27.12.2024

ავად გასახსენებელი დღე

27 სექტემბერს საქართველომ სოხუმის დაცემა გაიხსენა და გმირთა მოედანზე არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკო. 24 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი დღიდან – ქართულმა პოლიტიკამ რომ არგუნა ხალხს. 27 სექტემბერს ომში დაღუპულთა მემორიალთან მეხუთედ მივიდა „ქართული ოცნება“ – საქართველოს სახელისუფლებო პარტია. ხელისუფლებაში მყოფი ამ პარტიის წარმომადგენელთა უმრავლესობას 5 წლის წინ სულაც არ გახსენია 27 სექტემბერი. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც არავის გაახსენდება.

24 წლის წინ საქართველოს „გონიერმა“ ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა წრემ – „პატრიოტული“ შემართებით გაჟღენთილმა ხალხის ნაწილმა გადადგა ნაბიჯი საკუთარი ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ და ჯარი მიაყენა სოხუმს, მთლიანად აფხაზეთს „წესრიგის აღსადგენად“. შედეგი – 27 სექტემბერი. დაცემული სოხუმი, ქართველთათვის დაკარგული აფხაზეთი. აფხაზთათვის დიდი გამარჯვება, ზეიმი; ქართველთათვის – აფხაზეთის დატოვება, ლტოლვილობა, მრავალი წლის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრება – უსახლკაროდ, ლუკმა-პურის შოვნაში თბილისისა და სხვა ქალაქების ბაზრებში ხეტიალი.

ლტოლვილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფა დღესაც შეუსრულებელია. 24 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ, პოლიტიკამ, ბიზნესმა ვერ მოახერხა ლტოლვილთა ბინით დაკმაყოფილება, დასაქმება, პრიმიტიული პირობების შექმნა.

აფხაზეთში, ცენტრის მიერ გაჩაღებულმა ომმა 10000-ზე მეტი ქართველი შეიწირა – ასეთია ოფიციალური სტატისტიკა; 3000-ზე მეტი აფხაზი – ესეც ოფიციალური აფხაზური სტატისტიკაა. დაჭრილ-დასახიჩრებულთა რაოდენობას ვინ მოთვლის.

ოფიციალური თბილისის სავალალო გადაწყვეტილებამ – აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე წესრიგის ვითომ დამყარების სურვილმა გამოიწვია ის, რაც ზემოთ აღვნიშნე ანუ საქართველოს – საქართველოდ და აფხაზეთად დაყოფა – ჩვენს თავებსა და გულებში და რაც არ უნდა ვიძახოთ – ჩვენ ერთნი ვართ – ძმები, დები და ნათესავები – არაფერი გამოვა, ვინაიდან ჩვენ თვითონვე გადავდგით ერთმანეთის დასაშორებელი საბედისწერო ნაბიჯი.

ჩვენ თვითონვე მივუშვით რუსული ტანკები, სხვა სამხედრო ტექნიკა აფხაზეთზე – საქართველოს ძირძველ მიწაზე ანუ საქართველოზე – იმ აფხაზზე, ქართველზე, სომეხზე, სხვაზე, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ამ მხარეში. 60000 აფხაზზე, 350000 ქართველზე, რომლებიც ერთმანეთს დავატაკეთ. ამ უთანასწორო ბრძოლაში უმცირესობამ იძალა – შეიგნო რა საკუთარი მამულის დაცვის აუცილებლობა. 300000 ქართველმა საკუთარ მამულად დანარჩენი საქართველო ჩათვალა და ფეხით, წამებით, მსხვერპლით მოაშურეს თბილისს. მას შემდეგ ისინი აქ არიან. არიან სხვაგანაც, საერთო ფერხულიდან, თუ ამას ფერხული ჰქვია, განყენებულად მყოფნი.

რაც შევარდნაძის ხელისუფლებამ მოახერხა ლტოლვილებისთვის – სამინისტროების შექმნა იყო – აფხაზეთის „შემორიგებისთვის“, თბილისში აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ჩამოყალიბება და ა.შ.

აფხაზეთის ომის მთავარმა შემოქმედმა, საქართველის მეთაურმა შევარდნაძემ, რაც მოახერხა, ხალხის დარწმუნება იყო თავის „უმანკოებაში“, სხვის დადანაშაულში. ეს სხვა, რუსეთი იყო, რომელმაც ჩაითრია საქართველო მზაკვრულ გეგმაში და ომიც დააწყებინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ამ ვერსიას საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება სისტემატურად გაიძახოდა, რაც უდავოდ ბრიყვული თავის მართლება იყო. ვინ დაიჯერებს, აფხაზთა ძალებზე ათჯერ მეტი ქართული სამხედრო ძალის და შეიარაღების სავალალო დამარცხებას? თუ ამას დავუმატებთ მაშინდელ აფხაზეთის ავტონომიაში მცხოვრებ 350000 ქართველს – 60000 აფხაზის გამარჯვება მართლაც დაუჯერებელია.

მაგრამ ისტორიაში არცთუ იშვიათად აქვს ადგილი მცირე სამხედრო ძალის ძლიერსა და მრავალრიცხოვანზე გამარჯვებას. ქართველთა მარცხი რომ ობიექტური მოსაზრებით ყოფილიყო განმტკიცებული, უმალ რუსეთი გაიხსენეს. ხან რა ითქვა და ხან რა – აფხაზთა მხარეს რუსეთის რეგულარული არმიის ბრძოლა, ჩრდილოკავკასიელთა უანგარო დახმარება, დაქირავებული რუსი „ბოევიკები“ და ა.შ.

აფხაზეთის ომში რუსი დაქირავებული მეომრების და ჩრდილოკავკასიელთა მონაწილეობა გაკვირვებას არ იწვევს. დღეს, რომ სირიაში ტერორისტების მხარეს რუსეთის, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები იბრძვიან, იწვევს გაკვირვებას? აფხაზთა მხარეს, მიუხედავად ათობით და ასობით მებრძოლი რუსი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლისა, ქართული მხარე, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად გაცილებით მეტი იყო, მაგრამ …

გასული საუკუნის 90-იანი წლების „გმირი“ ხელისუფლება ცოცხალი აღარ არის. რაც არის – დაკარგული აფხაზეთია და კიდევ სამხრეთ ოსეთი – შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების გამგრძელებელი სააკაშვილის ნახელავი.

საქართველოს ხელისუფლება, პარტიული ელიტა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც წარსული საბედისწერო შეცდომებიდან დასკვნები არ გამოაქვს. იგივე შეცდომა და გაცილებით მძიმე შედეგი  – მძინარე ცხინვაზე შეტევა, მარცხი და 24 წლის წინათ დე-ფაქტოდ დაკარგულის დე-იურედ აღარება.

1992 წლის აფხაზეთის ომიდან 2008 წლის ცხინვალის ომამდე არაერთი წელია, არაერთი განსჯა, ფიქრი, ჩანგრეული ხიდის ვითომ აღდგენის მცდელობა, თეორიულად საქართველოში შემავალი ავტონომიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ციკლი, ლაპარაკი (ჩვენი მხრიდან) ძმობასა და მეგობრობაზე. და ისევ ომი, ისევ მარცხი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება; რუსეთის აგრესორად, ოკუპანტად, მტრად შერაცხვა და განუწყვეტელი ლანძღვა-გინება.

ისე, როგორც 1992 წლის ომიდან დაწყებული, სოხუმის დაცემით დამთავრებული და 2008 წლის მარცხით გაგრძელებული ანტირუსულ რიტორიკას არც ფორმა და არც შინაარსი არ შეცვლია. ამ ხნის მანძილზე საერთაშორისო სარბიელზე ბევრი რამ მოხდა საყურადღებო, აღსანიშნავი, მისაბაძი, ჩვენთვის საინტერესო, მაგრამ ჩვენ უცვლელი ვართ, ერთ ადგილას მყარად მდგომი, რუსეთის მყარად მაგინებელი.

უნებლიედ იბადება კითხვა – როდესაც ევროკავშირის სპეცკომისიამ 2008 წლის ომის დაწყებით და მძინარე ცხინვალზე „გრადების“ დაყრით სააკაშვილი და მისი ხელისუფლება  აგრესორად გამოაცხადა, რატომ არის რუსეთი აგრესორი?

როგორც იქნა, უკვე ჩვენშიც ამბობენ, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და მიუხედავად ამისა ალოგიკურად აცხადებენ რუსულ აგრესიაზე. თუ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთმა გვიპასუხა – ამას სხვა შეფასება უნდა ჰქონდეს – მეტადრე თავდაცვა და არა თავდასხმა.

ისე, როგორც 1992 წლის ომის შემდეგ, 2008 წელსაც გაისმა რუსეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მითი. ამ „ჩათრევამ“ სკოლის წლები გამახსენა და მაშინ მოარული მოსაზრება – უფროსკლასელთა მიერ, უმცროსკლასელების „ცუდ“ საქმეში ჩათრევა. სსრკ კპ ცკ პოლიტბიუროს ყოფილი წევრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის „უმცროსკლასელად“ მიჩნევა ისეთივე დაუჯერებელია, როგორც მისი ავანტიურაში „ჩათრევა“.

გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვებული (სააკაშვილი) პოლიტიკოსის ძუძუმწოვარად და „ჩათრეულად“ გამოცხადება საკუთარი თავისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. მაგრამ რა გაეწყობა, ასეთები ვართ – შეუცვლელი, ჯიუტად ერთ ადგილზე მდგომი, დიდყურა ცხოველივით.

24 წელია ვლანძღავთ რუსეთს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს. რუსეთს მთელს მსოფლიოში თავსლაფს ვასხამთ. ანალოგიურად ვიქცევით ყოფილი ავტონომიების მიმართ – მოვიხსენიებთ რა მათ სეპარატისტებად, ადამიანის უფლებების უხეშ დამრღველად, ტრეფიკინგის ნაკრძალად, სეპარატისტების მიერ არჩევნების გზით არჩეულ ხელისუფლებას უკანონოდ, ეგრეთ წოდებულად, თბილისში, დევნილობაში მყოფი ორი ყოფილი ავტონომიის ხელისუფლებას კანონიერად. თუ რომელს „დაამშვენებდა“ „ე.წ.“ ისედაც ნათელია. იქაური ე.წ. მართავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. აქაური?

24 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემით, რუსული აგრესიის ძახილით, დასავლეთის გულის მოგებას და აქედან გამომდინარე შესაბამისი ფინანსური დახმარების მიღებას.

„ობიექტური“ დასავლეთი ყოველთვის ცდილობდა გონგამოცლილი ქართველი პოლიტიკოსების დაყვავებას, თავზე ხელის გადასმას და მეტი ანტირუსული პოლიტიკისთვის გამოყენებას. ქართული პოლიტიკა ან ვერ ხედავს, ან დანახვა არ უნდა, რომ დასავლეთს, აშშ-ს ჩათვლით, ფეხებზე ჰკიდია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დასამშვიდებელი სიტყვების გარდა არაფერს აკეთებს. ან რა უნდა გააკეთოს, როდესაც საქართველოს ყველა ხელისუფლებას, დღევანდელის ჩათვლით, ტერიტორიული ტრაგედია საკუთარ ბედნიერებად აქვს გდაქცეული.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ის მსუყე სატყუარაა საკუთარი ხალხისთვის მიწოდებული, რომელიც უცხოეთში მოგზაურობის, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრების, მსოფლიოს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრების შესაძლებლობას იძლევა. ტერიტორიული გამთლიანების თემა დასავლელ პოლიტიკოსებსაც ხიბლავთ, ვინაიდან საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა სახის კონსულტაციებში შესაშურ დაფინანსებას იღებენ.

ორივე მხარე კმაყოფილია – იქითაც და აქეთაც, უკმაყოფილო ისაა, ვის თავზეც ეს ფარსი ტრიალებს – საქართველოს. ესოდენ ერთსულოვანი ფერხულის დროს, ვინ ისურვებს საქმის დასრულებას?

არც არავინ. სწორედ ამიტომ 24 წლის განმავლობაში ვიხსენებთ სოხუმის დაცემას და არაერთი 24 წლის განმავლობაში გავიხსენებთ. გავიხსენებთ ზერელედ, ზედაპირულად, ცინიკურად. გავიმეორებ, ა.წ. 27 სექტემბერს  წინა და იმის წინა ხელისუფლებიდან რომელმა ერთმა მიაკითხა გმირთა მემორიალს?

24 წლის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფლებამ არ იფიქრა საკითხის კარდინალური მოგვარებისთვის სერიუზული ნაბიჯის გადადგმაზე, არც გმირთა მოედანზე, ყველაზე გადატვირთული გზაჯვარედინიდან გმირთა მემორიალის შესაბამის ადგილზე გადატანაზე. არც ერთ ხელისუფლებას სირცხვილის გრძნობაც არ გასჩენია მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მემორიალთან მიყვანის დროს.

საქართველოს ხელისუფლებას აწყობდა და აწყობს ყოფილ ავტონომიებთან დაკავშირებით შექმნილი სტატუს-კვო. მას არ სურს პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკება რუსეთთან. ქართულ პოლიტიკას არავითარი სირცხვილის გრძნობა არ აქვს, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთთან მარტო საქართველოს მოლაპარაკება არ შეიძლება, ვინაიდან საქართველო წააგებს. საქართველომ, რუსეთთან მხოლოდ დასავლელი „პარტნიორების“ თანხლებით უნდა გამართოს მოლაპარაკება. ასეთის სუვერენულობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა განა არ დგება ეჭვის ქვეშ?

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მხოლოდ საქმიანი პოლიტიკური ძალისხმევით შეიძლება გადაიჭრას  და არა უსაგნო ლაქლაქით – „რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია“, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები „ეგრეთ წოდებულები“ და სეპარატისტები. ამას გავყვირით 24 წელიწადია – წარუმატებლად (იქნებ წარმატებულადაც ხელისუფლებისთვის) და ასეც გავაგრძელებთ მომავალშიც, თუ გონს არ მოვალთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.