების ასაკის გაზრდით ანუ პარლამენტის წევრობა შეეძლება იმას, ვისაც 30 წელი შეუსრულდა, აქვს უმაღლესი განათლება, გავლილი აქვს სამხედრო სამსახური და გარკვეული მუშაობის სტაჟი აქვს. პარლამენტში გამოცდილი კადრები უნდა იყვნენ, ისეთნი, ვისაც კანონპროექტებზე მუშაობა ხელეწიფებათ და არა ცეტი, უცოდინარი ახალგაზრდები.

მხედველობაშია მისაღები საპარლამენტო მოწვევის ვადაც. დღეს, ერთი მოწვევა 4 წლის განმავლობაში „მუშაობს“ და ამ ხნის მანძილზე ისე აბეზრებს თავს კოლეგებსა და ხალხს, რომ მათი დანახვაც არ უნდათ. ერთი წლის გასვლის შემდეგ ნათელი ხდება ვის რისი გაკეთების უნარი აქვს. დარჩენილ სამ წელს პარლამენტართა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი აცდენს სხდომებს, თავს არ იწუხებს საპარლამენტო საქმიანობისთვის და ა.შ. ასეთი პარლამენტარის შენახვა ქვეყანას ძვირი უჯდება, არადა მისი მოშორების მექანიზმი არ არსებობს და ქვეყანა იძულებულია ასეთი ფუქსავატი 4 წლის განმავლობაში აიტანოს.

საქართველო მზად არ არის 4 წლის ვადით მომუშავე პარლამენტისთვის, როგორც პროფესიონალური, ისე პარლამენტართა კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, ამდენად გაცილებით უმჯობესი იქნებოდა საპარლამენტო ვადის 2,5 წლამდე დაყვანა. ამ შედარებით მოკლე ვადის განმავლობაში პარლამენტარი იძულებული იქნება დადებითად გამოიჩინოს თავი, რაც მეორედ არჩევის შესაძლებლობას მისცემს.

მიუღებელი უნდა იყოს ბიზნესმენთა გადეპუტატება.

საქართველოს პარლამენტარიზმის 26-წლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ბიზნესმენი მხოლოდ იმისთვის შედის პარლამენტში, საკუთარი ბიზნესი დაიცვას, ჰქონდეს იმუნიტეტი, არაკეთილსინდისიერი გზით განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

ბიზნესმენი პარლამენტარები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ესწრებიან სხდომებს, რითაც აბუჩად იგდებენ მუყაით კოლეგებს (ასეთებიც არიან). ბიზნესი და კანონშემოქმედება ორი დაშორებული პოლუსია, ორივე ითხოვს ენერგიას, ყურადღებას და შრომას, რაც ერთი ადამიანისთვის შეუძლებელია.

პარლამენტარის საქმიანობისთვის ყველაფერთან ერთად ჯამრთელობაც აუცილებელია, განსაკუთრებით ფსიქიკური. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა მომავალმა პარლამენტარმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე ხელი უნდა აიღოს პარლამენტში მოხვედრის ოცნებისგან.

პარლამენტს ესაჭიროება განათლებული, გამოცდილი, დამჯდარი, საღი გონების და ფსიქიკის პატრონი, ჯანმრთელი, შრომისუნარიანი წევრი და არა ნარკომანი, გადაქანებული, ზარმაცი პარლამენტარი.

საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად წარმართვას გამართული საარჩევნო კანონი ესაჭიროება, რასაც ვერადავერ დაადგა თავი ვერც ერთმა ხელისუფლებამ. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენას, რაც ასევე შეუძლებელი ხდება ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე.

ავიღოთ ბოლო არჩევნები. ხელისუფლებამ ჯიქურ დაასახელა სამმილიონნახევარი ამომრჩეველი, რაც უმალ აჩენს ეჭვს. ქვეყანაში, სადაც აღნიშნულ ციფრზე ოდნავ მეტი მოსახლეა, შეუძლებელია ამ რაოდენობის ამომრჩევლის არსებობა. ხელისუფლების მიერ დასახელებული რაოდენობა არც ერთ პარტიას არ გაუპროტესტებია, ისე, როგორც ბინის მეპატრონის თანხმობის გარეშე მის საცხოვრებელში უცნობი პირების „ჩაწერა“. სამწუხაროდ, ასეთს მრავლად ჰქონდა ადგილი თბილისში. ცხადია, ასეთ დანაშაულს არასახელისუფლო პარტიები ვერ ჩაიდენდნენ, ვინაიდან მათ ადმინისტრაციული რესურსი არ გააჩნიათ.

რას ნიშნავს ფარული „ჩაწერა“, გაბუქებული ამომრჩევლები და არის თუ არა აღნიშნული მაქინაციები ხელისუფლებისთვის სასარგებლო?

პასუხი შესაბამისია. აი, აქ უნდა ვეძებოთ ხელისუფლების რესურსი. არ არის „კარუსელები“, არ არის ერთი პირის მიერ ერთზე მეტი ბიულეტენის ყუთში ჩაყრა, მაგრამ არის ის, რაც აღვნიშნე და გარდა ამისა რუსეთში მცხოვრებთა ხმები. რუსეთში არჩევნები არ ჩატარებულა პოლიტიკურ მიზეზთა გამო. სად წავიდა იქ მცხოვრებთა ხმები? რატომ არ იღებს ხმას არჩევნებში მონაწილე და უკვე დამარცხებული პარტიები?

არც ერთ პარტიას, ხელისუფლებაში მყოფი („ოცნება“ არ მყავს მხედველობაში), არ გაუპროტესტებია ის პერმანენტული რეკლამა, რასაც ბიზნესმენი ივანიშვილი ინტენსიურად აწარმოებდა წინასაარჩევნო პერიოდში. მან თავს უფლება მისცა საკუთარი ტელევიზიით ელაპარაკა ყველა პარტიასა და მის ლიდერზე, „ოცნების“ ჩათვლით – ამ უკანასკნელზე მოჭარბებულად დადებითად, დანარჩენებზე, ზომაზე მეტად უარყოფითად. მისი შეხვედრა რეგიონულ ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ტელევიზიების მიერ. რა არის ეს, თუ არა უფასო რეკლამა და მხარდაჭერა საკუთარი პარტიისთვის?

თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი ივანიშვილის ძალადობას ამომრჩეველზე, რამაც გარკვეული დივიდენდები მოუტანა „ოცნებას“. სად იყვნენ დანარჩენი პარტიები, რატომ არ აპროტესტებდნენ ისინი ბიზნესმენ ივანიშვილის აღვირახსნილობას? რაღაცას ხომ არ ელოდნენ ისინი ივანიშვილისგან? მაგალითად ხელის წაკვრას პარლამენტში მოსახვედრად?

საქართველოს საზოგადოებას ჯერაც ვერ გაუთვითცნობიერებია ივანიშვილის ფენომენი ქართულ პოლიტიკაში. მან ისიც არ იცის, რომ ივანიშვილი, ვითომ განზე მდგომი, ვითომ მიუკერძოებელი, ქვეყანას უკან, ფეოდალიზმისკენ ექაჩება.

არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის არმქონე და აქედან გამომდინარე ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან შორს მყოფი ბიზნესმენი, ქვეყნის რეალური მმართველია. ის ქმნის პარლამენტს, ხელისუფლებას, ოპოზიციას. ის წყვეტს წვრილმან-მსხვილმან საკითხებს – ფარულად,  ქურდულად. ხელისუფლება მას შეჰყურებს, თვალებში შესციცინებს. ხელისუფლება დაკოდილ-დამორჩილებულია. მას ორმაგი დაქვემდებარება აქვს – გარეგანი ანუ აშშ-სადმი და შინაგანი – ივანიშვილისადმი.

რა ჰქვია ასეთ ქვეყანას და ხელისუფლებას, თუ არა ორი ბატონის მსახური? და როდესაც ორს ემსახურები, მესამისთვის აღარც დრო და აღარც ენერგია გრჩება (ანუ ხალხისთვის), რომელსაც არჩევნების წინ იხსენებენ. სამწუხაროდ, ასეთი ქვეყანა ვერასდროს გაიხარებს!

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.