08.12.2024

ფიქრები ობამას განცხადებასთან დაკავშირებით

ობამას, ფანჯიკიძისა და პეტრიაშვილის განცხადებებმა ქუთაისური ძველი ანეკდოტი გამახსენა – „ბალელშიკები“ ფეხბურთელებს რომ უყვირიან – „პენალი“, „პენალი“ დაარტყითო და ისინიც რომ პასუხობენ – „სუდია“ არ გვაძლევსო. ვინ კითხავს „სუდიას“, დადეთ ბურთი და დაარტყითო“.

მკითხველი შემედავება – სად ობამა და სად ფანჯიკიძე-პეტრიაშვილი. და მართლაც, სად ერეკლე და სად … მაგრამ ბედშავი საქართველოსთვის, ნირწამხდარისა და „გადაგდებულისთვის“ ქართული გამონათქვამი შებრუნებით ჟღერს, ანუ სად ფანჯიკიძე-პეტრიაშვილი და სად ობამა. და ეს მას შემდეგ, რაც ღრმადპატივცემულმა ობამამ, აშშ-ს პრეზიდენტმა ერთობ არასასიამოვნო რამ თქვა ნატოს, საქართველოს და იქ შესვლის თაობაზე.

იმ დღიდან, ხელისუფლების, წინა ხელისუფლების და იმის წინას, მათი „ბალელშიკების“ (ამჯერად პოლიტიკური „ბალელშიკები“ მყავს მხედველობაში) დამოკიდებულება ობამასადმი კრიტიკული გახდა. „აფსუს, მაკკეინი“, – ფიქრობენ ნაცები. ის, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, ნაცთა ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, ნატოშიც იქნებოდნენ და სააკაშვილიც აქ ეყოლებოდათ სამარადისო პრემიერ-მინისტრად.

და მართლაც, მაკკეინს რომ გაემარჯვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ბედნიერებაში იქნებოდნენ ნაცები და რა უბედურებაში დანარჩენი საქართველო. გადავრჩით! მართალია, იმ ავადსახსენებელ წელს, პრეზიდენტის არჩევნების ფალსიფიკაციით და აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის დაკარგვით, ცუდის მეტი არაფერი მოუტანია, მაგრამ სააკაშვილის მამობილის, მაკკეინის გაპრეზიდენტება, რომ საქართველოში შემთხვევით შემორჩენილ მოსახლეობას უცხოეთის გზას გაუყენებდა, ფაქტია.

ამერიკელ რესპუბლიკელთა წარმატებას ნაცები და მათი „ფიურერი“ დიდის გულმოდგინებით საკუთარ თავზე მოირგებდნენ და ისეთი აღმაფრენით შემოგვიტევდნენ, საუკუნეთა განმავლობაში ასეულობით მომხდურს რომ შეშურდებოდა. ქართველი ხომ მუდამ წარმატებით უტევს ქართველს.

ჩვენდა ბედად, აშშ-ს პრეზიდენტად ობამა მოგვევლინა. ჩვენდა ბედად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრინციპით, ობამამ ბრძანა, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმის საწინააღმდეგო მოსაზრებას, რასაც ბოლო 15 წელიწადია სისტემატურად ვისმენთ.

აშშ-ს პრეზიდენტის ნათქვამს სხვა რეაქცია უნდა გამოეწვია ხელისუფლებაში, დაახლოებით ისეთი მაინც, როგორიც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ჰქონდა. მაგრამ რა ევროატლანტელები ვართ, თუ ჩვენი ევროატლანტელობა მძაფრად არ გამოვხატეთ? და დაიწყო ფანჯიკიძე-პეტრიაშვილის სრულიად საპირისპირო მტკიცება, ობამას ნათქვამის ინტერპრეტირება – ობამას, „მაპის“ მონიჭებასთან დაკავშირებით, არაფერი უთქვამსო და ა.შ.

დიახ! ობამას „მაპთან“ დაკავშირებით არაფერი უთქვამს, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით თქვა და თანაც გარკვევით. და თუ ნატოში ვერ შევალთ, რა თავში ვიხლით „მაპს“? „მაპში“ ხომ არ შევდივართ? თუმცა მათაც (ფანჯიკიძე-პეტრიაშვილი) უნდა გავუგოთ. ისინი ხომ მსუყე სახელმწიფო ლუკმას ნატო-ნატოს ძახილისთვის ჭამენ? ამ ტანდემის განცხადებებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს საქართველო იღებს გადაწყვეტილებას აშშ-ს ნატოში მიღებაზე და არა პირიქით.

ჩემთვის, ობამას განცხადებაში ახალი არაფერია. ახალი მხოლოდ ის არის, რომ ითქვა, თანაც პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე – საქართველო არ დგას ნატოს გზაზე. მაგრამ, რომ ითქვა, იმიტომ გვეხამუშება. მიჩვეულს ნუ მოაკლებო, რომ იტყვიან, ისეა ჩვენი საქმე. კარგა ხანია ჩვენმა ხელისუფლებამ და ნატოს შტაბ-ბინის მაღალ-დაბალმა მოხელეებმა ანდერს ფოგით დაწყებული და ჯეიმსებით დამთავრებული, ანუ რასმუსენ-აპატურაით, დღე არ დაკარგეს ჩვენთვის, რომ არ ეთქვათ, ნატოში მიგიღებთო.

ამ ორი გვარის სისტემატურმა ხსენებამ, დიდი „სიყვარული“ ჩადო ჩვენს თავში, ისეთი, უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ ისინი. ვამბობთ ნატოს, ვგულისხმობთ რასმუსენ-აპატურაის, ვამბობთ რასმუსენ-აპატურაის, ვგულისხმობთ ნატოს.

ფანჯიკიძე-პეტრიაშვილის დაბეჯითებული მეცადინეობით, ჭარბი ნატოური ოპტიმიზმი, ნატოს უელსის სამიტამდე გაგრძელდება, მიუხედავად ობამას ნათქვამისა. გაგრძელდება, მაგრამ ყურს არავინ დაუგდებს და თუ დაუგდებენ, ისინიც მათსავით ბრიყვები იქნებიან.

ობამას ნათქვამმა სერიოზულად უნდა დააფიქროს ხელისუფლება, მაგრამ აქვს მას სიღრმისეული დაფიქრების უნარი? ის, რომ ზემოთნახსენებ მინისტრებს ამის უნარი არ გააჩნით, ფაქტია.

რას ნიშნავს დაფიქრება? უპირველეს ყოვლისა განვლილი 20 წლის სიღრმისეულ შეფასებას და არათუ შეფასებას, გადაფასებასაც კი.

დამოუკიდებლობის წლებმა ბევრი რამ დაგვანახა, უპირველესად, ის, რაც მანამდე ჩვენთვის უცნობი და შორეული იყო; რასაც მხოლოდ კინოფილმებიდან და რომანებიდან ვიცნობდით. დაგვანახა იქაური ყოველდღიური, პროზაული არსებობა – რომანტიზმიდან დაშორებული. დაგვანახა ცხოვრებისეული რეალობა, ჩვენი თავი ამ რეალობაში, დასავლური ცხოვრების ინტერიერში, რომელშიც მთელი არსებით ვართ გადაშვებული-დავრდომილი დასავლელი მოხუცის ტანის ჩაბანვის დროს – უმაღლესი განათლებით, ხშირად ორი დიპლომით.

დაგვანახა ისიც, თუ რა ფასი აქვს იქ მიღებულ სამთვიანი კურსების სერტიფიკატს, აქ მიღებულ „წითელ“  დიპლომთან შედარებით. დაგვანახა იქაურის აშკარა უპირატესობა აქაურთან შედარებით, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით ოფისებში, სამედიცინო დაწესებულებებში, თუნდაც აფთიაქებში. გინახავთ ვინმეს კაბინეტში აქაური უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, კედელზე ჩამოკიდებული? იქაური მოკლევადიანი კურსების სერტიფიკატი, რამდენიც გინდათ.

განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ ჩამორჩენილები ვართ, ვიდრე ისინი. და არა მარტო დაგვანახა, დაგვარწმუნა ამაში. მაგრამ არის ეს ასე? იქნებ სულ სხვანაირად არის და ჩვენ ვერ ვხედავთ? იქნებ მათი ხათრით და რიდით გვერიდება ამის თქმა?

დასავლეთისკენ თავქუდმოგლეჯილმა სირბილმა დაგვავიწყა მთავარი – საკუთარი თავი, საკუთარის კეთება, საკუთარი ცხოვრების შენება, საკუთარის განვითარება, საკუთარის პატივისცემა. დაგვავიწყა, რომ საკუთარის არმქონე – ტვირთია მძიმე, მათთვის. და ამ ტვირთს ის არ აიკიდებს. ან რამდენი ჩვენნაირი უნდა აიკიდოს?

ტვირთია ის, რომ არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს (თურქეთის გარდა) საზღვრები დელიმიტირებულ-დემარკირებული; რომ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები და გვსურს მათი დაბრუნება; რომ ქვეყნის ეკონომიკა ნულს უტოლდება, ხოლო სასამართლო სისტემა ჩანასახშია; რომ კანონმდებლობა ისე შორს არის ევროპულისგან, როგორც დედამიწა მარსიდან და ა.შ.

ობამას ნათქვამი ცივი შხაპივით უნდა იყოს ჩვენთვის. მან წერტილი უნდა დაუსვას ცრუ რწმენას, ევროპა-ამერიკის უსაფრთხო, უდარდელი ცხოვრების მომასწავებელი ქოლგის ქვეშ თავის შეყოფის მცდელობას. მან უნდა გამოგვაფხიზლოს, გაგვიხილოს თვალი, რათა რეალურად შევხედოთ სინამდვილეს, უარი ვთქვათ უსასრულო მარჩიელობაზე და დავიწყოთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენივე ცხოვრების შენება.

შესაძლებლობები კი ბუნებისა და ღვთის წყალობით არცთუ მცირე გვაქვს, ვიდრე ჩვენს მეზობლებს. რაც მთავარია, ჩვენ უნდა შევიგნოთ ერთი რამ, ამერიკელად, ფრანგად, გერმანელად, … ვერ გადავკეთდებით და თუ გადავაკეთდით, ის აღარ ვიქნებით, რაც ვართ. უნდა შევეშვათ ევროატლანტიკურის გაფეტიშებას, მუდამ იმის ძახილს, რომ ვბრუნდებით ევროპაში, თითქოს წინათ იქ ვიყავით. ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს კავკასიელობა, მცირე აზიელობა.

ჩვენ უნდა შევეშვათ იმის ძახილს, რომ ჩვენთვის ინგლისური მშობლიურზე მეტია. შევეშვათ დასავლელის მიმართ ლაქუცს, მის უზომო ქებას. ერთი სიტყვით, უნდა შევეშვათ ყოველივე იმას, რასაც 23 წელიწადის განმავლობაში ვაკეთებდით. და დავიწყოთ იმის კეთება, რასაც საკუთარი, რეალური საქმე ჰქვია.

ჩვენ უნდა დავეშვათ ვირტუალური ოცნების ღრუბლებიდან ჩვენს ნატანჯ მიწაზე, სხვა თვალით შევხედოთ მეზობლებს, ახლოს მყოფებს. სხვა თვალით და არა ზემოდან. დავამყაროთ მათთან მეგობრული, საქმიანი კავშირები, ვიქონიოთ მათთან ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, პოლიტიკური ურთიერთობები. პატარა ქვეყნისთვის საკმარისი არ იქნება?!

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველო არ არის დედამიწის ღერძი, რომლის ირგვლივ მთელი მსოფლიო ტრიალებს. რომ პატარა, სუსტი, განუვითარებელი სახელმწიფო ვერასდროს გახდება დიდ პოლიტიკაში მონაწილე. საქართველოს პოლიტიკამ უნდა შეიგნოს, რომ სხვის წინააღმდეგ, სხვა „დიდის“ ხელში იარაღად ყოფნას, მოკრძალებული ცხოვრება სჯობს.

საქართველოს პოლიტიკა უნდა მიხვდეს, რომ შორეულ ნათესავს, კარის მეზობელი სჯობს და აქედან გამომდინარე გადადგას რეალური და არა აბსტრაქტული პოლიტიკური ნაბიჯები. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაანახებს მას, რომ მშვიდი და უზრუნველყოფილი ცხოვრებისთვის სულაც არ არის საჭირო ევროკავშირში ან ნატოში შესვლა.

მსოფლიოში არსებული თითქმის 200 ქვეყნიდან ამ კავშირებში მხოლოდ 28-აა. ყველა პარამეტრით წარმატებული ქვეყნების სიის მოწინავენი ფინეთი და სინგაპური არიან. ორივენი – საქართველოს მოსახლეობის ზომის. ფინეთმა, რომელმაც საბჭოთა კავშირთან, შემდეგ რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის გზა აირჩია, რა დაკარგა? არც არაფერი. პირიქით, მოიგო და სწორედ რუსეთის ხარჯზე, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლებით მოწინავე გახდა მთელს მსოფლიოში. ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია, მაგრამ რუსეთის ხათრით არ შედის ნატოში. და არათუ რუსეთის ხათრით, საკუთარი თავის ხათრით.

პირდაპირ დავსვათ კითხვა – რა გვინდა ნატოში? დღევანდელი პოლიტიკოსთა პასუხი მოკლე და მარტივია – თავდაცვა რუსეთისგან! იმისთვის, რომ ეს განვახორციელოთ, მზად ვართ მძიმე შესაწირავი გავიღოთ – ჩვენი ახალგაზრდა სამხედროების სიცოცხლე, ჩვენგან ათასობით კილომეტრზე დაშორებულ ავღანეთში, სხვაგან, შევასრულოთ ნატოს ყველა დავალება. და ყველაფერი ეს, თავი რომ დავიცვათ რუსეთისგან.

რუსი რას გვერჩის? გვერჩის იმას, რომ ნატოში შესვლა გვინდა. მას არ სურს თავის საზღვრებთან ნატოს ხილვა. სხვა მხრივ რუსეთი არ გვემუქრება – არც დაპყრობით, არც ანექსიით. ეს, რომ ნდომოდა, არ გამოაცხადებდა საბჭოთა კავშირის დაშლას. მავანი შემედავება – აბა ყირიმი რა არისო? ყირიმი ის არის, რაც აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი იყო, და რასაც ქართულ-უკრაინული გაუთვლელი, უჭკუო პოლიტიკა ჰქვია; რასაც „დიდ“ გადამთიელთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ ჰქვია. და კიდევ ის, რაც ზემოთ ვახსენე – სხვის ხელში, სხვის წინააღმდეგ მიმართული იარაღის როლის შესრულება.

რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად შევდივართ ნატოში? რაღა შორი გზიდან ვუვლით ქვეყნის უსაფრთხოებას? იქნებ პოლიტიკურ „აგრესორთან“ დაგვეწყო ლაპარაკი? იქნებ, მოლაპარაკების შედეგად, აღარც ნატო დაგვჭირდეს და აღარც ევროკავშირი? პატარა და საბჭოეთთან ომგამოვლილი, დამარცხებული ფინეთიც ხომ პირდაპირი დიალოგის გზას დაადგა? იქნებ ევროკავშირის ბაზარი აღარ გამოგვადგეს რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ? ჩვენი პროდუქცია, ჯერ არ შექმნილი, ევროპის ბაზრისთვის რომ მიუღებელი იქნება, გასაკვირია? ნუთუ რუსული უკიდეგანო ბაზარი ვერ დააკმაყოფილებს ჩვენს სავაჭრო მოთხოვნებს?

იქ, დასავლეთში, უფრო კულტურულები არიანო, – შემედავება მავანი. მაგრამ რუსული კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება, მწერლობა რით ჩამორჩება ყბადაღებულ დასავლეთს?

საქართველოს ხელისუფალთა წყალობით, რომ ქვეყანა უცხო სხეულივით იქცა კავკასიურ სივრცეში, ფაქტია. და ისიც ფაქტია, ამას რომ ვერ გვრძნობთ, ჯიბლიბოსავით ქცეული სხვა მენტალიტეტისა და ცხოვრების წესის მატარებელ მეზობლებში. იქით არავის ვუნდივართ, სხვანი ხართო და აღარც აქ ვუნდივართ – ამერიკელი ქამელეონებიო – გვეძახიან. რა ვქნათ, რა გზას დავადგათ?

ისევ მამა-პაპურს, ძველებურს, ნაცადს, ადამიანურს. და ამისთვის დავიწყოთ ჩვენი კარ-მიდამოს მოვლა. დავასუფთაოთ სადარბაზოები, ქუჩები, საცხოვრებელი ბინები, ოფისები. უარი ვთქვათ ქუჩაში ნაგვის დაყრაზე, სადარბაზოებში შარდვაზე, სახლის კედლებზე წარწერებისა და ე.წ. ნახატების დღლაბნვაზე, გადაფურთხებაზე, სიგარეტის ნამწვავის ქუჩაში გადაგდებაზე, თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევაზე, ქუჩაში არსებული ხის სკამების მტრევაზე, ხაჭაპურში, ყველის ნაცვლად, მაკარონის ჩადებაზე, სუპერმარკეტებში ერთ კოვზ წიწიბურაზე ასტრონომიული ფასის დადებაზე.

ასფალტი ისე დავაგოთ, რომ მეორე დღეს არ გაფუჭდეს. სახლი ისე ავაშენოთ, რომ უმალ არ დაიშალოს. ავტომანქანა ისე ვატაროთ, რომ სხვას დისკომფორტი არ შევუქმნათ. თავი შევიკავოთ ერთმანეთის მოტყუებისგან, ხოცვისგან, „გადაგდებისგან“.

ბიზნესმა დაივიწყოს მომხმარებლის უმოწყალო მოტყუება, ხელისუფლებამ – ხალხის მიმართ ბატონ-ყმური დამოკიდებულება. მასმედიამ ხალხის გაბრიყვეა, არარსებული „წარმატებული“ და „უდარდელი“ სატელევიზიო ცხოვრების დემონსტრირება; ტელეეკრანზე თინეიჯერი გოგო-ბიჭების უაზრო და უხამსი ტინგიცი; თბილისის ქუჩების ბილბორდებზე ჟურნალისტების პორტრეტების გამოკვრა (მაინც რა მეშჩანობაა); მწვანე ნარგავების ჩეხვა და მათ ნაცვლად უსახო სახლების შენება; პროფესიონალიზმის პატივისცემა და მისთვის ხელის შეწყობა. რომელი ერთი ჩამოვთვალო?  

ბევრი ამ თვისებათაგან ოდითგანვე მოგვდგამს, ბევრიც „დამოუკიდებლობამ“ შეგვძინა. შევიძინეთ მაშინ, როდესაც ზემოდან კონტროლი მოდუნდა. ცხადია, მაშინაც იყო უწესობა, მაგრამ დღევანდელთან შედარებით, ერთობ მიზერული.

თუ ჩამოთვლილ და ჩამოუთვლელ მანკიერებებს დავივიწყებთ, ევროპა-ამერიკა იქით შეგვეხვეწება – ჩვენს კავშირში შემოდითო. მაშინ კი სხვაგვარად შევხედავთ მიმპატიჟებლებს, ისე, როგორც ფინეთი, ნატოელ მაღალჩინოსნებს.

ობამას განცხადება არასასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ დროული, რასაც დაფასება სჭირდება. მადლობა მას, თვალის ახელვისთვის, სიმართლის თქმისთვის, გამოფხიზლებისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.