26.12.2024

ამიერკავკასია „დიდთა“ ჭიდილში

დიდი ქვეყნების გეოპოლიტიკური ჭიდილიდან გამომდინარე, 2015 წელი კავკასიის ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. გასულ წელს და წინა წლებში ამიერკავკასიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტების მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკური კურსი გავლენას იქონიებს აღნიშნული ქვეყნების პოლიტიკურ ვექტორზე, როგორც მიმდინარე, ისე შემდგომ წლებში. ამიერკავკასიაში მტკიცე პლაცდარმის შექმნისთვის კვლავ ყურადღების ცენტრში იქნება ისეთი სუპერსახელმწიფოების პაექრობა, როგორებიცაა აშშ-ი და რუსეთი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამიერკავკასიაში შემოსული აშშ-ი ინტენსიურად ჩაერთო სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პოლიტიკურ-გეოგრაფიული ათვისების საქმეში. აშშ-ი პირველი იყო, ვინც საბჭოეთის დაშლის გამოცხადებისთანავე ცნო ახლადგამოჩეკილი დამოუკიდებელი ქვეყნები, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან და დაუყოვნებლივ საელჩოებიც გახსნა.

ამერიკულ დიპლომატიურ ტემპს სერიოზულად ჩამორჩა ყოფილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი, რაც ერთის მხრივ სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ მხოლოდ ერთის მხრივ. როგორც ჩანს, რუსეთს, დსთ-ს შექმნით ჰქონდა რაღაც იმედი, მაგალითად საბჭოეთის მსგავსი კავშირის შექმნის, რაც თავისთავად ეწინააღმდეგებოდა ყოფილი „პატარა“ ძმების დამოუკიდებლობის ცნობის იდეას. რუსეთის პრეზიდენტის ელცინისა და მისი თანამებრძოლების მიერ, ვაშინგტონის კარნახით შექმნილი დსთ-ს კავშირი, კრემლისთვის წყალწაღებულისა და ხავსის ისტორიის მსგავსი იყო – მცირედი, მაგრამ მაინც იმედის მომცემი.

ოფიციალური დოკუმენტური მასალის უქონლობის ჟამს, ვარაუდები იწევს წინა პლანზე. სწორედ ვარაუდებს შეიძლება მივაწეროთ კრემლის მხრიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის სწრაფი აღიარების დაგვიანება და მათთან აშშ-ს და სხვა ქვეყნების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.

კრემლის სურვილი, რომ დსთ-ს დაახლოებით ისეთი ფორმა ჰქონდა, როგორც საბჭოეთს, ნათლად გამოვლინდა 1994 წელს, მოსკოვის სასტუმრო „ამბასადორში“ ჩატარებული, დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოზირევმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, ყურადღება გადაიტანა ისეთ „უმნიშვნელო“ საკითხებზე, როგორებიც იყო დსთ-ს ჰიმნი, დსთ-ს დროშა, გერბი და დსთ-ს წარმომადგენლობა გაეროში. თან ისიც დაამატა, რომ საკითხებს მსჯელობაც არ სჭირდება, ისე შეიძლება მიღებაო.

სიჩუმე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ა.ჩიკვაიძემ დაარღვია და ხელის აწევით სიტყვა მოითხოვა. კოზირევის სახეს ჯერ გაოცება, ხოლო ჩიკვაიძის სიტყვებთან ერთად სიბრაზეც დაეტყო. ჩიკვაიძემ კატეგორიულად უარყო დღის წესრიგით შემოთავაზებული „უმნიშვნელო“ წინადადებები და თქვა, რომ ყოველივე, საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაა, რასაც საქართველო მხარს არ დაუჭერს.

ჩიკვაიძის გაბედულმა სიტყვამ, სხვა მინისტრებიც გაათამამა. კოზირევი იძულებული შეიქმნა საკითხის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაედო. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები არც ერთ დონეზე, აღარავის განუხილავს.

საბჭოეთის მოულოდნელმა დაშლამ ურთულესი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები გაუჩინა რუსეთის ფედერაციას. თავი იჩინა მოსკოვიდან ბოძებული დამოუკიდებლობის განმტკიცების და კრემლიდან დისტანცირების სურვილმა. ყოფილი „პატარა“ ძმები, მათთავის უცნობი დასავლური ცხოვრებით მოხიბლულები და დასავლური პროპაგანდით გაჟღენთილები, ვითარცა დამოუკიდებლები გამომწვევად ეპყრობოდნენ ყოფილ „დიდ“ ძმას. ამასობაში აშშ-ი ძალას და ფინანსებს, არ იშურებდა ამიერკავკასიაში გავლენის გასაფართოებლად. ეს ქვეყანა გახდა მეტნაკლებად სერიოზული დასაყრდენი სამივე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის.

გასული საუკუნის ბოლო დეკადა ამიერკავკასიის ქვეყნების სისხლიანი დაპირისპირებისა და შიდა ომების ხანადაც შეიძლება ვაღიაროთ და მათთან ერთად, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პარტნიორთა ძებნის ხანადაც. საქართველო – „ნატო“, ევროკავშირი, აშშ-ი; სომხეთი – რუსეთი, მცირე დოზით „ნატო“, ევროკავშირი; აზერბაიჯანი – თურქეთი, მცირე დოზით რუსეთი, ევროკავშირი და „ნატო“.

2008 წლის ცხინვალის ომმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი “who is who’s” და ვინ-ვისთან არის საკითხებს, ამასთანავე რუსეთის მიერ ამიერკავკასიაში მტკიცე პოზიციების დაბრუნების თემას. და ყოველივე აღნიშნულს შეუგნებლად, იმპულსი მისცა აშშ-ს და მასზე ჩამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების უგუნურმა გადაწყვეტილებამ – ცხინვალში ომის გაჩაღებამ.

საერთაშორისო ექსპერტთა მიხედვით, გაუგებარია, რით იყო გამოწვეული აშშ-ს ადმინისტრაციის მაშინდელი მოქმედება. ვარაუდებით – აშშ-ს ადმინისტრაციას აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა (ანუ გაბედავდა თუ არა) რუსეთი საქართველოს აგრესიაზე პასუხის გაცემას და ამ შემთხვევაში, რა დონის იქნებოდა პასუხი. არის მეორე ვარიანტიც – რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან პერმანენტული ხანძრის აგიზგიზება და ამით რუსეთის ყურადღების გადმოტანა კავკასიისკენ – სხვა რუსული პრობლემების მოგვარების ნაცვლად.

მიზანი – რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაძაბუნება. მსგავსი პროექტი მოგვიანებით (2014) განხორციელდა, მაგრამ არა კავკასიაში, არამედ უკრაინაში.

2008 წლის ომის შემდეგ, ამიერკავკასია კვლავ გადაიქცა მსოფლიოს ფართომასშტაბიანი მოქმედების ეპიცენტრად. 2008 წლის ომმა ხელი შეუწყო ამიერკავკასიის 3 ცხელი წერტილიდან, ორის – აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ჩამოშორებას. ისინი გამოვიდნენ საომარი სტადიიდან, რითაც გადაარჩინეს საქართველო (თუ შეიძლება ასე ითქვას) ხანგრძლივი საომარი დაპირისპირებისგან, თუმცა საქართველოსთვის მძიმე დანაკარგით – ტერიტორიიების დაკარგვით.

ცხინვალის ომმა საშუალება მისცა რუსეთს გაეაქტიურებინა საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციები ამიერკავკასიაში და მასთან ერთად აემოქმედებინა ზეგავლენის ეფექტიანი ბერკეტები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, როგორც პირდაპირ, ისე სხვა ქვეყნების მეშვეობით.

წამით წარმოვიდგინოთ ცხინვალის ომში გამარჯვებული საქართველოს მდგომარეობა და დავსვათ კითხვა – შერჩებოდა თუ არა საქართველოს რუსი სამშვიდობოების დახოცვა, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა? ექნებოდა თუ არა სწრაფ ომს ხანგრძლივი გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ელვისებურად არ იმოქმედებდა?

ბაქრაძის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოწოდება – ჩანგლებით, დანებით მტერთან ბრძოლის თაობაზე, მეტი არაფერი იყო, თუ არა პარტიზანული ომის გაჩაღების მოწოდება. აქედან გამომდინარე, დავსვათ კიდევ ერთი კითხვა – იყო თუ არა საქართველო პარტიზანული ომისთვის მზად და შეძლებდა თუ არა „ჯიპებით“ განებივრებული ახალგაზრდობა მწვანე ტანკების მორგებას?

რას მოუტანდა პარტიზანული ომი მცირემოსახლიან საქართვეოლოს? საქართველო არამცდაარამც არ არის 45-მილიონიანი უკრაინის სადარი. მაგრამ ისიც კი, უმეცარი პოლიტიკის წყალობით, სულს ღაფავს. სტრატეგიული პარტნიორის მზაკვრული გეგმებიდან გამომდინარე, უკრაინა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ბრძოლის პლაცდარმად არის ქცეული.

2008 წლის ცხინვალის ომმა გაააქტიურა რეგიონის მეორე მოთამაშე, თურქეთი, რომელმაც ეკონომიკურ აქტიურობას, პოლიტიკურიც მიუმატა, ხოლო 2014 წლის უკრაინის სამოქალაქო ომმა, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებამ, ევროკავშირის მხრიდან თურქეთის მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა ამ უკანასკნელის ევროკავშირში მიღების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, პოზიტიურად იმოქმედა მოსკოვ-ანკარის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

პუტინის ანკრაში ვიზიტი და იქ ხელმოწერილი დოკუმენტები, არა მარტო ენერგეტიკული თანამშრომლობის გამოხატულებაა, არამედ პოლიტიკურის. ასე და ამრიგად შეიქმნა ორთა კავშირი, რომელსაც ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის დასავლეთისადმი მოჭარბებული სკეპტიკური დამოკიდებულება.

ისეთი  ვითარება შეიქმნა, თითქოს ისტორიულ გამეორებასთან გვაქვს საქმე, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული რუსეთ-თურქეთის სახით. მაშინ ორივემ განიცადა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური რყევები, ნგრევა. ქემალისტურ თურქეთსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნებოდა მთელ რიგ პრინციპულ მიზნებს – ანტანტის წინააღმდეგ მოქმედებას, საერთაშორისო იზოლაციის გადალახვას, თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში, უსაფრთხოების უზრუნველყოფას რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის, შესაბამისად თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის საზღვრებთან.

ეს ის საკითხები იყო, სადაც ანკარა-მოსკოვის პოზიციები ემთხვევოდა ერთმანეთს. მაგრამ ქვეყნებს სხვა მოსაზრებებიც აქვთ – დახურული, საიდუმლო. და მათაც ჰქონდათ ასეთი – ქემალისტებს სურდათ პერიფერიულ-პროვინციული გავლენისგან ქვეყნის განთავისუფლება და გაევროპელება. კომუნისტებს კი – მათი იდეოლოგიის გავრცელება ანუ საერთოთურქული სოციალისტური ფედერაციის შექმნა.

ერთმანეთთან ურთიერთობის დროს, ორივე ცდილობდა კავკასიის კარტის გათამაშებას. პირველი ნაბიჯი ამ თამაშისა იყო 1920 წელს აზერბაიჯანის ბოლშევიკური გავლენის ქვეშ მოქცევა, რამაც მოსკოვს, ბაქოს და ანკარას მისცა ახლო აღმოსავლეთში გასვლის საშუალება. სწორედ ამ მანევრმა შუა ჩვენთან კარგად ცნობილი ყარსის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1921 წლის 13 ოქტომბერს მოეწერა. „მეგობრობის ხელშეკრულება სომხეთის სსრ-ს, აზერბაიჯანის სსრ-ს და საქართველოს სსრ-ს ერთი მხრივ და მეორე მხრივ თურქეთს შორის ხელმოწერილი რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მონაწილეობით ქ.ყარსში“ – ასეთი სათაურითაა ცნობილი ეს ხელშეკრულება.

რახან ყარსის ხელშეკრულება  ვახსენეთ, ურიგო არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ხელშეკრულებაში არსად არ არის აღნიშნული ვადა. ზოგიერთი ჩვენი პოლიტოლოგის და მასზე აყოლილი ჟურნალისტის მიხედვით, თითქოს 2021 წელს იწურება ამ ხელშეკრულების ვადა, რაც სრული აბსურდია. ასეც რომ იყოს, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველო-თურქეთს შორის დადებულ ჩარჩო ხელშეკრულების პრეამბულაში ხაზგასმით არის ნახსენები ყარსის ხელშეკრულება, როგორც ორი ქვეყნის ისტორიული ურთიერთობის ქვაკუთხედი. ერთობ მსუბუქად ჟღერდა ზოგიერთი ექსპერტის ნათქვამიც, რომ ასი წლის წინანდელ ხელშეკრულებას თანამედროვე პირობებში ყავლი აქვს გასული.

დღეს, აზერბაიჯანი სომხეთით ჩანაცვლდა, გახდა რა ის ევრაზიის კავშირის წევრი.

ყარსის ხელშეკრულების ბედი უდავოდ სხვაგვარი იქნებოდა, რომ არა საბჭოთა კავშირის შიგნით და მის მიმართ გაერთ შექმნილი პრობლემები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინმა განაცხადა – ყარსის ხელშეკრულების დროებითობის შესახებ და ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა თურქეთს. 1945 წლის 19 მარტს მოსკოვმა ცალმხრივად მოახდინა საბჭოეთ-თურქეთს შორის 1925 წელს დადებული ნეიტრალიტეტის ხელშეკრულების დენონსაცია. მას მოჰყვა 1945 წლის ივნისში მოლოტოვის მიერ თურქეთის ელჩის გამოძახება და შემდეგი მოთხოვნების წაყენება – აღმოსავლეთ თურქეთში ტერიტორიების დათმობა, სრუტეებთან საბჭოთა სამხედრო ბაზის მშენებლობა, ერთობლივი თურქეთ-საბჭოთა კონტროლის დაწესება ბოსფორსა და დარდანელზე. „ჩვენ გვაქვს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო სხვა ვითარებაში, განსხვავებულში დღევანდელისგან, მაშინ ტერიტორიული საკითხი გადაწყდა საბჭოთა კავშირის, მათ შორის სომხეთისა და საქართველოს საზიანოდ“, – განაცხადა მოლოტოვმა.

საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, კრემლს უკვე ჰქონდა ტრაპიზონის ოლქის გასაბჭოების გეგმა და როგორც ამბობენ „ობკომის“ მდივანიც იყო შერჩეული.

ექსპერტთა მოსაზრებით, დღევანდელი ვითარება წყლის წვეთებივით წააგავს 100 წლის წინანდელ ისტორიას. დღესაც, ისე, როგორც მაშინ, თურქეთ-რუსეთი დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის. დღესაც, ისე, როგორც მაშინ ორივემ გამოსავალი იპოვა და დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაიწყო ერთმანეთისკენ პოლიტიკურ-ენერგეტიკულ-ეკონომიკური სვლა.

ანკარამ არაფრად ჩააგდო ვაშინგტონის მოწოდება, შეერთებოდა ანტირუსულ სანქციებს. ვერც ევროკავშირის სამი კომისრის ვიზიტმა და მოწოდებამ, აგრეთვე დაპირებამ ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით, ნაცვლად რუსეთთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე უარისა გატეხა თურქეთის პრეზიდენტი. საჩუქარი, რომელიც პუტინმა მას გაუკეთა გაზის სახით, გაცილებით ღირებულად მიიჩნია ერდოღანმა, ვიდრე ბრიუსელის „სატყუარა“ – 5 წლის შემდეგ ევროკავშირში შესვლა.

ორთა კავშირი თავისთავად იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ორივე, თანახმად ხელშეკრულებისა, დაიცავს ერთმანეთის მიმართ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც გამორიცხავს დაპირისპირებას, მათ შორის სამხედროს. რეგიონისა და კავკასიის საკითხებში ორივესთვის მიუღებელია მესამე ქვეყნის, არარეგიონული ძალის ჩართვა.

ანკარა-მოსკოვის ხელშეკრულებით განეიტრალდება თურქეთის პოზიცია ყირიმის ნახევარკუნძულთან მიმართებაში. მოსკოვი, რომელიც პრაგმატულ, საქმიან ურთიერთობებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, თურქეთთან ხელშეკრულების წყალობით, გააფართოებს მასზე ზეგავლენას.

ანალოგიურ ვითარებაში იქნება თურქეთი სომხეთის მიმართ. სომხეთი, რომელმაც ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას, ევრაზიული კავშირი ამჯობინა, სხვა პოლიტიკური პოზიციების მატარებელი იქნება, ვიდრე საქართველო, ისევე, როგორც აზერბაიჯანი, რომელიც კარგა ხანია დასავლეთთან, კერძოდ აშშ-ნ დიპლომატიურ კონფლიქტში იმყოფება.

გასული წლის ბოლოს, ეუთოში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა დენიელ ბაერმა პროტესტი გამოთქვა ბაქოში რადიო „თავისუფლების“ ოფისის გაჩხრეკვის გამო, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურამ ჩაატარა. „ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის პასუხისმგებელ ორგანოებს პატივი სცენ აზერბაიჯანის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას“, – განაცხადა ბაერმა.

პასუხი აზერბაიჯანისა იყო მკაცრი – „ბატონმა ბაერმა დაივიწყა, რომ ძალადობის, კორუფციისა და დაჭერების სამშობლო მისი ქვეყანაა…“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნოვრუზ მამედოვმა.

ცხადია, ერთი განცხადებით არ გამოიხატება ქვეყნის დამოკიდებულება მეორე ქვეყანასთან, მაგრამ როდესაც ასეთი, მრავლობით რიცხვშია, ნიშნავს დიპლომატიურ კონფრონტაციას.

აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო კავშირები ისტორიულ ძმებთან თურქებთან, ისევე, როგორც მეზობელ რუსეთთან. სომხეთი, რომელიც ევრაზიული კავშირის წევრია და რუსეთის მოკავშირე, შეეცდება თურქეთთან ურთიერთობების დალაგებას.

ამიერკავკასიის სამი ქვეყნიდან ორს, არ აქვს ისეთი პოლიტიკური აღმაფრენა დასავლეთის მიმართ, როგორც საქართველოს. დავუმატოთ  აღნიშნულს ანტიდასავლურად განწყობილი რეგიონის ორი გიგანტი რუსეთ-თურქეთი და კიდევ ერთი – 80-მილიონიანი ირანი, რომელთანაც (პუტინის განცხადებით) სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება იგეგმება და მივიღებთ საქართველოსთვის „საშურ“ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში უდავოდ იბადება კითხვა, გაუძლებს პოლიტიკურ ოკეანეში, თანაც მღელვარეში ეულად დარჩენილი ამერიკანიზებული საქართველო მოსალოდნელ შემოტევებს? შეძლებს აშშ-ი პატარა საქართველოსთვის თავის გაწირვას?

ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მცირესთვის გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინება, ბალანსირებული პოლიტიკა არის პრიორიტეტული. სამწუხაროდ, საქართველო იშვიათი გამონაკლისია. მას სხვა გარემო, სხვა სამყარო იზიდავს – შორეული, მიუწვდომელი, თანაც ისეთი, სუსტ გავლენასაც რომ ვერ იქონიებს რეგიონზე, სადაც, განგების წყალობით, არის დაკანონებული ჩვენი ქვეყნის არსებობა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.