21.12.2024

უფრთხილდით „ავტომატიან კაცებს“

ბატონ გურამ გოგიაშვილს

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ა.წ. 20 მარტის ნომერში დაიბეჭდა ვინმე არჩილ იოსელიანის სტატია სათაურით – „რუსეთის ჯაშუშებს გაზეთის ფურცლები არ უნდა ეთმობოდეთ“.

სიტყვა „ვინმეს“ იმიტომ ვხმარობ, რომ არც ამ პირის გვარ-სახელი, პარტიის თავმჯდომარეობა, საერთოდ ასეთი პარტიის არსებობა, ყოფილი პარლამენტარობა, მითუმეტეს ბერლინში ლექციების კითხვა არაფერს მეუბნება. ისე კი, ვუთანაგრძობ მის ყოფილ მსმენელებს, ვინაიდან წერილში გამჟღავნებული „ცოდნა“ ისტორიისა, არავითარ პარამეტრებში არ ჯდება და ტოვებს უდავოდ არასახარბიელო შთაბეჭდილებას. ასეთისთვის პასუხის გაცემაც არ ღირს, ვინაიდან მისი მიზანი სწორედ ისაა, რომ „ჯაშუშებმა“ ვუპასუხოთ და ამით გაზეთის მკითხველის ყურადღება მივაპყროთ იოსელიანის პიროვნებას.

არ დაგამადლით! თუმცა სულაც არ მჯერა, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, შეიგნოთ, მაგრამ მაინც. თქვენ თუ არა, სხვები ხომ გაიგებენ?!

თავიდანვე გეტყვით, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჰქონდა ხანმოკლე აღმასვლები და მათ შორის საბჭოთა პერიოდი უდავოდ გამორჩეულია. პირადად მე, მეამაყება, რომ შეგნებული ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები საბჭოეთის არსებობის ჟამს გავატარე, რომელმაც ჩემში და ჩემს კოლეგებში, თქვენ რომ „ჯაშუშებად“ მოიხსენიებთ, ჩამოაყალიბა პროფესიონალიზმი, საქმისადმი გულწრფელი, პასუხისმგებლური დამოკიდებულება, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა ეროვნული ხელისუფლების დროს.

ახალარჩეული უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დავინიშნე კიდევაც საკანონმდებლო ორგანოს სამდივნოს უფროსად. სამწუხაროდ, საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებას „ავტომატიანმა კაცებმა“ წყალი შეუყენეს და ძალისმიერი გზით დაამხეს, ხოლო პრეზიდენტი აიძულეს სამშობლოდან წასულიყო.

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ წერილში ჟურნალისტი სოსო ჭუმბურიძე ავადსახსენებელ პერიოდს იხსენებს და იმ „ავტომატიან კაცზეც“ მიანიშნებს, რომელმაც ლამის სამსახურში არ შეუშვა. ამ „კაცში“ მან თქვენ ამოგიკითხათ. ასეთმა „ავტომატიანმა კაცებმა“, შესაძლოა მათ შორის თქვენც, 1992 წლის 6 იანვარს უზენაესი საბჭოს შენობაში, სამდივნოს უფროსი არ შემიშვეს და მხოლოდ თქვენი მოგვარე იოსელიანის, კიტოვანის, სიგუას ერთობლივი განკარგულებით, დამრთეს იქ შესვლის ნება.

„ავტომატიანი კაცების“ ბოროტმა ხელმა ქართული, საბჭოთა არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი – მთავრობის სახლი, ნანგრევებად აქცია, ცეცხლს მისცა თბილისის ცენტრი. ჩვენ კი – „ჯაშუშებმა“, დავიწყეთ დანგრეულ-გაპარტახებულის აღდგენა და თავდადებული შრომით შევძელით, 1992 წლის ბოლომდე, იქ, პარლამენტის კომიტეტების განთავსება.

„ავტომატიანი კაცები“ დაბეჯითებით მოითხოვდნენ უნიკალური შენობის დანგრევას და როდესაც არ გამოუვიდათ, მისთვის პროფილის შეცვლას (ბიზნეს ცენტრისთვის გადაცემას). არც ეს გამოუვიდათ, ვინაიდან ჩვენ, „ჯაშუშები“ სალ კლდესავით დავდექით და დროებით ხელისუფლებას შევანარჩუნებინეთ შენობა საქართველოს პარლამენტისთვის.

თქვენ – „ავტომატიანები“, ანგრევდით და ამისთვის არვის დაუსჯიხართ – სამწუხაროდ. ჩვენ, „ჯაშუშები“, ვაღდგენდით და ამისთვის მოითხოვთ ჩვენს დასჯას – გერმანიაში „ნამოღვაწარი“, ნაპარლამენტარი, „სოციალური სამართლიანობის“ პარტიის თავმჯდომარე?! ამას, მხოლოდ სულიერად გაპარტახებულ ქვეყანაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი – თქვენი მსგავსი აზროვნების ადამიანების გამო.

რაც შეეხება სტალინს. მიუხედავად თქვენი და თქვენნაირი დაუნახავი ადამიანებისა, სტალინი იყო, არის და იქნება მსოფლიო მოვლენა, რომელსაც ფინიების წკავწკავი ვერაფერს დააკლებს. მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის – გადააქცია რა ღარიბი, ჩამორჩენილი, აგრარული ქვეყანა აგრარულ-სამრეწველო, მოწინავე ქვეყნად. ქართველი სპეციალისტების, მეცნიერების, სპორტსმენების, ხელოვნების მუშაკების სახელები გასცდა საქართველოს ფარგლებს, ისე, როგორც აქ წარმოებული პროდუქცია.

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვიტყვი ერთის შესახებ – ეროვნული განძის, მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილის, დაბრუნებაზე. თქვენ და თქვენნაირებს – ისტორიის არმცოდნეებს სჯერათ, რომ ეს განძი ექვთიმე თაყაიშვლმა ჩამოიტანა. არვინ სვამს კითხვას, საფრანგეთის საკუთრებაში გადასულ ქართულ საგანძურს, ვინ გამოატანდა ექვთიმე თაყაიშვილს?!

რომ არა სტალნის თხოვნა საფრანგეთის პრეზიდენტის დე გოლისადმი, ეს საგანძური დღესაც იქ იქნებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესო და ერთობ სასარგებლო გამოკვლება ჩაატარა გრიგოლ ონიანმა, ცნობილმა „ჯაშუშმა“ და ვრცელი წერილები გამოაქვეყნა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“. თქვენ, როგორც „ისტორიკოსს“, გირჩევთ წაიკითხოთ, გამოგადგებათ თვალის ასახელად. ასევე გირჩევთ ვალერი კვარაცხელიას, სახელგანთქმული „ჯაშუშის“ უაღრესად საინტერესო ახალი წიგნის „მანიფესიტი სტალინზე“ წაკითხვას.

ახლა რაც შეეხება „სეპარატისტ“ ასლან აბაშიძეს – კაცს, რომელიც წინ აღუდგა თქვენს მსგავს „ავტომატიანებს“ და არ შეუშვა აჭარაში. რომ არა ასლან აბაშიძე, აჭარასაც აფხაზეთის გზას გაუყენებდით – ომი მაქვს მხედველობაში, რომელშიც უდავოდ ჩაერთვებოდა მეზობელი თურქეთი.

ასლან აბაშიძის წყალობით ბათუმიდან გატანილ იქნა რუსული სამხედრო ბაზის შენობა-ნაგებობები, საწყობები, სხვადასხვა დანიშნულების შეუხედავი სახლები; აშენდა ხიდები, გვირაბები, საბორინე გადასასვლელი, სარფის საბაჟოს თანამედროვე შენობა, საზღვაო კატარღების სამშენებლო ქარხანა, სხვა ქარხნები, სამედიცინო დანიშნულების შენობა-ნაგებობები. აჭარის ავტონომია გაწევრდა ევროპის რეგიონთა ასამბლეაში. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

აბაშიძე უდავოდ იყო მშენებელი და არა მგრეველი. ასეთს მხარში უნდა დაუდგეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. სწორედ ამან მიიზიდა ქართული ინტელიგენცია აჭარისკენ.

თურქეთთან „შეერთების“ მსურველი „სეპარატისტი“ ასლან აბაშიძე ძალ-ღონეს არ იშურებდა პარტია „აღორძინების“ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით მოსვლისთვის. „სეპარატისტი“ აბაშიძის წყალობით აჭარაში ქართველი თავაწეული, წელში გამართული დადიოდა და არა ისე, როგორც დღეს – ლამის თურქეთად ქცეულ, ვითომ საქართველოს ავტონომიაში.

1991 წლის დეკემბრიდან – ყველა საბჭოთა რესპუბლიკისთვის დამოუკიდებლობის ბოძებიდან, საკმაო დრო გავიდა. „უპატრონოდ“ დარჩენილებმა, თანაც პოლიტიკის შუაგულ ოკეანეში ცურვის უცოდინრებმა, რას არ მიმართეს და რის ვაი-ვაგლახით თავს უშველეს. საქართველომ კი „ავტომატიანი კაცების“ შავბნელი ქმედებით, ლეგიტიმური ხელისუფლებაც დაამხო და რეგიონებსაც შეუტია. სამეგრელო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი ამის უმძიმესი მაგალითია – გამოუსწორებელი, აუხსნელი. და როდესაც ცენტრმა ავტონომიები ვერ დაიმორჩილა, ოკეანის გადაღმელებს მიმართა დახმარებისთვის.

რა მოუტანა ამ დახმარებამ ქვეყანას?

საშინაო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, მსხვერპლი შინ და გარეთ – საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისას, ეკონომიკურ-საფინანსო გაუგებრობა, უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ლუკმაპურის საძებნად მოსახლეობის უცხოეთში გადახვეწა, სხვა უარყოფითი მომენტები. არსად ჩანს დაპირებული გაწევრება ნატოში, შორეულია ევროკავშირში შესვლის პერსპექტივაც და ყველაფერი ეს უაღრესად მძიმე დემოგრაფიული სურათის ფონზე.

ყოველივე აღნიშნული მაფიქრებინებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა – საქმიანი, პრაგმატული, აუცილებელია, თუნდაც ერის მშვიდი ცხოვრებისთვის; ეკონომიკის ფეხზე დაყენებისთვის; დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებისთვის.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთთან ურთიერთობის მაგალითები მალაპარაკებს ამას, ისე, როგორც ფინეთის. და კიდევ ის – ჩვენი მოსახლეობის ერთი მესამედი რომ რუსეთში ცხოვრობს და ყოველთვიურად მილიონობით დოლარს უგზავნის შინ დარჩენილ ნათესავებს.

ანტირუსული გამოსვლებით და განცხადებებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ ჩვენს თავს უეჭველად და ვაიძულებთ რუსეთს ეკონომიკური კავშირებიც გაწყვიტოს და იქ მცხოვრები ქართველობაც გამოგვიყაროს. მაშინ კი უკვე გვიანი იქნება. დროული გამოფხიზლება გვმართებს ყველას, მათ შორის ყოფილ „ავტომატიან კაცებსაც“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი