ყარსის ხელშეკრულების ნიუანსები

საქართველოს საზოგადოებაში, განსაკუთრებით მედიაში, პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებში არც ერთ ხელშეკრულებას ისეთი ინტერესი და აჟიოტაჟი არ გამოუწვია, როგორც ყარსის ხელშეკრულებას. ზოგი რას წერს და ზოგიც რას, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ ხელშეკრულება არათუ წაუკითხავთ, თვალითაც არ უნახიათ.

მაინც რამ გამოიწვია თითქმის 100 წლის წინათ დადებული ხელშეკრულებისადმი ესოდენი ინტერესი? – უპირველესად იმან, რომ მას „ვადა გასდის“ ანუ 2021 წელს ის შეწყვეტს მოქმედებას.

„თუ ქართველებმა თავს არ შემოვუძახეთ, 2021 წელს, როდესაც ყარსის ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია, პირდაპირი სამხედრო აგრესიით შეიცვლება…“, – წერს ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება და მას სხვებიც უბამენ მხარს – სხვა ლექსიკით, თუმცა იგივე შინაარსით.

ყარსის ხელშეკრულების თაობაზე, საქართველოს საზოგადოებამ, ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყების შემდეგ გაიგო. მანამდე თითო-ოროლა ისტორიკოსის განსჯის საგანი თუ იყო ის, რამეთუ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის მას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.

მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის შექმნისთანავე, მასში შემავალმა რესპუბლიკებმა საგარეო ურთიერთობებისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხების მოგვარება ცენტრს გადააბარეს, რასაც ავტომატურად მოჰყვა საგარეო და სამხედრო უწყებების გაუქმება და ამ საკითხების მოსკოვის მიერ მოგვარება.

„მეგობრობის ხელშეკრულებას სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ერთის მხრივ და თურქეთის, მეორეს მხრივ, დადებული რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მონაწილეობით ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს“ – ხელს აწერენ ა.მრავიანი, პ.მაკინზიანი, ბ.შახტახტინსკი, შ.ელიავა, ა.სვანიძე, ი.განეცკი, თურქეთის მხრიდან ქიაზიმ ქარაბექიზი, ველი, მუხტარი, მემდუხ შევქეთი. საქართველოს მხარეს წარმოადგენდნენ შალვა ელიავა – სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარი; ალექსანდრე სვანიძე – საგარეო და ფინანსთა საქმეთა კომისარი. რაც შეეხება რუსეთის მხარეს, მას წარმოადგენდა იაკოვ განეცკი – სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლატვიაში.

ხელშეკრულების რატიფიკაცია 1921 წლის 20 ივლისს გაიმართა საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, ხოლო სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა 1921 წლის 22 სექტემბერს ქ.ყარსში.

თურქეთის უმაღლესმა ეროვნულმა კრებამ 1921 წლის 31 ივლისს მოახდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია.

სარატიფიკაციო დოკუმენტს ამიერკავკასიის არც ერთი რესპუბლიკის წარმომადგენლის ხელმოწერა აღარ აქვს, მას ხელს გიორგი ჩიჩერინი – საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარი და საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი აწერს. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან დაწყებული ეს ხელშეკრულება აღარც ხელისმომწერებს გახსენებიათ და აღარც საზოგადოებას.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ისე გადაიკეტა საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარი, არათუ ყარსის ხელშეკრულების პუნქტების ამოქმედება – თურქეთის მხრიდან ბათუმთან თავისუფალი მიმოსვლა, შესაბამისი თავისუფალი ვაჭრობით და ა.შ., არამედ ლამის ბეღურების გადაფრენ-გადმოფრენაც აიკრძალა.

ყარსის ხელშეკრულება 1944-45 წლებში გაიხსენეს კრემლში და ავტორი „ძველი სიყვარულის“ გახსენებისა იოსებ სტალინი იყო. მან პოლიტბიუროზე გულისწყრომა გამოთქვა მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების მიმართ. მოსკოვის ხელშეკრულება (რუსეთ-თურქეთს შორის) რამდენიმე თვით (1921 წლის 16 მარტი) უსწრებდა ყარსის ხელშეკრულებას.

სტალინმა დაავალა ვიაჩესლავ მოლოტოვს – საგარეო საქმეთა მინისტრს, გადაეხედა აღნიშნული ხელშეკრულებისთვის, მისი შეცვლის მიზნით, რამეთუ აღნიშნულით დიდი დანაკლისი (ტერიტორიული) განიცადეს სომხეთისა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებმა. მოლოტოვმა დაიბარა თურქეთის ელჩი და ნოტა გადასცა, თან ისიც დაუმატა, რომ სსრკ ცალმხრივად გამოდიოდა ხელშეკრულებიდან.

ყარსის ხელშეკრულების შესახებ პოტსდამის 1945 წლის „სამეულის“ კონფერენციაზეც გაჟღერდა, თუმცა საბჭოთა დელეგაციამ მხარდაჭერა ვერ პოვა. სულ სხვაგვარად წარიმართებოდა ამ ხელშეკრულებისა და თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ბედი, რომ არა ატომური ბომბის აფეთქება.

ყარსის ხელშეკრულებას მას შემდეგ მიაქცია საქართველოს საზოგადოებამ ყურადღება, როდესაც ოფიციალურმა თბილისმა (გამსახურდიას მმართველობის დროს) გაავრცელა ერთობ „პატრიოტული“ მოსაზრება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმების თაობაზე. იდეა უცბათ აიტაცა აჭარის ავტონომიის „მრგვალი მაგიდის“ ხელმძღვანელმა იმნაძემ და ისეთი ჭიაკოკონა დაანთო, უარესს რომ ვერ ინატრებდა კაცი.

მე, მაშინ საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი გახლდით და კარგად მახსოვს, რა მოჰყვა ეროვნული ხელისუფლების დაუფიქრებელ განცხადებას, როგორც ქვემო ქართლში, ისე აჭარაში. ასლან აბაშიძე, ისის იყო შეუდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას (მანამდე საქართველოს ერთ-ერთი სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა) და სახალხო ჯანყი.

ვისაც ნანახი აქვს ამ „რევოლუციის“ ვიდეო-კადრები – ბათუმის სამთავრობო დაწესებულებების შენობების მომიტინგეთა მიერ ძალისმიერი დაკავება, უმაღლესი საბჭოს შენობის ალყაში მოქცევა, შეიარაღებული ხალხის ქუჩებში გამოსვლა, დამერწმუნება, რაოდენ დიდი იყო აჭარელთა სურვილი ავტონომიის სტატუსის შენარჩუნების საქმეში. მეამბოხეთა მორევში თავით გადაშვებულმა აბაშიძემ, ყველაფერი იღონა ხალხის დასამშვიდებლად, დაპირდა რა მას ავტონომიის დაცვა-შენარჩუნებას.

იქიდან მოყოლებული, ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიის მეთაური – გამუდმებით მოუწოდებდა თბილისელ „პოლიტიკოსებს“ თავი შეეკავებინათ აჭარის ავტონომიის გაუქმების თემაზე საუბრისგან, რამეთუ მისი არსებობა (აჭარის ავტონომიის) სისხლხორციელად უკავშირდებოდა ყარსის ხელშეკრულებას.

აჭარის მეთაურსა და საქართველოს „მოქალაქეთა კავშირის“, განსაკუთრებით მის ახალგაზრდულ ფრთას შორის ურთიერთობა რომ დაძაბული, ხშირ შემთხვევაში მტრული იყო, მტკიცება არ სჭირდება. ყოველივე აღნიშნულმა ჩემს თვალწინ გაიარა – საქართველოს პარლამენტის წევრის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის.

ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები, ისე, როგორც თავის დროზე გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები, არაფრად აგდებდნენ ყარსის ხელშეკრულებას. ისინიც თვლიდნენ, რომ აჭარა და ავტონომია  შეუთავსებელი მცნებებია.

მაშინდელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რ.ადამია წერდა: „ყარსის ხელშეკრულება პრაქტიკულად, სამართლებრივ საფუძველზე გაუქმებულია“.

კიდევ უფრო ღრმად შეტოპა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფიზიკოსმა კახა ჩიტაიამ, რომელმაც სერიოზული, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ვნებათაღელვით „მოღალატური“ უწოდა ბატონ ასლან აბაშიძის განცხადებას, მიმართულს ქვეყნის ინტერესების, მისი მომავლის, ხალხის კეთილდღეობის წინააღმდეგ.

„ბატონმა კახამ, ვითარცა საერთაშორისო ურთიერთობათა პრობლემატიკის „დიდოსტატმა“, დაბეჯითებით გვამცნო, რომ დღეს ეს ხელშეკრულება აღარ მოქმედებს; რომ ყარსის ხელშეკრულებაზე საერთოდ აღარ იქნება საუბარი, რადგანაც ეს აბსურდული, მიუღებელი და დაუშვებელია“ – წერდა საერთაშორისო სამართლის უდავო ოსტატი, პროფესორი ნოდარ კიკვაძე. და იქვე აღნიშნავდა: „როცა რომელიმე საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტზე საუბრობ, განსაკუთრებით ხელშეკრულებაზე ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც სამართლებრივი ნორმაქმნადობის ფუნქციას ასრულებს და არა „შეთანხმებაზე“, რომელიც ლოკალურ საკითხებს აწესრიგებს, ისიც უმეტეს შემთხვევაში დროის გარკვეულ მონაკვეთში, ვფიქრობ სრულიად აუცილებელია განსჯადი დოკუმენტის ზედმიწევნით ზუსტი ცოდნა და ანალიზი. ამ თვალსაზრისით კი ყარსის ხელშეკრულებაში საკმაო რამაა ფიქსირებული“.

აი, როგორია შინაარსი ამ ხელშეკრულების, თუნდაც მეხუთე მუხლის: „თურქეთი თანხმდება დაუთმოს საქართველოს სიუზერენიტეტი ქალაქსა და ნავსადგურ ბათუმსა და ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების IV მუხლით მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით ძევს და შეადგენს ბათუმის ოლქის ნაწილს, იმ პირობით, რომ:

  1. მოსახლეობა ამ ადგილებისა, რომლებიც ამ მუხლშია მითითებული, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემისთვის მის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა დაადგინოს მითითებულ ადგილებზე მიწის კანონი, რომელიც შეესატყვისება მის „სურვილებს“.
  2. თურქეთისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყოველგვარი საქონლის თავისუფალი ტრანზიტი, რომელიც გაიგზავნება თურქეთში და თურქეთიდან, ბათუმის ნავსადგურის გავლით, უბაჟოდ, რაიმე შეფერხების გარეშე და ყოველგვარი გადასახადით მათ დაუბეგრავად, თურქეთისთვის ბათუმის ნავსადგურის სარგებლობის უზრუნველყოფით ამაზე სპეციალური გამოსაღებების გადაუხდელად“.

ყარსის ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული მისი ხანგრძლივობის ვადა. მცდარია მოსაზრება იმასთან მიმართებაში, რომ 100 წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერი ხელშეკრულება კარგავს ძალას. ეს, ის ხელშეკრულებაა, რომელიც არავითარი ვადით არ იზღუდება.

მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო რატიფიკაციის დროს საბჭოთა კავშირში შემავალი საბჭოთა რესპუბლიკა და ვინაიდან აღარც ერთია და აღარც მეორე, ხელშეკრულება ავტომატურად ძალადაკარგულია.

მცდარია მოსაზრება, რომ საქართველოს შეუძლია ცალმხრივად გამოვიდეს ხელშეკრულებიდან. დავუშვად ეს, ასეც მოხდა, ამით ძალას დაკარგავს ხელშეკრულება? არამცდაარამც – საქართველო მარტო არ არის. მასთან ერთად ხელს აზერბაიჯანი და სომხეთიც აწერს, რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთზე.

ხელშეკრულების გაუქმება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი ყველა ხელმომწერი მხარე შეთანხმდება ამაზე. შეცდა რუსი პოლიტოლოგი, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი გამოვა ყარსის ხელშეკრულებიდან და ამით ხელშეკრულება დაიშლება. მაგრამ რუსეთი რომ ხელშეკრულების მხარე არ არის. ის მხოლოდ დამსწრეა.

დავუშვათ (თუმცა დაშვება აბსურდის ტოლფასია) ყველა ჩამოთვლილი ვარიანტი გამართლდა და ხელშეკრულება მართლაც ისტორიას ჩაბარდა, რა ვუყოთ 1992 წლის 30 ივლისის ფართომასშტაბიან „საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის მეგობრობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობის ხელშეკრულობას“? მის პრეამბულაში სრულიად გარკვევითაა დაფიქსირებული: „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით.

მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.

მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წელს ყარსის ხელშეკრულება ისე წელგამართული შეხვდება, როგორც 100 წლის წინათ. და არა მარტო 2021 წელს, არამედ ერთი იმდენსაც, თუ რაიმე სხვას, კატაკლიზმის მსგავსს ადგილი არ ექნება კავკასიასა და მიმდებარე რეგიონში.

აწყობს თურქეთს ყარსის ხელშეკრულების გაუქმება ან მისი „ხანდაზმულობის“ აღიარება? არამცდაარამც, ვინაიდან მაშინ საეჭვოდ აქცევს ყოველივე იმას, რაც მან მოიპოვა ბოლო 25 წლის განმავლობაში აჭარასთან მიმართებაში და არა მარტო აჭარასთან,  არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.