ნატოს სამიტის შემდეგ

ბატონ გურამ გოგიაშვილს

წინა წერილში, რომელიც ნატოს სამიტს მიეძღვნა, შევეხეთ იმ პრობლემებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის მდგომარეობას ასახავდა. გამოვთქვით მოსაზრება ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების რთული ურთიერთდამოკიდებულებების თაობაზე. ხუმრობა საქმე ხომ არ არის 29 წევრ სახელმწიფოს შორის თანხმობის მიღწევა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მთავარი ქვეყანა ერთობ გამომწევ პოზიციას იკავებს და ცდილობს თავისი გავლენა უპირობოდ გაავრცელოს პარტნიორებზე?!

ერთის შეხედვით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის პრიორიტეტულობა გამორიცხულია. ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი და დააფიქსიროს სხვა წევრთათვის განსხვავებული პოზიცია. ამასთანავე, ვეტოს უფლების მსგავს პროცედურას მიმართოს და ყველასთვის მისაღები საკითხი ისტორიის სანაგვეზე მოისროლოს.

შორს რომ არ წავიდეთ, მოვიყვანოთ უნგრეთის მაგალითი, რომელიც უკრაინას ეხება, უფრო სწორად უკრაინის მიერ მიღებულ განათლების კანონს. აღნიშნული კანონის მიხედვით, უკრაინში მცხოვრებ სხვა ერების წარმომადგენლებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. მათ უკრაინულზე უნდა ისწავლონ.

უკრაინაში 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს, რომელმაც, სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად, მკაცრად გააკრიტიკა კანონი და დახმარებისთვის ბუდაპეშტს მიმართა. ოფიციალურმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა წერილით მიმართა ნატოს წევრ სახელმწიფოებს და აღნიშნა, რომ უნგრეთი წინააღმდეგია უკრაინის ნატოში ინტეგრაციის, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბრიუსელმა უარი უთხრას უკრაინას გაწევრებაზე.

ცხადია, ბოლო სამიტზე სულაც არ იყო გათვალისწინებული უკრაინის ნატოში შესვლა, მაგრამ ინტეგრაციული პროცედურები, რომლებიც ესოდენ აუცილებელია ორგანიზაციაში შესვლის მსურველი უკრაინისთვის, არ იქნება ისეთი, როგორსაც უკრაინის ხელისუფლება ინატრებდა.

დიახ! ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია ასე მკაცრად დასვას საკითხი და თავისი გაიტანოს, მაგრამ მიუხედავად ამისა ორგანიზაციაში მოკრძალებით ეკიდებიან „დიდთა“ მოსაზრებას ანუ გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ზე, რომლის მიმართ აღნიშნულ „დიდებსაც“ გამოკვეთილი მოკრძალება აქვთ. აშშ-ი არის უცილებელი ლიდერი, ბოლოსდაბოლოს ნატოს შემქმნელი და მთავარი დამფინანსებელი, გარდა ამისა იარაღით აღმჭურველი.

ისტორიას თუ გავიხსენებთ ნატოსა და ევროკავშირის შექმნის იდეა ევროპაში, კერძოდ საფრანგეთ-ინგლისში გაჩნდა. სწორედ ევროპამ სთხოვა აშშ-ს აქტიურად ჩართულიყო ამ პროცესში და ისიც ჩაერთო, რითაც შეიქმნა დღეისთვის სახელგანთქმული ევროატლანტიკური კავშირი.

იმჟამინდელ ევროპას, მანამდე ერთმანეთს შორის ომებით გადაღლილს, სჭირდებოდა კავშირი, რომელიც ყველა საჭირბოროტო საკითხს მოაგვარებდა და კავშირის წევრ სახელმწიფოებს, ერთმანეთში გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, იარაღისკენ არ გაახედებდა. გარდა ამისა, ევროპა, მეორე მსოფლიო ომიდან ახალგამოსული, ეჭვის თვალით უყურებდა გერმანიას, შიშობდა მისი მილიტარისტული აღორძინებით.

გერმანიის მოთოკვის სურვილი გაცილებით სჭარბობდა საბჭოეთის არსებობით გამოწვეულ შიშს. მხოლოდ მოგვიანებით გადაინაცვლა საბჭოთა კავშირმა, როგორც საფრთხემ ევროპის ქვეყნებისთვის, პირველ ადგილზე, გერმანია კი გახდა ერთ-ერთი ლიდერი ახალ ალიანსში.

იქიდან მოყოლებული დღემდე, აშშ-ი იყო და არის ნატოს მთავარი დამფინანსებელი. წლიური თანხა, რასაც აშშ-ი სწირავს ამ ორგანიზაციას – 800 მილიარდ დოლარს აღემატება. „ცივი ომის“ პერიოდში აშშ-ის პოლიტიკა ხარჯებზე მაღლა, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებს აყენებდა. მაშინ უმთავრესი ამოცანა საბჭოეთის შეჩერება იყო.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა ამან სათავე არ დაუდო იმ ორგანიზაციის გაუქმებას, რომელიც საბჭოეთის საწინააღმდეგოდ იყო შექმნილი. მცდარი გამოდგა მოსაზრება – იდეოლოგიის გამო საბჭოთა კავშირ-დასავლეთს შორის დაპირისპირების თაობაზე.

იდეოლოგია საბაბი იყო, თუმცა არცთუ უმნიშვნელო. მთავარი – ქვეყნებს შორის დაპირისპირება იყო, გავლენის სფეროების მოპოვება, ერთმანეთის უნდობლობა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ა.შ.

აშშ-ი, რომელმაც პრიორიტეტული პოზიცია დაიკავა ნატოში, მრავალი წლის განმავლობაში თავს ახვევს პარტნიორებს საკუთარ სურვილებს და პოლიტიკას, რაც არ არის გასაკვირი მარტივი რეალობის გამო – ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. აშშ-ი კი ყველაზე მეტ ფულს იხდის ორგანიზაციის ბიუჯეტში – ქვეყნის ეროვნული პროდუქტის 4%-ს. გარდა ამისა მისი იარაღით არის აღჭურვილი ნატო.

თანხა – ერთობ მნიშვნელოვანია, რაც გაღიზიანებას იწვევს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპში, რომლის სურვილია ყველა წევრმა სახელმწიფომ გადაიხადოს თანაბრად, საკუთარი ეროვნული პროდუქტის 2%. ეს წინადადება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტმა ობამამ დააყენა, თუმცა წარუმატებლად. ტრამპი კი, ყოველგვარი რევერანსების გარეშე, მოუწოდებს პარტნიორებს გადახდისკენ და თუ არ გადაიხადეს, იმასაც აცხადებს, რომ დატოვებს ნატოს.

ტრამპის შანტაჟის მსგავსი განცხადება, ნატოდან გასვლის თაობაზე, კარგა ხანია ტრიალებს დასავლურ მედიაში, თუმცა ოფიციალური წყაროები ამას არ ადასტურებენ. არც ახლა დაადასტურეს, როდესაც 12 ივლისის სხდომაზე, რომელიც საქართველ-უკრაინის საკითხებს იხილავდა, ტრამპის თხოვნით, უკრაინა-საქართველოს პრეზიდენტებს პოროშენკოსა და მარგველაშვილს დარბაზი დაატოვებინეს, რის შემდეგაც ტრამპმა 28 წევრს უთხრა – არ გადაიხდით 2%-ს, ნატოდან გავდივარო. მაშინ ყველამ ერთად შეჰფიცეს „შეფს“ – გადავიხდითო.

სხდომის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, ტრამპმა ბრძანა, რომ ნატო მყარი ორგანიზაციაა და ა.შ.

გადახდის თემა 2024 წელს უნდა ამოიწუროს. იბადება კითხვა – შეძლებენ წევრი სახელმწიფოები თანხის გადახდას?

გერმანიის კანცლერის აზრით – თუ გერმანია რამეს მოახერხებს, დიდის გაჭირვებით 1.7%-ს. არც დანარჩენები არიან ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ მეტი რა გზა აქვთ?

ტრამპმა თავისი გაიტანა. გაიტანა?

განა 2 წლის წინათ იგივეს არ ითხოვდა, მაგრამ შედეგი მხოლოდ 5 ქვეყნის პოზიტიური მიდგომა აღმოჩნდა, თვით აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, პოლონეთის და ესტონეთის. ვგონებ ანალოგიურს ექნება ადგილი – დაპირებას და შეუსრულებლობას. ალბათ იმის იმედიც აქვთ, რომ ტრამპი მომავალ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

რატომ გავამახვილეთ ყურადღება საწევროების გადახდაზე?

უპირველესად იმიტომ, რომ ტრამპის მთავარი ამოცანა არის არა იდეოლოგია, არამედ ფული. მან ფორმალურად გაიმარჯვა. ამჯერად ნატო გადაურჩა აშშ-ის გასვლას ორგანიზაციიდან, მაგრამ რა იქნება ხვალ, როდესაც შესაბამისი თანხების გადახდას ვერ შეძლებენ ორგანიზაციის წევრები?

შეასრულებს თუ არა ტრამპი თავის სიტყვას – გასვლასთან დაკავშირებით – არის ის მთავარი საკითხი, რომელმაც ძირი შეიძლება შეურყიოს ორგანიზაციას. არადა აშშ-ს ფინანსების გარეშე ნატო სულს განუტევებს. და არა მარტო ფინანსების – სამხედრო კონტინგენტის, შეიარაღების გარეშე.

ევროპელები რახანია ლაპარაკობენ ევროპის სამხედრო ძალების შექმნის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. ნატო მძლავრი ორგანიზაციაა. მთლიანობაში მისი ბიუჯეტი და შეიარაღება გაცილებით აღემატება რუსეთისას – მთავარი საფრთხისას, ვისი გამოისობითაც არსებობს ნატო.

ნატოს შტაბ-ბინაში მოკალათებული ათასობით მოხელე, მაღალი ხელფასებითა და სიკეთეებით, ყველაფერს აკეთებს ამ ორგანიზაციის შესანარჩუნებლად. საკუთარი ამომრჩევლის თვალში, ორგანიზაციის არსებობის გამართლების მიზნით, უმაღლეს დონეზე აჰყავს ანტირუსული პროპაგანდა. დასავლური მედია დაბეჯითებით უმტკიცებს საკუთარ მოსახლეობას რუსული აგრესიის თაობაზე.

პროპაგანდაში აქტიურად არიან ჩართული ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, პოლონეთი, რუმინეთი, სხვები. მათი აშკარა ზეწოლით უკრაინა და საქართველო. ორივე მათგანმა ბრიუსელის სამიტის ფარგლებში უამრავი რამ თქვა რუსეთის აგრესიაზე და შეჰღაღადა ნატოს – გვიშველეთო.

ნატოც რა ნატოა, თხოვნა არ შეასრულოს? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს თხოვნაც ნატოს ექსპერტების მოწოდებით ხდება?

ხელი-ხელს ბანს, ორივე – პირს – სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. საქართველო რახანია პირნათლად ასრულებს ნატოს დავალებებს, მათ შორის რუსეთის ლანძღვას, თავქუდმოგლეჯილი მიექანება ყველა იმ სამხედრო ოპერაციაში, რომელშიც  ნატო მონაწილეობს.

როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოები „მომჭირნეობით“ ეკიდებიან საკუთარი სამხედრო მოსამსახურეების „ცხელ წერტილებში“ გაგზავნას, საქართველო მზად არის ცხრაასამდე მეომარი გაგზავნოს ავღანეთში, თან ისიც თქვას – ტერორიზმი აქ რომ არ მოგვევლინოს, იქ არის საჭირო მის წინააღმდეგ ბრძოლაო.

ბრიუსელი ასე არ გაუფრთხილდებოდა საკუთარ ჯარისკაცს, ამომრჩევლის რომ არ ეშინოდეს. თითო გერმანელი, ფრანგი ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნის დაღუპული ჯარისკაცი – პაციფისტური ტალღის ამგორებელია, რასაც უდავოდ მოჰყვება ხელისუფლების ცვლა. ჩვენში კი ეს გაუმართლებელი მსხვერპლი არავითარ რეაქციას არ იწვევს.

გვიხარია, როდესაც ავღანეთში ჯარისკაცების თავდადებას გვიქებენ და თავზე ხელს გვისვამენ, გამხნევებულებმა ლამის საქართველოში დარჩენილ ყმაწვილებს ვუკრათ თავი ავღანეთში, სხვაგან. ავღანეთში მებრძოლი კონტინგენტი ლამის ნატოში მყოფი ქვეყნების კონტინგენტებს სჭარბობს.

დავუშვათ, საქართველო შეუშვეს ნატოში, რამდენად იქნება მისი უსაფრთხოება დაცული?

თუ ბალტიისპირა ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის მაგალითებს ავიღებთ, ალბათ არც ისე. დაცული რომ იყოს განა ბალტიისპირელები არ შეწყვეტდნენ პერმანენტულ წიოკს – გვიშველეთ, რუსეთი მოდისო?

ეს ქვეყნები სულ მუდამ მოითხოვენ ბრიუსელ-ვაშინგტონისგან არათუ იარაღის მიწოდებას, არამედ მათ ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო კონტინგენტის პერმანენტულ ყოფნას. გარდა ამისა, რუსული აგრესიის შემთხვევაში აამოქმედებს თუ არა ბრიუსელი წესდების მე-5 პუნქტს (ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის), არვინ იცის.

არცთუ დიდიხნისწინანდელი ინციდენტიდან გამომდინარე (თურქეთის მიერ რუსეთის ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდება) – არა! ჩამოგდების შემდეგ თურქეთმა მხარდაჭერისთვის ბრიუსელს მიმართა, რომელმაც უპასუხა – ანკარა-მოსკოვის კინკლაობაში არ ჩავერევიო. არადა, თურქეთი ნატოს სტაჟიანი და გავლენიანი წევრია.

სხვა მაგალითებიც უხვადაა. მაგალითად, კვიპროსი, რომლის ტერიტორია, ჩრდილოეთ კვიპროსი თურქეთის მიერ არის დაპყრობილი. ნატოში შესვლის შემდეგ, ერთი-ორად გაიზრდება ნატოს წევრი თურქეთის, საქართველოზე გავლენა ანუ ეკონომიკურს სამხედრო დაემატება.

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება – ორივე შორეული პერსპექტივაა, მაგრამ დავუშვათ დღეს მოხდა, რას მივიღებთ?

ქვეყნის უსაფრთხოების ნაკლებ ხარისხს და ნაცვლად ამისა დაკარგულ სუვერენიტეტს, თუ უკვე დაკარგული არ გვაქვს.

ბრიუსელში ჩასვლით ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აშშ-ის ბატონობას ნატოზე, მისი წევრების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას, დატუქსვას, რაც მოთმინებით აიტანა 28 სახელმწიფოს მეთაურმა. არც ერთ მათგანს სიტყვაც არ დასცდენია ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო. შეეშინდათ, ვაითუ მიგვატოვოსო.

თვით ტრამპი აშშ-ს იმ მოქალაქეების იდეებს ატარებს, ვინც ევროკავშირს მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და სურს მისი დასუსტება, დაშლა, ხოლო ნატოს არცთუ ეფექტურ ორგანიზაციად, ურომლისოდაც თავისუფლად შეიძლება ცხოვრება.

ტრამპი ანტიევროკავშირელი, ანტინატოელია. მას არ უყვარს კოლექტივთან თანამშრომლობა. მას ინდივიდუალური ურთიერთობები ურჩევნია, რაც უდავოდ გამოიღებს შედეგს – არცთუ დასამშვიდებელს ევროპისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი