15.10.2024

სააკაშვილის საამური ცხოვრების გახსენება

იმ სიმღერის დასაწყისისა არ იყოს – „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“ – სააკაშვილმა უნდა თქვას კაცი ვარო. სახელმწიფო ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამომზეურებული მასალები, ზღვაში წვეთია უამრავ აღვირახსნილობათა შორის, რომლებიც სააკაშვილმა და მისმა ამფსონებმა ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩაიდინეს.

სახელმწიფო ფულთან დამოკიდებულება ერთობ „ლაითად“ ჰქონდათ წარმოდგენილი ნაცებს, თუმცა ეს „სიმსუბუქე“, „მოქალაქეთა კავშირში“ ყოფნის დროსაც უხვად იყო. ამ ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა, მოგვიანებით „ნაცებად“ ქცეული, იმ დროისთვის მსუყე, სამივლინებო ხარჯებს, ჯიბის ფულად, 5000 დოლარსაც უმატებდნენ ე.წ. გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

რას ნიშნავს “გაუთვალისწინებული ხარჯები”? ეს ის ხარჯებია, რომელიც პარლამენტის წევრის მიერ, მივლინებაში ყოფნის დროს იხარჯებოდა მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკოსის სადილზე, ვახშამზე დასაპატიჟებლად.

„გაუთვალისწინებელი ხარჯების“ ანგარიშს ბუღალტერია არ ითხოვდა.

„გაუთვალისწინებელი ხარჯების“ აპრობირებული მეთოდი იყო საბჭოთა დიპლომატიაში, გადასაბირებელი მასპინძლის მოხიბლისთვის. საბჭოთა გამოცდილება წარმატებით გადმოიღო „მოქალაქეთა კავშირის“ იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაყალიბეს.

და ეს ხდებოდა იმჟამინდელ გაღლეტილ საქართველოში, რომელშიც არა თუ 5000 დოლარს, თითო თეთრსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ პარლამენტის წევრი „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უცხოეთში აღამებდნენ და ათენებდნენ, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გატანილი, საკუთარი „გულაობისთვის“, დახარჯული ფული – ასტრონომიულია. ასე, რომ ნაციონალური ხელისუფლება იმთავითვე იყო გამობრძმედილი სახელმწიფო ფულის „უპრაგონო“ ხარჯვაში.

ხაზგასმით აღვნიშნავ – ნაცთა მიერ 2009-2013 წლებში, საიდუმლო გრიფით დახარჯული ფული, მოკრძალებულია იმ ფულთან შედარებით, რაც ოფიციალურად არის დახარჯული. პროკურატურამ გულდასმით, სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს პრეზიდენტის მიერ საიდუმლო თუ არასაიდუმლო გრიფით დახარჯული ხარჯების სისწორის საკითხი და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.

 „თევზი თავიდან ყარსო“, რომ იტყვიან შეესაბამებოდა ვითარებას. ისე, როგორც სააკაშვილი, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები, დანიშნულნი სააკაშვილის მიერ, საკუთარივით ეპყრობოდნენ თავიანთი დაწესებულების ბიუჯეტს.

აფსუს, საბჭოთა კავშირი – კაპიკს ვერ დახარჯავდი შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშების გარეშე. ვერც მივლინებაში წახვიდოდი დაუსაბუთებლად. ხოლო მივლინების შემდეგ, მოხსენებითი ბარათი  უნდა დაგეწერა, მივლინებაში გაწეული მუშაობის თაობაზე.

აღნიშნული პრაქტიკა, რახანია ისტორიას ჩაბარდა, არადა საჭირო რამ არის, ისე, როგორც ახალი ქალაქის მერის მიერ, ყოველ ორშაბათს, მოქალაქეთა მიღების პრაქტიკის აღდგენა.

სააკაშვილის „ბაირამობაში“ დახარჯულ თანხებს დიდი ვიშვიში მოჰყვა საზოგადოებაში. არადა სავიშვიშოდ ნებისმიერმა ჩვენგანმა გავიხადეთ თავი, როდესაც ზოგმა, განსაკუთრებით ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, ათი წელიწადი და მეტი გუნდრუკი ვუკმიეთ ახალგაზრდა, ენერგიულ „პოლიტიკოსსა“ და მის ამფსონებს. ზოგმა უმღერა, ზოგმა უცეკვა, ზოგმა სიყვარული შესთავაზა და ა.შ.

მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ლიდერი, რომელმაც ისე ინავარდა, როგორც სააკაშვილმა. წესად იყო ქცეული გამუდმებული უცხოური ვოიაჟები, ლამის შვიდვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრების დაქირავება, პრესტიჟული, ძვირფასი ავტომანქანებით „კატაობა“, უძვირფასესი დელიკატესების დაგემოვნება, დესერტად ამურული ცხოვრება და ა.შ.

რაღა აფრიკელი ბოკასა და რაღა სააკაშვილი. განსხვავება ისაა, თუ ბოკასა, პირდაპირი გაგებით მიირთმევდა ადამიანის ხორცს, სააკაშვილი, გადატანითი მნიშვნელობით. 25000 პატიმარი სამნახევარი მილიონიანი საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს?!

საზოგადოება? საზოგადოებამ არ იცოდაო ამ დეტალების შესახებ, – იტყვიან მავანნი. ბარემ არაერთი სტატია მივუძღვენი პრეზიდენტ სააკაშვილის (მისი ზეობის დროს) „ბაირამობას“ – მერე რა? წაიკითხეს და მირჩიეს – თავს გაუფრთხილდი, ციხეში გაგისტუმრებსო.

საზოგადოება იმდენად მიეჩვია მსგავს ბოროტებას, აინუნშიც არ აგდებდა პირველი ხელისუფალის, მისი ნათესავებისა და ახლობლების გულისამრევ საქციელს. პირიქით, ვისაც მიუწვდებოდა ხელი, თავს ისაპნავდა უკანალში შესაძრომად. 2011 წლის 26 მაისის ზეიმზე პრეზიდენტისთვის მკერდის მიშვერა საპატიო ჯილდოს დასაბნევად, სწორედაც თავის გასაპნვა იყო და იმ სისხლის მობანვა, რომელიც რამდენიმე საათით ადრე დაიღვარა იმავე მოედანზე.

როდესაც მსგავს უმსგავსობას აქვს ადგილი, აღარ უნდა გაგვიკვირდეს სააკაშვილისა და მისი ნაცების დღევანდელი თავის მართლება, შეტევაზე გადასვლას რომ ჰგავს.

„შეხედეთ სააკაშვილის დროინდელი ბიუჯეტის ზრდას და მერე ილაპარაკეთო“, –  თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა, სახელმწიფო ხაზინის ქურდობასთან რაიმე კავშირში იყოს. ნაცთა ნაბოდვარით ისე გამოდის, თუ მავანი პრეზიდენტის დროს ბიუჯეტი გაიზარდა, მისი „წილი“ პროცენტები მისსავე ჯიბეში უნდა წავიდეს. ამას ჰქვია სახელმწიფოებრივი აზროვნება ნაცურად!

მართალი გითხრათ, არც ხალხის აზროვნება ჩამორჩება ნაცთა ავადმყოფურ თავებში მომწიფებულ სისულელეს. ჩემს გაცხარებას მუდამ სდევდა მავანთა დიდაქტიკური განმარტება – აბა როგორ გინდა, პრეზიდენტიაო.

ნაცებმა ისიც თქვეს – შეხედეთ, როგორ იქცევიან საზღვარგარეთის ქვეყნების პრეზიდენტებიო? აი, აქ კი ჩაიჭრნენ. თუმცა, სულ ჩაჭრილები არ არიან?!

გერმანიის ყოფილ პრეზიდენტს 400 ევროც არ აპატიეს, რომელიც მისმა მეგობარმა გადაიხადა სასტუმროს ნომრის დაქირავებისთვის. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ შირაკს სულ კაპიკ-კაპიკ დაუთვალეს მავრიკიის ორკვირიანი დასვენება თავის მეუღლესთან ერთად და არა სხვის მეუღლეებთან ან მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებთან, რასაც სააკაშვილი სისტემატურად მიმართავდა.

პრეზიდენტ სარკოზის ერთ-ერთი მინისტრი, ქალბატონი თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს, როდესაც ტუნისში გასამგზავრებლად, მაშინდელი პრეზიდენტის, ბენ ალის გამოგზავნილი თვითმფრინავით ისარგებლა. თვით ყოფილ პრეზიდენტ სარკოზიზე აღარაფერს ვიტყვი, ვინაიდან მკითხველმაც კარგად იცის რა დამართეს.

გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ქალბატონი ზიუსმიდტი ლამის სამსახურიდან დაითხოვეს პერსონალური ავტომანქანით მეუღლის დამგზავრებისთვის. სხვა არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც აშკარა დამადასტურებელია იმისა, თუ როგორ მოკრძალებულად იქცევიან ჩვენს მიერ მიზნად ამორჩეულ ევროკავშირში.

თუ ბიუჯეტის გაზრდაზეა ლაპარაკი, რა უნდა თქვას ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა? მან, ნაცთა მიხედვით, კოსმოსში „ბოზებით“ უნდა იფრინოს.

„ძვირფასო“ ნაცებო, თქვენს მიერ მოყვანილი არგუმენტები, გურულები რომ იტყვიან – აბდლურია და მეტი არაფერი. როდესაც თავი ყარს, ქვევით მყოფიც ისე იქცევა, თვითონაც რომ აყროლდეს. ასე აყროლდა უგულავა, კეზერაშვილი – ომში „გამარჯვებული“ სარდალი, სხვები.

2008 წლის ომი ახალმოთავებული იყო, როდესაც კეზერაშვილი მეუღლესთან და მეგობართან ერთად ლას-ვეგასს ეწვია, სადაც სასტუმროს ნომერში, 24 საათის განმავლობაში, 30000 დოლარს ხარჯავდა. სხვათა შორის ამის შესახებ ლეიბორისტებიც გაჰყვიროდნენ, სარწმუნო წყაროების მოშველიებით.

ნაცებმა, „ღორმა, ღორს უთხრა“ – პრინციპიც გამოიყენეს და განაცხადეს – ამ ხელისუფლებას რა აქვს სათქმელი, თავის თავს შეხედოსო და მაგალითად ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი და პრემიები მოიყვანეს.

ამ შემთხვევაში ნაცემი მართლები არიან. მაღალი პრემიები, ხელფასებზე დანამატები და ძვირადღირებული, უაზრო უცხოური ვოიაჟები ნაცებისგან გადაიღო „ოცნებამ“, მაგრამ ხომ გადაიღო? და რახან ასეა, შანსი მისცა ნაცებს გინების. მართლაცდა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა უზნეო ქცევის გადმოღება? არც არაფერს, თუმცა, როდესაც ქვეყანაში განუკითხაობაა, ყველაფერს იკადრებ. ნაცების ენის ჩასაკმენდათ უმჯობესი იქნებოდა ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ხარჯების გასაჯაროება.

ტაილანდის ფხუკეტში სააკაშვილის, ბაქრაძისა და ვარშალომიძის გასეირნება ნაცებმა სახელმწიფო საქმის კეთებას მიაწერეს. არადა ფხუკეტში რომ სახელმწიფო საქმეა, დროსტარებას, ლიბერალურ სექსს უფრო შეესაბამება.

და რახან სახელმწიფო ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რა ნამუსით უნდა იხეტიალოს პრეზიდენტმა უცხოეთში, როდესაც შინ აშლილი ქვეყანა უტირის?

დღეს, თუ რამეზე ამახვილებს საზოგადოება ყურადღებას – ფულის გაფლანგვაა. არავინ ამბობს დროის გაფლანგვაზე. „24 საათი უნდა ვიშრომოთო“, – მოგვიწოდებდა სააკაშვილი. თვით კი 24 საათს „ბაირამობდა“; 24 საათს თავს ესხმოდა ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს – დაუპატიჟებლად, გაუფრთხილებლად. ყოველივე ამას მისი ჯიბის ჟურნალისტიკა – ოფიციალურ ვიზიტად ნათლავდა.

თუ ვინმემ გაუტეხა საქართველოს სახელი უცხოეთში – სააკაშვილია, თავის დაუპატიჟებელი ვიზიტებითა და ქარაფშუტული საქციელით. ასეთი ქცევის მატარებელი პრეზიდენტის ქვეყანაში, ვინ ჩამოდგამს ფეხს?!

სააკაშვილმა, როგორც შინ, ისე გარეთ შემოიკრიბა ამფსონები, ფულს და პატივისცემას დახარბებულები. სწორედ, ისინი იცავენ მას, თან დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ  „კუდიანების“ დევნაში. „ამით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაში შეეშლება ხელიო“, – აცხადებენ ისინი, თან მოგვიწოდებენ შევეშვათ წარსულს და ვიყუროთ მომავლისკენ. ბინძური წარსულის გამოუსწორებლად საამური მომავალი არ აშენდება. ეს მარტივი ჭეშმარიტება კარგად უნდა გაიაზრონ არა მარტო შინაურებმა, არამედ გარეულებმაც.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს: „ისტორია განსჯის ქვეყანას, რომელიც ასეთ ხელისუფლებას შობს და ქვეყანას აღარ ექნება აღარავითარი პერსპექტივა. თუ კი ცდილობ დაამტკიცო, რომ შენი ქვეყანა არის აგრესორი, ათასობით ადამიანის დამბომბველი, ამ ქვეყნის საერთაშორისო პერსპექტივა დგება კითხვის ქვეშ და არა სააკაშვილის“ .

ექსპერტის მიხედვით, ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დაწყებას, ვინაიდან საერთაშორისო სარბიელზე ქვეყანა დაკარგავს თავის სახელს.

არადა, კაცმა რომ თქვას, ტალიავინის დასკვნის შემდეგ, უცხოეთმა კარგად გაიგო, ვინ ვართ ჩვენ და, რომ არა მათთვის მტრის ხატად ქცეული რუსეთი, დიდი ხანია ოთხში ამოგვიღებდა.

 იმის შიშით, რომ ქვეყანას ჩრდილი მიადგება სააკაშვილი არ უნდა გასამართლდეს? და თუ მართლაც მიადგება – გასაკვირი იქნება?

გასაკვირი ის იყო, როდესაც ცრუ პროპაგანდას აყოლილმა საზოგადოებამ პარლამენტის შენობის წინ უმღერა და უცეკვა თავის „გმირ“ სააკაშვილს, მაშინ როდესაც ქართველი მეომრების ცხედრები უპატრონოდ ეყარა ცხინვალის მიწაზე.

ევროკავშირის ლოკომოტივად წოდებული გერმანია დღესაც იხდის ბოდიშს მეორე მსოფლიო ომის წამოწყებისთვის და ჩადენილი დანაშაულებისთვის. მსგავსს აქვს ადგილი იაპონიაში, სხვაგან. ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის. ბოდიშის მოუხდელობაა სირცხვილი და უტიფრობა, რაც ახალი დანაშაულის საწინდარია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.